გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

იოსებ ჭუმბურიძე - საბას ლოდინი და იუდას ღალატი - ესეისტური ცდა პოეტურ - თეოლოგიური „ფანტაზიებით“

                               
                ყველაზე ვრცელი შორისდებული


ჯერ საბაზე ვთქვათ:
სულხან - საბა ორბელიანზე.
ასევე - „საბასა“ და მუხრან მაჭავარიანზე.


***
შედევრებით განებივრებულ მრავალსაუკუნოვან ქართულ პოეზიაში ერთ-ერთ მარგალიტად ბრწყინავს ლექსი, რომელიც 1949 წელს, 20 წლის მუხრან მაჭავარიანმა დაწერა. 
თითქოს, არ უნდა გვიკვირდეს, რადგან ზუსტად ამ ასაკში შექმნა ბარათაშვილმა გენიალური „ფიქრნი მტკვრის პირას“.
ეს ჩვენზე უკეთ იცოდა ნოდარ დუმბაძემ, მაგრამ ის დღე, როცა მუხრან მაჭავარიანმა „საბა“ პირველად წაიკითხა, მაინც ასე შთამბეჭდავად აღწერა:
„მე მომისმენია მოწმენდილ ცაზე ჭექა-ქუხილი - იმას ჰგავდა“...
მართლაც, განსაცვიფრებელი ლექსია „საბა“ - საბათი, ვახტანგით, ლუდოვიკოთი, პატარა ბიჭით, რიტმებით, თხრობითობით, წლების შემდეგ, ნარატიულობას რომ დაარქმევენ, შორისდებულებით, უნიკალური რითმებით, არათუ  ორმარცვლიანით, ორსიტყვიანითაც: „ტურფა ტანძია - თუ ფანტაზია“; „ხელჯოხიანი - ელჩო, ყიალი“...
მაგრამ ახლა „საბა“ სხვა რამისთვის „მჭირდება“. 


***
დიდხანს მაწვალებდა ფიქრი იმაზე, რასაც ავტორს ზოგიერთი ისტორიკოსი უკიჟინებდა - ლექსი ისტორიულ სინამდვილეს არ ასახავს, მართალი არ არის, როცა წერს, ლუდოვიკოს კარზე სულხან - საბა ალოდინესო. 
თითქოს, რომელიმე პოეტი, დედამიწის ზურგზე, ვალდებული იყოს, ლექსში ისტორიულ სინამდვილეს ზუსტად მისდიოს, პოეტურ ინტერპრეტაციაზე უარი თქვას და  მხატვრულ ფანტაზიას ფრთები შეაკვეცოს.
თავისთავად უცნაური და კომიკურიც კი იყო პოეტის მიმართ გამოთქმული ეს პრეტენზია, მაგრამ ისტორიული სინამდვილის გაგების სურვილი მაინც არ მასვენებდა. 
ჯერ ცნობილ ისტორიკოსებს მივაკითხე.
თავაზიანად გამომისტუმრეს: იმ ეპოქის მკვლევარები არა ვართო.
გადავწყვიტე, პასუხისთვის თვითონ მიმეკვლია. 
ეროვნულ ბიბლიოთეკას მივაშურე და  რამდენადაც შესაძლებელი იყო, სანდო წყაროები მოვიძიე. 
ჩემი კვლევა-ძიების მოკრძალებული შედეგი 2008 წელს თელავის უნივერსიტეტში გამართული იმ სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს გავაცანი, სწორედ სულხან-საბა ორბელიანს რომ ეძღვნებოდა.
ოდნავ მოგვიანებით კი ჟურნალ  “ჩვენს მწერლობაში“ დავბეჭდე სტატია, „საჟურნალო“ სათაურით: „ვიდრე „დაილია ფრანცა“...
სულხან-საბას „მოგზაურობა ევროპაში“ ასე იწყება:
„ფრანცისის“ თემის ბოლოდამ წამოვედით, რომელსა ჰქვიან ტანტიბ ქალაქი. ათი მილი ვლეთ. დაილია ფრანცა.“
„მოგზაურობის“ ფრანგული ნაწილი უიმედოდ დაკარგულია. 
მუხრან მაჭავარიანის „საბა“ კი სწორედ ამ მონაკვეთს ეხება.
მთელმა საქართველომ იცის მისი დასაწყისი:
„ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან 
ალოდინეს და... მეთხუთმეტე კაცად შევიდა“...
მკითხველს თავიდანვე ჟრუანტელს ჰგვრის ის პოეტური ხერხი და „ სიტყვათა თამაში“, რის გამოც ისტორიკოსები პოეტს ედავებოდნენ.
არ ალოდინესო. 
არადა...
„აი, რასა სწერს ლუდოვიკოს მორალურ დახმარებით ამაოდ დაიმედებული, საბა „მაღლის მეფის გულითად ვაზირს მუსუ პონშატრანს“ კონსტანტინოპოლიდან, 1715 წლის აპრილს:
„მე დიაღ გულით დავუბარებივარ ჩემს ძმებსაცა და სხვა დიდ კაცებსაცა, რომ ჩემი თავი ეჭირება მათ, მაგრამ ვერ წავსულვარ, რომ თქვენსა და მეფის ბრძანებას ველი. მანდ რომ გვიბრძანეთ: „კონსტანტინოპოლს მიდით, იქ ელჩთანაო და ჩვენც  კაცს გამოგიგზავნითო.“ ამ ამბების მომლოდინე ვარ და მისიონერებისა. არცად მისიონერები გამოჩნდნენ. ამ საქმემ დიაღ დამაღონა.“
... კიდევ დიდხანს მოუხდა დაღონებულ საბას სტამბოლს ჯდომა“(სოლომონ იორდანიშვილი).
ანუ სულხან-საბა ნამდვილად ალოდინეს. 
და აქვს მნიშვნელობა, სად ალოდინეს - კონსტანტინოპოლ-სტამბოლში, თუ ლუდოვიკოს კარზე? 
ისტორია სინამდვილის აღნუსხვაა, პოეზია/ მწერლობა - ახალი მხატვრული სინამდვილის შექმნა.
ხომ სასაცილო იქნებოდა, იმის გარკვევა რომ დაგვეწყო, მართლა ეფერებოდა თუ არა ციცას ლუი მეთოთხმეტე და სინამდვილეში, წარმოთქვა თუ არა საფრანგეთის მეფემ („საბას ნაუბარი მოისმინა რა“), „ყველაზე ვრცელი შორისდებული ქართული ლექსის ისტორიაში“(ნინო დარბაისელი ): „ოჰ... ოჰ... ოჰ... ოჰო!“
მუხრან მაჭავარიანი, თითქოს, გრძნობდა, ასეთ შეკითხვებსაც რომ დასვამდნენ.
სხვაგვარად ვერც აიხსნება მისეული განმარტების აუცილებლობა:
„ლექსში აღწერილ ეპიზოდს, ლუი მეთოთხმეტე რომ ციცას ეფერება, არავითარი რეალური საფუძველი არ გააჩნია.“ 
და უნდა გენახათ პოეტის სასიამოვნო გაკვირვება, როცა ჩემი ზემოხსენებული სტატიიდან შეიტყო, რომ, თურმე, რეალური საფუძველი ჰქონია სტრიქონებს: 
„ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა,
მეფეს ხალხზე უფრო  კატა ეცოდება.“
საფუძველი კი იმხანად გამოსულ ერთ რუსულ წიგნში („Сто великих монархов“  ) აღმოვაჩინე:
ამ წიგნიდან ირკვევა, რომ სულხან-საბას მოგზაურობა „მზე-ლუდოვიკოს“ დაისს ემთხვევა, მისი მეფობისა და სიცოცხლის უკანასკნელ წლებს, როცა  ის უკვე ხალხში პოპულარობით აღარ სარგებლობდა. „საფრანგეთისთვის დამანგრეველი აღმოჩნდა ომი ესპანეთის ტახტის მემკვიდრეობისათვის, რამაც ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა დაამძიმა.“
აქ  პოეტური ინტუიცია აშკარად სჭარბობს მხატვრულ ფანტაზიას.


***
„ქართველი დიპლომატი ევროპაში დიდი პატივით მიიღეს, მაგრამ უარით გამოისტუმრეს.“ - წერს ისტორიკოსი(გიორგი მელიქიშვილი );
„ასე უნაყოფოდ დასრულდა დიდის ტანჯვით დაწყებული საბას მოგზაურობა ევროპაში.“ - წერს ლიტერატურის მკვლევარი (სოლომონ იორდანიშვილი);
მაღალი ეთიკური კულტურით გამორჩეული პოეტი კი აქ ასე მწარედ და მოურიდებლად იტყვის:
„საფრანგეთს ვთხოვოთ: გვიშველისო, - სასაცილოა!
შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია.“
„თავისთავად არაკორექტული იდიომი ორ მეფესთან - ვახტანგთან და ლუდოვიკოსთან მიმართებაში, სტროფის დასკვნითი ტაეპის უძლიერეს ადგილზე - რითმად დაფიქსირებული- „ფეხზე ჰკიდია“ - თან ასეთი ზუსტი“(ნინო დარბაისელი). 


***
და მაინც, პოეზიის ღვთაებრიობა იმ ნუგეშშია, რომლის მოცემაც მხოლოდ მას ძალუძს:
„გულს ნუ გაიტეხ! - მუხა კვლავაც შეიმოსება!“
          
                            
                           სამი და მეოთხე ვერსია
მიხეილ ქვლივიძე უცნაური ბედის პოეტია:
მისი რამდენიმე ლექსი გაცილებით უფრო პოპულარულია, ვიდრე თვითონ, მათი ავტორი.
ნებისმიერი დიდი პოეტის ლირიკულ შედევრს გაუწევს კონკურენციას გიორგი შავგულიძისადმი მიძღვნილი ლექსი, რომლის სათაურად და, იმავდროულად, რეფრენად ქცეული სტრიქონი თითქმის ყველა ქართველმა ზეპირად იცის: „კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს“...
ასევე, ძალიან პოპულარულია „იუდას მონოლოგი“.
კარგა ხანია, წესად მაქვს: ამ ლექსს სტუდენტებს ვუკითხავ და ერთად განვიხილავთ. რა თქმა უნდა, უპირველესად, მის მხატვრულ ღირსებებს გამოვკვეთთ: არაჩვეულებრივ მეტაფორებს, პოეტურ სახეებს, რითმებს, რიტმს, მელოდიას...  მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ის მაინტერესებს, თუ რამდენად მისაღებია მათთვის იუდას საქციელის ქვლივიძისეული ახსნა, ანუ ორიგინალური ინტერპრეტაცია, რის უფლებასაც პოეტს ვერავინ წაართმევს. ახალგაზრდებს ერთგვარ გამოცდასაც ვუწყობ: შენიშნავენ თუ არა სახარებისეულ ტექსტებთან ფაქტობრივ შეუსაბამობას.
ჯერ -  ახსნაზე, ანუ ინტერპრეტაციაზე ვთქვათ.
აქ ორი აზრი არასდროს გაჩენილა: იუდას ღალატის ასეთი ორიგინალური მოტივი, რომელიც თავისებური ახსნაა და არა გამართლება, ყველას ერთნაირად ხიბლავს.
რა ამოძრავებს იუდას, მიხეილ ქვლივიძისეული ვერსიით?
იესომ უთხრა თავის მოწაფეებს, ერთი თქვენგანი მიღალატებსო.
ღალატისთვის განსაზღვრული ვადა იწურება, მოღალატე კი არ ჩანს.
და...
ეს ლექსი უდავოდ იმსახურებს, გრძელი ციტატა რომ დავიმოწმოთ:
„ნუთუ მოტყუვდა, შეცდა მოძღვარი, 
ბრძენი, მისანი, სუფრის თამადა?
გაცამტვერდება მყის სალოცავი, 
მისი ნათქვამი თუ არ გამართლდა:
ვეღარ უშველის დაღუპულ იმედს
ვერავითარი ლოცვა-ღაღადი, 
მოკვდება ღმერთი, თუ ახლა ვინმემ
არ ჩაიდინა ჩვენში ღალატი!
უნდა ვითავო ეს უმძიმესი
საქმე - გავიღო მსხვერპლი საჩინო:
უნდა გავწირო კაცი - იესო,
ქრისტე - ღმერთი რომ გადავარჩინო!“
ყველაფერი ნათელი და გასაგებია. 
აქ მხოლოდ აკაკი გაწერელიას სიტყვებს თუ გავიმეორებთ, სულ სხვა კონტექსტში ხაზგასმულს: „ლოგიკური შემოწმება შეუძლებელია: მიღება ან უარყოფა!“
და ასეთი მართლაც მომხიბლავი პოეტური ახსნა-გააზრება რატომ არ უნდა მივიღოთ?!


***
ახლა კი - ზემოხსენებულ „გამოცდაზე“, ანუ ფაქტობრივ შეუსაბამობაზე:
ლექსის დასაწყისშივე ვკითხულობთ:
„და თქვა იესომ: „მამლის მესამე
დაყივლებამდე, ერთი თქვენგანი
მიღალატებსო“...
ბევრი სტუდენტი უმალვე ხვდება აქ დაშვებულ უზუსტობას: 
მსგავსი რამ იესომ პეტრეს უთხრა. 
სხვათა შორის, ზოგი იმასაც შენიშნავს, რომ „მესამე დაყივლებაც“ საეჭვოა. 
ამ შენიშვნას მომზადებული ვხვდები. 
კარგა ხანია, შევამოწმე და ამოვიწერე შესაბამისი მუხლები სხვადასხვა სახარებიდან:
„მაშინ უფალი შემობრუნდა და შეხედა პეტრეს; გაახსენდა პეტრეს უფლის სიტყვა, რომელიც უთხრა მას: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფო“(ლუკა, 22, 61);
„გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფო; გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა“(მათე, 26, 75);
„გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი: მამლის მეორე ყივილამდე სამჯერ უარმყოფო, და ტირილი დაიწყო“(მარკოზი, 14, 72).
ანუ „მესამე დაყივლება“ არსად გვხვდება.
შეუძლებელია, მიხეილ ქვლივიძეს ეს არ სცოდნოდა. 
მაგრამ ორიგინალურმა პოეტურმა ინტერპრეტაციამ ასე მოითხოვა.
და ამის უფლებას მართლაც ვერავინ წაართმევს პოეტს, რომელიც იუდას საქციელს ვერა, მაგრამ ამ საქციელის ორიგინალურ ახსნას, ანუ საკუთარ პოეტურ ინტერპრეტაციას ნამდვილად გაამართლებს, თუნდაც ასეთი მეტაფორებით:
„და მწიფდებოდა, ღალატის მსგავსად,
ფანჯრის გადაღმა მამლის ყივილი.“ 


***
ყველაფერი იყო ძლიერ კარგად, ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს ხორხე ლუის ბორხესის ეს მოთხრობა არ გამოჩნდებოდა: „იუდას ღალატის სამი ვერსია“.
ძნელი სათქმელია, მოთხრობა უფროა, თუ გამოკვლევა.
თვითონ ბორხესი მას „ქრისტიანობის თეოლოგიურ ფანტაზიებს“ უწოდებს, ერთგან კი „წერილად“ მოიხსენიებს.
ღალატის სამი ვერსიაც ძნელი გამოსარჩევია, თუმცა იმ თავის შესავალში, ხსენებული მოთხრობა რომ მიეკუთვნება, ავტორი გარკვევით აღნიშნავს: „ მეჩვენება, რომ მსუბუქად, მაგრამ მაინც შეიმჩნევა დანარჩენებზე მესამის ზეგავლენა.“ 
პირველი ვერსია, რომელსაც ბორხესი იმოწმებს, ყველაზე მკაფიოა და ინგლისელ მწერალს თომას დე კუინსს ეკუთვნის. 
„დე კუინსი, - წერს ბორხესი, - რომელსაც მხოლოდ ერთმა რომელიღაც გერმანელმა დაასწრო, მივიდა დასკვნამდე, რომ იუდამ იესო ქრისტე ერთი მიზეზის გამო გაყიდა, - რათა ძე ღმერთისა ეიძულებინა, საკუთარი ღვთაებრივი საწყისი გამოეაშკარავებინა და რომის ბატონობისგან თავის დასახსნელად სახალხო აჯანყება გამოეწვია“(თარგმანის სტილი ყველგან დაცულია - ავტ.).
მოთხრობა, ძირითადად, ნილს რუნებერგის, ეროვნული ევანგელისტური კავშირის წევრის, დასკვნების განხილვას მოიცავს. 
აქ უნდა ითქვას, რომ მოთხრობას არაერთი რეალური პერსონაჟი ჰყავს, რასაც ვერ ვიტყვით ნილს რუნებერგზე. ამ სახელითა და გვარით ცნობილია შვედური წარმომავლობის ფინელი პოეტი, რომელიც სულ სხვა პერიოდში (1804 –1877 წლები) ცხოვრობდა. მკვლევართა ვარაუდით, მაინც შესაძლებელია, ის ბორხესის პერსონაჟის თავისებურ პროტოტიპად მოიაზრებოდეს.
პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რასაც ბორხესი ხაზგასმით აღნიშნავს: „ამ წერილის მკითხველებმა ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ აქ მხოლოდ რუნებერგის დასკვნები გვაქვს მოყვანილი და არა ამ დასკვნებამდე მისვლის დიალექტიკა თუ მტკიცებულებები. ზოგი ალბათ შენიშნავს, რომ დასკვნა აშკარად წინ უსწრებდა „მტკიცებულებებს“. მაგრამ ვინ დაუწყებდა ძებნას იმ მტკიცებულებებს, რისაც თავად არ სწამდა და რის ქადაგებაშიც დაინტერესებული არ იყო?“


***
თუ შესაძლებელია, დასკვნამ კვლევის დიალექტიკასა და მტკიცებულებებს გაუსწროს, მაშინ ჩვენც შეგვიძლია, წინასწარ აღვნიშნოთ, რომ ნილს რუნებერგის „შეხედულება ყველა აღმსარებლობის თეოლოგმა უარყო“, ხოლო ქალაქ ლუნდის „ენამწარე ეპისკოპოსმა“ იგი ლუკას სახარების ოცდამეორე თავის მესამე მუხლის უარყოფაში ამხილა.
ბორხესი არ იმოწმებს მითითებულ მუხლს.
ჩვენ დავიმოწმოთ:
„შევიდა სატანა იუდაში, რომელსაც უწოდებდნენ ისკარიოტელს, და რომელიც იყო ერთი თორმეტთაგანი.“
დადგა დრო, თვითონ რუნებერგის შეხედულებას გავეცნოთ.
ამისთვის თითქმის მთელი მოთხრობის გადმოწერა დაგვჭირდება, მაგრამ ერთი მოზრდილი ციტატით უნდა დავკმაყოფილდეთ. მაგრამ აქაც დილემის წინაშე აღმოვჩნდებით: რომელი შეხედულება დავიმოწმოთ - პირვანდელი თუ შერისხვათა და ანათემათა შემდეგ სახეცვლილი? 
ვფიქრობ, უმჯობესია, ბორხესის მოთხრობის რამდენიმე პასაჟი შევაერთოთ:
„იუდა ისკარიოტელი იქცა ასეთ კაცად, მოციქულთაგან ერთადერთი, ვინც შეიგრძნო იესოს ღვთაებრიობის იდუმალება და სულისშემძვრელი მიზანი. სიტყვა მოკვდავამდე დაეშვა; იუდაც, სიტყვის შეგირდიც, უნდა დაცემულიყო ღალატამდე... რაღაც იდუმალი მანქანებით იუდა ანარეკლია იესოსი. სწორედ ამის შედეგია ოცდაათი ვერცხლიც, კოცნაც და საკუთარი ნებით სიკვდილიც, რათა უტყუარად შეჩვენებულიყო მისი სახელი.“
ეს -  პირვანდელი შეხედულება, ყველა თეოლოგისგან უარყოფილი და შერისხული.
სახეცვლილსაც გავეცნოთ:
„კაცობრიობის გამოსახსნელად ღმერთი იქამდე დაეშვა, რომ ადამიანად მოვიდა ამქვეყნად; აქედან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ მისი მსხვერპლგაღება უნაკლო უნდა ყოფილიყო, სრულყოფილი, მოკლებული ყოველგვარ შეცდომასა და გაუგებრობას. მკრეხელობაა მისი ტანჯვის მხოლოდ ერთი საღამოთი - ჯვარზე აგონიით შემოფარგვლა. მტკიცება იმისა, რომ იყო ადამიანი და ცოდვის ჩადენა არ შეეძლო, თავისთავად წინააღმდეგობის შემცველია...ღმერთი მთლიანად განკაცდა, კაცის სიმდაბლეებით, სისაძაგლითა და უფსკრულებით. ჩვენ გამოსახსნელად შეეძლო ნებისმიერის ბედი აერჩია, ვინც ისტორიის დახლართული ბადის ქსოვაში მონაწილეობდა; გამხდარიყო, მაგალითად, ალექსანდრე, პითაგორა, რიურიკი ან იესო.; მან კი ყველაზე საძაგელ ბედზე შეაჩერა არჩევანი - იუდა გახდა.“


***
„არა არის შემთხვევითი, რომ ამაოდ იუწყებოდნენ ამ აღმოჩენის შესახებ სტოკჰოლმისა და ლუნდის წიგნის მაღაზიები. ურწმუნოთ იგი a priori თითიდან გამოწოვილ და უხეირო თეოლოგიურ ტაკიმასხარობად მონათლეს; ღვთისმეტყველნი მას ზიზღით შეხვდნენ“
უნდა ვაღიარო, რომ პრინციპულ განსხვავებას ვერც თავად ვხედავ.
ბორხესი კი სამ ვერსიას, უეჭველად, ასე ითვლის: პირველი თომას დე კუინსისაა, მეორე და მესამე - ნილს რუნებერგის. 
მე კი აქ მხოლოდ ორს ვხედავ.
მესამე, ჩემთვის, სწორედ ისაა, რის უარყოფაშიც რუნებერგს ენამწარე ეპისკოპოსი ადანაშაულებდა და რომელიც ლუკას სახარების ოცდამეორე თავის მესამე მუხლშია ჩატეული. 
სწორედ ამ უარყოფაში დევს სასჯელიც, რომელიც მოთხრობის ფინალში აშკარად მოჩანს და მოჩანს ბორხესისეული განუმეორებელი ოსტატობით.
სწორედ ეს ფინალი აქცევს გამოკვლევის მსგავს თხზულებას ნამდვილ მოთხრობად და ჟანრის შედევრად:
„უძილობისა და თავბრუდამხვევი მსჯელობისაგან გათანგული დაეხეტებოდა ნილს რუნებერგი მალმიოს ქუჩებში და ხმამაღლა ვედრებდა, ღირს ეყოთ, მაცხოვართან ერთად გაეზიარებინა ტანჯვანი ჯოჯოხეთისანი.
რუნებერგი გარდაიცვალა 1912 წლის პირველ მარტს, ანევრიზმით. ერეტიკოსები ალბათ არ დაივიწყებენ; მან ხომ ძის სახეს, რომელიც თითქოს ამომწურავად იყო აღწერილი, ახალი შტრიხები შესძინა - შტრიხები ბოროტებისა და უბედობისა.“


*** 
მეოთხე ვერსია ჩვენია.
ქართული. 
მიხეილ ქვლივიძისეული. 
პოეტური და მომხიბვლელი. 
ვერც ერეტიკოსები მონათლავენ ტაკიმასხარობად, ვერც ღვთისმეტყველნი დაიწუნებენ. 
პოეზიის ღვთაებრივი ძალა და ხიბლი აქ კიდევ უფრო თვალსაჩინოა.
  
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge