გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ელგუჯა თავბერიძე - ალისა ქუთაისის ქვეყანაში

ელგუჯა თავბერიძერევაზ გაბაშვილი რომ არა, არღნის ერთი „პესნი“ _ „Прощай  Алиса“ _ საიდან გაჩნდა, არ გვეცოდინებოდა.

მთელი ქუთაისი (და არა მარტო აქაურები) მღეროდა _ „Я  уезжаю  изКутаиса,  прощай  Алиса,любовь  моя“, ბოლო ფრაზას ხანდახან  „тащи  ведро“-თი ანაცვლებდნენ.

დუქნებიდან და რესტორნებიდან ალისას ჰანგები იღვრებოდა. მღეროდა ყველა _ გიმნაზიელი და ვაჭარი, მნათე და დიაკვანი, მღეროდა მედუქნეც, არღანს აყოლებდა ხმას და კვნესოდა. მოღიღინეებიდან ზოგს პეტერბურგსა თუ რუსეთის სხვა ქალაქებში დატოვებული ლამაზმანი ახსენდებოდა, ზოგი იქ გამგზავრებასა და სირინოზივით ქალებთან ჩახუტებაზე ოცნებობდა. ოცნებობდა და მღეროდა, აქაურ ალისას ტოვებდა სხვა ალისაზე გულშექანებული. ის არავინ იცოდა, რატომ მიდიოდა ვიღაც გულდამწვარი მიჯნური ქუთაისიდან და აქ ტოვებდა მის სიყვარულს _ ალისას, რომელსაც ხანდახან გაგულისებული ეუბნებოდა _ „тащи  ведро“ _ ვედრო ათრიეო.

უცნაური ის იყო, ვაჟი მიდიოდა, ქალი რჩებოდა. პირიქით ჩონგურივით აეწყობოდა საქმე. იფიქრებ, წასვლა ანუ ქუთაისის დატოვება გარდაუვალი გამხდარიყო, მაგრამ გულით საყვარელ ალისას გამგზავრებასა და სხვაგან დამკვიდრებაზე უარი ეთქვა, რის გამოც ბრაზობდა მიჯნური.

იფიქრებ, მაგრამ არ აღმოჩნდება შენი ფიქრი მართალი.


* * *

პეტერბურგში სასწავლებლად წასული იმერელი თავადიშვილი საზაფხულო არდადეგებზე ქუთაისში დაბრუნდა. სამი-ოთხი დღე დარჩებოდა, გიმნაზიელ მეგობრებს მოინახულებდა და მერე მშობლიური სოფლისკენ გასწევდა.

აქაურობას და აქაურებს დანატრევული, არდადეგებზე ჩამოსულები, მთელი დღე ფაეტონით დარბოდნენ ქუთაისის ქუჩებში. ამას, იმას, იმათ ნახულობდნენ და თავშეყრილები ღამეს დუქნებსა და რესტორნებში ათენებდნენ. თავადიშვილიც ასე ფიქრობდა, წინდაწინ თრთოდა მოსალოდნელი სიამოვნებისაგან, თურმე ამაოდ. სიამოვნების სხვა უჟმური შეეყარა. იმ სასტუმროში დაბინავდა, სადაც დამლაგებლად უმშვენიერესი ალისა მუშაობდა. თავადიშვილს პეტერბურგში სამი წელი გაეტარებინა, უამრავი ლამაზმანი ენახა _ ტანკენარები, ბროლის ტუჩ-კბილიანები, ეშხიანები, რუსებიც და ფრანგებიც, გლეხის ქალებიც და თავადის ასულებიც, მაგრამ ალისას მსგავსი არავინ, ეს იმდენად შემკობილი ყოფილა, იმათი მშვენიერება სახსენებელიც არ იყო.

ქუთათურები ნამეტან ჭინჭყლიან გაზაფხულზე ჯავრობდნენ. ზამთარმა კუდი შეიქნია და აურ-დაურია სიცივე და სითბო, ბუქი და მზე, თოში და წვიმა. კვაწარახიან ლობიოსა და ტყემალს ვინღა ჩიოდა, სხვა ხილსაც დაეთხოვებოდნენ. თავადიშვილიც გაჭინჭყლდა, აირია და დაირია. ალისას განუმეორებელი სილამაზით გადარეულს თავ-გზა აებნა, აქამომდე სიყვარული არ განეცადა, წამიერი გატაცება ეგონა, იაპონიასავით ფსხრიკ გრძნობას როგორ დავემონებიო, იძახდა. დაემონა კი არა, სანთელს მიკრული ფარვანასავით იწვოდა. მოსვენება დაკარგა, სოფელში გამგზავრება გადადო და სიყვარულში გამოუტყდა დედამიწაზე მონარნარე მშვენიერებას. გაირკვა, ალისაც არ ყოფილა გულგრილი. ამან სულ გააგიჟა. სამი-ოთხი დღე ნეტარების ბურანში ცურავდა, საქორწილო გეგმებს ადგენდა. იმ დროში, მერეც მაშვლობით ირთავდნენ ცოლს. მამაჩემს სამაშვლო მაინც არ ექნება გასაღები, _ ფიქრობდა თავადიშვილი და მისი სოფლელი გიგოია მაშვალი ახსენდებოდა. იმისთანა მოქარგული ენა, ადვოკატს თუ ექნებოდა. სულ თაფლი ამოდიოდა პირიდან, შავს ყირმიზად, დუხჭირს სასახლეების პატრონად მოგაჩვენებდა.

მაშვლის ენას, ისე როგორც ვექილისას, ფული ატრიალებდა. სამაშვლო ხუთი მანეთი და მზითევის მეათედი ერგებოდა, მაგრამ ხშირად ან სიძის ან დედოფლის მხარე უხიმანკლებდა, იმერულ ხრიკს რუსულ ატკაზს მიაყოლებდა და დატოვებდა მშრალზე. პირში ჩალაგამოვლებული მაშვალი სასამართლოში გარბოდა და ძველ აღებულსაც ადვოკატებში ხარჯავდა. თავადიშვილის თანასოფლელ გიგოიასაც იგივე დაემართებოდა, ხრიკისთვის ხრიკი რომ არ შეეგებებინა. მაგარი საქმე გააიმასქნა, კაი ჩაფშუტული თავთავი გაასაღა, აქეთურიც და იქითურიც, ქალიც და კაციც, შინ შემორჩენილები გაურიგა ერთმანეთს. ქალის ნამზითვ ოთხ თუმანს მაშვლის ხელში უნდა გაევლო, გიგოია მაგის ჩიტი არ იყო, ყველა ჩაებარებინა სიძის კუნჭულისთვის _ მეათედი _ ოთხი მანეთი _ ააკლო და ჯიბეში იშვლიპა, მაგრამ სამაშვლო ხუთ მანეთზე სტკიცეს უარი. „ე, ბიჭო ნუ გამიშვებთ სუდში, თორემ მე ჩემსას მაინც არ დავკარგავ“. შენც არ მომიკვდე, ყურიც არავინ გააპარტყუნა, „ეს ულვაში შემირცხვეს, თუ შეგარჩინოთ“ _ გადისვა ხელი ულვაშებზე გიგოიამ და გაეცალა.

იფსკვნეს მეფე-დედოფალმა ჯვარი. ორმა მაყარმა დაჟანგული ლეკური იშიშვლა და შესასვლელ კარებში გადააჯვარედინეს. მეფე-დედოფალს, მაშინ ასე იყო, პური და შაქარი მიართვეს. მაშვლისთვის შესასვლელში ბაწრის ხაფანგი ჰქონდათ დადებული, მაგრამ გიგოიამ, ვერ მოგართვით ბადრიჯანიო. ისკუპა და გადაახტა საშვეტ ხაფანგს, თორემ გახლართავდნენ ჩამარყუჟებულ თოკში და სიცილ-ხარხარით, ღორივით, სოხანეზე აკოტრიალებდნენ.

განსაცდელს გადარჩენილი გიგოია მეფე-დედოფალს დაუსკუპდა წინ. 

_ ჩაის სტაქანი მასპინძელო _ დაიძახა ვიღაცამ. 

მოიტანეს, მეფე-დედოფალს დაუდგეს წინ და სტუმრებმა დაიწყეს თავგადასაგდების ჩაყრა ჭიქაში. გიგოია გეზელი მიმინოსავით უყურებდა, რომ დარწმუნდა, ხუთი მანეთი იქნებაო, სტაცა ხელი და სდურთა თავი. თან დაიძახა _ ეს ჩემი სამაშვლო ხუთი მანეთია, ლხინი თქვენთვის დამილოცნიაო. ჯერ ხუმრობა ეგონათ, მაგრამ მერე სიძემ იშიშვლა ხმალი და გაიქაჩა. რავა დათმობდა, თავგადასაგდები მას ეკუთვნოდა. გიგოია გადაევლო ხიმეებს. ეცნენ სიძეს და გააკავეს. მაყრებმაც აბიდად ჩათვალეს მაშვლის მოქმედება, მაგრამ ერთმა შეაჩერა ყველანი. სადღაც გიგოიას ცოლს მოკრა თვალი, მივარდა, დასტაცა მკლავზე ხელი და ქმარს მიაძახა: „გიგოია რო გარბიხარ, ამას ხუთ მანათში გვიტოვებ“. გიგოიას დაცეცხლა თავში, ერთი შედგომა შედგა და უკან მობრუნება გადაწყვიტა, მაგრამ ხუთმა მანეთმა გადაძლია და მექორწილეებს მეორე ეზოდან გადმოძახა „მილეთ ხალხში და ალაიაში, რაცხას უზამთ მა ჩემ ქალს, ვნახავ აგერ“.

ეს ამბები ახსენდებოდა თავადიშვილს და ეცინებოდა. მერე ალისასთან ჯვრისწერასა და ქორწილს წარმოიდგენდა, სახეგაბადრული, თვალებგაბრწყინებული  მიწაზე ფეხს აღარ ადგამდა, ცად, მიწად და ქვეყანად ალისა გადაქცეულიყო მისთვის.

კაკალი გული უკვდებოდათ, რომ უყურებდნენ, დინჯი და წყნარი თავადიშვილის აცუნდრუკებას. თითქოს დევივით კაცმა რაღაც დრუზა თავში და დააღალბათა, ალმასივით კამკამა ყმაწვილი ტალახიანი წყალივით აამღვრია. ისე იბრიშტებოდა, ვერც კაის, ვერც ცუდის თქმა მოეხერხებინათ. თან ჩალეკურ-ლივერ-ჩასატევრებული ალისას დასდევდა აჩრდილივითო, აღარ იცოდა, ხელები სად წაეღო, ნაბიჯს ნაბიჯს ვერ უწყობდა, თავს ავადმყოფივით აქანავებდა, თვალებით ჭამდა სიყვარულსო _ გვეუბნება რევაზ გაბაშვილი, რომელიც უინტრიგოდ იწყებს თხრობას, დასაწყისშივე გვიმხელს საიდუმლოს _ „ქუთაისის ერთ-ერთ სასტუმროში დამლაგებლად მუშაობდა ულამაზესი, მაგრამ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, სახელად _ ალისა“. აჯობებდა, თავში მარტო სილამაზეზე მიენიშნებინა და ალისას ფეხმჩატეობა მერე გაემხილა. ამქვეყნად რა დამალულა, ცით მოწყვეტილი ანგელოზის თაყვანისმცემლები რომ დამალულიყვნენ. რასაკვირველია, ბუჩქებში ვერ შეძვრებოდნენ, ვერც ალისა მოიშორებდა ერთი ხელის დაკვრით. 
ჯერ ეჭვი გაუჩნდა თავადიშვილს, მერე დამტკიცდა, რასაც ეჭვობდა. თანაც არ გეგონოთ, დიდი დრო გავიდა, არა, სამ-ოთხ დღეში გამხილდა გასამხელი _ ყურებამდე შეყვარებული ვაჟკაცი ისეთ უხერხულ პოზაში გადააწყდა მშვენიერ ალისას, რომ ყველაფერი ნათელი გახდა. იმ წამშივე გაკოტრებულ სოვდაგარს დაემგვანა. ყურები ჩამოყარა, ენა დაება, ხელები გულზე დაიკრიფა, ბრუ დაესხა და რა ექნა, არ იცოდა. ეგონა, თავზე ცეცხლი წაუკიდეს, ქალებმა უზარო კივილი მორთეს, კლდე და მთა ჩამოეთხლიშა წინ და ვერ გაეგო, რა ექნა. კი მიხვდა, არ იყო მისი სპეტაკი და თავდავიწყებული სიყვარულის ღირსი ლამაზების დედოფალი, მაგრამ მიხვედრას დარწმუნება უნდა მოჰყოლოდა. ვინ დაარწმუნებდა ეჭვის სინამდვილედ მხილველს. სიყვარული სენიაო, _ წერს რევაზ გაბაშვილი, დრო ჭირდება განკურნებისთვისო. თავადიშვილს დრო არ ჰქოინდა, უცებ იყო გადასაწყვეტი. თავიდანვე სწორად ჩახვდა _ ქუთაისში ყურყუტი აღარ შეიძლებოდა, აქ ნაკლებად ან სულაც ვერ მორჩებოდა. ამიტომ სასწრაფოდ დატოვა აქაურობა, დატოვა კაია, სხვები იმდენ ხანს დუქნებში ქეიფობდნენ, რაც ამას სიყვარულის ელდა ეტაკა. ესეც იგივეს იზამდა, უზომოდ დალევდა, ოღონდ გულს ლოდივით დაწოლილი მაჯლაჯუნა მოშორებოდა. იდგა გარეტებული. იცოდა, წაუსვლელობა უარეს დღეში ჩააგდებდა, მაგრამ ნაბიჯს ვერ დგამდა. მაშინ შეუძახეს მეგობრებმა: რაც იცოდნენ, იმაზე ათჯერ მეტი უთხრეს. ზლაზვნით აათრია ტანი და წავიდა. წავიდა, მაგრამ მაინც გაუძნელდა, ჩუმად გაცლოდა ელდასავით მოვარდნილ სიყვარულს. ამიტომ წერილი დაუტოვა მოღალატე ალისას, რომელიც დაიწყო სიტყვებით: „ Яуезжаю  из  Кутаиса,прощай  Алиса,  любовьмоя “, მერე გაახსენდა, რაც მოხდა და, როგორც მოხდა, დაწერილი გადახაზა და ხელახლა დაწერა: „Яуезжаю  из  Кутаиса,прощай  Алиса, тащи  ведро “.

ლექსი-ამონაკვესი სიმღერად იქცა. აქაურებს მეტი რა უნდოდათ, მღეროდნენ თავდავიწყებით, გაჰკიოდნენ „тащи  ведро“-ს. თავიდან ვანიჩქას დუქანში აუკვნესებიათ, შემდეგ „ედემსა“ და „სიცოცხლის წყაროში“ დაუმუღამებიათ. ბოლოს „ნოეს ვაზში“ მღეროდნენ თუ მღეროდნენო _ გვეუბნებიან. მღეროდნენ, იწყებდნენ და აღარ ამთავრებდნენ, ბოლოში ჩასულები თავში ამოდიოდნენ და ხანდახან ნახევარი საათიც ეთხოვებოდნენ ალისას. არც მწყურვალებს, არც გამობრუშულებს არ ახსოვდათ, ვინ, რატომ ემშვიდობებოდა ამ ქალს, ქუთაისიდანაც რისთვის იკრავდა გუდა-ნაბადს თავდავიწყებით შეყვარებული ვაჟკაცი.

არღნის „პესნებში“ ეს სიმღერა ახლაც ყოფილა. ხედავთ, რამდენ ხანს გაუძლია. არადა, რევაზ გაბაშვილი რომ არა, არაფერი გვეცოდინებოდა. თავადიშვილის გვარ-სახელიც გაემხილა, კაი იქნებოდა. ლექსად ამოკვნესის ნიჭით ყოფილა დაჯილდოებული. რატომ არ უნდა ვიცოდეთ, ვინ იყო?!

ღალატი ორ ფრაზაში ჩაატია, ლექსის პოპულარობა თავადიშვილის თხემით ტერფამდე სიყვარულმა და ალისას ღალატმა გამოიწვია. თანამედროვეებს იმაზე მეტი ეცოდინებოდათ, რაც რევაზ გაბაშვილმა მოგვითხრო. იცოდნენ და ორი სტრიქონი აიტაცეს, სასიმღეროდ ააჟღერეს. ისიც ვთქვათ, ერთი შემთხვევა არ იქნებოდა, სავარაუდოდ, ჩრდილოელი ლამაზმანების ღალატისა. აქაურები გულწრფელად, გულიანად უმხელდნენ ხვაშიადს გულისა, იმათ, ერთისთვის როდის დაუჯერებიათ გული, ახლა რომ დაეჯერებინათ.

იქნებ ჩრდილოეთიდან სიყვარულით გულანთებულმა ქართველმა ჩამოიყვანა, მაგრამ სიმსუბუქე შეუტყო და მიაგდო გვერდზე. მიგდებული ალისა სასტუმროს დამლაგებლობაზე უკეთეს სამსახურს ვერ იშოვიდა, მაგრამ რა გინდა, იღბალი ჰქონია, თავადიშვილმა გააუკვდავა, იქცა მოღალატე მშვენიერების სიმბოლოდ, იქცა და თავდავიწყებით მღეროდნენ: „Яуезжаю  из  Кутаиса,прощай  Алиса,  любовьмоя“.

тащи  ведро-ს ნუ გამოვტოვებთ.

სათაურის მაკვარანცხობას იმედია, მიხვდებით.


скачать dle 12.1
ახალი ნომერი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge
პოპულარული