გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ზურაბ ვახანია - სიცოცხლის ფილოსოფია და მიღმასწრაფება



1. სიცოცხლე და მისი განვითარება
                საზოგადოდ სიცოცხლის მთავარი თვისებაა საპირისპიროთა დიალექტიკური ერთიანობა და წონასწორობა: ცვალებადობა-მრავალფეროვნებისა და თან თვითმყოფადობის შენარჩუნებისა: 
  • ყოველი ცოცხალი ორგანიზმი და აგრეთვე ცოცხალი ორგანიზმების მთელი სახეობა, ერთი მხრივ, საკუთარ რაობასთან იგივურობასა და თვითმყოფადობას ინარჩუნებს, მაგრამ, მეორე მხრივ, რაღაც ფარგლებში განუწყვეტლივ იცვლება; 
  • განმრავლებისას თავის მსგავს ორგანიზმებს წარმოქმნის, მაგრამ ეს მსგავსი ორგანიზმები აუცილებლად მრავალფეროვანია; თანაც მრავალფეროვანია არამარტო შემდგომი ცვალებადობის გამო, არამედ აგრეთვე გაჩენისას უკვე თანდაყოლილი (გენეტიკური) განპირობებულობის გამოც. მაგ., ერთიდაიმავე ადგილას დათესილი ათასი თესლისგან აღმოცენდება, ცხადია, ერთიდაიმავე სახეობის მსგავსი მცენარეები, ოღონდ ისინი არავითარ შემთხვევაში ერთნაირი არ იქნება (ამის ბიოლოგიური საფუძველი ალბათ მუტაციებია). ასევე შინაგანადაა განპირობებული სახეობათა მრავალფეროვნებაც.
                სწორედ ამ დიალექტიკას ემყარება სიცოცხლის განვითარება _ ევოლუცია. 
 
[
 
                საპირისპიროთა ერთიანობა _ ჰეგელისეული დიალექტიკის მთავარი კანონი: სამყაროულ ქმნადობაში, ბუნებაში საპირისპირო საწყისები ერთმანეთს კი არ გამორიცხავს, არამედ მათი წინააღმდეგობა და ცვალებადი წონასწორობა არის განვითარების საფუძველი და მამოძრავებელი. ამას თვალსაჩინოდ გვიჩვენებს უძველესი ჩინური ფილოსოფიის მთავარი ნიშანხატი _ ტაიჩი და დაო:                ყოველი მისწრაფება ცვალებადობის აღკვეთისკენ (ანუ გახევებისკენ, გაქვავებისკენ,
ხისტი გაჩერებისკენ) და გაერთნაირებისკენ ანუ გაერთფეროვნებისკენ _ არსებითად,
სიცოცხლის მტრობა და სიკვდილისკენ მისწრაფებაა _ ნეკროფილია. სიკვდილი სიცოცხლის საპირისპირო ცნებაა: მთლიანობის დარღვევა და შემადგენელ მარტივ ნივთიერებებად დაშლა. 
                ხისტი სიმყარე, ზედმეტი წესრიგი, მკაცრი პედანტურობა და ერთნაირობა ადამიანის მიერ გაკეთებულ მანქანებს, ბიუროკრატიასა და ყაზარმებს ახასიათებს. თანამედროვე ცივილიზაციის განვითარების მთავარი მიმართულებები _ ტექნოკრატია, გლობალიზაცია და აგრეთვე სქესებს შორის განსხვავებასთან ბრძოლა, არსებითად, სიკვდილისკენ მისწრაფების გამოვლინებაა [ე. ფრომი]. სიცოცხლის საპირისპიროდ, სიკვდილი ყველაფერს არამარტო აჩერებს, არამედ აგრეთვე ათანაბრებს და აერთნაირებს: “მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალგულოვანი; ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი...” [რუსთველი].
                მთლიანობაში სიცოცხლე და სიკვდილი სამყაროს მთავარ დიალექტიკას ქმნის. არაცოცხალი ბუნების მთავარი თვისება თერმოდინამიკის მეორე კანონია _ ფიზიკის მთავარი კანონი: მისწრაფება მაქსიმალური ენტროპიისკენ ანუ საყოველთაო გათანაბრებულ-გაერთნაირებული მდგომარეობისკენ, რთული სისტემების დაშლისკენ და გამარტივებისკენ (ენტროპია _ სისტემის მდგომარეობის ალბათობის ზომა: ის მით უფრო მეტია, რაც უფრო მეტია მოუწესრიგებლობა და თანაბრობა; ვინაიდან რაც უფრო რთულია სისტემა და რაც უფრო მეტია არათანაბრობა, მით უფრო ნაკლებია შესაბამისი ალბათობა). გამარტივებულად: სისტემა რაც უფრო რთულია, მით უფრო არამდგრადია, სისტემები კი უფრო მდგრადი მდგომარეობის მიმართულებით იცვლება. მაგ.: სითბო ვრცელდება და თანაბრად ნაწილდება _ ცხელი გრილდება და ცივი თბება; მთები თანდათან იშლება, დაბლდება, ღრმულებს ავსებს და დაბლობთან თანაბრდება; თეთრი და შავი ღვინისა თუ ქვიშის ნარევი ნჯღრევის შემდეგ გაერთნაირდება და მოწითალო ხდება, შემდეგ კი აღარასდროს გამოცალკევდება თეთრი და შავი; მიტოვებული დანადგარი იჟანგება, იშლება, ჯერ ნაწილების მოუწესრიგებელ გროვად იქცევა, ბოლოს კი _ გათანაბრებულ, გაერთნაირებულ “მიწად”... ამის საპირისპიროდ, სიცოცხლე _ ესაა განუწყვეტელი ბრძოლა ენტროპიასთან, მისწრაფება თანაბრობის დარღვევისკენ, მრავალფეროვნებისკენ, სისტემების გართულებისკენ. ასე ფილოგენეზში (სახეობათა განვითარებაში), ონტოგენეზშიც (ყოველი ცალკეული ინდივიდის ჩასახვა-ზრდა-განვითარებაში) და კულტურგენეზშიც (საკაცობრიო კულტურის ისტორიაშიც). 
                ლოგიკურია შეკითხვა: არაცოცხალი სამყაროს თავდაპირველი არათანაბარი, არაენტროპიული მდგომარეობა საიდანღაა? მაგ., ესოდენ არათანაბრად რატომ და როგორ გადანაწილდა სითბური ენერგია _ მნათობებში მაქსიმალური, დანარჩენ სივრცეში _ მინიმალური? ამაზე მხოლოდ ძალიან ზოგადი პასუხია: დასაბამიერი დიადი აფეთქება.
                დასაბამიერი აფეთქებიდან მილიარდობით წლის შემდეგ, როდესაც სიცოცხლე გაჩნდა, ის ფიზიკის მთავარ კანონს განუწყვეტლივ არღვევს. “სიცოცხლე _ ესაა ასიმეტრია ხმლის წვეტზე მუდმივი რხევით; რომელიც იმ პირობით ინარჩუნებს წონასწორობას, რომ განუწყვეტლივ მოძრაობაშია, მისწრაფებაშია.” [ა. უხტომსკი]. 
                სიცოცხლე მართლაც სამყაროს ყველაზე დიდი სასწაულია (რელიგიური თვალსაზრისითაც ასეა). ამიტომ მატერიალისტურ მეცნიერებას მეტი გზა არ დარჩა იმის გარდა, რომ სიცოცხლის წარმოქმნაც და განვითარებაც შემთხვევითობად მიეჩნია. ამის ყველაზე თანმიმდევრული თეორია დარვინმა ააგო. მომდევნო მატერიალისტები ცდილობდნენ, სიცოცხლე გაეიგივებინათ ფლუქტუაციასთან _ ისეთ შემთხვევითობასთან, რომელიც ძირითად კანონზომიერებას კი ეწინააღმდეგება, მაგრამ მალე თავისით გაქრება. მატერიალიზმის არგუმენტი ისაა, რომ სამყაროს არსებობის უკიდეგანო დრო-სივრცესთან შედარებით სიცოცხლის ფარგლები იმდენად მცირეა, რომ ეს მართლაც სწრაფწარმავალ შემთხვევითობას ჰგავს _ საპნის ლამაზი ბუშტივით. მაგრამ ეს მსჯელობა რამდენიმე მხრივაა მცდარი. ჯერ ერთი _ ლოგიკურად: თუკი მთელი სიცოცხლისა და კულტურის მრავალმილიონწლიან აშკარად კანონზომიერ განვითარებას “შემთხვევითობა” ვუწოდეთ, მაშინ საზრისი ეკარგება თვით ცნებებს “შემთხვევითობა” და “კანონზომიერება”. უსაზრისო ტერმინებით კი ლოგიკური მსჯელობა შეუძლებელია, ლოგიკა მკაფიოდ განმარტებული ცნებებით იწყება. სანამ მატერიალიზმი წესიერად არ განმარტავს თავის ცნებას „შემთხვევითობა“, მანამ უფლება არა აქვს, ეს ცნება მსჯელობაში გამოიყენოს.
                სიცოცხლის საფუძვლის, დმნ-ს სრუქტურის საოცარი კანონზომიერების ერთერთი აღმომჩენი ფ. კრიკია. მისეული შეფასებით, დმნ-ს ურთულესი სრუქტურის ქმნადობა ისევეა ზუსტად გათვლილი და ყოველი წვრილმანიც კი ისეა ჩართული მთლიანი ქმნადობის „პროგრამაში“, რომ ერთი წვრილმანის მცირე დარღვევაც კი მთელ კანონზომიერებას დაარღვევს და სიცოცხლე შეუძლებელი გახდება. დმნ-ს „პროგრამა“ ყველაზე დახვეწილ კომპიუტერულ პროგრამას ჰგავს. ფ. კრიკის აზრით, მხოლოდ ეს ერთი კანონზომიერებაც კი საკმარისია, რომ სამუდამოდ უკუვაგდოთ შემთხვევითობა. მაშინ ასევე შეგვეძლო, „შემთხვევითობის“ ნაცვლად გვეწოდებინა “აღტყინება”, “აუტოპროდუქცია” ან „ექსტრასენსული ფლუიდი“, ეს ყოველივე კი ტერმინებით ჟონგლიორობაა _ და არა ლოგიკური მსჯელობა. 
                მეორე არგუმენტი ფილოსოფიურია: სიცოცხლე სამყაროში მართლაც საპნის ბუშტის წვეთივითაა, მაგრამ ეს ასეა ფიზიკურ-რაოდენობრივად; ხოლო თვისებრივად პირიქითაა: ერთადერთი დედამიწა, ერთადერთი ეთნოკულტურა და ერთადერთი ადამიანი სული თვისებრივად გაცილებით დიდია, ვიდრე მთელი არაცოცხალი სამყარო (რომელიც ერთფეროვანია და პასიურია, ხოლო აქტიური პროცესებიც ერთფეროვანია). ადამიანი, რომელიც ასეთ საკითხებს იაზრებს (ანუ რომელიც წინამდებარე ტექსტს გაიაზრებს), რომელიც “ვეფხისტყაოსანსა” და “მეცხრე სიმფონიას” ქმნის, თვისებრივად აღემატება მთელ არაცოცხალ გალაქტიკებს. 
                მესამე არგუმენტი ბიოლოგიიდანაა. დარვინიზმის საფუძველზე სრულიად შეუძლებელია ისეთი თვალსაჩინო მოვლენების ახსნაც კი, როგორებიცაა: ცხოველების ინსტინქტები და რთული ქცევები (მაგ.: მიმომფრენი ფრინველების საკვირველი უნარი სივრცეში ორიენტაციისა; ფუტკრებისა თუ ჭიანჭველების საკვირველი სოციალური ქცევები; მრავალი ცხოველის ურთულესი სქესობრივი ცერემონიები და სხვა); მრავალი ფაქტი იმისა, რომ შედარებით მაღალგანვითარებული ცხოველი თუ მცენარე გარემოსთან გაცილებით უარესადაა შეგუებული, ვიდრე დაბალგანვითარებული; ადამიანის ანთროპოგენეზი, სულაც ერთადერთი რამ _ თავის ტვინის წარმოშობა და განვითარება და სხვა. რაც უფრო ღრმად შევისწავლით ამ მოვლენებს, მით უფრო ვრწმუნდებით მათ სასწაულებრივ სირთულესა და იდუმალებაში. განვიხილოთ მხოლოდ სამი მარტივი კონკრეტული მაგალითი. ადამიანსაც და მრავალ ძუძუმწოვარსაც ყურის ღრუში გოგირდი უგროვდება. გოგირდს ორგანიზმი გამოიმუშავებს, რათა დაცული იყოს ყურის ღრუში ღრმად მდებარე წონასწორობის ორგანო და შემდეგ _ თავის ტვინი. ცხადია, ყურის ღრუ ღია უნდა იყოს, რათა სმენა არ შეფერხდეს. მაგრამ მაშინ დიდი საფრთხე ჩნდება _ თუკი ყურის ღრუში მწერი ღრმად შეძვრება, ორგანიზმი თითქმის განწირული გახდება. გოგირდი სწორედ მწერების გასაფრთხობადაა! დარვინიზმის ლოგიკით, გოგირდი ასე უნდა გაჩენილიყო: ერთერთ ინდივიდს, შემთხვევითი მუტაციით, ორივე ყურში ერთდროულად (???) გოგირდი გაუჩნდა; სხვა ინდივიდებს გოგირდი არ ჰქონდათ, მათ უმრავლესობას ყურებში მწერები შეუძვრნენ და დახოცეს (??? _ თუკი მათი დახოცვა ასე ადვილად მოხდა, მაშ ამ დრომდე როგორღა მოაღწიეს?); ხოლო გოგირდიანი ინდივიდი უფრო გამძლე აღმოჩნდა, მან უფრო მეტი და უფრო გამძლე შთამომავლობა დატოვა; ამ შთამომავლების უმეტესობასაც ყურებში გოგირდი ჰქონდა (??? _ რატომ აღმოჩნდა გოგირდიანობა ასეთი მდგრადი დომინანტური ნიშანთვისება?), ამიტომ არსებობისთვის ბრძოლაში მათ აჯობეს სხვებს; ამიტომ გენეტიკურად განმტკიცდა ყურებში გოგირდის გამომუშავება... ეს ახალი ნიშანთვისება შემდეგ მრავალი სხვა სახეობის ძუძუმწოვარშიც გაჩნდა და შენარჩუნდა... (სხვებში როგორღა???)
                მეორე მაგალითი. ვთქვათ, ინსტინქტური ქცევა ოცი მოქმედებისგან შედგება. ეს ქცევა მიზანშეწონილია მხოლოდ მაშინ, თუკი შესრულდება ოცივე მოქმედება, ხოლო დაუმთავრებელი ქცევა „უაზროა“ და ენერგიის ფუჭი ხარჯვაა. მაგ., მერცხლების გადმოფრენა იმით იწყება, რომ გაზაფხულის რომელიღაც დროს მერცხლები ერთ მყუდრო ადგილას იწყებენ შეკრებას. დავუშვათ, მილიონობით წლის წინ, შემთხვევითი მუტაციით ერთ ინდივიდს ისე შეეცვალა გენი, რომ გაზაფხულზე ერთ მყუდრო ადგილას მიფრინდა და სხვა მერცხლებს დაუწყო ლოდინი (???). მერე შემთხვევით კიდევ ორი-სამი მერცხალიც მიფრინდა. მაგრამ მოწესრიგებული გუნდი ასე ვერ შეიკრიბება. ეს მოქმედებები არაფრისმომცემია, არსებობისთვის ბრძოლაში არავითარ უპირატესობას არ აჩენს. ამიტომ, თვითონ დარვინიზმის ლოგიკით, შთამომავლობაში აღარ შენარჩუნდება. მაშ როგორღა ჩამოყალიბდა მიმოფრენის ურთულესი ინსტინქტი? ხოლო მერე მერცხლები გზას მზის სხივების დახრილობით და ღამით ციურ მნათობთა მდებარეობით გამოიგნებენ. თანაც _ ისეთი საოცარი სიზუსტით, რომ შარშანდელ აივანს მიაგნებენ. ადამიანებს თანამედროვე ტექნიკით უჭირთ ასეთი ზუსტი ნავიგაცია! მერცხლებმა კი როგორ დაისწავლეს?! 
                მესამე მაგალითი _ ორი სულ სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმის სიმბიოზი, ურთიერთდახმარება და ზუსტი ურთიერთშევსება. მაგ., მრავალი მცენარე ვერ მსხმოიარობს ანუ გადაშენდება, თუკი მის ყვავილებს ფუტკრები ან სხვა მწერები არ დაამტვერიანებენ; ეს მწერები კი ვერ გადარჩებიან ყვავილთა გარეშე. ასევე სჭირდებათ ერთმანეთი ჭიანჭველებსა და ბუგრებს, სოკოებისა და ხეების მრავალ სახეობას, ნიანგებსა და ჩიტებს და სხვა მრავალი. წარმოუდგენელია, რომ ორი სულ სხვადასხვა სახეობის „შემთხვევითი“ განვითარება ასე შეთავსებულიყო ერთმანეთთან. ვინაიდან ორივე სახეობისთვის პირველი შემთხვევითი ცვლილებები ფუჭი და უსარგებლოა, ამიტომ გენეტიკურად არ შენარჩუნდებოდა. ეს ცვლილებები მხოლოდ მას შემდეგ ხდება ადაპტაციის ხელშემწყობი ანუ ბიოლოგიურად მიზანშეწონილი, რაც ზუსტად შეუთავსდება ერთმანეთს. 
                ამ ყოველივეს ახსნა დარვინიზმით (ანუ შემთხვევითი მუტაციებით, არსებობისთვის ბრძოლითა და ბუნებრივი გადარჩევით) _ ისეთივე არადამაჯერებელი, მიკერძოებული, ნაძალადევი და ულოგიკოა, როგორც დევნის აკვიატებული მანიის მქონე პირის მიერ გარშემო ყველაფრის ახსნა იმით, რომ მას ფარულად უთვალთვალებენ და ხვანჯებს უწყობენ. მას ვერაფრით ვერ გადაარწმუნებ, რომ სინამდვილის მისეული ინტერპრეტაცია უსაფუძვლო ატრიბუციაა. ასევე ათეიზმის მორწმუნე მატერიალისტს ვერ გადაარწმუნებ, რომ დარვინიზმის ლოზუნგებითა და დოგმებით ვერ აიხსნება არათუ არისტოტელეს თხზულებათა შექმნა, არამედ უბრალო მერცხლებისა და ბუგრების ქცევაც კი. მატერიალიზმის ეს ბრჯგუ სიჯიუტე ბუნებრივია, რადგან ყოველგვარი რელიგიური რწმენა ლოგიკისადმი ყრუა.
                მეოთხე არგუმენტი ფიზიოლოგიიდანაა. ვიტალისტების გამოკვლევები ასაბუთებს, რომ პირველადი სასიცოცხლო სულის/ძალის ცნების გარეშე შეუძლებელია, ლოგიკურად ავხსნათ რეგენერაცია. თანამედროვე ფიზიოლოგიამ და მედიცინამ საკვირველ შედეგებს მიაღწია, მაგრამ კონკრეტულად და ლოგიკურად არ ძალუძთ, უბრალო ჭრილობის შეხორცების ახსნაც კი! [12]. როგორ და რატომ გამომუშავდება და იგზავნება საჭირო ნივთიერებანი ჭრილობისკენ ან ხვლიკის მოწყვეტილი კუდის ადგილისკენ? რა „იციან“ ხვლიკის სულ სხვა ორგანოებმა, რომ კუდი მოწყვეტილია და რა არის საჭირო აღსადგენად? მკაცრი მატერიალისტი ფიზიოლოგები უცებ ასეთი მეტაფორული ფრაზების გამოყენებას იწყებენ: „ორგანიზმმა იცის...“, „ორგანიზმი ზრუნავს...“, „ორგანიზმი ცდილობს...“ და ვერც კი ხვდებიან, რომ ამით, თავისდაუნებურად, სწორედ რომ ორგანიზმის მთლიანობითი სასიცოცხლო სულის/ძალის არსებობას აღიარებენ. სხვათა შორის, ეს კარგი მაგალითია ზ. ფროიდის მიერ აღმოჩენილი მოვლენისა: ადამიანის ფრაზები და უნებური წამოცდენები როგორ გამოავლენს ხოლმე რაღაც დაფარულს.  
                მეხუთე არგუმენტი ფიზიკიდანაა: არამარტო სიცოცხლე, არამედ მთელი სამყაროს არსებობაც კი “ფლუქტუაცია” გამოდის, რადგან სამყარო “პირველი/დიადი აფეთქების” შედეგად წარმოიქმნა, და მაშინვე მოხდა თერმოდინამიკის მეორე კანონის საყოველთაო დარღვევა: სითბო და საზოგადოდ ენერგია უაღრესად არათანაბრად გადანაწილდა, ვინაიდან სრულ სიცივესა და სიბნელეში მნათობი ვარსკვლავები გაჩნდა. მთელი სამყაროს მთელმა ჯამურმა ენერგიამ თავი მოიყარა სამყაროს ზომებთან შედარებით ციცქნა-ციცქნა ვარსკვლავებში, ამ მდგომარეობის ენტროპია კი მინიმალურია (რელიგიური თვალსაზრისითაც სამყაროს შესაქმე წყვდიადში მნათობთა გაჩენით დაიწყო). ამის შემდეგ ამოქმედდა თერმოდინამიკის მეორე კანონი _ ვარსკვლავები სითბოს ასხივებს, ცივ პლანეტებსა და სივრცეს ოდნავ ათბობს, თვითონ კი თანდათან ცივდება... მაგრამ გაჩნდა სიცოცხლე და თერმოდინამიკის მეორე კანონი ისევ დაირღვა და დღემდე დარღვეულია.
                ზოგიერთმა უდიდესმა ფიზიკოსმა გაიაზრა ეს მეხუთე არგუმენტი მაინც, რის გამოც ღმერთის არსებობა აღიარა (ი. ნიუტონი, ა. აინშტაინი, ვ. ჰაიზენბერგი, ნობელის პრემიის ლაურეატი ჩ.ჰ. თაუნზი და სხვანი). მაგ., ი. ნიუტონის საბოლოო სიტყვა სამყაროს წარმოქმნა-განვითარების შესახებ დაახლოებით ასეთი იყო: „ღმერთმა სამყარო შექმნა და პირველი ბიძგი მიანიჭა მას, შემდეგ კი ყველაფერი უკვე ფიზიკის ჩემ მიერ აღმოჩენილი კანონებით წარიმართება“ (დეიზმი). მეცნიერების სავსე ჭიქიდან დალეული პირველი ყლუპი ათეისტად გაქცევთ, თუმცა ჭიქის ბოლოს ღმერთი გელოდებათ.“ (ვ. ჰაიზენბერგი). ზოგმა კი (მაგ., ილ. პრიგოჟინმა) სცადა, “ქაოსისგან წესრიგის თვითწარმოქმნის თეორია შეეკოწიწებინა. ამისთვის დაუშვეს საკმარისად ძლიერი ენერგიის წყაროს ძალით “მატერიის თვითორგანიზების” პოსტულატი. მაგრამ ეს თეორია, არსებითად, ისევ და ისევ ტერმინებით ჟონგლიორობაა და ბარონ მიუნჰაუნზენის ხრიკს ჰგავს _ მხედარმა საკუთარი თავი ჭაობიდან რომ ამოითრია, ცხენიანად: თავისივე თმაში ჩაივლო ხელი და საკმარისად ძლიერი ენერგიით რომ აქაჩა ზევით. სიცოცხლის წარმოშობა რომც აიხსნეს, მერცხლების მიმოფრენა მაინც აუხსნელი დარჩება, ვინაიდან „საკმარისად ძლიერი ენერგია“ მერცხლებისთვის უაზროა. ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, ყველა ასეთი თეორია არის რაციონალიზაცია (რაციონალური გამართლების მცდელობა, ვითარც ფსიქოლოგიური თავდაცვის საშუალება) [4]; სახელდობრ, წინასწარაკვიატებული ათეიზმის რაციონალიზაცია. როდესაც ადამიანებს აღარ სწამთ ღმერთისმათ არათუ აღარაფრის აღარ სწამთარამედ მზად არიან, დაიჯერონ ნებისმიერი რამ [გ. ჩესტერტონი]. სინამდვილეში ეს ყოველივეც რწმენას ემყარება, მაგრამ, მორწმუნეებისგან განსხვავებით, ამას არ აღიარებენ.[კიტინგი, გამოჩენილი ასტროფიზიკოსი]. .იუნგის თანახმად, შეუვალი ათეიზმი ხშირად  მამის არქეტიპსა და მამის კომპლექსს უკავშირდება [3].
                ფსიქოლოგია ეტიმოლოგიურად _ “სულისმცოდნეობაა”. მაგრამ თანამედროვე ფსიქოლოგიის წამყვანი მიმდინარეობებიდან განდევნილია სწორედ ფსიქიკა ანუ სული რობოტომორფიზმი [19]. თანამედროვე ცივილიზაცია უსულო, უსიცოცხლო, სტრატეგიზებულ, გადანომრილ მანქანებს ეთაყვანება. სისტემების გართულებაც მხოლოდ ტექნიკაში ხდება, ხოლო ადამიანური მიმართულებებით პირიქით _ გამარტივება ანუ გადაგვარება მიმდინარეობს. მარტივდება, ერთნაირდება და მანქანური ხდება ენა (მისი ლექსიკა და გრამატიკა), მარტივდება გრძნობები, ფიქრები, აზრები, მიზნები, კულტურა, ურთიერთობანი, ჰუმანიტარული ცოდნა... (ეს ყოველივე კარგადაა გამოხატული ხ. ორტეგა ი გასეტის ცნებაში “ხელოვნების დეჰუმანიზაცია” [8] და თომას მანის რომანში “დოქტორ ფაუსტუსი”).
                დარვინიზმის საწინააღმდეგო მოძღვრებაა კრეაციონიზმი (ლათ.ინგლ. creation შექმნა). ის ბიბლიას ემყარება და ყოველგვარ ევოლუციას უარყოფს, მიიჩნევს რა, რომ ღმერთმა თავიდანვე დასრულებული სახით შექმნა ყველა მცენარე და ყველა ცხოველი (ადამიანების მიერ მოგვიანებით გამოყვანილ სახეობათა გარდა). მაგრამ ამ მოძღვრებას ადვილად უგუაგდებს არქეოლოგიის, ნამარხი ცხოველებისა თუ ადამიანების ნაშთები. უეჭველია, რომ ცოცხალი ორგანიზმები მილიონობით წლის განმავლობაში იცვლებოდნენ, ვითარდებოდნენ (ან, პირიქით, დეგრადაციას განიცდიდნენ), ჩნდებოდა ახალ-ახალი სახეობანი. მაგ., ხოჭოების ერთი ახალი ქვესახეობა მეცნიერთა თვალწინ გაჩნდა XIX-XX საუკუნეებში: ინდუსტრიალიზაციის გამო შუა ინგლისში ჰაერი და მინდვრები ქარხნების გამონახრჩოლით დაბინძურდა, რის გამოც ერთი სახეობის ხოჭოებმა ფერი იცვალეს, რათა უკეთ შეგუებოდნენ შეცვლილ ეკოსისტემას. უფრო მეტიც, სრულიად უეჭველია, რომ ადამიანის სხეულიც კი ერთი უჯრედისგან, მამის სპერმატოზოიდისგანაა განვითარებული. ადამიანის ჩანასახი დედის საშვილოსნოში ძალიან შეკვეცილად მთელ ევოლუციას გაივლის: ერთუჯრედიანი, მრავალუჯრედიანი, ჭიისა თუ თევზის მსგავსი ორგანიზმი, ძუძუმწოვრის ჩანასახის მსგავსი ორგანიზმი, ადამიანის ორგანიზმი. ამასვე ადასტურებს რუდიმენტები, მაგ., ბანჯგვლები, რაც ადამიანისთვის სრულიად ზედმეტია, მაგრამ შემორჩენილია ცხოველთა ორგანიზმიდან. ზოგი ადამიანი კუდითაც კი იბადება! საყურადღებოა ფსიქოლოგიური რუდიმენტებიც. შიშისა ანდა ბრაზის დროს მრავალი სახეობის ფრინველს ბუმბული აეფხორება, ძუძუმწოვარს ბეწვი აეშლება, რათა უფრო საშიშად გამოჩნდეს და მტერი შეაშინოს. ადამიანსაც ასევე ემართება, რასაც ადასტურებს გამოთქმები „შიშისგან თმა ყალყზე დაუდგა“, „ტანში დაბურძგლა“. ზოგი ხოჭო მყრალ სითხეს გამოყოფს, კუ სკლინტავს, რათა მტერი მოიშოროს. ადამიანიც „შიშისგან ჩაისვრის/ჩაიფსამს“. მტაცებელი ძუძუმწოვრები მტრის შესაშინებლად თვალებს აბრიალებენ, იღრინებიან და კბილებს დააფჩენენ. ადამიანსაც ახასიათებს ბრაზის დროს თვალების ბრიალი, ღრენა და „კბილთა ღრჭენა“. ცხოველებისთვის ყველა ეს რეაქცია მიზანშეწონილია, ხოლო ადამიანისთვის ზედმეტია, რუდიმენტია, ცხოველური სხეულის ნაშთებია.
                მაშასადამე, ევოლუცია უეჭველია. ოღონდ _ არა დარვინიზმის მატერიალისტური ევოლუცია. ადამიანის სხეული მართლაც ჰგავს ცხოველის სხეულს, მაგრამ აქედან ლოგიკურად არ გამომდინარეობს, რომ ადამიანი ცხოველის სახეობაა. ვინაიდან ადამიანისთვის მთავარია არა სხეული, არამედ სული, ფსიქიკა, კერძოდ ის, რაც სწორედ ცხოველისგან განასხვავებს: ცნობიერება, მეობა, მეტყველება, წარმოსახვა, აბსტრაქტული აზროვნება, ნებისყოფა, პასუხისმგებლობა, ზნეობა, რწმენა, წინაპრებისა და შთამომავლობის განსაკუთრებული სიყვარული (არცერთ ცხოველს მსგავსი არაფერი არ ახასიათებს, დედაც კი ვეღარ ცნობს თავის წამოზრდილ ნაშიერებს)... თუკი შესაძლებელია, რომ ეს ყოველივე ცხოველებსაც განუვითარდეთ, მაშინ გაუგებარი რჩება, თუ რატომ არ ვითარდებიან, მაგ., მაიმუნები, რატომ ტრიალებენ სულ დახშულ წრეში, ხოლო თუკი რაიმე აღმავლობა ხდება, ეს მხოლოდ ადამიანის ზეგავლენითაა. ადამიანი კი სულ ვითარდება და ვითარდება. ცხოველთა ყველა სახეობას შეწყვეტილი აქვს ზეაღმავალი „ვერტიკალური“ ევოლუცია (არომორფოზი). მხოლოდ „ჰორიზონტული“ ევოლუცია (იდიოადაპტაცია) ან დაღმავალი ევოლუცია (დეგრადაცია) ხდება, ანუ ახალ-ახალ სახეობათა წარმოშობა. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ყველა ეს სახეობა განვითარების ერთსადაიმავე დონეზე რჩება, ზეაღმავალი ევოლუციის გარეშე.
                ძალიან საყურადღებოა, რომ თვითონ ჩ. დარვინმა თავისი უკანასკნელი დიდი ნაშრომი ბუნებაში არსებულ სილამაზეს და ცერემონიულ სქესობრივ ქცევებს მიუძღვნა. მან პატიოსნად აღიარა, რომ ეს სილამაზე თავისი თეორიით ვერ აიხსნება. მაგ., შეუძლებელია იმის დამტკიცება, რომ ხოხობს უზარმაზარი გრძელი ბოლო (კუდი) ან ირემს უზარმაზარი გაბარჯღული რქები გარემოსთან შეგუებაში და არსებობისთვის ბრძოლაში ეხმარება. მაშ ჩ. დარვინმა თვითონ აღიარა თავისი თეორიის არასაკმარისობა და დაუშვა ბუნებაში რაღაც იდუმალის არსებობა. მაგრამ დარვინისტებმა და მატერიალისტებმა ეს ნაშრომი უგულებელყვეს და დოგმატური დარვინიზმი აბსოლუტურ ჭეშმარიტებად შერაცხეს. ამჟამადაც ასე ისწავლება სკოლებში და უნივერსიტეტებში, საღვთო რჯულივით.
2. არისტოტელეს საოცარი სიბრძნე
                სიცოცხლის ფილოსოფიის ძირითადი საფუძვლები, არსებითად, არისტოტელეს შექმნილია. მისი ფილოსოფიის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ცნებაა მიზნობრიობა _ „ენტელექია“ _ სამყაროსა და მისი ყოველი ნაწილის გამსჭვალავი შინაგანი მისწრაფება. ესაა არა პიროვნულ-სუბიექტური, არამედ ღვთაებრივი, კოსმოსური, ბუნების საერთო, სასიცოცხლო მისწრაფება. მიზანი _ ესაა “საბოლოო მიზეზი”, რომელიც განსაზღვრავს ყოფიერის არსსა და არსებას, და რისი შემეცნებაც ყოფიერის დაფარული საზრისის წვდომაა. მიზანი, ენტელექიის სახით, მთელ ცოცხალ ბუნებას აქვს და (უმეტესად არაცნობიერად) მისკენ მიისწრაფვის. ენტელექია სიცოცხლის არსია, სახელდობრ, მიზნის განხორციელებაა, ის ვლინდება სიცოცხლის თვითშენახვაში და სრულქმნისკენ მისწრაფებაში. მაშ არისტოტელემ სიცოცხლის ორი მისწრაფება გამოკვეთა _ თვითშენახვა-ადაპტაციურობა და სრულქმნისკენ მისწრაფება ანუ, არსებითად, მიღმასწრაფება [ქვემორე, $5]. ამით არისტოტელეს თეორია “ღია თეორიებს” განეკუთვნება და ამ მხრივ ახალი ფსიქოლოგიის 90 %-ზე უფრო მაღლაა (“ღია თეორია / დახურული თეორია”). და სწორედ ენტელექია არის “მიზანშეწონილება”. დ. უზნაძის თეორიაშიც “მიზანშეწონილება” _ საპირისპიროდ ცნებისა “მიზანდასახულობა” _ უპიროვნოა, არაცნობიერია, მიზანშეწონილ ქცევას ცხოველიც ახორციელებს. ესაა ისეთი ქცევა, რომლის შედეგადაც ინდივიდი (ცხოველი ან იმპულსურ-განწყობისეულ დონეზე მოქმედი ადამიანი) წარმატებით იკმაყოფილებს რომელიმე ბუნებისეულ-სასიცოცხლო მოთხოვნილებას, რისი მაჩვენებელი და განმამტკიცებელი სიამოვნების გრძნობაა. მაშ ესაა ქცევა ბუნების წესის შე­სა­ბა­მი­სად ანუ ამ წესთან შეწონილად, ენტელექიასთან შეწონილად. ეს აზრი შეიძლება არაორგანულ ბუნე­ბაზეც, მთელ სამყაროზეც გავრცელდეს და, შესაბამისად, განირჩეს ვიწრო-ბიოლოგიური და საერთო-კოსმოლოგიური მიზნობრიობა-ენტელექია. ძველჩინურ ფილოსოფიაში შესაბამისი ცნებაა დაო _ „გზა“.
                ენტელექიის ცნების უმნიშვნელოვანესი საზრისი ისაა, რომ ყოფიერს მონიჭებული აქვს არამარტო ყოფიერება, არამედ, ყოფიერებასთან ერთად, შინაგანი მისწრაფებაც. მაშ ყოფიერება, არსებითად, ქმნადობა ყოფილა. ასეთი დინამიკური ფილოსოფია განვითარებულია XIX-XX საუკუნის ფილოსოფიის ზოგ მიმდინარეობაში, უპირველესად კი _ სიცოცხლის ფილოსოფიაში [11]. ფსიქოლოგიაში ამგვარი მიდგომით დინამიკური ფსიქოლოგია ანუ ფსიქოდინამიკა ჩამოყალიბდა. ისევე როგორც არისტოტელეს ფილოსოფია, ფსიქოდინამიკაც მიიჩნევს, რომ ინდივიდის არსის გაგებისთვის მთავარია ინდივიდის მისწრაფების, ანუ ქცევის მოტივაციის გაგება (რ. ვუდვორთი, ზ. ფროიდი, კ.გ. იუნგი, ა. ადლერი, დ. უზნაძე, ა. მასლოუ, ე. ფრომი, ჰ. მიურეი, ვ. მაკ-დაუგალი, ჟ. ნიუტენი).
                მცირე წიაღსვლა. არისტოტელემ საგანგებოდ იკვლია თეორიული აზროვნების წესები _ ლოგიკის კანონები. მან ჩამოაყალიბა მრავალი კანონი და დაწერა მსოფლიოში პირველი ტრაქტატი ლოგიკაზეც. ამით ლოგიკა მეცნიერების დარგად დაფუძნდა. არისტოტელემ დაწერა მრავალი ნაშრომი ფსიქოლოგიასა და ბუნებისმეტყველებაში, შეაჯამა და ძლიერ განავითარა მთელი წინარე ფილოსოფია. საკვირველია, ერთმა ადამიანმა როგორ გაუსწრო კაცობრიობას 2000-2300 წლით, თანაც მეცნიერების რამდენიმე დარგში! ეს იმდენად შთამბეჭდავია, რომ მთელი ევროპული ქრისტიანული კულტურა, მათ შორის ეკლესიაც, არისტოტელეს, “წარმართ მეცნიერს” აღიარებდა უმაღლეს ავტორიტეტად. არისტოტელესა და მისი მოძღვრის, პლატონის მოძღვრებანი 20 საუკუნის განმავლობაში იყო დასავლური აზროვნებისა და ზოგადად კულტურის ყველაზე ავტორიტეტული სიბრძნის წყარო. ეს დოგმატურად ჰქონდა აღიარებული ქრისტიანულ ეკლესიასაც კი, მიუხედავად ბრძენთა “წარმართობისა”. ამასთან, არისტოტელე ამბობდა, პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარიაო. არისტოტელემ თავისი მოძღვრის ფილოსოფიისგან განსხვავებული და გაცილებით უფრო ფართო და ღრმადმეცნიერული მოძღვრება შექმნა.
3. სიცოცხლის ფილოსოფია
                სიცოცხლის ფილოსოფიის ძირითადი საფუძვლები არისტოტელეს შემდეგ რენესანსის ჰუმანისტებმა განავითარეს (განსაკუთრებით, ნიკოლოზ კუზელმა, ერაზმ როტერდამელმა და იაკობ ბიოემემ), შემდეგ _ ლაიბნიცმა და სპინოზამ. სხვათა შორის, სწორედ ლაიბნიცმა შემოიტანა მეცნიერებაში არაცნობიერის ცნება. მანვე განავითარა აზრი ფსიქიკაში თანდაყოლილი ფარული პოტენციისა, იმ წინარე ჩანასახებისა, რომლებიც ფსიქიკის შემდგომ განვითარებაში განეფინება, აქტუალიზდება; მანვე უერთგულა აზრს სამყაროში ღმერთის მიერ ჩანერგილი საერთო მიზანშეწონილების შესახებ. 
                საკუთრივ სიცოცხლის ფილოსოფია ფ. ნიცშეს დაფუძნებულია, ა. შოპენჰაუერის ნააზრევის გამოყენებით. შემდეგ ის ფილოსოფიაში განავითარეს ვ. დილთაიმ და, განსაკუთრებით, ა. ბერგსონმა; ბიოლოგიაში _ ვიტალისტებმა (განსაკუთრებით, ჰ. დრიშმა [12] და პ. ტეიერ დე შარდენმა [10]); ფსიქოლოგიაში _ კ. გ. იუნგმა და ნაწილობრივ, ჰუმანისტურმა ფსიქოლოგიამ. კ. გ. იუნგს არაერთხელ უწერია, რომ ნიცშესა და ბერგსონის ნააზრევს ემყარებოდა. საქართველოში სიცოცხლის ფილოსოფიის წარმომადგენლები იყვნენ კონსტანტინე კაპანელი და დიმიტრი უზნაძე [16]. თუმცა ეს საკითხი ძლიერ მიჩქმალულია, რადგან სსრკ-ში სიცოცხლის ფილოსოფია „შავბნელ რეაქციულ ირაციონალიზმად“ იყო შერაცხული და სასტიკად იკრძალებოდა.
                ელან ვიტალი (ფრანგ. Elan vital _ სასიცოცხლო სწრაფვა) _ ანრი ბერგსონის მეტაფიზიკის ერთერთი ძირითადი ცნება, ენტელექიის ცნების თავისებური ნაირსახეობა. ეს შეიძლება იყოს ,,ზეცნობიერებიდან მიმდინარე სასიცოცხლო სწრაფვა, სიცოცხლის ძალა თუ ენერგია“, ან ყოველ ცოცხალ ორგანიზმში იმთავითვე ჩანერგილი სასიცოხლო ძალა, მისწრაფება ბუნებითი მიზანშეწონილებისკენ. 
                ბუნებრივი შეკითხვაა: თვით ეს სასიცოცხლო სული/ძალა/მისწრაფება საიდანღაა? მაგრამ სიცოცხლის ფილოსოფია არაა ვალდებული, რომ ამ შეკითხვას უპასუხოს, ვინაიდან „ელან ვიტალი“ მისი პირველადი ცნებაა, პოსტულატია, რომელიც დაუმტკიცებლად მიიღება. იმავე ბრძენმა არისტოტელემ იმსჯელა იმაზე, რომ ყველა მოძღვრება თუ თეორია ბოლოს მაინც აუცილებლად მიადგება იმ პირველად დებულებებს, რომლებსაც ვეღარ დაამტკიცებს. პოსტულატების/აქსიომების გარეშე თეორიის აგება შეუძლებელია. ვერც სამყაროს ყოვლისმომცველი მექანიკური მოდელი შემქმნელი, ისააკ ნიუტონი გაექცა სამყაროს „პირველი ბიძგის“ პოსტულატს. „პირველი ბიძგი“ ვერ აიხსნება, ის პირველადია და მის შემდეგ იწყება ფიზიკის კანონების მოქმედება. ნიუტონის თეორიით, ღმერთმა სამყაროს პირველი ბიძგი მოანიჭა, მერე კი აღარ ერევა პროცესებში, ვინაიდან ამ პროცესებს მთლიანად ფიზიკის კანონები მართავს. ასეთ რწმენას დეიზმი ეწოდება. პირველადი ცნებები ყველა მეცნიერებას აქვს, ყველაზე ზუსტს, მათემატიკასაც კი. მაგ., მათემატიკაში შეუძლებელია ისეთი თითქოსდა უბრალო ცნების განსაზღვრება და დაფუძნება, როგორიცაა „სიმრავლე/ერთობლიობა“. ხოლო ევკლიდეს გეომეტრიაში პირველადი ცნებებია წერტილი, წრფე, სიბრტყე; მათი ძირითადი თვისებები კი _ სწორედ ესაა აქსიომები.
                პირველადი ცნებები, პოსტულატები და აქსიომები საიდანღაა? ეს უკვე არა მეცნიერების, არამედ რწმენის საკითხია. ღმერთის მორწმუნე, ბუნებრივია, მიიჩნევს, რომ ღმერთისგანაა _ ისევე როგორც ი. ნიუტონმა ღმერთი მოიხმო „პირველი ბიძგის“ ასახსნელად. ხოლო მრავალი თანამედროვე ფიზიკოსი „პირველი/დიადი აფეთქების“ ცნებისთვის და სამყაროს მომდევნო კანონზომიერებისთვის მოიხმობს ღმერთს.
                სიცოცხლის ფილოსოფია, განსხვავებით მატერიალიზმისაგან და განსხვავებით იდეალიზმისაგან, პირველსაწყისად არც მატერიას მიიჩნევს და არც გონს. ის შუალედური პოზიციის დაკავებას ცდილობს და პირველსაწყისად თვით სიცოცხლის მისწრფებას მიიჩნევს, რომელიც არსებობის სხვადასხვა საფეხურებზე სხვადასხვა სახით ვლინდება. რელიგიური თვალსაზრისით, ეს შეხედულება პანენთეიზმთანაა ახლოს (ღმერთი აბსოლუტია, სამყაროს მიმართ მიღმიერი და მიუწვდომელია, თუმცა სამყაროს და მის ყოველ მცირე ნაწილსაც გამსჭვალავს...). ხოლო უფრო სკეპტიკური პანთეისტური პოზიციით, ღმერთი თვით ეს სულია, თვით ეს ძალა/მისწრაფებაა, თვით ეს დაო-გზაა...
                სიცოცხლის ფილოსოფიის ფილოსოფიური თვალსაზრისი კი იმისგან დამოუკიდებელია, თუ როგორი ღმერთისა გვწამს. მთელი სამყარო _ ესაა განუწყვეტელი ქმნადობა, რაც პირველადი სასიცოცხლო მისწრაფების (სულის) თვითგანფენაა, ანუ დაფარული და შეყურსული პოტენციის აქტუალიზაციაა. ხოლო თვით ეს პოტენცია პირველადია, ყველა სულდგმულისთვის თანდაყოლილია. ყოველ ცოცხალს იმთავითვე ჩანერგილი აქვს ამ ძირეული და საყოველთაო მისწრაფების მცირე წილი და სწორედ ამითაა განპირობებული როგორც მთელი ბუნების, ისე ცალკეული ინდივიდის ქცევის მიზანშეწონილება. 
                ცხადია, რომ სიცოცხლის ფილოსოფიამ ჰეგელის დიადი ფილოსოფიის, კერძოდ კი მისეული დიალექტიკის ძლიერი გავლენა განიცადა. თუმცა თვით სიცოცხლის ფილოსოფიის მიმდევრები ამას აშკარად არ ამბობდნენ, მათ ჰეგელი ლამის მტრად მიაჩნდათ. ამის მიზეზი ჰეგელის ცალმხრივი რაციონალიზმია, გონების ერთპიროვნული პირველადობა და უზენაესობა, რაც სიცოცხლის ფილოსოფიისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მისთვის მთავარი არა გონება, არამედ მთლიანი ინდივიდია, თავისი ყველა, მრავალმხრივი ძალითა და მისწრაფებით, მათ შორის, გონებით, განსჯით, ლოგიკით, ინტუიციით, გრძნობით, ნებელობით, ზნეობით და სხვა. სხვათა შორის, XXI საუკუნის ფსიქოლოგია და თითქმის მთელი ჰუმანიტარული მეცნიერებაც ცალმხრივად რაციონალისტურია. უფრო უარესიც, თვით ეს გონება კოგნიტივიზმში კომპიუტერულ სისტემასთანაა გაიგივებული, ადამიანის მისწრაფება თუ შემოქმედება _ სტრატეგიასთან, მთელი ადამიანი _ რობოტთან (რობოტომორფიზმი) [18]. ცალმხრივი რაციონალიზმი ეგზისტენციალიზმის მთავარი სამიზნე გახდა, მაგრამ ეგზისტენციალიზმმა ცალმხრივი რაციონალიზმი უკუაგდო მეორე, საპირისპირო უკიდურესობაში გადავარდნით და, უფრო მეტიც, არსებითად, მეცნიერულობაზე უარის თქმით [13].
                სიცოცხლის ფილოსოფიის კვლევის მთავარი მიმართულებებია: სუბიექტ-ობიექტის გათიშულობის დაძლევა _ სასიცოცხლო მისწრაფებაში მათი პირველადი ერთიანობის პოსტულირებით (მაგალითად, დ. უზნაძისეული „ბიოსფერო“); შემეცნებაში უპირველესი მნიშვნელოვნების მინიჭება ინტუიციური წვდომისთვის და ინტუიციის კანონზომიერებათა გამოკვლევა; ბიოლოგიაში _ სიცოცხლის ევოლუციის ისეთი თეორიის აგება, რომელიც მატერიალისტურ დარვინიზმს უარყოფს, თუმცა ევოლუციის პრინციპს ინარჩუნებს; ფსიქოლოგიაში _ არაცნობიერისა და მის გამოვლინებათა შესწავლა.
                დ. უზნაძისეულ განწყობის თეორიაში წარმატებითაა გადალახული სუბიექტ-ობიექტის გათიშულობა, იდეალიზმ-მატერიალიზმის დაპირისპირება და ცალმხრივი რაციონალიზმი [17]. ამიტომ განწყობის თეორია, ფილოსოფიის თვალსაზრისით, სიცოცხლის ფილოსოფიის არეში ექცევა. ამას თვალსაჩინოდ ადასტურებს უზნაძისეული ტერმინი „ბიოსფერო“ და, შესაბამისად, ადამიანის უმაღლესი შემეცნებითი თუ ზნეობრივი ქცევისა და ცხოველის უდაბლესი ინსტინქტური ქცევის ერთიან თეორიაში განხილვა _ ოღონდ ოდნავი რედუქციონიზმის (დაყვანის, გაუხეშების) გარეშეც კი! ეს საკუთრივ სიცოცხლის ფილოსოფიას ახასიათებს.
                განწყობის თეორიის ფილოსოფიურ საფუძვლად სიცოცხლის ფილოსოფია ჩვენ მიერ დასაბუთებულია სულ სხვა მხრივაც _ სიცოცხლის ფილოსოფიის ქართველი მიმდევრის, დ. უზნაძის თანამედროვის, კ. კაპანელის ნააზრევთან შედარების გზით [16]. საკმაო საფუძველია ისიც, რომ ერთადერთი მოაზროვნე, რომელსაც საქართველოში დაბრუნებულმა დ. უზნაძემ მთელი მონოგრაფია მიუძღვნა _ ესაა ანრი ბერგსონი [1], სიცოცხლის ფილოსოფიის მთავარი წარმომადგენელი. კიდევ ერთი მოაზროვნე, რომელსაც დ. უზნაძემ ვრცელი ნაშრომი მიუძღვნა, ლაიბნიცია [2]. წმინდად სიცოცხლისფილოსოფიისეულია აგრეთვე განწყობის თეორიის ერთერთი უმთავრესი ცნება _ თანდაყოლილი ფუნქციონალური ტენდენცია და შეყურსულად მოცემული პოტენციის თანდათანობითი განფენა აქტუალურ ქმნადობად. ამასვე უკავშირდება ის საყოველთაოდ აღიარებული დებულება, რომ განწყობის ფსიქოლოგია _ ესაა ძლიერი თეორია არაცნობიერისა.

4. არამატერიალისტური ევოლუცია
                სიცოცხლის ფილოსოფიის მიდგომით შესაძლებელი ხდება, რომ ჩიხში შესულმა კრეაციონიზმმა და ევოლუციონიზმმა ერთმანეთი შეავსონ და ლოგიკურად გამართულ თეორიაში გაერთიანდნენ. იმთავითვე ჩანერგილი სასიცოცხლო სული სიცოცხლის ყველა სახეობას განსხვავებული, თავისებური, თავ-თავისი აქვს. სიცოცხლის მთავარი თვისება ხომ მრავალფეროვნებაა. მილიონობით წლის წინ პირველოკეანეში რომ სიცოცხლე ჩაისახა, მასში მხოლოდ ერთუჯრედიანი ორგანიზმები გაჩნდნენ. მაგრამ მთავარი და გადამწყვეტი ისაა, რომ ყოველ ამ ორგანიზმს იმთავითვე ის სასიცოცხლო სული ჰქონდა, რომელიც შეიცავდა მისი მომავალი განვითარების დვრიტას და აგრეთვე ამ განვითარების მაქსიმალურ პოტენციას, ანუ „ჭერს“. ანუ უძველესი ერთუჯრედიანებიდან ზოგის სული და პოტენცია ერთუჯრედიანისა იყო და დღესაც ერთუჯრედიანია (მაგ., ამება), ზოგი ჭიისა იყო და კიდეც განვითარდა ჭიამდე, ზოგი მაიმუნისა იყო და კიდეც განვითარდა მაიმუნამდე, ზოგი კი ადამიანისა იყო კიდეც განვითარდა ადამიანამდე. ვერცერთი ორგანიზმი ვერ განვითარდება იმაზე მაღლა, ვიდრე მისი ფარული პოტენციაა. როდესაც ორგანიზმი და მისი სული/ფსიქიკა თავის „ჭერს“ მიაღწევს, შეწყდება ზეაღმავალი ევოლუცია (არომორფოზი). ამის შემდეგ მხოლოდ „ჰორიზონტული“ ევოლუცია (იდიოადაპტაცია) ან დაღმავალი ევოლუცია (დეგრადაცია) იწყება, ანუ ახალ-ახალ სახეობათა წარმოშობა. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ყველა ეს სახეობა განვითარების ერთსადაიმავე ან უფრო დაბალ დონეზე რჩება, ზეაღმავალი ევოლუციის გარეშე. მარტივიდან და დაბლიდან ვერ განვითარდება რთული და მაღალი ისე, თუკი ამის წინასწარი პოტენცია არ არსებულა. ევოლუცია შემთხვევითობას კი არ ემყარება, არამედ სრულიად საპირისპიროს _ ძალიან მძლავრ კანონზომიერებას, მრავალფეროვან და მრავალდონიან წინასწარ პოტენციათა აქტუალიზაციას, ანუ განფენას. შემთხვევითობა გარეგნულად ჩანს, ზერელე ხედვით, სიღრმეში კი საოცარი კანონზომიერებაა. უამრავი წვრილმანი მართლაც შემთხვევითია, მაგ., მხოლოდ ზოგი სახეობის ფრინველს განუვითარდა მიმოფრენის საოცარი ინსტინქტები; სხვებმა კი სულ სხვა საშუალებებით მოახერხეს გარემოსთან კარგად შეგუება. თუმცა ის, რაც არსებითი და საფუძველია _ სასიცოცხლო მისწრაფების კანონზომიერებაა. ესაა საპირისპიროთა _ კანონზომიერებისა და შემთხვევითობის _ დიალექტიკური ერთიანობა.
                „ყოველგვარ ქაოსში კოსმოსია, ყველა არეულობაში _ იდუმალი წესრიგი... რაც უნდა უწოდოთ არსებობის საფუძველს _ ღმერთი, ენერგია, მატერია თუ რაღაც სხვა _ ახალს ვერაფერს იტყვით, უბრალოდ, სიმბოლოებს ცვლით.“  [კ.გ. იუნგი].
5. მიღმასწრაფება
                სიცოცხლის ფილოსოფიის მთავარი პოსტულატია, რომ სიცოცხლეში იმთავითვე შინაგანადაა ჩანერგილი რაღაც მისწრაფება. მაინც საით მიისწრაფვის სიცოცხლე? უპირველესად ბიოლოგიის ორი მთავარი კანონი მოქმედებს: თვითშენახვა და სახეობის შენახვა; გარემოსთან ჯანსაღი წონასწორული მდგომარეობის შენარჩუნება (ჰომეოსტაზი) და კარგი შეგუება (ადაპტაცია) _ როგორც ცალკეული ცოცხალი ორგანიზმებისა, ისე მთელ სახეობათა. აქედან გამომდინარეობს არსებობისთვის ბრძოლა, რომელსაც დარვინიზმმა გაზვიადებული მნიშვნელოვნება მიანიჭა და სიცოცხლის ყოველგვარი განვითარების საფუძვლად მიიჩნია. 
                ორგანიზმებისა და სახეობათა ბრძოლა, რასაკვირველია, სიცოცხლის უმნიშვნელოვანესი კანონზომიერებაა.  სიცოცხლე უპირველესად თვითშენახვისკენ, ადაპტაციისკენ (შეგუებისკენ) და ჰომეოსტაზისკენ (გარემოსთან წონასწორობისკენ) მიისწრაფვის. მაგრამ ეს ძალიან არასაკმარისია. ამით ვერაფრით ვერ აიხსნება, მაგ., ის ფაქტი, რომ შინაური ძაღლების დაღუპვის ყველაზე ხშირი მიზეზი ავტომობილის ბორბლებს ქვეშ მოხვედრაა. ძაღლი გადაირბენს საავტომობილო გზას, ძლივს გაასწრებს ჩქარი ავტომობილის ბორბლებს, მაგრამ მერე მაშინვე უკან ბრუნდება და გზას უკან გადაირბენს. უეჭველია, რომ გზის ამგვარ გადარბენა-გადმორბენას არავითარი ბიოლოგიური დანიშნულება არ გააჩნია, პირიქით, ეს მკვეთრად ანტიადაპტაციური ქცევაა. ასევე, ადამიანებიც უამრავ ანტიადაპტაციურ ქცევას ახორციელებენ. ამის მაგალითებია აზარტი, ექსტრემალური სპორტი, დაპყრობითი ომების უმეტესობა, ბავშვის დაუცხრომელი მოუსვენრობა, რაც ხშირად მძიმე მარცხს იწვევს (და ბავშვის უყურადღებოდ დატოვება რომ არ შეიძლება) და სხვა მრავალი. მაშ რა მოტივაცია აქვს ამგვარ ანტიადაპტაციურ ქცევებს? ორი ბიოლოგიური კანონი და ადაპტაციურ-ჰომეოსტაზური თეორიები ამას ვერაფრით ვერ ახსნის.
                სიცოცხლის ფილოსოფიის გავლენით ფსიქოლოგიის ზოგ მიმართულებაშიც დამკვიდრდა ერთერთი უმნიშვნელოვანესი ცნება _ ყოველგვარი ცალმხრივად ადაპტაციურ-ჰომეოსტაზური თეორიების უარმყოფელი: დაუოკებელი მისწრაფება წონასწორობის მდგომარეობის დარღვევისა და საზღვრების გადალახვისკენ, საკუთარი არსის მეტად და მეტად განფენისკენ, ტრანსცენდენტირება, ქართულად _ მიღმასწრაფება. ის იმთავითვეა მეტ-ნაკლებად ჩანერგილი თვითეულ ადამიანში, ცხოველში, მცენარეში, აგრეთვე მათ მთელ სახეობებში და ჯგუფებში. ეს მისწრაფება ხშირად თვითშენახვის უძლიერეს ინსტინქტსაც კი სძლევს და არათუ შეგუების საწინააღმდეგო ქცევის, არამედ, ადამიანის დონეზე, ზოგჯერ თვით სიცოცხლის გაწირვის მიზეზიც კი ხდება.
                ლათინური ტერმინია ტრანსცენდენტაცია (ლათ. trans+scan მიღმა ცოცება ® მიღმა სამყაროსკენ მისწრაფება). ჰ. ჰესსეს რომანს „რიოში მარგალიტებით თამაში“ ახლავს დანამატი _ ლექსი სახელწოდებით transcendere. ესაა მისწრაფება ყოველი და ყოველგვარი საზღვრის მიღმა და მიღმა. XX საუკუნის უდიდესმა ფილოსოფოსმა, მ. ჰაიდეგერმა, ღრმად გააანალიზა ფ. ნიცშეს ფილოსოფიის მთავარი ცნება „ძალაუფლებისკენ სწრაფვა.“ მ. ჰაიდეგერმა დაასაბუთა, რომ ამ ცნებაში იგულისხმება არა საკუთრივ ძალაუფლება, არამედ „ძალაუფლება“ ძალიან განზოგადებული მნიშვნელობით. ესაა ყოფიერის მთავარი მახასიათებელი: მისწრაფება სულ უფრო და უფრო სრული და სავსე ყოფნისაკენ [9]. ძალიან ზოგადი და მრავლისმომცველი ცნებაა, მას სხვადასხვა ტერმინი და სახესხვაობა, აგრეთვე მრავალი სახეობა აქვს. ეს სახეობანი სიცოცხლის სხვადასხვა დონეზე მოქმედებს _ უმაღლესი, პიროვნების დონის ჩათვლით: ბერგსონისეული „ელან ვიტალ“, სიცოცხლის დაუოკებელი შინაგანი მისწრაფება უსასრულო განვრცობისაკენ სივრცესა და დროში [ვიტალიზმი]; იუნგისეული „ლიბიდო _ სასიცოცხლო ენერგია“ (ფროიდისეული ვიწრო-სექსუალური ცნებისგან განსხვავებით); დ. უზნაძისეული „ფუნქციონალური ტენდენცია“; უ. მაკ-დაუგოლის „ჰორმე“ ანუ „მიზნისკენ მისწრაფება“ _ სასიცოცხლო ანუ ვიტალური ენერგიის გამოვლინება, რაც ინსტინქტშია განხორციელებული; ჟ. ნიუტენისეული „თანდაყოლილი დინამიზმი“; ადამიანის სულში იმთავითვე ჩანერგილი თვითმიზნური მისწრაფება არაცნობიერი სისავსისკენ, თვითობისკენ, „ინდივიდუაცია“ [კ. გ. იუნგი]; პიროვნების ცხოვრების საზრისი და მთავარი მამოძრავებელი _ ძირეული, პირველადი და არსისეული მისწრაფება მარადიულობისაკენ და სრული სისავსისაკენ [ს. კირკეგორი და სხვა ეგზისტენციალისტები]; პიროვნების მისწრაფება თვითაქტუალიზაციისკენ, თვითგანხორციელებისკენ, შინაგანი ზრდისაკენ, საკუთარ შესაძლებლობათა სულ უფრო და უფრო მეტად ამოქმედებისა და განფენისკენ, დაუსრულებლივ [გ. ოლპორტი, ე. ფრომი, ბ. ფრანკლი, ა. მასლოუ, კ. როჯერსი და სხვა ჰუმანისტ-ფსიქოლოგები]; ილია ჭავჭავაძისეული „დაუდგრომელი  წინლტოლვა“; პოეტურად: სულ მიღმა და მიღმა, სულ მაღლა და მაღლა;  რელიგიურ-მისტიკურად _ ღმერთთან მიახლოება, საკუთარ სულში ღმერთის განცდა... ფსიქოლოგიურად ესაა სრულ სისავსესთან შინაგანი დაკავშირების, მასთან თანაზიარობის მოთხოვნილება, რომლის დაკმაყოფილებაც მთავარი საფუძველია ადამიანური ბედნიერებისა (განსხვავებით უბრალო სიამოვნებისაგან).  მიღმასწრაფება _ ესაა დაუოკებელი მისწრაფება წონასწორობის მდგომარეობის, ჰომეოსტაზისა და ადაპტაციის დარღვევისა და საზღვრების გადალახვისკენ, საკუთარი არსის მეტად და მეტად განფენისკენ. „გრძნობა არარაობისა ან ამაღლებისა და მისწრაფება მარადისობისაკენ ყველა ადამიანის არსში მარხია... სწორედ ამის გამოხატულებაა, მაგ., ნიკოლოზ ბარათაშვილისეული „მერანი“... ადამიანი ისწრაფვის არა განსაკუთრებული ღირებულებისაკენ, არამედ სისრულისაკენ. აი, ეს სისრულეა სწორედ მისი მიზანი“ [დ. უზნაძე, 2].
                მიღმასწრაფება არის დაცულობა-ადაპტაცია-ჰომეოსტაზის საპირისპირო მისწრაფება, რადგან მისი არსია სწორედ წონასწორობისა და მიღწეული შეგუებული მდგომარეობის რღვევა. ხშირია მძაფრი აზარტი ანუ თვით სიცოცხლის გარისკვაც კი გაუგებარი, გაურკვეველი, არარაციონალური მიზნებისთვის. კანონზომიერად ჯერ პირველი მისწრაფება კმაყოფილდება, ანუ ინდივიდი, ორგანიზმების მთელი სახეობა ან მთელი ერი დაცული უნდა იყოს, სიახლე შიშს უკავშირდება (ნეოფობია), სიახლე იძულებითია _ უკეთესი შეგუებისთვის. მაგრამ ამის შემდეგ გაიღვიძებს მეორე, საპირისპირო მისწრაფება და დაცულობა მომაბეზრებელი ხდება; სიახლე, თუნდაც უსარგებლო სიახლე, უკვე ინტერესს უკავშირდება  (ნეოფილია). თუმცა მერე, როდესაც ინდივიდი გულს იჯერებს „უაზრო“ თვითაქტიურობით, თანდათან დაიწყება დაღლა და დანაკლისი, სიახლე ისევ საშიში ხდება, ხოლო მიმზიდველობა სიმყუდროვეს უჩნდება. და ასე შემდეგ, დაუსრულებლივ. მთელი სიცოცხლე _ ესაა ამ ორი ურთიერთსაპირისპირო მისწრაფების ჭიდილი და დიალექტიკური ერთიანობა.პირველის მაქსიმუმის დროს მეორე მინიმუმზეა, პირველის მინიმუმის დროს კი მეორეა მაქსიმუმზე _ აიწონა-დაიწონასავით. მაშასადამე, ბუნება ურთიერთსაპირისპირო საწყისთა ოთხი სხვადასხვა წყვილის დიალექტიკური ერთიანობაა: ცვალებადობა-მრავალფეროვნებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისა; სიცოცხლისა და სიკვდილისა; შემთხვევითობისა და კანონზომიერებისა; დაცულობა-შეგუებისა და მიღმასწრაფებისა.
                ცხადია, რომ თუკი თვითშენახვა არ იქნება, მაშინ ვერც მიღმასწრაფება მოხდება. ამიტომ ადაპტაცია და თვითშენახვა საფუძველი და წინაპირობაა მიღმასწრაფებისთვის, რომელიც მთავარია, რომლისთვისაცაა იგივე ადაპტაცია და თვითშენახვა. ამავე კანონზომიერებას ტრადიციული სადღეგრძელოები გვიჩვენებს. უპირველესი ხომ ღმერთისადმი მადლიერება, „მშვიდობა და ჯანმრთელობაა“, ამ საფუძვლის გარეშე სხვა ყოველივე ჩაიშლება. მაგრამ რად გვინდა თუნდაც მყარი საფუძველი ნაგებობის გარეშე? ამიტომ „მშვიდობა და ჯანმრთელობა“ უნდა გაგრძელდეს: შვილიერება-განმრავლება, წარმატებები, განვითარება, მეგრული „ძინა და სიკეთე“... ნამდვილ ქართულ სუფრაზე უკეთესად ჩანს სიცოცხლის არსი, ვიდრე თანამედროვე მეცნიერულ თეორიათა 90%-ში. ჩანს აგრეთვე ადამიანის ნამდვილი პატივისცემა და სიყვარული, მისი აღიარება და დაფასება, პირად ნაკლოვანებათა მიუხედავად (უნაკლო ხომ არავინაა!). სხვათა შორის, ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ლიდერი, კარლ როჯერსი ორჯერ იყო საქართველოში სტუმრად (სსრკ-ს ხანაში). მან თქვა, ქართული ლხინი ჰუმანისტური ფსიქოთერაპიის შემცვლელი შეიძლება იყოსო... (და ეს განძი ფუჭდება „პროგრესულ-გლობალისტური გრიალ-ბრჭყვიალის“ მონური წამხედულობისა და თავშეუკავებელი ენის ქაქანის გამო).
                ადამიანის მიღმასწრაფებაც კი უფრო ხშირად გაუცნობიერებელია. ერთმა ჰუმანისტმა ფსიქოთერაპევტმა უმნიშვნელოვანესი ტიპური შემთხვევა აღწერა. პაციენტს, 45 წლის კომერსანტ მამაკაცს, დეპრესია აწუხებდა, თუმცა ყოველმხრივ წარმატებული იყო, ოჯახშიც ყველაფერი კარგად ჰქონდა (მესამე გარდატეხა ადამიანის ცხოვრებაში). ამასთან, პაციენტი ამტკიცებდა, რომ იყო ათეისტი, რეალისტი, მატერიალისტი, ყოველმხრივ პრაგმატიკოს-პრაქტიკოსი, არ აინტერესებდა არავითარი მისტიკა, რომანტიკა, იდეალები და ფილოსოფია. ფსიქოთერაპევტმა მას ჰიპნოზურ მდგომარეობაში ჩააგონა: _ შენ მხოლოდ სხეულისგან შედგები; სული არ არსებობს; ამ ცხოვრებაში მხოლოდ სიამოვნების მიღებაა ღირებული, რადგან 60 წლის შემდეგ, თუ უფრო ადრე არა, შენ ცოცხალი აღარ იქნები; შენი სხეული კი შემადგენელ ნივთიერებებად იქნება დაშლილი; შენგან აღარაფერი დარჩება. _ ანუ ჩააგონა ის, რასაც კომერსანტი ისედაც ეთანხმებოდა და სხვებს უმტკიცებდა. მაგრამ მოხდა საკვირველი რამ: კომერსანტს დეპრესია უცებ დაუმძიმდა და სხეულებრივი აშლილობებიც დაემატა. თანაც უნებურად გაუჩნდა ამგვარი შეკითხვები: „იქნებ სული არსებობს და სიკვდილის შემდეგ გარდაისახება?“ (პირველი, მარტივი სარწმუნოების ჩანასახები). პაციენტის მდგომარეობამ მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო გამოსწორება, რაც ფსიქოთერაპევტმა მას, კვლავ ჰიპნოზურ მდგომარეობაში, დაუწყო საპირისპირო ჩაგონება: _ ადამიანი სულისა და სხეულის ერთიანობაა; ადამიანი გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე სხეული; თუკი ღირსეულად იცხოვრებს, ადამიანი სიკვდილის შემდეგ უკვალოდ როდი გაქრება; ადამიანი ცხოველი არაა; სიკვდილი ყველაფრის ბოლო არ არის; არსებობს რაღაც უსაზღვრო და მარადიული, რომელსაც უნდა ესწრაფოდე, რათა ბედნიერად იცხოვრო...
                ამდაგვარი მდგომარეობა სიბერეშიც წარმოიქმნება, რაც ე. ერიქსონის თეორიაშია აღწერილი. წინარე სტადიების კრიზისის დაუძლევლობის შემთხვევაში ჩნდება სიკვდილის თავზარდამცემი შიში, ძრწოლა, მწარე უსასოობის განცდა და ეგოიზმი; ხოლო წარმატებით გადალახვის შემთხვევაში _ სისრულის განცდა, სამყაროსა და საკუთარი თავის მიღება, თვითობის მიღწევა და ღრმა შინაგანი სიწყნარე; სიკვდილი, ცხადია, უმძიმესია, მაგრამ არა სასოწარკვეთილებისა და სრული განადგურების მომასწავებელი. ამის საფუძველი ისაა, რომ ადამიანი თვითგანხორციელებულია, ანდა მიღწეული აქვს თვითგანხორციელების მყარი გზისთვის და ეს გზა მეტ-ნაკლებად გაცნობიერებულიც აქვს.
                მაშასადამე: I. ადამიანმა ხშირად თვითონაც არ იცის, სიღრმისეულად რა სწადია, რისკენ ისწრაფვის; II. მატერიალიზმი და ათეიზმი ზერელე გონების შეხედულებებია, რომლებსაც ვერ იტანს ადამიანის ღრმა ბუნება; III. ადამიანის ბუნებისთვის აუტანელია გადაულახავი საზღვარი, რომლის მიღმა გაღწევა მას არ უწერია.
                კონკრეტულად რომლებია ამათუიმ ადამიანის მიღმასწრაფების გზები? ამას გვიჩვენებს ის, თუ ყველაზე დიდი ხალისით რა მიმართულების ცვლილებებს წამოიწყებს ეს ადამიანი: ტანსაცმლის ცვლა; ახალი ავტომანქანა თუ ახალი ავეჯი; ბინის გადაკეთება; კარიერული დაწინაურება; მეტი და მეტი ძალაუფლება; ახალი სატრფო; ახალი ნაწარმოები თუ კვლევა; და სხვა მრავალი. 
                კერძოდ ზნეობრივი მიმართულებით მიღმასწრაფების კარგი აღწერაა: „საკვირველია ადამიანის ბუნება. ხშირად წლობით ითმენს დამცირებას, წლობით ცხოვრობს თავისი სინდისის, აზრის და რწმენის წინააღმდეგ. ბოლოს, თითქოს უეცრად, მოულოდნელად, მის გულში მომწიფდება რაღაც ახალი ძალა და ამ ძალას იგი წინ ვეღარ აღუდგება, თან გაჰყვება, დაიღუპება, ან მიაღწევს თავის გულისთქმას. ეს უცნაურად მომწიფებული სინდისის გადაწყვეტილება ზოგჯერ თანდათანობით მწიფდება ადამიანის გულში, და დამწიფების ჟამს ერთბაშად ამოხეთქავს, გამომზევდება. მაგრამ ისეც ხდება ხოლმე, რომ ახალს გადაწყვეტილებას, ახალის გზით სიარულის სურვილს იწვევს და ჰბადავს რაიმე უცაბედი შემთხვევა, მოულოდნელი და შესაზარი.“ [არჩილ ჯორჯაძე].
                მიღმასწრაფება ბიოლოგიურ დონეზე           _ იმთავითვეა მეტ-ნაკლებად ჩანერგილი თვითეულ ადამიანში, აგრეთვე მცენარეთა და ცხოველთა სამყაროში (ვიტალიზმი). ეს მისწრაფება ხშირად თვითშენახვის უძლიერეს ინსტინქტსაც კი სძლევს და შეგუების საწინააღმდეგო ქცევის მიზეზიც კი ხდება. ბიოლოგიურ დონეზე მიღმასწრაფების მთავარი გამოვლენა _ ესაა თვითეული ცალკეული ინდივიდისა და აგრეთვე თვითეული ბიოლოგიური სახეობის დაუოკებელი მისწრაფება გაფართოებისკენ, გავრცელებისკენ, ახალ-ახალ სივრცეთა დაუფლებისკენ. ამას ხშირად სიცოცხლეც კი ეწირება. მაგალითად:  1) კულტურული ვაზი იმდენად დაუოკებლად მიმოიზრდება, რომ, თუკი ადამიანმა ხელოვნური გასხვლით არ შეაჩერა მისი გავრცელება, ვაზს ჯერ ნაყოფიერება ეკარგება (მთავარი ბიოლოგიური დანიშნულება!), შემდეგ კი შეიძლება სულ გახმეს;   2) მცენარეთა ყოველი სახეობის აგებულება და სიცოცხლის ნირი ისეთია, რომ რაც შეიძლება მეტად შეეწყოს ხელი თესლების გავრცელებას ყველა მიმართულებით (მაგ. ბალახის დაუოკებელი მიმოზრდა);   3) ლაბორატორიაში ყოველმხრივ უზრუნველად და საკმაოზე მეტ სივრცეში მცხოვრები ვირთხები ბოლოს მაინც ვერ ისვენებენ და გარბიან საზღვრის გარეთ _ ელექტროდენიან მავთულხლართებზე, იკაწრებიან, უძლებენ დენის დარტყმას, წვალობენ, ზოგი იღუპება კიდეც... მაგრამ მაინც ცდილობენ ახალ სივრცეთა ათვისებას...
                ამრიგად, მიღმასწრაფება ბიოლოგიურ დონეზე _ ესაა, არსებითად, მისწრაფება სივრცის პყრობისკენ, მოკლედ _ მიღმასწრაფება სივრცეში. ცხოველთა და მცენარეთა ყოველი სახეობის მრავალი საოცარი უცნაურობა და საზოგადოდ სიცოცხლის მთავარი კანონზომიერება სწორედ ამით აიხსნება: დაუოკებელი მისწრაფებით სივრცის დაუფლებისკენ. ამასთან, ჯერ თვითშენახვა და ადაპტაცია-ჰომეოსტაზი უნდა იყოს მიღწეული, ანუ სიცოცხლეს რომ არაფერი ემუქრებოდეს. მაგრამ სიცოცხლე სრული და მყარი დაცულობითაც კი ვერ დაკმაყოფილდება. პირიქით: რაც უფრო მეტია დაცულობა, მით უფრო მალე გამოიღვიძებს დაცულობისა და წონასწორობის საპირისპირო _ მიღმასწრაფება.
                მიღმასწრაფების ჯანსაღი გზა _ მრავალი სხვადასხვაგვარი გზა, რომლებზეც ადამიანები ახორციელებენ მიღმასწრაფებას საკუთარ თვითობასთან, სხვა ადამიანებთან ან გარებუნებასთან მწვავე შეჯახებათა გარეშე: შრომის სიყვარული, მეცნიერის დაუოკებელი შემეცნებითი მისწრაფება და ხელოვანის დაუოკებელი შემოქმედება, ზოგადად შემოქმედებითობა, სპორტული აქტიურობა, სიყვარული, საზოგადოებრივი მოღვაწეობა, სარწმუნოება, ეროვნულობა, თვითგანხორციელება... შეიძლება იყოს რაიმე მეტ-ნაკლებად უწყინარი აკვიატება, მაგალითად: გრაფომანია, აზარტული ალპინიზმი, მთამსვლელის დაუოკებელი მისწრაფება სიმაღლისკენ (სიცოცხლის გაწირვის მზაობით), კოლექციონერობა (რაიმე აპარატურისა, ავტომობილებისა, მონეტებისა, სამოსისა...), პატიოსანი შრომით ქონება-ფულის გროვება და დაუსრულებელი მატება (გობსეკისა და სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის ჟინი)... როგორც წინათ, ისე ამჟამად მიღმასწრაფების ყველაზე გავრცელებული სახეობაა შვილიერება და შვილ-შვილიშვილების სიყვარულით ცხოვრება. ამიტომაა, რომ ადამიანისთვის უაღრესად მნიშვნელოანია წინაპრები და შთამომავლები, რომ ადამიანი სულით სულ მიბმული რჩება შვილებზე და შვილიშვილებზე. ამით ადამიანი სიცოცხლის მიღმასწრაფებას განიცდის. ეს ტრადიციული ქართული სუფრის მთავარი თემაა.
                თავისუფლება არის მიღმასწრაფების ჯანსაღი გზისა და, ამდენად, ბედნიერების წინაპირობა და ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი. თავისუფლების გარეშე მიღმასწრაფების ჯანსაღი გზა ძალიან ძნელდება. მაგრამ მთავარი მიზანი _ თვითმიზანი _ მაინც მიღმასწრაფებაა, და არა ცარიელი ანუ „უარყოფითი“ თავისუფლება. არსებითი განმასხვავებელი „უარყოფითი“ თავისუფლებისა „დადებითისგან“ სწორედ ესაა _ „ცარიელ-თვითმიზნური“ ანუ უაზროა თავისუფლება, თუ მიღმასწრაფებითაა აღვსილი; თავისუფლება რაღაცისგან _ თუ თავისუფლება რაღაცისთვის [ე. ფრომი].
                მიღმასწრაფების მახინჯური გზა _ მრავალი სხვადასხვაგვარი გზა, რომლებზეც ადამიანები ახორციელებენ მიღმასწრაფებას ბუნების, სხვა ადამიანებისა ანდა საკუთარი თავის დათრგუნვით: ფანატიზმი, ხარბი მომხვეჭელობა, კლეპტომანია, შური, მპყრობელობა, ძალაუფლების ჟინი, სადიზმი, ტექნოკრატია, დამნაშავეობის ჟინი, მნგრეველობა, აზარტი, ლოთობა-ნარკომანია; მიღმასწრაფების მახინჯური გზის მსუბუქი სახეობაა „საყმაწვილო სენი“ და ეპატაჟი... აგრეთვე სხვების ან საზოგადოებრივი აზრის, მოდის მიერ თავსმოხვეული გზა, რომელსაც ვერ ეგუება ადამიანის ნამდვილი სულოვანი მოწოდება და მისივე თვითობა. მიღმასწრაფების მახინჯური გზის ერთერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა სივრცეთა პყრობის ჟინი _ მიღმასწრაფების მდაბალი, ცხოველურ-ბიოლოგიური დონე: ცალკეული ადამიანის ჟინი სამფლობელოს გაფართოებისაკენ (მაგ. გ. ლეონიძის „ჩირიკი და ჩიკორტელა“); მთელი ერის შოვინიზმი და დამპყრობლური ჟინი, რაც მსოფლიო ისტორიის მთავარი ღერძი იყო და ამჟამადაც ასეა (მეტ-ნაკლებად შენიღბულად). „ცივილიზაციის ისტორია კართაგენისა თუ იერუსალიმის განადგურებიდან დრეზდენისა თუ ხიროსიმას დანგრევამდე და ვიეტნამში ადამიანების, მიწისა და ხეების მოსპობამდე _ ესაა ძალაუფლების პყრობის, სიხარბის, სადიზმისა და ნგრევის ჟინის ტრაგიკული დოკუმენტი“  [ე. ფრომი]. ეს კარგად ჩანს იაპონური, მეომრულ-იმპერიული კულტურისა და ჩინური, მშვიდობიან-შემოქმედებითი კულტურის შეპირისპირებით; აგრეთვე უძველესი წინააზიურ-კავკასიურ-ევროპული და ინდოევროპული კულტურების შეპირისპირებით. რუსი ერის მთავარი მახასიათებელი _ ესაა ღრმა შინაგანი განხეთქილება: ერთი მხრივ, მისწრაფება მაღალი გონითი კულტურისკენ, მისი სიყვარული და დაფასება, მაგრამ, მეორე მხრივ, სივრცეთა პყრობის ბრმა ცხოველური ჟინი, „დერჟავა“ ანუ სამპყრობელო. ამის ყველაზე მკვეთრი და ტრაგიკული ინდივიდუალური მაგალითია ფ. დოსტოევსკი _ მსოფლიო მწერლობის შედევრების შემქმნელი, არაცნობიერის ფსიქოლოგიის ერთერთი წინამორბედი, უდიდესი ქრისტიანი ჰუმანისტი და ნათელი, ოპტიმისტური ჰუმანიზმის მქადაგებელი, მაგრამ, მეორე მხრივ, ბრმა შოვინისტი და შავბნელი იმპერიალისტი.
                მიღმასწრაფების მახინჯური გზა, არსებითად, იგივეა, რასაც ქრისტიანობამ უწოდა „ვნება“: ვერცხლისმოყვარეობა და სიხარბე, ნაყროვანება, მრუშობა-სიძვა (დონჟუანობა), პატივმოყვარეობა, ძალაუფლების ჟინი... საზოგადოდ, ყოველგვარი მიღმასწრაფება გზნების მაგვარი ბუნებისაა: ესაა ხანგრძლივი და ძლიერი წადილი, რომელსაც ხშირად უკიდურესობაში გადავარდნა ემუქრება. 
                მიღმასწრაფების უგულებელყოფამ გამოიწვია აგრესიის ცნების მცდარი მოაზრება და აგრესიულობის შესახებ მცდარი დასკვნების გამოტანა. ყველა დონეზე მიღმასწრაფება არსებულ წონასწორობის მდგომარეობას არღვევს, ამიტომ ის უფრო ხშირად რისკიანი და ანტიადაპტაციურია. ამის გამო ზ. ფროიდი იძულებული გახდა, რომ „ლიბიდოს“/„ეროსის“ (სიცოცხლისკენ ლტოლვის) გვერდით მისი საპირისპირო მისწრაფება დაეშვა _ „თანატოსი“ (ნგრევა-სიკვდილისკენ ლტოლვა, აგრესიულობა). თუმცა ეს მხოლოდ პათოლოგიურ შემთხვევებშია _ სადიზმი და ნეკროფილია [ე. ფრომი]. ხოლო ჯანსაღ შემთხვევაში არ გვხდება ფროიდისეული თანატოსი და საკუთრივ აგრესიულობა. ადაპტაციის საპირისპირო მისწრაფება არა სიკვდილისა და აგრესიისკენაა, არამედ საზღვრების, ჩარჩოების, წონასწორობის რღვევისკენ და ყოველი საზღვრის მიღმა გზა-განვითარებისკენ _ თუნდაც დაღუპვის რისკით. ხოლო აგრესიულობას ამ მიღმასწრაფების დათრგუნვა იწვევს. ჯანსაღ სიცოცხლეში მხოლოდ რეაქციულ-აფექტური აგრესია (გარე სტრესორზე პასუხი) ანდა ინსტრუმენტული აგრესიაა _ მიღმასწრაფების განსახორციელებლად და ძირითად მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად; ხოლო საკუთრივი აგრესიულობა გადახრა და არასიჯანსაღეა (ან თანდაყოლილი ან შეძენილი) [6]. როდესაც ადამიანს (გარე წნეხისა ან თავისივე შიდა მიზეზთა გამო) დახშობილი აქვს ჯანსაღი მიღმასწრაფების გზა, მაშინ მიღმასწრაფება მახინჯურ არხს მოძებნის და მაინც გადმოხეთქავს.
                პერფექციონიზმი (ლათ. ინგლ. perfect დასრულებული, სრულყოფილი) _ გადაჭარბებული და დაძაბული მისწრაფება სრულყოფილებისაკენ _ როგორც ეს თვითონ ადამიანს წარმოუდგენია (შეიძლება იყოს: სხეულისა და გარეგნობის სრულყოფის ჟინი, ან აზარტულობა); გადაჭარბებული მიღმასწრაფება, რომელიც ადამიანს სილაღეს უსპობს; როცა ადამიანს არ აკმაყოფილებს არცერთი გაკეთებულ-შეძენილ-მიღწეული და დამატებით დროსა და ძალებს ხარჯავს შემდგომი ზედმეტი წინსვლისა და სრულყოფისათვის მაშინ, როცა დასვენება და ტკბობაც ვერ მოუსწრია. ადამიანს აწუხებს მცირე ხარვეზებიც კი, ვერ ისვენებს და ვერ ტკბება რუდუნების ნაყოფით, ოდნავი _ ბუნებრივი _ მინარევიც კი უფუჭებს გუნებას და მაქსიმალიზმში ვარდება: მინაღწევი ან უნაკლო უნდა იყოს, ან ის უვარგისად ეჩვენება. ზომიერების ფარგლებში ეს ადამიანის ძვირფასი თვისებაა, მაგრამ გადაჭარბებული _ არაჯანსაღი პერფექციონიზმია. ასეთი ადამიანი ვერ ისვენებს, სანამ უკეთეს ავტომანქანას ან კომპიუტერს არ შეიძენს, ან სანამ მისი შვილი კლასში საუკეთესო არ იქნება, ან სანამ საქმეს ბოლომდე და უნაკლოდ არ დაასრულებს... კომფორტზე მიჯაჭვული და სულით დახავსებული ადამიანი უპირატესად წარსულსა და აწმყოში ცხოვრობს; მის გასაჯანსაღებლად მომავლის გახსნაა მთავარი. პერფექციონისტი, პირიქით, მხოლოდ მომავალშია, აწმყო კი უსხლტება და, არსებითად, თითქოს არც ცხოვრობს. მის გასაჯანსაღებლად მთავარია ხანდახან მაინც აწმყოში,  „აქ და ახლა“ ცხოვრება (ზოგისთვის ეს მხოლოდ ალკოჰოლის ზეგავლენით თუ ხდება შესაძლებელი). ეს გეშტალტთერაპიის საკვანძო ცნებებია: „აქ და ახლა“ ცხოვრება და ცხადგრძნობა.
                პერფექციონიზმს კარგად ესადაგება აფორიზმი: „საუკეთესო კარგის მტერია“ [გოეთე]. პერფექციონიზმის სახეობებია:
1) პროფესიული პერფექციონიზმი: სპორტსმენის, მეცნიერის, ხელოვანისა და სხვათა თავდაუზოგავი მუშაობა, ხშირად საერო ასკეტიზმის თანხლებით _ პირადი ცხოვრებისა და სიამოვნების თითქმის სრული უარყოფით.
2) რელიგიური პერფექციონიზმი: საკუთარი ცოდვილობის მძაფრი და განუწყვეტელი განცდა, რომელიც ადამიანს რელიგიური ასკეტიზმისკენ უბიძგებს. ქრისტიანობა პირდაპირ მოგვიწოდებს, რომ ვიყოთ სრულყოფილი, როგორც ზეციური მამაა სრულყოფილი!
3) „ოჯახური“ პერფექციონიზმი: თავდაუზოგავი (ზოგჯერ ლამის კატორღული) შრომა ოჯახის არა გადასარჩენად, არამედ სულ უკეთესი და უკეთესი კეთილდღეობის მისაღწევად.
4) კარიერიზმი: სოციალური დაწინაურების ვნებიანი და უგუნური ჟინი, დაუცხრომელი რისკიანობა, რომელსაც ადამიანი ზოგჯერ საბოლოო, საბედისწერო მარცხამდე მიჰყავს; ხშირად ვერცხლისმოყვარეობის ვნებასთანაა შერწყმული:        ვა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა, შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა, კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა.“ [რუსთველი].
                ერთი მხრივ, ჰუმანისტურმა ფსიქოლოგიამ უმთვარესი მნიშვნელოვნება მიანიჭა თვითგანხორციელების ცნებას, თვითგანხორციელების გზის გახსნაზე დაამყარა ნევროზის მკურნალობაც. ნევროზის არსი მიღმასწრაფების დახშულობაა. მაგრამ, მეორე მხრივ, ისიც გამოჩნდა, რომ მეორე უკიდურესობაც, პერფექციონიზმიც ნევროზის მიზეზი ხდება ხოლმე. ზომიერების ფარგლებში ეს ძვირფასი პიროვნული თვისებაა: თვითკრიტიკულობა, მიღწეულით არდაკმაყოფილება და უკეთესისკენ მისწრაფება, თვითკმაყოფილების რღვევა _ სიბრჯგუის საპირისპიროდ. მაგრამ გადაჭარბებული _ პერფექციონიზმი ხდება, რომელიც უკვე ხელს უშლის პიროვნების თვითობის განვითარებას. ამიტომ ჰუმანისტი ფსიქოთერაპევტი, კ. როჯერსი და გეშტალტთერაპია საგანგებოდ ზრუნავენ თავიანთი კლიენტების გათავისუფლებაზე პერფექციონიზმისგან.
                პერფექციონიზმის ყველაზე ხშირი მიზეზი, გარდა შინაგანი თანდაყოლილი თავისებურებისა, არის ხოლმე დედ-მამის მიერ მეტისმეტად ბევრის მოთხოვნა ბავშვისგან, თანაც სიყვარულით (რაც უკუქმედებას არ იწვევს), ანდა ბავშვის უნებური შეჯიბრი დედმამიშვილთან. ძალიან მნიშვნელოვანია თვითშეფასებაც. ზედმეტად მაღალი თვითშეფასება გაზვიადებულ პრეტენზიის დონეს იწვევს, ამის შედეგი კი პერფექციონიზმია. ამ მხრივ გაცილებით დაცულია დაბალი თვითშეფასების მქონე. მაგრამ დაბალ თვითშეფასებას სხვა ნაკლი აქვს _ ადამიანს აკლია საკუთარი თავის რწმენა, ის პასიური, გაუბედავი და უგერგილოა, შედეგად _ ვერ აკეთებს ღირებულ საქმეებს, მისი ყოფა უღიმღამოა, მისი მიღმასწრაფება შინაგანად ითრგუნება და ხავსდება. ორივე შემთხვევაში ძლიერდება მიღმასწრაფების მახინჯური გზის რისკი.
6. მიღმასწრაფება და კულტურა
                საზოგადოდ კულტურის არსია ბუნების მოთოკვა და გონივრული გზით წარმართვა. ასევეა მიღმასწრაფების შემთხვევაშიც: ცხოველური, ბიოლოგიური დონის მიღმასწრაფების ალაგმვა და მისი გადადუღება სულოვან დონეზე. ესაა სივრცე-ნივთიერებაში მიღმასწრაფების შეცვლა დრო-კულტურაში მიღმასწრაფებით, სივრცეთა და ნივთიერთა დაუფლების ჟინის შეცვლა დროისა და კულტურის დაუფლების ჟინით. 
                კულტურული ადამიანიცა და მთელი ერიც უნდა დაკმაყოფილდეს შემოსაზღვრული მიწაწყლისა და შემოსაზღვრული ნივთიერი ქონების ფლობით, ამ მიმართულებებით საზღვარს უნდა შეეგუოს _ რადგან მიწაწყლისა და ქონების დაუცხრომელი გაფართოება აუცილებლად გამოიწვევს სხვა ადამიანებთან/ერებთან შეჯახებას. ესაა „მცირედით დაკმაყოფილების“ ზნეობრივი მცნების არსი. მაგრამ ადამიანი „მცირედით“ არ უნდა დაკმაყოფილდეს სულოვან სამყაროში _ ეს მისი გახევების, დახავსების, დაბრჯგუების მაჩვენებელი იქნებოდა. პირიქით, დაუოკებლად უნდა ისწრაფოდეს ყველა საზღვრის გადალახვისკენ, სულ წინ და წინ, სულ ზევით და ზევით (ოღონდ არა თანამდებობრივ კიბეზე _ რაც ძალაუფლების სადისტური ჟინის გამოვლინებაა), სულ უკეთესისა და უკეთესისკენ, მეტი და მეტი თვითგანხორციელებისკენ (ოღონდ არა პერფექციონისტულად). ამ დროს არავისთან შეჯახება არ მოხდება, რადგან სულოვან სივრცეს უსასრულო რაოდენობის განზომილებანი აქვს და ყველა ადამიანის მიღმასწრაფებას დაიტევს.
                ამის პირველი და ძირითადი საფეხურია დროის დაუფლებისკენ მისწრაფება. დროს ორი მიმართულება აქვს: წარსული და მომავალი. შესაბამისად, ადამიანურობისა და კულტურის პირველი გამოვლინება იყო წარსულის ხსოვნა და წინაპართა კულტი [14]. მომავალი გაცილებით უფრო ძნელად გასააზრებელია, ამიტომ მომავლის დაუფლებისკენ მისწრაფება უფრო გვიან წარმოიშვა. ადამიანი არ ეგუება საზღვარს დროში, შეზღუდულობას დროში, ანუ ამქვეყნიურობის ყველაზე უტყუარ კანონს _ სიკვდილს. უკვდავებისკენ მისწრაფება რელიგიური ცნობიერების საფუძველი გახდა. შემთხვევითი არაა, რომ ლოგიკის კლასიკური სილოგიზმი ასეთია: ყველა ადამიანი მოკვდავია; სოკრატე ადამიანია; მაშასადამე, სოკრატე მოკვდავია.  ამგვარი სილოგიზმი ხომ უამრავნაირი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგ.: „ყველა ხილი მარგებელია; ლეღვი ხილია; მაშასადამე, ლეღვი მარგებელია.“ მაგრამ _ არა: მაინცადამაინც მოკვდავობის დასკვნა აარჩიეს. ეს რკინისებური ლოგიკაა და ყველაზე უეჭველი სიმართლეა. მაგრამ ადამიანი მას ვერ ეგუება და უჯანყდება. სიკვდილის წინააღმდეგ ბრძოლა _ მთელი სულოვანი კულტურის ღერძია. „ჩვენ მივიწევთ წარსულში, ჩვენს მშობლებთან, და წინ, ჩვენს შვილებთან, მომავალში, რომელსაც ვერასოდეს ვერ ვნახავთ, მაგრამ რომელზეც გვინდა, რომ ვიზრუნოთ.“ [კ.გ. იუნგი].
                კაცობრიობის პირველივე, შეუდარებელი ლიტერატურული ძეგლი _ შუმერული „გილგამეშიანი“ _ ამავე თემაზეა: მოკვდავი ადამიანის კადნიერი მისწრაფება უკვდავებისკენ _ ამ ღვთაებრივი თვისებისკენ. მეფე გილგამეში ცხადად და უშუალოდ გამოხატავს შუმერთა მიღმასწრაფებას _ მისწრაფებას მარადულობისაკენ, ღვთაებრიობისაკენ. ეს იყო მშვიდობიანი და კულტურული მიღმასწრაფება _ განსხვავებით მეზობელი სემიტური მეომარი ტომებისაგან, რომლებმაც კიდეც დაიპყრეს და წარხოცეს შუმერული ენა-კულტურა (ნაწილობრივ შეითვისეს).
                ძველი ეგვიპტის მთავარი მამოძრავებელი ძალა _ უკვდავებისკენ მისწრაფებაა, რაც თვალსაჩინო-ნივთიერადაა განსხეულებული დიად პირამიდებში, მთელს ეგვიპტურ ხუროთმოძღვრებაში, ქანდაკებაში, მხატვრობასა და ტექსტებში. პირამიდა, ისევე როგორც, საზოგადოდ, ტაძარი, მიწიდან ზეცისკენ მიისწრაფვის, სივრცულად. მაგრამ პირამიდაში, ისევე როგორც გილგამეშის სახეში, გამოვლენილია დროში მიღმასწრაფებაც: დაუცხრომელი მისწრაფება უკვდავებისკენ. არსებითად, მთელი ეგვიპტის მოსახლეობა, მრავალი საუკუნის განმავლობაში, ამ უზენაესი მიზნის მისაღწევად ცხოვრობდა და შრომობდა: უკვდავყოფილი ფარაონის სახით მაინც გადაელახათ სიკვდილის საზღვარი.
                სომხური სიტყვა mard 'ადამიანი' თავდაპირველად იხმარებოდა  მოკვდავის მნიშვნელობით, რადგან ენის განვითარების ადრეულ ხანებში ადამიანის ძირითად ნიშნად მოკვდავობა მიაჩნდათ.
                „ძველ აღთქმაში“ ისრაელის თანმიმდევრული ისტორიაა გადმოცემული, რაც პირდაპირ იგივურია მთელი „რჩეული ერის“ მიღმასწრაფებისა თავისი ღმერთისაკენ. ერის ისტორია არის განფენილი მიღმასწრაფება. მრავლისმეტყველია ისიც, რომ თვით სახელწოდება „ისრაელი“ წარმოქმნილია „ღმერთთან“ ან მის ანგელოსთან პატრიარქ იაკობის ჭიდილის შედეგად. სწორედ იაკობი იყო მამამთავარი საკუთრივ ებრაელებისა (და არა ისააკი ან აბრაამი, რომელთა შთამომავლობამაც სხვა სემიტურ ტომებსაც მისცა დასაბამი). მაშასადამე, ისრაელი _ „ღმერთთანმოჭიდილეა“!ეს მოტივი ებრაელებმა შუამდინარული მითებიდან შეითვისეს [ჯ. ფრეიზერი]. თითქმის იგივეა იბერიულ-კავკასიური „ამირანიანის“ და გოეთეს „ფაუსტის“ მთავარი სულისკვეთებაც. მთელი მატერიალისტურ-ათეისტური მეცნიერება, რომელიც სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესს კიდეც ემყარება და კიდეც ასაზრდოებს, არსებითად, მამაღმერთთან ჭიდილია. ამ თემის პაროდიაა მ. შელის „ფრანკენშტაინი“.
                ძველი ინდოეთი და ჩინეთი ხასიათდება თავისებური მშვიდობიანი კულტურული მიღმასწრაფებით _ თვითჩაღრმავებით, მედიტაციურობით. ესაა მიღმასწრაფების მათებური გზა, განსხვავებით მეომრული იაპონიისგან.
                ძველ საბერძნეთში უზენაეს ფასეულობათაგან უმთავრესები იყო ლოგოსი (აზრი, საზრისი, სიტყვა, ნათელი, ცოდნა...) და ეიდოსი (ლათინურად _ ფორმა). სწორედ მათ მიერაა განპირობებული ბერძნული აზროვნების უღრმესი „ლოგოსურობა“ და ბერძნული ხელოვნების უმაღლესი „ეიდოსურობა“ ანუ საოცრად დახვეწილი პლასტიკურობა, ფორმის სრულყოფილება [15]. ძველი ბერძნების მიღმასწრაფება ლოგოსურ-ეიდოსური, გონითი, ანუ ფილოსოფიურ-ესთეტიკური იყო; ხოლო გრძნობითი მიღმასწრაფება სიშლეგედ და ბარბაროსის მახასიათებლად მიაჩნდათ, ზომიერება იყო მათი მთავარი მცნება. ამის მიუხედავად, ძველ საბერძნეთში თანდათან მაინც გავრცელდა აზიური, „შლეგური“ მიღმასწრაფება, დიონისეს კულტი; ბერძნული ტრაგედიის მთავარი სულისკვეთებაც „შლეგურია“ _ მოკვდავი ადამიანის დაპირისპირება ღვთაებრივ ნებასთან ანუ ბედისწერასთან, „ბედისწერის საზღვრის“ გადალახვის ამაყი ჟინი _ რაც გარდაუვალი მარცხით მთავრდება. მაგრამ ამ განწირულ სულისკვეთებას კვლავ იწყებს სხვა... 
                შუასაუკუნოვანი ევროპის მთავარი უზენაესი ფასეულობა ზეციური ღმერთი იყო. მთელი შუასაუკუნოვანი კულტურის მთავარი მახასიათებელიც იყო აღმასწრაფება ზეციური ღმერთისაკენ, ვითარც მარადიულობის, სიწმიდის, სრულყოფილებისა თუ სრული სისავსის ხატებისაკენ. ეს აღმასწრაფება თვალსაჩინოდაა განსხეულებული გოთიკურ ტაძრებში, მათი დაუცხრომელი მისწრაფებით ზევით და ზევით (ბრწყინვალედაა გამოხატული უ. გოლდინგის ნაწარმოებში „შპილი“). ამ ძირეული მიღმასწრაფებითაა გამსჭვალული შუა საუკუნეთა მთელი მეცნიერება, ხელოვნება, პედაგოგიკა, კულტურა, ყოფა, ასკეტიზმი...
                რენესანსი, პროტესტანტიზმი, განმანათლებლობა, რომანტიზმი, ტექნოკრატიზმი, ინდუსტრიალიზმი, ინფორმატიზმი... _ ყოველი ხანის თავისებურებანი სწორედ მიღმასწრაფების ძირეული გზებითაა განპირობებული.  რომანტიზმი თავისი „ბედის სამძღვრითა“ და „გზა უვალით“... ხოლო სიცოცხლის ფილოსოფიასა და ეგზისტენციალიზმში მიღმასწრაფება მეცნიერულადაც გაცნობიერდა და საკვანძო ცნებად იქცა ტრანსცენდენტაცია. საინტერესოა ამ ცნების ინტუიციური ჩანასახის პაროდიები: ფ. რაბლეს „გარგანტუა და პანტაგრუელი“ და მ. სერვანტესის „დონ კიხოტი“.
                XX საუკუნის მთავარი მახასიათებელია დეჰუმანიზაციის სულისკვეთება [ორტეგა ი გასეტი], ანუ მიღმასწრაფება არა ბუნებრივ-ადამიანურ-გრძნობითი გზებით, არამედ უპიროვნო, რომანტიზმისა და გრძნობებისაგან დაცლილი, „ცივი და მშრალი“, უპირატესად ტექნიკური, ტექნოკრატიული გზებით (ამის ბრწყინვალე განსახიერებაა თომას მანის დოქტორ ფაუსტუსი). ტექნოკრატია და რობოტიზაცია აშკარაა ფსიქოლოგიაში ანუ ადამიანის სულის შემსწავლელ მთავარ მეცნიერებაში: ყველაზე გავლენიანი მიმდინარეობები _ ბიჰევიორიზმი და კოგნიტივიზმი _ ადამიანს, ცხოველსა და კომპიუტერს/რობოტს არსებითად აიგივებენ, კოგნიტივიზმში სულის/ფსიქიკის კვლევის მთავარი მეთოდი კომპიუტერული მეტაფორაა [19]. ადამიანები კი მართლაც რობოტებს ემსგავსებიან. ხოლო რობოტიზაცია ხშირად ისევ იმავე უდაბლეს, ბიოლოგიური დონის მიღმასწრაფებად ქვეითდება და მაშინვე იწვევს მიღმასწრაფების მახინჯურ გზებს [კ.გ. იუნგი] (ეს ყოველივე ბრწყინვალედაა ნაჩვენები ფილმებში „შავი სარკე“). სწორედ ესაა თანამედროვე კაცობრიობის მთავარ შესაჭირთა სათავე, რაც დაღუპვას უქადის მას [ე. ფრომი, ა. მასლოუ და მრავალი სხვა მოაზროვნე; აგრეთვე კონტრკულტურა].
                მიღმასწრაფება იმის მიღმასწრაფებაა, რომ გონივრულ ზომიერებაში ვერ დაეტევა. მაგრამ პიროვნული, ეროვნული თუ საკაცობრიო კულტურა იმის კულტურაა, რომ მიღმასწრაფებას ჯანსაღი და ზნეობასთან თავსებადი გზები მოუძებნოს. არსებითად, ამასვე ცდილობს პედაგოგიკა და ფსიქოთერაპია.


ციტირებული ლიტერატურის სია
  1. დ. უზნაძე.ანრი ბერგსონი. - ფილოსოფიური შრომები, ტ. 2. თბ.-1986.
  2. დ. უზნაძე. - შრომები, ტ. 9. თბ., „მეცნიერება“-1986.
  3. კ.გ. იუნგი. ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები, სიზმრები. თბ.-1995.
  4. კ.გ. იუნგი. განსხვავება აღმოსავლურ და დასავლურ აზროვნებას შორის. ქუთაისი-2005.
  5. Фромм Э. Бегство от свободы.  Минск, "Харвест"-2003.
  6. Фромм Э. Анатомия человеческой деструктивности.  Москва, "Республика"-1994.
  7. A. Maslow. Toward the Psychology of Being. "Litton Educ. Publ."-1968.
  8. ხ. ორტეგა ი გასეტი. ხელოვნების დეჰუმანიზაცია. თბ., „ლომისი“-1992.
  9. Хайдеггер М.  Слова Ницше «Бог мертв».  – «Вопросы философии», 1990, №7.
  10. Тейяр де Шарден. Феномен человека.  М.-1987.
  11. ზ. კაკაბაძე. სიცოცხლის ფილოსოფია: დილთაი, ბერგსონი, ფროიდი. - კრებ. „XX ს ბურჟ. ფილოსოფია“, თბ.-1970.
  12. ს. ავალიანი. სიცოცხლის არსება.  თბ. „მერანი“-2000.
  13. ი. იმედაძე. XX საუკუნის ფსიქოლოგიის ძირითადი მიმდინარეობები. თბ.-2004.
  14. ზ. ვახანია. კულტურის ისტორია _ რელიგიები. თბ. „ქორბუდა“-2007.
  15. ზ. ვახანია, კ. გაბუნია, თ. მახარაძე და სხვანი.  ქართული ფილოლოგია, ტ.2. თბ., "ქორბუდა"-2009.
  16. ზ. ვახანია. კონსტანტინე კაპანელი და დიმიტრი უზნაძე. _ თანამედროვე ფსიქოლოგიის აქტუალური პრობლემები. თბ.-2001.
  17. ზ. ვახანია. განწყობის ფსიქოლოგიის ფილოსოფიური საფუძვლები _ ობიექტივაციის ცნება დ. უზნაძისა და შ. ნადირაშვილის თეორიებში. _ კრებ. „ფსიქოლოგია“, ტ. XX, 2007.
  18. ზ. ვახანია. კოგნიტივიზმის მთავარი პოსტულატის კრიტიკა. _ „საქართ. ფსიქოლოგიის მაცნე“, 2008, # 1.
  19. ზ. ვახანია. მეტაფორა და შედარება ფსიქოლოგიაში, რობოტომორფიზმი _ „საქართ. ფსიქოლოგიის მაცნე“, 2019.
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
გორვანელი -  დემოკრიტეს ფილოსოფია გორვანელი - დემოკრიტეს ფილოსოფია ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ისტორია / ფილოსოფია / ფსიქოლოგია / მეცნიერება / გამოქვეყნებული გორვანელი - მოძრავი საგნები გორვანელი - მოძრავი საგნები ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები ზურაბ ხასაია - მითოსიდან ლოგოსამდე ზურაბ ხასაია - მითოსიდან ლოგოსამდე ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ისტორია / ფილოსოფია / მეცნიერება / გამოქვეყნებული ზურაბ ხასაია - მეტაფიზიკის შესაძლებლობის შესახებ ზურაბ ხასაია - მეტაფიზიკის შესაძლებლობის შესახებ ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები შოთა ბოსტანაშვილი - სივრცის პოეტიკა. კრიტიკული დისკურსი - ვიხსენებთ ბრწყინვალე მოაზროვნეს  (1948-2013) შოთა ბოსტანაშვილი - სივრცის პოეტიკა. კრიტიკული დისკურსი - ვიხსენებთ ბრწყინვალე მოაზროვნეს (1948-2013) ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge