გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) - დაკარგული კლასიკა


     (გამოხმაურება მირიან ებანოიძის წიგნის შესახებ -- ,,კლასიკის კვლევა არაკლასიკურის ეპოქაში“)

დრო-ჟამი - ეგზისტენციალური თავსატეხია. არსებობს ,,დროის“ მოცემულობითი პოსტულატი, ასევე, არსებობს ,,ჟამის“ ტრანსცენდენტალური სუბსტრატი. კავშირი მათ შორის მეტად ქაოსური და ბუნდოვანია. თუმცა შესაძლებლობა იმისა, რომ ამ ორ ცნებას შორის გავავლოთ პარალელი, - მაინც არსებობს. დრო - ეს გახლავთ ხილული ჟამი, ხოლო ჟამი - ფარული დროა. ფარული დრო წინ უსწრებს ხილულ დროს, აღემატება მის ენერგიასა და ზოგადობას; ხილული დრო კი, ადამიანისათვის გადაიქცევა სამყოფელად, ენერგიად, ფორმალური წესრიგის გარანტად. ადამიანი განსჯით ეუფლება გარდამავალი დროის მნიშვნელობას, წვდება მის მიკროელემენტარულ საზრისს; გარდაუვალი დრო კი, ადამიანისათვის მოუხელთებელია, რადგან ნამდვილი განსჯა დაფარულია გამოცდილების გარსით და განსჯის წმინდა, აპრიორი შიგთავსი დაბინდული რჩება. იმისათვის, რომ ნამდვილი განსჯა განხორციელდეს, საჭიროა გათავისუფლება ყოველგვარი გამოცდილებისაგან: გამოცდილებამდელი ენერგიისა და გამოცდილების შემდგომი ენერგიის ანალიზური კავშირით.
მირიან ებანოიძის წიგნში ,,კლასიკის კვლევა არაკლასიკურის ეპოქაში“ ვხვდებით ზემოაღნიშნული პრობლემის გადაჭრის მცდელობას. ავტორი შინაგან მზაობას გამოხატავს, უპირისპირდება რა კლასიკის მოდერნულ გაგებას, ის თავად გვევლინება იდეოლოგად და გვთავაზობს კლასიკის ახალ გაგებას, ერთგვარ სიუმოდერნიზმს, სადაც კლასიკა არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, კლასიკა არის აწმყოში ცოცხალი წარსული და დაბადებული მომავალი. ებანოიძე წერს: ,,კლასიკა ის ცოცხალი ტრადიციაა, რომელიც არა მხოლოდ წარსულის ძეგლების სახით გაქვავებული და ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებული სახით მოგვეცემა, არამედ მუდმივი გადაწერის, პერმანენტული რევოლუციების და აწმყოში მყოფებთან დიალოგის გზით არსებობს“ (გვ 8, პირველი აბზაცი). ამ ფრაზას თუ დავეყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავტორი კლასიკას აღმერთებს, მაგრამ ამავე გვერდზე ვკითხულობთ შემდეგ ფრაზას: ,,ინსტანცია აღარაა, კლასიკა რჩება“. ამ ფრაზით, ებანოიძე, მისდაუნებურად(?), უარყოფს კლასიკას და ნამდვილად ბუნდოვანს ხდის მის პერსპექტივას, რამდენადაც ინსტანციის უარყოფა სრული ქაოსის მომასწასწავებელია. თუ ინსტანცია აღარ არის და კლასიკა რჩება, მაშასადამე, კლასიკა უნდა გავიგოდ ინსტანციად და, ამ გაგებით, ინსტანციაც რჩება: კლასიკა გვევლინება ინსტანციად; მაგრამ, როგორც აღნიშნული ფრაზა მეტყველებს, კლასიკა რჩება უინსტანციოდ, უპერსპექტივოდ, უსაზრისოდ.
კრიტიკის დანიშნულება არ გახლავთ ცალსახა, ჩვენ არაფერში გვესაჭიროება ტექსტის ავტონომიური შემოქმედი, ტექსტს ეძლევა დამოუკიდებელი გასაქანი და ჩვენს ცნობიერებაში მისი ეიდოსი აისახება. რასაკვირველია, ტექსტის ეიდოსი არ გახლავთ უნივერსალური: განსჯის მიხედვით სხვადასხვაგვარი ეიდოსი წარმოგვიდგება და ეს სრულებით ბუნებრივია. განსჯა აწარმოებს შემეცნებას.
ჩვენ, აღნიშნული წიგნის მიმართ, ვერ ვიქნებით აბსოლუტურად ობიექტურნი, არც გვაქვს ამის პრეტენზია, მაგრამ გვაქვს მრავალგვარი მსჯელობის წარმართვის შესაძლებლობა და უფლება, რასაც თანმიმდევრულად გამოვიყენებთ.
მ. ებანოიძის აღნიშნული წიგნის საზრისად მივიჩნევთ ,,კლასიკის“ განსხვავებულ გაგებას, ტრადიციული, კლასიკური გაგებისაგან განსხვავებულს, განსხვავებულს მოდერნიზმისაგან, სტრუქტურალიზმისაგან, პოსტსტრუქტურალიზმისაგან, პოსტმოდერნიზმისაგან. ეს გაგება შედარებით ახლოს არის მოდერნიზმთან და პოსტმოდერნიზმთან, რამეთუ დასრულებული წარსული და მომავალი პოსტმოდერნიზმის საზრისია, მარადიული აწმყო კი - მოდერნიზმისა.
ებანოიძის მთავარი სათქმელი სამი უკიდურესობის შერწყმის შედეგად ვლინდება (:კლასიკა, მოდერნი, პოსტმოდერნი) და ქმნის უჩვეულო - ,,გასამებულ“ სიუჟეტს, სადაც მკაფიო სახე კონკრეტულ სამთაგანს არ გააჩნია, მხოლოდ მთლიანობა სჩანს - მათი შერწყმის შედეგად.
მრავალგვარ ვარიაციას მიმართავს ავტორი. წიგნის პათოსი ავტორიტეტული მოაზროვნეების დამაჯერებელ რეცეფციას წარმოადგეს (:ჰაიდეგერი, ელიოტი, რილკე, ბარტი, ფუკო, დერიდა, ვიტგენშტაინი, დელიოზი, სტროსი, გიდენსი) და საკუთარი თავის გამორკვევის მცდელობაა. ცდა დასაფასებელია, თუმცა მიღებული შედეგით თუ ვიმსჯელებთ - ფუჭი გარჯა აღმოჩნდა.
წიგნის პასაჟები და ტექსტუალური დინამიურობა ობსკურანტიზმის პრინციპზეა აგებული. ბენედიქტ ანდერსონის ტერმინს თუ მოვიშველიებთ, ,,წარმოსახვითი საზოგადოება“ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ზოგადმსოფლმხედველობრივ ასპარეზზე, მაგრამ ამ ,,საზოგადოებას“ არანაირი საერთო არ გააჩნია რეალურ საზოგადოებასთან, რამდენადაც მისი მთლიანობა და ესთეტიური მომხიბვლელობა ვირგილიუსის მიერ დანახული ტამპესავით მოჩვენებითია. ებანოიძე წიგნში ქმნის ერთგვარ პანდუსს, რომელზეც თავადვე გადაადგილდება კომფორტულად. მისი მეთოდი ზიკრულლახის შინაარსით გამოიხატება, სადაც ტრადიცია, უმოძრაო დოგმატიკა სრულ ჰარმონიაში მოდის მედიტაციურ, რიტუალურ გამოვლინებებთან, რისი საფუძვლებიც აღმოსავლურ მისტიციზმში მოიძებნება.
მ. ებანოიძე მტკიცედ დგას სტრუქტურალისტირ პარადიგმაზე, მიანიშნებს რა ენის თვითმპყრობელური ბუნების შესახებ, იმთავითვე სისტემატიზირდება მისი განსჯის აპრიორი ენერგია, გარდასახვათა შესაძლებლობა იკარგება და ავტორიტარული მონსტრი იქმნება.
ებანოიძე წერს: ,,ტექსტის მასალა ენაა - ცოცხალი, რთული, საკუთარი ენერგიისა და კანონზომიერებების მქონე. ადამიანს შეუძლია ილაპარაკოს მხოლოდ მაშინ, როცა მისით და მასში ლაპარაკობს მიწა, ცა, მოკვდავი და ღვთაებრივი. მისი გამოჩენით რიტუალიზირდება მარადიული დავა მიწისა და სამყაროსი, განხეთქილების იდეა და საწინააღმდეგო ძალთა ერთობა. ჩვენ კი არ ვლაპარაკობთ, ენა გვლაპარაკობს“ (გვ.10, მეორე აბზაცი). ამ ფრაზებში ჩანს ავტორის გულუბრყვილო დამოკიდებულება ენის მიმართ, ერთობ ხატოვანი და ესთეტიური, მეტაფორული და აფორიზმული. მას მიაჩნია, რომ სუბსტანციაცა და შედეგიც ენის საკუთრებაა, რომ არაფერი არსებობს ენამდე და რომ ენა არის აუცილებელი პირობა აზროვნებისათვის. ამ გამოვლინებით, ავტორი უპირისპირდება რაციონალიზმსა და მეტაფიზიკურ დისკურსს, მას გააჩნია იდეალიზებული წარმოდგენები, ეგზისტენციალური სივიწროვე და განსაზღვრულობა. გამოვლენილი შინაარსი გვახსენებს სტრუქტურალისტებს: კლოდ ლევი სტროსს (მის ნაშრომს ,,სტრუქტურული ანთროპოლოგია“), ჟაკ ლაკანსა და სტრუქტურაციის თეორიის შემქმნელს - ენტონი გიდენსს, რომელთა პირდაპირ გავლენას განიცდის მირიან ებანოიძე.
,,კლასიკის კვლევა არაკლასიკურის ეპოქაში“, როგორც წიგნის შინაარსი, ისე მისი სათაური იწვევს ბუნდოვანებას. ერთის შეხედვით, ამაში არაფერია საკვირველი, ჩვენ ხომ ყველაფრის კვლევა-ძიება გვეხერხება, ადამიანებს... მაგრამ მეორე მხარე დამაფიქრებელია: რამდენად ჭეშმარიტად განხორციელდება ჩანაფიქრი კლასიკის კვლევისა არაკლასიკურის ეპოქაში?! რამდენად სრულყოფილად აისახება ჩვენი დაბრუნების მცდელობა აწმყოს კულტურულ თავისებურებაში?! ჩვენის აზრით, სათაურშივე აქვს განსაზღვრული ებანოიძეს ამ წიგნის საზრისი. კლასიკის კვლევა არ განხორციელდება მისი უარყოფის, მისი გარდასახვის, ინტერპრეტაციის გარეშე. კლასიკა პირვანდელი ფორმით განუმეორებელია. ავტორი ეძიებს გზებს, აბსოლუტის წარმოდგენას ციტატებითა და მეტაფორებით ცდილობს. ებანოიძე განიცდის ნიცშეანურ სასოწარკვეთილებას, მას რეალურად სურს, რომ მკითხველის ცნობიერებაში წარუშლელი კვალი დატოვოს, იშველიებს ნიცშესეულ სენტენციებს; იმდენად ოსტატურად აჩვენებს თავს, რომ რთული შესამჩნევია მისი შეფარული ირონია. კლასიკასაც ირონიით უყურებს. მეტიც: ცალსახად რომელიმე მიმდინარეობის მეხოტბედ არ გვევლინება, ლავირებს, თამაშობს, ფორმალურ ჭეშმარიტებებს ებღაუჭება. ტექსტის რიგ პასაჟებში, პირდაპირი რეცეფცია ჩანს პოსტმოდერნისტი, სტრუქტურალისტი და პოსტსტრუქტურალისტი მოაზროვნეებისა. ებანოიძე წერს: ,,ინტერტექსტუალობა, რომელიც ბახტინისეული დიალოგის კონცეფციას ეფუძნება, ციტირებისა და ალუზიების კვლევის თეორიულ საფუძვლებს ახალი თვალსაზრისით წარმოაჩენს, რომლის მიხედვითაც არა მხოლოდ წარსული ახდენს ზეგავლენას აწმყოზე, არამედ აწმყოსაც ცვლილებები შეაქვს წარსულში. აწმყო დიალოგშია არა მარტო წარსულთან, არამედ მომავალთანაც“ (გვ. 7, მეორე აბზაცი). აღნიშნული ფრაზა შეგვიძლია მივიჩნიოთ მ. ბახტინისა და შემდეგში უკვე მისით მოტივირებული ი. კრისტევას დებულებების ,,გადმომღერებად“. ბახტინის მიერ დამკვიდრებული ტერმინი ,,ინტერტექსტუალობა“, კრისტევას მიერ გადატანილი ,,დიალოგურობაა“, ხოლო ებანოიძის მიერ ,,გადათარგმნილი“ ტექსტური ექსპანსიურობაა, რომელიც, თავისი შინაარსით, მდგრადია. ზემოთ ციტირებული ფრაზით ვხედავთ, რომ ავტორი გაურბის პასუხისმგებლობას, შემფასებლის როლში გამოდის, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს ციტატათა ავტონომიურობას, გამართლებას ტექსტური მდგრადობით უძებნის, ანუ ინტერტექსტუალობით, რის მიხედვითაც, თითქოსდა, ერთმანეთის ექო ესმით გამონათქვამებს.
წიგნის სათაურით ავტორი გვამზადებს კვლევა-ძიების ქარტეხილებისათვის, სინამდვილეში კი, განვლილ ეპოქათა ვიბრაციულ ვაკუუმში იმყოფება და გვამყოფებს. თავის დახსნას არ ცდილობს, რამეთუ ერთ მთლიანობად გვიხატავს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ეს არის ტრიალიზმის იდეა, რაც ადვილი შესამჩნევი არ არის ებანოიძის ტექსტებში, თუმცა საზრისული ძიებით ამ დასვნამდე მისვლა უსათუოა.
აღნიშნული წიგნი შედგება 18 თავისაგან. გარეკანის პირველი გვერდი ორიგინალური წარწერით არის შესრულებული, მუქი წითელი, საშუალო ზომის არასტანდარტული შრიფტით. როგორც წესი, წიგნის ზემოთ ნაწილში იწერება ავტორის სახელი, შუა ან შუას ქვემო ნაწილში კი - წიგნის სათაური. ამ წიგნზე პირიქით არის გადაწყვეტილი. ერთი შეხედვით, ეს გარემოება არ იმსახურებს ყურადღების გამახვილებას, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ავტორმა მიზანმიმართულად გათვალა გარეკანზე წარწერათა კონფიგურაცია: მირიან ებანოიძე გამოხატავს ეპოქათა მიმართ პატივისცემას და საკუთარი თავი საუკუნეთა მიმართებაში ესახება, ის კომენტატორის როლს ირგებს, თუმცა რთული გასარკვევია, სად გადის ზღვარი მის გულწრფელობასა და ცინიზმს შორის, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, სათაური ორაზროვანია. ჩვენ დანამდვილებით ვერ ვიტყვით: კლასიკის მხარეს არის ავტორი თუ პოსტმოდერნიზმის იდეალიზებისთვის ესაჭიროება კლასიკის ცნების ელემენტები.
პირველი თავის დასათაურება ტომას სტენრზ ელიოტის გამორჩეულ თხზულებას გაგვახსენებს: - ,,რა არის კლასიკა“, სწორედ ასე ჰქვია ებანოიძის წიგნის პირველ თავს, რომელშიც ადამიანის არასრულყოფილებასთან ერთად სამყაროს არასრულყოფილებაში გვარწმუნებს. მას მიაჩნია, რომ არაკლასიკურ ეპოქაში კლასიკურობისადმი სწრაფვა კანონზომიერი პროცესია, რომ ეს გამოწვეულია სამყაროსა და ადამიანის შეჯახების შედეგად გამოწვეული ტკივილისაგან. ავტორი იმოწმებს ნიცშეს, ელიოტს და კლასიკის შესაძლო ბედზე მსჯელობს. მრავლად აქვს მოყვანილი ციტირება, საუბრობს ელიოტის გაგების შესახებ, ბახტინისეულ ინტერტექსტუალობაზე, კლასიკის რელატიურობასა და რევოლუციურ ბუნებაზე, რომლის შედეგადაც აწმყოსთან დიალოგში უნდა შევიდეს კლასიკა. საბოლოოდ კი, ამ თავის ბოლო ნაწილში, დუალისტურ ქვეტექსტებს ვკითხულობთ, რომელთა თანახმადაც, ერთის მხრივ, კლასიკის გაგება ბუნდოვანდება, მეორე მხრივ - წინ წამოიწევს კლასიკის ფენომენის მნიშვნელობა.
დავიწყოთ იქიდან, რომ მ. ებანოიძე განსხვავებულს არაფერს გვეუბნება, კონკრეტული დასკვნებისაგან თავს იკავებს, ცდილობს ეპოქები ალაპარაკოს ავტორიტეტთა ენით. მისთვის გენეზისის მარქსისტული გაგებაა ზედგამოჭრილი, რის თანახმადაც, არსებულის საფუძველზე ახლის წანამძღვრების წარმოქმნის შედეგად მიიღება გარდასახული მთლიანობა, სტრუქტურა. ნომინალისტური მსოფლმხედველობა გააჩნია ებანოიძეს, ესქატოლოგიური ამაოების განცდა მასთან პერმანენტულ ხასიათს ატარებს, ხოლო ინვარიანტული სიწესრიგე უპირისპირდება ლემატურ მრავალსახოვანებას და ეს, საბოლოო ჯამში, მიდის უსაზრისო პრაგმატიკამდე, რასაც არ გააჩნია გონითი სუბლიმაციური მეტამორფოზა და ეზოთერული ფაშიზმით იტანჯება.
წიგნის მომდევნო თავები განსხვავებული ენთუზიაზმით გამსჭვალავს მკითხველს ავტორის მიმართ, რამეთუ მისი თხრობის სტილი დიდაქტიკური, წარსულის გამოცდილების გაზიარების შედეგად გადმოცემული და, ერთის შეხედვით, პრიმიტიულია, თუმცა ქვეტექსტებში მრავალნაირი ვარიაციები გვესახება: ირონიული ტონი, რომელსაც მკითხველის მოსანუსხად იყენებს; მეტაფორული ქარაგმები, ალუზიათა მთელი რიგი წყება. ციტატათა პათოსი ჰარმონიულად ერგება ავტორის სათქმელს, რადგან ავტორი კომფორტულად გრძნობს თავს წინამორბედთა გარემოცვაში და თავად არც სჭირდება იფიქროს, უკვე ხომ იფიქრეს?!.. საკითხის მიმართ მსგავსი მიდგომა უდიდებულესი ნიჭია...
გამოსარჩევია წიგნის რამდენიმე თავი: ,,შემოქმედების საკითხი ანტიკურობასა და ქრისტიანობაში“ (III, გვ.15-19), ,,კლასიკური თუ რომანტიკული. გალაკტიონ ტაბიძე“ (V, გვ. 23-27), ,,თანამედროვე“ ლიტერატურა“ (VI, გვ. 27-32), ,,პოსტმოდერნიზმი“ (VII, გვ. 32-37), ,,ტრადიციის გაქრობის ტრადიცია: ნაბოკოვი“ (IX, გვ. 47-49), ,,ინტერვიუ გერონტისთან” (XV, გვ. 123-127), ,,ჟილ დელიოზი, ფელიქს გვატარი: ,,რიზომა“ (XVII, გვ. 130-164). განსაკუთრებულად გამოვარჩევდი: ,,დისკურსი და ძალაუფლება“ (XII, გვ. 61-68), ,,აღორძინების ინიციაცია“ (XVI, გვ. 127-130).
მიუხედავად იმისა, რომ მეთორმეტე თავი მხოლოდ ისტორიულ-ინფორმაციული შინაარსით არის აღსავსე (როგორც სხვა თავები, თუ არ ჩავთვლით XV, XVI, XVII, XVIII თავს), ავტორი მაინც საინტერესოდ მიანიშნებს დისკურსის მნიშვნელობაზე, მისი ტერმინოლოგიური დამკვიდრების, განმავითარებლის - მიშელ ფუკოსა და დისკურსის როლზე სტრუქტურალიზმსა და პოსტსტრუქტურალიზმში. განიხილავს იულია კრისტევას სემანალიზს და ციტირებს საინტერესო ფრაზას, რომლითაც კრისტევა ერთმანეთს ადარებს ბერძნულ-იუდეურ-ქრისტიანულ კულტურულ ტრადიციებსა და აღმოსავლურ ტრადიციას, სადაც აფიქსირებს აზრს აღმოსავლური ფონოლოგიზმის უპირატესობის შესახებ. ებანოიძის მსოფლმხედველობისა და მისი ტექსტების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის იზიარებს კრისტევას მოსაზრებას ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით. აგრეთვე, მეთორმეტე თავში მ. ებანოიძე საუბრობს როლან ბარტის ლიტერატურათმცოდნეობისა და ჟაკ ლაკანის ფსიქოანალიზის შესახებ, რომელთაც ინფორმაციული მიმოხილვით შეეხება და არა ანალიზური კრიტიკით. ასევე, საუბრობს ჟაკ დერიდას დამკვიდრებულ ,,დეკონსტრუქციაზე“ და გარკვეულ ლოგიკურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს დერიდას მსოფლმხედველობის შესახებ.
ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს ,,ინტერვიუ გერონტისთან“ (XV), ,,აღორძინების ინიციაცია“ (XVI), რომელ ტექსტებშიც მკაფიოდ სჩანს პოსტმოდერნული სულისკვეთება.
და მაინც, სად ვეძებოთ მ. ებანოიძის კლასიკა?! მისი წიგნი კონკრეტულ პასუხებს არ გვცემს ამ კითხვაზე. არჩევანს მკითხველს უტოვებს, საუკუნეთა კულტურულ სამზარეულოში ახედებს საზოგადოებას, თავად გვევლინება შეგირდად, რომელსაც მოსწონს ეს ამპლუა. ვერ დავზრახავთ ავტორს... კომფორმიზმი ზოგჯერ თავის გადარჩენის მცდელობად უნდა დავინახოთ. ჩვენი კრიტიკული დისკურსის საბოლოო მიზანია, რომ მ. ებანოიძის მიერ წარმოდგენილი ტექსტი ,,კლასიკის კვლევა არაკლასიკურის ეპოქაში“ გავხადოთ საზოგადოების ფართო მასების ინტერესის ობიექტი. ავტორის მონდომება დავაფასოთ. არ წავიკითხოთ ტექსტი ზედაპირულად და მისი ქვეტექსტების წვდომას ვეცადოთ. ინფორმაციულმა და ხატოვანმა ზემოქმედებამ არ უნდა განსაზღვროს ძიების ვექტორი. როგორც არისტოტელე იტყოდა: ,,ყოველმა ადამიანმა ხელი უნდა მოჰკიდოს ისეთ საქმეს, რაც მისთვის შესაძლებელია და რაც მას ეკადრება“... მ. ებანოიძე ასეთ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება. გამოსდის ფილოსოფიურ სამყოფელში წრიული მოძრაობა, რომელიც აუჩქარებლობით ხასიათდება. ის აბსოლუტურად იზიარებს ნიცშეს ფრაზის პათოსს: ,,აფორიზმი და სენტენცია მარადისობის ფორმებია“, ცდილობს კულტურათა თავისებურებებს ჩაწვდეს, სურვილი აქვს, საუკუნეთა დიალოგში მენტორის როლი მოირგოს, მაგრამ იმ უკიდურესობას ვერ ამჩნევს, რაც წარსულის თვითმპყრობელური ცნობიერების არქეტიპია, რაც ასე განსაზღვრავს შემგუებლურ აწმყოს. ჩვენ გვესაჭიროება წარსულის გათავისება, მაგრამ არა წარსულის მნიშვნელობით, არამედ მას უნდა მოვაშოროთ წარსულის შინაარსი და აწმყოში დავამკვიდროთ გარდაუვალი აუცილებლობის სახით, ეს პათოსი გვესაჭიროება მომავალთან დაკავშირებითაც.
მირიან ებანოიძის ტროპები ჰედონისტურია, მუდმივი მოდელირების პროცესშია, მაგრამ მეტათეორიულობისაგან მისი მსოფლმხედველობა სრულად ჰიპოსტაზირებულია, რაც სიღრმეებში წვდომის შესაძლებლობას უკარგავს. ნიჰილისტურია ავტორის დამოკიდებულება კლასიკის მიმართ. ირონიას, რომელსაც ის იყენებს, ფარული სევდა, ამაოების განცდა და პანფსიქიზმის შემაძრწუნებელი შინაარსი გააჩნია, რაც ასე პარადოქსულად მეტასტაზირდება წარსულსა და მომავალში.
კლასიკა კიდევ უფრო ბუნდოვანდება...
საბოლოოდ, კლასიკა იკარგება.
2018 წელი, სექტემბერი.скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge