გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ევგენი ბლიაძე - პირველი ქართული კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ

ევგენი ბლიაძე

პირველი ქართული კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ

საქართველოს რესპუქლიკის კონსტიტუციის შედგენის საკითხი ჯერ კიდევ ეროვნულ საბჭოში დაისვა. დამფუძნებელი კრების ფუნქციონირების დაწყებისა და საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შემდეგ ამ მიმართულებით მუშაობამ უფრო მიზანმიმართული ხასიათი მიიღო. ამით იყო განპირობებული, რომ 1919 წლის ბოლოს უკვე არსებობდა კონსტიტუციის პროექტის მონახაზი. მასზე დართული მოხსენებითი ბარათი იმას ადასტურებდა, რომ საკონსტიტუციო კომისიაში კამათი იმართებოდა ხოლმე სახელმწიფოებრივი წყობილების პრობლემებზე. „1920 წლის მაისში კოსნტიტუციის პროექტი სტამბურად დაიბეჭდა და დამფუძნებელი კრების წევრებს დაურიგდათ. მის განხილვას მრავალი სხდომა მიეძღვნა. 1920 წლის 24 ნოემბერს დაიწყო კონსტიტუციის განხილვა-დამტკიცების დამამთავრებელი ეტაპი. დამფუძნებელი კრების წინაშე ვრცელი ანგარიშით გამოვიდა საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე პ. საყვარელიძე. თავისი სიტყვის ბოლო ნაწილში მან აღნიშნა: „სანიმუშოდ მიჩნეულ ამერიკულ დემოკრატიაში ხელისუფლების დაყოფა სამად (საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო) დაკანონებულია, მაგრამ მთელი სისრულით მისი დაცვა შეუძლებელი ხდება. საქართველოს დემოკრატიაც ისე ყალიბდებოდა, რომ ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია აღნიშნული სამი ელემენტის ერთმანეთისაგან სრული დამოუკიდებლობა. გარკვეული ნაკლი ყველა დემოკრატიასა და კონსტიტუციას აქვს... მუდმივი არაფერია. მომავალ თაობას ჩვენი კონსტიტუციის ზოგი მუხლი შეიძლება არ მოეწონოს. სავსებით ბუნებრივია მათი შესწორება, შეცვლა, მაგრამ ის მუხლი, რომელიც აკანონებს საქართველოს დამოუკიდებელ დემოკრატიულ რესპუბლიკას, შეუცვლელი, მარადიული უნდა იყოს.
„ეს მუხლი უცვლელად უნდა გადავიდეს ახალ კონსტიტუციაში“ (ბენდიანიშვილი, 1999, გვ. 266). აი, როგორ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ ქართული კონსტიტუციის შემქმნელები თავის ქვეყანასა და პირველ რესპუბლიკას. ამ განსჯა-განხილვის შედეგი იმაშიც გამოვლინდა, რომ პროექტში წარმოდგენილი 166 მუხლიდან კონსტიტუციაში 149 დარჩა.
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია. ეს იყო (მაშინდელ ისტორიულ მომენტში) საკმაოდ დიდი რუდუნებით შექმნილი დოკუმენტი, რომელმაც თავისი ეპოქის შესატყვისად ასახა საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული უფლებები. რეალურად ეს დოკუმენტი იყო მონარქიული სახელმწიფოს ტრადიციებზე ფუნქციონირებადი ქვეყნისათვის პირველი კონსტიტუცია. მის შექმნაზე დიდი ხნის მანძილზე ოცნებობდნენ მოწინავე ქართული საზოგადოებრიობისა და პროგრესული ინტელიგენციის წრეები.
პირველმა ქართულმა კონსტიტუციამ პასუხი გასცა იმ მრავალ კითხვასა და პრობლემას, რომელიც ქართული საზოგადოების წინაშე იდგა სახელმწიფოს ფორმირების, ქვეყნის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, ეროვნული ურთიერთობისა და ეროვნულ უმცირესობათა განვითარება-თანაცხოვრების პრობლემას. ქვეყნის მოქალაქეობის, მოქალაქეთა უფლება-მოვალეობისა და სხვა საკითხებს.
ამ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობდა ჩვენი ქვეყნისათვის ძალზე მძიმე საშინაო და საგარეო პოლიტიკურ სიტუაციაში. ქვეყნის ხელისუფლებას უნდა ეზრუნა არა მარტო კონსტიტუციური წესრიგის დამკვიდრების, არამედ არსებობისათვის საჭირო პირობების მოგვარებაზეც. ამ დროისათვის განსაკუთრებული სიმწვავით იდგა სახელმწიფოებრივი მშენებლობის გადაწყვეტა-სრულყოფისა და საერთაშორისო ასპარეზზე მისი არსებობის შენარჩუნებისათვის ძალთა მობილიზების საჭიროებაც. უმთავრესი მაინც იმ ქვეყანასთან ურთიერთობების დალაგება იყო, რომლის შემადგენელ ნაწილსაც იგი წარმოადგენდა საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე. სწორედ მისი საოკუპაციო ძალების შეტევის პროცესში მიმდინარეობდა კონსტიტუციის მიღება, რომელიც ჩვიდმეტი თავისა და 149 მუხლისაგან შედგება.
„ზოგადი დებულებების" ჩამოყალიბების შემდეგ კონსტიტუცია, უპირველეს ყოვლისა, აცხადებდა „მოქალაქეობის" მთავარ პრინციპებს და აყალიბებდა შემდეგ მიმართულებას: „საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება წარმოშობით, ქორწინებითა და ნატურალიზაციით" (მუხლი 12). კონსტიტუცია აკანონებდა, რომ საქართველოს მოქალაქეს არ შეუძლია იყოს იმავე დროს სხვა სახელმწიფოს მოქალაქედ (მუხლი 13). კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეს უფლებას აძლევდა, უარი განეცხადებინა მოქალაოექბაზე მხოლოდ თავისი სახელმწიფოებრივი მოვალეობის შესრულების შემდეგ. კონსტიტუციის მე-15 მუხლით „მოქალაოების მოპოვებისა და დაკარგვის პირობებს განსაზღვრავდა სპეციალური კანონი.
კონსტიტუციის მესამე თავი მიძღვნილია საქართველოს მოქალაქეებისათვის მინიჭებული უფლებებისადმი. იგი ჩამოყალიბებულია მე-16 და 45-ე მუხლებში, სულ 30 მუხლი. ეს უფლებანი არსებითად განსხვავდება ძველი საზოგადოების, რუსული მმართველობის პირობებში მოქმედი უფლებებისაგან. ნიმუშად მხოლოდ რამდენიმე მათგანს დავასახელებთ. კონსტიტუცია აცხადებდა: მოქალაქენი კანონის წინაშე ყველანი თანასწორნი არიან. წოდებრივი განსხვავება არ არსებობს. ხარისხის მინიჭება გარდა აკადემიურისა, აკრძალულია; სიკვდილით დასჯა გაუქმებულია. არ შეიძლება დასჯილ იქნეს ვინმე სხვაფრივ, თუ არ სასამართლოს წესით; შეპყრობილი 24 საათის განმავლობაში უნდა წარედგინათ სასამართლოში, მაგრამ თუ სასამართლომდე მანძილი შორი იყო, ამ ვადას აგრძელებდნენ არა უმეტეს 48 საათისა: თავის მხრივ, სასამართლო ვალდებული იყო არა უგვიანეს 24 საათისა დაეკითხა განსასჯელი და გაეცა წერილობითი ბრძანება ან მისი შეპყრობის განგრძობის, ან დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ. მოქალაქეებს ეძლეოდათ უფლება მთავრობის ნებადაურთველად შეკრებილიყვნენ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერ ქვეშ, ისე გარეთ. კონსტიტუციურად იყო უზრუნველყოფილი ორივე სქესის მოქალაქეთა თანასწორობა, როგორც პოლიტიკურ, ისე სამოქალაქო-ეკონომიური და საოჯახო უფლებებით. კონსტიტუციის მე-40 მუხლი აცხადებდა: „ქორწინება ემყარება უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას",  ფორმასა და წესებს განსაზღვრავდა კანონი (ა. სურგულაძე, პ. სურგულაძე, 1991, 350-351).
კონსტიტუცია იცავდა რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოხიზნულ პოლიტიკურ დევნილ პირს და უარს აცხადებდა სხვა სახელმწიფოსათვის მის გადაცემაზე. სპეციალური, 42-ე მუხლით, მოქალაქეთა უფლებების დარღვევისათვის როგორც თანამდებობის, ისე კერძო პირი მიეცემოდა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. წარმომადგენლობით ორგანოდ კონსტიტუციაში დასახელებულია პარლამენტი, „რომელიც შესდგება საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი, ფარული და პროპორციული წესისაებრ არჩეული დეპუტატებისაგან" (მუხლი 46).
მხოლოდ აღნიშნულიც ნათლად ადასტურებს, რამდენად საინტერესოდ არის წარმოდგენილი პირველ ქართულ კონსტიტუციაში ქვეყნის მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეულ რეგლამენტში შეუძლებელია კონსტიტუციით გათვალისწინებული ადამიანის ყველა უფლების განხილვა და ანალიზი, ვიმსჯელებ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეების მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის კონსტიტუციურ უფლებებზე.
ამ პრობლემათა რიგს კონსტიტუციაში ეძღვნება მეცამეტე თავი, 113-დან 128-ე მუხლების ჩათვლით. მთელ განყოფილებას ლეიტმოტივად გასდევს სიტყვები: „რესპუბლიკა ზრუნავს თავის მოქალაქეთა ღირსეული არსებობისათვის (მუხლი 113). შესაბამისად კონსტიტუციურად არის დაცული მოქალაქეთა საკუთრების უფლება. „საკუთრების იძულებითი ჩამორთმევა ან კერძო ინიციატივის შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი და კულტურული საჭიროებისათვის... ჩამორჩმეულ ქონებაში მოქალაქეს მიეცემა სათანადო საფასური თუ კანონში სხვაგვარად არ არის განსაზღვრული (მუხლი 114). კონსტიტუციურად იყო განსაზღვრული რესპუბლიკის „საკუთარი სააღებმიმცემო და სამრეწველო მეურნეობა", რომლის გაფათოება და ერთი მთლიანი საზოგადოებრივი მეურნეობის შექმნა მის მთავარ მიზანს წარმოადგენდა. რესპუბლიკის საქმე იყო აგრეთვე ადგილობრივი თვითმმარფველობის ორგანოთა ასეთივე მეურნეობის გაფართოება და გაძლიერება. დასაშვებად იყო მიჩნეული რესპუბლიკის მიერ კანონმდებლობის გზით იმ სავაჭრო-სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო დარგისა და წარმოების განზოგადოება, რომლებიც ამისათვის იყო გამოსადეგი.
სახელომწიფო კონსტიტუციურად იცავდა წვრილი მწარმოებლის - სოფლის მეურნის, ხელოსნის, შინამრეწველის შრომის პროდუქციას. რესპუბლიკას უნდა ეზრუნა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, მიწის დამუშავებასა და მწარმოებლის პასუხიმგებლობის ამაღლებისათვის.
კონსტიტუციის 117-ე მუხლი პირდაპირ აცხადებდა, რომ „შრომა საფუძველია რესპუბლიკის არსებობისა და მისი უზრუნველყოფა რესპუბლიკის განსაკუთრებული მოვალეობაა". საქმის სათანადო მოწესრიგებისათვის გათვალისწინებული იყო ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ შრომის ბირჟის, საშუამავლო კანტორისა და სხვა მსგავსი დაწესებულებების დაარსება, რომლებიც აღნუსხავდნენ უმუშევრებს და დაეხმარებოდნენ მათ სამუშაოს შოვნაში. ამ რანგის დაწესებულებების ხელმძღვანელ ორგანოებში მუშათა კავშირის წარმომადგენელთა რიცხვი ნახევარზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. კონსტიტუციურად იყო განსაზღვრული უმუშევარად დარჩენილი მოქალაქეებისათვის დახმარების გაწევა სამუშაოს გამონახვით, ან დაზღვევის გაცემით.
კონსტიტუცია სათანადო ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მოხუცებულობით, დაავადებითა თუ სხვა მიზეზით შრომის უნარს მოკლებული იყვნენ, მაგრამ კანონით ან ტრადიციით მათზე ზრუნვა არავის ევალებოდა. მწარმოებელს ან სხვა კერძო პირს თუ საზოგადოებრივ დაწესებულებას. ამ ადამიანებისათვის დახმარების გაწევა სახელმწიფო ხაზინას უნდა უზრუნველყო. სახელმწიფო ხაზინა დახმარებას უწევდა იმასაც, ვის მემკვიდრეს ან მზრუნველს უნარდაკარგულის რჩენა არ შეეძლო. 121-ე მუხლით იმ ადამიანებისათვის, რომლებიც დაქირავებული მუშები იყვნენ და მოხუცებულობით, დასახიჩრებით, დაშავებით ან სხვა მიზეზით შრომის უნარს დაკარგავდნენ, სავსებით ან ნაწილობრივ, დახმარებას მიიღებდნენ დაზღვევის სახით თავისი ხელფასის კვალობაზე. ეს თანხა უნდა შემდგარიყო გამქირავებელზე შეწერილი საგანგებო გადასახადიდან. ამასთან ერთად, მსგავსი პირების უზრუნველყოფის მიზნით, საჭირო თანხის ნაწილი უნდა გამოყოფილიყო რესპუბლიკის შემოსავლიდან.
123-ე მუხლის თანახმად, დაქირავებული მუშებისათვის სამუშაო დრო არ უნდა ყოფლიყო კვირაში 48 საათზე მეტი. ამასთანავე, კვირაში ერთჯერ, მუშას უნდა ჰქონოდა განუწყვეტელი შესვენება 42 საათის ხანგრძლივობით, აქედან გამონაკლისი შემთხვევა უნდა განსაზღვრულიყო სამუშაო დროის შესახებ კანონის მიხედვით. ასევე უნდა მომხდარიყო სოფლის მეურნეობაში და სხვა სეზონურ სამუშაოებზეც.
კონსტიტუცია 16 წლამდე ასაკის ახალგაზრდის მუშაობას კრძალავდა. 16-18 წლის მოზარდისათვის კი სამუშაო დრო განსაზღვრული იყო 6 საათით. მოზარდებისა და ქალებისათვის აკრძალული იყო ღამით მუშაობა. რესპუბლიკის საზრუნავი იყო ხელფასის მინიმუმისა და შრომის ნორმალური პირობების შექმნა წარმოებაში. ამ საკითხის კონტროლისა და მისი რეალური განხორციელების მიზნით იქმნებოდა შრომის ინსპექცია და სანიტარული ზედამხედველობა, რომელიც დამქირაველბისაგან დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო.
კონსტიტუციის 126-ე მუხლით განსაზღვრული იყო ქალთა შრომის დაცვა წარმოებაში. იგი კატეგორიულად კრძალავდა ქალების საქმიანობას დედობისათვის მავნე წარმოებაში. მუშა ქალი მშობიარობის დროს არა ნაკლებ ორი თვისა თავისუფლდებოდა სამსახურიდან ხელფასის შენარჩუნებით. კანონი დამქირავებელს ავალდებულებდა ძუძუმწოვარ ბავშვთა დედებისათვის შეექმნათ შესაფერისი გარემო. 127-ე მუხლით გათვალისწინებული იყო შრომის დაცვის დარღვევისათვის დამნაშავე პირების მიმართ სისხლის სამართლის პასუხიმგებლობა. რესპუბლიკურ და ადგილობრივ მმართველობას კონსტიტუცია აკისრებდა პასუხიმგებლობას ბავშვებისა და დედების დაცვისათვის.
ასეთი დიდი პასუხისმგებლობით იყო განსაზღვრული საქართველოს მოქალაქეების უფლება-მოვალეობა დემოკრატიული საქართველოს ძირითადი სახელმწიფო კანონით. იგი იყო თავისუფალი ქართველი ხალხის იდეალი, მისი დემოკრატიული უფლებებისა და თავისუფლებების გარანტი.
ამ კონსტიტუციას რომ იღებდა დემოკრატიული საქართველოს პარლამენტი (დამფუძძნებელი კრება), 1921 წლის 21 თებერვალს გამართული სხდომა მიმდინარეობდა. შეიძლება მონაწილენი დიდ საშიშროებას გრძნობდნენ, მაგრამ არავინ იცოდა, რომ ოთხი დღის შემდეგ, 25 თებერვალს, კომუნისტური რუსეთი ჩვენი სამშობლოს ოკუპაცია-ანექსიას მოახდენდა და ეს ხალხის ღირსების, ბრძოლისა და დამოუკიდებელი ქვეყნის კონსტიტუცია მუზეუმის თაროზე შესანახ დოკუმენტად იქცეოდა, ხოლო აღნიშნული კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები მომავალ თაობებს ოცნების საგნად დარჩებოდა თითქმის მთელი მეოცე საუკუნის მანძილზე.






გამოყენებული ლიტერატურა
1. საქართველოს კონსტიტუცია მიღებული დაფუძნებული კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს, წიგნში: „ა. სურგულაძე, პ. სურგულაძე, საქართველოს ისტორია, თბ., 1991, გვ. 345-368.
2. ბ. კობახიძე, დ. სილაქაძე, ა. ვაჭრიძე, საქართველოს პირველი რესპუბლიკა, თბ., 2015.
3. საქართველოს ისტორია, ტ. IV, თბ., 2012.
4. ბენდიანიშვილი, 1999; ალ. ბენდიანიშვილი, საქართველოს ისტორია, თბ., 1999.

ევგენი ბლიაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
პირველი ქართული კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ
ანოტაცია
კონსტიტუციის პროექტზე ფიქრი დამფუძნებელი კრების არჩევნებამდე დაიწყო. 1919 წლის ბოლოს უკვე არსებობდა კონსტიტუციის პროექტის მონახაზი. მასზე დართული მოხსენებითი ბარათი ადასტურებდა, რომ კონსტიტუციის პროექტზე საკმაოდ ხანგრძლივი და მწვავე კამათი მიმდინარეობდა. 1920 წლის 24 ნოემბერს დაიწყო კონსტიტუციის განხილვა-დამტკიცების დამამთავრებელი ეტაპი. 1921 წლის 21 თებერვალს კონსტიტუცია დაამტკიცა დამფუძნებელმა კრებამ.
კონსტიტუცია თავისი შინაარსით სრულიად მიესადაგებოდა დროისა და პრობლემების საჭიროებას. პროექტი 166 მუხლისაგან, ხოლო მიღებული კონსტიტუცია 17 თავისა და 149 მუხლისაგან შედგებოდა.
კონსტიტუცია აცხადებდა, რომ საქართველოს მოქალაქეობა „მოიპოვება წარმოშობით, ქორწინებითა და ნატურალიზაციით". საქართველოს მოქალაქე არ შეიძლებოდა სხხვა სახელმწიფოს მოქალაქეც ყოფილიყო.
კონსტიტუციამ არსებითად შეცვალა ძველი სახელმწიფოებრივი სისტემა და სათავე დაუდო ახალ, ქართულ სახელმწიფოებრივ ურთიერთობებს. კონსტიტუციაში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი საქართველოს მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს, რომლებიც სათანადოდ არის ჩამოყალიბებული 30-მდე მუხლში. სამწუხაროა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი რუსული ოკუპაცია-ანექსიის გამო სამუზეუმო ექსპონატად დარჩა.скачать dle 12.1