გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თენგიზ გუმბერიძე - ერთი გახმაურებული ლიტერატურული პოლემიკის შესახებ

თენგიზ გუმბერიძე      მე-20 საუკუნის ათიანი წლების დასასრული მძაფრი და ხანგრძლივი ლიტერატურული პოლემიკით აღინიშნა. ეს დაპირისპირება გაგრძელდა ოციან წლებშიც. მაშინ გრიგოლ რობაქიძემ ქართულ პოეზიაში სონეტის მესარძიკვლეებად ცისფერყანწელები გამოაცხადა, რასაც აგრერიგად არ დაეთანხმა იოსებ გრიშაშვილი. აქედან მოყოლებული მათ შორის დაპირისპირებამ თანდათან მძაფრი ხასიათიო მიიღო. არადა, 1917 წელს, როცა ი. გრიშაშვილმა ჟურნალი „ლეილა“ გამოსცა გ. რობაქიძე აღტაცებული მიესალმა ამ ფაქტს და ჟურნალის პირველ ნომერს თავისი მოწონების სიტყვებიც კი წაუმძღვარა: „ლეილა - აღმოსავლეთის სილამაზეა ამ სახელით მოკვეთილი. კარგი უქნია ჩვენს მოკისკასე გრიშაშვილს ეს ჟურნალი რომ ამ სახელით მოუნათლავს“ (4.1). მომდევნო წელს კი რობაქიძე-გრიშაშვილს შორის უკვე წარმოიშვა მძაფრი კამათი სონეტის გარშემო.   

    ზემონათქვამის დასაზუსტებლად აღვნიშნავთ, რომ  ერთ-ერთ საღამოზე რობაქიძეს წაუკითხავს თავისი „სონეტი სიმონს“ (იგულისხმება სიმონ ჯაფარიძე - თ. გ.), რომელსაც წაუმძღვარა ზეპირი განმარტება სონეტის შესახებ და აღნიშნა, რომ სონეტი ჩვენში ცისფერყანწელებმა შემოიტანესო. ყველაფერი ამით დაიწყო, გ. რობაქიძის ამ ნათქვამს მოჰყვა ი. გრიშაშვილის წერილი „საიათნოვა“, რომელშიც ავტორი საუბრობს სონეტის ვერსიფიკაციაზე და ქართულ პოეზიაში მისი დამკვიდრების თარიღად ათიანი წლების დასაწყისს ასახელებს, კერძოდ, „ცისფერყანწელთა“ ლიტერატურული ორდენის ჩამოყალიბებამდე პერიოდს. ი. გრიშაშვილს მხედველობაში აქვს საკუთარი სონეტები და, ამდენად, არ ეთანხმება გ. რობაქიძის სიტყვას. თავისთავად, ასეთი მოსაზრებები მას აპირისპირებდაარა ცისფერყანწელებთანაც. ამ დაპირისპირების ერთ-ერთი მონაკვეთია ჟურნალ „მშვილდოსანის“ გრიშაშვილისეული კრიტიკაც. გრიშაშვილს მხარს უჭერდა სიკო ფაშალიშვილი, ვინაიდან მასაც მიაჩნდა, რომ სწორედ ისებ გრიშაშვილის სონეტები იყო ადრეული, ვიდრე „ცისფერყანწელებისა“.

    1917 წელს დაწყებული თავდაპირველი კამათი მომდევნო წელს გადაიზარდა რობაქიძის მძაფრ დაპირისპირებაში გრიშაშვილთან და ფაშალიშვილთან, რომელიც „მცირე შესვენების“ შემდეგ ახალი ძალით განახლდა 1920 წელს (ამის შესახებ იხ. ჩვენი წერილი - 1920 წლის ლიტერატურული პოლემიკა და სიკო ფაშალიშვილი - კრებული „ქართველური მემკვიდრეობა“, ტ. IX, 2005 წ.). პარალელურად მიმდინარეობდა დაპირისპირება „ცისფერყანწელებთანაც“. როგორც ცნობილია, 1920 წელს გამოვიდა „ცისფერყანწელთა“ მორიგი ჟურნალი „მშვილდოსანი“. ამ ფაქტს გამოეხმაურა ი. გრიშაშვილი და მას ერთი მცირე კრიტიკული წერილი უძღვნა, რომელიც დაიბეჭდა გაზეთში „სახალხო საქმე“ (1920 წ. N 756). აღნიშნულ წერილში ი. გრიშაშვილი ამბობს, რომ ამ ჟურნალის გამოცემას მისთვის თან არ ახლავს რაიმე იმედი. ჟურნალი გამოვიდა და თურმე კიდევაც ახდა მისი წინასწარი წარმოდგენა: „როცა პირველად თანამშრომელთა სია წავიკითხე... გავიფიქრეთ, რომ იგი „ნეამორების“ გაგრძელება თუ არა, დასასრული მაინც იქნებოდა. ვის იტყვით რომ შიგ არ იყვეს თანამშრომლად გამოცხადებული, რაც ნოეს კიდობანში ხალხია, თითქმის ყველა შიგ არის შეყრილი, თუ გინდა დავიწყოთ ალი არსენიშვილით და გავათავოთ ნინო აყაშვილით...“. ი. გრიშაშვილი ცინიკურ ტონს არ იშურებს რობაქიძის მიმართაც და ამბობს: „იზვესტნი პოეტ ი ფილოსოფ - (ბაკინეც N 33) გრიგოლ რობაქიძე...“ მისი წარმოდგენით, ქართული ლექსის მწამებელი. აქ არის აგრეთვე „რუსეთის შეგირდი და გაკეთებული ნიჭის პატრონი“ ვალერიან გაფრინდაშვილი, რომლის თარგმანები „ყოველთვის დამაკმაყოფილებლად მიმაჩნდა“. აქვეა „პოეზიის პარალიჩი“ ტიციან ტაბიძე, რომელიც „სხვისადმი უნიჭოდ გინებას თავის ბუნებრივ ხარკად სთვლის“ ხოლმე.

      იოსებ გრიშაშვილის აზრით, „მშვილდოსანი“ გამოცემულია წინასწარი განზრახვით, მას თურმე მიზანში ამოუღია ჟურნალ „ლეილას“ ავტორი და უმეტეს ყველაზე კი მისი რედაქტორი, რომელიც, ისევ გრიშაშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ჯერ კიდევ ვერ მოუნელებიათ მის მტრებს“. იოსებ გრიშაშვილი იმედოვნებს, რომ ყველა მწარე სიტყვას, რომლითაც დატვირთულია ალმანახი, თავადვე ინანებენ ისე, როგორც არაერთხელ უნანიათ. ამის მაგალითად მოჰყავს ტიციან ტაბიძის ნათქვამი: „ჩვენს ბავშვურ შეცდომებს სიამოვნებით ვიგონებთო“. ი. გრიშაშვილი იქვე დასძენს: „მშვილდოსნის“ რედაქტორს (!) კი უნდა სცოდნოდა, რომ „ისარი და პირით სიტყვა, რა გასტყორცნო, არ მობრუნდეს“.  

        კიდევ უფრო ემოციური ტონი და სულიერი მღელვარება ეტყობა ბოლო აბზაცებს. ავტორი ახსენებს ადრეულ პრეტენზიებს, ადრეულ თავხედობასა და ყიზილბაშურ საქციელს, რასაც თითქოს ამ ჟურნალშიც იმეორებენ „ცისფერყანწელები“, ასეთები კი, ავტორის აზრით, თვითმკვლელობით ამთავრებენ თავიანთ პოეტურ კარიერეას.

