გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

დიალოგი დროში - გორვანელსა და მასწავლებელს შორის (ლევან გოგაბერიშვილი, მირიან ებანოიძე)


გორვანელი: - ბატონო მირიან, როგორ გიკითხოთ? ჩახვედით, ხომ?

მასწავლებელი: - გაუმარჯოს ლევანს. კი. როგორ გრძელდება შუა საუკუნეების ფილოსოფია? 

გორვანელი: - იცოცხლეთ, კარგად გრძელდება ყველაფერი, ბადრი გვიკითხავს და წიგნებსაც ვამუშავებთ. თქვენ როგორ მოეწყვეთ მაქეთ? ჟურნალს ვაფუძნებ და პირველი ნომრისათვის მასალებს ვამზადებ. მინდა გთხოვოთ, რომ თქვენი ტექსტი დავბეჭდოთ. მქონდეს თქვენი იმედი? 

მასწავლებელი: - არამიშავს ლევან. რომელ ტექსტს გულისხმობ. წიგნიდან? რა თქმა უნდა, შეგიძლია დაბეჭდო. 

გორვანელი: - ლექსები მომეწონა. მე ასეთ ჟანრს არ ვაღიარებ, როგორც პოეზიას, თუმცა აზროვნების საინტერესო პროდუქტია, მრავლისმთქმელი. თქვენი ეს ტექსტი ნამდვილად მშვენიერია. რატომ არ აქვეყნებთ?

მასწავლებელი: - ჯერჯერობით, დისტანციას ვგრძნობ მათდამი.  ვნახოთ, როდესმე იქნებ რაიმე შეიცვალოს.

გორვანელი: - დისტანციას ვისთან? თუ თქვენი ლექსები არ გამოაქვეყნეთ, ნაწილი მაინც, მაშინ დისტანციაც არ იარსებებს. საკუთარი თავისთვის შექმნილი დისტანცია არ არის პროტესტი.

მასწავლებელი: - პროტესტი არც მქონია, მაგრამ წიგნიდან ორი წერილის გარდა ძალიან ცოტას აქვს წაკითხული და იმათაც უკუღმა. კლასიკის ცნება ბუნდოვანი დარჩა... 

გორვანელი: - აღნიშნავთ, რომ ბუნდოვანია კლასიკის პერსპექტივა...თქვენთვის რა არის კლასიკა,  ცალსახად ამასარ ამბობთ, ლავირებთ, სიტყვებით თამაშობთ. თქვენ რომანტიზმის წარმომადგენლად მიიჩნევთ გალაკტიონს, გულუბრყვილო რომანტიზმის. კლასიკად კი მიიჩნევთ დანტეს, შოთას და ელიოტს. ძირითადად, ელიოტის ფრაზები მოგყავთ თქვენი პოზიციების გასამყარებლად. ამ ტექსტებიდან ჩანს, რომ მიჯნავთ რომანტიზმსა და კლასიკას, თქვენთვის მოდერნიზმის ეიდოსია კლასიკა. მოდერნიზმს აიდიალებთ საბოლოოდ.

მასწავლებელი: - რომანტიზმია, რაც კლასიკას უპირისპირდება თავისუფლების ფილოსოფიით. მოდერნიზმი და პოსტმოდერნიზმი რომანტიზმის ნაყოფებია. ჩემი პოზიცია წიგნში ნათელია: ცეცხლის ხაზი გადის ტრადიციასა და ,,თანამედროვეობას’’ შორის. მე მათ ვუპირისპირებ. კლასიკის მხარეს ვარ, თუნდაც გალაკტიონის წინააღმდეგ. წიგნის კრიტიკის საგანია მოდერნიზმი. ნუთუ ასე გაუგებარია?

გორვანელი: - გამოაქვენეთ ლექსებიც, გამოაქვეყნეთ. ის, რისი გაკეთებაც დღეს შეიძლება, ხვალისთვის არ უნდა გადავდოთ, მე ასე ვფიქრობ. ჩვენ ვართ თავად დრო, ბატონო მირიან. მაშინ იმის სურვილიც არ უნდა გქონდეთ, რომ შექმნათ, ყველაფერს გარკვეული მიზანი გააჩნია. თქვენი მსგავსი მოაზროვნეებით არ არის განებივრებული დღევანდელი საქართველო და ეს თქვენც იცით, ვფიქრობ.

მასწავლებელი: - დროზე უნდა გავიმარჯვოთ. შეიძლება ყველაფერი შესწირო იმას, რაც გინდა გამოვიდეს, ასე ვფიქრობ. წარმატებაც კი... 

გორვანელი: - საკუთარ თავზე გამარჯვება არ არის მიღწევადი, ეს ილუზიაა. რა დროს ასკეტიზმია, როცა ადამიანია ყველაფრის შემოქმედი, კულტურა, 
ისტორია, კაცობრიობა... ჩვენ მუდმივ პროცესში უნდა ვიყოთ. აბსოლუტური მიზანი არ არსებობს. შედეგი მარადიულად მოძრავი მიზანია.

მასწავლებელი: - ეგ თოკზე გამობმული ყოფნაა. მთავარია, ამოვიცნოთ რას ემსახურება ყოველივე ეს. მხოლოდ პრიმიტიული მოძრაობა ძველიდან ახლისაკენ პროგრესის სამსახურში... ძალიან ბანალურია. 

