გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლადო ჯაფარიძე - ჭადრაკის სათავეებთან

ლადო ჯაფარიძე

        ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ადრე არ არსებობდა, მაგრამ ისტორიამ შემოგვინახა  მოჭადრაკეთა სახელები, რომლებიც წარსულში დიდი წარმატებით თამაშობდნენ და ჭადრაკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანეს .
  XV საუკუნეში გამორჩეულ მოჭადრაკედ ითვლებოდა ესპანელი  ლუის რამირეს დე ლუსენა (1465-1530). ესპანელი რუი ლოპესი ,  სწორედ მის სახელს ატერებს ესპანური პარტია, იტალიელები - ჯოვანი ლეონარდო (1542-1587) და ჯოაკინო გრეკო (1600-1634), ამ უკანასკლნელმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იტალიური პარტიის განვითარებაში. ფრანგები - ანდრე ფილიდორი (1726-1795) (რომელმაც შეიმუშავა დაცვის სისტემა „ფილიდორი’’) ლუი შარლ დე ლაბურდონე (1785-1840). მისი გარდაცვალების შემდეგ ყველაზე დიდ წარმატებას ინგლისელმა ჰოვარდ სტაუნტონმა (1810-1874) მიაღწია. 
1851 წელს ლონდონში გაიმართა პირველი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც პლანეტის  თითქმის ყველა უძლიერესი მოჭადრაკე მონაწილეობდა. გერმანელმა ადოლფ ანდერსენმა (1818-1879) გაიმარჯვა . ანდერსენი 1851-1866 წლებში  N1 მოჭადრაკედ ითვლებოდა. რა თქმა უნდა, გამონაკლისია 1858-1862 წლები, როდესაც ევროპაში ჩამოსულმა ამერიკელმა მოჭადრაკემ პოლ მორფმა (1837-1884) გამარჯვებათა შთამბეჭდავი სერია გამართა. მან, სხვებთან ერთად, ანდერსენიც დაამარცხა. 1863 წლიდან მორფი სერიოზულ პარტიებს აღარ თამაშობდა და ამიტომ ყველაზე ძლიერ მოჭადრაკედ კვლავ ანდერსენი ითვლებოდა. 
1866 წელს ანდერსენი ვილჰელმ სტეინიცთან (1836-1900) დამარცხდა.
                         
                                      ვილჰელმ სტეინიცი 
                           მსოფლიო ჩემპიონი 1886-1894
      ფაქტიურად ის დომინირებდა ჭადრაკში 1870- იანი წლებიდან. ის იყო მეცნიერული მეთოდების მომხრე და თვლიდა, რომ ეს მეთოდი იყო ყველა პრობლემის მომხსნელი, რაც კი შეიძლება გაჩნდეს ჭადრაკში. მან პირველმა დაყო პოზიციები ძირითად ელემენტებად, გამოყო ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშნები და გამოაცხადა სტრატეგიის მთავარი პრინციპები. ეს იყო უდიდესი აღმოჩენა და გარდატეხა ჭადრაკის სამყაროში. პრაქტიკაში, სტეინიცი ხშირად ზედმეტადაც ეყრდნობოდა თავის თეორიას პოზიციური თამაშისას. სტეინიცს უპირობოდ სჯეროდა მეცნიერების ყოვლისშემძლეობის, როგორც იმდროინდელ მატერიალისტურ საზოგადოებას.
  მსოფლიო ჩემპიონობისათვის პირველ ოფიციალურ  მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ვილჰელმ სტეინიცი და იოჰან ცუკერტორტი. სტეინიცმა 10 პარტია მოიგო, 5 წააგო, 5  კი ყაიმით დაამთავრა და მსოფლიოს პირველი ოფიციალური ჩემპიონი გახდა. მან ეს ტიტული სამჯერ დაიცვა.

                                 
       ემანუელ ლასკერი
                               მსოფლიო ჩემპიონი 1894-1921
      გერმანელი, ფილოსოფიისა და მათემატიკის დოქტორი. ლასკერი იყო პირველი, ვინც ჭადრაკში პირველმა და ერთადერთმა შეაფასა ფსიქოლოგიური ფაქტორების მნიშვნელობა. ის იყო არაჩვეულებრივი ტაქტიკოსი და სტრატეგი, მაგრამ ამავდროულად ხვდებოდა, რომ  მოწინააღმდეგის სისუსტეებიის გამოყენების ხელოვნება ზოგჯერ  უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სწორი სვლების გაკეთების უნარი. ადამიანის ფსიქოლოგიის ღრმა ცოდნამ და ჭადრაკის სტრატეგიის ფასეულობის პირობითობის წვდომამ ხელი შეუწყო იმაში, რომ თითქმის ყველა შეჯიბრებაში იყო გამარჯვებული და ჩემპიონის ტიტულს ინარჩუნებდა  27 წლის განმავლობაში, ეს იყო აბსოლუტური რეკორდი. 
პირველი ტიტული მან 1894 წელს მოიპოვა, დაამარცხა რა ვ. სტეინიცი.

                                    ხოსე რაულ კაპაბლანკა 
                     1921-1927  მსოფლიო ჩემპიონი
      „მოჭადრაკე მანქანა“, სწორედ ასე შეარქვეს კუბელ გენიოსს სათამაშო სტილის სისუფთავისათვის. პუბლიკის რჩეული, დახვეწილი მანერების პიროვნება, რომელიც ცხოვრობდა მაღალი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ცხოვრების სტილით. მას ეძახდნენ „დიდებულ კაპას“. მოწინააღმდეგეს ამარცხებდა გამაოგნებელი სიმსუბუქით, ხალისით და დახვეწილობით. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ამას ყველაფერს „დიდებული კაპა“ თითქოსდა მომზადებისა და სერიოზული წინასამატჩო განწყობის გარეშე აღწევდა. ეს ოპტიმიზმით და იმედებით აღსავსე დრო იყო, როდესაც მსოფლიო ტკბებოდა სიმშვიდით, შემზარავი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. 
1921 წელს, ჰავანაში გამართულ მსოფლიო პირველობაზე, კაპაბლანკამ ემანუელ ლასკერი დაამარცხა. მისი ბატონობა მხოლოდ 6 წელს გარძელდა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს .

                         ალექსანდრ ალიოხინი
                  მსოფლიო ჩემპიონი 1927-1935,  1937-1946
    ალიოხინი მდიდარი აზნაურების ოჯახიდან გახლდათ. ის პირველი საბჭოთა ჩემპიონი იყო. მან გამოიარა ბევრი უბედურება ომების და რევოლუციების დროს, შემდეგ კი, მოუწია ემიგრაცია საფრანგეთში, სამართლის დოქტორის დიპლომი, გრანდიოზული შერკინება კაპასთან, ხეტიალის, გამარჯვებებისა და მარცხის წლები. შემდეგ იყო მეორე მსოფლიო ომი, ოკუპირებულ ევროპაში ტურნირები, ნაცისტებთან თანამშრომლობაში ბრალდება და დისკვალიფიკაციის საფრთხე. ალიოხინის სტილი ფსიქოლოგიური აგრესია: უდიდესი წინასათამაშო მომზადება, საოცარი ენერგია დაფასთან, მანიაკალური სწრაფვა მოწინააღმდეგის განადგურებისაკენ და, ამავდროულად, ძალიან დიდი კომბინაციური წარმოსახვის უნარი. 
       1927 წელს მან დაამარცხა ხოსე კაპაბლანკა და  მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა. ალიოხინი პაექრობაში საბჭოთა კავშირის ახალმა ჩემპიონმა - მიხაილ ბოტვინიკმა გამოიწვია მსოფლიო ჩემპიონის გვირგვინისათვის, მაგრამ ალიოხინი ნაადრევად გარდაიცვალა და დაუმარცხებლად დატოვა მსოფლიო.

                             მაქს ეივე 
                    მსოფლიო ჩემპიონი 1935-1937
        ჰოლანდიელი. სამეცნიერო ტექნოლოგიური რევოლუციის საუკუნის სიმბოლო. სტეინიცის სტილის ერთგული მიმდევარი, პრაგმატიკოსი, რომელმაც ჭადრაკში შეისწავლა ყველაფერი. ასევე, ეივე იყო მათემატიკის დოქტორი და ელექტრონიკის გამორჩეული სპეციალისტი. ის ერთი პერიოდი ჭადრაკის პროგრამირების ევრატონის კომისიის თავმჯდომარე იყო . ჭადრაკის მეფეებიდან პირველია, ვინც გახდა ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი (1970 წელი). 
      1935 წელს მან ყველასთვის მოულოდნელად დამაარცხა ალექსანდრ ალიოხინი . თუმცა ტიტულის შენარჩუნება დიდხანს ვერ შეძლო. 1937 წელს მატჩ- რევანშში ალიოხინთან დამარცხდა.

                        მიხეილ ბოტვინიკი 
          მსოფლიო ჩემპიონი ( 1948-57) (1958-1960) (1961-1963)
       საბჭოთა საჭადრაკო სკოლის პატრიარქი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. მისი ცივსისხლიანი და შეუბრალებელი სტილი ეფუძნებოდა ღრმა სადებიუტო და ფსიქოლოგიურ მომზადებას. უმაღლესი დონის მისაღწევად ბოტვინიკი სწავლობდა ჭადრაკს არამარტო სერიოზულად და პროფესიონალურად, არამედ მეცნიერულადაც. ის იყო ჩემპიონი ცივი ომის დასაწყისში, როდესაც სპორტი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ბრძოლის იარაღი იყო.
      1957 წელს ჩემპიონობა ვასილი სმისლოვთან დათმო. ბოტვინიკმა  მატჩ- რევანშის უფლება გამოიყენა და 1958 წელს დაიბრუნა გვირგვინი.

                            


                                           ვასილი სმისლოვი
1957-1958
       რბილი ინტელიგენტი პიროვნება, რომელიც ოცნებობდა მომღერლის კარიერაზე. ის არ იყო კომუნისტი და მისი ღრმა რელიგიურობა იყო თითქოს წინათგრძნობა მომავალი მართლმადიდებლობის აღზევებისა. დიახ, მისი სტილი იყო ჰაეროვანი, მსუბუქი ბოტვინიკთან შედარებით. ისინი სამჯერ შეერკინენ ერთმანეთს. სმისლოვი მხოლოდ ერთი წელი იყო ჩემპიონი. ძალიან მალე დათმო პოზიციები.

                                        მიხეილ ტალი 
1960-1961
       ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი. ოლიმპზე მისი ყოფნა იყო რეკორდულად მცირე, მაგრამ ის უდავოდ დარჩა ჭადრაკის ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ბრწყინვალე ვარკვლავი. თავისი კომბინაციური შეწირვების სტილით გულშემატკივრების დიდი სიყვარული დაიმსახურა. მაგრამ ტალის მსოფლიო პირველობამ მხოლოდ ერთ წელს გასტანა. 1961 წელს ბოტვინიკთან მატჩ-რევანშში დამარცხდა .

ტიგრან პეტროსიანი 
                    1963-1969
      სომეხი, დაბადებული თბილისში. სწორედ თბილისში ეზიარა ჭადრაკს. ის იყო პოზიციური სტილის მოჭადრაკე. ისეთ პოზიციებს ქმნიდა რომ მოწინააღმდეგეს მასში სისუსტეების პოვნა უჭირდა. ყველასთვის უხერხული მეტოქე იყო. მას „რკინის ტიგრანი“  შეარქვეს. 1966 წელს პეტროსიანმა ბორის სპასკი დაამრცხა და ტიტული შეინარჩუნა. თუმცა 3წლის შემდეგ სპასკიმ თავისი გაიტანა და ჩემპიონი გახდა.

ბორის სპასკი
                         1969-1972
      საბჭოთა დიდოსტატი ბორის სპასკი. ბოლოსდაბოლოს  „რიკინის ტიგრანი“- ს შეუღწეველი დაცვა თავისი ეფექტური შეტევებით გაარღვია და  1969 წელს ნანატრი გვირგვინი მოიპოვა. 1972 წელს კი მსოფლიო საუკუნის მატჩს ელოდა ბორის სპასკსა და ამერიკელ დიდოსტატ ბობი ფიშერს შორის, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა .

                                              
                                     რობერტ (ბობი) ფიშერი 
1972-1975
         ებრაული წარმომავლობის მქონე ამერიკელი, ჭადრაკის ისტორიაში ყველაზე მაღალი ინტელექტის მქონე დიდოსტატი. 15 წლის ასაკში სკოლა მიატოვა: „სკოლას მხოლოდ სულელები ამთავრებენ, ჭადრაკის სათამაშოდ კი ატესტატი არ მჭირდება“. 1972 წელს საუკუნის მატჩი შედგა ბობი ფიშერსა და ბორის სპასკს შორის. ეს მატჩი არ იყო მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონობის ტახტისათვის ბრძოლა. ეს იყო ორ გიგანტ სახელმწიფოს შორის დაპირისპირება. ფიშერმა პირველი პარტია წააგო, რომელიც ხმაურს და ტელეკამერებს დააბრალა. მეორე პარტიაზე არ გამოცხადდა, თან ფიდეს მოთხოვნები წაუყენა - ცარიელი დარბაზი ტელეკამერების გარეშე. ფედერაციამ მისი ულტიმატუმი არ დააკმაყოფილა და სპასკი 2 ქულით გავიდა წინ. ფიდემ სპასკის განუცხადა, რომ მას შეეძლო ფიშერის მოთხოვნები არ გაეთვალისწინებია შეეწყვიტა თამაში და სპასკი ტიტულს შეინარჩუნებდა, მაგრამ სპასკიმ თანხმობა განაცხადა მატჩზე და საჭადრაკო მსოფლიო დიდი დრამის მომსწრე გახდა. საბოლოოდ ფიშერმა ბორის სპასკი (12,5 : 8,5) ანგარიშით დაამრცხა. 
     1975 წელს ბობის ტიტული უნდა დაეცვა ანატოლი კარპოვთან, თუმცა მან ფიდეს თავისი ახალი მოთხოვნები წაუყენა, რომელიც ფედერაციამ არ სცნო. ფიშერს ტიტული ჩამოართვეს და ანატოლი კარპოვი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 

ანატოლი კარპოვი
1975-1985
       1975 წელს, 24 წლის ასაკში იგი პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი. მატჩის ჩატარების გარეშე. ფიდემ ჩამოართვა რა ბობი ფიშერს ტიტული ორთაბრძოლაზე უარის გამო და გადასცა კარპოვს. 
     კოლოსალური შრომისმოყვარეობა და მიზანსწრაფულობა, უნარი უმცირესი ნიუანსების და შესაძლებლობების მოძებნისა და ყველაზე უფრო დიდი დაძაბულობის პირობებშიც კი მათი რაციონალური გამოყენებისა, აი ის ფატორები, რითაც გამოირჩეოდა კარპოვი საჭადრაკო სამყაროში.
    კარპოვმა ორჯერ შეძლო დაეცვა უმაღლესი ტიტული, ასევე უდიდეს მოჭადრაკე ვიქტორ კორჩნოისთან მატჩებში (1978, 1981 წ.), მაგრამ მალევე მოუწია შერკინება ახალ მბრწყინავ ვარსკვლავთან - გარი კასპაროვთან. მათი პირველი მატჩი 48 პარტიის შემდეგ ფიდეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეწყდა მაშინ, როდესაც ანგარიში იყო 5:3 კარპოვის სასარგებლოდ და მხოლოდ ერთი, მეექვსე მოგებაღა რჩებოდა (კასპაროვი თავიდან აგებდა ანგარიშით 5:0). კამპამანესის ამ გადაწყვეტილებას ბევრი სადავოდ მიიჩნევს, მაგრამ მან ჩათვალა, რომ გაჭიანურებული მატჩის წარმოუდგენლად დიდი ფსიქოლოგიური დაძაბულობის გამო, ფიზიკურად და მორალურად გადაღლილ-გამოფიტულ, თითქმის თანაბარი სიძლიერის მქონე ორ უდიდეს მოჭადრაკეს საჭირო იყო დროებით დაესვენა და ძალები აღედგინა, რადაგან საფრთხე შეექმნა საჭადრაკო აზროვნების ნამდვილ სიღრმისეულ გამოვლენას, იმ უმთავრესს, რითაც შეუდარებლად მდიდარია და ფასობს გონების ამოუწურავი შესაძლებლობებით აღსავსე ეს ულამაზესი ჭიდილი.  
     ახალი მატჩი, 1985 წელს, ახალი ფორმულით გაიმართა - 24 მოგებამდე. უნდა ითქვას, რომ აქაც და მომდევნო მატჩებშიც კარპოვმა კვლავ  უძლიერესი თამაში აჩვენა, მაგრამ  კასპაროვი უკვე თვით უძლიერესთათვისაც კი მიუწვდომელი იყო და მსოფლიოს ახალი ჩემპიონი მოევლინა. 
     შემდგომში ისინი კიდევ სამ მატჩში შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ კასპაროვმა სამივეჯერ (1986,1987,1990წწ.) შეძლო დაეცვა მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკის სახელი. 
    90-იან წლებში, საჭადრაკო სამყარო ორად გაიყო და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გათამაშება ორი სხვადასხვა ვერსიით მიმდინარეობს.
კასპაროვი ფიდეს ვერსიის ჩემპიონატებში აღარ მონაწილეობს, ხოლო კარპოვი ამავე ვერსიით კვლავ ჩემპიონი ხდება1993, 1996, 1997 წლებში.


გარი კასპაროვი
      ჯერ კიდევ ბავშვობის ასკში წარმოუდგენლად დიდი ნიჭი გამოავლინა და ახალგაზრდულ ასაკში უდიდეს შედეგებს მიაღწია, ხოლო 1985 წელს შესძლო ჩემპიონის წოდების მოპოვება ანატოლი კარპოვთან დაძაბულ მატჩში, ანგარიშით 13:11.  მაშინ იგი მხოლოდ 22 წლის იყო. მომდევნო წლებში კარპოვთან გამართულ მატჩებში იგი ინარჩუნებს ჩემპიონობას, იმარჯვებს მრავალ დიდ ტურნირში და რეკორდულ რეიტინგს აღწევს 2851 პუნქტით. ეს კასპაროვის ერაა. მხოლოდ 2000 წელს დაუთმო მან ვლადიმერ კრამკინს უძლიერესი მოჭადრაკის სახელი.
1990-იანი წლების დასწყისში მსოფლიო საჭადრაკო ორგანიზაციასთან კონფლიქტების გამო (უმთავრესად ფინანსური ხასიათის) იგი ქმნის ჭადრაკის პროფესიონალურ ასოციაციას, რამაც გარკვეულწილად განხეთქილებას დაუდო საფუძველი და ჩემპიონის წოდების მოპოვება უკვე ორი სხვადასხვა ვერსიით ხდება შესაძლებელი.
    გარი კასპაროვმა ბევრი გააკეთა ჭადრაკის პოპულარიზაციის თვალსაზრისით, ასევე დიდია მისი წვლილი მოჭადრაკეთა ჰონორარის გაზრდასთან დაკავშირებით. დაფასთან ის გამოირჩეოდა არასტანდარტული გადაწყვეტილებებით, ძალზედ რისკიანი და ეფექტური შეწირვებით, ულამაზესი და შორსგათვლილი თამაშით.  




ვლადიმირ კრამნიკი
      თამაში მამამ ასწავლა ოთხი წლის ასაკში. სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობისას საუკეთესო შედეგების ჩვენების შემდეგ იგი უმაღლესი რეიტინგით საყოველთაოდ ცნობილი ხდება, ოღონდ არავინ ფიქრობდა, რომ მას ეყოფოდა ძალა შერკინებოდა თვით ყველა დროის უძლიერეს მოჭადრაკედ აღიარებულ მსოფლიოს უდავო ჩემპიონს, გარი კასპაროვს.
     ეს მატჩი შედგა 2000 წლის შემოდგომაზე ლონდონში. ყველა პროგნოზის საწინააღმდეგოდ 24 წლის კრამნიკმა დაუმარცხებლად ჩაატარა მატჩის თხუთმეტივე პარტია და ანგარიშით 8,5 – 6,5 სძლია კასპაროვს.
    ჩემპიონის ტიტულის დაცვა კიდევ ორჯერ შეძლო, 2004 წელს პიტერ ლეკოსთან და 2006 წელს ვესელინ ტოპალოვთან, ხოლო შემდეგ დათმო ვიშვანათან ანანდისთან 2007 წელს.





ვიშვანათან ანანდი
      ინდოეთის გმირად წოდებულმა ანანდიმ ბავშვობიდანვე დიდი ყურადღება მიიქცია. თანატოლთა ჯგუფში იგი გამოირჩეოდა დაფის არაჩვეულებრივად ინტუიციური ხედვითა და უსწრაფესი რეაქციით. ვიშის, როგორც მას ახლაც ეძახიან მოფერებით, მსოფლის მომავალ ჩემპიონობას უწინასწარმეტყველებდნენ. ჭადრაკის თამაში დედამ ასწავლა ექვსი წლის ასაკში. საჭადრაკო სუპერ-ელიტაში 1990 წელს გამოჩნდა საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგებით. 
     მისი პირველი მატჩი მსოფლიო ჩემპიონობისათვის შედგა გარი კასპაროვთან 1995 წელს. მატჩი გაიმართა ფიდეს ვერსიით და გააფთრებულ ბრძოლაში ანანდიმ დამარცხება განიცადა. მომდევნო წლებში ანანდის საჭადრაკო ხელოვნება უდიდეს სიმაღლეებს აღწევს და იგი ჯერ ფიდეს ვერსიით ხდება მსოფლიოს ჩემპიონი 2000 წელს, შემდგომ, 2006 წელს იგებს მსოფლიო ჩემპიონატს, ხოლო 2007 წელს კი პირველობა ჩამოართვა მოქმედ ჩემპიონს - კრამნიკს. 
     ანანდი გამოირჩევა უაღრესად ჯენტლმენური ხასიათით, მისი გამოყვანა წონასწორობიდან ფაქტიურად შეუძლებელია. მის ხასიათში თითქოს თავმოყრილია ჭადრაკის ყველა კორიფეთა საუკეთესო თვისებები; როგორ სამართლინად აღნიშნავენ: ,,მთავარი პრობლემა მოწინააღმდეგისათვის ისაა, რომ შეუძლებელია იგი არ დააფასო და არ გიყვარდეს“. მისი მოწინააღმდეგეები ხშირად მისივე დამხმარეები ხდებიან მნიშვნელოვანი მატჩებისათვის მომზადებისას.
    ამჟამად ანანდი მსოფლიოს ერთადერთი ჩემპიონია სამ სხვადასხვა სტილში: ნოკაუტ სისტემასა, წრიულ ტურნირსა და პირისპირ შეხვედრებში.


მაგნუს კარლსენი
       ამჟამინდელი და რიგით მეთექვსმეტე მსოფლიოს ჩემპიონი. ნორვეგიელი კარლსენი ბაშვობის ასკიდან დაინტერესდა ჭადრაკით. ხუთი წლისას ჯერ მამა ასწავლიდა და ეთამაშებოდა, ხოლო რვა წლისამ სერიოზულად დაიწყო სპეციალური მოზადება, რასაც დღეში 2-3საათს უთმობდა.
     თანდაყოლილმა ნიჭმა და შრომისმოყვარეობამ თავისი შედეგი გამოიღო. 2013 წელს მან შეძლო ანანდისთან ორთაბრძოლის მოგება და მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა. მაგნუს კარლსენი გამოირჩევა იმით, რომ თითქოს უპირატესობის არარსებობის პირობებშიც კი იგი ეძებს და პოულობს მოგებისაკენ მიმავალ სვლებს, არაჩვეულებრივად გრძნობს მოწინააღმდეგის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და თავის სასარგებლოდ იყენებს თვით უმცირეს, სხვებისათვის ძნელად შესამჩნევ ნიუანსებს. 
      ამჟამად იგი პირველი და ერთადერთი ჩემპიონია ერთდრულად სამ კატეგორიაში: ბლიცში, რაპიდსა და კლასიკურ თამაშებში.скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge