გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გეგი კუხალეიშვილი "ლიბერალიზმი არის კაცობრიობის ტრანსფორმაცია საქონელთა ჯოგად" (cattle, ნახირი) ("Ecce Homo")

გეგი კუხალეიშვილი

"ლიბერალიზმი არის კაცობრიობის ტრანსფორმაცია საქონელთა ჯოგად" (cattle, ნახირი)                                                  ("Ecce Homo")

ნაშრომი ეძღვნება ფრიდრიხ ნიცშეს ხსოვნას


ლიბერალიზმი–რელიგიის ჩამნაცვლებელი ოპიუმი
ნაწილი პირველი
ლიბერალიზმის წარმოშობა და განვითარება–ზღვიდან ჭაობამდე

კაცობრიობას,მთელი თავისი არსებობის მანძილზე,გამუდმებით ტანჯავდა გარკვეული მიზნების მიუღწევლობა და ამ მიზნების მიღწევის შეუძლებლობის გაცნობიერება.ლიბერალიზმი კი თითქოს,ულაზათო,შეუსაბამო ნაზავია ყოველივე იმის,რასაც კაცთა მოდგმამ,ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ მიაღწია–ესაა,მიუღწეველი მიზნების,შეუსრულებელი სურვილებისა და აუხდენელი სიზმრების საპყრობილე,ჩვენი ოცნებების ერთგვარი სასაფლაო.
ლიბერალიზმი ნამდვილად არ არის თვითნაბადი მოძღვრება,მეტიც,ის შეუძლებელია თავისთავად ჩამოყალიბებული იყოს,რამეთუ სხვა კონცეფციების გაბატონების და მათი უნივერსალიზაციის შედეგია.ის,საუკეთესო შემთხვევაში საზოგადოებრივი აზრისა თუ სახელმწიფო/რელიგიური ინსტიტუტების მიერ თავსმოხვეული ნორმებისა და დოგმებისადმი გალაშქრებაა,სამწუხაროდ ხშირად არაჯანსაღი,თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში,ლიბერალიზმი სწორედ აქ ავლენს თავის საუკეთესო ბუნებას,ის წარმოგვიდგება ვითარცა ზვირთებით აღქაფებული ზღვა,მარადისობის კლდეებთან გაშმაგებულად მებრძოლი,რომელიც განუწყვეტლივ ეხეთქება მათ,მაგრამ ამ ორთაბრძოლის შედეგი ოდნავ ხავსმოკიდებული კლდეა,რომელსაც უგუნური ზღვა თავისი ტალღების გამეისობით თავად ჩამოაშორებს ამ მწვანე შეფერილობის,მაგრამ მაინც უფერულ პარაზიტს.
ლიბერალიზმი ჯანსაღი სახით არსებობს მანამ,სანამ ის თანაარსებობს და ერთი მთლიანობის განუყოფელი ნაწილია,როცა თავისი გამონაბოლქვით არ უხშობს სასუნთქ გზებს ალტერნატიულ იდეოლოგიებს.ასეთ დროს ლიბერალიზმი წყნარად მოლივლივე ზღვაა,ხანდახან საამურიც კია მისი ტალღების ნარნარის ცქერა,მათი შრიალის ხმის მიყურადება,იალქნიანი გემები მშვიდად გადაადგილდებიან ქარისთვის სასურველი მიმართულებით,დიდრონი ხომალდები კი თავისი ნება–სურვილით დაცურავენ,იქითკენ სადაც მათი ფიქრები დაჰქრის.ჩვენ კი ვდგავართ და ვუყურებთ,თუ როგორ ეშვება უზარმაზარი,წითელი ბურთი ზღვის თვალუწვდენელ ჰორიზონტზე,რარიგ აფერადებს ეს საოცარი მნათობი წყლის მარად ცვალებად ზედაპირს,როგორი ნაზი ელვარებითა და ამავდროულად თვალისმომჭრელი სიკაშკაშით მოსავს მას,ვდგავართ,ვტკბებით და გვიკვირს,როგორ შეიძლება ზღვა იმდენად გაკადნიერდეს,რომ სიცოცხლის ამ დაუშრეტელ წყაროზე უარი თქვას?ვით უნდა გაბრიყვდეს ისე,რომ თავისი სილამაზის უმთავრეს შემოქმედსა და განმაპირობებელს ზედაც არ შეჰხედოს და ისე უარჰყოს?ოხ,ეს უმადური,საზიზღარი,თავის თავში გაურკვეველი მარილიანი,მლაშე წყალი.
რა წამს ეს კნინი თავისუფლება უნივერსალური და დომინანტური მოძღვრება გახდება,იმ წამსვე ლაღად მოლივლივე ზღვა,მყრალ,უნაყოფო ჭაობად გადაიქცევა,რომელშიც გველები და ბაყაყები ბინადრობენ.როგორი აუტანელი,გამაღიზიანებელი და ფუჭია თავისუფალი სულისთვის ამ მახინჯი,უმეცარი ბაყაყების ყიყინისა და ფასადური რაციონალიზმით დაბრმავებული უსულგულო გველების სისინის მოსმენა.როგორ ჰკაწრავს და მსახვრალი ბრჭყალებით ფხაჭნის ის ჩვენს სულს,რარიგ არ ეთვისება ის ჩვენს ხელით ნალოლიავებ თავისუფლებას.ბევრი უბრალო გამვლელი,უდანაშაულო მგზავრი,უგუნურებით,გონიერებითა თუ კაშკაშა სინათლით დაბრმავებული ინდივიდი ეწირება ამ ჭაობის მცოცავ ქვიშას,შურიან წყალმცენარეებს,ბაყაყების გამაყრუებელ ყიყინსა თუ გველის მომაკვდინებელ შხამს.ვინ იცის რატომ წარმოუდგებათ მათ ოაზისად ეს პატარა,მყრალი ჭაობი,მათ შორის ხომ სრულიად აშკარა,ცხადზე უცხადესი განსხვავებაა?ან სად ხედავენ ისინი უდაბნოს?უდაბნო არსადაც არ არის,გარდა მათი საკუთარი სულისა და გონებისა.ბევრი მსხვერპლი ეწირება ოაზისს,რომელიც მხოლოდ მირაჟია,მის უკან კი არაფრისმომცემი,საძაგელი ჭაობი იმალება.დიახ,ბევრი მსხვერპლი ჰყავს ლიბერალურ პროპაგანდას,უამრავი მოაზროვნე იდიოტი იძირება ლიბერალიზმის ბნელ ჭაობში.
არა ყაჩაღი,არამედ ქურდი–მატერიალიზებული თავისუფლება და უღმერთოდ შთენილი მორალი
ლიბერალზმი არ არის ყაჩაღი,მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით,რომ მას არ აქვს საკმარისად მძლავრი ხელები,ის ქურდია.ლიბერალიზმმა ქრისტიანული ფილოსოფიისგან მიითვისა ყველაზე სათნო და ფაქიზი ღირებულებები,მადლობაც არ გადაუხადა,შემდგომ კი სასტიკად დაამახინჯა,მოარგო რა საკუთარ თარგზე.ცხადია ის ამაზე არ გაჩერდებოდა და არც გაჩერდა,ეს გაურკვეველი წარმომავლობის მოძღვრება დღემდე კერავს საკუთარ მორალურ–ეთიკურ კოდექსს,ძაფით,რომელიც ყოველ წამს წყდება,ძაფით,რომელიც ვინ იცის საიდან მოვიდა?იქნებ,მათი მცირე მოცულობის თავის ტვინის ხვეულებიდან,გონებიდან,რომელმაც ნორმიდან გადახრაც კი ვერ მოახერხა,ყალბი პერვერსიის წიაღიდან.ისინი იმდენად ფარისევლები არიან,რომ მათი პერვერსიაც კი გამოგონილი,ზედაპირული,ფასადური და არაფრისმთქმელია,ის ვერასოდეს დაჰბადებს რაღაც ახალს,დიადს და ჭეშმარიტად თავისუფალს,შესაბამისად მისი ნაყოფიც მსგავსი სიმახინჯე,აბსურდი და არარა იქნება.
ლიბერალიზმი ჯოგური თავისუფლების მეტად უცნაური ფორმაა,თავდაპირველად ის ცდილობს გააშიშვლოს და ტანსაცმლისაგან განძარცვოს ბრბო,რომელსაც მეტად ამძიმებს საკუთარი სამოსი.სწორედ ესაა მისი ყველაზე დიდსულოვანი მოქმედება,მაგრამ რას აკეთებს ის შემდგომ?კერავს ახალ ტანისამოსს,რომელსაც ვერავინ მოირგებს,გარდა ლიბერალისა.მტანჯველი უღლისაგან განთავისუფლებულმა ლიბერალიზმმა არ იცის რა მოუხერხოს თავის იოტისოდენა თავისუფლებას,ასე იბადება ახალი რელიგია,რელიგია უღმერთოდ,ასე წარმოიშობა ნორჩი,ბერწი მორალი,რომელიც უახლესი რელიგიის მსგავსად მოკლებულია მზის მცხუნვარე,ნათელ სხივებს.ლიბერალიზმი რევერსიული კონსერვატიზმი და ახალი,ყველაზე საშინელი დოგმატიზმია.
რაში სჭირდება ჩარჩოებში მოქცეული თავისუფლება მას,ვინც უკვე იგემა თავისუფალი თავისუფლების სიტკბოება და სიმწარე?მას,ვინც უკვე შეისისხლხორცა თავისუფლება,როგორც მარად მოძრავი,დინამიკური და დაუდგრომელი ფენომენი?თავისუფლება აბსტრაქტული ეგზისტენციალია,ჭეშმარიტად თავისუფალი ადამიანი არასდროს კმაყოფილდება საკუთარი თავისუფლებით.ის განუწყვეტლივ განიცდის სიამოვნების მომგვრელ შიმშილს,ნეტარ უწონასწორობას,არასოდეს ადუნებს ყურადღებას საკუთარი თავისუფლებისადმი,რამეთუ შესანიშნავად მოეხსენება,რომ სულ მცირე,ერთი პატარა თვითკმაყოფილება და მისი თავისუფლება ისე გაჰქრება,თითქოს არც არასდროს არსებულა.ლიბერალიზმი სტატიკური თავისუფლებაა,ის მარად თვითკმაყოფილი და მაძღარია.ლიბერალიზმმა საწამლავი დაალევინა თავისუფლებას,ჩაამწყვდია გალიაში და გადაიყვანა სრულიად მატერიალისტურ სიბრტყეში.ლიბერალებმა მატერიალიზებული თავისუფლების სულ რამდენიმე აბი გადაყლაპეს და ამიერიდან,ვიდრე სიკვდილამდე,ისინი აბსოლუტურად დანაყრებულნი იქნებიან.
შეხედეთ ამ უმადურ ღორებს!როგორ თქვლეფენ,ანაწევრებენ და სანსლავენ ყოვლად უგვანო,გულისამრევ საჭამანდს,რომელსაც ჭეშმარიტად მხოლოდ ღორი თუ შესჭამს.რა ესაქმებათ მათ ბინძურ ფეხებთან და დინგებთან მარგალიტებს,სასწრაფოდ აკრიფეთ,რათა თავიანთი მახინჯი ეშვებით ისინიც არ წაბილწონ.
დააკვირდით,როგორ ტრაბახობენ თავიანთი თავისუფლებით ეს უნაყოფო,დანისლული ხეები.როგორ უყვართ ტანისამოსის ჩაცმა,რომელსაც დიდი ასოებით აწერია:“მე თავისუფალი ვარ“.ის კი არ უწყიან,რომ გამჭრიახი თვალი ყოველთვის შეამჩნევს მათ სიყალბეს და ფასადურობას,რამეთუ თავისუფალი სული ყოველთვის შიშველია,მას არ სჭირდება ჭრელ–ჭრელი,ცისარტყელას ფერებით გაწყობილი მაისური,მოჩვენებითი მრავალფეროვნება,ისიც იმ მიზნით ჩაცმული,რომ ჯოგმა დაინახოს და თქვას–შეხე,თვით განსხეულებული თავისუფლება მოაბიჯებსო.
ლიბერალიზმი,მხოლოდ ქრისტიანობით როდი საზრდოობს,ის ღმერთის სიკვდილითაც სარგებლობს,ღმერთის მკვლელობა კი ჩადენილია ლიბერალიზმის ერთ–ერთი ყველაზე დიადი და დაუძინებელი მტრის,გენიალური გერმანელი ფილოსოფოსის,ფრიდრიხ ნიცშეს მიერ.ლიბერალებმა ისიც კი არ იციან,რომ ღმერთი მკვდარია მხოლოდ მისთვის,ვისაც მისი მოკვლის გამბედაობა,სიმტკიცე,სიბრძნე და შეშლილობა გააჩნია.ნელ–თბილი,რბილი,ყალბი რაციონალიზმითა და წვრილმანი ჰედონიზმით ნასაზრდოები,თავისივე შეკერილი მორალის მყრალ ნიღაბს ამოფარებული,ფარისევლური ჰუმანიზმით გაჟღენთილი ლიბერალიზმი როგორ მოჰკლავს ღმერთს?ის სასხლეტსაც კი ვერ გამოჰკრავს თითს და თუ მაინც გაჰბედა სროლა,მისი ამ გამბედაობის შედეგი პატარ–პატარა ლაქები იქნება მზის მარად ბრწყინვალე,ოქროსფერ ზედაპირზე.ლიბერალები,თავიანთი გამოგონილი მორალის მიერ დაბლაგვებული ისრებით ცდილობენ სიცოცხლეს გამოასალმონ უზენაესი არსება.ვუყურებთ და გვეცინება,როგორ არ დავცინოთ ამ უბადრუკ,მშიშარა არსებებს,რომლებიც უარჰყოფენ მზეს,მაგრამ მაინც მისი სხივებით თბებიან,უარს ამბობენ ღმერთზე,მაგრამ სინდისისაგან მაინც ვერ თავისუფლდებიან,მეტიც,საკუთარ თავზე იმოდენა წარმოდგენა ექმნებათ,რომ თავისუფალი ინდივიდებისთვის თავიანთი მახინჯი მორალის თავს მოხვევას ბედავენ.ამპარტავნება და მწირი გონება,ხომ მუდამ განუყრელი თანამგზავრნი არიან.შევყურებთ ცას,ლაღად ვიცინით,თითქოს მზეც იღიმება.საინტერესოა რა ამხიარულებს ამ გასაოცარ მნათობს,მშიშარა მაიმუნების მიერ ნასროლი ფუჭი ისრები,თუ ჩვენი თამამი ირონია,ჭეშმარიტი თავისუფლების მტრებისადმი ზარბაზანივით მიმართული.
ღმერთი მორალია და მორალი ღმერთია.ის ვინც უარჰყოფს ღმერთს,უნდა ეყოს გამბედაობა და გულწრფელობა იმისთვის,რათა მორალიც უარჰყოს.მორალი ღმერთის გარეშე სხვა არაფერია თუ არა:აბსურდი,ფარისევლობა,სიცრუე,სიბრიყვე,სიმახინჯე და საკუთარი თავისა თუ სხვების მოტყუება.“თუ ღმერთი არ არსებობს ყველაფერი ნებადართულია“–ტყუილად როდი ამბობდა ამ მართლაც უკვდავ სიტყვებს მხატვრული ლიტერატურის რუსი მესია,ფიოდორ დოსტოევსკი.მართალია,შემდგომ გამოჩნდა რამდენიმე მწერალი,რომელთაც ვერც მთლად მჯღაბნელებს ვუწოდებთ და ვერც დიად,თვითნაბად მოაზროვნეებს,რომლებიც ეცადნენ დოსტოევსკის ამ სულისშემძვრელი სიტყვების გაბათილებას,მაგრამ მათი ეს უსუსური მცდელობა ლიბერალების მიერ მზისკენ ნასროლ ისარს მაგონებს,რომელიც მიზანს ვერ აღწევს.შეშლილობამდე გენიალური რუსი მოაზროვნის ეს სიტყვები კი იმდენად სადა და ერთმნიშვნელოვანია,რამდენადაც გულის გამპობი და სულის სიღრმემდე ლახვარის ჩამცემი.
“თუ შენი მორალურობა მარადიული სასუფევლის საჩუქრად მიღების სურვილით არის განპირობებული,მაშინ რა აზრი აქვს მას”?–იტყვის ჭაობის სისინა გველი,რომელიც ამ შემთხვევაში სრულ ჭეშმარიტებას სისინებს.ღვთაებრივი საწყისისადმი მერკანტილური დამოკიდებულების ქონას,სჯობს სულაც არ გვწამდეს მისი არსებობის და ვიყოთ სრულიად ამორალურნი.ასეთ დროს საკუთარ თავთან მაინც ვიქნებით მართალნი.ჩვენ უფლისგან ჯილდოს მიღების მიზნით კი არ უნდა ვიყოთ სინდისიერნი,არამედ ჩვენს მორალს ღვთის რწმენა და მისი ლაღი,თავისუფალი,შიშის ბორკილებისგან აწყვეტილი სიყვარული  უნდა ასაზრდოებდეს.თუმცა მხოლოდ უზენაესი არსების შეყვარებით როდი გავხდებით ჭეშმარიტად მორალურნი.“უცოდველი,უძლეველი,უდიადესი,უკეთილშობილესი არსების შეყვარება ადვილია,ის ქვეყანაზე ყველაზე საზიზღარ ნაძირალას და არამზადასაც შეიძლება უყვარდეს,რთულია შეიყვარო დამცირებული,დაკნინებული,სუსტი და ბეჩავი არსება“–იტყვის ამას უბოროტესი,გონიერი სული,ის ამ შემთხვევაშიც სრულიად მართალია.ჩვენ უნდა შევიყვაროთ თუნდაც უსაძაგლესი ადამიანი,იმ რწმენით,რომ ის ცოდვისა და სიბინძურის ყველაზე საშინელ წუმპეშიც კი შეინარჩუნებს თავის ანგელოზურ,ღვთაებრივ ბუნებას,განგების მიერ მინიჭებულს,რომელიც მას ხელახლა დაბადებაში დაეხმარება.დაე,შევიყვაროთ თუნდაც ყველაზე ამაზრზენ და საძულველ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი.ჩვენი ცად აზრდილი,მიწის წიაღში ღრმად ფესვებგართხმული მორალის ხე,ყველაზე საზარელ უფსკრულსაც კი მისწვდება.მას უპირველესად მიწის წიაღი ასაზრდოებს,თუმცა ეს სულაც არ შეუშლის ხელს ცის თვალუწვდენელ კიდეს და სამყაროს დასალიერს ლაღი სიამაყით შეხედოს,იგრძნოს მზის სხივების მხურვალე გზნება,მცხუნვარე სხივები,შეამჩნიოს მისი ნაზი ღიმილი და სიყვარულის ცრემლებით აკიაფებული თვალები.
ნუ დავემსგავსებით მზესუმზირას,რომელსაც მხოლოდ საკუთარი თავი და მზე უყვარს.მან,მზეც იმიტომ შეიყვარა,რომ თავისი თავი უყვარს.მზესუმზირას არ შეუძლია მზის გარეშე სიცოცხლე,ამიტომაც გიჟდება მასზე,ყოველთვის მის ოქროსფერ ზედაპირს შესცქერის,მაგრამ მაინც ვერ ხედავს,მისი სიკაშკაშე აბრმავებს.ჩვენც,მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავწვდებით მზის არსს,თუ მთელ ცხოვრებას მის ბრმად ყურებაში არ გავატარებთ,ვისწავლით ღრუბლიანი დღისა და უკუნი შუაღამის დაფასებას,მხოლოდ მზის ნათელი სხივების გარეშე გატარებულ დღეებში შევიცნობთ მის დიად ბუნებას.რაც უფრო მეტ დროს გავატარებთ ჩრდილსა და ყინვაში,მით მეტად შევძლებთ ამ ზენარი მნათობისთვის თვალის გასწორებას,რადგანაც მხოლოდ ჩრდილსა ან ყინვაში შეუძლია ადამიანს ფიქრებით ტანჯვა და ამ ტანჯვით ბედნიერების მოპოვება.

ჭეშმარიტების პლურალიზმი–მკვდრადშობილი ცისარტყელა
ლიბერალიზმი შესაძლოა თავისუფალი აზროვნების რაღაც ასპექტს წარმოადგენდეს,მაგრამ ის არ არის საკმარისად ღრმა,მეტიც,შეიძლება ითქვას,რომ ძალზედ ზედაპირულია.ლიბერალიზმი არ არის დაინტერესებული საგნის წიაღში შთასვლით,ამიტომაც ის ვერასგზით ვერ იქნება მისაღები თავისუფალი ინდივიდისთვის და მთელი თავისი უმაღლესი არსითა თუ დანიშნულებით ჩაითვლება ჭრელი ჯოგის ოპიუმად.ჭეშმარიტების პლურალიზმი–ცის კაბადონზე გადაჭიმული ეს ლამაზი ცისარტყელა,მეტად საამურია საცქერლად,მაგრამ თვალი თითქმის ყოველთვის ტყუის,ამ თვისებით ის საოცრად წააგავს ჩვენი დროის ქართველ ლიბერალს.ცისარტყელას კონტრასტული ფერები,ჭრელ–ჭრელი ფასადები,გამეფებული ფერთა მრავალფეროვნება,განსხვავებული აზრის დაფასება,შეწყნარება,მიღება,გააზრება,გაზიარება და შეყვარება–ესეც ამქვეყნიური სამოთხე,იტყვის მავანი,ხოლო მე ვეტყვი საკუთარ თავს და გეტყვით თქვენ,რომ ეს მხოლოდ ფუჭი ოცნება და ილუზიაა,საუკეთესო შემთხვევაში კი  ძალიან კარგი თეორია,რომელსაც პრაქტიკაში განხორციელება არასდროს ეღირსება,არ ეღირსება უპირველესად იმიტომ,რომ ამ იდეას თავად ჭეშმარიტების პლურალიზმის მქადაგებელნი ასამარებენ,რადგანაც ჯოგი ყოველთვის იმ მოძღვრებას თელავს და აცამტვერებს,რომელსაც თავად ჰღაღადებს.
ჩვენებური ლიბერალი კი,როგორც წესი,ყოფილი ან ლატენტური კონსერვატორია,პირთამდე სავსე ჩაწვეთებული,გადაყლაპული,დაუმუშავებელი აზრებით,რისი ლოგიკური შედეგიც მასთან ცივილური დისკუსიის წარმართვის შეუძლებლობაა.განსხვავებული აზრის პატივისცემას ქადაგებს,მაგრამ მისი მოსმენაც კი არ შეუძლია,ის ფანტასმაგორიად ან დრომოჭმულ მოსაზრებად მონათლავს ყველაფერ იმას,რისი წვდომა და გააზრებაც მის დახავსებულ გონებას არ შეუძლია.
რაც უფრო ღრმაა აზროვნება,მით უფრო ფერმკრთალია მისთვის ჭრელ–ჭრელი,უნიჭოდ წასმული საღებავი შენობის ფასადებზე.ჭეშმარიტად თავისუფალი სულისთვის,არ არსებობს არანაირი ცისარტყელა,რადგანაც ყოველი ფერი მოთავსებულია არა კონკრეტული საგნის ზედაპირზე,არამედ უშუალოდ საგანში,რომლის ფერადოვნებასაც ვერას დიდებით ვერ შევიცნობთ მანამ,სანამ საგნის არსის ყველაზე ბნელ ჯურღმულებს არ მოვინახულებთ.როდესაც იდეის საზრისს ღრმად ჩავწვდებით,აღმოვაჩენთ,რომ ჩვენ არა მხოლოდ განთავისუფლებული ვართ ამ იდეისადმი ჩამოყალიბებული მავნე ირაციონალური დამოკიდებულებისგან,არამედ იმასაც გავაცნობიერებთ,რომ განსხვავებული აზრი საერთოდ არ არსებობს.ყველაზე ამბივალენტური და კონტრასტული მოსაზრებაც კი,თითქოს უკვე შეგვხვედრია ცხოვრების გარეგნულად უფერულ გზაზე,მეტიც ის ჩვენი მეგზურიც ყოფილა,ან მისთვის გვერდი აგვივლია,არა იმიტომ,რომ მისი დანახვა აუტანელი იყო ჩვენთვის,არა,უბრალოდ არ ჩავთვალეთ ის საკმარისად ღრმად ან მნიშვნელოვნად.ახლაც,როდესაც მას ვხედავთ კვლავინდებურად უფერული გვეჩვენება,ისე,როგორც ყველა საგანი,რომლის წიაღში შთასვლისთვის თავს არ ვიწუხებთ.ცხადია,ყოფილა საგნები და იდეები,რომელთა ღაჟღაჟა,ხასხასა ფერები ადრე მეტად აღგვაგზნებდა,გვაღიზიანებდა თუ გვაშფოთებდა,მაგრამ მას შემდეგ რაც ყოველივე არსებულის გარეგანი უფერულობა შევიცანით,ჩვენი აგრესიაც ისევე გაჰქრა,როგორც ცის კიდეზე გადაშლილი ცისარტყელა უჩინარდება,მაშინ როდესაც მისთვის მეტად მოსაწყენი შეიქმნება,მზე–ღრუბლებთან და წვიმასთან თანაცხოვრება.
ჭეშმარიტების პლურალიზმის კიდევ ერთი მინუსი ისაა,რომ ის ყველა საგანსა თუ იდეასთან მიმართებაში ვერ გამოდგება.თუ ჩვენ რაციონალურობაზე გვაქვს პრეტენზია,მაშინ უნდა დავუშვათ ისეთი ჭეშმარიტების ან ჭეშმარიტებების არსებობის შესაძლებლობა,რომელიც არ იწონება და რომელსაც ჟამთა მსვლელობა ვერაფერს აკლებს.მას ვერ დაანაწევრებ,ვერ დააქუცმაცებ,ვერ გამოამწყვდევ დროსა და სივრცეში,ვერ აღმოაჩენ მის საპირწონეს.არავინ იცის არსებობს თუ არა მარად უცვლელი ჭეშმარიტება,რომელიც არათუ არ ცვალებადობს,არამედ წარბსაც კი არ იხრის.ვინც გადაჭრით ამბობს,რომ ერთი ურყევი ჭეშმარიტება არსებობს,ან არ არსებობს,სრული იდიოტი,შეშლილი ან ფარისეველია,რადგანაც ამტკიცებს ისეთ რამეს,რასაც ვერას გზით ვერ დაასაბუთებს.ჭეშმარიტად,ასეთები საღორეში გამომწყვდევის ღირსნიც კი არ არიან.

რაციონალიზმი და ჰედონიზმი–მინის ნიღაბი
ლიბერალებს უყვართ თავიანთი რაციონალურობით თავის მოწონება,ხანდახან მგონია,რომ მათი ცხოვრების ერთადერთი დანიშნულება რაციონალიზმის ფასადის ლამაზად შეღებვაა.ბაყაყები გაუთავებლად ყიყინებენ:რაციო!რაციო!რაციო!მე კი ვკითხავ ყველა ამ ფარისეველს,რისი მაქნისია თქვენი დამყაყებული რაციონალიზმი?მას მხოლოდ გონისა და ნების ირაციონალიზმის გზნება აღანთებს,მის გარეშე კი არათუ ნაკვერჩხალი,არამედ ნაცარიც კი არ არის.მარტო დარჩენილი რაციონალიზმი საკუთარ თავს კეტავს საპყრობილეში,ის თავისივე თავის უნებური მსაჯული და ჯალათია.ადამიანის ბუნება მეტისმეტად ღრმა,იდუმალი,ამბივალენტური და მიუწვდომელია იმისათვის,რომ გონების ცივ ჩარჩოებში მოთავსდეს.
ჭაობის მობინადრენი რაციონალიზმის მიმართ საკრალურ,ირაციონალურ დამოკიდებულებას იყალიბებენ.ისინი აფეტიშებენ მას,რითიც წაბილწავენ რაციონალიზმის უწმინდეს წიაღს.
ლიბერალიზმის როგორც დაუმთავრებელი,ზრდადაუსრულებელი,ბერწი მოძღვრების პარადოქსულობა იმაში მდგომარეობს,რომ ის თანადროულად ქადაგებს რაციონალიზმსა და ჰედონიზმს.ჭეშმარიტად,მხოლოდ სრული იმბეცილი თუ გამოკეტავს ერთ გალიაში ამ ორ,ერთმანეთისთვის უსაშინლეს მხეცს,რომლებიც აუცილებლად დაჰგლეჯენ და გაანადგურებენ ურთიერთს.რაციონალიზმი და ჰედონიზმი სრულად არ ეთვისებიან ერთურთს.ერთი პატარა გუბურაა,მეორე კი ნელი ცეცხლი.ისინი ცალ–ცალკეც კი უსარგებლონი არიან,ხოლო ერთად თვალნათლივ ამხელენ ლიბერალიზმის ფარისევლურ ბუნებას.
ლიბერალიზმი ატარებს რაციონალიზმის ნიღაბს,რომელიც მინისგან არის ნაკეთი და სრულიად გამჭვირვალეა.ნიღაბს უკან კი ჰედონიზმია,რომელიც არც იმალება,მაგრამ არც გამოჩენა სწადია.ან სად უნდა დაიმალოს ეს უბადრუკი?ისიც მშვენივრად ხედავს,რომ ნიღაბი გამჭვირვალეა,იმის იმედიღა ასულდგმულებს,რომ ცრუ რაციონალიზმი კიდევ ბევრ ინდივიდს დააბრმავებს და მოტყუებით აზიარებს ჯოგის ოპიუმს.ჯოგი ყოველთვის ბრმაა,თვით ყველაზე მაღალგანვითარებული საზოგადოებაც ჯოგური საწყისების მატარებელია;ყოველი საზოგადო აზრი თავისუფლების იდეის გამხრწნელი და გამთელავია.დიად იდეას მარტოობა ასაზრდოებს,რა ესაქმება საღ,თავისუფალ აზრს შიმპანზეთა გალიაში?იქ მხოლოდ გაუთავებელი ყბედობა და ტრაბახია,ყველა ერთ აზრზეა,მაგრამ შუბლზე მაინც ცისარტყელა ახატიათ,რომელიც თითქოს გაწყვეტილი ძარღვის დამფარავი უნდა იყოს,მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით თვით გაწყვეტილი ძარღვიც არსად არ არის.

ნიჰილიზმი,როგორც რელიგია–სასოწარკვეთილებისა და ათეიზმის მრუშობის შედეგი
სასოწარკვეთილება ყველაზე დიდი სასოებაა,ისაა ყველაზე თბილი ბუნაგი,სულის გამაწვრილებელი გამყინვარების დროს.სასოწარკვეთილების ჟამს ინდივიდს წონასწორობის დასაცავად და ჰარმონიის მისაღწევად მოძრაობა საერთოდ არ სჭირდება,ბედკრული უძრაობაში ჰპოვებს ნეტარებას.“მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა“–იტყოდა ერთი ბრძენი,ხოლო უძრაობა და მხოლოდ უძრაობა–ესე არს უსასოობის ფორმულა,უსასოობისა,რომელიც ჰედონიზმის ყველაზე დახვეწილი ფორმაა,თუ რა თქმა უნდა შესაძლებელია ჰედონიზმი დახვეწილი იყოს.ლიბერალიზმის წიაღს,სრული უიმედობა და წვრილმანი,უგონო სასოწარკვეთილება ანოყიერებს.ლიბერალური იდეები ასაკში შესული,მობერებული,ცხოვრებისაგან გადაღლილი და მოწყენილობისაგან გაბრუებული ადამიანის თავში თუ დაიბადებოდა,რომლის ყოფა ნორმიდან პათოლოგიამდე დაუსრულებლად ქანაობდა,როგორც ჩანს მან ვერ შეძლო ნორმიდან საკმარისად გადახრა,შეშლილობისათვის არც ნიჭი ეყო და არც გამბედაობა,მისმა გონებამ ვერა და ვერ შვა რაიმე ღირებული,ბოლოს კი,რაკი ვეღარაფერი მოახერხა,სასოწარკვეთილი და იმედგაცრუებული,სუსტ,ბეჩავ იდეებს მიეძალა თუ ამოეფარა,ის იყო მისთვის უკანასკნელი სასოება და უნაყოფო სიცოცხლის ერთგვარი კომპენსაცია.
ვით შეეძლო ამ საცოდავ მატყუარას გულწრფელი ყოფილიყო?სიმართლის თქმას გამბედაობა სჭირდება.ლიბერალიზმი კი,მთელი თავისი არსით არ არის გამბედავი,გადამლახავი მოძღვრება,ამიტომაც ყველგან,სადაც ის ბალახს სძოვს,ტყული,ტყუილი და მხოლოდ ტყუილი მეფობს.ნახირი კი ტყუილს ყოველთვის მეტად ჰყვარობს,ვიდრე მსახვრალ,ბასრ სიმართლეს.ალბათ,სწორედ ამიტომაც არის ლიბერალიზმი ეგზომ პოპულარული,თანამედროვე,მაღალგანვითარებულ საზოგადოებაში.
სასოწარკვეთილება წარმოშობს ნიჰილიზმს,რომელიც მისი მშობლის მსგავსად ავტოეროტიზმის ერთგვარი,სუბლიმირებული ფორმაა.ცხადია,ნიჰილიზმს მეორე მშობელიც ჰყავს,რომელსაც ათეიზმს ეძახიან.გამოდის ნიჰილიზმი სასოწარკვეთილებისა და ათეიზმის მრუშობის შედეგი ყოფილა.თავად ათეიზმი სრულიად უბიწოა,მასზე უგვანოდ ძალადობს სასოწარკვეთილება,უმეტესწილად მაშინ,როდესაც ურწმუნოების მატარებელი ინდივიდი თვითკმაყოფილი და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონეა,განიცდის რა გონებრივ ჩამორჩენას და აზროვნების ღრმა,შესაბრალის დეფიციტს.მხოლოდ უიშვიათეს,უძლიერეს არსებებს შეუძლიათ სასოწარკვეთილებითა და ნიჰილიზმით არ წაბილწონ ათეიზმის უწმინდესი წიაღი.ხშირ შემთხვევაში კი ათეიზმი ვერ ინარჩუნებს თავდაპირველ,შეურყვნელ მდგომარეობას.ან ვით შეიძლება შეინარჩუნოს,როდესაც ამ უმძიმესი ტვირთის მატარებელი,დროებით და ფარისევლურად ეულად შთენილი,ე.წ. განსხვავებული მაიმუნია,რომლის მარტოობა და სპეციფიკურობაც კი მოჩვენებითია.
არსებითად ორგვარი ნიჰილიზმი არსებობს.დაავადების პირველი ტიპის შემთხვევაში პაციენტს არ აინტერესებს არავითარი ღირებული საგანი თუ მოვლენა,თუნდაც მისი გარეგანი,ზედაპირული მხარე.ასეთი ადამიანები,როგორც წესი სულელები არიან,სამაგიეროდ,მათ პატიოსან,გულწრფელ და გულუბრყვილო ბუნებას ამპარტავნების საზარელი დაღი არ აქვს დასმული.ნიჰილიზმის მეორე ტიპი ბევრად უფრო საშინელია.ასეთ დროს ავადმყოფი ინტერესდება მხოლოდ საგნის ფასადით,მეტიც ის იმდენად კადნიერდება,რომ წყლის ზედაპირზე ხელების უაზრო ფათურს ოკეანის ფსკერზე ჩასვლად წარმოაჩენს,სხვადასხვა საგნის ნაწყვეტ–ნაწყვეტ,ფრაგმენტულ,ზედაპირულ გააზრებას განათლებას უწოდებს.მის მიზანს არ წარმოადგენს კონკრეტული საგნის წიაღში შთასვლა,უმეტესად ის მრავალი საგნის ფასადების არაფრისმომცემ დაზეპირებაზეა ორიენტირებული და თუ ერთხელაც გაჰბედა საგნის უფსკრულების მონახულება,მაშინვე დაფრთხა,კურდღელივით შეშინდა,მხოლოდ რამდენიმე მცდელობით შემოიფარგლა,ხელი მოეცარა,არ ეყო არც ნებისყოფა,არც გამბედაობა და ცხადია,არც ნიჭი.
ყველა ეს ჭაობის ბაყაყი,რომელიც ვერ ახერხებს სამყაროსა და ცალკეული საგნების,მიწისა და ზეცის,მზისა თუ ყინვის,უფსკრულისა თუ მწვერვალის არსში წვდომას,იწყებს სასოწარკვეთილ ყიყინს:“ყველაფერი სისულელეა“,“ყოველივე აბსურდია“,“სიცოცხლე ამაოებაა“,“არაფერს აზრი არ აქვს“ და ა.შ.ხოლო როდესაც,ამ წუწუნს და დედაკაცურ მოთქმას მორალურ–ეთიკური კოდექსის ქადაგებაც ემატება,მათი სასაცილო და სამარცხვინო მდგომარეობა აბსოლუტურ აპოთეოზს აღწევს.ჭეშმარიტად,შავი ანაფორის ჩაცმაღა აკლიათ ამ უმადურებს.
უძლურება მეტყველებს თქვენი პირით და არა გონიერება,როდესაც გაიძახით–„ცხოვრება აბსურდია“,ფარისევლობა,ყალბი ჰუმანიზმი და სიმყრალე მეტყველებს თქვენში და არა ჭეშმარიტი კაცთმოყვარეობა,როდესაც თქვენივე შეთითხნილ მორალს გაუთავებლად ქადაგებთ.გიყურებთ და სიცილს ვერ ვიკავებ,რამეთუ ნიჰილიზმი ქცეულა თქვენს ახალ რელიგიად,საიმედო თავშესაფარი იპოვეთ თქვენ,პატარა მაიმუნებო!
მიწის მადლს ვერ აფასებთ,იმ მიწისა,რომელმაც გშვათ,რამეთუ ვერ წვდებით მის სრულქმნილ წიაღს,მასზე დაფურთხებასაც კი ბედავთ,თქვენ უმადურნო,ზეცას ახედავთ და წყევლა–კრულვით იხსენიებთ მის სპეტაკ,თვალუწვდენელ ჰორიზონტს,რომელსაც ვერასდროს შესწვდება თქვენი უგრძნობი გული და ბრმა თვალები.მზის მცხუნვარებას კი ვით გაუძლოთ,როცა ყინვაში არსებობაც კი არ შეგიძლიათ?
მარად და მარად,მიწასა და ცას შორის უშნოდ,საწყალობლად გაჩხერილ მაიმუნებად დარჩებით,თქვენთვის ესეც კი ზედმეტი ფუფუნებაა.

პროექცია და ლიბერალიზმი–ლიბერალური ფობიების გენეალოგია
ყოველთვის,როდესაც ზიგმუნდ ფროიდის მიერ,ფსიქოანალიტიკურ მოძღვრებაში შემოტანილ ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ფსიქიკის დამცავ მექანიზმზე ვფიქრობ,რომელსაც გენიალურმა ებრაელმა პროექცია უწოდა,წამსვე გონებაში მიტივტივდება ჩვენს ქვეყანაში არსებული ყველაზე დიდი საღორის თავმჯდომარის უგვანო სახე,ეს არის რაღაც საოცარი,ერთობლივად სასაცილო და შემზარავი კარიკატურა,უსაზარლესი მოჩვენება,ბუნების ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული გადაცდომა,რომელიც კი ოდესმე თვალით მინახავს და რომელსაც,ჭეშმარიტად,მხოლოდ დალაქი როდი სჭირდება.მე არ ვიცი,როდის გაკრეჭენ ამ მეტად უცნაური შესახედაობის მქონე ცხვარს,მაგრამ იმ მცირე დროის განმავლობაში,რაც ის პოლიტიკურ არენაზე გვევლინება,მან აშკარა წარმატებით მოახერხა თვით განსხეულებულ პროექციად გარდასახვა.მისი საყვარელი საქმიანობა არის ღრუტუნი(თქვენ წარმოიდგინეთ,ხანდახან ცხვარიც ღრუტუნებს) და ოპონენტებისთვის იარლიყების მიწებება.ეს დიდად პატივცემული ბატონი,ყველა საკუთარ ნიშან–თვისებასა და ნაკლს სხვებს მიაწერს და ყველაფერ ამას იმდენად მგზნებარე,ატიპიური ისტერიით აკეთებს,რომ მხოლოდ სრული იდიოტი თუ ვერ შეამჩნევს იმ ნიღაბს,რომელსაც ეს უნიჭო კლოუნი გამუდმებით ატარებს.
საერთოდაც,ქართველ პოლიტიკოსთა და თანამდებობის პირთა აბსოლუტური უმრავლესობა,თავისი უილაჯობით,გონებრივი ჩამორჩენილობით,ზნედაცემულობითა თუ ანომალიურობით,ნიკოლაი გოგოლის ყველაზე უცნაურ და პარანორმალურ პერსონაჟებსაც რამდენადმე აღემატება,მიუხედავად იმისა,რომ გროტესკსა და ირონიაზე შეყვარებული დიდებული რუსი კლასიკოსის მიერ აღწერილი ჩინოვნიკები,თავისუფლად შეგვიძლია მივაკუთვნოთ კლინიკურ შემთხვევათა კატეგორიას.
ლიბერალიზმი,როგორც არათვითკმარი მოძღვრება პროექციის საშუალებით სულდგმულობს.ჩვენი დროის ლიბერალს,მის გარეშე სუნთქვაც კი არ შეუძლია,რამეთუ განუწყვეტლივ ახდენს თავისი ყველა შიშის,ფობიის,კომპლექსის,შინაგანი წინააღმდეგობის,აუტანელი უწონასწორობის,სულიერი დაღის,თანდაყოლილი თუ შეძენილი ნაკლის პროექცირებას სხვა ადამიანზე,რომელიც როგორც წესი საკუთარი თავისგან აბსოლუტურად განსხვავებულ და მიუღებელ არსებად წარმოუდგება,რეალურად კი ეს ვითომდაც რადიკალურად ანტაგონისტური პიროვნება,მისივე სელფის გაუცხოვებული,რეპრესირებული ნაწილია,რომლის დესტრუქციული არსი პროექცირებას მოითხოვდა,რადგანაც საზიანო იყო მისი ეგოსთვის,უქადდა რა მას სრულ განადგურებას.
პროექციის საშუალებით ადამიანი არა მარტო გადაწვისაგან იცავს საკუთარ სელფს,არამედ არაცნობიერად ცდილობს შენიღბოს ყველა თავისი ნაკლოვანება,რომელიც მას საკუთარ თავშივე აღაშფოთებს.რეპრესირებული ფობიებისა და კომპლექსების სხვა საგანსა თუ პიროვნებაზე გადატანით,ის თავისუფლდება მძიმე ტვირთისგან,მაგრამ ხშირად,სწორედ ამ განთავისუფლებით ამჟღავნებს თავის რეალურ „მე“–ს.
სიმართლე გითხრათ,კლინიკური ფსიქიატრიის სახელმძღვანელოში არ შევხვედრივარ იმდენ ფობიას,რამდენიც ერთი უნიჭო,გაუნათლებელი და ენაჭარტალა ლიბერალის ლექსიკონში თავსდება.ყველა ეს ლიბერალური „ფობია“,რომელსაც ყოველ წამს შეხვდებით სოციალურ ქსელებში,სატელევიზიო არხებსა თუ ჟურნალის გარეკანებზე,სხვა არაფერია თუ არა,რეპრესირებისა და პროექცირებისას დამახინჯებული თუ სახეშეცვლილი ,თავად „იარლიყის მიმწებებელთა“ ეგოში არსებული,შინაგანი წინააღმდეგობა,შიში,კომპლექსი და ყოველივე ამის არაცნობიერ დონეზე მტკივნეული შეგრძნების რეპრეზენტაცია.

ლიბერალიზმი–ლაქიების და მდაბიოების თავისუფლება
რაც უფრო ძლიერია ნება,მით უფრო ვიწროდ არის ის მოქცეული,თავისივე სურვილების მარწუხებში.სხვაგვარად რომ ვთქვათ,ნებელობა თავად ატყვევებს საკუთარ თავს,უწყალოდ კეტავს რა მისივე მისწრაფებების გალიაში.ადამიანის ყოველი თავისუფალი ქმედება,მომავალი,გარდაუვალი მონობის მყარი საწინდარია.ამიტომაც,ნების თავისუფლება არასდროს არის აბსოლუტური,ის ყოველთვის შეზღუდულია თავისივე თავით.ტყუის და გატყუებთ ყველა,ვინც სრულ თავისუფლებას ქადაგებს,ტყუის ხანდახან გულუბრყვილოდაც,რამეთუ თვითნებობასა და თავისუფლებას შორის არსებით სხვაობას ვერ ხედავს.თვითნებობა ხშირად უგონო ქმედობაა,თავისუფლება კი უმეტესწილ მძიმე ტვირთად იქცევა მისი მატარებლისთვის.
არსებითად,ლიბერალური თავისუფლება,ლაქიების და მდაბიოების თავისუფლებაა,შურისა თუ არასრულფასოვნების კომპლექსის ინსტინქტურ ან წინარეცნობიერი შეგრძნებისაგან წარმომდგარი,რომელშიც მორალი მხოლოდ ფერმკრთალი ნიღაბია და რაც ყველაზე ყურადსაღებია ეს „თავისუფლება“ სრულიად განძარცვულია ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის დამახასიათებელი საკრალური,ღვთაებრივი საწყისისგან,იმ მნათობისგან,რომელიც ნამდვილი,არალიბერალური თავისუფლების ქვაკუთხედს წარმოადგენს,ანიჭებს რა მას ხელშეუხებლობას,სისათუთეს,ბრწყინვალებას და უმთავრესად დინამიურობას.პარადოქსულია,მაგრამ ფაქტია,თავისუფლებას ურყევი,წარბშეუხრელი და უცვლელი მარადისობა ასაჩუქრებს მუდმივი ცვალებადობით,იჭვნეულობით,დაუსრულებელი მოძრაობითა და გადაულახავი დაუკმაყოფილებლობით.
ლიბერალთა თავისუფლება კი ღორების კოლტის სალაფავია,ის სრულიად მატერიალიზებული,სტატიკური და მაძღარია,მასში ვერ აღწევს ვერც სკეპსისი,ვერც ეჭვი და შესაბამისად ვერც საღი აზრი.აქ კიდევ ერთხელ მჟღავნდება ლიბერალიზმის კნინი ბუნება,რომელიც თითქოს ყველა მარადიულ,უცვლელ ჭეშმარიტებას ებრძვის,მაგრამ არ არის საკმარისად ძლიერი,რათა მას სულ მცირე წინააღმდეგობა გაუწიოს,რაც უპირველესად იმაში გამოვლინდება,რომ მისი ნაქადაგები თავისუფლება არა ზღვასავით ლაღი და ცვალებადი,არამედ მყრალი ჭაობივით ჯმუხი და უცვლელია.
ნუთუ ყველაფერი წარმავალი მარადისობის წყალობით არსებობს?
თუ თავად მარადისობა შეიქმნა ცვალებადობათა შორის არსებული იმედგაცრუებითა და მოწყენილობით?
ლიბერალიზმს შურს ყოველივე მარადიულის,ეს ღვარძლი კი იმდენად ძლიერია,რომ ეს მშიშარა,უბადრუკი ცხოველიც კი ბედავს სრულიად უთანასწორო ბრძოლაში ჩართვას.მარადისობის ძლევა,მხოლოდ გამყინავ მარტოობაშია შესაძლებელი,ჯოგური გაცხოველება მას ვერასოდეს დაამარცხებს.ლიბერალური ნახირის ერთადერთი და საბოლოო მიზანია,თავად გახდეს ერთადერთი ჭეშმარიტება.ამ მიზნის არსებობას,ცხადად ადასტურებს ის ფაქტი,რომ აჩრდილი,რომელსაც ისინი თავიანთ თავისუფლებას უწოდებენ,მარადისობის დამახინჯებული მეტამორფოზაა,რომელიც სრულიად შეუვალი,თვითკმაყოფილი და დანაყრებულია.მეტიც,ეს ბუნების გადაცდომანი,ისტერიული ბოდვით ამტკიცებენ,რომ მათი „თავისუფლება“ ერთადერთი,განუმეორებელი და კლდესავით უდრეკია.ყველაფერს ამახინჯებთ და წაბილწავთ,რასაც კი შეეხებით,თქვენ თავისუფლების მქადაგებელნო!
გავიხსენოთ,რას გვეუბნება თავისუფლების შესახებ,ნიცშეს ზარატუსტრა:
„თავს თავისუფალს უწოდებ?მსურს მოვისმინო შენი უფალი აზრი და არა ის,რომ უღელი მოგიშორებია.
ხარ მათგან,რომელთ უფლება აქვთ უღლის მოშორებისა?ვიეთთ დაუკარგავთ უკანასკნელი ღირებულება,ოდეს მორჩილება დაუკარგავთ.
თავისუფალი რისგან?რა საქმე აქვს ამასთან ზარატუსტრას?ხოლო შენ თვალთა ნათელმა მაუწყოს მე:თავისუფალი რისთვის?“
მართლაც,საქონელი თავისუფლდება მაშინ,როდესაც უღელს მოიშორებს,მაიმუნი ტკბება თვისი თავისუფლებით,რა წამს გალიიდან გაიქცევა,მაგრამ ადამიანი?როგორ შეიძლება ეს დიადი არსება,უბრალოდ რაღაცისგან განთავისუფლებით დაკმაყოფილდეს?თუ თქვენთვის თავისუფლება,მხოლოდ არასაჭირო,გამოუსადეგარი ტვირთის ნაგავსაყრელზე გადაყრაა,მაშინ რა აზრი აქვს თქვენს თავისუფლებას?სად არის აზრი,რომლისთვისაც ღირს თავისუფლების თვალუწვდენელ ოკეანეში შეცურვა?
ლიბერალზმი „რაღაცისგან“ განთავისუფლებაა და არა თავისთავადი თავისუფლება,რომელსაც დამოუკიდებლად არსებობა შეუძლია,ამიტომაც ეს არათვითნაბადი კონცეფცია,სულ მუდამ დარჩება უნიჭო მაიმუნებისა და ჭაობის ყიყინა ბაყაყების გასართობად,რომლებიც მატერიალიზებული,დაკნინებული თავისუფლებით განიცდიან დამათრობელ,ოპიატურ ზემოქმედებას.

კოენების ზეკაცი,ჭრელი გველი და სხვა უსახელო ქვეწარმავლები
ნების თავისუფლების ერთ–ერთი უთვალსაჩინოესი გამოვლინებაა,ძმები კოენების მიერ,კინემატოგრაფიაში მოვლენილი ზეკაცი,ანტონ ჩიგური.ის სრულიად ატიპიური სერიული მკვლელია,კლავს,მაგრამ მკვლელობაში წვრილმანი ჰედონიზმი როდი აღაგზნებს,სინდისის ქენჯნაზე ხომ საუბარი სრულიად ზედმეტია,კლავს ისე,როგორღაც,თითქოს ბუზს სრესდესო,რომლის ბზუილმა შეაწუხა,ან იქნებ არც შეუწუხებია და არც გზაზე გადაღობებია,მაგრამ მაინც უმოწყალოდ სრესს.მარტივია მსხვერპლის სისხლით,ტანჯვითა და წამებით ათრთოლებულმა და ამ თრობით დაბრმავებულმა მოახერხო სინდისის სრული უკუგდება,მაგრამ საოცარია,როდესაც შენთვის ადამიანის მკვლელობა რაღაც ზღვარის გადალახვა კი არ არის,რომლის გადალახვა ისედაც ყოველთვის სიამოვნების მომგვრელია,არამედ რაღაც ძალზედ ჩვეულებრივი მოვლენა.ეს სასწაული კი მაშინ ხდება,როდესაც მკვლელისთვის ზღვარი იმთავითვე არ არსებობს და შესაბამისად გადალახვაც აბა რა საჭიროა?ანტონ ჩიგური რაციონალური,ცივსისხლიანი მკვლელია,მას რომ დოსტოევსკის რასკოლნიკოვის ნახვის ბედნიერება ჰქონებოდა,ალბათ მხოლოდ ზიზღნარევი და ირონიით გაჟღენთილი ღიმილით არ შემოიფარგლებოდა და გვარიან,ხარხარით სავსე სიცილსაც დააყრიდა.ეს პირსისხლიანი მკვლელი და განსხეულებული ლუციფერიც კი ბევრად სპეტაკი და თავის თავთან მართალი ადამიანია,ვიდრე ჩემს მიერ ზემოთ აღწერილი ჭაობის სისინა გველი.
ჭრელი გველი,როგორც წესი,არანორმალურად განათლებულია,ოღონდ ეს კია,წარმოდგენა არ აქვს რა მოუხერხოს მის ამ განათლებას.მან იცის და ესმის საგანი,ხშირად მეტისმეტად ღრმადაც.ის ჭაობის და გალიის ყველა ბინადარზე უფროსად საზიზღარია.ამ არსებას თითქმის ყველაფერი აქვს იმისათვის,რათა გაბედულად თქვას სიმართლე,მაგრამ განზრახ თვალთმაქცობს,ტყუილის თქმა და ჯოგის შეცდომაში შეყვანაა მისი ცხოვრების უმაღლესი დანიშნულება,სწორედ აქ ჰპოვებს ჭრელი გველი უმძაფრეს,პერვერსიულ სიამოვნებას–ესე არს მისი შეშლილობა.იქედნეთა სიბრძნითა და მმეცნებით აღფრთოვანებული,ხშირად ვუყურებ მათ თვალებს,ვცდილობ იოტისოდენა გულწრფელობა ან კაცთმოყვარეობა აღმოვაჩინო,მაგრამ თითქმის ყოველთვის იმედგაცრუებული და ხელმოცარული ვრჩები,მათი სულის სარკეებიდან,მხოლოდ ღვარძლი,სიძულვილი,ირონია და ფარისევლობა გამოკრთის,რომელსაც კიდევ უფრო ამახინჯებს ყალბი ჰუმანიზმისა თუ მყრალი მორალის სამარცხვინო ნიღაბი.ჩვენ „მწარე სიმართლეს“ ვღაღადებთ,იტყვიან ეს ჭაობის გველნი.მე კი ვეტყვი ყველა ამ თვალთმაქცს,“მწარე სიმართლესაც“ იმიტომ ამბობთ,რომ ნახირის უბედურება აღგაგზნებთ,ვით გაძლოთ თქვენი „მწარე სიმართლის“ გარეშე,რომელიც თქვენთვის თაფლზე უტკბესია?ჯოგის დაცინვა და მათი შესაბრალისი მდგომარეობის ცქერაა თქვენთვის ყველაზე დიდი ნეტარება,მათი სიბეჩავის ხილვით გამოწვეული ტკბობა გალაპარაკებთ თქვენ და არა ჭეშმარიტი გულისტკივილი.საკუთარი მიწისა და ფესვების სიძულვილი მეტყველებს თქვენს ბაგეთაგან და არა „ქვეყნის სიყვარული“,როცა გაუთავებლად აკრიტიკებთ ყოველივეს.
როგორ გიყვართ საკუთარი რაციონალიზმით ტრაბახი ჭრელო გველებო,ჭეშმარიტად თქვენს მოძმე მაიმუნებსა და ბაყაყებზე არანაკლებად.რაოდენ მეტი იცით და რაოდენ მეტი გესმით,მათთან შედარებით,მაგრამ მაინც ვერ აღწევთ თავს წვრილმან ამპარტავნებას.საქმე იმაშია ბატონებო,რომ რაციონალიზმი,ცალკერძ,არაფრისმომცემი და ფუჭია.თქვენ კი არც სული გაქვთ,არც გული და ცხადია,არც ძლიერი ნება.ვერასდროს,ვერაფერს ახალს ვერ გაიგებს თქვენი პირიდან კაცობრიობა,რამეთუ მხოლოდ გენიოსთა სიბრძნის მოპარვა და დამახინჯებული ინტერპრეტაცია შეგიძლიათ.
ჩემს მიერ ზემოთ ნახსენები ფსიქოლოგიის,ფილოსოფიისა თუ მხატვრული ლიტერატურის ღმერთები,ცალსახად მიუთითებდნენ ადამიანის ბუნებაზე ირაციონალიზმის ბატონობას და სასტიკად თელავდნენ განმარტოებულად მდგომ რაციონალიზმს.თქვენ კი,ჭაობის გველნო,ვით შეგადაროთ ამ შეშლილ ბუმბერაზებს?არათუ აქლემი,უმალ ბეჰემოთი გაძვრება ნემსის ყუნწში,ვიდრე ოდესმე მსგავს სისულელეს,საღად მოაზროვნე არსება გააკეთებს.
ახლა კი მოვრჩეთ ქვეწარმავლებზე საუბარს და ადამიანთა იმ კატეგორიაზე გადავიდეთ,რომლებიც იმდენად ზნედაცემულნი არიან,რომ არათუ ძნელი,არამედ შეუძლებელია მათი რომელიმე ცხოველთან შედარება,ვფიქრობ ეს გატოლება დამამცირებელი იქნებოდა უპირველესად თავად ცხოველისთვის.
„ის განსხვავებულია და არ ჰგავს ჯოგს“–ესმის ხოლმე ეს სიტყვები ჩემს ყურებს.მე კი ყოველთვის ვადასტურებ ამ სიტყვების ჭეშმარიტებას,დიახ ის განსხვავებულია ჯოგისგან,რადგანაც მის ყოველ ტვინნაღრძობ და ნამუსგარეცხილ წევრთან შედარებით,ბევრად უფრო გონებაშეზღუდული და უსინდისოა.ჯოგისაგან განსხვავებულად ყოფნის სურვილის შეშლილობამ აქცია ის საზარელ მონსტრად,რომლის თითოეული მოქმედება და შემოქმედება უმაღლეს,უწმინდეს ხელოვნებას კი არ ემსახურება,არამედ ნახირისაგან განსხვავებულად წარმოჩენის და ამ ფაქტის სხვა უნიჭოებისთვის დანახების უგონო წადილს.
თქვენ გაუთავებლად ხმაურობთ,რათა ჟურნალის გარეკანებსა თუ მონიტორებზე გამოჩნდეთ.ხმაურობთ,ორთქლსა თუ კვამლს უშვებთ,უმთავრესად იმისთვის,რომ შუბლზე განსხვავებულის იარლიყი მოგაკრან,ჯოგს დასცინით,მაგრამ ამ ჯოგის გარეშე სუნთქვა არ შეგიძლიათ,რა იქნებოდა თქვენი შავ–თეთრი სიცოცხლე მათ გარეშე?ლიტერატურისა და ყოველივე იმის შეურაცხყოფაა თქვენი ნაჯღაბნი,რაც კი ოდესმე დაწერილა.კინოხელოვნების დაცინვა და აბუჩად აგდებაა,ყოველი თქვენი უნიჭოდ გადაღებული ფილმი.ჭეშმარიტად,უბრალო ჯოგზე ბევრად უარესნი ხართ და ამის გაცნობიერება უნდა იყოს თქვენი უპირველესი სატანჯველი.
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
დიალოგი დროში - გორვანელსა და მასწავლებელს შორის (ლევან გოგაბერიშვილი, მირიან ებანოიძე) დიალოგი დროში - გორვანელსა და მასწავლებელს შორის (ლევან გოგაბერიშვილი, მირიან ებანოიძე) ჟურნალი / ესეისტიკა / კრიტიკა / დრამატურგია / სტატიები თორნიკე ფახურიძე - სად არის სამყარო თორნიკე ფახურიძე - სად არის სამყარო ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / ფილოსოფია / ფიზიკა / მეცნიერება გიორგი ასათიანი - მეცნიერება და რელიგია გიორგი ასათიანი - მეცნიერება და რელიგია ჟურნალი / ესეისტიკა / ფილოსოფია / ფიზიკა / სტატიები / მეცნიერება ბადრი ფორჩხიძე - ნგრევის ამაოებისა და ამაოების ნგრევის  დიალექტიკა ბადრი ფორჩხიძე - ნგრევის ამაოებისა და ამაოების ნგრევის დიალექტიკა ჟურნალი / ფილოსოფია / სტატიები / მეცნიერება მერაბ მაღრაძე - დიმიტრი უზნაძე მეტაფიზიკური აზროვნების შესახებ მერაბ მაღრაძე - დიმიტრი უზნაძე მეტაფიზიკური აზროვნების შესახებ ჟურნალი / ფილოსოფია / ფსიქოლოგია / სტატიები / მეცნიერება