გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თეიმურაზ ლანჩავა - ჩამოაფარეთ ნისლის ფარდა მარადისობას (მთვარიანში საკითხავი პიესა ვიოლინოს თანხლებით)

თეიმურაზ ლანჩავა

            

                        თეიმურაზ ლანჩავა



ჩამოაფარეთ ნისლის ფარდა მარადისობას

(მთვარიანში საკითხავი პიესა ვიოლინოს  თანხლებით)


მოქმედი პირნი:


ვენედიქტე – ცირკის მეპატრონე

ჟოზეფინა – ვენედიქტეს მეუღლე

ანტონი – ჟოზეფინას საყვარელი

ელზა – მოახლე გოგო

პოლიკარპე – მთვარეული

მუხტარი – მესაფლავე

ავაქი – მესაფლავე

კლოუნები



პირველი მოქმედება

     ცირკის კლოუნები კუბოს მიასვენებენ. ისმის სამგლოვიარო მუსიკის ხმა.


პირველი კლოუნი: – სასახლე დავდგათ, შევისვენოთ, ხალხს დაველოდოთ.

მეორე კლოუნი: – სად არის  ხალხი, ჩვენ ოთხიღა შევრჩით ამ საწყალს.


კუბოს მიწაზე დგამენ.


ოთხივე კლოუნი: (ერთად, შეშფოთებით) – ნეტა სად გაქრა მიცვალებული, ხომ არ დავკარგეთ.


ვიღაც მოდის ქოშინით.


ვენედიქტე: (მიცვალებული) – ნუ შფოთავთ, ძმებო, მე აქა ვარ, ჩემს დაკრძალვას თვითონ ვესწრები. თქვენ შემრჩით მხოლოდ, ნასვამები და შემეცოდეთ. ამიტომ, როცა მაღალ ხესთან ჩამომატარეთ, დრო ვიხელთე, ტოტს შევწვდი და... აჰა, მოვედი.

ოთხივე კლოუნი (ერთად): _ მისი სიკვდილი სურდა თავის თვალით ეხილა, საკუთარ კუბოს აედევნა  უკან ძუნძულით.

ვენედიქტე: – კი, ასე იყო, თქვენ მართალს ბრძანებთ.

პირველი კლოუნი: – ჩვენ რას გვერჩოდი, მხრები გვტკივა შენი ნათრევი.

ვენედიქტე: – დასწყევლოს ღმერთმა, განა მართლა დავხუჭე თვალი, უბრალოდ, ქალის სიყვარულით ვიყავი მთვრალი.

ოთხივე კლოუნი: – ქალი? რა ქალი.

ვენედიქტე: – სამარეში ჩაგყვებიო, მეფიცებოდა.

მეორე კლოუნი: – თქვენ ეს გჯეროდათ?

ვენედიქტე: – რა იზამ, ქალი ასეთია, მაცდური, ფლიდი, რატომღაც იგი სხვა მეგონა, მეგობრად ვთვლიდი.

მეორე კლოუნი: – სანამ კუბოში ჩაწვებოდით, თქვენ ეს იცოდით?

ვენედიქტე: – დასწყევლოს ღმერთმა... გროშ კაპიკი არ გამაჩნია. (ჯიბეებს მოიჩხრეკს)

პირველი კლოუნი: – შენ ჩვენიც გმართებს გასამრჯელო, თანც ორმაგი. მხრებით გატარეთ, გაგვამასხრე, სულს ვეღარ ვითქვამთ.

ვენედიქტე: მიცვალებული განა რამეს იძლევა, ძმებო? მომხდარა სადმე, მკვდარს ვინმესთვის მიეცეს ფული?

მეორე კლოუნი: მაგრამ შენ ცოცხლობ!

ვენედიქტე: – მით უარესი.

მესამე კლოუნი: – სწორედ იმისთვის, რომ არსებობ, გესმის და უმზერ, ჩვენც ვითხოვთ ჩვენი გაწეული შრომის საფასურს.

ვენედიქტე – აკი წეღან ვთქვი, რომ კაპიკი არ გამაჩნია. იქით მიმავალს ჯიბეებში რას შემარჩენდნენ. ესეც არ იყოს, უფროსი ვარ, სიჩუმე გმართებთ.

პირველი კლოუნი:  – გარდაცვლილ უფროსს რა ფასი აქვს, რა ძალა, წონა...

ვენედიქტე – მაგრამ მე ვცოცხლობ.

მეორე კლოუნი: – მარტო ჩვენ ვიცით, რომ შენ ცოცხლობ, დადიხარ, სუნთქავ, ხოლო ქალაქმა რახანია გამოგიგლოვა.

ვენედიქტე:  (შეშფოთებული) – გადამივიწყეს?

მეორე კლოუნი: დაგივიწყებენ, იმიტომ, რომ აღარ არსებობ.

ვენედიქტე: – მაშ, რა ვიღონო, დამიმოწმეთ, რომ ცოცხალი ვარ.

მეორე კლოუნი: – ხათაბალაში რისთვის გავყოთ თავი საწყალი, რა გვრჯის, ან კიდევ ვინ გვავალებს ცრუმოწმეობას.

ვენედიქტე: – რომ ცოცხალი ვარ, თუ თქვენ ამას დამიდასტურებთ, ცრუ კაცის სახელს შემარქმევენ?! მიშველე, ღმერთო!..

პირველი კლოუნი: – ხელახლა უნდა შეაგროვო ყალბი საქმენი, რომ დაიბადე, მოევლინე ქვეყანას, გაჩნდი.

ვენედიქტე: – მერე წარსული, წლები...  ყოფნა ვით დავივიწყო.

მესამე კლოუნი: – დღეს უნდა  იშვე.

ვენედიქტე: – თუ აღვსდექი, განვსხეულდი, ისევ ვარსებობ?!

პირველი კლოუნი: – მეორე ქრისტე ამ ქვეყანას აღარ სჭირდება.

ვენედიქტე: – ღმერთო, მიშველე, ამ სულელურ გათამაშებას მგონი შევწირე კარიერა და ვიღუპები.

პირველი კლოუნი: – რომ დაგიჯერონ, ცოცხალი ხარ,სუნთქავ და ცოცხლობ, ამისათვის ბევრი ფული გინდა – საბუთი ცოცხლის.

ვენედიქტე: (გახარებული) – მე ხომ სალაროს წიგნაკები უთვლელი დამრჩა.

მეორე კლოუნი: – რად ვერ გაიგე, რომ მკვდარს, ვისი ნეშტიც დაკრძალეს, ბანკი ვერ მისცემს, რაც ეკუთვნის, ან როგორ მისცემს.


ჯიბიდან იღებს გაზეთს, შლის.


აი, საბუთი უტყუარი, ნეკროლოგს ხედავ?

ვენედიქტე: – ვაი, რომ ვხედავ.

მესამე კლოუნი: – რაკიღა მოკვდი, ცოცხლობ, მაგრამ მაინც მკვდარი ხარ.

ვენედიქტე: – იქნება ცოლზეც მითხრან უარი, ისიც ხელახლა უნდა შევირთო...

მეოთხე კლოუნი: – მიცვალებულს, პატივაყრილს, ქალს ვინ გაატანს.

ვენედიქტე: –  რა საფიქრალი გავიჩინე, რა თავსატეხი.

პირველი კლოუნი: –  ფული მოგვეცი, თუ გინდა, რომ პირი დავმუწოთ, ხალხს მოვფინოთ, დავარწმუნოთ, რომ მიწა გფარავს.

ვენედიქტე – რაც არის, არის, მოდი, თქვენი ვალი მემართოს. კუბოს გავყიდი, რომ ვალები გადავიხადო.

მეორე კლოუნი: – სწორად აზროვნებ, ეგრე იყოს. აბა, ნახვამდის.


კლოუნები თვალს მოეფარებიან. ვენედიქტე კუბოზე ჩამოჯდება.


ვენედიქტე: – სისულელეა ფიცი-მტკიცი, ალერსი ქალის. მარტოკა დავრჩი ჩემს  კუბოსთან ამ მთვარის ჩრდილში.

პირველი კლოუნი (შემობრუნდება): – დაიმახსოვრე, როცა ფული ბლომად გექნება, იფიქრე ჩვენზეც, რომ ერთგულად გემსახურენით.

 მეორე კლოუნი: – კვლავ რომ სიკვდილი დააპირო, ისევ ჩვენ გვიხმე.

ვენედიქტე: – არ დაგივიწყებთ; მე ხომ ჩემი თვალით ვიხილე, მხოლოდ თქვენ შემრჩით, მიერთგულეთ და მიპატრონეთ.

პირველი კლოუნი (ნიღაბს აძლევს): – ჰა, გამომართავი, უნიღბოდ ყოფნა გაგიჭირდება თავის პოვნამდე (გარბის).

ვენედიქტე: – მაშასადამე, დღეს დავიბადე... საოცარია ეს დაბადება.

რამდენად ვჯობნი იმ ყრმას საბრალოს, რომელიც ტირის და შველას ითხოვს. მე ვერ მოვუხმობ გარდაცვლილ მშობლებს, მხოლოდ გონებას უნდა მოვუხმო.


სახეზე ნიღაბს ირგებს, მიწას დაშტერებია. კაცი და ქალი უახლოვდება. ფრთხილობენ, რაღაცას აყურადებენ. უცებ ქალი შეკრთება.


ჟოზეფინა: – შეხედე, ანტონ, კაცი მოჩანს ლოდზე დამჯდარი.

ანტონი: – კი, კაცი არის, დაღვრემილი, ლოდს დაყრდნობია. 

ჟოზეფინა: – ვინ უნდა იყოს...

ანტონი: – თუ ყაჩაღია, ცუდი საქმის ავი მზრახველი, მე შევ-
ძლებ, იგი მოვთოკო და დავიმორჩილო (შუბლს მოიჩრდილავს)... მაგრამ მე უფრო ლოთს ვამსგავსებ, ღვინით დაღრეცილს.

ჟოზეფინა: (წამოიკივლებს) – ეს ხომ კუბოა, კუბოზე ზის მიცვალებული. დასწყევლოს ღმერთმა, სიზმარია თუ ცხადში ვხედავ. გავფრთხილდეთ უნდა, იქნებ ბედი ხიფათს გვიმზადებს.

ანტონი: – ჩქარა, ნიღაბი მომაწოდე, შენც გაიკეთე!

 ვენედიქტე: – ნუ შიშობთ, ხალხო, ნუ გამირბით, მომიახლოვდით. ცოცხალი ვარ, ვსუნთქავ, ვხედავ, ვენედიქტე ვარ!

ჟოზეფინა: – ვენედიქტე?!

ვენედიქტე: – დაბადებიდან ასე მიხმობენ, რად გაიოცე.

ჟოზეფინა (თავისთვის ჩაილაპარაკებს): – თუმცა ის კაცი განისვენებს, ცას ვეღარ უცქერს.

ანტონი: – კაცი კაცსა ჰგავს, ქალსა ჰგავს ქალიც, ძე ხორციელი იმდენი დაძრწის, თუ განასხვავებ, ისევ სახელით.

ჟოზეფინა: – მაგრამ ერთ სახელს არქმევენ ორსაც.

ვენედიქტე: –  ათსაც, ათასსაც, კიდევ ვინ მოთვლის.

ანტონი: – ეგ არაფერი, მე ის მაკვირვებს, აქ რას უზიხარ, ან რას აკეთებ.

ვენედიქტე: – ნახელავს ვყიდი.

ჟოზეფინა (გადაიკისკისებს): – სასაცილოა, ამ ბინდ-ბუნდში ვის რაში უნდა სიკვდილის ბუდე.

ვენედიქტე: – აქ სასაცილოს ვერაფერს ვხედავ.


მოისმის ხმაური, ხმამაღალი, გაურკვეველი შეძახილები.


ანტონი: – ხმაური ისმის, ცხენთა ფლოქვის ხმას მოერეკება ჩვენსკენ ნიავი. რომ მოვეფაროთ, ხეც კი არა ჩანს, მომაბეზრე-ბლად ანათებს მთვარეც. მოგვყიდე კუბო.

ვენედიქტე: – აკი წეღან გიჟად მომნათლეთ.

ჟოზეფინა: – რა თავში ვიხლით, ფულს რაში ხარჯავ!

ანტონი: – რისთვის ყოყმანობ, თქვი, რას აფასებ!

ვენედიქტე – თქვენ რაც გიღირდეთ, ის მიწყალობეთ.

ანტონი: – აჰა, ინებე, ოღონდ გახსოვდეს, ჩვენ შიგ ჩავწვებით. არავის უთხრა.


ქალი და კაცი კუბოში წვებიან, ვენედიქტე კუბოზე ჩამოჯდება, ფულს ითვლის. აქეთ-იქით იცქირება. ხმაური თანდათან წყდება. ანტონი კუბოდან თავს წამოჰყოფს, გადმოალაჯებს, ქალს ეშველება.


ჟოზეფინა: – რა საშინელი ყოფილა კუბო.

წარმოვიდგინე, რომ მართლა მოვკვდი.

ანტონი: – ამ სალახანას ჩვენი ფული უნდა დავცანცლოთ, თორემ კუბოში სრა-სასახლის ფასი წაგვართვა.

ანტონი: – ეი, ძმობილო, ცოტა უფრო ახლოს მოჩოჩდი, ამოიბერტყე ახლავე ჯიბე, თორემ იცოდე, სატკივარს შეგყრი, ძვალსა და რბილს ცომივით გიქცევ.

 ვენედიქტე: – ო, მეუფეო, მე ვერ შევ-ძლებ, ვიყო სულგრძელი, ის თქვენი ფული, ოქროს ფული სულ გადავყლაპე.

ანტონი: – მუცელზე გავჭრათ.

ჟოზეფინა: – უმჯობესია, დაველოდოთ, იქნებ...

ვენედიქტე: – მერე ნაგავში ხელს აურევ ფულის გულისთვის?!

ანტონი: – შენ როგორ ფიქრობ, ვინც განძს იხვეჭს, წყაროში ჰპოვებს?

ჟოზეფინა: – სუ, ვიღაც მოდის.


ანტონი და ჟოზეფინა ფაცაფუცით კვლავ კუბოში გადაეშვებიან.


ვენედიქტე: – აქ რაღაც ხდება. შევეცდები, ვიყო სულგრძელი; მივაყურადო, პირს დავმუწავ, თვალს ვათვალთვალებ.


ორი კაცი, ნიჩბით ხელში, კუბოს უახლოვდება.


ვენედიქტე: – ამ ღამით მინდვრად რას დაყიალობთ, საიდან გაჩნდით!

მესაფლავე: – დღეს ერთ სამარეს გულდაგულ ვჭრიდით. არ მოასვენეს მიცვალებული. ველოდეთ დიდხანს, მერე ღვინო ვსვით, შემოგვაღამდა ცდაში, ლოდინში.

ვენედიქტე: – რომელს რა გქვიათ.

მესაფლავე: – ამას – მუხტარი, მე – ავაქი, გვიცნობს ქალაქი.

ვენედიქტე: – რა ჰქენით მერე, ამოავსეთ ისევ სამარე?

ავაქი: – არა, რას ბრძანებთ, ორმაგ შრომას ვინ გვავალებდა.

ვენედიქტე: – მოდი, მოვრიგდეთ. გასამრჯელოს მიიღებთ ჩემგან; აგერ, ეს კუბო წააჩოჩეთ და იქ დამარხეთ.

მუხტარი: – ტანი ცუდს მიგრძნობს.

ავაქი: (კუბოსთან მივა, პირჯვარს იწერს)– დიდება შენდა, უფალო ჩემო, რამსიმძიმეა; ვინ გახლავს მკვდარი?

ვენედიქტე: – მიცვალებული ყასაბია, სახადშეყრილი, რაც შეიძლება, ღრმად დაფლეთ და დააბინავეთ.

 ავაქი: – სხვის სამარეში სხვა კაცის მძორი?!

ვენედიქტე: – აჰა, ეს ფული, ფეხს ნუღარ ითრევთ.


მესაფლავეები ერთმანეთს გადახედავენ, ფულს გამოართმევენ.


ავაქი: – რაც გაწერია, არ აგცდება, მე მჯერა ბედის.

მუხტარი: – დღეს ღმერთი გვწყალობს, გვეხმარება, ჩვენც მივეხმაროთ.


 კუბოს მიათრევენ.

ვენედიქტე: – კუბო გავყიდე, ფული ვიშოვე, საკუთარ სახლშიც ვნახოთ, რა ხდება.


დიდებული სასახლე, ღია ჭიშკართან ვენედიქტე. იგი ვიღაცას ხელს უქნევს და თავისკენ უხმობს.


ვენედიქტე: – ლამაზო ქალო, ერთი წუთით, გთხოვთ, მომისმინოთ.

მოახლე გოგო: – გისმენ, ბატონო.

ვენედიქტე: – უთხარი ბატონს, მეჯინიბე ხომ არ უნდა, სამსახურს ვეძებ.

მოახლე გოგო: – ჩვენი ბატონი მიწაში ჩაფლეს.

ვენედიქტე: – გარდაიცვალა?

მოახლე გოგო: – უეცრად მშვიდად დალია სული.

ვენედიქტე: – მაშინ ქალბატონს მოახსენეთ, იქნებ მიმიღოს.

მოახლე გოგო: – დღეს ქალბატონი შინ არ გახლავს, მეგობარს გაჰყვა.

ვენედიქტე: – კი მაგრამ, ქმარი ასე უცებ გამოიგლოვა?

მოახლე გოგო: – შავი პირბადე, შავი კაბა და შავი ჩადრი მსწრაფლ მოისროლა, შეიმოსა თვალშისაცემად.

ვენედიქტე:  – ოხ, უგულობავ!

მოახლე გოგო: – თქვენ რისთვის ღელავთ, იცნობდით ბატონს?

ვენედიქტე: (დაბნეული) – ო, არა, ისე...

მოახლე გოგო: – როდესაც მოვა, მოვახერხებ, რომ შეგახვედროთ.

ვენედიქტე: – ღმერთი გიშველის.

მოახლე გოგო: – საქმე ბევრია, ჩაგაცმევენ, პურსაც გაჭმევენ.

ვენედიქტე: – გწყალობდეთ ღმერთი სიკეთისთვის... ბატონს რა ერქვა?

მოახლე გოგო: – ის ღმერთი იყო... ბატონზე მეტი...

ვენედიქტე: – თუ ღმერთი იყო, ცოლმა რისთვის გამოიგლოვა, ან ასე უცებ ვინ მოხიბლა და მიითვისა.

მოახლე გოგო: – დღეს დუმილს ვარჩევ.

ვენედიქტე:  –იგრძნობა, ცოლ-ქმარს ერთმანეთი არ ჰყვარებიათ.

მოახლე გოგო: – ჩემს  დიდ პატრონზე ვერ ვიტყვი მაგას. პირიქით, იგი მუდამ ცდილობდა, რომ ქალბატონის გული მოეგო, გულუხვი იყო, მდიდარიც გახლდათ..

ვენედიქტე: – რამ მოჰკლა ნეტავ!

მოახლე გოგო: – ვერაფერს გეტყვი... პანაშვიდები მოკლე გვქონდა, გლოვა – მცირედი.

 ვენედიქტე: –ეტყობა, ქალი თვალთმაქცობდა, ოინბაზობდა, სიცოცხლეშიც ღალატობდა თავის მეუღლეს.

 მოახლე გოგო: – როდესაც იგი სანადიროდ წაბრძანდებოდა... (ეს რა წამომცდაო, პირზე ხელს აიფარებს).

ვენედიქტე: – ჰო, თქვი, რას მალავ, ვინ  მიუტანს იმქვეყნად ამბავს.

მოახლე გოგო: – ქალის გული სხვას ეკუთვნოდა.

ვენედიქტე: – წყეულიმც იყავ!

მოახლე გოგო: – თქვენ ისე შფოთავთ, სჯობს, გავჩუმდე, აღარ გიამბოთ.

ვენედიქტე: – ელზა, იქნება, ცოტა წყალი დამალევინო.

მოახლე გოგო: – ჩემი სახელი საიდან იცით?

ვენედიქტე: – ერთ ნაცნობს ჰგავხარ, მიგამსგავსე, ელზად უხმობენ.

მოახლე გოგო: – აჰა, მიირთვი...

ვენედიქტე:  სული მოვითქვი, შემოვბრუნდი საიმქვეყნოდან.

მოახლე გოგო: – კიდევ ინებეთ.

ვენედიქტე: – გმადლობთ, მეყოფა, ხანძარი ჩაქრა.

მოახლე გოგო: – ულამაზესი საღამოა, დაგვნათის მთვარეც, ამ დროს ბატონი სასეირნოდ თან გვიახლებდა.

ვენედიქტე: – ვამჩნევ, ის კაცი ცოლზე მეტად შენ გყვარებია.

მოახლე გოგო: – ნუ იტყვი მაგას.

ვენედიქტე: – არავის ძალუძს, აუკრძა-ლოს ტრფობა ფარული, ან სახიერი, ვისაც იგი მოსურვებია.

მოახლე გოგო: – ერთხელ წამასწრო ქალბატონმა სხვანაირ მზერით, დამტუქსა ძლიერ, შემაჩვენა, ამითვალწუნა.

ვენედიქტე: – თვითონ ის კაცი ვერ ამჩნევდა შენს ლამაზ თვალებს?

მოახლე გოგო: – მის წინ ყოველთვის თავდახრილი მიწევდა დგომა.

ვენედიქტე: – ვიღაცა კოჭლი მოფარცუხობს, ჩვენსკენ ისწრაფვის.

მოახლე გოგო:  პოლიკარპეა, მთვარეული, სიზმართმრიცხველი.

პოლიკარპე: – ჩემი სალამი მთვარიანი ღამის აჩრდილებს.

ვენედიქტე: – სალამი, ძმაო.

მოახლე გოგო: – რას გვეტყვი ახალს.

პოლიკარპე: – მე რაც მიამბეს, თვითონ არ მჯერა.

მოახლე გოგო: – რაა ასეთი.

პოლიკარპე: – სასაფლაოზე, სამარესთან უნახავთ კუბო, მიცვალებული აღარა ჩანს, გაქრა უკვალოდ.

ვენედიქტე: – რა მოხდა ნეტავ, ვინ უარყო სიკვდილი წამით.

პოლიკარპე: – ეს არ მიკითხავს, ფაქტი იყო ჩემთვის მთავარი.

მოახლე გოგო: – ღამის დარჯმა თუ იცის რამე, მესაფლავეს უხმეს ამისთვის?

პოლიკარპე: – არას ამბობენ, მხრებს იჩეჩენ, ენა დაბმიათ.

მოახლე გოგო: – მოჩვენებები საფლავებსაც დაეპატრონენ, კურთხეულ მიწას ურწმუნონი ავერანებენ.

პოლიკარპე: იქვე ნიღბები უნახავთ, ხესთან.

ვენედიქტე: – ნიღბები ნახეს?

პოლიკარპე: – ქალის და კაცის.

ვენედიქტე: – (თავისთვის) ნუთუ მე შევცდი, ნუთუ..

მოახლე გოგო: – რაო, რას ჯავრობ.

ვენედიქტე: – სადღაც ვირის კუდს გამოვეკიდე.

პოლიკარპე: – ხანდახან უნდა შეუყეფო საკუთარ სინდისს, შეაფხიზლო, შეანჯღრიო გონება, რათა არ ენდო თვალებს, ცბიერია ზოგჯერ თვით წამიც, თავის ნებაზე წაგიყვანს და დაგიმორჩილებს.

მოახლე გოგო: – ეჰ, პოლიკარპე, ბრძენი ხარ და არავინ გისმენს.

პოლიკარპე: – სწორედ იმიტომ იტეხავენ საწყლები კისერს.

ვენედიქტე: – შინ შემობრძანდით.

პოლიკარპე: – თვითონ გიშვებენ?

მოახლე გოგო: – კარი ღიაა, შემოსვლას ითხოვს.

პოლიკარპე: – უკაცრავად... (ეს ვინააო, მოახლე გოგოს აჩვენებს).

მოახლე გოგო: – ახლობელია, ქალბატონს უცდის, შორი გზით ვეღარ დაბრუნდა ღამით.

პოლიკარპე: – ასე შორს ცხოვრობთ?

ვენედიქტე: – აქედან იქით არ ბრუნდებიან.

პოლიკარპე: – ამ ჯოჯოხეთში რამ მოგიყვანთ.

ვენედიქტე: – რად ამბობ ეგრე.

პოლიკარპე: – აქ, ამ ქალაქში ბოზებს და ქურდებს შემორჩათ საქმე.

ვინც ცხოვრობს, ისიც ნიღბით დადის, ხოლო ვინც ცოცხლობს, მარტოდენ ცოცხლობს.

ვენედიქტე: – ეგრეა ყველგან... სადაც არა ხარ, იქ უკეთესი გგონია, რადგან ვერაფერს ხედავ, თუ ვინ რას სჩადის.

პოლიკარპე: – ქვეყანა იქცა ვეება ცირკად, ბეწვს აგაცლიან, თუ არ იფხიზლე.

მოახლე გოგო: – ჩემი ბატონი ცირკს პატრონობდა, გაწვრთნილ ლომებთან იყოფდა ლუკმას.

პოლიკარპე: – სამაგიეროდ, მელამ აჯო-ბა, შემოეჩვია, მის ნადავლს ხრავდა.

ვენედიქტე: – (შეშფოთებული) თქვენ ეს იცოდით?!

პოლიკარპე: – ჩემს ბებრულ მზერას დააკლდა ჩინი, მაგრამ 
ჯერ კიდევ საკმაოდ ამჩნევს...

მოახლე გოგო: – შინ შემობრძანდით, მეორედ გიხმობთ.

პოლიკარპე: – უნდა დაგტოვოთ, ვერ გავძელ მარტომ, რომ ეს ამბავი ჩამეკლა ჩემში. თუ საიდუმლოს ვინმეს გაანდობ, ეს იმას ნიშნავს, ტვირთს იმსუბუქებ.

ვენედიქტე: – ვიღაც იძახის.

პოლიკარპე: – ეგ ბებრუხანა, ცოლია ჩემი.

მოახლე გოგო: – გავეგებები, ვიხმობ, მობრძანდეს.

პოლიკარპე: – მე თვითონ წავალ საკუთარ სახლში, საკუთარ საწოლს დავნაღმავ ძვლებით. (მიდის)

 ვენედიქტე: – (დაადევნებს) – ღამე ნებისა, კეთილო კაცო.

მოახლე გოგო: – ამ ხეიბარსაც, სიბერით სავსეს, თავის ჯაგლაგთან მიეჩქარება.

ვენედიქტე: – რად მოიწყინე.

მოახლე გოგო: – საცაა, მალე მოვა ზამთარი, აცივდა უკვე, მატულობს ქარი, მოფერების და სითბოს გარეშე ცოდვაა ქალი.

ვენედიქტე: – მშობლები ვინ გყავს, საიდან მოხველ.

მოახლე გოგო: – ცრემლიდან გავჩნდი.

ვენედიქტე: – ოჰო, ეს რა სთქვი.

მოახლე გოგო: – კი, ეგრე არის, ნამდვილად ეგრე, ცრემლი და ჭმუნვა მზრდის და მპატრონობს.

ვენედიქტე: – მოდი, შევთანხმდეთ, ვენდოთ ერთმანეთს, მე ვაღიარებ, რომ მომეწონე.

მოახლე გოგო: – თუ გულწრფელობას გულითვე უხმობ, შენს თავზე რატომ არაფერს იტყვი.

ვენედიქტე: – რატომაც არა, მაგრამ ამ ჭერქვეშ ჯერ ხომ ღამეც არ გამითევია.

მოახლე გოგო:  – მაშინ შევთანხმდეთ, დღეს მე გმასპინძლობ.

ვენედიქტე: – ქალბატონმა რომ აგვაწიოკოს?

მოახლე გოგო: – შენ დარდი ნუ გაქვს; წასვლის წინ ბრძანა, ხვალ მზის ჩასვლამდე სახლს ვუპატრონო.

ვენედიქტე: – რაკი ეგრეა, დავსხდეთ, ვილხინოთ, პურით და ღვინით წამლობა გვმართებს.

მოახლე გოგო: (სუფრას აწყობს) – აგერ დაბრძანდით.

ვენედიქტე: – მშიერ კუჭისთვის სულ  ცოტა კმარა, მაგრამ უღვინოდ ცოდვაა კაცი.

მოახლე გოგო: (კარდას აღებს, ბოთლები გამოაქვს) – ამოირჩიე, რომელიც გნებავს.

ვენედიქტე: – შენი ბატონი რომელს ირჩევდა.

მოახლე გოგო: – ძალიან ხშირად ამ ღვინოს სვამდა.

ვენედიქტე: – მეც მაგას დავლევ.

მოახლე გოგო: – როგორც გენებოთ.

ვენედიქტე: – რად მოიღრუბლე.

მოახლე გოგო: – საწყალი ჩემი კარგი ბატონი.

ვენედიქტე: – ვახსენოთ მაინც.

მოახლე გოგო: (ღვინოს პურზე ასხამს) – ღმერთო, მიჰგვარე!

ვენედიქტე: – ნამდვილად მჯერა, რომ ეს ღვინო და პურ-მარილი შენს ყოფილ ბატონს შეერგება, ღმერთია მოწმე.

მოახლე გოგო: – მე მუდამ მაინც მჯეროდა ღმერთის, თუმცა ჩემსკენ არ გამოუხედავს.

ვენედიქტე: – ერთხელ შენსკენაც ჩამოიქროლებს.

მოახლე გოგო: – გმადლობთ, კეთილი სურვილებისთვის.

ვენედიქტე: – მიცვალებულის შესანდობარს ბოლომდე სვამენ.

მოახლე გოგო: – რაკი ეგრეა, სულ გამოვწრუპავ.

ვენედიქტე: (ჭიქას ავსებს) – მოდი, ამ ჭიქით მზეს გაუმარჯოს, მწვანე ბალახებს რომ ამოწვერავს.

 მოახლე გოგო: – მაგ ბალახებში გულაღმა წოლილს ჩემთვის რამდენჯერ მიოცნებია.

 ვენედიქტე:  – გქონდათ მაგის დრო, რომ გეოცნებათ?

მოახლე გოგო: – ეგ ერთი შემრჩა, რისი წართმევაც დღემდე ვერავინ შეძლო მაცდურმა.

ვენედიქტე: – მუსიკა ჩართე, მოდი, ვიცეკვოთ.

მოახლე გოგო: – ვერ ვიზამ მაგას...  ჩემი ბატონი...

ვენედიქტე: – მისი მეუღლე არ დარდობს მაგას.

მოახლე გოგო: – ძალიან გინდა?

ვენედიქტე: – საკუთარ თავის გავხდეთ პატრონი, ხვალ, შეიძლება, სიზმრებად ვიქცეთ.


მოახლე გოგო მუსიკას ჩართავს. იწყებენ ცეკვას, უცებ ვენედიქტე შეყოვნდება.


 ვენედიქტე: – ალბათ მესიზმრა, თუ როგორ მოხდა, თითქოს ამ სახლში ვცხოვრობდი ადრე... აქ, ამ კედელზე, სურათი მახ-სოვს.

მოახლე გოგო: – თქვენ მართალს ბრძანებთ... მისი პორტრეტი ბატონმა მხატვარს დაახატვინა.

ვენედიქტე: – სად გაქრა მერე?

მოახლე გოგო: –  ნერვებს მიშლისო, თქვა ქალბატონმა, ჩამოხსნეს წამში და გადამალეს.

ვენედიქტე: – გმადლობთ, უფალო, რომ სახლი ესე დროულად დავთმე და განვერიდე.

მოახლე გოგო: – მგონი, დათვერით, მგონი, ურევთ, მგონი... აბოდებთ...

ვენედიქტე: – ძლიერი ღვინო ჰქონია ბატონს, წამომახურა, შემყარა ბნედას.

მოახლე გოგო: – ნამგზავრს და დაღლილს მოსვენება გჭირდებათ მშვიდი, ლოგინს გავშლი, მოისვენეთ, ასე აჯობებს.

ვენედიქტე: – ბატონის ტახტი შებილწა ვინმემ?

მოახლე გოგო: – მაგას  რად  ამბობ?

ვენედიქტე: – მაშ, იქ დავწვები.

მოახლე გოგო: – ამას ვერ ვიზამ... თუნდ შემრისხო და შემაჩვენო. ბატონის საწოლს ვერ ვაკადრებ ხელის შეხებას.

ვენედიქტე: – თვითონვე შევძლებ!


საწოლს აშლის, შიგ შეგორდება, მოახლე გოგო  გაკვირვებული დასჩერებია, არ იცის, რა ჰქნას.


ვენედიქტე: – გავხდები წამით შენი ბატონი. რამ აგაღელვა, აქ მოდი, ჩემთან.

მოახლე გოგო: – ნუ მეტყვი მაგას.

ვენედიქტე:  –შენ ხომ ბატონი გიყვარდა თურმე...

მოახლე გოგო: – მე კი მიყვარდა, ეს მართალია...

ვენედიქტე: – ჰოდა, სანამდე ბატონის საწოლს სხვა შელანძღავდეს, ნუ შიშობ... მოდი.

მოახლე გოგო: – რა მემართება, თვითონ არ ვიცი, საკუთარ ფეხებს მოვყავარ შენსკენ.

ვენედიქტე: – ფეხებს კი არა, გრძნობებს მოჰყავხარ, ღმერთი განაგებს ჩვენს ნება-სურვილს.მოახლე გოგო: – (პირჯვარს იწერს) – ღმერთო, ძლიერო, შემინდე უძლურს.

ვენედიქტე: – წარმოიდგინე, რომ გემი გიცდის, გრძნობის ტალღები ატორტმანებენ.

მოახლე გოგო: – მაგრამ თუ იმ გემს დაღუპვა ელის?!

ვენედიქტე: – მხოლოდ ვნებებში ჩაიძი-რება.

მოახლე გოგო: – რაც არის, არის, ბედის განაჩენს თვალდახუჭული ვნებდები წამით.

საწოლისკენ მიდის, ვენედიქტე ხელს დასტაცებს, ლოგინში შეიგორებს.


ვენედიქტე: – მიცვალებულთან წოლილხარ დღემდე?

მოახლე გოგო: – რას ამბობ, ხუმრობ?!

ვენედიქტე: – შენ ხომ დარწმუნდი, რომ ცოცხალი ვარ.

მოახლე გოგო: – მკვდრად ვინ შეგრაცხა.

ვენედიქტე: – ჩემმავე თავმა.

მოახლე გოგო: (თითქოს ახლა გამოერკვა ბურუსიდან, შეფხიზლდა) – ოი, ქალურო სულმდაბლობავ, ხეირიანად არც კი გიცნობ, მაინც დაგნებდი.

ვენედიქტე: – რაც გსურს, დამარქვი, მე თანახმა ვარ, ოღონდ შენს ალერსს ნუ მომანატრებ. ჩამძირე ფიქრში, მაჩუქე კოცნა, გავამთლიანო დაღლილი სული.

მოახლე გოგო: – ბახუსმა იცის გონის ამღვრევა, მეც შენთან ერთად ამაცუნდრუკა.

ვენედიქტე: – ხანდახან ღვინო წამალსაც სჯობნის, გალხენს, გამშვიდებს, მიგაფრენს ცისკენ.

მოახლე გოგო: – ვერ შეგელევი საფრენად ცისთვის. (მკლავებს შემოხვევს, დაეწაფება, კოცნის)


       ოთახში სიბნელე ისადგურებს.


სიზმარი


ვენედიქტე, ხელში მათრახით, ცირკის ცხოველთა სათავსოში დადის, ირგვლივ კლოუნები ახვევიან, ცარიელ გალიასთან შეჩერდება.

 

ვენედიქტე: – სად არის ლომი, რად ვერ ვამჩნევ მის ბრწყინვალებას?

პირველი კლოუნი: – დაბერდა იგი, მირთმეული სხვისი ულუფით, სხვისი ხელებით მიტანილმა ლუკმამ დაღუპა. წევს კუჭშეკრული და ოყნებით კუჭს უგრილებენ.

ვენედიქტე: – მგლები?

მეორე კლოუნი: – მგლები ცალ-ცალკე, რახანია, ქუჩებს მოედვნენ, ბასრი კბილებით ფლეთენ, ვისაც დაიხელთებენ, ხოლო თუ მოხდა, ერთი ღამეც მშიერი დარჩნენ, იმას ცდილობენ, რომ ერთმანეთს ყელი გამოსჭრან.

ვენედიქტე: – მაიმუნები?

მესამე კლოუნი: – მაიმუნები, ვით ყოველთვის,  მაიმუნობენ. მომრავლდნენ ძლიერ. დაინახავ, კაცი გგონია, ახლოს გაიცნობ, უცებ იგრძნობ, რომ კუდს მალავდა.

ვენედიქტე: – გველი სპინოზა?

მეოთხე კლოუნი: – გველი სპინოზა დასისინებს და იკლაკნება, მაგრამ ბავშვები დასცინიან სასოწარკვეთილს. დღეს მისი შხამი მურაბაა, სხვა არაფერი, ასეთი შხამით, რახანია, ხალხს მკურნალობენ.

ვენედიქტე: – დაგიკარგიათ ლუკმაპური... როგორ არსებობთ...

პირველი კლოუნი: – იმედს ვკიდივართ.

ვენედიქტე: – როდესაც მეფეს სჭირდება ოყნა, როდესაც მგლები ერთმანეთს ჭამენ, მაიმუნები მაიმუნობენ, შხამი ქცეულა მურაბად, თაფლად, გაგიჭირდებათ. ო, რა დროს მოვკვდი, იქნებ მეშველა, გადამერჩინეთ, უსუსურებო.

მეორე კლოუნი: – შენ არ მომკვდარხარ, რომ მკვდრეთით აღსდგე... მეორედ მოსვლით უნდა გვიშველო.

ვენედიქტე: – კუანა ლომით ვის გააკვირვებთ. სხვა რაღა დაგრჩათ თოკების გარდა. ალბათ თოკებიც ისე დაძველდნენ, რომ დაეკიდო, გიღალატებენ. გამოსავალი იქნებ ჩვენშია, თვითონვე გვეძებს და გვითვალთვალებს.


ჩამოსხდებიან.


მეორე კლოუნი: – ვიფიქროთ ერთად.

ვენედიქტე: – ჰო, გამახსენდა, რომ ცოცხალი ვარ.

მეორე კლოუნი: – ეს ჩვენც გითხარით ცოტა ხნის წინათ.

ვენედიქტე: – თქმა არას ნიშნავს...

უნდა დარწმუნდე და მე დავრწმუნდი.

შეხედეთ ამ თითის!

კლოუნები: (ერთად) – სისხლი!

ვენედიქტე: – სისხლია ჩემი, ჯერ კიდევ ბორგავს, ო, რა თბილია! (სისხლიან ხელს ტუჩებთან მიიტანს) და სანამ იგი გაიყინება, უნდა  ვუშველოთ.

კლოუნები: – უნდა უშველო!

ვენედიქტე: – (ისევ ასწევს სისხლიან ხელს) – ხომ წითელია?

კლოუნები: – კი, წითელია.

ვენედიქტე: დაიმახსოვრეთ მისი ფერი გაწყალებამდე.

კლოუნები: – ვხედავთ და გვახსოვს.

ვენედიქტე: – ახლა კი წადით, ფარდის უკან გაუჩინარდით, ნუ შეერევით ამ ხალხს, ამ  ბრბოს, ამ სალახანებს.

პირველი კლოუნი: – ამ ფარდის იქით ბაყაყების ყიყინი ისმის.

მეორე კლოუნი: – ისე  მომრავლდნენ, სიმშვიდე გაქრა.

ვენედიქტე: – გუბეებს უნდა ამოშრობა, მზის სხივებს უხმეთ.

პირველი კლოუნი: – ყიყინი ლამის სიმღერად იქცეს, ეჩვევა ყური და ითავისებს.

ვენედიქტე: – მაგათი სიბრძნე ერთობაშია, რომ ხტუნაობენ, ფრენა їგონიათ.

ვენედიქტე: – აბა, ნახვამდის!

კლოუნები: – იფიქრე ჩვენზე!

კლოუნები გადიან, რჩება მარტო ვენედიქტე.


ვენედიქტე: (საათს დახედავს) – როდის ყოფილა, მიცვალებული დროს ინიშნავდა. არსად ელიან, არსად მიდის, არ ეჩქარება. ეს კი ტიკტიკებს, დროს მაჩვენებს, არ ჩამორჩეო.


მოიხსნის საათს, გადააგდებს.


მოთავდა, მორჩა. დრო მოვისროლე. დღეიდან აღარ მეცოდინება, რა დროში ვცხოვრობ. ნურც თქვენ დამძრახავთ, თუ ხანდახან აღრევა მოხდეს, თუ წინ გავუსწრო, რასაც უნდა ელოდო ხშირად.

ხმა: – ფარდა, მაესტრო, ფარდა დახურეთ, ყვავილის ნაცვლად ტყვიას ისვრიან!


მეორე მოქმედება


ვენედიქტე: გამომეღვიძა თუ სიზმარში ვარ?!

მოახლე გოგო: ნეტავი მართლა სიზმარი იყოს. ვიფრენდი შენთან, ღმერთებთან ახლოს...

ვენედიქტე: – და რომ დაფრინავ, ამას ვერ ამჩნევ?

მოახლე გოგო: – დამცინით!

ვენედიქტე: – რომ თავი შენში აღმოვაჩინე, ეს აღმოჩენა იმდენად ფასობს, მე შემიძლია, თავს შეველიო.

მოახლე გოგო: – თუ მართალს ამბობ, გთხოვ, დაიფიცო.

ვენედიქტე:  ვინ მრჯის ტყვილისთვის.

მოახლე გოგო: დანაშაული რომ გაპატიონ, გიხდება თავის გამოგონება.

ვენედიქტე: – აღმოვაჩინე, რომ ისევ ვცოცხლობ, არსებობისთვის გიხდი მადლობას.

მოახლე გოგო: – მე მეშინია, რომ არ გავგიჟდე და თქვენ მიზეზად დაგასახელონ.

ვენედიქტე: – რა ჩაიფიქრე?

მოახლე გოგო: – ნიკაპთან ისეთ ჭრილობას გამჩნევთ, როგორც ჩემს ბატონს  შვენოდა ძლიერ.

ვენედიქტე: – თანდათანობით მეჩვევი, მსწავლობ.

მოახლე გოგო: – ძაღლის ხმა ისმის.

ვენედიქტე: – იყეფოს ძაღლმა.

მოახლე გოგო: – მგონი, მიჩუმდა, ეს იმას ნიშნავს, მომსვლელი იცნო, შინაურია.

ვენედიქტე: – უცნობი ნაცნობს ვერ შეჰყრის სნებას.

მოახლე გოგო: – მე ხომ ქალი ვარ...

ვენედიქტე: – ნუ გადავუსწრებთ მოვლენებს, ვნახოთ, რა ბედი გველის, ან რას გვპირდება.


              კარზე აბრახუნებენ.


მოახლე გოგო: – კარებს გავაღებ.

ვენედიქტე: – ახლა ის დროა, გაღებულ კარს უნდა ხურავდე.

მოახლე გოგო: – გავილანძღები, გამჭორავენ, რაღა ვქნა ახლა.

ვენედიქტე: – უნდა გაექცე ჭორებს და რისხვას.

მოახლე გოგო: – ვინ შემიფარებს სახელგატეხილს.

ვენედიქტე: – დრო შეგიფარებს, ამ დროში მეც ვარ.

მოახლე გოგო: – ბოლომდე დამწვი და მოვისვენებ.

ვენედიქტე: – არ მიყვარს ფერფლი.

მოახლე გოგო: – საცაა მოვა, რა დავახვედრო ქალბატონს, ჩემი გაუგებრობა?!

ვენედიქტე: – ჩვენი ამბავი უამბე ტკბობის.

მოახლე გოგო: – გაგიჟდი?! მომკლავს.

ვენედიქტე: – მაშინ უთხარი, რომ მე დავბრუნდი.

მოახლე გოგო: – დაბრუნდი?!

ვენედიქტე: – დიახ, დავბრუნდი, რათა მეხილა, რაც ჩემს ზურგსუკან უჩემოდ ხდება. 

მოახლე გოგო: – თქვენ ისევ ხუმრობთ!

ვენედიქტე: – ჭეშმარიტებას გკარნახობ, გეტყვი, რომ ვერ დავმალე შენს გამო თავი.

მოახლე გოგო: – კი, მაგრამ, ვინ ხარ...

ვენედიქტე: –ვინც შენ მოგწონდა, ღელავდი, წუხდი, წუხილს მალავდი და დუმილს ენდე.

მოახლე გოგო: – თქვენ ხუმრობთ, ხუმრობთ... მე მართლა ვწუხვარ, რომ სასაცილო გახადეთ ნდობა.

ვენედიქტე: – მე ვითამაშე გარდაცვალება.

მოახლე გოგო: – ჭკუიდან შემშლით!

ვენედიქტე: – ახლა სინათლეს მოვყავარ შენსკენ, თავდავიწყებით მოვყავარ ახლა.

მოახლე გოგო: – გმადლობთ იმისთვის, რაც გამაგონეთ.

ვენედიქტე: – შენ მზე ხარ ახლა, ღრუბლებს რომ გასცდა და ჩემს საწოლზე მოიკალათა.

მოახლე გოგო: – ღმერთო, მიშველე, ბედნიერი ვარ.

ვენედიქტე: – მე ორჯერ მეტად.

მოახლე გოგო: – მაგრამ, როგორც კი გამოჩნდება ის ქალბატონი, არარაობად ვიქცევი ისევ, თვალთახედვიდან დავიკარგები.

ვენედიქტე: – ნუ შიშობ, ფიქრი უსუსურია და თავის ნებით განიდევნება.

მოახლე გოგო: – კარებზე ისევ აბრახუნებენ.

ვენედიქტე: – იყუჩე, კარებს თვითონ გავაღებ.


ღია კარებში გამოჩნდებიან კლოუნები.


პირველი კლოუნი: – აქ არის, მოდით, გვეპატიჟება.

ვენედიქტე: – ცრუობ, ორპირობ, არავინ გიხმობთ.

მეორე კლოუნი: – ჩემი სალამი მკვდარსა და ცოცხალს.

მოახლე გოგო: – რა სურთ, რას ბჭობენ.

პირველი კლოუნი: – მოკვდა, დაბრუნდა, რომ ანგელოზთან რაღაც საერთო გამოენახა.

მოახლე გოგო: – მე კარგად გიცნობ...

მეორე კლოუნი: – იქნებ მეც მიცნობ.

მოახლე გოგო: – რატომაც არა. თვალით მინახავს, ცეცხლიან  წრეში მირეკავ ლომებს.

მესამე კლოუნი: – ჩემზე რას იტყვი.

მოახლე გოგო: – თქვენზე ვერაფერს.

მესამე კლოუნი: – მე სიზმრებს ვყიდი და პურს ვყიდულობ.

ვენედიქტე: – ვინ დაგპატიჟათ, ძილს აღარ მაცლით.

მესამე კლოუნი: – სიზმრების დროა, გამოგეცხადეთ, რომ სიზმარ-ცხადი ავამეტყველოთ.

პირველი კლოუნი: – იქ, სამოთხეში თუ გიფიქრიათ, რა ხდება აქეთ, ან რისთვის ხდება.

ვენედიქტე: – თქვენ როგორ ფიქრობთ, სამოთხე დავთმე, რომ ჯოჯოხეთში თქვენთან მეცხოვრა?!

მეორე კლოუნი: – ძალიან გვიჭირს, ფული გვჭირდება. 

ვენედიქტე: – ფული მეც მინდა.

პირველი კლოუნი: – გაყიდეთ რამე, თქვენი სიმდიდრე  წარმოუდგენლად კაშკაშებს – ბრწყინავს.

მოახლე გოგო: – რაო, რა უნდათ?

ვენედიქტე: – პანღური უნდათ, სხვა არაფერი.

პირველი კლოუნი: – მიცვალებული ვერ შეგვაშინებს.

ვენედიქტე: – თქვენს სითამამეს მივესალმები – მაგრამ ამ-
ჯერად უნდა დამტოვოთ.

მეორე კლოუნი:  – გაყიდეთ რამე, თუნდაც როიალს შეელიეთ, ის ძვირად ფასობს.

მოახლე გოგო: – ამ როიალში უამრავი სიმღერა სახლობს. კლავიშებს თითებს თუ შეახებთ, თქვენ დარწმუნდებით, რომ მღერის სახლიც, დაფრინავენ ცაში კედლებიც.

მესამე კლოუნი: – ქმარი მკვდარი ჰყავს, გამოიგლოვა და შენს ქალბატონს რა ემღერება.

ვენედიქტე: – თქვენ მართალს ბრძანებთ.

მოახლე გოგო: – აბა, თქვენ  ვინ ხართ, ამბობთ რომ...

ვენედიქტე: – მე აჩრდილი ვარ, სხეულს რომ დარჩა,  დადის, რომ იქნებ სიმშვიდე იგრძნოს.


კარებში თავს შემოჰყოფს პოლიკარპე.


პოლიკარპე: – შემოვიპარე, მეხილა, მსურდა, რა ხდება ღამით, შემოვჰყევ მთვარეს.

მოახლე გოგო: – არ გეძინებათ?

პოლიკარპე: მე  ქუჩა-ქუჩა ჭორებს ვაგროვებ, ჩემს ბებრუხანას რომ ჩავუკაკლო.

ვენედიქტე: – აქ ტყვილს და მართალს ერთი ფასი აქვს, შენც შეგიძლია, რაც გინდა, ის თქვა.

პოლიკარპე: – იმდენი ტყვილი ვუამბე გუშინ, ძლივს მოვაბრუნე, წყალი ვასხურე.

მოახლე გოგო: – მაინც ასეთი რა სთქვი, მოხუცო.

პოლიკარპე: – ის ვთქვი, რომ ზოგი სიკვდილშიც კვდება, რომ უძილოდაც  ვნახულობ სიზმრებს. რომ მიწაც კვდება, თუ ზეცამ ხშირად არ დააფრქვია ცრემლები წვიმის.

მოახლე გოგო: – ცოლმა რა გითხრათ?

პოლიკარპე: – შუაღამისას, მთვარეულივით, ღია ფანჯრიდან გადაიპარა და სახლის თავზე გოდებას მოჰყვა.

ვენედიქტე: – მიზეზი ამის?!

პოლიკარპე: – შიში დაჰკარგა, დრო  დაჰკარგა, სიბერეს უფრთხის. სახლისთავიდან უფრო ვგრძნობო ზეცის სუნთქვას, მარწმუნებს ხშირად.

მოახლე გოგო: – საკვირველია, საწუხარი, გასაოცარი.

პოლიკარპე: – ცარიელია სახლი, სადაც მე ვცხოვრობ, თითქოს ვხედავ, ეს სახლიც ცარიელდება, გული მიკვდება.

ვენედიქტე: – რა უნდა, რას წუხს.

მოახლე გოგო: – გამოჩერჩეტდა, წუწუნებს მუდამ.

ვენედიქტე: – ამ სახლს რის გამო შემოეჩვია.

მოახლე გოგო: – არ დაგიმალავ, უყვარს ის ქალი...

ვენედიქტე: – ვინ ქალი უყვარს.

მოახლე გოგო: –  ჟოზეფინასთვის სულსაც გაჰყიდის.

ვენედიქტე: – რა თქვი? ერთხელაც გაიმეორე!

მოახლე გოგო: – შეჰყვარებია თავდავიწყებით, მე გამიმხილა.

ვენედიქტე: – ხა, ხა, ხა.

მოახლე გოგო: – ჰო, რა გაცინებს, რად ხარხარებ, ხომ არ გაგიჟდი.

ვენედიქტე: – მოხუცებს ხშირად სურვილი აღრჩობთ ცრუ სიყვარულის, ცრუ შეყვარების.

მოახლე გოგო: – რა უფლება გაქვს, რომ დაუშალო.

ვენედიქტე: – არც მიფიქრია. მაღიზიანებს, ხეპრე ფიქრი ვირს რომ გამსგავსებს და ყროყინს იწყებ, სხვა ვირებმაც რომ იყროყინონ.

მოახლე გოგო: –  გატყობ, გაცხარდით.

ვენედიქტე: – მეც დავბერდები და მაშინ ვიგრძნობ ბებერ ფიტულში სულის სიმშვიდეს.

პოლიკარპე: – ნახვამდის, ძმებო. წავყვები ბილიკს, ვიდრე მინათებს მთვარე და მყოფნის  თვალის სინათლე ჩრდილს შევაგუო.

მოახლე გოგო: – საბრალო კაცი, უიმედოდ კვდება და წვალობს, ერთი დღე მაინც გამოსტყუოს როგორმე გამჩენს, რომ შვება იგრძნოს უიმედო იმედისათვის.

პირველი კლოუნი: – იმდენი რამე ხდება ამქვეყნად, თუნდაც ამ სახლში, გაგიკვირდებათ.

მეორე კლოუნი: – გაოცებისგან გავოცდეთ ლამის.

ვენედიქტე: – ალაპარაკდით, რომ შერცხვეს ღამეს, გაუჩინარდეს და მიგვატოვოს.

პირველი კლოუნი: – ასე მგონია, სიზმრებში ვცურავ, თუ არ ვიჩქარეთ, ჩავიძი-რებით.

 ვენედიქტე: – სიფხიზლე გმართებთ.

 მესამე კლოუნი: – გვმართებს სიმშვიდეც, რომ აღელვებამ წონასწორობას არ უღალატოს.

ვენედიქტე: – მოუხმეთ ჭკუას, დროს დაელოდეთ.

პირველი კლოუნი: – მაგრამ დრო კვდება ამ მოთმენაში.

მეორე კლოუნი: – უარით გვიშვებ?

ვენედიქტე: – გავყიდი სინდისს თუ თქვენ ინებებთ, ვალს გადაგიხდით, ოღონდ გახსოვდეთ, უსინდისობით ნაშოვნი ფული კარგს არ გიქადით.

მეორე კლოუნი: – შენ ფული მოგვეც, დაგვასაჩუქრე, ჩვენს სინდისს მერე თვითონ ვუშველით.

მოახლე გოგო: – არ ქნა, როიალს არ შეელიო.

ვენედიქტე: – იყუჩე, ქალო, თავს შეველიე და როიალი რა ბედენაა.

მოახლე გოგო: – ის ჩემს ქალბატონს მზითევში მოჰყვა.

ვენედიქტე: – რად ვერ გაიგე, რომ ქალბატონი გაიქცა, გაქრა, აღარ არსებობს.

მოახლე გოგო: – ღმერთო, გვიშველე, გამოჩნდა ისიც.


ჟოზეფინა შემორბის ოთახში, აქეთ-იქეთ იხედება, ყველაფერს ათვალიერებს.


ჟოზეფინა: – აქ რას ჟღურტულებთ, ვინ მოგცათ ნება, მიისაკუთროთ, რაც წუთით დავთმე.

მოახლე გოგო: (დაბნეული) – გავერთეთ, ისე...

ჟოზეფინა: – რაო, რა ჰქენით?

მოახლე გოგო: – მომწყინდა მარტო და მშველელეს ვუხმე.

ჟოზეფინა: – შენ დაისჯები თავხედობისთვის.

ვენედიქტე: – თქვენც, ქალბატონო, თქვენც დაისჯებით.

ჟოზეფინა: – ეს ვინღა არის, სახეს რომ მალავს.

ვენედიქტე: – (მკვეთრად შემობრუნდება ჟოზეფინასკენ) მკვდარი დაბრუნდა.

ჟოზეფინა: (შეშფოთებული) – ვინ მოგცათ ნება, ასე იხუმროთ, ისიც ჩემს სახლ-ში, ჩემს მსახურებთან.

ვენედიქტე: – დღეიდან სახლის მსახური თქვენ ხართ, ფლიდი, ორგული და გამყიდველი.

ჟოზეფინა: – როგორ მიბედავთ! ვინ ხართ, რა გინდათ, ან აქ, ჩემს სახლში საიდან გაჩნდით.

ვენედიქტე: – დავბრუნდი, რათა უკეთ მეხილა ჩემში, ჩემს იქით რა არსებობდა.

ჟოზეფინა: – ო, ღმერთო ჩემო, რა ცუდად ხუმრობთ, უხეშობთ კიდეც, რომ გავმძვინვარდე.

მოახლე გოგო: – არა, არ ხუმრობს, ვენედიქტეა.

ჟოზეფინა: – ის ხომ დავმარხეთ.

ვენედიქტე: – სწორი ბრძანდებით. თქვენ ის დამარხეთ, მაგრამ დაბრუნდა საღსალამათი.


შემოდის ანტონი


ანტონი: – შემაგვიანდა!

ვენედიქტე: – მობრძანდით, ანტონ!

ანტონი: (შეშფოთებული) – ვენედიქტე ხარ?!

ვენედიქტე: – კი, უნდა ვიყო.

ანტონი: – შენ ხომ... მობრუნდი? გიცქერ თუ სიზმარში ვარ.

ვენედიქტე: – მსურდა, საკუთარ თვალით მენახა, სხვისი თვალები როგორ მიცქერდნენ.

ანტონი: (გაკვირვებული) – ხომ მოკვდი ერთხელ.

ვენედიქტე: – იმდენჯერ, ალბათ, რამდენჯერ ცოლიც შენთან მოჰყავდა საკუთარ ფეხებს.

ანტონი: – კი, მართალი ხარ, მოჰყავდა ფიქრებს, ოცნებებს, წუთებს და ჩვენ ვტკბებოდით ბედნიერებით.

ჟოზეფინა: – ვინ დაამტკიცებს, რომ მკვდარი ღამით დბრუნდა სახლში და გვასამართლებს?

ვენედიქტე: – მსაჯულებს ვუხმოთ, გაგვასამართლონ.

ანტონი: – მოწმეებს, ყველას, სიტყვა რომ ეთქმით.

მოახლე გოგო: –  მოწმე მთვარეა, სხვაც ბევრი კიდევ.

ანტონი: – რა იქნა კუბო, ნივთმტკიცებად გვჭირდება ცოცხლებს.

პირველი კლოუნი: – იმ კუბოს სულ სხვა დაეპატრონა, გაჰყიდეს, ჩაფლეს და მიწას მისცეს.

ვენედიქტე: – მოგვიწევს ფიქრის გასამართლება, მან მაი-
ძულა, რაც ჩავიდინე.

ჟოზეფინა: – ფიქრი როგორღა გავასამართლოთ?

ვენედიქტე: – ვუხმოთ სხვის ფიქრებს,  სხვის გაოცებას, რაც არ შეუშლის ხელს ჩვენს სამართალს.

ანტონი: – თქვენ როგორ ფიქრობთ, მტყუან-მართალი რა ნიშან-წესით გამოირჩევა.

ვენედიქტე: – ღალატისათვის სასჯელს იხდიან.

მოახლე გოგო: – ღალატს ვერაფრით გავასამართლებთ, რადგან სიყვარულს არ სჯიან არსად.

პირველი კლოუნი: – ვთქვათ, ჟოზეფინა ანტონს უყვარდა?

მეორე კლოუნი: – ასე გამოდის.

პირველი კლოუნი: – ვენედიქტე და მოახლე გოგო?

მეორე კლოუნი: – გვარწმუნებენ, რომ მათაც უყვართ...

მესამე კლოუნი: – სიყვარულისთვის მოწმე არსებობს?

პირველი კლოუნი: – სიყვარულს მოწმე რისთვის სჭირდება?

 მესამე კლოუნი: – უსუსურობის დასამტკიცებლად.

პირველი კლოუნი: – ვის როიალი?!

მეორე კლოუნი:  – ვინც კარგად უკრავს.

პირველი კლოუნი: – ვის ჟოზეფინა?

მეორე კლოუნი: – ვინც კარგად ხმარობს.

პირველი კლოუნი: – მოახლე გოგო?

მეორე კლოუნი: – ვინც მისთვის დნება.

ჟოზეფინა: – ქუჩის კლოუნებს ვინ მისცათ ნება, გაგვასამართლონ, ვინ უხმოთ, რა რჯით.

პირველი კლოუნი: – ჩვენ ყველა ტყვილმა აღმოგვაცენა, და ამ ტყუილში ხელს როგორ ვურევთ, დრომ შეაფასოს.

მეორე კლოუნი: – რა ვქნათ, ტყუილიც გავასამართლოთ?

პირველი კლოუნი: – ტყულს გარეშე უჭირს სიმართლეს.

მეორე კლოუნი: – ვუხმოთ სიმართლეს.

პირველი კლოუნი: – იგი თავის თავს  ტყუილში ეძებს.

ანტონი: – მაშ, ყვეალფერი ტყვილი ყოფილა.

ჟოზეფინა: – ამას რად ამბობ!

ანტონი: – სიმართლისაკენ მიგვათრევს ტყვილი. და თუ სიმართლეს დავემალებით, უმეცრებაში გადავინაცვლებთ.

ვენედიქტე: – გამოიგონა სიკვდილი ღმერთმა, რომ დაესაჯა ადამიანი. ვერ უერთგულა ღვთის შვილმა სინდისს. ვერც უკვდავებას დაუთმო დრო, რომ მარადიულში გვენახა შვება.

დრო ჭედდა ბორკილს მონებისათვის, რამეთუ მონა მორჩილად იტანს ყოველგვარ წყრომას და ეგუება მათრახის წივილს, კანს რომ უჭრელებს ადამიანებს.

გავს უკვდავება დამსხვრეულ სიბრძნეს, ჟამიდან ჟამში რომ ეძებს საშველს და უსაშველოდ ფლანგავს თავის თავს, რომ ამოწუროს სიბრძნიდან სევდა, რომ მოუმატოს ტკივილი ტკივილს და ფერდაკარგულ, ურჩ სიხარულებს აჩუქოს რწმენა მარადისობის.

მიფრინავს წამი, ბრუნავს სამყარო და სივრცეებში ჩაკარგულ დროებს იმეორებენ წლები, ის წლები, რომლის გარშემო ტრიალებს ფიქრი, განცდა, სიმშვიდე და ნეტარება.

არავის ისე არ შეუძლია, ტკიოდეს სული, ვით ადამიანს, რომელსაც მისცეს სასჯელად რწმენა, რომ იყოს მუდამ მოშიში ღმერთის, თაყვანს სცემდეს და სიმშვიდით ზიდოს შიში ვეება უსასრულობის, რომლის გარეშეც უმწეო სულში ჩასახლ-დებიან მოლოდინები და ღამურებად ქცეულ ნუგეშებს გამოეცლებათ ხელიდან ღამე ვარსკვლავთნათებით და ფერთა მსხვ-რევით.

რა მარტივია სიცოცხლე, უმზერ, შენს თვალწინ როგორ ფერმკრთალდებიან მოგონებები და უსახური ხდება წარსული, რომლის გარეშეც იწყებ თავიდან გამოგონებას გარდასახისათვის, რომ კვლავ იპოვო ის მოლოდინი, შენს ფიქრებში რომ გამოიგონე, მომავლის ხილვის უარყოფისათვის გუშინ რომ გკბენდა, გიღრღნიდა სურვილს, გებრძოდა  განცდის აღსასრულისთვის და შეუღწეველ ლაბირინთებში გეძებნა ლანდი, რომელიც დათმე, რომ ლანდის იქით გეპოვა თავი.

რა პატარაა სამყარო ზოგჯერ და რა დიდია, როცა ფიქრს იქით ოცნებებს სჯიან თავნებობისთვის.

რა დიადია განცდა, რომელიც გულს და გონებას ვერ ეგუება და ცდილობს, ჰპოვოს თავშესაფარი განცდებისათვის ყოფიერების.

წუთისოფელის მწარე იმპულსებს მოაქვთ შეგრძნება, რომ  იგრძნო თავი ამ კოსმიური დიდების მტვერში ცოცხალ არსებად, რომელიც ცდილობს, ალღო აუღოს მომავლის სუნთქვას, ზურგი აქციოს გაუგებრობას და ჩნდება, როგორც ღამეში ფერი, ციცინათელებს რომ მოაქვთ ქვეყნად ჩაქრობ-ანთებით, წყვეტილი სევდით.

ვიგონებთ ახალს, რაიც ძველია და ობმოდებულ, ხავსიან დროში მოუსვენრობა დაეძებს საშველს, რომ ამოწუროს დრო წუთიერში, ნახულობს სუნთქვას და ამ სუნთქვაში ჩახლართულ დროჟამს გრძნობს პლანეტები, რომელთაც უჭირთ ტარება ტვირთის, რასაც სიცოცხლე ჰქვია და არ სურთ, სიცოცხლისათვის დახარჯვა დროის, რომელიც თვითონ  გამოვიგონეთ გახანგრძლივებულ მოგონებებში, რომ გაკვირვებას წამოვეხმაროთ, ვგრძნობდეთ გაყინულ მარადისობას.

გამოიგონა სიკვდილი ღმერთმა.

ღმერთი ჩვენ თვითონ გამოვიგონეთ სიკვდილ-სიცოცხლის გასამართლებლად, უკმარისობის დასათრგუნავად, რომ საკუთარ თავს გავექცეთ ზოგჯერ და დავანახოთ უსასრულობას, როგორ დაეძებს დაღლილი ლანდი საკუთარ  სხეულს, რომელიც თვითონ უარყო ერთ დროს.

პირველი კლოუნი: – ჩვენ, კლოუნები, რისთვისღა გავჩნდით?

ვენედიქტე: – ეს თქვენს თავს ჰკითხეთ!

მეორე კლოუნი: – რას ბრძანებთ კიდევ!

ვენედიქტე: – ჩამოაფარეთ ნისლის ფარდა მარადისობას...

ჟოზეფინა: – ვის დავემალოთ.

ვენედიქტე: – სირცხვილს და ნამუსს.

პირველი კლოუნი: – ჩვენ, კლოუნები, რა გზას დავადგეთ?

ვენედიქტე: – დროს გაეყარეთ, რომ ახალ დროში რამე ახალი აღმოაჩინოთ.

მეორე კლოუნი: – მე იგი უკვე აღმოვაჩინე.

პირველი კლოუნი: – თქვი, რას გულისხმობ.

მეორე კლოუნი: – ჭეშმარიტებას.

ჟოზეფინა: – მე მინდა, ფარდის მიღმა აღმოვჩნდე.

ანტონი: – მეც ეგრე მინდა.

ვენედიქტე: – ჩამოვაღამოთ და ძილში გავქრეთ.

ანტონი: – გავქრეთ?!

ვენედიქტე: – ჰო, უნდა გავქრეთ, რადგან სიზმარი თვალთახედვიდან იმწამსვე ქრება, როცა სინათლე მოგვიკაკუნებს.

ჟოზეფინა: – მერე, სინათლე? სად არის იგი.

ვენედიქტე: – ილოცეთ, რათა სინათლეს შერჩეთ ლანდებად, ხსოვნად და სიბრალულად.

ჟოზეფინა: – მერე ხატები?

ვენედიქტე: – ჩვენ უნდა შევქმნათ, ფრთებიც ვიპოვოთ, რათა ღრუბლებში გადავინაცვლოთ.

ჟოზეფინა: – მე, რახანია, ფრთები დავკარგე.

მოახლე გოგო: – ვიპოვე ფრთები.

ჟოზეფინა: – ქურდი ყოფილხარ.

ვენედიქტე: – რას ერჩი გოგოს!

ჟოზეფინა: – ჩემს ფრთებს მალავდა.

ვენედიქტე: – არა, ძვირფასო, ეცადოს კიდეც, ის სხვისი ფრთებით ვერ გაფრინდება.

პოლიკარპე: – კვლავ თქვენთანა ვარ, მომიხმო გრძნობამ, რომ თვალებს სნება შევყარო – ხიბლის.

ვენედიქტე: – მელა ყოფილხარ და ვერ ვამჩნევდი, რად დაძვრებოდი ჩემს სახლში თურმე.

პოლიკარპე: – მე დავძვრებოდი... სხვა დადიოდა და სიარულის მიზეზიც ვნახეთ.

მოახლე გოგო:  (ტუჩებზე ხელს აფარებს) – სიჩუმე გმართებს, ნუ ახმოვანებ ფიქრს, რახანია რომ განისვენებს.

პოლიკარპე: – შენც ამას მირჩევ?

მოახლე გოგო: – აჯობებს შენთვის.


ღია კარებში შემოდიან მესაფლავეები.


მუხტარი: – მოვედით, რათა დავასაფლავოთ...

ავაქი: – მიცვალებულებს ქუჩებში დავდევთ, გვემალებიან და სახტად ვრჩებით.

პოლიკარპე: – აქ მკვდარს ვის ხედავთ!

ჟოზეფინა: – ჩვენ ყველა ვცოცხლობთ!

ვენედიქტე: – სალმი სიკვდილს, რომელიც ცოცხლობს.

მუხტარი: – დაცხათ საფლავებს, როცა შეიტყვეს ის, რაც აქ ხდება, თქვენ მშვიდად დგახართ.

ჟოზეფინა: – ვიყვიროთ?!

ვენედიქტე: – თქვენ უნდა დუმდეთ.


შემოვარდება მაიმუნი.


ვენედიქტე: ოჰ, ესღა გვაკლდა.

პირველი კლოუნი: – გამოქცევიათ.

მეორე კლოუნი: – ლომის ხმაც ისმის.

ვენედიქტე: – კი, ლომის ხმაა.

ჟოზეფინა: – ვაიმე, შეგვჭამს!

ვენედიქტე: – მაიმუნებს და ლომებს რჩებათ მთელი ქვეყანა.

პირველი კლოუნი: – მგონი, ასეა და მიხარია.

ვენედიქტე: – რამ გაგახარა.

პირველი კლოუნი: – ლომების სუნთქვამ, ახლოს რომ ისმის.


შეზანზარდება ყველაფერი,  მსხვრევის ხმაა, კედლებიდან სურათები ცვივა.


მოახლე გოგო: – რა ხდება ნეტავ, ტორტმანებს სახლი, მგონი, კედლებმაც აიდგეს ფეხი.

ვენედიქტე: – წონასწორობას კარგავს სამყარო.

ავაქი: – ეს მიწისძვრაა.

მუხტარი: – მიწა აჯანყდა.


ჭაღი ჩამოვარდება და დაიმსხვრევა.


ავაქი: – შევრჩით სიბნელეს.

მოახლე გოგო: (ხელებს უმწეოდ აფათურებს ჰაერში) – სადა ხარ, გეძებ.

ვენედიქტე: – აქა ვარ, გხედავ.

მოახლე გოგო: – მიშველე, გვედრი!


ისევ შემზარავი გუგუნი. ნათდება ცის კაბადონი, სიცარიელე ივსება მთვარის  შუქით.

скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge