გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

შოთა ბოსტანაშვილი - სივრცის პოეტიკა. კრიტიკული დისკურსი - ვიხსენებთ ბრწყინვალე მოაზროვნეს (1948-2013)

შოთა ბოსტანაშვილი


სივრცის პოეტიკა. კრიტიკული დისკურსი

დასაწყისში შეიძლება ასე ვთქვათ (დავწეროთ) - არქიტექტურა სივრცის დისკურსს განეკუთვნება _ და დავიჯეროთ, რომ ამ ყაიდის ფრაზა, დღეს - მეტაკულტურის ეპოქაში, ჯერ კიდევ (ან: უკვე) სინქრონულად მუშაობს; ამასთანავე კი არ ვილაპარაკოთ დისკურსზე, არამედ ჩავერთოთ დისკურსში და ვეცადოთ, რომ დროის კვალობაზე გ/ავიგოთ (მოვიაზროთ, განვიცადოთ და სისტემურად წარმოვადგინოთ) სივრცე, როგორც ტექსტი და ტექსტი, _ როგორც სივრცე. დანარჩენი, როგორც იტყვიან, თავისით დ/ალაგდება (თავის ადგილს მოძებნის და ოდესმე გადაადგილდება არქივში).
ისტორია, გარკვეული აზრით, მუდმივი ღიაობაა ახალ-ახალი ინტერპრეტაციისათვის. ხუროთმოძღვრული რეფლექსია (ან: საერთოდ რეფლექსია) არ არის ერთმნიშვნელოვანი მოვლენა. ამ ფაქტს არქიტექტურის ისტორიაც ცხადყოფს.
წერილის ვერსია გახლავთ ის, რომ თავად არქიტექტურული ნაგებობა, ქალაქი - ზოგადად ნაშენი - სივრცული ტექსტია, რომელსაც თავისი გრამატიკა (პოეტიკა და სემიოტიკა) და თავისი დიდი ხნის ისტორია აქვს; რომ ყოველი ისტორია ასევე ტექსტია - ნიშანთა გარკვეული კომბინაციაა და მხოლოდ ამ სახითა გვაქვს თვალწინ, როგორც მუდმივი აწმყო; რომ არქიტექტურის ისტორია ამავე დროს არის სივრცის ისტორია და, რაც საინტერესოა, არქიტექტურის ისტორია არის თავად საინტერესოს ისტორია.
აღნიშნული ტერმინები: საინტერესო, სივრცე, პოეტიკა, სემიოტიკა, აგება, ნიშანი და ნაშენი არქიტექტურის საზღვრებია. განვიხილოთ ეს სახელები ამავე თანმიმდევრობით.

ა)   საინტერესოს ისტორია. inter esse - შუაგულის დისკურსი
სივრცის დისკურსთaნ ერთaდ არქიტექტურა საინტერესოს დისკურსია, რაც თავის მხრივ რამდენიმე მიმართულებად* შეიძლება წaრმოვaდგინოთ:
1. კულტუროლოგიური; 2. ფსიქოლოგიური
3. ფიზიკური (თავშესაფარი); 4.ეკონომიკური; 5. სოციალური.
არქიტექტურის კულტუროლოგიას - პოეტიკას და სემიოტიკას თავად საინტერესო აინტერესებს - საინტერესოობის ფენომენი, არსი, მისი პოლისემანტიური ველი და ფსიქოლოგიური ასპექტები.
საინტერესო aღმოცენდება (ამოიფრქვევა) ნებისმიერი სახის ტექსტის (საერთოდ ყოფნის, როგორც ტექსტის) ყველაზე უფრო მოკლე მონაკვეთებზე, ”როცა თავად მოლოდინი ჯერ კიდევ არ არის ფორმირებული”  [ეპშტეინი, 2004: 493].
საინტერესო (ინტერესი - inter esse) ნიშნავს ყოფნა შორის, ან/და გარკვეულ მონaკვეთში. უფრო ვრცლად შეიძლება ასე ვთქვათ: საინტერესო იბადება სინგულარობაში, აჩენს ცენტრს, მოძრაობს რა პერიფერიისაკენ (განაპირისაკენ), აღმოჩნდება ბინარიზმების შუაში - ოპოზიციებს შორის - საზღვარზე და გადააქცევს მას ტოპოსად - სივრცედ.
დავიმოწმოთ ცნება, რომ კულტურის ყველაზე დაძაბული და ნაყოფიერი სიცოცხლე გადის მისი ცალკეული სფეროების საზღვრებზე [ბახტინი, 1979: 329]. რaდგaნ საზღვარი და საინტერესო იდენტური ცნებებია, შეიძლება ასე მოვნიშნოთ: სიცოცხლე გადის საინტერესოზე. ამ ცნების პერიფრაზი იქნება - სიცოცხლე არ გადის უინტერესოზე ან/და - უინტერესოზე სიკვდილი გადის. (სამწუხaროდ, ჩვენი არქიტექტურის დიდი ნaწილი ამის მაგალითია).
ჟილ დელიოზი და ფელიქს გვატარი საინტერესოს მკვეთრად უპირისპირებენ ცოდნას და ჭეშმარიტებას, როგორც მოძველებულ ეპისტემეს. სხვანი ვარაუდობენ, რომ აზროვნების შემდგომი ეპოქა აღადგენს ინტერესს ჭეშმარიტების მიმართ, მაგრამ უკვე საინტერესოს ფარგლებში - მისი, ბევრად უფრო ფართე კატეგორიის შემადგენლობაში [ეპშტეინი, 2004: 492]. შეცვლილი პრობლემური ველი უპირველესად ოპოზიციებს (პოლუსებს) შორის საზღვრის გაუქმებით აღინიშნება. საზღვრის გაუქმება ნიშნავს აკრძალვის (ტაბუს) გაუქმებას.
აკრძალვა იწოვს და ამძაფრებს ინტერესს, ზრდის მის ინტენსივობას. აკრძალვის მოხსნა კი დაუკმაყოფილებელი ინტერესის ენერგიას ათავისუფლებს და აფრქვევს. შეწოვა - ამოფრქვევა საინტერესოს უმთავრესი ნიშანია, ამიტომ მის სიმბოლოდ მიჩნეულია ღრუბელი.
საინტერესო, ეს არის თამაში ორ პოლუსს შორის, რომლებსაც ერთი მოდალობა აქვთ [ეპშტეინი, 2004: 487].
შეიძლება წარმოვადგინოთ ამ აზრის დისკურსული პრაქტიკა. სინტაქსი - საზღვარი იშლება (ან/და საინტერესო იშლება) ორი განსხვავებული კოდით არის აღჭურვილი, ორი წაკითხვა აქვს (დეკონსტრუქცია): 1. საზღვარი (ან/და საინტერესო) იშლება - ქრება, უჩინარდება, იკარგება, იმალება, იფარება და ა. შ. 2. საზღვარი (ან/და საინტერესო) იშლება - იხსნება, წარმოჩნდება, გვენახება, აქტიურდება და ა.შ.
აქ, დისემინაციის შედეგი არა მხოლოდ განსხვავებებია, არამედ საპირისპირო და ურთიერთგამომრიცხავ მნიშვნელობათა ერთიანობა. პირველი მწკრივი პასიურია, დამამთავრებელია - post (კულტურის) ნიშანია. მეორე მწკრივი აქტიურია, დამწყებია - proto (კულტურის) ნიშანია.
საინტერესოს დისკურსი გადაჯაჭვულია სივრცის დისკურსთან და ვიდრე ამ ჯაჭვის რგოლებს შევეხებით, დავასახელოთ საინტერესოს ლტოლვისა და ძალისხმევის საგანი და მიმართულება.
საინტერესოს თვალი უჭირავს იქით, საითაც არის საიდუმლო - აკრძალული დაფარული და დამალული.
ამ სემანტიკური ჯგუფის ისტორია ასე იწყება: “...და შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთ, გვითხრა ღმერთმა; არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებით.” [დაბ. 3 : 3].
... შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, ... - inter esse-ს, საინტერესოს პარადიგმაა, საკრალური ტოპოსის ცენტრია; ხე - მსოფლიო ხის და შვიდსანთლოვანას (მენორა) კონცეპტია.
.., იმის ნაყოფს ნუ შეჭამთ, ... არ გაეკაროთ, ... - აკრძალვის პირველი პრეცედენტია. (რაც აკრძალულია - საიდუმლოა).
... თორემ მოკვდებით... - პირველი საშიში.
სემანტიური მწკრივი ასე ყალიბდება:
საინტერესო - საიდუმლო - საშიში.
“... და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და თავისი ცოლი ბაღის ხეთა შორის” [დაბ. 3 : 8].
... დაემალნენ -სწრაფვა სამალავისკენ, დაფარულისკენ, საიდუმლოსკენ.
... ბაღის ხეთა შორის - პირველი სამალავი - ყუდრო, პრივატული ტოპოსის (სივრცის) კონცეპტი, (აგრეთვე inter esse-ს პარადიგმა).
სემანტიურ მწკრივს დაემატა ყუდრო, როგორც ტოპოსი ედემის ბაღში (ებრ. gan eden) - სივრცე სივრცეში.
სამოთხეში თავად ადამიანიც საიდუმლოა, მითუმეტეს მაშინ, როცა ის დამალულია ბაღის ხეთა შორის. ბაღიდან გამოძევება - სამალავიდან გამოსვლა სხვა გამოსვლათა პარადიგმაა; სამალავის გარეთ კი ჩნდება საკრალური სივრცის ოპოზიცია - პროფანული სივრცე.
სივრცის გენეზისი, მისი სტრუქტურა ასე ყალიბდება:
საკრალური სივრცე - ბაღი ედემში  (პროფანული სივრცე - ბაღის გარეთ)
საკრალური დრო - მეშვიდე დღე
საკრალური სივრცის ცენტრი - ხე შუაგულ ბაღში
აკრძალული ობიექტი (ტაბუ) - ხის ნაყოფი.
სემანტიკური მწკრივი უკვე ასე მოინიშნება:
საინტერესო - საიდუმლო (აკრძალული, დამალული, დაფარული...) - საშიში - ყუდრო.
ასე გადადის საინტერესოს დისკურსი სივრცის დისკურსში.
რაც უფრო დიდია საიდუმლო, მით უფრო დიდია ინტერესის ინტენსივობა, - მით უფრო მნიშვნელოვანია სივრცე.
სივრცესა და საინტერესოს შორის მაინც არ არის მხოლოდ მიზეზ-შედეგობრივი, იერარქიული ურთიერთმიმართება. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ საინტერესო საინტერესოა საინტერესოობის გამო.
გამოთქმა - რა საიტერესო არქიტექტურაა! - პირველ რიგში სწორედ ასეთ უანგარო საინტერესოს გულისხმობს და არა ანალიზის შედეგს, მანიფესტაციას სივრცის ფუნქციონალურ-ტექნოლოგიურ, სოციალურ-ეკონომიკურ, ან სხვა პრობლემებთან მიმართებაში, (რომლებსაც რა თქმა უნდა თავისი ადგილი და მნიშვნელობა აქვთ). ცხადზე ცხადია, თუ ნაწარმოები (მოვლენა) საინტერესო არ არის, მას არა აქვს მოტივაცია განხილვისათვის.
კულტურის სხვა სფეროთა შორის (და მათთან ერთად), არქიტექტურამ უდიდესი წვლილი შეიტანა საინტერესოს, როგორც ფენომენის და ტერმინის ავტორიტეტის ჩამოყალიბებაში.
მენჰირები, დოლმენები, კრომლეხები და პირამიდები; აქვედუკები და ხიდები; ტაძრები, სასახლეები და ცათამბრჯენები, უპირველეს ყოვლისა, სწორედ საინტერესოს საზღვრებს ავსებენ და აფართოებენ; ადამიანში ჩათესილი გაოცებისა და აღტაცების ძალების გამოწვევას პასუხობენ; ნერგავენ რწმენას “დედამიწაზე ადამიანის არსებობის დიდებულებისა” (ე. საარინენი), რომ სიცოცხლე საინტერესოზე გადის.



ბ)    სივრცის ისტორია - სამყაროს მოდელები
სივრცე - reg - ხაზის გასმა, გაჭრა, შემოხაზვა (regiones) წარმოიშვა ინდოევროპულიდან [მსოფლიოს ხალხთა მითები. ტ-2. 340]. ამ მხრივ საინტერესოა ქართული გაყოფა - გა/ყოფ(ნ)ა, განწვალვა, გავთომა.
სივრცე, როგორც ტერმინი (ლათ. terminus – საზღვარი) ხშირად ჩაენაცვლება სხვა ტერმინებს: სამყარო, კოსმოსი – უსაზღვროება. ის ერთის მხრივ, თავის საზღვრებში მოიცავს სამყაროს უსაზღვროებას – ფიზიკურ და მეტაფიზიკურ საგანთა და მოვლენათა უსასრულო იერარქიულ წყობას, ხოლო მეორეს მხრივ თავად არის მოცული საგნებით და დაყოფილი საგნებში (ნიჟარა, სახლი, ...).
და/ყოფილი სივრცე, სივრცის ყოფ(ნ)ის განსხვავებულ სახეებს გან/აგებს და განსაზღვრავს სივრცის მრავლობითი რიცხვის სახელს – სივრცეები. (პროფანული, საკრალური, მენტალური და სხვა).
არქიტექტურა, სივრცეების სიმრავლეთა და სახეობათა შორის, იმ ერთ-ერთი განსაკუთრებული ფენომენის სახელია, რომლის პრეროგატივა სწორედ კულტურული სივრცის გ/აგებაა, სივრცის ცოდნა და მოწყობა, მისი სახისმეტყველებაა.
კულტურის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ადამიანს განსხვავებული წარმოდგენები ჰქონდა სივრცეზე - სამყაროს მოწყობაზე. ასე იქმნებოდნენ სამყაროს მოდელები, სამყაროს სურათები - ტექსტები სამყაროს შესახებ, მითები და ლეგენდები.
მითში დაფარული გზები (რასაც ქვემოთ გავადევნებთ თვალს) დაუკითხავად ცხადდებიან კულტურის ყველა სფეროში და რა თქმა უნდა მატერიალურ კულტურაში. არქიტექტურაში ეს გახლავთ: გზა, ზღურბლი, კარი, კიბე, ხიდი, ფანჯარა. სხვა საქმეა მათზე რეფლექსირება, - საგანთა ქმნადობის და შეფასების პროცესის კონცეპტუალიზაცია. სწორედ ასეთი კონცეპტუალიზაცია გახლავთ არქიტექტურის (პოეტიკის და სემიოტიკის) საქმე, რომლის პრეროგატივაა ნაშენი მოიაზროს, როგორც ნიშანი - სამყაროს მოდელის შემადგენელი ნაწილი.
გარკვეული აზრით სივრცე გზის პარადიგმაა. (მომთაბარე ხალხი, მონადირე, მოხეტიალე რაინდი, მოგზაური რაიმე სივრცეს გადიან). სივრცე-გზას უპირისპირდება სტატიკური, ანუ რადიალური სივრცე, რომელიც წარმოგვიდგება, როგორც საკრალურიდან რადიალურად გამომავალი კონცენტრული ტალღები. ამ აღნიშვნათა სისტემური ერთიანობა ქმნის სამყაროს მოდელს.
სამყაროს მოდელი განისაზღვრება როგორც მოცემული ტრადიციის შიგნით არსებულ წარმოდგენათა მთელი ჯამის განზოგადოებული და სქემატური ანარეკლი. სხვაგვარად რომ ვთქვათ სამყაროს მოდელი ყალიბდება სამყაროს მოხელთებით, მისი მოქცევით ნიშნური სისტემის ბადეში. უფრო სხარტად კი ასეც შეიძლება ითქვას: სამყარო მოდელირდება სემიოტიკის სივრცეში.
სამყაროს მითო-პოეტური, იგივე კოსმოლოგიური მოდელი იმ ეპოქას განასახიერებს, რომლის შესახებაც შეიძლება ვილაპარაკოთ, როგორც ერთიანზე, სინკრეტულზე - დაუნაწევრებელზე და სტაბილურზე, სადაც მითოლოგია გულისხმობს არა მხოლოდ მითებსა და ლეგენდებს განცალკევებულად, არამედ აზროვნების სისტემას, მის განსაკუთრებულ ტიპს.
კოსმოლოგიური ტექსტები ემყარება სამი ტიპის სქემას: 1. საკუთრივ კოსმოლოგიური სქემები, რომლებიც მუშაობენ ქაოსის ათვისებაზე - აფიქსირებენ საკრალურ დღეებს და ადგილებს. 2. სქემები, რომლებიც აღწერენ ნათესაობით და ქორწინებით კავშირებს, აგრძელებენ და ამრავლებენ საკრალურის მმართველ ძალებს. 3. მითო-ისტორიული ტრადიციების სქემები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან საკრალურის მთლიანობის და ერთიანობის სტატუსის დაცვაზე.
საკრალურის ერთიანობა სამყაროს ყველა მოდელის მთავარი ღერძი და საფუძველია. იდეალური შემთხვევაა, როდესაც სხვადასხვა საგნებსა და მოვლენებს, ასევე მათ ნაწილებს, ერთი წარმოშობა აქვთ, ერთი ცენტრი და სემანტიკური ნიშნების იერარქიაში არიან ჩართულნი. ასეთი მმართველობა ქმნის საკრალურ ტოპოსს, რომელთან მიმართებაშიც დანარჩენი, ყოფითი სივრცე - პროფანული ტოპოსია. ასე გ/ა/იგება სემანტიური სივრცე და ასე იწყება სივრცის სემანტიკური დამკვიდრება (გასაცხოვრისება).
საკრალური ტოპოსის ცენტრს აღნიშნავს საკურთხეველი და ტაძარი. მისი სიმბოლოებია მსოფლიო ხე ან/და მსოფლიო მთა; ზოგ შემთხვევაში ორივე ერთად - ხე მთაზე ან ხე მთასთან. ასეთი აღნიშვნა წარმოადგენს მსოფლიო ჭიპს.
მსოფლიო ხე და მსოფლიო მთა სამყაროს მითო-პოეტური მოდელის ყველაზე გავრცელებული სიმბოლოებია.
საკრალური სივრცე მართავს პროფანულ სივრცეს და ეს მმართველობა ხორციელდება გზის საშუალებით. ამ კავშირის სიმბოლოა აგრეთვე მდინარე. ასე იბადება გზის მითოლოგემა, რომლის ხუროთმოძღვრული სახეებით დაფარულია ყოფითი ტოპოსი. თავის მხრივ დამფარავი გზა თავად არის დაფარული. (ჰორიზონტალური გზა დაფარულია ზღაპრებში, ვერტიკალური მითში).
ზღაპრის გმირი გადაადგილდება საკრალურიდან პროფანულისკენ, ან პროფანულიდან არასივრცისაკენ (ქაოსისაკენ, უარყოფითი და საშიში ადგილისაკენ); გადალახავს საზღვარს. ზღაპრის გმირი იმარჯვებს და ეს გამარჯვება არის სივრცის ათვისება (ქაოსის მოწესრიგების პარადიგმა).
შიშველ გეოგრაფიულ გარემოში აღმოცენებული ნებისმიერი ნაშენი (მითუმეტეს საკულტო), სივრცის ათვისების, ან დაუფლების ანალოგიური ნიშანია.
მითო-პოეტური ეპოქის ბოლო ეტაპზე ჩანს ანალიტიკური აზროვნების ჩანასახიც. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, არა იმდენად ესთეტიკა, ან პოეტური სიტყვა, არამედ გაზომვა - აღნიშნავს ვ. ტოპოროვი [მსოფლიო ხალხთა მითები. 341].
სივრცე სამყაროს არქაულ მოდელში განსულიერებულია. რაც მთავარია აქ სივრცე არ არის თავდაპირველი, - წინმსწრები, რომელშიც შემდეგ საგნები იქმნებიან და ავსებენ მას, არამედ პირიქით - არქაული სივრცე საგნებით მოდელირდება. არქაული სივრცე საგნობრივია. სივრცის არარსებობა საგანთა გარეშე - არასივრცე [მსოფლიო ხალხთა მითები. 220] - უსივრცობა ქაოსია. სივრცე იწყება ოპოზიციის გაჩენასთან ერთად: ნათელი - ბნელი, სივრცე - უსივრცობა, ...
საინტერესოა იმის გახსენება, რომ XX საუკუნის დიდი ამერიკელი არქიტექტორი ლუის კანი ასე აღნიშნავს პართენონის პოეტიკას, - სვეტებისა და ინტერკოლომნიუმების მონაცვლეობას: სინათლე - არ არის სინათლე - სინათლე - არ არის სინათლე... ამ მწკრივის ანალოგიები, ან პერიფრაზები უსასრულო სემანტიკურ მწკრივებს წარმოშობენ: სივრცე - არ არის სივრცე - სივრცე - არ არის სივრცე... (იგივე შეიძლება ითქვას, სტოუნჰენჯით დაწყებული, სხვა მრავალ ნაშენზე).
ეს, ერთი შეხედვით მარტივი და უბრალო მწკრივები ფაქტობრივად მთელი კულტურის გენეტიკური კოდების (არქეტიპების) და სიმბოლოების წიაღია.
ამ ჩანართის დიდ თემატიკას აქ აღარ გავყვებით და მხოლოდ მთავარს აღვნიშნავთ: პირველყოფილი, არქაული ცნობიერებისათვის სივრცე არის აქ და ახლა (ამ აღნიშვნას პოსტსტრუქტურალიზმის სივრცის ანალიზის დროს გამოვიყენებთ).
აქ და ახლა მითის ნიშანია და ლუის კანის შენიშვნის გახსენებით გვინდა მოვიგონოთ (ან: გა/მო/ვი/გონოთ) მითის დაბრუნების პოეტიკა, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან შემოდის კულტურის ყველა სფეროში.
კიდევ ერთი დისკურსული პრაქტიკა: გა/მო/ვი/გონოთ - შევთხზათ, გავიხსენოთ, მოვისმინოთ,  მოვიგონოთ, გავიაზროთ.
სამყაროს ბიბლიური მოდელი ებრაული მითოლოგიიდან და უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ებრაული ენა სივრცეს მოიაზრებს და გამოხატავს არა მხოლოდ დროსთან ერთად, არამედ ერთდროულად და ერთნიშნად - olam, რაც არ გახლავთ ქრონოტოპის მსგავსი ლინგვისტური ჰიბრიდი. olam - ტერმინია, მაგრამ დროსა და სივრცეს შორის გამყოფი საზღვრის და მცველის გარეშე.  
სამყაროს ბიბლიური მოდელი, ამავე დროს ზოგად კულტუროლოგიური მოდელია, რომელიც გაცხადდა სიტყვად ბგერად, ფერად და ფორმად. ის მთლიანად ემთხვევა ჩვენს მიერ საინტერესოს დისკურსში მონიშნულ სივრცის სემანტიკას, იმ არსებითი განსხვავებით, რომ სივრცის მოდელს - აქ და ახლა - განსაზღვრავენ იქ და მერე და იქ და მაშინ - იმედისა და ხსოვნის მეტაფორები.
აქ დავჯერდებით ზედმეტად შემოკლებულ ექსკურსს ბიბლიის სამყაროში, რადგან ჩვენი ძირითადი თემის კვალობაზე მოვიხმობთ იმ პასაჟებს, რომლებსაც პირდაპირი კავშირი ექნებათ მითოლოგემებთან და სივრცის პოეტიკასთან.
სამყაროს ფილოსოფიური მოდელი ტრადიციულიად ორი სახით წარმოსდგება: ერთ შემთხვევაში დრო და სივრცე მოიაზრება, როგორც მატერიის მოძრაობის ფორმა (დემოკრიტე, არისტოტელე, - მარქსი) - მატერიალისტური (ლათ. materialis – ნივთიერი) მოდელი. მეორე შემთხვევაში დროზე და სივრცეზე წარმოდგენა ეფუძნება აზრის პრიმატს, რომ სამყაროს პირველსაწყისი სულია (ცნობიერება, გონი) - იდეალისტური მოდელი (პლატონი - ჰეგელი). კანტის ფილოსოფია ამ საპირისპირო შეხედულებათა შეთავსებას წარმოადგენს.
გამორიცხავს რა გნოსეოლოგიურ და ონტოლოგიური პრობლემების პრიმატს, ეგსზისტენციალიზმის (ლათ. existentia - არსებობა) ყურადღება კონცენტრირდება  თავად ადამიანზე (იასპერსი, მ. ჰაიდეგერი და სხვ.), მის შინაგან მოძრაობაზე. ადამიანი არის ის, ვინც სვამს პრობლემას, ადგენს მისი გადაჭრის მეთოდებს და აკეთებს დასკვნებს; ამდენად ადამიანში, მის ეგზისტენციაში უნდა ვეძებოთ პრობლემა და არა მის გარეთ არსებულ სივრცეში. სივრცე დაიკარგა.
სივრცის პრობლემამ და სამყაროს მოდელმა თავად ადამიანში გადაინაცვლა - შინ დაბრუნდა, ამიტომ ეგზისტენციალიზმს, რომელსაც მესამე ხაზსაც უწოდებენ ფილოსოფიაში, ამ ნიშნით შეიძლება პირველიც ვუწოდოთ.
ეგზისტენციალიზმის “სამყარო როგორც ნებელობა და წარმოსახვა” (ა. შოპენჰაუერი) უცხო და საშიშია და გამოსავალიც არ არსებობს. ასე ჩნდება აბსურდის სივრცე (კაფკა, კამიუ, სარტრი, ...), რომელიც დაკარგულ სივრცეს ჩაენაცვლა.
ეგზისტენციალური გაუცხოება მნიშვნელოვნად განაპირობა მეორე მსოფლიო ომის შედეგად დანგრეულმა სივრცემ. მიტოვებულობის, მიუსაფარობის და მარტოსულობის განცდამ დიდხანს ვერ გაძლო ადამიანში, ვერც ახლადაღმოჩენილ მის არაცნობიერში და უფრო მეტად გაზარდა და გაამძაფრა თავშესაფრის ძიების ენერგია. თავშესაფარი ტექსტში აღმოჩნდა...

გ)    სივრცის ისტორიის დასასრული - ნანგრევის ნიშანი
ნანგრევის პოეტიკა
თავშესაფარი ისევ სიტყვაში აღმოჩნდა - ძველის-ძველ და თითქმის დავიწყებულ სივრცეში, რომელიც დ/ალაგდა, ჩამოეხსნა მეტაფიზიკის აღკაზმულობანი და ტექსტად გადაკეთდა. სიტყვის დეკონსტრუქცია-ადაპტაციაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ და თავად პოსტსტრუქტურალიზმის ავტორიტეტებს დავიმოწმებთ: ტექსტის გარეთ არაფერია (ჟ. დერიდა).
ასე დამთავდრა სამყაროს მოდელების ისტორიაც (და საერთოდ ისტორია), რომლის რეფლექსიის საგანი მუდამ მის გარეთ იყო - ან სივრცის მოდელებში (ხე, მთა), ან მოდელების სივრცეში (ნაშენი - არქიტექტურა). ეგზისტენციალიზმის აბსურდის სივრცეს პოსტსტრუქტურალიზმის ტექსტის სივრცე ჩაენაცვლა, რომელიც თავისივე თავზე ახდენს რეფლექსიას (მეტატექსტი), თავის გრამატოლოგიურ წესრიგს ემორჩილება და არა ფილოსოფიურ, ან გრავიტაციულ კანონებს. ეგზისტენციური მზერის ველში (გნებავთ ბადეში) მოქცეული ადამიანი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მთავარ ხარვეზად გადაიქცა (მ. ფუკო). ფილოსოფიას კი, რომელიც არქივს ჩაბარდა, დისკურსი ჩაენაცვლა; ნაწარმოებს - ტექსტი და “ავტორის სიკვდილი” (არქიტექტურაში ნაშენის ტექსტი, ან/და ურბანული ტექსტი).
ისტორიის დასასრული ნიშნავს ცნობიერების იმ ტიპის დასასრულს, რომლის სიმბოლო იყო ხე. ახალი, შეცვლილი ეპისტემეს - პრობლემური ველის სიმბოლო გახდა რიზომა - ჯუჯა მცენარე, რომლის ფესვი და ყვავილი ერთმანეთისაგან არ განსხვავდებიან. გზის მითოლოგემას ჩაენაცვლა ლაბირინთი.
ყველა ფილოსოფიური სისტემის, თავისი საწყისიდან XX ს.-ის 60-იანი წლების ბოლომდე, მიუხედავად მათ შორის სტრუქტურული განსხვავებისა, სტრუქტურალურობა ამსგავსებდა ერთმანეთს. პოსტსტრუქტურალისტური ექსპლიკაცია (სახელები) სწორედ სტრუქტურის დაუსწრებლობაზე მეტყველებს.
სივრცის პრობლემატიკის და საერთოდ პრობლემური ველის ასეთი მკვეთრი და რადიკალური ტრანსფორმაცია (1960-იანი წლებიდან რომ მოდის) ისევ დისკურსული პრაქტიკით წარმოვადგინოთ: სამყაროს მოდელი ან/და სივრცის მოდელი დეკონსტრუქციის შედეგად შეიძლება ასეც ჩაიწეროს - სივრცის მედალი (ნიშანი, ტვიფრი). აქვე გავიხსენოთ, რომ პოსტსტრუქტურალიზმის მთავარი თეზა: დრო გაჩერდა (სივრცის არქაული მოდელში აქ და ახლა-ს ფორმალური ანალოგი), “დრო სივრცულ ტვიფრად გადაიქცა” (ფ. ჯეიმსონი) ეხმიანება სივრცის ნიშნურობას, სივრცე - მედალი.
ეს ოპუსი ყველაფერთან ერთად სემიოტიკის საინტერესოობაზე, მის artისტობაზე მიუთითებს.
კიდევ ერთი ლინგვისტური ოპუსი:
მითო-პოეტური და ფილოსოფიური სივრცე წარმოდგება ტექსტ/ით.
დისკურსის სივრცე წარმოსდგება ტექსტ/ად.
ტექსტ-ით წყვეტს მოქმედებას და კარგავს მოქმედებითი ბრუნვის ნიშანს.
ტექსტ-ად ქმნის ახალ ვითარებას და იძენს ვითარებითი ბრუნვის ნიშანს.
სინტაქსი - სივრცე არის ტექსტ/ი აღადგენს სახელს და სახელობით ბრუნვას. ზოგადად კი, სახელის აღდგენა, ლოგოსის აღდგენა - დაბრუნება (მისი, ან მასში) ყველა სხვა დაბრუნებათა პარადიგმატური წიაღია (სახლში დაბრუნება, პირველსახეში დაბრუნება, “მუდმივი დაბრუნება”), რომლის ერთიანობა წარმოსდგება სამწევრად: სახე, სახლი და სახელი. ამ სამწევრში სახლი, როგორც კონცეპტი, აღნიშნავს არქიტექტურის ადგილს ფასეულობათა იერარქიის სათავეში. არქიტექტურის უზომო რაციონალიზაცია (პრაგმატიზმი), ნიშნავს სასიცოცხლო წიაღის ნგრევას და განადგურებას; ვერდაბრუნებას, უძრაობას და სიკვდილს.
მომძლავრებული საამშენებლო პრაგმატიზმის პირობებში არქიტექტურა სერვისის და კომერციის საგანი გახდა. თუ მეტაფორათა ძალისხმევას დროებით დავაბრუნებთ, ასეც შეიძლებოდა გვეთქვა: არქიტექტურა _ “ხელოვნების დედა” _ ნამდვილი დედინაცვალი გახდა. ის გადაიქცა იმ “საქმიანობად”, რომლის მამოძრავებელი ძალა მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესინტერესები და სასარგებლო ფართების გამრავლებაა. არქიტექტურა კი ყოველთვის კულტურის სივრცეში პოულობს საკუთარ თავს და კულტუროლოგიური პარადიგმის გარეშე მხოლოდ ფუნქციონალურ თავშესაფარს წარმოადგენს. მარტოდ დარჩენილი ეკონომიკური ძალა და მშენებლობის ლოგიკა ვერასდროს ქმნიან მეტყველ სივრცეს, მნიშვნელოვან ფასეულობებს. როდესაც ნაშენი უნიშნოა, (არაკომუნიკაბელური, უსახო) ის კულტურის სივრციდან გადის. ასე ჩნდება ნანგრევის ნიშანი.
ნანგრევის პოეტიკა, როგორც საინტერესოს ისტორიის განსაკუთრებული ნაწილი, ცალკე განსჯის და დისკურსის საგანია.
კულტუროლოგიური განზომილების გარეშე უკვე არქიტექტურასთან კი არა, არამედ ზედროით სტრუქტურებთან გვაქვს საქმე (ფუტკრის სკა, ჩიტის ბუდე, ტერმიტების კოლონიების მიერ შემნილი სტრუქტურები). სწორედ კულტურის მიერ შექმნილი ცვალებადი სიტუაციები ქმნიან სტილების თუ მიმართულებების ცვალებადობას; ეს ცვალებადობა განაპირობებს ქალქების წარმოქმნას, ნგრევას, განახლებას, მუტაციებს სოციალური კონვენციების საფუძველზე.
კულტურის ყველა მოვლენა სიმბოლოებითა და ნიშანთა სისტემით არის მოცემული: “სიმბოლოები წარმართავენ კულტურას” (კლოდ ლევი-სტროსი). ნანგრევი ერთ-ერთი ასეთი სიმბოლოა, იგი ი/ნახავს წესრიგს.
მეტაარქიტექტურული რეფლექსიები არის ის აუცილებელი დამატება - სამეცნიერო და შემოქმედებითი კომპონენტი, რაც არქიტექტურას ჩართავს შეცვლილ პრობლემურ ველში - მეტაკულტურის სივრცეში და ხელახლა მოაწესრიგებს.
არქიტექტურის კულტუროლოგიური რეკონსტრუქცია (საზოგადოდ სივრცის რეკონსტრუქცია) ერთდროულად ორი მიმართულებით შეიძლება წარიმართოს: 1. არქიტექტურის პოეტიკა - ჩანგ/რეული პოეტიკის რეკონსტრუქცია - მეტაპოეტიკა; 2. არქიტექტურის სემიოტიკა.
ორივე მიმართულებას აქვს როგორც განსაკუთრებული და განხვავებული, ასევე შემხვედრი და საერთო პრობლემატიკა.



ლიტერატურა
ეპშტეინი, 2004: Эпштеин М. Знак_пробела. Москва: Новое лит. обозр. 2004.
ბახტინი, 1979: Бахтин М. Эстетика словестного творчества. Москва. 1979скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი)  -  დაკარგული კლასიკა გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) - დაკარგული კლასიკა ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / მეცნიერება / გამოქვეყნებული დავით ანდრიაძე  -  მწერალი — ძალაუფლების ინვესტორი დავით ანდრიაძე - მწერალი — ძალაუფლების ინვესტორი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / გამოქვეყნებული გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი)  - ავტორის დაბადება გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) - ავტორის დაბადება ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / გამოქვეყნებული თენგიზ გუმბერიძე  - ერთი გახმაურებული ლიტერატურული პოლემიკის შესახებ თენგიზ გუმბერიძე - ერთი გახმაურებული ლიტერატურული პოლემიკის შესახებ ჟურნალი / ესეისტიკა / კრიტიკა / ისტორია / სტატიები / გამოქვეყნებული რენიკო საკანდელიძე - საქართველოში ფიზიოლოგიის ფუძემდებლის ივანე ბერიტაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა რენიკო საკანდელიძე - საქართველოში ფიზიოლოგიის ფუძემდებლის ივანე ბერიტაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა ჟურნალი / კრიტიკა / ბიოლოგია / სტატიები / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge