გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ენდი ნემსიწვერიძე - ლექსები

ენდი ნემსიწვერიძე

ლექსები

მიყვარხარ
მიყვარხარ!
გგონია მამშვიდებს ეს სიტყვა?!
დღე-ღამეს ვატარებ დარდსა და ფიქრში,
ვშიშობ არ დაგკარგო, როდესაც ჩემთან ხარ,
ვიძინებ სიზმარმა დამტანჯა ძილში.
მიყვარხარ!
თუ იცი რას შვება ეს გრძნობა,
თუ ხვდები ჩამაგდე ანდა რა დღეში,
ყინვაა, ცეცხლი მაქვს სხეულში მზისაგან,
მზეა და ჩემს გულში წვიმაა თქეში.
მიყვარხარ!
თუ იცი რას ნიშნავს ეს ჩემთვის,
თავს ვუშვერ ტყვიების ცეცხლოვან სეტყვას,
ჩემთან ხარ გამისკდა ეს გული ოხერი,
დამშორდი უფრორე უმატა ფეთქვას.
თოფი ხარ, ტყვია ხარ,
ცეცხლი ხარ დამწველი...
მკვლელი ხარ იცოდე, მე ვინც მკლავს ისა ხარ
და მაინც ეს სიტყვა სიკვდილშიც უნდა ვთქვა:
მიყვარხარ!



ბებერი ობობა
ობობას ქსელში 
გამომშრალი ფიტული ბუზის,
ქანაობდა და ქარს ანდობდა 
სხეულს ნატოკარს,
ბებერ ობობას 
ახლა მხოლოდ ხსოვნაში უზის,
სიყმაწვილეში მან ეს ბუზი, 
როგორ გათოკა.
როგორ გააბა 
თავის ხელით ნაქსოვ მახეში,
როგორ შებოჭა, 
მიამტვრია ფრთები მალებზე
და ეს ფიტული 
ახლა აგდებს სიმწუხარეში,
და სინანულის ცრემლები აქვს 
გუბედ თვალებზე.
ტირის ობობა, 
უცნაური გული ჰქონია,
უმზერს ნამსხვერპლარს, 
სახვალიოდ რა ქნას არ იცის,
მომკალით , მაგრამ 
ბუზს დარდობდეს არა მგონია,
ახლის მოკვლა რომ აღარ ძალუძს, 
იმას განიცდის...
ობობას ქსელში 
გამომშრალი ფიტული ბუზის,
ქანაობდა და ქარს ანდობდა 
სხეულს ნატოკარს,
ბებერ ობობას, 
ახლა მხოლოდ ხსოვნაში უზის,
სიყმაწვილეში მან ეს ბუზი, 
როგორ გათოკა.



აუჰ, როგორ მმუსრავენ

მე ყოველთვის მიჭირდა,
არ მენახა თეთრფრთება,
გვირილების მიწიდან
თეთრად ამოფეთქება.
სად გავექცე ანდა რას,
ნახშირჯვრიან კერიას?!
თუ ჭურ-მარნის ანდამატს,
გრძნობის აკადემიას?!
კედლიდან ვით სცენიდან,
ღიმილ-ბაგე ნარჩენი,
თავის თეთრი ცხენიდან
მიმზერს ბაბუაჩემი.
მამაჩემიც აქაა,
დამრჩა მხოლოდ წარსული,
კაცების მარაქაა,
ოღონდ იქით წასული.
აქ ვინც დავრჩით, ვინცა ვართ,
ახალ რქებად ლერწების,
მათ - კაცობას ვფიცავარ,
მუხლამდე ვერ შევწვდებით.
მე ყოველთვის მიჭირდა,
არ მენახა თეთრფრთება,
გვირილების მიწიდან
თეთრად ამოფეთქება.
აუჰ, როგორ მმუსრავენ,
წლები როგორ მიდიან,
ჩემი ყრმობაც ლურსმანზე,
იმ ადგილას ჰკიდია,
სადაც, როგორც სცენიდან,
ღიმილ-ბაგე ნარჩენი,
თავის თეთრი ცხენიდან,
მიმზერს ბაბუაჩემი.



ჩემი აღდგომა
მარტივით წავა აპრილიც მალე,
უკან დავტოვებ მაის-ივნისებს
და ჩემს ნაფერებ სიცოცხლეს მთვარე
და მცხუნვარე მზე დაიმისმისებს.
უღრუბლო ზეცას მზე შეხსნის კარებს
და ჩავა მზე და მთვარე იცურებს,
სხვას მოხიბლავს და თავს შეაყვარებს,
წუთისოფლური ფლირტის სიცრუე.
გადარევს ვნების ცეცხლის დანთება,
ტრფობა მოურჩენს ჩემებრ ტკივილებს
და სიცოცხლე რომ გაშარბათდება,
სიკვდილი მაშინ ჩაიღიმილებს.
ამ წუთისოფელს მრუდე ფრთებიანს,
ეტლში ხიფათი უზის მეეტლედ,
ის რაც ათასჯერ უკეთებია,
გაიმეორებს ათასმეერთედ.
და მაინც ამ გულს რწმენა ამრთელებს,
თუმც ფლიდი სოფლის არ მაქვს დანდობა,
ათას წლის მერე რომ იქართველებს,
მას ჰქვია რადგან ჩემი აღდგომა.
მარტივით წავა აპრილიც მალე,
უკან დავტოვებ მაის-ივნისებს
და ჩემს ნაფერებ სიცოცხლეს მთვარე
და მცხუნვარე მზე დაიმისმისებს.





ჩემი სიცოცხლე
ჩემი ეზოდან 
რომ მოსჩანს - ის ცა,
ჩემს ფანჯარას რომ 
სტუმრობს - ის მთვარე,
ღამემ რომ ღამით 
ძილს თავი მისცა,
დილა რომ მხვდება 
ყოველ ცისმარე.
წყალი რომ მართობს 
ანკესის სროლით,
შაშვი რომ ბაღში 
მღერის არიებს,
მოგეგებება 
ჭიშკართან ცოლი
დოქით და 
ხელ-პირს დაგაბანინებს,
პურის ოხშივრის 
სუნით დალღვები,
ცრემლს რომ თვალებზე 
ვეღარ იკავებ,
დატანტალობენ 
შიშვლად ბალღები
და გეძახიან: 
რა მომიტანე?!
ჭურის და ღვინის 
გაქვს სიყვარული,
დალევ და ძმებთან 
ერთად ილოცებ,
აი ეს არის 
ჩემი მამული
და ამას ჰქვია 
ჩემი სიცოცხლე.









სხვა რაღა დარჩა

კაცი რომ იჯდეს მარადისი სიცოცხლის 
ფრთებზე,
არ იქნებოდა არც ეკლესია 
და არც ბერები,
ჩამოხმებოდნენ უფიქრალი დღეები 
ცებზე,
ჩამოლპებოდნენ მოქანავე 
სახრჩობელები.
მზე იქნებოდა როგორც ძილში 
ღამისგათევა,
ქარი წამწამთა წამიერი 
რხევა, ფახული,
გაძნელდებოდა უსახური 
ჟამის გათრევა,
სარკეშიც აღარ გვექნებოდა 
სახე ნახული.
გაუქმდებოდა სიყვარულის 
თქმა და გამხელა,
გახუნდებოდა 
გრძნობების ფარჩა,
სიკვდილს სიცოცხლე ერქმეოდა 
ჩვენთვის სახელად,
სხვა რაღა დარჩა.



როცა ომია ჩემი აღდგომა
დამისხით ახლა, დავცლი ამ სასმისს,
რა მოხდა მერე ვიცი მარხვაა,
ჩემთვის მთავარი სიცოცხლის საზღვრის,
სიკვდილთან მიჯნის გადალახვაა.
ან პირჯვრის წერით რაღა დამრჩება,
სულის რად მინდა ანდა დანდობა,
როცა მშვიდობა არის დაცემა,
როცა ომია ჩემი აღდგომა.
ნაცრისფერია, ომში რუხია
ზეცა და მზე ჩანს როგორც ნათურა,
ლექსიც სიტყვების რახარუხია,
წიგნებიც მხოლოდ მაკულატურა.
ანდა სახელად რა დაერქმევა,
ვინ მოაჯდება ანდა იორღებს,
ვის უნდა ჩემი გრძნობების ფრქვევა,
თუ არ მექნება სახვალიო დღე.
დამისხით ახლა, დავცლი ამ სასმისს,
მერე რა ვიცი ახლა მარხვაა,
ჩემთვის მთავარი სიცოცხლის საზღვრის,
სიკვდილთან მიჯნის გადალახვაა.




ვით გაზაფხულზე

დღეს გავაპარე 
ცისკენ თვალი და
ისე დუგავდა 
მზე ცის ყირმიზებს,
ვით გაზაფხულზე 
სარაფანიდან,
ქალის სხეული 
აგაგიზგიზებს.
გაზაფხულისგან 
ანაცელქები,
გული ფეთქავდა 
მკერდში პატარა
და მიიწევდნენ 
ცისკენ მერცხლები
მზის ბუდეებში 
ჩამოსატანად.




უნაგირი
უძილობა მიტეხავდა ბინდებს,
წუხელ სევდამ რიჟრაჟამდე მდია,
სხვენზე ვნახე უნაგირი მიდევს,
სხვენზე ძველი უნაგირი გდია.
უუზანგო მტვერ წაყრილი ვნახე,
ღმერთო ჩემო, რად არა ვარ მკვდარი,
მომაგონდა მამაჩემის სახე,
ბედაურით, უნაგირზე მჯდარი.
თვალხელშუა მოდის დასასრული,
მივხვდი რაც მაქვს ახლა დასარცხვენი,
ეშმაკს როგორ მივაბარე სული,
მუზეუმად გადამექცა სხვენი.
უძილობა მიტეხავდა ბინდებს,
წუხელ სევდამ რიჟრაჟამდე მდია,
სხვენზე ვნახე უნაგირი მიდევს,
სხვენზე ძველი უნაგირი გდია.



ორი სატრფო

ორ სატრფოს არ ვერიდები,
მომკლა ამ სოფლის ხრიკებმა,
სიცოცხლეს ვეარშიყები,
სიკვდილი მეარშიყება.
თავს ჩემით ვუყოფ ბაწარში,
ვმონებ ამ სხეულს სამიწეს,
დღეს თუ ერთს ვყავარ საწოლში,
ხვალე მეორე ჩამიწვენს.
აქვს ჩემს როლს, რა ვქნა ეს ნაკლი,
მიდის ვერ მოვითარეშე,
ჩემი ცხოვრების სპექტაკლი,
რეპეტიციის გარეშე.




ის ბიჭი ახლა
ისევ, იმ ქუჩით დავდივარ ახლა,
ისევ, იმ ქუჩით მიწევს ქიჩქიჩი,
ალბათ მეტყობა სახეზე დაღლა
და აღარა ვარ ისევ, ის ბიჭი.
ისევ, იმ გოგოს დარდი მაქვს მარად,
ისევ, ის ქალი მხვდება რიონთან,
ოღონდ არ იცმევს ახლა იმგვარად,
სულ მოკლე კაბით რომ დადიოდა.
დავალ და თუმცა იმედი არ ჩანს,
გული გამირბის და მეურჩება,
ის ბიჭი, ახლა ჩემში რომ ჩარჩა,
იმ ქალში, გოგოს ებღაუჭება.



ატალახებული წვიმა
ღამეთა წყებამ 
ტკივილები გამიორკეცა,
ცას ვნატრობდი და 
ახლა ნეტა არ დამანახა,
ამ ნაღმერთალმა ჩემმა სულმა 
დაიპყრო ზეცა
და ეს წვიმებიც 
მიწასავით აატალახა.
უდაბნოში ვარ, 
ნატერფალებს რაღას დავაჩნევ,
მე, აკრძალული ხილის ქურდი 
ახლა იმ ხისგან,
ცდება უფალი რადგან 
ვხედავ და კარგად ვამჩნევ,
რომ ცაში ახალ ადამს ზილავს 
ისევ თიხიდან.
მოდიხარ, წვიმად მეპკურები 
შენ, თიხის ფერფლო
და ყვითელ ლაქად ეფინები 
სულის პორწიალს,
სადაც არ უნდა გამოძერწო 
ადამი ღმერთო,
ნუთუ ვერ ხვდები, 
ჩემი სისხლი, ჩემი ხორცია?!
ზუსტად ჩემსავით შეგპირდება 
სანთლის დანთებას,
დაგემონება, 
გაღიარებს წყლად და ჰაერად,
მერე კი ჩემებრ, 
თვალხელშუა გაგითავდება,
გადაიქცევა ძმის შემმუსვრელ 
ახალ კაენად...
ღამეთა წყებამ 
ტკივილები გამიორკეცა,
ცას ვნატრობდი და 
ახლა ნეტა არ დამანახა,
ამ ნაღმერთალმა ჩემმა სულმა 
დაიპყრო ზეცა
და ეს წვიმებიც 
მიწასავით აატალახა.






პეპელა

შემოალეწა 
ცხელ ნათურას პეპელამ თავი
და სიკვდილს ისე 
უსწრაფესად მოეფათურა,
თავად რომ მოკვდა 
კი ვერ მიხვდა ის საცოდავი,
ეგონა ღამით, თუ ჩააქრო 
თეთრი ნათურა.
მეც გამიტყუებს ალბათ მზისკენ 
ცა ფერმიხდილი,
ჩამოხმებიან, 
როცა გრძნობის ჭრელი ბაღები,
მეც მეგონება მზის ჩაქრობა 
ჩემი სიკვდილი,
მოულოდნელად 
მზეს რომ თავით შევეჯახები.







გალოთებული თავშეკავება

ვსვამ და 
ქვევრებმაც ვეღარ დამათვრეს,
ვსვამ და 
სიმთვრალე არ მეკარება,
ასე კარდაკარ 
ფხიზელს დამათრევს,
გალოთებული თავშეკავება..
დამაქვს ყანწები 
მეხამრიდებად,
ვარ სადღეგრძელოდ 
ლექსების მსროლი,
ათასმეერთედ შესარიგებლად,
მეათასეჯერ 
მემდურის ცოლი.
ვსვამ და ვენდობი 
საკუთარ გუმანს,
ვიცი ღვინოში არის დიდება,
იქნებ და მართლა 
ჭურში ზის ჩუმად,
ნაბახუსევი ჭეშმარიტება.
ენდი ნემსიწვერიძე


ობობა

ჩამოხტა ზეცის წვეროდან,
ობობა სიკვდილს ნაღირი
და თითქოს ხელში სჭეროდა
ისე დაუშვა ბაგირი.
ირონიის ზღვად მაჩნია,
რომ ვფიქრობ მასზე დიდი ვარ,
მე ჩემი რა გამაჩნია,
საწუთროს ძაფზე ვკიდივარ.
არ ვიცი სანამ ვიცოცებ,
შევკრავ სიკვდილის ირაოს,
მჩუქნის მე ღმერთი სიცოცხლეს,
თუ მისგან თავად ვქირაობ?!
ღმერთო რომ უშვებ მარაზმებს,
ლოცვით თავს რაღას გაცოდებ,
მე ციდან მიწას მანარცხებ,
ობობას კი თოკს აწოდებ.







ვერხვებთან ვგდივარ

ფიქრისგან ბევრჯერ 
სული დამწვია,
თიხა ვარ და მსურს 
დავრჩე თიხადვე,
ვშიშვლდები, 
ტანზე სულ არ მაცვია,
მაგრამ ეს სევდა 
ვერ გავიხადე.
ვერ გადავიძვრე 
ტანზე ეს სევდა,
ისე მკვეთრად და 
მჭიდროდ მაცვია
და გული მწყდება, 
გზაზე რომ შემხვდა,
ბედი და ზურგი 
რომ შემაქცია.
მრუმე ღამეში 
ვზივარ ვერხვებთან
და გრილი სიო 
ჩუმად სისინებს,
სევდა ძაღლივით 
მიწევს ფეხებთან
და როგორც პატრონს 
კუდს მიქიცინებს.
ღამის სიჩუმე 
მჭამს სიგრილეში,
და ეს ფიქრებიც 
მიდი-მოდიან,
ვერხვებთან ვგდივარ 
ვით დიდი ლეში
და მიკვირს 
ლეშსაც ფიქრი სცოდნია.



შიშველი გველი

სიბიკარს იქით, 
ნასიმინდარ ყანასთან შემხვდა,
შიშველი გველი,
ტანზე ვით ნამი სისველე ედო.
ახალ გამძვრალი ჰქონდა პერანგი და ისიც იქვე,
სარეცხივით იმ ქვასთან ეგდო, 
რომელზეც ხშირად
ჩამომვჯდარვარ და 
მიფიქრია საკუთარი ტყავის გაძრობა.
და ჩვენ ვიდექით ახლა პირისპირ, 
მე და გველი.
და მას სრცხვენოდა, 
რომ შიშველი შევისწარი ნასიმინდარში.
მომჩერებოდა, ჯერაც მზისხივებ უნახავი 
თეთრი სხეულით
და ბევრის რამ მნახველ 
გადაღლილი უნდო თვალებით.
ვიყავით ასე გარინდული 
პირისპირ მდგარნი.
ჩვენ, მე და გველი, 
ერთად რომ გავჩნდით ამ სოფელში,
სიცოცხლის ნიშად 
და სიძულვილი დაგვებედა ერთმანეთის
კაცს და გველს ჯიშად. 
მას გაძრობილი ტყავის დარდი არ ასვენებდა.
მე გასაძრობის, ტკივილები წინ რომ მელოდა. 
ასე ფიქრებით ავუარეთ ერთმანეთს გვერდი, 
ისიც წავიდა და მეც წავედი ...
სიბიკარს იქით ნასიმინდარ ყანაში დარჩა 
გველის პერანგი, იმ ქვასთან ახლოს,
სიმბოლურად რომ ძალიან ჰგავს 
ტყავგასაძრობ ჩემს სამოსახლოს.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge
პოპულარული