გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ცირა ყურაშვილი ნაწყვეტი რომანიდან ,,სამოთხის ღამე“

ცირა ყურაშვილი


***
ერთი ქარისას ტანში დიდი ხანია ორი სატრფოა_ უკვდავის და მოკვდავის. ორ სურვილს და ორ ნდომას ერთი კალაპოტი მისცა_ უვნებო სიყვარულის. რამდენი დრო, მაღლა აღმართული და მკვდარი გედებივით ჩამოყრილი მკლავები დასჭირდა, რომ ცრემლით დამწვარ-დანაცრული, ცეცხლის ალში გამოტარებული თვალებით უკან მიეხედა, ეხილა თავისი გამიხარდი- სხვასთან დაწვრილშვილებული, ოქროს ჭუჭულებთან დაგურგურებული და გაეხარა ნაღვლიანი, თითქოსდა მზრუნველ-მოამაგის მყუდრო, მცხრალი სიყვარულით. მხოლოდ დროდადრო მშვიდი ღიმილით მოეგონებინა ის პირველი ელდა, როცა გამიხარდი და მისი მოულოდნელი საცოლე ჯვარსაფსკვნელად ეკლესიისკენ მიმავალი იხილა. მაშინ ჰკრა სასოწარკვეთის ჰაერისმცველმა თავისი პირველი ბრჭყალი, ყინვის ნატეხი და სისხლი გამოუღო, გული გამოუძიძგნა. მაშინ იგრძნო მთელი სიმწარით ტანის ეკლებით შემოსვა. გამოსცადა- დიდი პეშვიდან როგორ ვარდება პატარა უსახელო მარცვალი და იკარგება.
სხვა დროსაც ნახა, დამფქვარი ფქვილი მიჰქონდა ცალი ხელით გამიხარდის, მეორე ახლადშერთული ცოლისთვის მოეხვია, გზა-გზა ჰკოცნიდა, მაგრამ ქარისას მაშინ მხოლოდ წყნარად, თავისთვის გაეღიმა და გზა განაგრძო. ეს ბედნიერება კმა იყო მისთვის_ მისი რჩეულის ოჯახური ბედნიერება. ისეთივე უბრალო, როგორც ერთი სოფლელი ბიჭის- სიმონიას ბედი, იღბალი.
,,პატარა ბიჭი ვიყავი
პატარა სიმონიაო,
პატარა ცოლი მომგვარეს,
პატარა სიდონიაო,
პატარა შვილი მეყოლა,
პატარა მათიკელაო,
ჩემი მტერი და ორგული
ზიზღით ავავსე ყველაო“
ამ უსაზღვრო სამყაროში ხომ ყველაფერი პატარაა, პაწია, კეხის კანში, მეორე კანში ამომავალ აბრეშუმის ჭიასავით: ქმარიც, ცოლიც, შვილიც და ამ პაწია ოჯახს აბრეშუმის ჭიასავით შუბლზე დაუდგამს კეხი, მუქი ლაქა-წერტილი, როგორც ზიზღის ნიშანი- გაფრთხილება ოჯახის მტერ და ორგულისადმი.
არა, ქარისა ზიზღის სამიზნე არ გახდება.
ამ კეთილი საწყისით მიაძინებს ის მიკუთვნების ბოროტ სიყვარულს და იმ მიკუთვნებას გადაავადებს, სიცოცხლის მერე, სიკვდილს მერე, სხვა სიცოცხლეში გადაიტანს.
ხომ არ ალამაზებს ავტორი ქარისას სახეს? რით იმყოფინებს შეყვარებული ამა სოფლად ცალფა ბედნიერებას? იმყოფინებს, იმყოფინებდნენ, ასე დაშვრნენ წინაპრები, მიწად მიიქცნენ, ასე შეერთვნენ სხვა საფლავებს გამართლებულნი. ნათლიერ ღამეში ხომ შეხვდებიან? სადაც ერთურთს არ იკუთვნებს ორი სხეული, სადაც არ არის სქესთა განრჩევა, არ არის თვალის მოხუჭვა და არ არის ძილი-ეს სანახევრო სიკვდილი და იქ იცნობს ფრინველს, აქ რომ ტრიალებს პრიალა ბურღად, აქ რომ ვერ მორჩა წრიალს და ბრუნვას, აქ რომ ყველაფერს აფართოებს, ხრწნადსა და მტვრევადს.
რადგან ერთი გამიხარდის საქოჩრიდან კოჭებამდის, თხემით ტერფამდის სალუქსა და გაწკეპილ ტანში უთვალავი სატრფოა, ჰაერსმცველთა აჩრდილების- ჟამიდან ჟამად ყვავილთ ბუტკოს, ყვავილთ ბაგეს ხარბად მიტანებული, ის არასდროს დარჩება ერთთან, ახალ სიტკბოს, ახალ გემოს ძიებაზე უარს ვერ იტყვის, ხან ერთს დაფრენს, ხან მეორეს, რომ გამოწუწნოს ეს სიტკბო და კიდევ ეყოს გამბედაობა, ძალამოცემით ქარად გარდაქმნილ დედა ფუტკარს ეკვეთოს და აედევნოს შორ ლაჟვარდებში უკანასკნელ ქორწინება-მოკვდინებისთვის.
გამიხარდის, მამალ ფუტკრის ეს ნერწყვით გადალესილი, განგოზილი ბაგე ყოველთვის ჩადგება ზღუდედ მასსა და ქარისას შორის. ეს აწ ბევრგზის დანერწყვილი, ხარბი ბაგე ყოველთვის ჩაშლის ნდობას და ვერცერთი სხვა აკრძალვა ვერ აღმოჩნდება ასე ძლიერი- განაშორებდეს გამიხარდის ტკბილ სახეს. რადგან ის ნერწყვი, რაც კი გამიხარდს ქალის ბაგეზე დაუტოვია, ანდა დატოვებს, ქარისას ყელისკენ დაიძრება, გველივით ჩაეზრდება, მოახრჩობს.
განა სხეული ადამიანის, თუნდ ერთი კუნთი -საგანგებო ავადმყოფობა მოიძაგა ქარისას სულმა. ავადმყოფობით მოკვდინებისთვის მზადმყოფი თიხის ეს მღვრიე ნერწყვი მხოლოდ წყლითა და სისხლით აღიხოცება. სისხლსავსე კაცი მ ი ს ხელს ვერსად დაემალება, თვალს გაახელს მატლის ზეიმზე, სადღაა სისხლი, სადღაა ხორცი?! როგორც პირუტყვთა სასაკლაოზე მიმოყრილ თავ-ფეხს, მოლოქეს ღუმელს ასდის სიმყრალე.
ჯერ კი ტბა-ჭაობს, ტაბაყუროს ახურავს ნისლი, ჩამოკოპიტებულივით, ცალფეხშეკეცილი დგას ნაცრისფერი, გულთეთრი ყანჩა, გარინდული გასცქერს მიდამოს, შავი მწევარი თუ დააჯერებს, ან კიდევ ტყვია, რომ არ არის იმ ტბის მფლობელი.
ვინ არის ქარისა, ვინ ეკითხება? ვინ მოავლინა ან განმსჯელად, ან რატომ დარეკს ასე მწარედ იმის გულში: ,, ვერც იქ შევხვდები, ბნელი მოგვიცავს და გვერდს ამივლის!“ თუ სიხარულში მიდის ქარისა, თუ სიხარულში უნდა იშვას, სიხარული მოემატოს, არრა მოაკლდეს, მაშინ იქ იყოს გამიხარდი, სადაც ისურვა, რაც აირჩია.
დათვლის მკითხველი, რამდენი მახვილი გაჰკვეთ-გაძიძგნის ქარისას გულს? ის რაც მაღლიდან დააშორეს, კაცთაგან ვერვინ ვერ შეაერთებს. ვერც იმ ნათლიერ ღამეში, იქნებ შრიალით გვერდს აუაროს და სულ ვერ იცნოს. ვერ იცნობს?! ვეღარც გაიხსენებს, არც დაიდარდებს!
იქნებ ამიტომ დაინთო გამიხარდიმაც ქარისას სანთელი გულში, რომ ბევრჯერ გაცურდა, ვერ მიიმხრო, ვერ დაითანხმა თავისიანი და გამუდმებულად წინააღმდგომი.
თუ ერთ ნათელს გადაება ეს ორი თანამევნე გული, დამშრალ მდინარესავით ქვებქვეშ რომ მიდის, იკარგება, რას წამოანთხევ ამ სინათლეს, რას ამოიგლეჯ?!
ნუთუ არის რაიმე უფრო დამაფიქვრელი, ვიდრე სიყვარულის ამბავია? მასთან უფერულდება ყოველგვარი მიღწევა კაცობრიობის გონისა, ან ცხოვრების სხვა მტანჯველი გამოვლინებები. უფრო მეტად რამ შეიძლება მიგიზიდოს საფიქრელად? ძალაუფლებამ? ყველასადმი თანალმობამ? გაჭირვებულთა მიერ მტარვალთადმი წინააღდგომამ? აჯანყებამ?_ აჯანყება ხომ დაზანყებას ჰგავს და ისეთივეა, ურმის თვალი ღრმა ორმოში, თხრილში რომ ჩავარდება და შეინჯღრევა, ურმის ღერძი შექანდება, მისი ფერსო დაიბრიცება, ამ დაზანყებით წინ ვერ წავა, უკან ვერ იხევს? სხვა რაზე უნდა იფიქრო და ილაპარაკო? ძალაუფლება, ხელისუფალი? რომელთ ი ს ადგენს წყალობით და კვლავ გარდაადგენს? რომელთა კედელს დააწერა უჩინო ხელმა, უსაქციელო ხელს რომ უწოდებს წიგნთა წიგნი: ,,მაკე, თეკელ, ფარეზ“. რაც ნიშნავს:
,,მაკი_ განზომა ღმერთმან მეფობა შენი და აღავსო იგი.
თეკელ- აღწონა უღლითა და ჰპოვა მოკლებულ.
ფარეს_ განიწვალა მეფობაი შენი და მიეცა“... სხვათა და სხვათა. ამ სიტყვებში არ მოქცეულა ჩვენი პლანეტის ბიოგრაფია? ეს არ არის მთელი ჩვენი სამყაროს ანი და ჰოე?! მიეცა-განისაჯა-წაერთვა. მთელი კაცობრივი ისტორიის ორომტრიალი ამ სიტყვებში არ მოქცეულა?!. მისცა-გამოსცადა-წაართვა. ყველაფერი ამ გზას არ გადის, ცოცხალი და არაცოცხალი?! სიყვარულის საგანზეც ხომ იგივე ითქმის?! გაჩუქებს-გამოგცდის-წაგართმევს.
სიყვარულის განცდით, ამ მტანჯველად მოკიდებული ჭანგით როგორ ჩაგვბღუჯა ზენამ და თავისი ღონიერი ფეხებით მიგვაქანებს ან ზეცად დავანებისთვის, ან უფსკრულებში გადასაჩეხად. ბოლომდე დაუნდობელი, შეყვარებულთა გულების მახვილით გამკვეთია მისი სიტყვები: ,,ვისაც სიყვარული აქვს, ღვთის მცნებებსაც ის დაიცავს და მცნების არ დამცველს სიყვარული არც კი უხილავს. ის სიშლეგეა, სიცოფეა...“ და სიყვარულის მოციქული არც ინებებს მელნითა და ქარტითა მიწერად ამას შვილთა მისთა, რადგან ესავს მისვლად მათდა, პირისპირ სიტყუად. პირისპირ ეტყვის: თუკი ვინმე მივიდეს მათდა და ეს მოძღვრება არ მიიტანოს, ,,ნუ შეიწყნარებთ სახლთა ზედა, და ნურც ეტყვით ,,გიხაროდენ“, რადგან რომელმან თქვას ,,გიხაროდენ“ ეზიარების საქმეთა მისთა ბოროტთა“. (2 იოანე 1.10) და ,,გამიხარდი“-? ეს პატარა სიმონია, ამ სამყაროს მტვერი, ნაცარი... მრავალნაირად ცვალებული, ნასახელარი_ ,,გამახარეი“, ,,მიხაროდაი“, რჩება სახელად_ მხოლოდ ,,ჩამმწარდი“ ან ,,შხამად მექეცი“...
და რომ ჰგონია მოიპოვა ის სიყვარული, უვნებო გრძნობა, ვნების აფთარი მიაძინა, მას ფხიზლად სძინავს, დაყურადებით, სულ უმნიშვნელო გაელვება, წარმოსახვა ძველი ჩრდილების, მაშინვე იბრდღვენს, დაგლეჯ-დაწიწკნის, ქარს გაატანს ქარისას სხეულს. ამიტომ უვლის ასე ფრთხილად გვერდს მას ქარისა. დაცემასა და ამაღლებას შორის განა მართლა აღმართია, მართლა მთებია, სულ რამდენიმე ღერი თმაა, ბეწვი, ბუწუწი. მაშინ განსცადა ეს ქარისამ, როცა ძილიდან გამოერკვა, სიდონიად გაიღვიძა, ხალათი მოისხა და თმები შეისწორა გამიხარდის ცოლად. რა სტუმრობდა მასთან წუხელ შორეულ ძილში, თუ, ძილისშორისში, გამიხარდის ტანს რომ ეტოლა, ერთარსებად რომ აგრძნობინა თავი, ამ დილით თმებიც რომ შეისწორა გამიხარდის ცოლად, დაცემული სული, თუ გამიხარდის მოუსვენარი, მუდმივ გაყოფისკენ, გაფართოებისკენ მიმართული მოცახცახე სხეულის მეწამული ჩრდილი? მიაღწიო უვნებობას, ეს არ ყოფილა მყარი მდგომარეობა... თავდაჯერებას კი მაშინ შეიძენ, მიწას რომ დაეფინები საცერიდან ანაბერტყ ფქვილად, დაემსგავსები მაგიდიდან გადმოცვენილ ნამცეც-ნაბიჭევს...
რა მღელვარე ნაკადებია იმათ სულებში, ვინც ქრისტეს სახელით ბავშვობაში დაბრუნება აირჩია, რაოდენი ეჭვი, სიფრთხილე...
არ გადაიხარო ცოდვისკენ ნიშნავს: არ შეხვდე, არ იხილო ის სახე, რომელიც ყველაზე მეტად გენატრება, არ მოუსმინო იმ ხმას, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს. რადგან ზენამ დაგაშორა, ეს ნიშნავს_ კაცთაგან ვერვინ ვერ შეგაერთებს. და სასოწარკვეთილების ბოლო ჟამს, სრულ სიბნელეში, მიცვალებულივით როცა ხევდები, ხდება სპინთირას- სულიწმიდის უქრობი ალის მეორედ მოსვლა, ნათელი ცეცხლით, სილბოთი და გამოცოცხლებით, შენი სულიდან რომ გაჟონოს მარადისობის ციცნათელებად, ნათლით ავსებულ ნამცეცა ტვირთით.
ამით მართლდება ეს გარიყვა, ეს მარტოობა, ასე მიგდება სუფრის ბოლოს გამხმარ მჭადივით. რომ დაიზოგოს, დაგროვდეს და შინაგანი სინათლის უსაზღვრო წნევით ფრინველივით აღტყორცნოს სული იმ სიმაღლემდე, სადაც ხაფანგი, ბადე ვერ მისწვდება ჰაერისმცველთა, სულ სხვა, მტკივნეულ არსებობიდან უტკივარ, ფხიზელ, უხრწნელ არსებობაში გადასაფრენად.
ახლა გამიხარდის ფიქრის ჯერია, ახლა უნდა ითქვას იმ წუხილზე, რაც აქვს გამიხარდის ქარისას მიმართ, როგორ სურს თავის სურვილების ნიადაგიდან ამოაგდოს მისი ხატება იმ ნერგივით, მზებუდობისას ნედლი, წვნიანი ტანი რომ გადაუჩეხა, ფესვი ჩაურჩა, მიწიდან ვერ ძრავს მის ძლიერად დახვეულ და ღონიერ ფესვს, ღრმად და მრავალგზის განტოტვილს, ფესვის ძაფებით გამიხარდის ყველა უჯრედს მიკრულ-მიწებებულს. ის ხომ მართლა უქმი, სხვის ნამზადს ჩაფრენილი მამრი არ არის- სასიკვდინე... მუდამ ირჯება პიროფლიანი და მაინც რას იტყვის ახალს მიწისკენ გადახრილი, დღენიადაგ მიწას ჩაჩერებული, არსობის პურის ოფლით მომპოვებელი და ქალის ოფლიან ღრმულებს შეწებებული თიხა? ამგვარ ფიქრთა, ზრახვათა გამოტანით ხომ დღეს აღსავსეა ყველა კუთხე-კუნჭული, ყველა წყვილი თვალი მას უმზერს, ყველა ხედვას ის იტაცებს, ის ისაკუთრებს, მოხუცისაც, ახალგაზრდისაც.
სჯობს მეორე სატრფოზე თქვას ქარისამ, რომლის ხსენების მაღალი კოცონი ნაპერწკალივით გასტყორცნის ხოლმე ვარსკვლავებამდე, იქ შეისვენებს ციცნათელებად, იქ გადნება, დაილევა, ნეტარებისკენ მიქცეული ფერფლი, ნარვალი...
რამდენი სული აიდევნა ამ სატრფომ და კვლავ აიდევნებს ამბოხებულ ანგელოზთა იძულებით დანატოვარ სავანისაკენ, მუდმივად რომ სდევთ ლეგეონთა მოშურნე თვალი და სავანისკენ წასასვლელი არე-მიდამო დანაღმული აქვთ სათნოებათა ბოროტებად გარდამქმნელი მახე-ხაფანგით. ვერ ივიწყებენ სავანეს და არ ეთმობათ თიხის კაცთათვის ის, რაც დაუსხლტათ, როს უჟამო ნათელს მოწყვეტილნი, დამარცხებულნი, დროჟამიერ ბნელ სკნელებში ჩამოეყარნენ და ერთ დროს მათი ზეფირით და ეთერულად ნაქსოვი ფრთები გოგირდის სეტყვით დაფუფქულნი მკერდს დაეფინათ. არც ეს აკმარა ნათლის მეუფემ და მიქაელის სარდლობის შემდეგ უმანკო კრავის უმტვრევი ძვალით გამოთხარა ბოროტი თვალი.
ღვთიური ძალის ეს თავგანწირვა აიძულებს ქარისას გულს გამოაკლდეს ხორციელ სატრფოს, ზეციურ მიჯნურს დაუკავშირდეს. თუმც დროდადრო მაინც ელასტიურ თიხისაკენ მიიქცევა მისი გონება, მას იბატონებს, კვარცხლბეკზე აჰყავს, გვირგვინს ადგამს, ხელთ კვერთხს აძლევს, რომ მის წინაშე მიწა ჭამოს, მისი ფეხის მტვერი შეიქმნას.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge