ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
რუსუდან ჭანტურიშვილი - ტარას შევჩენკოს "კავკასია" რაულ ჩილაჩავას თარგმანსა და ნაშრომებში

დღეს, როდესაც უკრაინაში გაუთავებელი ომი მძვინვარებს, უკრაინელი მეომრები მამაცურად იბრძვიან სამშობლოს დასაცავად, მაგრამ მშვიდობიანი მოსახლეობა დაუნდობელი მტრის წყალობით მაინც იხოცება, ულამაზესი ქალაქები ცეცხლშია გახვეული, მეგობარი ქვეყნებიდან გაწვდილი დამხმარე ხელი და მეგობრული სიტყვა დიდი ნუგეშია. ბევრმა ქართველმა მეოარმა გასწირა თავი მოძმე უკრაინის დასაცავად; რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მოწყობილ საპროტესტო მიტინგებზე ისმოდა საქართველოს მოსახლეობის ხმა, რომელიც მიწვდა მეგობარ უკრაინელ ხალხს და გაამხნევა.სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. ამიტომაც, განსაკუთრებით დასაფასებელია უკრაინელებისათვის საფიცარი უდიდესი პოეტის, ტარას შევჩენკოს ორენოვანი, უკრაინულ-ქართული კრებულის გამოცემა, რომლის მთარგმნელი, რედაქტორი, წინასიტყვაობისა და განმარტებების ავტორი არის ბატონი რაულ ჩილაჩავა. კრებულის სათაურია "ფიქრნო ჩემნო". ამ კრებულს შეიძლება ალბომიც ვუწოდოთ, რადგან ლექსებთან ერთად მას ტარას შევჩენკოს - პოეტისა და მხატვრის არაჩვეულებრივი ილუსტრაციები ამშვენებს. ეს შესანიშნავი წიგნი პარლამენტის ბიბლიოთეკისა და უშუალოდ მისი დირექტორის, გიორგი კეკელიძის ძალისხმევით გამოვიდა 2023 წლის შემოდგომაზე. აღსანიშნავია, რომ წიგნის წარდგინებაც მაღალ დონეზე ჩატარდა პარლამენტის ბიბლიოთეკაში 2023 წლის პირველ დეკემბერს.
ბატონ რაულს წარდგენა არ ესაჭიროება, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ პოეტს, მთარგმნელს, მეცნიერსა და პუბლიცისტს, რუსთაველის პრემიის ლაურეატს, აკადემიკოს რაულ ჩილაჩავას, ფაქტობრივად, ორი სამშობლო აქვს - საქართველო და უკრაინა. მან 1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. გადიოდა სტაჟირებას კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც უკრაინულ ენასა და ლიტერატურას ეუფლებოდა. 1974 წლიდან იგი უკრაინისა და საქართველოს მწერალთა კავშირების წევრია. ეწევა მთარგმნელობით, სამეცნიერო-კვლევით და საზოგადოებრივ საქმიანობას ქართულ-უკრაინულ ურთიერთობათა სფეროში. 1970-1992 წლებში იგი მუშაობდა უკრაინული საბჭოთა ენციკლოპედიის რედაქტორად, ჟურნალისტად, კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორად. 1992 წლიდან სახელმწიფო სამსახურში იმყოფება. წლების განმავლობაში იყო უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში. არის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის აკადემიკოსი, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. იგი ასამდე პოეტური, ნათარგმნი, სამეცნიერო და პუბლიცისტური წიგნის ავტორია. წერს და თარგმნის ქართულად და უკრაინულად.
ბატონმა რაულმა თითქმის მთელი უკრაინული პოეზია ააჟღერა ქართულ ენაზე და ქართულ-უკრაინული მეგობრობა, რომელიც საუკუნეებია გრძელდება, კიდევ უფრო განამტკიცა. იგი ყოველ პოეტს, რომლის თარგმნასაც აპირებს, მეცნიერულად იკვლევს, მის ხელწერას საფუძვლიანად სწავლობს და მხოლოდ ამის შემდეგ თარგმნის. მისი თარგმანები იმდენად სანდოა, რომ დედანთან ტაეპების, სტროფებისა თუ ცალკეული სიტყვების დეტალურ შედარებასაც არ საჭიროებს.
მთარგმნელმა ყველა უკრაინელი პოეტის ჭირ-ვარამი გაიზიარა, გულთან ახლოს მიიტანა, მაგრამ ტარას შევჩენკოს, ამ ნატანჯი პოეტის შემოქმედება მაინც სწორუპოვარია და შესაბამისად, განსაკუთრებით ხშირად თარგმნის მას ბატონი რაული. ყოველ მის გამოცემაში ტარას შევჩენკო კიდევ უფრო საინტერესო და ახლობელი ხდება ქართველი მკითხველისათვის. წელს, 2024 წლის 9 მარტს, ამ გენიალური უკრაინელი პოეტისა და მხატვრის საიუბილეო თარიღია - დაბადებიდან 210 წელი. ასე რომ, ქართულმა საზოგადოებამ დროულად მიიღო ეს მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო წიგნი.
ყველაფერი წინასიტყვაობითიწყება და წინამდებარე წიგნის წინასიტყვაობაში ბატონი რაული დაწვრილებით მოუთხრობს მკითხველს ტარას შევჩენკოს ჭირ-ვარამითა და ფათერაკებით სავსე ბიოგრაფიას; მისი შემოქმედების აღმასვლასა და სიცოცხლის წყურვილზე, რამაც ყველა დაბრკოლება გადაალახვინა. შეუძლებლად მიმაჩნია ჩემს მიმოხილვაში ამის მოკლედ გადმოცემა და ამიტომ, ისევ ბატონი რაულის მოკლე კომენტარს მოვიხმობ მისივე თარგმანების წიგნიდან "აგვისტო (55 უკრაინელიპოეტი)": "დიდი უკრაინელიპოეტი მხატვარი, მოაზროვნე, გრავიურის აკადემიკოსი დაიბადა 1814 წ. 9 მარტსახლანდელი ჩერკასის ოლქის სოფელ მირინცაში ყმა გლეხის ოჯახში. 1831 წ. მებატონეენგელგარდტმა იგი პეტერბურგში წაიყვანა. შვიდი წლის შემდეგ ყმობიდან გამოსყიდული ხელოვნების აკადემიაში ჩაირიცხა. კირილესა და მეთოდეს სახ. ანტიმეფური საზოგადოების წევრობისათვის 1847-1857 წლებში გადასახლებულიიყო. ავტორია უკვდავი კრებულისა "კობზარი". გარდაიცვალა 1861 წ. 10 მარტს, სანკტ-პეტერბურგში. იმავე წლის მაისში გადმოასვენეს და დაკრძალეს კანევში".
მკვლევარი დამთარგმნელი რაულ ჩილაჩავა წიგნში "ფიქრნო ჩემნო" ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობს. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი. ტარას შევჩენკოს ლექსების რითმაზე იგი წერს: "მასთან გარითმვისრაიმე მყარი სქემა არ არსებობს, იგი ნებისმიერია და ხშირად იმდენად ერთმანეთს მიყოლებული, რომ მთელი ლექსი ერთი ამოსუნთქვით იკითხება: მომიჯნავე რითმა ჯვარედინში გადადის, ჯვარედინი - შინაგანში, რიტმი აჩქარებულია და ნიადაგ ცვალებადი. ვფიქრობ, შევჩენკოს ლექსის რიტმი იმიტომაცაა ცვალებადი, რომ მას არ ჰქონდა საშუალება თავდავიწყებით მისცემოდა შემოქმედებას. როგორც არაერთგზის აღნიშნავს თვითონ, ცალი თვალი ზედამხედველისკენ უნდა სჭეროდა და მალულად, ქურდულად ეწერა. ხშირად ამიტომ ხომ არ წყდება შუაზე სტრიქონი და მუშაობის განახლების შემდეგ იბადება ახალი რიტმი, ახალი განწყობილება!"
ბატონ რაულსარ ავიწყდება იმის აღნიშვნაც, რომ შევჩენკომდე ტერმინი "უკრაინა" რუსეთისიმპერიაში მიღებული არ ყოფილა. "ტერიტორიას, რომელიცამჟამად ამ სახელწოდებითაა ცნობილი, მაშინდელი ოფიციოზიცა და ლიტერატურაც უმთავრესად მალოროსიად მოიხსენიებდა. თვით შევჩენკოსაც მალოროსიელ პოეტსა და მხატვარს ეძახდნენ, რომლის ენაც ველიკორუსულის სამხრეთულ განშტოებად თუ დიალექტად მიაჩნდათ".
ტარას შევჩენკორომ უკრაინელი ხალხისათვის უსაყვარლესი პოეტია, ცხადია, მაგრამ ბატონი რაული ამას განსაკუთრებული გრძნობით აღნიშნავს. იგი წერს: "უკრაინელის წარმოდგენითტარას შევჩენკო არის აბსოლუტი, უზეშთაესი სუბსტანცია, რომელმაც საკუთარი შემოქმედებიდან, როგორც უფალმა თიხიდან ადამი, გამოძერწა თვითონ იგი, შთაბერა საკუთარი სული და შთააგონა: შენ ხარ უკრაინელი, მშობლიური მიწა-წყლის ბატონ-პატრონი, ექმენ მას ფარად და მცველად, იმედად და ნუგეშად აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!".
ტარას შევჩენკოს, როგორც პოეტს, აღიარება მისმა პირველმა კრებულმა, "კობზარმა" მოუტანადა წინამდებარე წიგნის შესავალში პროფესორი რაულ ჩილაჩავა მასზე საგანგებოდ მსჯელობს. იგი წერს: "კობზარი" ყველადროის უდიდესი, უკვდავი, სისხლითა და ცრემლით გაჯერებული უკრაინული წიგნია, რომელშიც სევდაცა და სიხარულიც, სასოწარკვეთაცა და მომავლის ურყევი რწმენაც უღრმესად და უვნებიანესადაა გამოხატული... ტარას შევჩენკომ მოახერხა თავისი დიადი კრებული სამშობლოს სადარაჯოზე, მისი ხელშეუხებლობის საგუშაგოზე დაეყენებინა, რამაც მეფის ხელისუფლება სერიოზულად დააფრთხო".
ბატონი რაულიპარალელს ავლებს "კობზარსა" დაქართული ლიტერატურის ისეთ ნიმუშთა შორის, როგორიცაა: "კობზარი" დადავით გურამიშვილის "დავითიანი": "როგორცმათი ავტორები ჰგვანან ერთმანეთს, ასევე - მათი წიგნებიც. ერის ისტორიაში ჩაწნული ავტობიოგრაფია, ერის უბედობის ფონზე დახატული საკუთარი უბედობა, - აი, ის მაგისტრალური ხაზები, რომლებიც აერთებს და ანათესავებს ამ ორ დიდ შემოქმედს".
მეცნიერი საინტერესოპარალელებს ავლებს, აგრეთვე, ტარას შევჩენკოს, გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და ილია ჭავჭავაძის მსგავს ლექსებს შორის. იგი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ "შევჩენკოს პოეზიაგანსაკუთრებით ეხმიანება "ბედი ქართლისაში" წამოჭრილ პრობლემებს, ოღონდ "კობზარი" უფროაქიაქებს ბოგდან ხმელნიცკის, ვიდრე ბარათაშვილი ერეკლე მეორეს".
რაულ ჩილაჩავაროგორც მთარგმნელი და მკვლევარი განსაკუთრებით კარგად წარმოჩნდა ტარას შევჩენკოს "კავკასიის" მისეულთარგმანსა და ამ ნაწარმოების მისეულ განხილვაში. სანამ ამ საკითხზე გადავიდოდეთ, გავეცნოთ ბატონი რაულის მოსაზრებას თარგმანის შესახებ, რაც კარგად ჩანს მის წერილში "ფიქრები მხატვრულთარგმანზე". აქ ბატონირაული, როგორც მეცნიერი და მთარგმნელი, თავის პირად დაკვირვებებს გვიზიარებს. მაგალითად, საინტერესო პარალელს ავლებს მთარგმნელებსა და სახლის მშენებლებს შორის, რომლებიც დაშლილ სახლს იმავე ფიცრებითა და იმავე პროექტით სხვა ადგილზე აშენებენ: "ბავშვობაში ხშირადშემინიშნავს თუ როგორ ნომრავდნენ ხუროები ხის სახლის დაშლისას ფიცრებს, რათა ისინი ხელახლა აწყობისას არ შეშლოდათ. ზოგი ოსტატი სხვა ადგილას, სულ სხვა ფონზე პირველყოფილი ხიბლით აღადგენდა ხოლმე დაშლილ სახლს, რომელსაც შენარჩუნებული ჰქონდა პროპორციებიც, ჩუქურთმებიც, საერთო სილამაზეც. გადაადგილება მისთვის იგივე ყოფილა, რაც ტილოსთვის ჩარჩოს გამოცვლა".
ბატონი რაულითარგმანს ნაშვილებ ბავშვსაც ადარებს. იგი წერს: "თარგმანი ნაშვილებიბავშვივითაა. სულ იმას ფიქრობ და გეშინია, ვაითუ შენს ჭექვეშ თავი მყუდროდ ვერ იგრძნოს ან რაიმე ეწყინოს, რაიმე არ მოეწონოს. ამიტომ მას უფრო სათუთად ეპყრობი, ვიდრე საკუთარ შვილს.
საკუთარი გამოცდილებით, ბატონმა რაულმა ძალიან კარგად იცის, რომ "თარგმანი არამარტო სიუჟეტის, ამბავის, თავგადასავლის გადმოცემაა, არამედ იმის ჩვენებაც თუ როგორაა ისინი განსხეულებული პოეტურ სიტყვაში. დედნისეულ ინფორმაციასთან ერთად ის უნდა გადმოგვცემდეს მისი მხატვრული სახეების ბიოდენსაც, იყოს სულიერი სიმდიდრის ესთეტიკური ტკბობის წყაროც".
კითხვაზე - პოეზიისმთარგმნელი მეტოქეა თუ მეგობარი, იგი პასუხობს: "ამბობენ, პოეზიისმთარგმნელი მეტოქეაო. მე არ ვიზიარებ ბოლომდე ამ
აზრს. უფრო მეტიც: მიმაჩნია, რომ ნამდვილი მთარგმნელი მუდამ მეგობარია და თანამოაზრე".
ახლა ისევ ტარასშევჩენკოს "კავკასიას" მივუბრუნდეთდა მოვუსმინოთ მის მთარგმნელსა და მკვლევარ რაულ ჩილაჩავას.
გთავაზობთ რამდენიმეამონარიდს: "რუსეთ-კავკასიისომმა სხვა მრავალთა შორის ორი გენიალური ნაწარმოები შვა - ბარათაშვილის "მერანი" დაშევჩენკოს "კავკასია". მართალია, მათი დაწერის მიზეზები კარდინალურად განსხვავებული იყო: ქართველ პოეტს კალამი ხელში ააღებინა მთიელთა მიერ ღვიძლი ბიძის ილია ორბელიანის მოტაცებამ (რომლის გათავისუფლებაც მერე მოხერხდა), შევჩენკოს კი ასევე მათ მიერ მხატვრის, 1844 წლის ხელნაწერი "კობზარის" ილუსტრატორის, რუსეთისარმიის ოფიცრის იაკობ დე ბალმენის მკვლელობამ".
"საინფორმაციოსაბაბმა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, ორი სხვადასხვა ეროვნების პოეტში განსხვავებული რეაქცია გამოიწვია. ბარათაშვილს მან გაუმძაფრა ისტორიული ხსოვნა, თვალწინ გაუცოცხლა ლეკიანობის სურათები, შევჩენკოს კი ერთხელ კიდევ შეახსენა თუ ვის უღელქვეშ გმინავდა მისი სამშობლო. "კავკასიაში" შევჩენკოამხელს ცარიზმს არა მარტო როგორც უკრაინის ჯალათს, არამედ სხვა მრავალ ერთა სულთამხდელსაც და სწორედ ესაა მისი შემართების ქვაკუთხედი".
"საბჭოთა "ხალხთა მეგობრობის" ეპოქაში, როცაარ იყო მიღებული (უფრო სწორად - ნებადართული) "უხერხულ" წარსულზესაუბარი, `კავკასიამ" თითქოს დაკარგაპოლიტიკური სიმწვავე და მას განიხილავდნენ მხოლოდ როგორც მაღალმხატვრულ პოეტურ ნაწარმოებს. რუსულ-კავკასიური კონფლიქტის ახალმა აფეთქებამ, ჩეჩნეთში ფართომასშტაბური სამხედრო ოპერაციის გაშლამ, 2008 წლის აგვისტოშიკი საქართველოზე რუსეთის ვერაგულმა თავდასხმამ და მთელ სამხრეთ კავკასიაში შექმნილმა დაძაბულმა ვითარებამ კვლავ გააღვივა ინტერესი შევჩენკოს პოემის მიმართ, რომელშიც დრო თითქოს გაყინულა და მარადიულ აწმყოდ ქცეულა. ნაწარმოების ლიტერატურული, სოციალური თუ ისტორიული კონტექსტი თითქმის არ შეცვლილა, შეიცვალნენ მხოლოდ მოქმედი პირები და შემსრულებლები".
ქართულ-უკრაინულილიტერატურული ურთიერთობის მკვლევართათვის, ისევე როგორც ქართველი მთარგმნელებისათვის, ტარას შევჩენკოს `კავკასია" განსაკუთრებით საინტერესოა. თვით სათაურიც კი კვლევისა და თარგმნისათვის განაწყობს მათ. მიუხედავად იმისა, რომ პოეტი არასდროს ყოფილა კავკასიაში, ნაწარმოები კავკასიელი ხალხისადმი თანაგრძნობითა და მათი მებრძოლი სულისკვეთებით არის გამსჭვალული. ბატონი რაული წინამდებარე წიგნში ასახელებს ტარას შევჩენკოს ამ ნაწარმოების ყველა მთარგმნელსა და მკვლევარს, მაგრამ მე, ამჟამად, მხოლოდ უშუალოდ მთარგმნელისა და მეცნიერის, რაულ ჩილაჩავასეულ თარგმანსა და კვლევაზე მინდა გავამახვილო ყურადღება და თარგმანის განხილვისას ჩემი მოსაზრებებიც შემოგთავაზოთ.
,,კავკასია“ დაწერილია 1845 წლის 18 ნოემბერსპერეიასლავში. იგი შევჩენკოს ნაცნობ უკრაინელ მხატვარს, ოფიცერ იაკობ დე ბალმენს ეძღვნება, რომელიც შამილთან ომში დაიღუპა.
ცნობილია, რომტარას შევჩენკო ძალიან ბევრს კითხულობდა. შეუძლებელია გავიაზროთ ყველაფერი, რისი წაკითხვაც მას შეეძლო ან გავითვალისწინოთ თუ სად შეეძლო ამოეკითხა მისთვის საინტერესო მასალა საქართველოსა და საერთოდ კავკასიის შესახებ.
პროფ. რაულ ჩილაჩავათავის უკრაინულ ენაზე დაწერილ ესეში "სიტყვა "კავკასიის" შესახებ", ასახელებს პუშკინისადა ლერმონტოვის საქართველოს თემაზე დაწერილ რამდენიმე ნაწარმოებს და დასძენს, რომ შესაძლოა, ტარას შევჩენკოს ისინი წაკითხული ჰქონდა, მაგრამ მკვლევარი, ამასთანავე, რადიკალურად განასხვავებს ტარას შევჩენკოს ხედვას პუშკინისა და ლერმონტოვის ხედვისაგან. რუსი პოეტების ნაწარმოებებში იგი დიდმპყრობელური თვალთახედვით დანახულ კავკასიას ხედავს:
«Смирись, черкес»! - მოუწოდებსლერმონტოვი. პუშკინი კიდევ უფრო მკაცრად ამბობს: «Смирись Кавказ! Идет Ермолов»! ამ მოწოდებებსმეცნიერი ტარას შევჩენკოს კავკასიელებისადმი საბრძოლო მოწოდებას უპირისპირებს:
«Борітеся - поборете, Вам Бог помагає! За вас правда, за вас слава І воля святая!»
აქვე გთავაზობთ ,,კავკასიის“ ამ სტროფების ქართულ, რაულ ჩილაჩავას მიერ შესრულებულ თარგმანს, რომლის გარჩევასაც შემდეგ გვერდებზე შემოგთავაზებთ:
,,იბრძოლეთ და გაიმარჯვებთ, ღმერთიმც დაგეხმაროთ! თქვენთანაა სამართალი, შვებაც სანეტარო!"
პროფ. რ. ჩილაჩავა აღნიშნავს, რომ ტარას შევჩენკო პირდაპირ, გულახდილად წარმოაჩენს თვითმპყრობელური შოვინიზმის მთელ ანატომიას, აჩვენებს ოფიციალური ხელისუფლების აშკარა ცინიზმსა და ზიზღს ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ.
ტარას შევჩენკოს ინტერესი კავკასიისა და კერძოდ, საქართველოს მიმართ გამოჩნდა პეტერბურგში 1859 წ. კოსტომაროვის ბინაზე უკრაინელი მწერლისა და პეტერბურგის უნივერსიტეტის I კურსის სტუდენტის აკაკი წერეთლის შეხვედრისას. აკაკი წერეთლის რუსულ ენაზე დაწერილ მოგონებაში („Мои воспоминания о Шевченко") კარგად გამოიკვეთა ტარას შევჩენკოს გულწრფელი დაინტერესება საქართველოს წარსულითა და აწმყოთი. ამ შეხვედრის დროს მას უკვე დაწერილი ჰქონდა „კავკასია" და ფსიქოლოგიურად მომზადებული, განწყობილი იყო მისთვის საინტერესო ამბის მოსასმენად.
მართალია, ტარას შევჩენკო და აკაკი წერეთელი სულ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ამ შეხვედრას ორივე პოეტისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. შევჩენკოსათვის აკაკი იყო მისთვის საოცნებო კავკასიის შვილი, აკაკისათვის კი ტარას შევჩენკო იყო უკრაინის უდიდესი პოეტი, რომლის ნახვაზეც ის ოცნებობდა. ტარას შევჩენკოს გარდაცვალების შემდეგაც, აკაკი წერეთელს არაერთხელ მოუწია მის სულიერ სამყაროსთან შეხვედრა. ამ სულიერი ნათესაობის მნიშვნელობის გააზრების მიზნით პროფ. რაულ ჩილაჩავას სიტყვები მოვიშველიოთ: „დამეთანხმებით, აკაკი წერეთელი არ იყო ის კაცი, ვინც ჰაიჰარად მოიყრიდა მუხლს ვინმეს წინაშე, მაგრამ ხომ ცნობილია, რომ სწორედ აკაკიმ, საქართველოს დიდმა მგოსანმა, დაიჩოქა შევჩენკოს ბიუსტის წინაშე 1914 წელს, როცა მთელს რუსეთის იმპერიაში სასტიკად აკრძალეს „კობზარის" დაბადების 100 წლისთავის აღნიშვნა (არსებობს ფოტო, რომელზეც აღბეჭდილი არიან ჟანდარმები პოეტის საფლავზე სწორედ მისი დაბადების დღეს). რატომღაც მგონია, რომ აკაკიმ ეს უდიდესი პატივი ბევრ სხვა რამესთან ერთად „კავკასიისთვისაც" მიაგო უკრაინელ პოეტს, რომელთან ერთადერთ შეხვედრასაც იგი ყოველთვის მღელვარებით იხსენებდა".
ტარას შევჩენკოს „კავკასს" ეპიგრაფად წამძღვარებული აქვს იერემია წინასწარმეტყველის სიტყვები:
«Кто дасть главе моей воду, И очесем моим источник слез, И плачуся и день, и нощь о побиенных»…
ქართველმა მთარგმნელმა თავის თარგმანში გაიმეორა შესაბამისი სიტყვები ქართულ ენაზე არსებული ბიბლიიდან: „ვინ მისცეს თავსა ჩემსა წყალი და თუალთა ჩემთა წყაროი ცრემლთაი? და ვსტიროდი ერსა ამას ჩემსა დღე და ღამე მოწყლულთა"... ამ ეპიგრაფის მეშვეობით მკითხველი განჭვრეტს, რომ ნაწარმოების ავტორს ერის წყლულით აქვს გული მოწყლული.
ეპიგრაფს მოჰყვება 18 ტაეპიანი, ძლიერი ემოციით დამუხტული სტროფი. პირველი 2 ტაეპი 12 მარცვლიანია, შემდეგ კი 8 და 6 მარცვლიანი ტაეპები ერითმება ერთმანეთს. ასევეა ქართველ მთარგმნელთან.
ქართულ თარგმანში ლექსის ფორმა შენარჩუნებულია. პირველივე სტროფში ვხვდებით კავკასიის მთებს, იქ მიჯაჭვულ პრომეთეოსს, არწივს, - რომელიც მას გულს უკორტნის. პირველ და მეორე ტაეპში კავკასიის პეიზაჟი ისეა ნაჩვენები, რომ მაშინვე იქ დატრიალებულ ტრაგედიაზე მიგვანიშნებს:
«За горами гори, хмарою повиті, Засіяні горем, кровію политі»
მთარგმნელმა შემოიტანა ხანძარდანანთები მთები დანატბორი სისხლით, მაგრამ ამ ჩამატებამ არ ავნო თარგმანს, მთარგმნელმა მხატვრული სიმართლე და ემოცია გადმოიტანა:
„მთებს გადაღმა მთები, მოგარსული ნისლით, ხანძარდანანთები, დანატბორი სისხლით".
დედანში ვკითხულობთ რომ იქ, მთებში, უხსოვარი დროიდან არწივი ნეკნებს უმტვრევს და გულს უკორტნის პრომეთეს. თარგმანში დაკონკრეტებულია ის, რაც დედანში იგულისხმება, რომ პრომეთე მიჯაჭვულია:
„იქ არწივი პრომეთეოსს სჯის მიჯაჭვის დღიდან".
პოეტი ხედავს, რომ პრომეთე უსამართლოდ ისჯება, რომ ქვეყნად უსამართლობა ბატონობს. მას ღმერთი ახსენდება უთუოდ იმიტომ, რომ ღმერთის გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ ისიც იცის, რომ ღმერთის სამართალში ადამიანი ვერ ჩაერევა. ამიტომ უფლის მიმართ მოწიწებას გამოხატავს:
«Не нам на прю з тобою стати! Не нам діла твої судить»!
ამ კონტექსტში ღმერთის ხსენება გულში ჩაგუბებულ შეკითხვას ბადებს - რატომ ჩვენ არ შეგვიძლია უფლის გადაწყვეტილების განსჯა? და თარგმანში გაისმის საკუთარი უუფლებობით გამოწვეული ბრაზმორეული ტონი გამოხატული წმინდა ქართული გამოთქმით:
„შენთან საქიშპოდ ჩვენ როგორ მოვალთ, ვინ მოგვაშავა მსაჯულის პინა".
მთარგმნელმა გაბედულად თქვა ის, რაც ავტორმა აშკარად იგულისხმა. პოეტი ხედავს, რომ ხალხს მხოლოდ ტირილის, გლოვის უფლება აქვს, სიმართლეს კი სძინავს:
«А правда наша п'яна спить».
ქართული თარგმანის შესატყვისით:
„ხოლო სიმართლეს მთვრალივით სძინავს".
ტარას შევჩენკო უფლისადმი ღრმა რწმენით აღსავსე პოეტია, ყველა თავს დატეხილი უბედურება მას სწორედ უფლის, მომავლის რწმენით გადაუტანია. ეს იმედიანი ხმა „კავკასიაშიც" გაისმის:
«Встане правда! встане воля! І тобі одному Помоляться всі язики Вовіки і віки».
ქართულ თარგმანში ვკითხულობთ:
„მოვა შვება, სამართალი, შენგან ხელდასხმული და შენს ქებას ცისქვეშეთი იტყვის აღმაფრენით".
ამ ჩამატებულ სიტყვებში ავტორის ნაგულისხმები აზრია ჩადებული: ღვთისგან ხელდასხმული შვება, სამართალი. ცისქვეშეთი კი ყველა ენაზე მოლაპარაკეთა სინონიმადაა გამოყენებული.
თავის ესეში „სიტყვა 'კავკასიის' შესახებ", პროფ. რაულ ჩილაჩავა ამბობს, რომ სლავი შევჩენკო კი არ იწონებს, არამედ აკრიტიკებს "სლავურ იარაღს", სლავთა მეფის მომხვეჭ მადას. მისი პოემა - თითქოს პოეტური შხამსაწინააღმდეგოა "მოსკოვური შხამისაგან" დასაცავად. სწორედ ამ შხამით სავსე სასმისმა დაღუპა იაკობ დე ბალმენი.
კავკასიას ტარას შევჩენკო უყურებს თავისი მეგობრის, თანამოაზრის თვალით, რომელიც "განმანათლებელთა" ბრძანებით ამაყი ხალხის დაპყრობაში მონაწილეობდა როგორც მეომარი და თავისი სამარეც იქ იპოვა.
გავიხსენოთ ჩვენი ნაშრომის პირველ ნაწილში ციტირებული სტროფი, რომელშიც პოეტი კავკასიის ხალხებს ბრძოლისაკენ მოუწოდებს და ვნახოთ ამ სტროფის შესატყვისი ქართული თარგმანი:
«І вам слава, сині гори, Кригою окуті. І вам, лицарі великі, Богом не забуті. Борітеся – поборете, Вам бог помагає! За вас правда, за вас слава І воля святая!»
„თქვენც დიდება, ლურჯო მთებო, ყინული რომ გფარავთ. თქვენც, დიადო რაინდებო, ღმერთს ახსოვხართ მარად. იბრძოლეთ და გაიმარჯვებთ, ღმერთიმც დაგეხმაროთ! თქვენკენაა სამართალი, შვებაც სანეტარო!"
როგორც თვალნათლივ ჩანს, თარგმანში ოდნავი გადახვევაც კი არ არის დედნიდან. ვნახოთ რა მდგომარეობაა ამ მხრივ მომდევნო სტროფში:
«Чурек і сакля – все твоє; Воно не прошене, не дане, Ніхто й не возьме за своє, Не поведе тебе в кайданах»
„მჭადიც და სახლიც - შენია მარტო; არცვის წყალობა, არცვის ნობათი, ვერ გითხრან, მათი პატრონი ვართო, ვეღარც შებორკონ შენი მყოფადი".
Чурек-ის რუსული შესატყვისიც Чурек-ია, ისევე როგორც сакля-სი - Сакля. რუსულ-ქართულ ლექსიკონში კი ვკითხულობთ: "Чурек, а, и - შოთი" და "Сакля, и, и (მრ. ნათ. Саклей)" მდ. მთიელთა სახლი, ქოხი".
ქართველი მთარგმნელი კარგად იცნობს ჩრდილოეთ კავკასიის ყოფა-ცხოვრებას და იცის, რომ მჭადს, ისე როგორც საქართველოში, იქაც აცხობდნენ და სახლებიც მსგავსი ჰქონდათ მთაში მცხოვრებ ქართველებსა და ჩრდილო კავკასიელებს, ამიტომ "მჭადიც" და "სახლიც" თარგმანში ბუნებრივად ჩაჯდა.
პოემის კითხვისას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ტარას შევჩენკო თვითონაც იყო იმ ჯარისკაცთა შორის, ვინც მეფის ბრძანებით კავკასიის დაპყრობაში მონაწილეობდა. უკრაინელი პოეტი თითქოს თავის თავზე იღებს სხვების ცოდვებს და სხვებთან ერთად საკუთარ პიროვნებასაც განიკითხავს. იგი ამხელს ქრისტიანობის საფარქვეშ ამოფარებულ აგრესორებს, რომლებიც თავისუფლებისათვის მებრძოლი ხალხების მიწა-წყალზე გაბატონებას, მათი სახლ-კარის დაუფლებას ლამობდნენ და უნდოდათ, რომ ეს ხალხი კიდევ მათი მადლიერი ყოფილიყო:
«Ми християне; храми, школи, Усе добро, сам бог у нас! Нам тілько сакля очі коле; Чого вона стоїть у вас, Не нами дана; чом ми вам Чурек же ваш та вам не кинем, Як тій собаці! чом ви нам Платить за сонце не повинні!»
ვფიქრობ, თარგმანი ნამდვილად ადეკვატურად ჟღერს:
„გვაქვს ქრისტიანებს ტაძრებიც, სკოლაც, გვაქვს ყველაფერი, ღმერთიც აქ არი. ჩვენ თვალში სახლი გვეჩრება მხოლოდ, რატომ ის, მყარი, ლიბომაგარი, ჩვენ არ დაგიდგით, ნეტავი რატომ არ გადმოგიგდებთ, თქვენივე მჭადის ნატეხს ძაღლივით! არ გვიხდით რატომ ფულს, რომ თქვენთვისაც ანათებს მნათი!"
როგორც ცნობილია, ქართულ პოეტურ თარგმანში მარცვალთა რაოდენობა დედანთან შედარებით მატულობს და ეს ბუნებრივია. მოცემულ სტროფში ანალოგიური შემთხვევაა, დედნის 9 და 8 მარცვლიანი ტაეპები თარგმანში 10 მარცვლიანი გახდა, მაგრამ ამით ლექსის რიტმი არ შეცვლილა. ქართული ლექსი მარცვალთა რაოდენობის გაზრდას ეგუება, დაკლებას კი არა. ასევე, აზრობრივად სიტყვის ჩამატებას უფრო ეგუება, ვიდრე დაკლებას.
დედნის მოცემულ სტროფში სახლი განსაზღვრების გარეშეა ნახსენები, თარგმანში კი იგი "მყარი" და "ლიბომაგარია". ლიბო შენობის საძირკველია, საძირკვლის ზემო ნაწილი. მომხვდურს დამხვდურის სწორედ ლიბომაგარი სახლი მოუნდებოდა და დამხვდურიც სწორედ თავისი ლიბომაგარი სახლის დაცვისათვის იბრძოლებდა. ვფიქრობ, ამ გემოვნებით შერჩეული სიტყვის გარეშე, თარგმანს მარილი დააკლდებოდა. მთარგმნელი არაფერს ამბობს ზედმეტს. მხოლოდ, სადაც საჭიროა, სიხასხასეს მატებს ფერებს. ასე, მაგალითად: დედნის ზემოხსენებულ სტროფში გვხვდება სიტყვა მზე «Солнце», თარგმანში კი "ანათებს მნათი!"
მთარგმნელი ტარას შევჩენკოს შესახებ წერს: "შევჩენკოს ლექსში ასევე ვერ ნახავთ 'უჰაერო სივრცეებს', ემოციურ და აზრობრივ ვაკუუმს. მასში ერთმანეთს ეჯახებიან საპირისპიროდ დამუხტული ჭექა-ქუხილს მოწყურებული ღრუბლის მასები, და მთარგმნელი ღრუბლებში მოხვედრილ იმ პილოტს მოგაგონებთ, რომელმაც საკუთარ გადარჩენაზეც უნდა იფიქროს და ზვიადი, განუმეორებელი სანახაობის სხვებისთვის გადაცემაზეც".
ვფიქრობ, პროფ. რაულ ჩილაჩავამ, როგორც მთარგმნელმა, ორივე ზემოხსენებული პუნქტი პირნათლად შეასრულა.
მივყვეთ ტარას შევჩენკოს პოემის აზრთა მდინარებას. აგრესორების უმსგავსი საქციელით აღშფოთებული პოეტი ისევ უფალს მიმართავს და მისგან უნდა შეიტყოს, როგორ შეიძლება მჩაგვრელმა სხვები ჩაგროს და უფალს ამ ჩაგვრაში შემწეობა სთხოვოს?
«Храми, каплиці, і ікони, І ставники, і мирри дим, І перед образом твоїм Неутомленниє поклони. За кражу, за войну, за кров, Щоб братню кров пролити, просять І потім в дар тобі приносять З пожару вкрадений покров!!»
დედანში გადმოცემული აზრი, დედნისეული რკალური რითმითვე არის გადმოტანილი თარგმანში:
"ციხე-ტაძრები, ხატების წყება, შანდალ-კანდელი, სანთელ-საკმელი. ყველა ყაჩაღი, ყველა მზაკველი საკურთხეველთან მუხლმოყრით დგება. გევედრებიან, უბოძო ძალა ძმათა საკვლელად და სათარეშოდ, მერე გიძღვნიან უანგარიშოდ ცეცხლის ალიდან აგლეჯილ ალაფს".
მთარგმნელმა რამდენიმე მარტივი სიტყვა კომპოზიტის სახით თარგმნა და ამით მიაღწია სასურველ შედეგს - გადმოიტანა დედნისეული ემოცია, რომელიც ამ კონტექსტში დედნის შესატყვისი მარტივი სიტყვებით ვერ გადმოიცემოდა. დედნისეული ტაძრები და სამლოცველოები (საჟამნოები, აკანოები) თარგმანში გახდა ციხე-ტაძრები, შანდლები - შანდალ-კანდელი, მირონი - სანთელ-საკმელი.
Каплица არის რუსული Часовня, Часовня-ს ქართული შესატყვისი კი - აკანო, საჟამნო, იგივე ბერძ. ეგვტერი. ვფიქრობ, რომელიმე ამ შესატყვისის გამოყენება თარგმანში, თუნდაც ჟღერადობის მიხედვით, არ იქნებოდა მართებული, ემოცია დაიკარგებოდა. მართალია, რუსულ-ქართული ლექსიკონის ორივე ზემოხსენებულ გამოცემაში Часовня-ს ერთ-ერთ შესატყვისად სამლოცველოც არის დასახელებული, მაგრამ ქართულ ცნობიერებაში სამლოცველოს მაინც სხვა დატვირთვა აქვს და ამ კონტექსტში არ გამოგვადგებოდა. ციხე-ტაძარი კი ზუსტად მიგვითითებს ტარას შევჩენკოს „კავკასში" მინიშნებულ ისეთ ზღუდეშემოვლებულ ტაძრებსა და ეგვტერებზე, რომლებშიც მხოლოდ მაღალჩინოსნები ლოცულობდნენ.
ზემოხსენებული სტროფის ქართულ თარგმანში ნახსენებია "ყველა ყაჩაღი, ყველა მზაკვრელი", რაც დედანში არ გვხვდება, მაგრამ ნამდვილად იგულისხმება. თარგმანი სწორედ ასეთ დაკონკრეტებას მოითხოვდა. სწორედ ეს ყაჩაღები და მზაკვრელები ითხოვენ უფლის ხატის წინ ძალას "ძმათა საკვლელად და სათარეშოდ", შემდეგ კი უფალს ძღვენს სწირავენ. დედანში ეს არის ცეცხლს გამოტაცებული საფარველი, თარგმანში კი ცეცხლის ალიდან აგლეჯილი ალაფი. ალაფი ნადავლის ზოგადი სახეა. მისი სინონიმებია: ნაალაფევი, ნაძარცვი, ნადავლი, დავა, ანაკლები, ნაკრები, ავარი, ნაძარცვ-ნაგლეჯი.
დედანში მოცემულ ნადავლის კონკრეტულ სახეს, ემოციურად, თარგმანში შემოტანილი ნადავლის ეს ზოგადი სახე შეესატყვისება.
შთამბეჭდავია პოემის ის ნაწილი, სადაც პოეტი უშუალოდ თავისი მეგობრის - იაკობ დე ბალმენის სულს მიმართავს:
«І тебе загнали, мій друже єдиний, Мій Якове добрий! Не за Україну, А за її ката довелось пролить Кров добру, не чорну. Довелось запить З московської чаші московську отруту!»
"შენც გადაგხვეწეს, მეგობარო, ძალისძალათი, იაკობ ჩემო, უკრაინელ ერის ჯალათის გამო დაღვარე სისხლი წმინდა, კეთილშობილი და არა შავი. მოგიწია ასჯერ გმობილი მოსკოვურ თასით მოსკოვური შეგესვა შხამი!"
თარგმანის 14-მარცვლიანმა ტაეპებმა ზუსტად გადმოსცა დედნის 11-12-მარცვლიანი ტაეპების რიტმი, სრულად დაიტია დედნისეული აზრი და გადმოსცა მისი მხატვრული სიმართლე. მეტად ლირიკულია პოემის ფინალი, ბოლო აკორდები:
«Вітер тихий з України Понесе з росою Мої думи аж до тебе... Братньою сльозою Ти їх, друже, привітаєш, Тихо прочитаєш.. І могили, степи, море, І мене згадаєш».
"უკრაინის წყნარი ქარი შენ იქ ჩამოგიტანს ჩემს ნაფიქრალს ნამთან ერთად... ძმური ცრემლის ღვრითა დაუდგები ჭირისუფლად, წაიკითხავ, ვგონებ... ზღვას, ყორღანებს, გაშლილ ტრამალს და მეც მომიგონებ".
როგორც დედანში, ისე თარგმანში, ამ სტროფის ტაეპები 8 და 6 მარცვლიანია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს უკრაინული კობზა და ქართული ჩონგური უნისონში ჟღერს და სევდიან, გულში ჩამწვდომ მელოდიას ამოაკვნესებს.
უკრაინელი პოეტი თავის მეგობარს ფიქრებს ნამის მეშვეობით უგზავნის და იცის, რომ ამ ფიქრებს მეგობარი მეგობრულად მიესალმება და წაიკითხავს. ქართულ თარგმანში პოეტი იმედოვნებს, რომ მეგობარი მის ფიქრებს ჭირისუფლად დაუდგება და წაიკითხავს. ამ წმინდა ქართულმა გამოთქმამ ემოციურად და მხატვრულად ადეკვატურად გადმოსცა მეგობრული მისალმების აზრი.
ტარას შევჩენკოს "კავკასიის" რაულ ჩილაჩავასეული ქართული თარგმანის განხილვამ ცხადყო, რომ პოეტი, მთარგმნელი და მეცნიერი სიღრმისეულად გაიაზრებს უკრაინელი პოეტის ლექსიკის ყველა ნიუანსს და ქართული ენის წიაღიდან ფაქიზად ამოზიდულ შესატყვისებს უძებნის. ეს არის შემოქმედებითი თარგმანი, რომელშიც ზოგჯერ არადედნისეული, მთარგმნელის მიერ ჩანაცვლებული, წმინდა ქართული სიტყვები და გამოთქმებიც დედნის მხატვრულ სიმართლესა და ემოციას გადმოსცემს.
მთარგმნელი კარგად ჩაწვდა პოემას და მისი მნიშვნელობა გლობალურად გაიაზრა, რაც მართებულად ჩამოაყალიბა თავის ესეში "სიტყვა 'კავკასიის' შესახებ".
როცა ფაქტების კონსტატირებას ახდენს, მკვლევარი იმ დასკვნამდე მიდის, რომ კავკასიის დაპყრობიდან 250 წლის შემდეგაც მსოფლიო არ გახდა უფრო კეთილი და უფრო ბრძენი. ხედავს, რომ გლობალური ჰუმანიზმისა და დემოკრატიული გარდაქმნის ეპოქაშიც არაფერი შეცვლილა, ცარიზმმა სახე შეიცვალა, მაგრამ არსობრივად იგივე დარჩა: განხეთქილების ვაშლი - ყარაბახი, აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის "ძმური" დახმარების გარეშე არ გაჩენილა; საქართველო ვერაფრით ვერ არეგულირებს ურთიერთობას აფხაზებსა და ოსებთან, თუმცა ათეული წლებია რაც თავის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო ძალებს ღებულობს.
პროფ. რაულ ჩილაჩავას უკრაინულ ენაზე დაწერილი ზემოხსენებული ესე შემდეგი სიტყვებით მთავრდება: "ტარას შევჩენკოს უკვდავი პოემა 'კავკასია' ისევ ხაზს უსვამს პლანეტისათვის მნიშვნელოვან და უაღრესად აქტუალურ ძირითად პოსტულატებს, რომ ხალხთა და სახელმწიფოთა მშვიდობიან თანაარსებობას ალტერნატივა არ გააჩნია. პოემა შეგვახსენებს, რომ აუცილებელია მუდმივი დიალოგი კულტურათა შორის. მხოლოდ ეს გზა დაამარცხებს ბოროტებას და გაამარჯვებინებს სიმართლეს".
ახალი სტატიები
რუსუდან ჭანტურიშვილი - ტარას შევჩენკოს "კავკასია" რაულ ჩილაჩავას თარგმანსა და ნაშრომებში 07:50იოსებ ჭუმბურიძე - საბას ლოდინი და იუდას ღალატი - ესეისტური ცდა პოეტურ - თეოლოგიური „ფანტაზიებით“ 07:33დარეჯან დეკანოიძე - ჩანახატები (წიგნიდან ,,ანარეკლი") 00:20ფრიდრიხ ნიცშე - მორალის გენეალოგიაზე (თარგმანი - მინდია ცეცხლაძე) 22:18გიორგი სოსიაშვილი - სანამ შეიყვარებ 21:47ბექა ახალაია - ლექსები 02:05მარიამ ცომაია - ლექსები 01:51ოქტავიო პასი - მარტოობის დიალექტიკა (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 01:32
პირადი კაბინეტი
