გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

პაატა შამუგია - გეოპოლიტიკური ჩიტები

(პატივისცემის ნიშნად ეძღვნება ორ ჩიტსრომლებიც ჩემს აივანზე მოდიან ხოლმე)

ჩიტებს აქვთ თავიანთი პოლიტიკა,
რომელიც განსხვავდება ადამიანის პოლიტიკისგან.
ყველას ესმის, რომ პოლისის ჩიტური გაგება
არ ჰგავს პოლისის ანტიკურ იდეას,
მათი პლატფორმა წმინდად ჩიტურია,
ყოველდღიური ფრენა-ფრენით მოპოვებული,
მაგრამ არის მასში რაღაც ისეთი,
რაც ცხოვრების ღერძს ამყარებს.
ჩიტებმა ხანგრძლივი ინტელექტუალური გალობა-შრომის შედეგად
მოიპოვეს უფლება, აღარაფერს წარმოადგენდნენ,
გარდა საკუთარი თავისა,
და ზოგჯერ, ამასაც კი აღარ წარმოადგენდნენ,
(განსაკუთრებით მაშინ, თუ ცივა და საკუთარ ბუმბულებში შეყურსულებს
ქარი ეხლებათ,
ან მაშინ თუკი დიდ ქვაბში იხარშებიან),
ესე იგი, მხოლოდ ჩიტები იყვნენ,
თავიანთი ჩიტობით შემოსაზღვრულები.
განსხვავებით ადამიანისგან,
რომელსაც საკუთარი არსებობის დასამტკიცებლად
ბევრი არაადამიანური საგნის მოშველიება უწევს
უამრავ კომპრომისზე უხდება წასვლა,
ჩიტი მხოლოდ თავისი ჩიტობით ჩიტობს
კაცი ვერ კაცობს თავის კაცობით
თუ არა აქვს სახელფასო დანამატი,
პოპულარობა და 8-საათიანი ძილი.
კაცობრიობა ბაძავს ჩიტობრიობას,
ფრთებს იმაგრებს ზურგზე, ცდილობს იფრინოს,
მაგრამ მთავარი ფრენის სურვილი არაა,
მთავარია პოლიტიკა,
რომელსაც ჩიტობრიობა ახორციელებს
და რომელსაც ადამიანი ვერ ახორციელებს,
ისტორია ამძიმებს.
არავინ იცის ჩიტების პოლიტიკა დაზუსტებულად,
ადამიანი კი რა ჩიტიცაა, ვინ არ იცის?!
ჩიტების დასახელება შეუძლებელია,
ჩიტები რომ დაასახელო,
უნდა იცოდე ჩიტების პოლიტიკა,
მაგრამ ადამიანი ვერ დაასახელებს,
რადგან ჩიტების პოლიტიკა არ იცის,
თავის მხრივ, ვერც ჩიტი ვერ დაასახელებს,
რადგან ჩიტის მეტყველება არ ცნობს დასახელებას,
როგორც თვითიდენტიფიკაციის მომგებიან ფორმას.
ამიტომ ჩიტი ჯერჯერობით რჩება დასახელების გარეშე.
და ის რომ მათ ჩიტებად მოვიხსენიებთ,
ნიშნავს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ზედაპირზე ვსრიალებთ,
ხოლო მისი პოლიტიკა ვერ გაგვიგია.
ეს ნიშნავს, რომ „ჩიტის“ წარმოთქმისას,
ჩვენს სულში არსებული შინაარსები
არ გადალაგდება იმნაირად,
რომ მან ჩიტის ხატი შექმნას.
ამიტომ ჩიტები მოუხელთებლებად რჩებიან.
მათი მომწყვდევა მხოლოდ ჩიტურ კანონმდებლობას შეუძლია.
დამნაშავე ჩიტები გადიან რესოციალიზაციას,
ისინიც კი, რომელთაც ბრალი შეეფარდათ
ჩიტობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის,
ელოდებიან თავიანთ რიგს.
ჩიტების სამართლებრივი ბაზა მიამიტურია
და, ჩემი მოკრძალებული აზრით, სახიფათოც.
მაგრამ მასზე საუბარი საჭიროა.
როდესაც ჩვენ არ ვლაპარაკობთ რამეზე, არაფერი იცვლება, რამეც კი.
მაგრამ როდესაც ჩვენ არ ვლაპარაკობთ რამეზე,
მაშინ, ის, რაზეც ჩვენ არ ვლაპარაკობთ,
თავად იწყებს ლაპარაკს იმაზე, რაზეც ჩვენ არ ვლაპარაკობთ,
ლაპარაკობს და უჩვენებს ჩიტი.
ჩიტი ტელევიზორია. ტელევიზორი მეტაფორაა,
რომელმაც ჩიტი უნდა გამოთქვას.
რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში,
რომელშიც მხოლოდ ტელევიზორს შეუძლია გამოთქვას,
ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია დავადასტუროთ,
დავაამინოთ,
დასტური ვცეთ იმას,
რასაც ტელევიზორი გამოთქვამს.
ის კი, რასაც ტელევიზორი არ გამოთქვამს,
არც არსებობს,
ისტორიაში არ რეგისტრირდება
და მეხსიერების პერიფერიაზე ირიყება.
ეს კი სირცხვილის აქტია, რომელიც ჩვენს შუბლებზე იწერება,
და რომლითაც ჩვენი არსებობა სათუო ხდება.
არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ ჩიტები არ არსებობენ,
მაგრამ როგორ შეიძლება ჩიტები არ არსებობდნენ,
როდესაც ისეთი იდიოტიც კი არსებობს,
როგორიც ალექსია ფილმიდან „მექანიკური ფორთოხალი“.
და თუ არსებობს ალექსი ფილმიდან „მექანიკური ფორთოხალი“,
ეს გვიჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ჩიტი კიდევ უფრო არსებობს,
ძალიან არსებობს,
გადაჭარბებულადაც კი.
როგორც მწერალმა-ქადაგმა თქვა,
თუ ჩიტი არ არსებობს, მაშინ ყველაფერი დასაშვებია…
და თუ ყველაფერი დასაშვებია, მაშინ ჩიტის არსებობა შეუვალი ხდება.
ჩიტი უნდა დაინახო.
უოლეს სტივენსმა 13 სხვადასხვა მხრიდან დაინახა ერთი ჩიტი,
თუმცა სკეპტიკოსები ირწმუნებიან, რომ მან ჩიტი კი არა,
თავისი შთაბეჭდილება დაინახა ჩიტის შესახებ,
ხოლო ჩიტი ამ შთაბეჭდილების მიღმა ისე არხეინად სკლინტავდა,
ვითომც აქ არაფერი.
მაგრამ ეს ჩიტების კეთილშობილ ხატს არ ცვლის.
ჩიტი არ გვიყურებს საკუთარი სოციალური კეთილდღეობის
ბოლო საფეხურიდან.
ჩიტი ბუდეს იკეთებს, ადამიანი კარიერას,
ამიტომ ჩიტი ბედნიერია,
ადამიანი – ხანდახან.
უხეირო ყვავიც კი სწვდება
ცხოვრების მრავალ გამოწვევას
და ის, რასაც ბიოლოგიის წიგნები მასზე გვიამბობენ,
შავი პიარის ნაწილია,
მტრებმა რომ შეუთხზეს.
მისი მაღალი პოლიტიკური ცნობიერება
ამხელს საგანთა მკაცრ ლოგიკას:
როცა ის რამე კურკოვანს ნახავს,
ჯერ უკანალზე მოიზომებს,
აქაოდა, თუ გამომეტევაო,
და მხოლოდ ამის შემდეგ გიახლებათ ეს წინდახედული არსება.
თუმცა არსებობენ გულსაკლავად მიამიტი ჩიტებიც,
ცხოვრებას ალღო რომ ვერ აუღეს:
დედალ მტრედებს მარტოობაში არ შეუძლიათ კვერცხის დადება,
ამისათვის მამალს უნდა უყურონ.
მოშინაურებულ მტრედებს ხშირად ასე ატყუებენ:
დაუდებენ წინ სარკეს,
უყურებს მტრედი და ჰგონია სარკიდან თავისი
საყვარელი შემოსციცინებს
და დებს და დებს კვერცხებს.
მარტოობა ევოლუციურად წამგებიანი მოცემულობაა,
აი ამას ნიშნავს ეს ისტორია.
ჩემს მუცელში ცხოვრობენ ჩიტები
და როცა შეყვარებული მეფერება,
ისინი ფრთხიალს იწყებენ
და რაც უფრო მეფერება,
მით უფრო და უფრო ფრთხიალებენ
და ძალიანძალიან თუ მეფერება,
ისინიც ძალიანძალიან ფრთხიალებენ.
ბოლოში სწრაფად ფრთხიალებენ.
უფრო სწრაფად ფრთხიალებენ,
სწრაფად ფრთხიალებენ,
სწრაფად…
ჰო…
ასე…
როცა ვეცემი,
შუბლზე ამომდის ფანჯარა, რომელიც ღიაა,
და შემოდიან ჩიტები,
იკეთებენ ბუდეებს
და საუბრობენ ჩიტურ პოლიტიკაზე,
რომელიც არაა რთული,
უბრალოდ, უნდა მოუსმინო.
მე მინახავს ჰიპსტერი ჩიტები,
გამოყოფილები საზოგადოებრივ რუტინას,
განსხვავებულები, უდროოები, ლამაზები…
და იქვე: დაბოღმილი ჩიტებიც,
ყოველი უცხო გალობა ბოროტებად რომ ეჩვენებათ,
„ჩიტობას გვართმევენ, ეჰეჰეიიი!“ – გაჰგალობენ ისინი გამუდმებით
და გულზე ფრთას იბრაგუნებენ
უმრავლესობის ზუზუნის ზონაში უსაფრთხოდ შეხიზნულები.
ჩიტი გვარზე ფრენს, მათი ბარტყებიც
აგრძელებენ დაუღალავ ფრენას ქარის მიმართულებით.
არიან ალტერნატიული ჩიტები,
რომლებიც თემის დაწესებულ ნორმებს უჯანყდებიან
და ციცქნა ბარიკადებზე დაძვრებიან
და ციცქნა ფრთებს
ციცქნა დროშებივით აფრიალებენ
და ისეთი გამკივანი ხმით გალობენ
მტრების წინააღმდეგ,
ჩიტის გულიც ვერ მოითმენს.
წმინდა არს ყოველი მეამბოხე ჩიტი,
მაგალითად, კოლიბრები,
რომელთაც უკუღმა ფრენაც შეუძლიათ
და ამის გამო, არაერთხელ გადაუციათ ანათემაზე
შავსამოსიან ყვავ-ყორნებს.
არსებობენ პოპულისტი ჩიტები,
რომლებიც დემაგოგიურ გალობას ეწევიან
და ამით აუდიტორიის გულებს იოლად ინადირებენ,
მაგალითად, ბულბულები,
მათ დათაფლულ ნოტებში
მუდმივად მომგებიანი თემები ისმის.
ამ დროს ბეღურების ერთგული კვნესა
ჰაერში ისე იფანტება,
თითქოს არც ყოფილიყოს.
სამყარო სავსეა უსამართლობით.
რამე უნდა იღონონ ჩიტებმა.
რამე უნდა იღონონ ადამიანებმაც.
სამყარო სავსეა განსაცდელით.
რას იზამენ ჩიტები,
როდესაც რუსეთი ბირთვულ იარაღს აამოქმედებს?
ვერაფერს, დაიხოცებიან.
და რას იზამენ ადამიანები,
როდესაც რუსეთი ბირთვულ იარაღს აამოქმედებს?
ვერაფერს, ისინიც დაიხოცებიან.
სწორედ ესაა განსხვავება.
არ არსებობს შემთხვევითი სიკვდილი,
ადამიანი მხოლოდ მაშინ კვდება,
როდესაც ამისთვის მზად არის.
ადამიანი კვდება, არაფერში შეჯამდება,
ორიოდე ცრემლი და დავიწყებაც მოდის.
ასე მითხრა სევდიანმა ჩიტმა
და განაგრძო მონოტონურად:
არ არსებობს შემთხვევითი სიკვდილი,
ყველა მაშინ კვდება, როდესაც ამისთვის მზად არის.
რა იციან ორნიტოლოგებმა,
თუ რა ნაღველს იტევს ჩიტი…скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ევგენი ბლიაძე  -  პირველი ქართული კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ ევგენი ბლიაძე - პირველი ქართული კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ ჟურნალი / სტატიები / ისტორია / პოლიტოლოგია / მეცნიერება / გამოქვეყნებული გეგი კუხალეიშვილი  "ლიბერალიზმი არის კაცობრიობის ტრანსფორმაცია საქონელთა ჯოგად" (cattle, ნახირი) ("Ecce Homo") გეგი კუხალეიშვილი "ლიბერალიზმი არის კაცობრიობის ტრანსფორმაცია საქონელთა ჯოგად" (cattle, ნახირი) ("Ecce Homo") ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / გამოქვეყნებული დავით ანდრიაძე  -  მწერალი — ძალაუფლების ინვესტორი დავით ანდრიაძე - მწერალი — ძალაუფლების ინვესტორი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / გამოქვეყნებული გიორგი შონია - ლექსები გიორგი შონია - ლექსები ჟურნალი / სტატიები / პოეზია / გამოქვეყნებული გიორგი კეკელიძე - მზე დედამიწაზე პატარაა გიორგი კეკელიძე - მზე დედამიწაზე პატარაა ჟურნალი / პროზა / ესეისტიკა / სტატიები / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge