გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მარიამ მარჯანიშვილი - ეპოქალური მოვლენები მოგონებათა ნაკადში

მარიამ მარჯანიშვილი

გასული საუკუნის დასაწყისში, ერთი მეორეს მიყოლებით, უდიდესი მნიშვნელობის აქტებმა ამოხეთქა ქართველი ერის ნებისყოფის ისტორიული სინამდვილიდან, როცა ,,ერმა ნებაყოფლობითი, გადაწყვეტილი ნაბიჯით, აღადგინა ეროვნული და სახელმწიფოებრივი სრული სუვერენობა“.

    ჯერ კიდევ 1918 წლის 26 იანვარს უკვე დამოუკიდებელი კავკასიის პირობებში -  გაიხსნა გელათისა და იყალთოს აკადემიების მემკვიდრე - თბილისის სახელმწიფო ქართული უნივერსიტეტი. 

      რაც გახლდათ საქართველოს სუვერენობის აღდგენა: გონების სფეროში! 

    1918 წლის 26 მაისს საქართველომ აღადგინა თავისი ,,საერთაშორისო სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური სუვერენობა“.

      საქართველოს ისტორიის ეს უდიდესი ეპოქალური მოვლენებია გაშუქებული ქართულ პოლიტიკურ ემიგრანტთა მოგონებებში.           

       საილუსტრაციოდ განვიხილავთ ჟურნალ ,,კავკასიონის“ XIII ნომერში გამოქვეყნებულ მოგონებებს, რომელთა შორის ყურადრებას იპყრობს უნივერსიტეტის პირველი სტუდენტის მედეა ღამბაშიძე-ნიკოლაძის მიერ ქართული უნივერსიტეტის გახსნის ზეიმის გაცოცხლება: ,,პირველ საათზე, დიდი ზეიმით გაიხსნა ქართული უნივერსიტეტი. აუარებელ საზოგადოებას ვეღარ იტევდა ქართული უნივერსიტეტის შენობის კედლები.

     პარაკლისის შემდეგ, უნივერსიტეტი გახსნა ქუთაისის მკვიდრმა და შემდგომ  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აკაკი ჩხენკელმა: ,,ეს დღე დაუვიწყარ დღედ დარჩება ქართველი ერისათვის... ამ უნივერსიტეტმა უნდა აღანთოს ქართველ ერში გონებრივი განახლებისა და აღორძინების ლამპარი. მან უნდა გადმონერგოს ჩვენში ევროპის გონების საგანძური. არასოდეს არ ყოფილა ასე საჭირო და ძვირფასი ჩვენთვის სამეცნიერო ტაძარი, როგორც დღეს - ამ ძველის დანგრევისა და ახალის წარმოშობის ჟამს - როდესაც ქართველმა ერმა უნდა მოიპოვოს არა მხოლოდ პოლიტიკური თავისუფლება, არამედ უნდა განახლდეს მისი სულიც და ფართოდ გაშალოს ფრთები მისი შემოქმედების გენიამ...“

      მედეა ღამბაშიძე-ნიკოლაძისა ერთი წელი სწავლობდა უნივერსიტეტში და შემდეგ ინგლისში გაემგზავრა: ,,ჩავეწერე სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტზე; მახსოვს, მინდოდა ყველა ლექციის მოსმენა; აკაკი შანიძის ლექციით დავიწყეთ, მისივე რჩევით დავიწყე სომხური ენის სწავლა, მაგრამ სამი გაკვეთილის შემდეგ დავტოვე, გადავედი არაბულზე. გ. ახვლედიანთან ვისმენდი და დავიწყე სანსკრიტის სწავლა; ძალიან მომწონდა ლურსმული წერა. მახსოვს, კიდევ შალვა ნუცუბიძის სიცოცხლით სავსე ლექციები ფილოსოფიაზე და დიტო უზნაძის ნაზი, საინტერესო ლექციები ფსიქოლოგიაზე. ვისმენდი აგრეთვე ივანე ჯავახიშვილის ლექციებს ,,საქართველოს ისტორიის“ შესახებ. ყოველდღე, საღამოს 5-დან 9 საათამდე დავიარებოდი უნივერსიტეტში“ (შარაძე 1993:92-93).

      ამ დროს უნივერსიტეტის მსმენელთა რიცხვში ირიცხებოდა ყველა: ახალგაზრდა, მოხუცებული, მღვდელი, ოფიცერი, ჩინოვნიკი. მათი რიცხვი 400-მდე აღწევდა.

      უნივერსიტეტის გახსნა და იქ სწავლის პერიოდი ინდივიდუალური ხედვითაა გადმოცემული ასევე ყოფილი სტუდენტის, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის, პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორის ლეონიდე ჭეიშვილის ,,პატარა მოგონებაში“:,,მართალია ორი წელი დავყავი ჩვენს უნივერსიტეტში, მაგრამ მაშინ ხომ ბავშვი ვიყავი და პირველი ჩემი კონტაქტი ჩვენს პროფესორებთან არ იქნებოდა დღევანდელი დღისათვის საინტერესო. მაგრამ მაინც მსურს მოვიგონო ჩემთვის დაუვიწყარი, ჩვენი საამაყო მათემატიკოსის, ანდრია რაზმაძის არაჩვეულებრივი პედაგოგიური ნიჭით გადმოცემული მათემატიკის რთული ლექციები. ასევე, მუდამ დიდი პატივისცემით ვიხსენებ პროფესორ ბენაშვილს. მისი გეოდეზიის ლექციების დროს დარბაზი ყოველთვის გაჭედილი იყო ახლგაზრდა მსმენელებით.

      განსაკუთრებით უყვარდა ლექციების დროს ორ-მნიშვნელოვანი სიტყვებით გადაკვრით შეხებოდა კომუნისტურ ძალაუფლებას... მახსოვს, ერთხელ კარტოგრაფიაზე რომ კითხულობდა, შემდეგი აღნიშნა: - ,,ბატონებო! უწინდელ დროში, უმნიშვნელო სოფლები რუქაზე თავიანთ მდებარეობას საყდარის მდებარეობით აღნიშნავდნენ, დღეს კი, აღმასკომის შენობითო. პროფესორ ბენაშვილის გაბედულ და მოხდენილ  შენიშვნას, ისეთ აღტაცებაში  მოუყვანია სტუდენტები, რომ მათი ოვაციების გამო ლექცია ვეღარ გაუგრძელებია, ხოლო ,,მის სახეს დიდი კმაყოფილების იერი და სიჩუმე ამშვენებდა“... (,,კავკასიონი“ XIII, 1968 :21).

     თბილისის უნივერსიტეტის დაარსების სასიხარულო მოვლენებთან ერთად ემიგრანტთა მოგონებებში გადმოცემულია ,,ტრავმული ცნობიერების“ ნაკადი, რომელზეც სევერიან ჭირაქაძე მოგვითხრობს: ,,თბილისში და მთელს საქართველოში მშობლიური უნივერსიტეტის დაარსებამ დიდი გამოძახილი ჰპოვა. არავის დაუშურებია მორალური გამხნევება, უხვი ფულადი დახმარება, ინვენტარის უფასო დათმობა, ბიბლიოთეკების შეწირვა და სხვა. ყველა გრძნობდა, უნივერსიტეტი მალე გახდებოდა ჩვენი მეცნიერების ტაძარი და საქართველოს ეროვნული თავისუფლების მკვიდრი დასაყრდენი...

      ბოლშევიკებმა მალე მოშალეს უნივერსიტეტის ემბლემა - ,,ალმა-მატერი“ -დამპყრობელის ჩაქუჩ-ნამგალით შეცვალეს და მას სტალინის სახელი მიაკერეს... რატომ? რისთვის? სტალინს რა ამაგი, რა ღვაწლი მიუძღოდა მის დაარსებაში, - ეს არავინ უწყოდა! ამ უკანასკნელად ხრუშჩევის მიერ სტალინის შეჩვენებისა და გაბიაბრუების შემდეგ, ეს უჯერო სახელწოდება უნივერსიტეტს უხმაუროდ მოხსნეს, მაგრამ ძველებურად დარჩა მისი სულთამხუთავი ატმოსფერო, როგორც ყველგან და ყველაფერში“ (,,კავკასიონი“ XIII,1968 :17). 

   დიდი ემოციური მუხტითაა გადმოცემული ჟურნალ ,,კავკასიონის“ ფურცლებზე დაბეჭდილ მოგონებებში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელი მოვლენები: 1918 წლის 26 მაისს საქართველოს აღდგომისა და მისი ბრწყინვალების დღეს, ქართველ ხალხთან ერთად დიდი აღფრთოვანებით შეხვდა ახალგაზრდა ვიკტორ ნოზაძეც, რომელმაც მაშინდელი განწყობილება დიდი ექსტაზით გადმოსცა ნახევარი საუკუნის შემდეგ 1968 წელს ჟურნალ ,,კავკასიონ“-ში დაბეჭდილ წერილში ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმოშობა“: ,,ქართველმა ერმა კვლავ აღიდგინა თავისი სახელმწიფო; საქართველო კვლავ გამოვიდა ისტორიის ფართო შარაზე თავისი საკუთარი სახით; თავისი პირადი სახელით  და გვარით; თავისი პასპორტით. მრავალი საუკუნის შემდეგ ეს იყო ჭეშმარიტი აღდგომა საქართველოსი“ (,,კავკასიონი“ XIII, 1968:41).

     საერთოდ, უნდა ითქვას ისიც, რომ წარსული მხოლოდ მაშინ არის გაკვეთილი მომავლისათვის, როცა იგი ობიექტური სისწორით იქნება შესწავლილი, როცა ამ წარსულიდან არაფერი არ იქნება დამალული. აქედან გამომდინარე, დავიმოწმებთ ჟურნალ ,,კავკასიონის“ ფურცლებზე დაბეჭდილ კიდევ ერთ მოგონებას, რომლის ავტორი გახლდათ ქუთაისის თეატრის მსახიობი, მთარგმნელი და ესეისტი თამარ გოგოლაშვილი-პაპავა: ,,26 მაისს, დილით, ჩვენი ოჯახიდან ყველანი გაიკრიფნენ. ჰაერი არ გვყოფნიდათ სახლში... სახაზინო თეატრის დარბაზში, სადაც ბ. ნოე ჟორდანია კითხულობდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს, შეუკავებელი ტირილი ისმოდა... იმ დროს ვლასა მგელაძე, მამა დავითზე ასული, აკაკის, ილიას, ვაჟას ულოცავდა საქართველოს აღდგომას“ (,,კავკასიონი“ XIII, 1968 :64).

      ეს სიტყვები უშუალო კავშირშია ქუთაისის რეალური სასწავლებლის კურსდამთავრებულისა და მწერლის აკაკი პაპავას ბიოგრაფიასთან, რომელმაც იცხოვრა და განვლო დიდი ეპოქალური ძვრები და ქარტეხილები, იგემა დამოუკიდებელი საქართველოს თავისუფლება, სამშობლოს ოკუპაცია და ემიგრაციის ნარ-ეკლიანი გზის სუსხი.

    საქართველოს დამოუკიდებლობით ბედნიერებისა და ამაღლების გრძნობებია აჟღერებული ლექსში ,,26 მაისი ჩვენთან“:     

                                     ,,გახსოვთ, გახსოვთ თქვენ თბილისი,

                                     იმ დღეს მოკაშკაშე, 

                                     კვლავ აღმდგარი ერი მისი,

                                     სიყვარულით სავსე...“ 

***

         მე ვლოცულობ იმ მაისზე, 

                                     მუხლებს  ვიყრი წამსვე;

                                     მიყვარს ხატი მისი ისე, -

                                     ედემს მივამსგავსე;

                          მათბობს იგი გადმორიყულს

                                     აქაც, უცხო კარზე, 

                                     მომიოხებს დაფლეთილ გულს,

                                     ნაგებს ეკალ-ნარზე...“                  

                          (,,კავკასიონი“ XIII, 1968:64).

    დიდი აღფრთოვანებაა დასურათხატებული ასევე ლევან ზურაბიშვილის მოგონებაში: ,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის რამოდენიმე გემზე, ფრიალებდა ქართული ეროვნული დროშა: შავი-თეთრი - და - შვინდისფერი, ესე იგი თამარ მეფის ისტორიული ფერები და საქართველოს შეეძლო ეთქვა შოთას სიტყვები: ,,ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ შავითა“(,,კავკასიონი“ XIII, 1968:81).

    საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის ხანა, მართალია, მოკლე იყო, მაგრამ საზოგადოებრივი ცხოვრების შინაარსით იგი ძალზე მდიდარი გახლდათ. რუსეთის საუკუნოვანი ტყვეობიდან თავდახსნილმა ჩვენმა ქვეყანამ აღმშენებლობა დაიწყო და იგი ევროპული სახელმწიფოებრივი განვითარების გზას დაადგა, მაგრამ სულ მალე ,,რისხვით მობრუნდა ცის ცარგვალზე ბედის ბორბალი“. ქართველი ხალხის აღმაფენა 25 თებერვლის კატასტროფამ შეცვალა.

      ეს ტრაგიკული დღეებია გადმოცემული უცნობი ავტორის მოგონებიდან, რომელიც 1921 წლის 9 ივნისით თარიღდება. 26 მაისის აღნიშვნა ბოლშევიკებმა აკრძალეს, მაგრამ რაკი სტუდენტობამ ეროვნული დროშებით გამოსვლა მაინც გადაწყვიტა. რევოლუციურმა კომიტეტმა მაშინ ბრძანება გამოაქვეყნა: ,,რაც შეიძლება მეტი ზეიმით იდღესასწაულოს 26 მაისი, მაგრამ არავითარი ეროვნული ხასიათი არ უნდა ჰქონდეს ამ დღესასწაულს; აკრძალულია რაიმე დროშის გამოტანა, გარდა წითლისა... ხალხმა უნდა იდღესასწაულოს მხოლოდ საქართველოს განთავისუფლება მენშევიკური იმპერიალიზმისაგან“ (,,კავკასიონი“ XIII, 1968:70).

    უცნობი ავტორი მოგონებაში ,,ტრამვული ცნობიერების“ გამომხატველ ეპიზოდებსაც წარმოაჩენს, როდესაც ბოლშევიკების დადგენილებას წარმოადგენს: ,,საერთო კრებაზე გადაწყვეტილი იყო, რომ ყოველი ნამდვილი ქართველი და ყოველი სამშობლოს მოსიყვარულე ადამიანი სახლიდან არ გავა 26 მაისს. მართლაც, 26 მაისს რუსების, სომხების და (რუსი) ურიების გარდა არავინ იყო ქუჩაში... რუსები ზეიმობდნენ და ის ,,ქართველები“, რომლებსაც  ჩვენ ,,რუსებს“ ვეძახით (მახარაძე და სხვანი)...“ (,,კავკასიონი“ XIII, 1968:70).

     საერთოდ, ემიგრანტთა მოგონებებში გახსენების ნაკადი ორი პარალელური ხაზით ვითარდება: ერთია მოგონებები უნივერსიტეტის გახსნაზე, საქართველოს დამოუკიდებლობაზე, რომელიც ქართველი ერის აღმაფრენის წუთებთანაა დაკავშირებული, მეორეა - საბჭოთა ყოფის ამსახველ მეხსიერებით არსენალთან დაკავშირებული ,,ტრავმული ცნობიერება“, რაც უნივერსიტეტში მიმდინარე საბჭოთა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ მოვლენებსა და თავისუფლება დაკარგულ სამშობლოს დატოვებასთანაა დაკავშირებული. ორივე მოვლენა რეალობაა, მაგრამ მტკივნეული განცდა უფრო სამშობლოში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. 

    აშკარაა, ქართულ პოლიტიკურ ემიგრანტთა სააზროვნო არეალში ჩართული ინდივიდუალური მეხსიერება, რომანტიკული წარსული, მოგონებები, კომუნიკაციური მეხსიერების კვალდაკვალ იქცა კულტურულ მეხსიერებად, რამაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქა მათი ,,ტრავმული ცნობიერება“, ტრაგიზმის განცდა. 

     სწორედ, ამგვარი კულტურული მეხსიერება გახდა ეროვნული იდენტობის შენარჩუნების საფუძველი, საყრდენი და თავშესაფარი უცხოეთში, რომლის დასტურიც ზემოთხსენებული მოგონებებია. 


скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
თენგიზ გუმბერიძე  - ერთი გახმაურებული ლიტერატურული პოლემიკის შესახებ თენგიზ გუმბერიძე - ერთი გახმაურებული ლიტერატურული პოლემიკის შესახებ ჟურნალი / ესეისტიკა / კრიტიკა / ისტორია / სტატიები / გამოქვეყნებული რენიკო საკანდელიძე - საქართველოში ფიზიოლოგიის ფუძემდებლის ივანე ბერიტაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა რენიკო საკანდელიძე - საქართველოში ფიზიოლოგიის ფუძემდებლის ივანე ბერიტაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა ჟურნალი / კრიტიკა / ბიოლოგია / სტატიები / მეცნიერება / გამოქვეყნებული ბადრი ფორჩხიძე - ნგრევის ამაოებისა და ამაოების ნგრევის  დიალექტიკა ბადრი ფორჩხიძე - ნგრევის ამაოებისა და ამაოების ნგრევის დიალექტიკა ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / მეცნიერება / გამოქვეყნებული დათო ტურაშვილი -  ხაშურის სევდა  - მონოპიესა დათო ტურაშვილი - ხაშურის სევდა - მონოპიესა ჟურნალი / სტატიები / პროზა / დრამატურგია / გამოქვეყნებული ავთანდილ ნიკოლეიშვილი - ლაზური სულის პოეტური გამონაშუქი. ხასან ჰელიმიში ავთანდილ ნიკოლეიშვილი - ლაზური სულის პოეტური გამონაშუქი. ხასან ჰელიმიში ჟურნალი / ესეისტიკა / ისტორია / სტატიები / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge