ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ნინიკო მშვიდობაძე - ლექსები
დაღი
შენ უსარგებლო ხელები გაქვს,
უმისამართო წერილებს წერ...
არ იციან შენმა ხელებმა ნამდვილი საქმე,
შენს წერილებს კი ადრესატი არასოდეს ჰყავთ.
ხელში მხოლოდ საკუთარი ოცნებები შემოგრჩა,
ახალშედედებულ რძესავით…
რა იციან შენმა ხელებმა ჯაფა…
ყოველი სიტყვა, შენგან გამოსული,
ჰაერში ფარფატებს, რომ იპოვოს ის,
ვისთვისაც ამოთქვი,
ვისთვისაც დაწერე.
რა ფასი აქვთ სიტყვებს,
თუ მათ არავინ წაიკითხავს,
არავინ გაიგონებს…
რა იციან შენმა ხელებმა
დაღლა…
ჩვილს რომ საფენებს უცვლის დედა,
მის ხელებს ასდის ჩვილის სუნი…
შენსხელებს მხოლოდ ფურცლების სუნი აქვს,
ან საწერ-კალმიდან გადმოღვრილი მელნის ფერი და სუნი…
მელნისფერი თითებით წერ უმისამართო წერილებს,
უადრესატო წერილებს და გინდა იყვირო,
იოგების დაწყვეტამდე იყვირო, რომ
შენი უსარგებლო თითები ისევე დაეძებენ გამართლებას,
როგორც სიტყვები,
რომლებიც ამოთქვი და ახლა ჰაერში ფარფატებენ…
რა იციან შენმა ხელებმა ნამდვილი გარჯა?
მხოლოდ მელნის ლაქა რჩება ფერწასულ თითებზე,
როგორც მარტოობის უტყვი და უმზრახი დაღი.
ციცინათელა
სულ მინდოდა,ციცინათელაზე დამეწერა…
არა იმაზე, ჩვენ რომ გავარომანტიკულეთ,
ღამითრომ გვინათებს და
ყოფიერების მუქ ჩრდილებს აციმციმებს.
არამედ იმაზე,
საკუთარი ნათებით მამრს რომ იტყუებს და კლავს.
რა შემზარავი სილამაზეა…
ეს ერთი ციდა მწერი,
უმწეო და სუსტი, თანაც მანათობელი,
რაღაცნაირად იმედის მომცემი,
მკვლელია,თურმე…
და ის თავისი ღამეული ციმციმიც გამრავლების ინსტინქტია მხოლოდ
და სხვა არაფერი…
ხომ ხდება ხოლმე,
სიმართლე იმდენად მწარეა,
არ გინდა,თვალი გაუსწორო,
გინდა,გჯეროდეს, რომ ის, რაზედაც ოცნებობდი ან გწამდა,
რომ სუფთა და შეურყვნელი იყო,
ასეთად დარჩეს…
რა ძნელია,ასეთ დროს სიმართლეს თვალი გაუსწორო…
ახლა ვხვდები, რატომაც დაითხარა თვალები ოიდიპოსმა...
მე კი ციცინათელაზე ვწერ,
აი, იმაზე:
საკუთარი ციმციმით მამრს მოსაკლავად რომ იტყუებს -
მისი ცხოვრების წესია ასეთი,
ვერაფერს შეცვლის…
და მეც ვერ ვცვლი ჩემი ცხოვრების დადგენილ წესს,
თუნდაც სულელურს:
ციცინათელები ზაფხულის ღამის ჭორფლებია მხოლოდ…
მე ხომ ასე მწამს,
ამგვარად ვხედავ -
და რა აზრი აქვს ასეთ დროს სიმართლეს…
ასე მგონია,
ცხოვრების პარადოქსულობა ამ ერთმა პაწაწა მწერმა დაიტია
საკუთარ ციმციმში…
მე ციცინათელაზე ვწერ.
თოლიგე
ცა ქუდად, მიწა ქალამნად - არცკი,
თვალები - ფერად გიშრისფერები.
და სადღაციდან მორეკილ ქარებს
და ვიღაცისგან მორეკილ ქარებს,
ვიცი, რომ მაინც მოვეფერები.
ქარებსაც ჰყვანან მარეკები,
ერეკებიან,
მიერეკება ეს ცხოვრებაც ჩემს წუთებს,
წამებს,
მე ცა ქუდად მაქვს,
დედამიწა ვერ ვიქალამნე,
ფეხშიშველი ვარ,
სულშიშველიც ვიქნები ბარემ...
იმსიდიდოა ყველა ფიქრი,
გაძლება მიჭირს,
ბევრეულია ეს ტკივილიც,
ვზიდავ ეულად...
და გამორეკილ ქარებს მიაქვთ -
აქვთ ამის ნიჭი -
ჩემი სიზმრები,
შიშებისგან ქვად რომ ქცეულან...
ერეკებიან მარეკები ქარებს მუდმივად,
მე დედამიწა ქალამნებად ვეღარ მოვირგე,
დაპატარავდა ჩემი ქუდიც - მომიჭირა ცამ
და თავშიშველიც ვივლი ახლა, ჩემო თოლიგე,
ოღონდაც შენი იარების ვიქცე მალამოდ,
გადაგირეკო წვიმებიც და ღრუბლებიც ციდან,
თუ ქარს გავყვები, გევედრები, არ მომიდარდო,
იქაც შენსტკივილს მარტოობით დაღლილი ვზიდავ...
ცა ქუდად მექცა, დედამიწა ვერ ვიქალამნე,
ვარ ფეხშიშველი, სულშიშველიც ვიქნები ბარემ...
ძახილი ღვთისმშობელს
ეეხ, ღვთისმშობელო,
რა მოხდებოდა,
გაზაფხულისფერ მდინარეებს ედინათ ჩემში,
არ ვყოფილიყავ ასე მარტივით არეული დაბადებიდან
და სევდისფერი ტკივილები არ შემეკრიბა...
დრო გაიწელა...
ჰაერიც კი მიჭერს მგონია
და ახლა ისე მეძნელება ღრმად ამოსუნთქვა,
თითქოს ვიღაცამ გადამიჭრა ხორხი ლანცეტით.
უფლის დედაო,
ქალი ხარ და უნდა გამიგო...
მძიმე ხვედრია, სხვანაირობდე...
მდინარეები ჩემი სისხლძარღვებია
და გვალვისაგან ვშრები, თითქოსდა...
რა მოხდებოდა ჩვეულებრივად შემყვარებოდა...
და არა ასე:
გულმოწურვამდე,
ყელში მობჯენილ ცრემლებამდე,
აკივლებამდე,
როცა კბილებით ვაკავებ ტკივილს,
რომ სივრცეები არ გადაკვეთოს
და დუმილს ვსწავლობ,
სიყვარული რომ არ გაცხადდეს...
ძნელი ყოფილა...
შენც იცი და
მაინც არ მინდა მხრებჩამოყრილს ვგავდე ბეღურას…
ნეტა როგორი იყო ზეცა,
შენ როცა იშვი
და როგორი იყო მაშინ,
შენ რომ აჩენდი???
სამყაროს დედავ,
არ დამტოვო მიწასთან მარტო,
მომეცი ძალა,
ცის შეხედვის არასდროს შემრცხვეს…
***
ამომიტანე მარგალიტები
მაგ შენი სულის ხვეულებიდან
და მითხარი, რომ
მხოლოდ ჩემთვის გამოიმეტე...
სულ მისხალ-მისხალ შემიგროვე
სადაფისფერი ნიჟარები.
რბილ ხელისგულზე ქვიშისფერად გადამატარე სიცოცხლის ხაზი...
საღამოობით მიჩურჩულე
თეთრი ლექსები:
ნაოცნებარ ქალაქებზე;
ვერახდენილ ნატვრებზე;
არშემდგარ სიყვარულზე...
მე ჩემსას გეტყვი.
გეტყვი: როგორ გავკადნიერდი
და სიყვარულით ბოლომდე სავსე მოვედი შენთან,
მოგიტანე ჩემი წილი ბედნიერება...
შენ კი მაგ შენი სულის ხვეულებიდან
მარგალიტები ამომიტანე,
სადაფისფერი ნიჟარები
შემიგროვე და
ჩამავალი მზის ოქროსფერ შუქზე
ხელისგულზე ქვიშისფერად დამაწერე,
რომ მე გიყვარვარ!
მოვედი, ზღვაო...
სამძიმრისა
(ლანჩხუთში სტიქიას 12 წლის იურიკა გუჯაბიძე ემსხვერპლა)
გეძინა მაინც?
მშვიდად გეძინა, შვილო?..
გაუთენებელ ღამეს მაინც თუ შეხვდი ფერადი სიზმრით?
იქ რა ამბავი აიტანე ნეტავ,
პატარავ???
ღმერთს რა უთხარი:
ჩვენგან ზურგშექცეულ,
ჩვენგან მიტოვებულ,
ჩვენგან დავიწყებულ ღმერთს???
იმედი მაქვს, რომ ტკივილი ვერ იგრძენი…
უფრო ზუსტად, მინდა,მჯეროდეს, რომ ვერ იგრძენი,
თითქოს,ასე უფრო მშვიდად ვიქნები -
საკუთარ თავს ვუფრთხილდები -
ეგოისტი ვარ…
არ შეგეშინდეს მანდ, პატარავ,
რამდენიმე დღის წინათშოვიდანაც წამოვიდნენ ტალახს გამოქცეული ანგელოზები,
მარტო არ იქნები და არ შეგეშინდეს…
ჩვენ გვაპატიე,
ჩვენ - აქ დარჩენილებს,
გვაპატიე, რომ ცოცხალს ვერ მოგეფერეთ სათანადოდ,
რომ ღმერთი გავაბრაზეთ და უთქვენობით გვსჯის,
რომ ერთმანეთი დავკარგეთ და ერთმანეთს ვერ ვხედავთ,
გვაპატიე, კარგო ბიჭო,
არცკი იცოდი,
ისე იქეცი გმირად…
იქ, ჩვენგან დავიწყებულ ღმერთს უთხარი,
,,ტანჯვით შენდობა შევისყიდეთ“
დიდი ხანია და ამდენ ტკივილს ვეღარ გავუძლებთ…
შენ ხომ გეძინა,
ჩემო პატარავ?
ხომ არ გეტკინა???
ხვარამზე რომ ვიყო
ნეტავ კი ხვარამზე ვიყო,
ჩემი სითამამე შეგაცბუნებდა…
ხან ხევს ავუყვებოდი,
ხან ჭიუხებს და არ ვითაკილებდი,
მონადირე მრქმეოდა.
არ გავიხდიდი საცხენოსნო ტყავ-კაბას
და ქალურ უნაგირს ვეტყოდი უარს.
ნეტავ კი ხვარამზე ვიყო,
გიშრისფერ დალალებს რომ ჩამოვიშლიდი მთვარის სალუქ შუქზე,
შენზე ოცნებით შევიცურებდი თითებს თმაში და ჩამოვივარცხნიდი…
ერთი მორცხვი გლეხის ქალი ვარ,
სხვადასხვანაირი თვალებით და განიერნესტოებიანი ცხვირით,
კუთხეში ვდგები ხოლმე,
რომ არავინ შემამჩნიოს და თუ მაინც მომწვდა ვიღაცის მზერა,
თავს მიწამდე ვხრი და ვცდილობ, გავექცე.
ხვარამზე რომ ვიყო,
ჩამოგიქროლებდი ჩემი უბელო რაშით და
თვალი რომ არ მოგეკრა ჩემთვის,
არცკი შევჩერდებოდი შენს ახლო-მახლოს:
უნდა გეგრძნო, რომ ჩავიარე.
გლეხის ქალი ვარ და მარტოობით გადაღლილი საწოლისკენ რომ მივიჩქარი,
ჩემი ქალობა მაშინღა მახსენდება…
თმასაც ვერ ვიშლი,
მოვიკვეცე თმები რადგანაც
და საცხენოსნო ტყავ-კაბის ნაცვლად,
ჭრელა-ჭრულა ჩითის კაბა მაცვია,
ფრიალა,
მოკლე,
ქარს აყოლილი…
ხვარამზე რომ ვიყო,
ისე შემსვამდი,
როგორც შარბათს და ტუჩებსაც კი გაილოკავდი,
მაგრამ მე უფრო ძველი ღვინო ვარ,
ტანინიანი და მშრალი,
გულზე დაგადგები,
თუ ჩემი შეჭიდების თავი არა გაქვს…
ეეჰ, ხვარამზე რომ ვიყო…
არადა,
ერთი გლეხის ქალი ვარ,
სხვადასხვა ფორმის თვალებით
და განიერნესტოებიანი ცხვირით…
ეპოქის შვილები
(ასი წლის ვისლავა შიმბორსკას)
არაფერი იცვლება -
იცვლებიან მხოლოდ ჩვენი წარმოდგენები,
თორემ სამყარო ისეთივეა,
როგორიც ჩვენს შექმნამდე იყო.
დედამიწა ისევ ისე აგრძელებს ბრუნვას -
ჩვენი უფასო ატრაქციონი.
ცაც ისევ ისე ცარგვალია, ანუ მომრგვალო...
სიტყვებიც კი არ ჰკარგავენ მნიშვნელობას,
მხოლოდ ჩვენ ვამძაფრებთ,
ჩვენ, რომლებიც
ინერციით ვმოძრაობთ
და გვავიწყდება, რომ მარადიული მხოლოდ დროა.
და თუკი დროში საზღვრებს ოდესმე წავშლით,
მე ვიტყვი, რომ მყავს და,
რომელსაც ჰქვია უცნაურად არაქართული სახელი -
ვისლავა
და რომელიც საქართველოდან შორს,
პოლონეთში დაიბადა,
მაგრამ ჩემი ღვიძლი დაა მაინც, რადგან
ორივემ ვიცით, რომ არაფერი იცვლება,
ჩვენი წარმოდგენების გარდა.
და ორივემ ვიცით, რომ ომებს და სისხლისღვრებს,
სჯობს „დედამიწა სამოქალაქო ტანსაცმელში“.
და ჩვენი წილი დედამიწა ისევ ბრუნავს
და ჩვენი წილი ცა ისევ მრგვალია
და ჩვენ ჩვენ-ჩვენი წილი სამშობლოები იმაზე მეტად გვიყვარს,
ვიდრე ვამბობთ.
საზღვრები როცა წაშლილია,
იოლია,თქვა:
რომ ჩვენ ეპოქის შვილები ვართ -
აპოლიტიკური ეპოქის პოლიტიკური შვილები!
ერთგულება
შენ ჩემში გაჩნდი,
„ედემს რგული“ ხესავით გაჩნდი
და ერთგული
ძაღლივით ვდარაჯობდი შენივ სიჩუმეს...
შენ ჩემში გაჩნდი,
როგორც ჩვილი დედის საშოში
და რაკი ჩემი საშვილოსნო უკვე ამომჭრეს,
შენ გაჩნდი გულში და გულშივე გამეზარდე,
როგორც ნაყოფი.
თუ მკითხავ მამის ვინაობას,
ვერ გიპასუხებ...
ნუ მკითხავ მამის ვინაობას,
არა გყავს მამა...
მე გყავარ მხოლოდ,
ჩემი გულიდან გამოსულო,
ჩემი გულიდან სამყაროში გამოქცეულო...
არ შეგეშინდეს - ჩემი გული თან გახლავს მუდამ.
მე შენ სიჩუმეს და სიმშვიდეს ვდარაჯობ დღესაც.
ვარ ფეხშიშველი, როგორც ვესტა და ძლიერი,
როგორც ნემესიდა და ვერავინ და ვერაფერია ჩემი მომრევი,
რადგან შენ იშვი ჩემი გულიდან,
ისე, როგორც ჩვილი - დედის საშოდან.
იშვი და ახლა სამყაროში არსებობას თავად აგრძელებ,
რომ გულიდან გულში გაიარო,
რომ მარადიულ წრეზე იბრუნო,
რომ სისხლიდან სისხლში გადახვიდე,
ჩემი გულიდან,
ვით საშოდან,
დაბადებულო...
შენ ჩემში გაჩნდი,
„ედემს რგული“ ხესავით გაჩნდი
და ერთგული
ვარ შენი მონა -
მე -
სიყვარულო!
სიურეალისტური ავტოპორტრეტი
ათასჯერ თავი დავიმარხე,
ათასჯერ აღვდექი…
ასიათასჯერ ცრემლიანი მქონდა ბალიში…
მე მომესაჯა,არ ვიყო დედა…
საჩემო ნეკნი რომ გამოიღო,
ის ადამიც მალე მომიკვდა…
ბალახი ვჭამე….
ვღეჭე ბალახი ჩემს საკუთარ ცრემლებთან ერთად…
აღვდექი ისევ…
სიჯიუტე მაქვს სიკვდილმისჯილის,
უდედობა მისჯილი ქალის -
მკლავს სიჯიუტე…
ცივია ქარი.
ნოემბერი უხმობს ტირისდენს…
ბალახთან ერთად ღამეებიც ვღეჭე ეული…
მარტოობისთვის განწირული საღამოები…
მე ვერ ვარ ევა,
ვერ ვიგუე ჩემი ადამი…
სხვებს ჰგონიათ, რომ
მხიარული ქალი ვარ მუდამ,
თავქარიანი…
და რა იციან:
დამარხული ვიყავი ერთ დროს…
მჭამდა მიწა და მეც ნელ-ნელა მიწა ვხდებოდი…
ეს სხვებს ჰგონიათ,
რომ ვარ მარტივი, ქარაფშუტა და თან იოლიც…
მე კი:
ათასჯერ თავი დავიმარხე,
ასიათასჯერ ცრემლიანი ვღეჭე ბალახი…
ქალური ბედნიერება
არ იმღერება ჩემი ლექსი,
ვერ იმღერება...
უმღერებელი პოეზიის მეპატრონე ვარ,
ნაღველში ამოვლებული კალმით ვწერ და
სევდაზე ვმშობიარობ...
კოჭებამდე კაბას კი არა,
მოკლე კაბებს ვიხდენ და
ყველაფრის მიუხედავად,
მაინც იმაზე ბედნიერი ვარ,
ვიდრე სხვა,
რადგანაც:
ვუყვარდი...
ქალური ბედნიერების საიდუმლოც ამოხსნილია:
სხვა რა გვინდა,განა, ქალებს,
იმის მეტი,
რომ ვუყვარდეთ...
კოჭებამდე კაბა იმან ჩაიცვას,
ვისაც რაღაც აქვს დასამალავი.
მე რა დავმალო:
საკუთარ ლექსებში სულს ვაშიშვლებ და
სულაც არ მრცხვენია.
უმღერებელი ლექსები მაქვს,
სევდისფერები...
ვწერ და ყოველ ჯერზე
სამშობიარო ტკივილებს ისე რეალურად განვიცდი,
თითქოს ვიცოდე,როგორია...
ერთი განსხვავებაა მხოლოდ:
ჭიპლარს არ ვიჭრი
და ყველა სიტყვასთან,
რაც ოდესმე დამიწერია,
ისევ ჭიპლარით ვარ მიერთებული...
ჩემი ტკივილების საწყისიც ესაა
და მიზეზიც -
ჭიპლარს ვერ ვიჭრი და
ჩემს ლექსებს გულის სისხლით ვასაზრდოებ მუდამ...
რატომ ვატარო კოჭებამდე კაბები?
მოკლეა წუთისოფელი და კაბის სიგრძე ვერ დააგრძელებს,
მოკლეა წუთისოფელი და ნაღვლიანიც,
უდანაშაულოდ დასჯილი ბავშვივით ნაღვლიანი..
მე რა დაგიმალო ბედისწერას -
ყოველ ლექსში ბოლომდე ვაშიშვლებ სულს და
ვბედნიერდები,
რადგან:
ვუყვარდი...
ახალი სტატიები
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
გიგა ქურციკიძე - ნელთბილობა, ანუ არც იქითობა, არც აქეთობა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
გორვანელი - ცნებობრივი აღრევა (დემოკრიტე, პლატონი, არისტოტელე)
ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე
ლეილა მესხი - ,,თეთრი დუქანი“
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან
ბექა ახალაია - ლექსები
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები