გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ბექა ფოცხვერია - ლექსები

ბექა ფოცხვერია

ცხოვრება მისთვის ღირს

ცხოვრება როგორ მღლის, ცხოვრება მისთვის ღირს
ტკივილიანი წლები, ვინც აიტანა შენი.
ეგ სულის სისპეტაკე მაინც რარიგად გშვენის
სიფერადე ხარ დღის, სიფერადე ხარ ცის.
ცხოვრება, როგორ მღლის, მირევს გაკვალულ გზებს
მოვალ შენამდე მაინც ხვალ იქნება თუ ზეგ.

მანამ კი ავიტუზები, მივეფიცხები მზის
ფართოდ გადაშლილ მკლავებს. სანამდის მიმაკლავენ
მანამდის შემაჩერე, მანამდის დამაკავე,
თორემ იმ ქუჩის ბოლოში ან დასაწყისში გზის

სადაც შენ გაგიცანი და თავი გაგაცანი
და ვხსნიდი გამოცანებს ცხოვრებისას და შენსას.
ისევ იგივე მჭირს ისევ მიყვარხარ დღესაც
ისევ იმადვე ვრჩებით რაც ადრე თავი ვცანით.

ცხოვრება, როგორ მღლის, მირევს გაკვალულ გზებს
მოვალ შენამდე მაინც ხვალ იქნება თუ ზეგ.






დაბრუნება

დავბრუნდი ჩემო მშობელო მიწავ, მიმიღებ ასეთს დაღლილს დაქანცულს? შენს ჩემს ბავშობას უვლი და იცავ, როგორც ძვირფასს და დიდძალ საგანძულს.
დავბრუნდი ჩემო სოფელო ისევ,
მოვყვები ათას ტყუილს და მართალს.
შენ კი ცერებზე შედგები მყისვე
და გამარჯვების ზეიმს გამართავ.

დავბრუნდი ჩემო მშობელო მამავ
და დღე სათვალავს ახლით აითვლის.
შენ ყველა ტკივილს ითმენ და მალავ
შენი შვილების მომავლისათვის.

დავბრუნდი ჩემო ტკბილო დიდედავ,
დავბრუნდი შენი ხსნა და იმედი.
ვაი, რომ იმდენს ვეღარ გიბედავ
ბავშვობაში, რომ გაგიბედავდი.

დავბრუნდი ჩემო მშობელო დედავ,
დავბრუნდი შენი უძღები შვილი.
შორსა ხარ, ახლოს, ფიქრობ თუ მხედავ,
მაინც ერთგვარად ზრუნავ და მივლი.

და მაინც ჩემი მეინახე ხარ
დგახარ მიყურებ და ამბობ მუდამ,
რომ გზა ათასი მოინახება
შვილს თუ დედასთან დარჩენა უნდა.





ღამდება

ღამდება ცაზე საგულდაგულოდ
გადამალული ჭორფლები ჩნდება.
და შენც დამშვიდდი დამფრთხალო გულო
და ღამეც მყისვე გაირინდება.



იქნება ისე მშვიდი საღამო,
ვით უკიპაჟნო გემბანზე.
შენ რას დაეძებ მთვარემ იდავოს
ცაზე ვარსკვლავთა განლაგებაზე.



შენ შენი გზები იპოვე მხოლოდ,
გინდ ჩახერგილი, გინდ გაწყვეტილი.
და მსგავსად, როგორც მოთხრობის ბოლოს
დაუსვი შენს თავს მტკიცე წერტილი.



და ასე იქნებ დიდგულა გულო
დამშვიდდე იგრძნო შენც გარინდება.
ღამდება ცაზე საგულდაგულოდ
გადამალული ჭორფლები ჩნდება.





იანე

მთვარე ღრუბლებზე ნელა გადადის
/უფალს დიდება და ღმერთო ამინ/
ჩვენ ვერ მივეცით ჩვენს თავს საბაბი,
რომ ერთხელ მაინც, სულ ერთი წამით
გვეცხოვრა, როგორც ბავშვთა წესია,
რადგან ჯერ კიდევ დიდებად გავჩნდით
და იმის შემდეგ ლექსებს გვესვრიან
და ვეგუებით ღამეთა აჩრდილთ.
ასე მოვდივართ დასაბამიდან,
რით დაგამშვიდო, ჩემო, იანე?
ჩვენი დრო დიდი ხნის წინ წავიდა
ვერც ერთი დღე ვერ გავიმზიანეთ.
არადა, როგორ აღარ ვეცადეთ
სად არ ვიარეთ ორთავე ფეხით.
ვერ გავიკვლიეთ ჩვენ გზა ზეცამდე
სამი გამხმარი თითის მოგრეხით.
ალბათ ასეა როდესაც ბედი
გაგწირავს-ფოთლებს, ვით შემოდგომა.
ჩვენ ყველა ტკივილს სულ უკან ვსდევდით,
რომ თავად კვალში არ ჩაგვდგომოდა.
ღამდება, ღამე თავის მარწუხებს
საცაა მოგვხვევს, ჩემო, იანე.
მე დღესაც ერთი კითხვა მაწუხებს,
თუ რატომ ვენდეთ ადამიანებს?










****
რა უცნაური ძალა აქვს ყვავილს,
რა მძიმე ბედი ერგოთ ყვავილებს.
ჩემთან ეზოში იები ყვავის
და ყოველ დილას მიყვავილებენ.
აეკვრებიან ყინვისფერ მიწას,
რისი რიდი და ან რისი შიში.
ფიქრებში ათას გვირგვინებს გიწნავ,
ფიქრითვე ყველა გვირგვინებს მიშლი.
ხელისგულივით იშლება სივრცე,
ჰაერში იის სურნელი ჭარბობს.
გული მომაკვდავ კაცივით მიცემს
და შენი გულის ფეთქვაზე ვჯავრობ.
რა უფერული დღეები მოდის
და როგორ გვიმძიმს გაფერადება.
რა დიდებული ძალა აქვს ლოდინს,
როცა ლოდინი გვეიმედება.









***
ღამდება ზეცა მთვარეს მოიწვევს
ბატონ-პატრონად ვარსკვლავთა ისევ,
და თუკი ღამე ოდნავ მოიწყენს
მთელი სამყარო მოიწყენს მყისვე.
და მთვარე უფრო წააგავს მდევარს
როდესაც ღამის სიბნელებს უცდის.
და რადგან ბევრის მჯეროდა დღემდის,
ვისწავლე ბევრი კარგიც და ცუდიც
და რაც ვიყავი იმადვე ვრჩები,
როგორც დედისთვის გაზრდილი ბავშვი.
და ჩვეულ ქცევით და ჩვეულ ჩვევით,
როგორაც ცუდი მოსწავლე კლასში
საკუთარ თავში ჩავრჩი ფაქტია,
(უნდა ვიცხოვრო და იქვე ვიწვე)
ჩემი სხეული სარკოფაგია
ჩემი სულის და დუმილი ვიწყე.
მიცურავს ტივტივს ნაჩვევი ტივი,
მშვიდი დინებით, დინებით ნელით.
ღამე- სიბნელით დაჩვეულ ტკივილს
თუ მოიშუშებს ისევ სიბნელით.






ჩემი სოფლისკენ

ჩემი სოფლისკენ გზა მატლივით მიიკლაკნება
და ჩემს სოფელში ხეებია ღამის დარაჯი.
სახლში ქათმები კაკანებენ, ტყეში კაკბები,
შენ უნდა ნახო ყოველ მათგანს როგორ ვაჯავრებ, შენ უნდა ნახო როგორია ჩემი სოფელი,
სადაც ვხოვრობდი, ანუ ვცხოვრობ_ ჩემი სახლია
ჩემი ოთახიც ასეთს მგუობს (უფალს დიდება)
სხვაგან კი სადაც კარებს ვაღებ ლექსებს მახლიან
თუმცა სიკვდილი ამგვარადაც მიადვილდება. შენც შეეცადე და ერთ დღესაც ლექსებით მოკვდი.
მე დედაჩემის თვალებს უკან ხშირად მინახავას,
როგორ წვიმს, როცა მივდივარ და ვერაფრით ვბედავ,
რომ რამე ვუთხრა რაც მის ცრემლებად არ ეღირება.
შენ თუ გინახავს როგორია პოეტის დედა? _უემოციო, როგორც თოვლი ზამთრის მიწურულს






******
დღეს ვდუმვარ, რადგან ვერ გაპატიე
სიშორე- ყველა ოცნების მკვლელი.
მე ყველა ღამე თეთრად ვათიე
და ახლა მზიან გაზაფხულს ველი.
მანამ კი ქარი მილეწავს გვერდებს
ყვავილობისთვის ვეღარა ვიცლი.
კბილმოუცვლელი ბავშვივით ვენდე
ცხოვრების ყველა შეფერილ სიცილს
ხელში კი მხოლოდ ტკივილი შემრჩა
და მძიმედ დამაქვს ჩემი ხელები.
ხშირად მინახავს სიცოცხლით სავსე
კაცი უეცრად განახევები.






* * *
ზამთარმა ფეხი გაიდგა მჭიდროდ
და მესმის ახლა განწირულთ ლოცვა.
ნეტავი იმ დროს, ნეტავი იმ დროს,
დაუფიქრებლად გიყვარდი, როცა.
ახლა კი თოვლში, როგორც იმედებს
ვაგროვებ გუნდებს სხვებისთვის, ჩემთვის.
და რაც თავისთვის ვერ გავიმეტე
ყოველ წამს მაინც ვიმეტებ შენთვის.
რაც ვერ დავთესე დღეს იმას ვიმკი
და იმედები, თოვლივით ქრება.
რა დიდებული რამ არის ფიქრი,
თუკი სიკვდილზე არ გეფიქრება.






***
გზებო დროა, რომ მიპოვო თავად
კმაროდეს რაც კი გეძებე დღემდის.
ავად თუ კარგად, კარგად თუ ავად
მეც წუთისოფლის სიმღერას ვმღერდი
და ყველა შენი პირობა მახსოვს,
შენი დუმილის მშვიდი აურაც.
და როგორც შენი დიდი ხნის ნაცნობს
შენი ხმა რატომ მეუცნაურა?
მე მიტევს ათას ფიქრების წყება
და ყველას თვისი დაღი ამჩნია.
მე გული უფრო იმაზე მწყდება,
რომ გულის წყვეტა ვერ შეგამჩნიე
ვერ დააბრუნებ რაც იყო უწინ,
უნდა ყოველი თავიდან შექმნა.
ვდგავარ ვუყურებ თუ როგორ უწნის
ქარი ტოტებზე ნაწნავებს ძელქვას.
და ყველა შენი პირობა მახსოვს,
შენი დუმილის მშვიდი აურაც.
და როგორც შენი დიდი ხნის ნაცნობს
შენი ხმა რატომ მეუცნაურა?








კამ

თენდება ზეცა ლურჯ თვალებს ახელს,
რომ შევძლო შენი ნახვა და განცდა.
კამ, შენი მშვიდი და ჩუმი სახე
ჰორიზონტს დიდი ხნის წინათ გაცდა
და მიგივიწყა ყველამ რატომღაც,
ყველას გამგები და თანაგზავრი.
შენ ერთგულების ნიშნად ყოველ ღამ
ციდან ვარსკვლავებს წყვეტ და მიგზავნი.
თუმც ღამღამობით მე ვერა გხედავ,
დილაა ჩვენი ყურის დამგდები.
და მსგავსად, როგორც უღირსი დედა
არის დღეები გვიან, რომ ვდგები
და ვეღარ ვხედავ კამ შენი თმები
დილის ნიავთან თამაშობს როგორ,
უცნაურია არ არსებობდე
და თან გყვარობდნენ ღრუბლების გოგოვ.
თუმც შენგან რაა კამ გასაკვირი.
„ისე შორსა ხარ და ისე ახლოს,
რომ შემიძლია არც კი შეგეხო,
ვერც კი შეგიგრძნო და ისე გნახო"
კამ, ასეთია ოცნების ძალა.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge
პოპულარული