        ცნობილი ფაქტია, რომ იოსებ გრიშაშვილმა „ცისფერყანწელთა“ მიმართ თავისი უარყოფითი დამოკიდებულება იმ პერიოდის თავის ლექსებშიც აშკარად გამოხატა. იმასაც აყვედრიდათ, რომ ისინი მიდრეკილი იყვნენ რუსეთის რევოლუციისადმი. მიიჩნევდა მათ პროვინციელებად, უწოდებდათ დედაქალაქში მოკალათებულ მონებს „წითელი ფერის და თეთრი დათვის“, რომელთაც თავიანთი ლექსებისთვის ხშირად დაურქმევიათ „ტფილისი“, რაც თურმე ასე ძალიან აღიზიანებდა ხარფუხელ პოეტს. გავიხსენოთ მისი „ლექსები“: კრწანისის ალაყაფდიდან (ტფილისის ყალბ პოეტებს)“. აქ ავტორი თავის მაღალპოეტურ ბუნებას იმითაც უსვამს ხაზს, რომ არის მოუსყიდველი. ლექსის მთავარი სათქმელიც პოეტური ღირსების დაცვაა. გავიხსენთ ამ ლექსის ზოგიერთი კუპლეტი:

                     „ ჩემი სიტყვები ვერ გაიგეს: „ტფილისისათვის, 

                       ვინც ხართ თამამი, ნიჭიერი, მოუსყიდველი! “

                       თქვენ კი წანწალებთ სულიერად შიშველ-ტიტველი,

                       თქვენ, ო, მონებო წითელ ფერის და თეთრი დათვის.

                       ძველმა ქალაქმა თქვენი სული ვერ აატოკა, 

                      უნიჭო ლექსში მოკუნტულხათ ვით ტყეში ზღარბი,

                      მაგრამ არ ვნანობ: თვენებრ ფლიდი, წუნკალი, ხარბი,

                      ჩემმა ტფილისმა ბევრი მოსპო, ბევრი გათოკა.

  ...........................................................................................

                        ჩემო ქალაქო! როს გიყურებ მცვივა ცრემლები.

                        აგრე პატარას, ბნელ ქუჩიანს, ვიწრო ხევიანს: 

         მწამხარ! მიყვარხარ! თუმც მუმლივით შემოგხვევია

                        მოღალატენი, მსტოვარები და გამცემლები.

                          და სწერენ ლექსებს შენს საქებრად, ბრიყვულს, რეტიანს,

                              „ტფილისი“ - ამგვარ სათაურით ჰქარგავენ ქარგას,

                           მათ ლექსს რომ ერქვას „ბალახვანი“ ან „სამტრედია“ –

                            ო, ის ლექსები, ვფიცავ, ამით არას დაჰკარგავს.

                           ............................................................................

                           ............................................................................

  მე უნდა მოვკვდე, მე ვერ ვუმღერ ჩაქუჩს და ლითონს.

  მე მინდა მოვკვდე, რომ არ მერგოს ჯალათის თოფი.

  ნაძალადევათ არას დავწერ... რადგან მე თვითონ 

მოწამლული ვარ საქართველოს ლექსების ცოფით“. 

    „ცისფერანწელთა“ წინააღმდეგ პოლემიკაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იოსებ გრიშაშვილის თანამოაზრე და თანამებრძოლი იყო სიკო ფაშალიშვილი, რომელიც „ლეილას“ ჯგუფის შემადგენლობაში  იდგა და აქტურობით გამოირჩეოდა. სიკო ფაშალიშვილიც მყარად გამოხატავდა ანტირევოლუციურ პოზიციას. დაუზუსტებელი დოკუმენტური მასალებით იგი სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრიც გახლდათ და შემთხვევითი არაა, რომ მათი კრიტიკული წერილები სწორედ„სახალხო საქმეში“ იბეჭდებოდა. სწორედ ამ გაზეთის მომდევნო ნომრებში (N757; 758), გრიშაშვილის წერილის გამოქვეყნებიდან, ზედიზედ დაიბეჭდა ფაშალიშვილის ორი წერილი, (როგორც თავად უწოდებს - ფელეტონი) საერთო სათაურით „მშვილდოსნელები“, მასში ავტორი მკაცრად ილაშქრებს „ცისფერყანწელთა“ ჯგუფის წინააღმდეგ, ასევე გრიგოლ რობაქიძის წინააღმდეგაც. სიკო ფაშალიშვილის თქმით, მაშინ თბილისში დიდი რიხით ჩამოუტანიათ ყანწელთა ახალი ალმანახი „მშვილდოსანი“. იგი თურმე ახალ სიტყვაზე აცხადებდა პრეტენზიას და მკითხველიც ელოდა  „ყანწების“ პირველი თქმისაგან განსხვავებულ კომპრომისულ სიტყვას, მაგრამ „კოკასა შიგან, რაცა დგას...“ ამაზე ითქმის. „...და როდესაც გულწრფელად გწადიან კაცს ამ „სიახლისთვის“ ლაპარაკი, ხელის ჩაქნევითა ჰკეცავ ამ ქუთაისურ ქაღალდის კონას და ხელის ჩაქნევითვე ამბობ: „ეჰ, არ ღირს! “. 

      სიკო ფაშალიშვილის განმარტებით, არის ერთი გარემოება, რაც მას ამ წერილის დაწერას აიძულებს, სახელდობრ, „მშვილდოსნის“ გამოცემის სპეციალური დანიშნულება, რომ ერთხელ კიდევ ჩაწიხლონ ჩვენი მწერლობის ის მიმართულება, რომელსაც ეკუთვნის „ლეილა“ და რომლის შტაბის მაღალი წარმომადგენელი გრიშაშვილია. ამ მხრივ კი „მშვილდოსნის“ ყოველგვარ ელემენტარულ საზღვრებს გადასვლა იმითაა დასაბუთებული, რომ „ყანწელთა“  გამოსვლის შემდეგ, არც გრიშაშვილს და მისი ჯგუფის არც სხვა წარმომადგენელს თითქოს ხმა არ ამოუღია იმ ლანძღვა-გინების გამო, რითაც ყანწელები ამათ „გაბახებას“ და „გაბიაბრუებას“ ცდილობდნენ. ახლა კიდევ „ზედა თაროზე“ წამოსკუპებაც მოუწადინებიათ.„ჩვენ ყოველთვის გულწრფელი ვიყავით და ბრმა უკიდურესობას ჩვენთვის ხელი არ შეუშლია, რომ მათი ღირსება ღირსეულად შეგვეფასებინა და ერთგვარი პარალელური ურთიერთობა გვქონოდა მათთან, მაგრამ გაუგებრობა თურმე იმან გამოიწვია, რომ ამის თაობაზე თავის დროზე არ განვაცხადეთ და სონეტებით ხოტბა არ ვუთხარით „ყანწელებს“- ამბობს სიკო ფაშალიშვილი.

      ამის შემდეგ წერილის ავტორი რამდენიმე წინადადებას ამბობს იმაზე, თუ  როგორ უყურებს იგი და გრიშაშვილის ჯგუფი თანამედროვე ქართულ შემოქმედებას, მის მომავალს, თავიანთ პოზიციას და დაპირისპირებულ ჯგუფს. იგი აღნიშნავს, რომ შანშიაშვილისა და გრიშაშვილის ამღერებით მოკვდა აკაკისა და ილიას სკოლა (სტილის მხრივ). „ოცნების სკოლამ“ და „სევდის ბაღმა “ ქართული პოეზიის ტაძარში დაიტირა ორი მიცვალებული ქურუმი და მათ სამარეზე აკვნესდა ორი ახალი არფა შანშიაშვილისა და გრიშაშვილის. ერთმა დაიწყო ქართული ეპოსი, ხოლო მეორემ ლექსის ფორმის ახალი ეპოქა. ორთავე ჰპოვეს გამართლება და გრიშაშვილის ფორმამ სკოლის სახელიც კი მიიღო ჩვენში. ჩვენ გვიან გავჩნდით და თუმცა ბევრმა პრიმიტივით დავიწყეთ, მაგრამ ამ სფერომ მაინც შეგვითრია და ბოლო ხანს არ დარჩენილა არც ერთი მოლექსე, რომელიც გაქცეოდეს ამ ფორმას და თუმცა  იგი ბევრმა კიდეც შეავსო, მაგრამ ქართული ლექსის ახალ ნადიმზე თამადად მაინც გრიშაშვილი დარჩა. ამ შემთვევაში მე მხოლოდ ფორმას ვეხები და არ მწადია ვისმეს შემოქმედების ღირებულების შეფასება“.

       „ცისფერყანწელთა“ მიერ გრიშაშვილის პოეზიისადმი დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვან წარმოდგენას გვიქმნის გიორგი ლეონიძის მიერ გაზეთ „საქართველოში“ დაბეჭდილი სხვადასხვა ქართული ლიტერატურული გამოცემის მიმოხილვა. სწორედ „საქართველოსა“ და „სახალხო საქმის“ ფურცლებზე მიმდინარეობდა მთელი ის გახმაურებული, ხანგრძლივი და დაუნდობელი დაპირისპირება, რომლის მსგავსი თითქმის არც კი ყოფილა ჩვენს მწერლობაში. გიორგი ლეონიძის მიხედვით, ჩვენს ლიტერატურაში ათწლიანი ჩამორჩენის ეპოქა გაბატონებულა. ამ ჩამორჩენის გაგრძელებად მას მიაჩნია იოსებ გრიშაშვილი, რომელიც თურმე კვლავ სხვის რითმებზე ნადირობს. იქვე, გიორგი ლეონიძე, მრავალმნიშვნელოვნად აქებს „ცისფერყანწელთა“ ბეჭვდით ორგანოებს და დიდ იმედს ამყარებს „ნეამორებსა“ და „მშვილდოსანზე “.  „მშვილდოსანში“ დაწერილი წერილებიდან კი „გ. ლეონიძე მაღალ შეფასებას აძლევდა ტ. ტაბიძის („მღვდელი და მალარია“), პ. იაშვილის („ალი არსენიშვილს“), გაფრინდაშვილის, კ. ნადირაძის, ნ. მიწიშვილის, ნ. ლორთქიფანიძის („ბებრები“), ს. ცირეკიძის და ს. კლდიაშვილის ჟურნალში დაბეჭდილ ნაწარმოებებს, ხოლო შ. კარმელის, რ. გვეტაძისა და შ. აფხაიძის შესახებ უფრო ნაკლები შეხედულება ჰქონდა“ (ა. ნიკოლეიშვილი, 162). ი. გრიშაშვილის მხრიდან გ. ლეონიძისეული ბრალდების (სხვის რითმებზე ნადირობა) უპასუხოდ დატოვება შეუძლებელი იქნებოდა. ვფიქრობ, რომ სწორედ გრიშაშვილს არასოდეს სჭირდებოდა სხვისი რითმების მითვისება. გიორგი ლეონიძის ამ სტრიქონებს ნამდვილად აზის მოშურნეობის კვალი. ჩემ მიერ მოძიებულ მასალებში უშუალოდ იოსებ გრიშაშვილის პასუხი გიორგი ლეონიძის მიმართ არსად ჩანს. სავარაუდოდ, იგი მიენდო თავისი ლექსების ლამაზი რითმებისადმი მკითხველის გემოვნებას და კეთილ დამოკიდებულებას. არც სიკო ფაშალიშვილს უთქვამს და გამოუქვეყნებია მასზე რამე, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მის ერთ საარქივო ხელნაწერს, რომლის სათაურიცაა „შენიშვნის მაგიერ“, აი ეს ხელნაწერიც: „თბილისში გმოდის ერთი განცხადებებისა და ქრონიკის გაზეთი ე. წ. „ბახტრიონი“ ვინმე  გ. ლ ე ვ ა ნ ი ძ ი ს (ხაზი ჩემია - თ. გ.) რედაქტორობით, ამ გაზეთს უდის ქონის სუნი და იგი ეპოტინება პრეტენზიებს, არის ქონდრის კაცური პათოსი: პოეზია, სტატიკა, კრიტიკა. ხელოვნების ყოველი დარგი არეულია „ტყავკავშირებისა“ და „თამბაქოს ტრესტების“ განცხადებებში. ამ გაზეთის გარშემო თავს იყრიან ჩვენში სკანდალებით ცნობილი მწერლები, რომელთაც რამდენიმე წლის განმავლობაში ქართული პოეზიის სახელი საკუთარ საოჯახო საქმედ გადააქციეს და ხელოვნების ნიღაბით სისხლის დანაშაულიც კი ჩაიდინეს. ყანწელებზე მოგახსენებთ.

   სრულიად ბუნებრივია, რომ ამ ხალხის მეთაურობა გადავიდა ამ სათაურით გაზრდილ ბურსაკის ხელში, რადგან ამჟამად მათ „ალიანსში“ (ყანწელების დუქანია, რესტორანი) გახურებული ვაჭრობა აქვთ“. 

       სიკო ფაშალიშვილს თავის ზემოაღნიშნულ წერილში (ფელეტონში) ტიციან ტაბიძე მიაჩნია პოეტური სულის პიროვნებად, რომელსაც აქვს ღრმა გრძნობა და ლიტერატურილი ცოდნა, მაგრამ მან არ იცი ლექსის წერა და ტანჯავს მას. რობაქიძემ კი იცის ლექსის წერის კანონები, მაგრამ „ლექსი კამოდი არ არის, რომ ხელოსნობით გააკეთო“. სიკო ფაშალიშვილის აზრით, ვალერიან გაფრინდაშვილისა და პაოლო იაშვილის გარდა, სხვათათვის რაიმე ორდენის მინიჭება მხოლოდ ლიტერატურული ქველმოქმედება იქნებოდა. იგი მათ მიერ ევროპული ლექსის ყაიდაზე ქართული პოეზიის გამართვას კომერციას უწოდებს. არ მოსწონს „ცისფერყანწელთა“ ევროპული სტილიც და ამბობს, რომ ევროპაში მხოლოდ სტილით კი არ უნდა შევიდეთ, არამედ ეროვნული „ბაგაჟიც“ უნდა შევიტანოთ თან. „ყანწელ- მშვილდოსნელთაგან“ „ლეილას“ ჯგუფის დასამარების მცდელობაზე კი ამბობს, რომ ეს მათ კი არ აშინებს,  მხოლოდ აცინებს.   

    მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პოლემიკა იყო დაუნდობელი, მაინც არ გასცდენია ინტელექტუალური ურთიერთკრიტიკის ზღვარს. იგი ეთიკური თვალსაზრისითაც სრულად მისაღებია, მით უფრო, რომ კრიტიკული წერილები იბეჭდებოდა იმდროინდელ პრესტიჟულ პერიოდულ გამოცემებში. მართალია, მათში ხშირად გვხვდება მძაფრი ემოციებით წარმოშობილი, დაუმსახურებელი ურთიერთგამაღიზიანებელი სიტყვათმიგებანი, თუმცა ლიტერატურის ისტორიისთვის ის ძალზე საინტერესო მოვლენა გახლდათ, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ წერილებში განხილულია ლიტერატურის თეორიისა და, ზოგადად, ქართული ლიტერატურული ცხოვრების მრავალი საინტერესო საკითხი.






გამოყენებული ლიტერატურა:


  1. გაზეთი „სახალხო საქმე“ NN 756, 757, 758, 1920 წ.
  2. თბილისის გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის მასალები (ს. ფაშალიშვილის პირადი არქივი), საქმე 11 -167
  3. ნიკოლეიშვილი ამირან, ქართველთა წარმომავლობის სათავეებთან, ვანის რაიონის ისტორიის, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის კვლევის ცენტრის გამოცემა, 2016 წ.
  4. ჟურნალი „ლეილა“, N1, 1917 წ.




რეზიუმე


       იოსებ გრიშაშვილსა და გრიგოლ რობაქიძეს შორის თავდაპირველი ლიტერატურული კამათი 1917 წელს დაიწყო, რომელიც მომდევნო წელს მძაფრ პოლემიკაში გადაიზარდა.  დაპირისპირება ხანგრძლივი არმოჩნდა, იგი მცირე „შესვენების“ შემდეგ ახალი ძალით განახლდა.  პარალელურად მიმდინარეობდა დაპირისპირება „ცისფერყანწელებთანაც“. როგორც ცნობილია, 1920 წელს გამოვიდა „ცისფერყანწელთა“ მორიგი ჟურნალი „მშვილდოსანი“. ამ ფაქტს გამოეხმაურა ი. გრიშაშვილი და მას ერთი მცირე კრიტიკული წერილი უძღვნა გაზეთ „სახალხო საქმეში“. აღნიშნულ წერილში ი. გრიშაშვილი ამბობს, რომ ამ ჟურნალის გამოცემას მისთვის თან არ ახლავს რაიმე იმედი...

      იოსებ გრიშაშვილის აზრით, „მშვილდოსანი“ გამოცემულია წინასწარი განზრახვით, მას თურმე მიზანში ამოუღია ჟურნალ „ლეილას“ ავტორი და უმეტეს ყველაზე კი მისი რედაქტორი, იოსებ გრიშაშვილი იმედოვნებს, რომ ყველა მწარე სიტყვას, რომლითაც დატვირთულია ალმანახი, თავადვე ინანებენ ისე, როგორც თურმე არაერთხელ უნანიათ. ი. გრიშაშვილი არ ერიდება აღნიშნული ჟურნალის ცინიკური ტონით მოხსენიებას. როგორც ცნობილია, ამ დაპირისპირებაში ი. გრიშაშვილს მხარს უჭერდა სიკო ფაშალიშვილი, რომელმაც „მშვილდოსნის“ წინააღმდეგ ორი წერილი გამოაქვეყნა.

        ცნობილი ფაქტია, რომ იოსებ გრიშაშვილმა „ცისფერყანწელთა“ მიმართ თავისი უარყოფითი დამოკიდებულება იმ პერიოდის თავის ლექსებშიც აშკარად გამოხატა. მიიჩნევდა მათ პროვინციელებად, უწოდებდათ დედაქალაქში მოკალათებულ მონებს „წითელი ფერის და თეთრი დათვის“, რომელთაც თავიანთი ლექსებისთვის ხშირად დაურქმევიათ „ტფილისი“, რაც ასე ძალიან აღიზიანებდა ი. გრიშაშვილს.

       ვალში არც „ცისფერყანწელები“ დარჩენილან. ისინი გრიშაშვილს უნიჭო და ჩამორჩენილ პოეტად სახავდნენ. აბრალებდნენ სხვისი რითმების მითვისებას.

აღნიშნული პოლემიკა იყო დაუნდობელი, თუმცა ლიტერატურის ისტორიისთვის ის ძალზე საინტერესო მოვლენა გახლდათ. მასში განხილულია იმდრონდელი ქართული ლიტერატურული ცხოვრების მრავალი საინტერესო საკითხი.






One of the high-profile literary polemics

(resume)

      The original literary debate between Ioseb Grishashvili and Grigol Robakidze started in 1917, which became the mainstream of the following year.The controversy  lasted long time , and after a short "break",it renewed with a new force.At the same time there was a confrontation with "Tsisferkantselebi".As it is known, in 1920 their next magazine  was released as a "Mshvildosani".This fact has been answeredby I.Grishashvili and one critical letter was published in the newspaper "People's Affairs".In this letter I Grishashvili says that the edition of this magazine does not have any hope for him ...

      According to IosebGrishashvili, the "Mshvildosani" is published with a preliminary intention,It was aimed at the author of the magazine "Leila" and its editor.IosebGrishashvili hopes that all the bitter words in which Almanac is loaded, they will regret as they always do.Grishashvili does not shy away from the cynical tone of this magazine.As it is known in this confrontation I.Grishashvili was supported by SikoPashalishvili, who published two letters against "Mshvildosani".It is a well-known fact that IosebGrishashvili expressed his negative attitude towards "Tsisperkantseli" in his poems of the time.They regarded themselves as provincials, called the slaves of capital "red and white bears" , who often called their poems  t "Tbilisi", which was irritated  for Grishashvili.

      The "Tsisferkantselebi" were not in debt. They grishGrishashvili as a poor and beloved poet. They blamed the rhythms of others.They were grasping Grishashvili as an unable and backward poet. They blamed that he robbed the rhythms of others.

     This polemic was ruthless, but it was a very interesting event for the history of literature. It contains many interesting issues of Georgian literary life of that time.






скачать dle 12.1
ახალი ნომერი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge
პოპულარული