გორვანელი: - ფილოსოფია უნდა შეისწავლო, მაგრამ იმდენად არა, რომ მისგან თავი ვერ დაიხსნა. ჩვენ არ უნდა გადავღალოთ გონება კონკრეტული ცოდნით, ეს ჭეშმარიტად აზროვნების უნარს გვიკარგავს და გვაქცევს დაქვემდებარებულად. ჩვენ უნდა ვიყოთ დამქვემდებარებელი. ყოფნის მიზანი ფლობაა. თქვენეული გაგებით უფასურდება ყოფნა. 
ჩვენ ვერ შევთანხმდებით. რატომ არ გესმით რასაც ვამბობ? 
თქვენს ხედვებში ვხედავ კონფორმიზმს. ბრმა ცოდნა, უსარგებლო, მიმბაძველი, შემგუებელი- ჩემთვის იგივეა, რაც უცოდინრობა. თუ არ არის სურვილი, რომ ჩარჩოები დაიმსხვრეს. არსებობენ პიროვნებები, რომლებიც სულაც ვერ დადგომიან ჭეშმარიტების გზას. თქვენც ასეთ პიროვნებათა კატეგორიას მიეკუთვნებით და ფორჩხიძეც. თქვენ ვერასოდეს გათავისუფლდებით დოგმატური აზროვნებისაგან, სადაც ახალი აზრი ვერასოდეს დაიბადება. ჩვენ სხვების აზრების პერიფრაზირებით ვერ ვიქნებით ფილოსოფოსები. უნდა გავითავისოთ შექმნილი, მაგრამ შემდეგ უნდა უარვყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერასოდეს იტყვით თქვენსას და ინტერპრეტატორი დარჩებით. თქვენ ვერ დამიპირისპირდებით დანტეს, დოსტოევსკის, გოეთეს, პლატონის ფრაზებით, იესოს რჩევა-დარიგებებით. ეს  მკვდარი ფაქტებია. მე გავექეცი მათ გავლენას და ჭეშმარიტებას ვებღაუჭები, რომლის კვალშიც ვდგავარ.
ვის სახელს უკავშირდება ,, კატეგორიული იმპერატივი’’? ვის უკავშირდება ,,ალეთოლოგიური რეალიზმი’’? ჩვენ რატომ ვერ უნდა შევქმნათ ზემოთაღნიშნულთაგან თითოეულ მიმდინარეობასა თუ სისტემაზე ძლიერი მიმდინარეობა თუ სისტემა? ეს კითხვა არასოდეს დაგისვამთ საკუთარი თავისთვის? რაღაც აბსტრაქტულ, მოუხელთებელ იდეალიზმს აღიარებთ, რომლითაც პიროვნული განვითარების ყოველგვარ შესაძლებლობებს ანადგურებთ.

მასწავლებელი: - არ გიპირისპირდები. ჭეშმარიტება ჰარმონიაა და საკუთარ თავშია მოსაძებნი. მგონია, რომ სხვებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებ. ეს არაა ომი სხვებთან, არამედ საკუთარ თავთან. მოწინააღმდეგეზე ნუ გათვლი, რომ იქვე არ დარჩე, ან ცოტათი მაღლა. ჰეგელთან მარტოობაში გატარებული წლები სჯობია. სკოლა უნდა გაიარო. ამას მოთმენა უნდა. თუნდაც მცდარი სკოლა. თუ ეს ინდივიდუალობას მოკლავს, ეს არ ყოფილა ინდივიდუალობა. შეგირდობა სირცხვილი არ არის. ბევრი შრომა და საკუთარი თავის მრავალგზის უარყოფა სჭირდება, რაც მხოლოდ გაგამდიდრებს. ეს უფსკრული ყველა გენიოსს გაუვლია, უბრალოდ გარედან მოცარტები სჩანან. ორიგინალობაში სატრაბახო არაფერია. ქათამი ახალია, მელა ორიგინალური, ლომი იმეორებს. გალაკტიონი, მაგალითად, მუდმივად იპარავდა სტრიქონებს. ყველა გენიოსია, ვინც ,,თავისას’’ ამბობს, მაგრამ თუ არ დავასახელებთ, ეს ჰეგელის აღარ იქნება? დაპირისპირება არ ნიშნავს ძლევას. სისუსტის ნიშანია მიკროკლიმატის შექმნა მარშუტკაში. უბრალოდ, არ ვიცი რომ ,,ეს’’ ჰეგელისაა. ამიტომ თვალი უნდა გაუსწორო, სხვის სახელმწიფოში ხომ არ ხარ. არ ვიცოდი, არაა გამართლება. პირიქით, უნდა მოინელო ან გადაყვე. 

გორვანელი: - მე თუ არ ვიცი, რომ ნიცშემ თქვა ,,ეს’’ და მე მისგან დამოუკიდებლად ვთქვი, ეს მიგნება მე მეკუთვნის, ჩემი თვითმყოფადი გონების პროდუქტია და არა ,,ვიღაც" გამოსირებული ნიცშესი. გონება არ უნდა გადავტვირთოთ უსარგებლო ცოდნით, თორემ თვითმყოფადობის ნიშან-წყალიც აღარ დარჩება. ჩემი დაკვირვებით, ჩემი მსჯელობით მივედი ამ დასკვნამდე და გადმოვეცი, როგორც სამყაროს წიაღში არსებული, ჩაკარგული მუდმივობა, რომელიც ვიღაცამ უნდა აღმოაჩინოს. თქვენ ვერ გახდებით ჰეგელი მისი მიბაძვით, მაგრამ შანსი გაქვთ ფილოსოფოსი მირიან ებანოიძე გახდეთ. ჰეგელმა დააღწია თავი კანტს, კანტმა დეკარტესა და ჰიუმს. ეს პროცესი შეჩერდება, როგორ ფიქრობთ? კიდევ უამრავი თეორია შეიქმნება და კვლავ თავდაყირა დადგება ყველაფერი. თქვენ თუ დაგიჯერებთ, შეგვიძლია სიცოცხლის ბოლომდე შეგირდებად დავრჩეთ.  მე სიცოცხლეში მჭირდება აღიარება, დიდება.

მასწავლებელი: - სიახლე და ორიგინალობა მთავარ ღირებულებად მოდერნიზმს მიაჩნია. ჰეგელთან მოხსნა-შენახვაა, რაც უარყოფას არ ნიშნავს. როცა ყველაფერი შენ ხარ, ესაა უმაღლესი მდგომარეობა და არა გათავისუფლება სხვებისაგან. ამიტომ ჰეგელი კანტიცაა, ბადრიც, ლევანიც და მირიანიც, არაფერია ჰეგელში ორიგინალური. არც არავისში... ეს ერთი სამყაროა, ყველა ჩურჩული შენში ისმის. რუსთაველი გახსოვს ბავშვი... ჰომეროსიც ვიყავი ოდესღაც.
ვისაც რამეს შექმნა არ შეუძლია, სხვების პატივისცემა არ იცის. ჰგონია, რომ სხვებიც მასავით ცრუობენ, ან აღიზიანებთ, ვინც ქმნის. ვაჟა ფშაველას არ რცხვენია მონა უწოდოს თავს: ,,და მე ხომ ყველას მონა ვარ, პირზე ოფლგადამდინარე’’. მთების სიმაღლე პირველთ აღიზიანებს, მეორეეებს კი აღაფრთოვანებთ.  თუ მთები არ მოჩანს, გორაკზე დგომა უმაღლესი წერტილია, მაგრამ არ უნდა მოვიტყუოთ თავი - მთები არსებობენ. რა კარგი იქნებოდა, მთები რომ არ არსებობდეს, ფიქრობს ლიბერალური აზრი. ყველაფერი თაბარსწორია... მთები არ უნდა დავფაროთ, არამედ უნდა ვაჩვენოთ სხვებს. უმაღლეს მთაზე ბალახად ყოფნა მეტია, ვიდრე ვაკეში თივის ზვინად. მთებს ეცინებათ, როდესაც ჩაგრავენ, გორაკები კი - მუდმივად უსამართლობაზე გაჰყვირიან. 
ჰეგელის მერე თუ მოვახერხებ ორიგინალობას, ესაა ძნელი, თორემ სამტრედიაში რას ვიზამ -არაა საინტერესო.ნამდვილი ამბიცია ისაა, ჰეგელს რას მოვუხერხებ,  მერე თუნდაც მეეზოვე ვიყო. ამ ამბიციას სოციალურ მნიშვნელობაზე ვერ დავიყვანთ. 
ჩვენ ვართ ის, სინამდვილეში რასაც ვებრძვით. მემარცხენეები ამას ვერ იგებენ, როდესაც ძალაუფლებას უპირისპირდებიან.ეს ყველაფერი, რასაც ვებრძვით, ჩვენი შექმნილია, ოღონდ ძილში. სიფხიზლეში აღარ გვახსოვს. როდესმე ამას ვიხსენებთ.

გორვანელი: - ამას დრო გვიჩვენებს, ვინ რას შექმნის, ვისი შექმნილი გახდება ზოგადი მნიშვნელობის. ათწლეულების შემდეგ უკეთ გამოჩნდება ყველაფერი, თუ დაგვცალდება. თქვენ ვერიტანთ განხვავებულ აზრს, ამაზე ღიად კი არ ბრაზდებით, როგორც, ვთქვათ, ზოგიერთები, არამედ ტექნიკურად ცდილობთ მოწინააღმდეგის განადგურებას ავტორიტეტებით. თქვენ  სხვები იმისათვის გესაჭიროებათ, რომ მათ ხარჯზე წარმოჩინდეთ. გამეორება ვერ შედგება ნებით, ეს უნებლიედ უნდა განხორციელდეს, უნებლიედ, დამოუკიდებლად, საკუთარი ჭვრეტით უნდა მივიდეს ადამიანი. მიბაძვა არასოდეს სრულდება ჭეშმარიტი გარდასახვით, მიბაძვა ყოველთვის ქაოსურ პროცესად რჩება, სადაც მიმბაძველი გამუდმებით კოშმარულ სიზმრებ სხედავს.

მასწავლებელი: - ნუ ცხარობ, ლევან. ეგაა ტრადიციონალისტების მოდერნისტებისაგან მთავარი განმასხვავებელი - ავტორიტეტების სიყვარული, გამეორება, ტრადიცია. მხოლოდ საკუთარ თავს თანამედროვე ადამიანი ეყრდნობა. მას არ სჭირდება ავტორიტეტები. ელიოტი მიუხედავად თავისი რეაქციონერობისა, ლექსებში უკიდურესი მოდერნისტი ჩანს. მაგრამ ამან არ უნდა მოგვატყუოს. მისი სახით, მის ადგილზე იგივე დანტეა, ოღონდ ნიღბით. წაკითხვა უნდა შევძლოთ. იგი არა თავისი სახელით, არამედ ევროპული კულტურის სახელით ლაპარაკობს. 
თუ მიაქციე ყურადღება, გარეკანზე ჩემი სახელი და გვარი ქვემოთ ეწერა, როგორც ხელმოწერა.
 
გორვანელი: - ,,რა არის კლასიკა’’- ეს სათაური ბრჭყალებში რატომ ჩაწერეთ. ელიოტის ტექსტი რა შუაშია ამ სათაურთან? სათაური ბრჭყალებში გაქვთ ჩასმული.

მასწავლებელი: - ამ სათაურით ოთხი ცნობილი წერილია დაწერილი. ჩემი ტექსტი მათთანაა დიალოგში. 

გორვანელი: - მე გითხარით, რომ ასე აღვიქვი ტექსტი-თქო და თქვენ მიმტკიცებთ, რომ მე ვერ წამიკითხავს სწორად და ვერ გამიგია თურმე ტექსტი. როგორ შეიძლება თქვენ უნივერსალური გაგება მოითხოვოთ ამტექსტების მკითხველის მხრიდან? ეს მეთოდი მასწავლებლებს ჰქონდათ სკოლებში საბჭოთა კავშირის დროს. ტექსტის გაგება არ შემოიფარგლება ტექსტის ავტორის გაგებით, ამაზე უნდა შევთანხმდეთ. ეს მეთოდი არ გამოგადგებათ ჩემთან. ტექსტი ზოგადდება, დროისა და სივრცის ნაწილი ხდება, თქვენ არაფერ შუაში აღარ ხართ, ტექსტის მთლიანობა ქმნის ავტორს. ტექსტის მთლიანობის გაგება ბადებს ავტორს. ავტორი ტექსტზე კარგავს უფლებას ქმნადობის პროცესში, ანუ როცა ის ტექსტს ქმნის. თქვენი ტექსტი თქვენ აღარ გეკუთვნით. 

მასწავლებელი: - ის, რომ ტექსტი ცალსახა ინტერპრეტაციას არ ემორჩილება (თუ იდეოლოგიურად კორექტული არაა), არ ნიშნავს, რომ მისდამი ერთგულება არ მოგვეთხოვება. ავტორის ერთგულებაზე არ ვლაპარაკობ რასაკვირველია, არამედ ტექსტის. წესით, არც უნდა ვუკეთებდე კომენტარებს ჩემს წიგნს, მაგრამ მგონია მცდარი წაკითხვა კი არა, საერთოდ წაუკითხაობა შეხვდა ბედად. მცდარი წაკითხვა შეიძლება გენიალური იყოს.
რა თქმა უნდა, ყველა ინდივიდუალურად გებულობს, მაგრამ რასთან აქვთ საქმე? გაუგებრობაც გაგებაა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც შედგება. არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ოღონდ გახმაურდეს და ყველაფერი ტექსტის სასარგებლოა. ამან შეიძლება უფრო დააზარალოს ნაწარმოები, ვიდრე წაუკითხაობამ... რაიმეზე ლაპარაკი არ ნიშნავს რაიმეს. ბაზარზე გამოტანა და ლაყბობა ამცირებს შანსს ტექსტთან ურთიერთობისა. 
ლაპარაკი მარხავს... 

გორვანელი: - ჩვენ ვართ მესაფლავენიც და სამარხი ობიექტებიც.

მასწავლებელი: -   გამიხარდება, თუ ტექსტთან შეხვედრა შედგება, თუნდაც კრიტიკული. თუ ეს არ მოხდა, უკიდურესი ქებაც აზრსმოკლებული მგონია და არაფერს ნიშნავს. ,,რაიმეზე’’  ლაპარაკი არ ნიშნავს ,,რაიმეს’’. ასე რომ, ველოდები...
ყველაფრის კითხვა შეუძლებელია. რახმანინოვი უნდა გაიხსნას, ამას ყურის კონფიგურაციის შეცვლა სჭირდება. მანამდე სხვანაირად კი არ ვგებულობდი, სხვა რამეს ვგებულობდი.  გარდა ამისა, უნდა შევეგუოთ დაფარულს, თანავიარსებოთ მასთან. ყველაფერი ვერ გაიხსნება... ესაა კლასიკა. ,,თანამედროვე’’ ამას გამოწვევად და შეურაცხყოფად ღებულობს.

გორვანელი: - ჩემი ტექსტები ყოველთვის ღრმააზროვანია, რაღა ახლა გამიწყრება იესო.
მშვენიერი გამოვა, პასუხისმგებელი ვარ ჩემს სიტყვებზე, მაგრამ ამას თქვენ როგორ გაიგებთ, ეს მე აღარ მეხება, ბატონო მირიან. თქვენც ასეთი დამოკიდებულება უნდა გქონდეთ.   
პიროვნულობა რა შუაშია? მე თქვენ დიდ პატივს გცემთ, იცით და მიწასთან რომ გავასწორო თქვენი ტექსტი, არ უნდა გეწყინოთ ან ზეცაში რომ ავიყვანო - არ უნდა გაგიხარდეთ; დღევანდელი ჩვენი მეგობრული დამოკიდებულება კრიტიკამ არ უნდა გააფუჭოს და ქებამ კიდევ არ უნდა გაამყაროს. როგორც არ უნდა ვიკამათოთ ტექსტის პასაჟებზე და ტექსტის გაგებაზე, პიროვნული დამოკიდებულება არ უნდა შეიცვალოს.

მასწავლებელი: - არა, სხვა რამეს ვგულისხმობდი. ტექსტის კითხვისას ვერ ვთავისუფლდებით ავტორის ,,ხმისგან’’. ძნელია თვითონ ტექსტის კრიტიკა. უფრო ხშირად, ავტორს ვაკრიტიკებთ.
,,მეს’’ ანიჭებ გადაჭარბებულ მნიშვნელობას. სამყარო ბევრად საინტერესოა. ამიტომ იწყება ფილოსოფია გაკვირვებით. ვინ აღმოაჩინა რა აზრი აქვს? მხოლოდ სახელი და გვარი?! პლატონი ხშირად იმეორებს: ,,ძველები ამბობენ’’, მაშინაც კი, როდესაც თავის აზრს გვეუბნება. ,,მეში’’ ბევრი კი არაა ამბიციურობა, არამედ ცოტაა. ის ზღუდავს სამყაროს. სხვად ტოვებს მას. 

გორვანელი: - მაშინ რატომ დაწერა ამ ახვარმა პლატონმა ამდენი დიალოგი? რატომ დააპირა დემოკრიტეს განადგურება? მშვენივრად იცით რა ,,პროპაგანდას’’ ეწეოდა პლატონი თავის აკადემიაში, დემოკრიტეს მემკვიდრეების წინააღმდეგ!

მასწავლებელი: - დემოკრიტეს ატომია ,,მე’’, განუყოფელი. ,,მეს" მხოლოდ აღიარება სურს პლატონისგან, მეტი არაფერი, მაგრამ ვერ პოულობს პლატონს, რადგან დემოკრიტეს დაწვით პლატონის ,,მე’’ გაქრა.
ეს ყველაფერი ძალაუფლების ტერმინებში არ აღიწერება. ლიტერატურა დასცინის ძალაუფლებას. ვინ ლაპარაკობს? ლევანი თუ მირიანი... ავტორის პრობლემა ცრუ პრობლემაა. ავტორები კი არ ლაპარაკობენ, ტექსტები ლაპარაკობენ მათი მეშვეობით.  მათ კამათი აქვთ სხვა დიდ ტექსტებთან მარადიულობაში... იქ წარსულს და მომავალს ერთნაირად შეუძლიათ იკითხონ ერთმანეთი. ესაა ნამდვილი კრიტიკა.

გორვანელი: - მე არ ვარ თანამედროვე, არც თანამედროვეობაში ვცხოვრობ და არც თანამედროვეობით ვვაზროვნებ. თანამედროვეობა განსაზღვულია, აბსოლუტური აწმყო არ არის განსაზღვრული. აბსოლუტური აწმყო არის კლასიკა. თქვენი წიგნის საზრისს ვეთანხმები საბოლოოდ. უბრალოდ ამის განსხვავებულად გადმოცემას ცდილობთ და ეს ქმნის ბურუსს, რომელიც საბოლოოდ კონკრეტულ დასკვნებს მაინც ვერ გაკეთებინებთ.

მასწავლებელი: -  არა. ტრადიციის გათანამედროვება არ ხდება. იგი თვითონაა თანამედროვე, იმით, რომ დროში იღებს მონაწილეობას. სწორედ ამ გაგებით ამბობს კირკეგორი, რომ ქრისტე ჩვენი თანამედროვეა. მოდერნი კი ახალ ბარიერს აღმართავს ჩვენსა და ტექსტს შორის - მას ,,თანამედროვედ’’ ყოფნას თხოვს - მიმდინარეს მნიშვნელობით. 
მოდერნიზმიც ორაზროვანია: ჯოისი ამსხვრევს, მაგრამ მსხვრევას დავინახავთ, თუ ამ ნამსხვრევებში ტრადიციას, ორი სრულიად სხვა რამეა. 

გორვანელი: - პლატონი უდიდესი მოდერნისტი იყო. თქვენი ლოგიკით რომ მივყვეთ, პლატონის შემდეგ არაფერი არ დაწერილა, ყველა პლატონის ინტერპრეტატორები ვართ, მაგრამ არ არის ასე, ჩემის აზრით, რადგან ყოველმა გიგანტმა განსხვავებული სისტემა შექმნა. ინტერპრეტატორი ხართ ჰეგელის, ნიცშეს, ფუკოს, დერიდას და ასე შემდეგ, ეს გგონიათ თქვენ ნამდვილი ფილოსოფია, გიგანტების მხრებზე დგომა, მაგრამ თქვენ ვერასოდეს გახდებით თავად გიგანტი. რატომ არ გესმით, მეც მინდა, რომ სისტემა შევქმნა და ასე შევიდე ისტორიაში, ჩემი მიმდევრებით.

მასწავლებელი: - შენი ენა მთლიანად მოდერნულია. ამას ვერ გრძნობ. მითოლოგია აღწერს ღმერთებისა და გიგანტების ომს. პრომეთემ ცეცხლი მოტაცა ღმერთებს. თანამედროვეობა ესწრაფვის გიგანტიზმს. ინდური რელიგიის მიხედვით კალი იუგას ეპოქაში ვცხოვრობთ, რკინის ეპოქა და არა ოქროსი, სადაც გიგანტები ამარცხებენ ღმერთებს. პლატონი მარადიულზე ლაპარაკობს. როგორ შეიძლება მოდერნისტი იყოს. ისტორია დროშია, პლატონის მარადიულობა ზედროულია. 

გორვანელი: - მარადიულობაა ზუსტად კლასიკა. და ეს არის ჭეშმარიტი მოდერნიზმი, როცა ზედროულ სინამდვილემდე მაღლდები, როცა წარსულიც ხარ და მომავალიც. როცა ისტორიას ამთავრებ და დროსაც ანადგურებ, ეს არის ჭეშმარიტი მოდერნიზმი.

მასწავლებელი: - ერთმა მოწაფემ უღალატა ქრისტეს, რათა განეხორციელებინა მისი პროგრამა - ესაა მოდერნი. ვინც ვერ უღალატა, არათანამედროვეა, პოსტმოდერნია. სიღრმეში სწორედ ესაა - განსხვავება.  მოდერნისტები დროში ცდილობენ მარადიულობის გადმოტანას. ეს ღალატია და ეგოიზმის მწვერვალი. ჰეგელი უმაღლესი მოღალატეა, რადგან გაცნობიერებული აქვს ეს. 

გორვანელი: - კარგად აწარმოებთ დისკუსიას, კონფორმისტს ადვილად მიიმხრობდით. თქვენ ისე არ გებულობთ ჩემს თქმულს, როგორც მე ვამბობ, თქვენ როგორც გსურთ, ისე გებულობთ. ხატოვანი შედარებებით ქმნით ფონს. მე გეუბნებით, რომ იუდას ღალატი იყო ზედროული, ეს არ იყო ის მოდერნული, რომელიც თქვენ წარმოგიდგენიათ, ნამდვილი მოდერნია კლასიკა. მე არ ვარ მოდერნისტი მოდერნიზმის თქვენეული გაგებით.

მასწავლებელი: - ლევან, ლევან, რაისათვის მდევნი მე... საშინელი მოსასმენია. 

გორვანელი: - რა ჩემი ბრალია...

მასწავლებელი: - მოსმენილი მაქვს ეს ერთხელ, ოდესღაც და შევიცვალე. მგონი მიხვდი, რა არის განსხვავება.

გორვანელი: -  მგონი სხვადასხვა სიტყვებით და გამოხატვით ერთ აზრამდე მივდივართ.

მასწავლებელი: - ვექტორია განსხვავებული. ეს ის განსხვავებაა, რომელიც არ ფიქსირდება. შეიძლება ერთი და იგივეს ვამბობდეთ და სხვაობა დარჩეს. ,,ეს არის ის’’ და ,,ეს არის ის’’ - ორი სხვადასხვა ფრაზაა, პლატონი იტყვის თუ ჰეგელი. ერთი კლასიკაა, მეორე მოდერნი, ოღონდ ძალიან ჩახლართული საკუთარ თავში და თავისთვის.

გორვანელი: - მაინც ვერ ვთანხმდებით. მე არ ვცდილობ თქვენი ხედვების შეცვლას და არც ვეცდები, უბრალოდ დიალოგი ყოველთვის შედგება, მთავარია გვესმოდეს, რას ვამბობთ. ეს გვაახლოებს კლასიკასთან.

მასწავლებელი: - ჰო, მთავარია ნიუანსები. ეგ თუ დაიკარგა, რაღა დიალოგია. გამარჯვება არაა მიზანი. 

გორვანელი: - რა თქმა უნდა. გამარჯვება არა რის თვითმიზანი.

მასწავლებელი: - ხედვას აქვს უკანა წერტილი, როდესაც თვალი შემოტრიალდება... ასე რომ, ხედვაზე ზევითაცაა რაღაცები. 

გორვანელი: - ეს წმინდა თეორიულობაა და ამას არაფერი აქვს საერთო ჭვრეტასთან. ხედვაზე ზევით არაფერი აღარაა, გააჩნია თქვენ რა ხედვას გულისხმობთ. მე აქ თქმულ სიტყვა ,,ხედვაში" ჭვრეტას ვგულისხმობ, ჭვრეტას! ჭვრეტა არ არის დამოუკიდებელი, ჭვრეტა უნდა შედგეს სამყაროსა და ადამიანს შორის; სუბიექტსა და ობიექტს შორის.

მასწავლებელი: - სიბრმავეა, როცა თვალი ამოტრიალდება. 
,,ზევით’’ ისევ არასწორად ჟღერს თანამედროვე ყურისთვის. მე არ ვარ ,,ხედვა’’ და არც ,,მეზე’’ მთავრდება ყველაფერი. ეს თვალი საკუთარ თავს ჭვრეტს. 
ძალიან სასაცილოა თანამედროვე ადამიანის ,,მე’’ ,,ჩემი’’ ,,ხედვა’’ ,,მაქვს’’. ოთხივე სიტყვა ყალბია. პლატონთან მისვლაა ამის გადალახვა.

გორვანელი: - სამყარო პერმანენტულად  მოდერნიზაციას განიცდის. ცოცხალი ორგანიზმია.

მასწავლებელი: _ პლატონი დროს მდინარის გაქვავებული ნაკადის სახით წარმოადგენს.

გორვანელი: _ სამყაროს ენით ლაპარაკობს ადამიანი, რადგან თავად ლაპარაკი არ შეუძლია სამყაროს, სამყაროს გააჩნია ენა, მაგრამ ეს ენა არ ეკუთვნის სამყაროს, ეს ენა ადამიანს ეკუთვნის.

მასწავლებელი: - ენაში მთავარი დუმილია. მაგრამ მასაც გაჟღერება სჭირდება. 

გორვანელი: _ ეს მარადიული დაბრუნებაა, დუმილის ცნება არ არსებობს ლაპარაკის ცნების გარეშე, დუმილი სრულყოფილი ხდება ენის მეშვეობით. 

მასწავლებელი: _ პოსტსტრუქტურალისტების მთავარი აღმოჩენა ისაა, რომ ენას მივყავართ და არა პირიქით. ,,ადამიანი’’, ,,სუბიექტი’’, ,,მე’’, ენის ფუნქციებია. 

გორვანელი: _ ალბათ ბედნიერი ხართ, რომ ასე მარტივად გეჩვენებათ ყველაფერი. ბედნიერი კაცი ხართ.

მასწავლებელი: _ ეს არაა ინდივიდუალური გამოცდილება მხოლოდ. ამას სხვას ვერ აუხსნიო, პლატონმა. მხოლოდ გამოცდილებაა. გემართება.  საფუძველი და წყარო ტრადიციისა და ავტორიტეტისა არაა პიროვნული ძალაუფლების ვერტიკალი. უკან ესაა. მაგრამ უკვე ხარ მასში. 

გორვანელი: _ საუბრობთ ელიოტის სიტყვებით და ლევი სტროსის სტრუქტურალიზმს აღმერთებთ. ტექსტის დანაწევრების შედეგად აღვიქვამთ მის მთლიანობას - ავტორიც დაიბადება. ეს პერმანენტული პროცესია, ეს არის დაუსრულებელი.

მასწავლებელი: _ ან უფსკრული, რომელიც ამუნჯებს, და მერე ცეკვა, ნიცშეანური.
ტექსტშივეა დუმილი და არა მის მის მიღმა. 

გორვანელი: - ეს არის კლასიკა და ეს არის ,,მიჩქმალული" მოდერნიზმი, გადავიწყებული მოდერნიზმი, ნამდვილი, დიდებული მოდერნიზმი. წარსული, მომავალი და აწმყო ერთ წერტილში, ჩვენ ვაუქმებთ მომავლის მიზანს, წარსულს გამოვიყენებთ და შევინახავთ აწმყოში, მაგრამ არა წარსულის გაგებით, არამედ აწმყოს გაგებით.

მასწავლებელი: - მკვდარს რა ვუყოთ?

გორვანელი: - მკვდარს ცოცხალი ცვლის იგივე შინაარსით, ეს არაფერს ნიშნავს. 

მასწავლებელი: - ეგ ქართული ცრუოპტიმიზმია, რისიც მერაბ მამარდაშვილს სწამს.  ტრაგიკულია ოღონდ. თვალებზე ხელის აფარებაა სიკვდილის წინაშე. ოქშიო და მორჩა. 
გერმანული სული სიკვდილს ეძებს. ანტიქართულია. ნიცშეს ცეკვა პირუკუა. 

გორვანელი: - ქართული რა შუაშია, ეს არის ნამდვილი კლასიკა, ოპტიმიზმს ვერ ვუწოდებდი, რადგან ოპტიმიზმი მოჩვენებითი იდილიაა, ნამდვილ მოწესრიგებულობას მე არ ვარქმევ ოპტიმიზმს. სიკვდილი არ არის გადაულახავი და სწორედ ასე გადაილახება, მისი უგულვებელყოფით. სიკვდილზე ყურადღება არ მახვილდება ,,მერე რა იქნებას" კონტექსტში.

მასწავლებელი: - რა თქმა უნდა, ის თავიდანვე აქაა. 

გორვანელი: - სამყარო ხომ არის ცოცხალი ორგანიზმი, ჰო და მარადიული და-ბრუნება ყოველთვის ხორციელდება. მკვდარი ცოცხალის ნაწილია. არაფერი მისტიური და ქრისტიანული.

მასწავლებელი: მაგას სმაილიკი მოუხდება და თვალის ჩაკვრა. მაგ აზრს. თვალთმაქცობაა, როგორც ჰაიდეგერი უწოდებს.

გორვანელი: -,,იქნებ’’, ვაგზავნიდი და თქვენ რომ დამასწარით, აღარ გამოვგზავნე...
ჰაიდეგერს რაც სურდა, გააკეთა, თქვენ და კიდევ ბევრი მასზე საუბრობს. მისი ფრაზებით საუბრობს და ის ავტორიტეტად მიაჩნიათ.

მასწავლებელი: - ციტირება არაფერს ნიშნავს. მთავარზე ვდუმვართ და არ ვასახელებთ. მის მაგივრად სხვებზე ვლაპარაკობთ. ნიშნების ფუნქცია წარმოჩენა კი არაა, არამედ დამალვა.

გორვანელი: - რა მნიშვნელობა აქვს, თქვენ გეთქვათ ეს, რომ თვალთმაქცობაა, მირიან სგეთქვათ, თუნდაც ჰაიდეგერის ფრაზა, რომელიც თითქოს არ გაქვთ წაკითხული. ან შეიძლება მართლაც არ გაქვთ და უბრალოდ ავტორიტეტს იხმობთ, რომ გამყარდეს. 

მასწავლებელი: - არა, მინდა ჩემს ხმას, როგორც უცხოს, მოვუსმინო. ხმა ისედაც ,,უცხოა’’, ავტორიტარულია. მაგრამ მეორე მხარეს რატომ არ ვამბობთ, განსხვავებულობის დაჟინება რომ ასევე კონფორმიზმია?  მოდერნიზმში ინდივიდუალურობის ჯოგები რომ გვხვდება? არ ვიტყვი, რომ ეს ჟიჟეკის ტერმინია. თანამედროვე მარქსისტი ფილოსოფოსის.

გორვანელი: - თქვენს ხმას ისედაც მოუსმენთ, როცა თქვენი ტექსტები განზოგადდება.

მასწავლებელი: - მაგრამ შენ რომ მოგატყუო, კაცობრიობას მოვატყუებ? 

გორვანელი: - თქვენ იგივე აზრი სხვანაირად თქვით, რომ შემდეგ მკითხველმა თქვენ მოგიხმოთ ავტორიტეტად!

მასწავლებელი: - ანუ ვიეშმაკო, გავაცურო. კაცობრიობის მოტყუებაც არაა ძნელი.

გორვანელი: - აზრი მრავალნაირად შეიძლება ითქვას და ავტორიტეტის გამუდმებით მოხმობა ანადგურებს პერსპექტივას იმისა, რომ თქვენ გახდეთ ავტორიტეტი როდესმე.

მასწავლებელი: - ლოკალური ავტორიტეტი იმედია არ გაკმაყოფილებს. ნუ ვანში, ან დედამიწაზე... მაშინ ამბიციური არ ყოფილხარ!

გორვანელი: - უნდა დაუშვა, რომ შენც ისევე მოგიშრებენ, როგორც შენ მოიშორებ იმ ,,ავტორიტეტებს", მკვდარ ფაქტებს. ჩვენ მკვდარი ფაქტები არაფერში გვესაჭიროება, ინტერპრეტაცია გვესაჭიროება - მკვდარი ფაქტების გარეშე. 
თქვენ ისე მოქმედებთ, როგორც ბოდრიარი მოქმედებდა, ,,სიმულაკრებში და სიმულაციებში", წანამძღვარად რომ აქვს ფრაზა და ქვემოთ აწერს - ეკლესიასტემ თქვაო და თავსაც უთითებს, მაგრამ ის განსხვავებაა, რომ ბოდრიარმა თავი დაიხსნა ავტორიტეტებისაგან, თქვენ თუ გგონიათ ამით საკუთარი ავტორიტეტის შექმნას ცდილობდა, არა, ის ამით აშარჟებდა ავტორიტეტს, აშარჟებდა იმ მკვდარ ფაქტებს, მაგალითად, როგორიც ეკლესიასტე იყო.

მასწავლებელი: - ჰო, ეგ პოსტმოდერნისტები, სასარგებლო იდიოტებია, რომელთაც მოდერნს ძირი გამოუთხარეს და ჰაერში დატოვეს. პოსტმოდერნიზმის ბაცილა ანადგურებს მოდერნიზმის პრეტენზიებს და აჩვენებს მის საზღვრებს და ბოლოს... ეს ნახევარი გზაა კლასიკისაკენ. მაგრამ ამის მერე გზები იყოფა: ზოგი შენს მსგავსად ამას კიდევ უფრო წინ წასულ მოდერნიზმად იგებს, ზოგი კი შანსად, დავუბრუნდეთ ტრადიციას. აქაა ელიოტი და მეც.  მგელი, მგელიო და ერთხელაც მართლა მოვა მგელი სიმულაკრების გავლით. 

გორვანელი: _ თქვენ სადხართ? რომელ ბანაკს აკუთვნებთ თავს? სად არის თქვენი კლასიკა? ასე დავწერ ზუსტად წერილში - სად არის ებანოიძი სკლასიკა -თქო, ნეტავ, სად ვეძებოთ-თქო.

მასწავლებელი: _ ტექსტი გამოუთქმელია. გეთანხმები, რომ ერთ გაგებაზე არ დადის, თუმცა არც მრავალი გაგება ამოწურავს. პირიქით, კლავს... საერთოდ არ დადის გაგებაზე, მაგრამ შეგიძლია შეეხო, როგორც ურწმუნო თომა ქრისტეს...

გორვანელი: _  ოჰ, ეს ალეგორიები.

მასწავლებელი: - კარგი დიალოგი გამოგვივიდა, ხომ არ დავბეჭდოთ? რედაქტირება დაჭირდება და წნეხის ქვეშ გატარება, ჭაჭა რომ მივიღოთ. 
წყალი და შაქარი გვინდა?

ქუთაისი, 2017 წლის დეკემბერი


скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge