გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გია ხოფერია - ზრდილობიანად მონათხრობი

გია ხოფერია

ზრდილობიანად  მონათხრობი

დედამიწას მარსი სამოყვრო მანძილზე რომ მიუახლოვდა, ცოტა დამათრობელმა სიჟრუანტელემ ჩვენც დაგვიარა ტანში. ცხოველებმაცა და მცენარეებმაც კი იგრძნეს რაღაც შეუცნობი ძალ-ღონის შემოტევა და შინაურ-გარეულურ სამყაროში ზოოლოგისა და ბოტანიკის ახალი ერა დადგა.
მხოლოდ ჩემს მანქანას არ ეშველა არაფერი. როგორი დაფეხვილიც იყო, ისეთივე დარჩა. მაგრამ სამოყვროდ მოსული მარსი არ დამიდანაშაულებია; არსებობს წესი - რაც ძველდება, ახლით უნდა შეიცვალოს. ეს უკვდავი სიბრძნე, ჩემთვის კარგადაა ცნობილი, თუმცა, მას ხშირად არ ვიხსენებ, რადგან ჯიბე ცარიელი მაქვს. მიუხედავად ამ პატარა გასაჭირისა, ჩემი ტრანსპორტი დაუზარებლად მემსახურება და მეც უმნიშვნელო საქმეებს ასე თუ ისე ვაგვარებ.
როგორც თქვენთვის ცნობილია, მსოფლიოში საქართველო განათლებისა და ყაჩაღობის მიხედვით პირველ ადგილზეა; ორი უზარმაზარი ოქროს მედალი ეკუთვნის. დღისით ვსწავლობთ, ღამით ვყაჩაღობთ, ან პირიქით ან ორივე ერთად. საერთოდ არ ვიძინებთ, არ გვძინავს; რა დაგვაძინებს, როცა ამდენი რამაა შესასწავლი და ამდენი რამაა მოსაპარ-დასაყაჩაღებელი. საქართველოში მხოლოდ ერთი პატიოსანი ადამიანი დადის; იდიდოს მისმა სახელმა! მან ყველაფერი კარგად შეისწავლა და ბოროტი არ გაიკარა გულთან. დანარჩენებს არ დაადგათ საშველი, არადა არ მოუხერხდათ პიწკად ცხოვრება.
სწორედ იმ სამოყვროდ მოახლოების დროს მოყვრებიდან ცოტაოდენ წაქეიფებული ვბრუნდებოდი შინისაკენ. მოგეხსენებათ, მოტკბო წამუსაიფება წამღერებისას საათი სწრაფად გარბის და მეც ისე შემომღამებია, ჩემი თვალხატულა მერსედესით სოფლისკენ რომ გადმოვუხვიე, სულიერის ჭაჭანება არ იყო გზაზე. მანქანის უკანა ხიდის ზუილ-ზუილში ტყუილად ვღიღინებდი, მაგრამ არავინ მისმენდა და რა მნიშვნელობსა ჰქონდა, ვოკალური მონაცემები მალამაზებდა თუ მაუშნოებდა; შეუმჩნევლად რომ ხარ მარტო, ძალიან თავისუფლად იქცევი ადამიანი და მდაბიო დემოკრატიულობის საზღვრები გადალახული გაქვს.
მოვზუილობ და მოვღიღინობ მშობლიურ გარემოში დემოკრატიულად ე. ი. როგორც მინდა, ისე; ერთი წყება მოსახლეობა რომ მთავრდება, სერესკელეების უბანზეა ლაპარაკი, გამოვცდი თუ არა იმ უბანს, მომცრო ორმოებიდან მანქანა წესიერად არ ამოზანტულიყო, რომ ოთხი უნიღბო კაცი გამიმწკრივდა წინ. ბუნებრივია, ღიღინი იგი შემიწყდა; შევფიქრიანდი ავად.  ძალიან მსუსხავდა მარტოული დემოკრატიულობის შეზღუდვა, თანაც მშობლიურ გარემოში, სადაც შობილხარ, გაზრდილხარ და გისროლია რაგადკა. კი შევფიქრიანდი, მაგრამ ვერაფერი მეომრული ვერ მოვიფიქრე და ერთმა კაცმა იმ ოთხს ვეცი პატივი - გავაჩერე მანქანა.
შეუნიღბავი კაცები ცოტა რა იყოს მორიდებულად იდგნენ, ავტომატები გადაეკიდებინათ და მაინც. ახლო ხედვაზე გადართული ფარები, უკაცრავად ცალი ფარი, მათი სახეების მოკრძალებულ გამორჩეულობას მისახვედრად მათვალიერებინებდა, რამაც კინაღამ დამაბნია მამაკალია ლობიოსავით, მაგრამ ნაღიღინებს არ მსურდა უკიდურესად გამომეხატა წყენა და გავისუსე. ბოლო-ბოლო, პირველი ხომ არ ვიყავ მსოფლიოში, ვისაც გზაზე გადადგომიან და არაკანონიერი მოთხოვნები წაუყენებიათ მისთვის; გაუჭირდათ ამ ლამაზ ადამიანებს ცხოვრება, დღისით შერცხვათ, ვინმეს მიდგომოდნენ აშკარად, პირაუხვევლად, რა ვუყოთ მერე, ყველა ერთნაირი გამბედაობის კი არაა; გამოიყენეს ნამუსის შემნახველი ღამე და აგერ, წესიერად, მორიდებით, გადამეღობენ. ამას ალალი წინდახვედრა და, რომ იცოდეთ, პატიოსანი ვაჟკაცობა ჰქვია.
მეც მაგარი ვარ! როგორც კი მივხვდი, მათ მოკრძალებულ გამორჩეულობას, თანაც ისე მივხვდი, ჩემით, სულ არ ვიცოდი, მაშინ მარსი სამოყვროდ თუ იყო მოსული, თავად მოყვრებიდან წამოსულ-წამოღიღინებული, ჩამოწეული ფანჯრიდან მაინც მეზობლური შეხმიანებით გავძახე ტკბილებს:
- ხომ არაფერი გიჭირთ, ბიჭებო! თუ რამე შემიძლია, მოგიკვდეთ ჩემი თავი!
ორი ფეხაკრეფით მოვიდა, უფრო სწორად, მობრძანდა იმ ჩამოწეულ ფანჯარასთან და გასაოცარი სიდარბაისლით შემომხედეს. ძალიან მსახიობური იყო ის შემოხედვანი; კინაღამ კურცხალი მომადგა თვალზე. ერთმა, ცოტა მომაღლომ და ნამდვილი კაცის შვილის ნაშიერს რომ ჰგავდა, ლოტბარის დამუშავებული ხმით, წყნარად, წაბუბუნებით მითხრა:
- უკაცრავად, ჩემო ბატონო, ამ შუაღამისას რომ გაგაჩერეთ, უცხვირპირო და სულ ქუჩაში მდგომი ინსპექტორები არ გეგონოთ, მაგათმა სულ არ იციან კაცის დანდობა, ამნაირი მანქანით რომ დაგინახავენ მაინც, სულ გადაირევიან, უკანასკნელ ლარიანს ამოგაგლეჯენ ჯიბიდან; ჩვენ ობოლ-უპატრონო ხალხი ვართ, მშობელი არ შეგვრჩა ცოცხალი და ცოლ-შვილი მშიერ-მწყურვალი დაგვიდის; ეს ავტომატებიც, სხვამ გვაჩუქა, კარგი და მსროლელი ავტომატებია, ისე მოკლავს კაცს, ოდნავ არ გაოფლიანდება, მაგრამ, ჩვენ, კაცის მოსაკლავად არ ვიყენებთ მათ; სადმე, ღამეული მსვლელობისას, ტურა ან მგელი რომ შემოგვეჩეხოს, დიდი-დიდი თითო-ოროლა ტყვიას თუ დავხარჯავთ, ესაა სულ; თანაც მოსახდენია ტანზე, გადაკიდებული რომ გაქვს, უფრო ბუნებრივ ელფერს გაძლევს, ვიდრე სინამდვილეში გამოგყვა შენი არაფრისმთქმელი გვარ-ჯილაგიდან; გაკოხტავებს და რაც უნდა მომფერებელი იერ-სახის იყო, გაგულადებს; გულადობა ხომ თავიდანვე გვიხდება, ჩვენ, ქართველებს. უიარაღო კაცის გულადობა, ალბათ, მოგეხსენებათ, კაი ნასვამ-ნაჭამი გამოიყურებით, ზაბორს რომ ვერ ახტება, ისეთი ძაღლის ჭაჭყანივითაა...
მთლად გამოვლენჩდი, რადგან გაოცებული ვარ და სიტყვის ჩაჭრასაც ვერ ვახერხებ.
გაშავტიალებული ხალხის მეტი რა შემხვედრია თუ დამხვედრია, მაგრამ ამ ბუბუნში რაღაც სხვა ბანგი ჩანდა გარეული. ისევ გაჩუმება ვარჩიე, რადგან ყოველთვის მოგებულია გაჩუმებული კაცი ამნაირობისას. მან კი, იქნებ ლონგიროზმა, იქნებ მამონტიმ, იქნებ წკნაპამ ან კორკოტამ, მიხვდა რა, ჩემს კეთილშობილურად გაციებას, ძველებური თავდაჭერილობით განაგრძო:
- თქვენი გამოპასუხება საერთოდ არაა საჭირო, ბატონო; ისედაც ვატყობ, წესიერ ადამიანად რომ მიგაჩნივარ; დასამალი არაა და არც მე მსიამოვნებს ღამე ბოდიალი, მაგრამ შეჩვეული ვარ; კარგია, ვარსკვლავებიან ცას რომ ახედავ; გული მშვიდდება; რაიმე უკუღმართულსა და საუბედუროზე არ ფიქრობ. თქვენც გყვარებიათ რომანტიკით ტკბობა, თანაც სიგრილეა და საჭის იქეთ-აქეთ ტრიალისას თითები არ გაგიოფლიანდებათ. ახლა, ჩვენო ძმაო და ბიძიავ, ბევრი ლაპარაკით დრო რომ არ დაგაკარგვინოთ, ერთი მომცრო თხოვნა გვექნება და თუ შეგვისრულებ, გაგვიხარდება, თუ არა და არ გვეწყინება. გააგრძელეთ გზა ჩემო პატივცემულო.
ამოდენა შესავალს საკანდიდატო დისერტაციებს არ უკეთებენ წიგნებზე გადამკვდარი მეცნიერები და აგერ ჩამოწეულ ფანჯარაში ალალად თავშემორგულ კაცს რაღაც მართლა თუ გაჭირვებია, თანაც ნახევარი საათი დაუღალავად შემოგციცინებს, რანაირი ცივსისხლიანი უნდა იყო, ზურგი შეაქციო
- მიბრძანეთ, თქვენი ჭირიმე, ოთხივეს ჭირიმე! მადლობელი ვარ, ისეთად რომ ჩამთვალეთ, თქვენთვის დახმარება შემძლებია! - ვთქვი გახარებული სულელივით და მართლა კინაღამ მომადგა კურცხალი.
- რას ამბობთ, გენაცვალეთ, ბრძანებას როგორ გაკადრებთ, ასეთი დაჩეჩქვილი მანქანის პატრონს, ჩვენც ხალხი ვართ, სხვა დროსაც შევხვდებით და თვალი განგებ ხომ არ უნდა ავაცილოთ ერთმანეთს. სულ პატარ-პატარა სათხოვარი გვაქვს. მაგალითად, პირველი ასეთი იყოს: ცოტაოდენი ხურდა ფული ხომ არ გექნებათ, ხვალ დილით ბავშვებს ბუშტები რომ ვუყიდოთ? გაუხარდებათ, გასაზრდელები არიან უკეთესი საქართველოსთვის.
მძღოლებს ჩვევად გვაქვს. სიჩქარეთა გადასართავთან კოლოფი რომაა ჩამაგრებული, ხურდას ვყრით შიგ ხოლმე, სადგომებზე მანქანათა მოდარაჯეებისათვის მისაცემად და  მე რატომ უნდა ვყოფილიყავი გამონაკლისი? ხელი იმ კოლოფისკენ წავიღე და რაც მომყვა თეთრები მთლად გულგაგლეჯით გამოთაყვანებულმა გავუწოდე ავტომატიან მთხოვნელს.
- აგერ, დიდებულო ადამიანო, ინებეთ, ხურდას როგორ დაგამადლით, შეგერგოთ! - ვთქვი ნერწყვგამშრალმა.
კმაყოფილმა მორიდებულმა გამომართვა თეთრები და ჯიბეში ჩაიჩხრიალა.
ზოგჯერ, შეიძლება, კუჭი აგეშალოს, ზედმეტი სიდარბაისლით როცა გეპყრობა ვინმე, ზოგჯერ კი გული აგიჩვილოს. ბავშვივით არ ავკვინტრიცდი ამოდენა კაცი?! გამოვაღე კარი და მანქანიდან გადმოსულმა იმ ორსაც მოვუხმე, მოშორებით რომ იდგნენ. რა მინდოდა მათთან, არ ვიცი, მაგრამ რაღაც ხომ უნდა მეთქვა რაინდულად გადმოსულს და თავისთავად ჩავერთე:
- ბიჭებო, ძმებო, ადამიანისშვილებო, ამ შუაღამისას ასეთი ხათრიანობა ვის გაუგონია, ზრდასრული ხალხი ჩანხართ, ოთხივე ავტომატიანი; ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ასე ზრდილობიანად ნუ ამაღადავებთ; მდიდარი ჩემს ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, ამ მანქანასაც კი ხედავ, საქათმეზე უკეთესი არაა, დაფარჩაკებულია მთლად, ძლივს დაგვყავს ერთმანეთი; სულ ნუ გამატანთ რიონს, რაღაც კიდევ გაიყოლეთ, თქვენც ცოდვა ხართ, ხელცარიელი რომ გიშვებთ; ვინ დამიჯერებს, ოთხი შეიარაღებული კაცი ხურდას დავაჯერეთქვა; ამაგლახავებენ ამხნის კაცს; სულ მეტყვილიასა და ბაქიბუქას დამიძახებენ; სოფელში არ დამედგომება; სახლში მაინც წამომყევით, კი წაგვაჩანჩალებს ეს წელგათრეული იქამდე, არაა შორი; აგერ, კვისინიების უბანში ვცხოვრობ, მეოთხე სახლში, მარცხნივ; პურმარილს გავაწყობ; ვინ ჩივის შუაღამეს; დაბუდრებული ქათმის თავის წაწყვეტას რა უნდა! ოთხივეს თითოს დაგიკლავთ. ღვინოც მაქვს და ყველი-პურიც; კიდევ რაღაცა შეინახება; რა სჯობია, თქვენისთანა ბიჭებთან პურისჭამას; თუ ესეც არ გინდათ, აგერ, მეგობრებო, ჯიბეში, მოყვრებიდან სესხად წამოღებული ფული მიდევს, სახვადგიის ასაგებად მინდა; ჭირს წაუღია ხვადგები; თქვენ უფრო დიდი საქმისთვის გამოიყენებთ. ა, აგერაა და ღმერთმა მოგახმაროთ, კაპიკს არ დავიტოვებ ჩემთვის; არც ეს გინდათ?! ამეწვა ნაღველი! რა მოგართვათ, აბა! ამ მანქანას სული არ ჩაჰყვება, სადმე რომ წაიყვანოთ, იქამდე. საცაა მიაწყდება საბურავები და შუა გზაში რომ დაგტოვოთ, მეწყინება; ტანზე რაც მაცვია, შაური არ ღირს და როგორ მოვიქცე, იქნებ თქვენ მაინც მითხრათ. ჰო, მაგნიტოფონი წაიღეთ, დიდი რაიმე კი არაა, მაგრამ სამახსოვროდ კი ვარგა, გაგახსენდებით ხანდახან; მეც მოსვენებული ვიქნები, კარგ ხალხს რაიმეთი რომ ვასიამოვნე; ნუ მკრავთ მთლად ხელს, ცოდვას ნუ დაიდებთ!
როგორც იქნა გავჩერდი; ბეჯითი მსჯელობისას ხელებს როგორ ვიქნევდი იქეთ-აქეთ, ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ დადუმებისას წინ გაშვერილი დამრჩა იგი ხელები, თუმცა ამას წარმატება არ ჰქვია და ნურც მივაქცევთ ყურადღებას. მომაღლო ავტომატიანის, წეღან რომ მელაპარაკებოდა, უკან მდგომმა, გაშვერილ ხელებში წამეტანა მორიდებულად და რომ მეგონა, ახლა წავა ჩემი კეთილების წაღმა-უკუღმა ტრიალი თქვა, გაღიმებულად მითხრა:
- რატომ ცახცახებ, ბიძია, შეშინებულივით?
- კი არ ვცახცახებ, ანთებული ვარ სიხარულით!
- კარგი, მასე იყოს, მაგრამ იცოდე, ჩვენ რაც მივიღეთ, იმითაც კმაყოფილი ვართ; რაც გთხოვეთ ხომ მოგვეცი, მეტი არაფერი გვინდა; განაგრძე გზა და სახლში მშვიდობით მიდი!
ერთმა კიდევ თაიგული გამომიწოდა; ლამაზი კი ჩანდა, მაგრამ რა მეყვავილებოდა; წაიღეო, ძმაკაცურად დამიყვავა, ცოლ-შვილს მიართვი და უფრო შეუყვარდები მათო.
ისინი წავიდნენ. გვერდზე, ბუჩქნარებში, გადაუხვიეს. პირდაღებული და თაიგულჩახუტებული ვიდექი კარგა ხანს, თუმცა ხანდახან ბუჩქნარებისკენაც გამირბოდა თვალი...
გათენების მეტი რა მინახავს, მაგრამ მეორე დღეს სულ სხვაგვარი გათენება მქონდა; ვამჩნევდი სავსე ვიყავი, სავსე უმანკო მოწადინებებით; პირუტყვი ქუჩაში რომ გადავდენე ნახირზე გასაყოლებლად, მეზობლებმა, როგორც კი მივესალმე მათ ჩვეულებრივი მისალმებით, ჩამისწორეს  მარტივი წინადადება - რაღა დრო გამარჯობა- გაგიმარჯოსააო.
- აბა, როგორ მოგმართოთ, ძვირფასებო! - იჭვნეულად გამეცინა.
- გაუმარჯოს პრეზიდენტს! - თქვა გიგლამ.
- გაუმარჯოს პარლამენტს!
- გაუმარჯოს ფინანსთა მინასტრს!
- გაუმარჯოს განათების მინისტრს!
- გაუმარჯოს განათლების მინისტრს!
- გაუმარჯოს ჩვენს პოლიციას!
- დიდება ჯარების სარდალს და ჩვენს არმიას!
- გაუმარჯოს გუბერნატორს!
- გაუმარჯოს მერს!
- გაუმარჯოს სოფლის გამგებელს!..
- შეუბერეთ, თუ რა ჯანდაბა დაგემერთათ! - წამოვიყვირე.
- შენა, ბიჭო, ჭურში გძინავს? - მკითხა გიგლამ.
- არა, ლოგინში! - არიფულად გამომივიდა პასუხი.
- სულ ერთია, მაინც ჭურში ყოფილხარ! ვეღარ გაიგე, შე ჯიგრის ყაურმა, მარსი რომ მოგვიახლოვდა მოყვრულად?
- რა მარსი, რის მარსი?
- მარსი, არ იცი რა არი? დედამიწის ძმა და მეგობარი, ჯერ კიდევ ამოუცნობი, ჩვენგან დაუპყრობი და ამიტომაც სუფთა, კოხტა და ლამაზი.
-ჰოო!
- აბა, როგორ!
- აწი სულ ჩვენთან იქნება?
- სულ ჩვენთან რა გააძლებინებს, ბიჭო! მარსი შტერი კი არაა; ცოტა ხანს გვიყურებს და ჰაიდა, მერე თავისას წავა.
- შენ საიდან იცი?
- როგორ თუ არ ვიცი, მა ტელევიზორს ტყულათინე ვუყურებ?! შენა, მეზობელო, წუხელ სად მსავდებოდი? შეიცვალა ქვეყნიერება, იმდენად მოგვეფერა მარსი; უმტკივნეულო ოპერაცია გაუკეთებია დედამიწისთვის, მაგრამ ნარკოზი მაინც უხმარია; სანამ გამოვა, თურმე, იმ ნარკოზიდან, რა გვიჭირს და მერე რაღა მოგახსენო, არც მე ვიცი...
თურმე: მე რომ მოვღიღინებდი მოყვრებიდან, მაშინ მოსულა მარსი. სულ ორიოდე სიტყვა წაუჩურჩულებია დედამიწისათვის; რა უთხრა, არ ვიცი, მხოლოდ თვითონ იცის; ესაა, რომ ერთბაშად შეცვლილა ყველაფერი; განსაკუთრებით, სიგლახე სიკარგედ გადაკეთებულა, ხოლო სიკარგისთვის ხელი არ უხლია, რადგან მისი უფრო გაკეთილშობილებისთვის დრო არ ყოფნიდა; რაც უფრო ახლოს მოსულა მიწასთან, უფრო და უფრო დაუნგრევია სიგლახის ბუდეები, ერთმანეთს ასწრებდნენ სიგლახეები.
მე კი ყაჩაღებმა გამაოცეს, იმ ღამიდან მოყოლებული, ასე, ერთი კვირის განმავლობაში მსოფლიოში არც ერთი სისხლის სამართლის დანაშაული არ მომხდარა, მეტიც, რაც ნაქურდალ-ნამამაძაღლარი ჰქონდათ ადამიანებს, პატრონებისთვის დაურიგებიათ. ყველა ქვეყანაში გაუქმდა ციხე და პარლამენტი. ყველგან შეწყდა ომი, ხანძარი და ქარი. აღარ ღელავდნენ ოკეანეები. ამერიკამ თავი დაანება ერაყს. ბატონმა ჰუსეინმა შვილები გაიცოცხლა და უდიდესი შოკოლადის ქარხანა ააგო. ის ქარხანა ნახევარ აზიას შოკოლადს ურიგებდა საჩუქრად. ბინ ლადენი მედიცინის დოქტორი გახდა. მან მოახერხა მსოფლიო განეკურნა უცუდესი ავადმყოფობებისაგან.
პუტინი და ბუში თავთავიანთ ბოსტნებს მარგლავდნენ. მათ ყველაზე დიდი ბოსტნები ჰქონდათ და დილიდან საღამომდე წელგაწყვეტით მუშაობდნენ.
იმ მოყვრობისას საქართველოშიც ბევრი რამ შეიცვალა: უმაქნისი პარლამენტი აქაც გაუქმდა. დეპუტატები თავთავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ და პატიოსანი შრომით ირჩენდნენ თავს. თითოეულ სამინისტროში ორი-სამი კაცი დარჩა, ყველაზე ჭკვიანები და ნიჭიერები; ნებისმიერი დანაშაულისთვის მხოლოდ მარტივწინადადებიანი სასჯელი შემოიღეს - დამნაშავეს მარსის რისხვა!
დანაშაულად არ ითვლებოდა: სიყვარული, მეგობრობა, მოფერება, განათლება და განათებაც, სიმღერა, ცეკვა, ლექსის წერა, მუსიკოსობა, პროზაიკოსობა, დრამატურგობა, აზრიანი ლაპარაკი, მსახიობობა (სულ ერთია, კინოს იქნებოდი თუ თეატრის), ერთგულება, ზომიერად ღვინის სმა, გადაუჭარბებელი სიჩქარით სიარული, დამსახურებული სიმდიდრე, თუკი ნებას დაგრთავდა, სხვის ცოლისკენ თვალის გაპარება...
განსაკუთრებული დაფასება ჰქონდა ნიჭიერ ადამიანს, რომელსაც აღმოაჩენდა უნიჭიერესთა საბჭო. დამანგრეველს ტყვია, აღმშენებელს თაფლი!
უნიჭიერესთა საბჭოს ქმნიდა მარსი, ჯერ კიდევ დაუსახიჩრებელი და სუფთა მნათობი.
ასე იყო საქართველოში და სხვაგანაც...
მაგრამ მარსი ისევ დაგვშორდა. ისევ წავიდა თავის სამეფოში. ჩვენ მოყვრობა დავივიწყეთ.ჩვენ უცებ გვავიწყდება მოყვრობა. ჩვენ სამკურნალო ვართ მარსისგან.
ჩემი მოყვრები არასდროს მასესხებენ ფულს, რადგან სახლამდე ვერაფრით მივიტან, გზაში ყაჩაღები წამართმევენ.
მარსის ისევ მოსვლას უნდა დაველოდო!


1998скачать dle 12.1
ახალი ნომერი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge
პოპულარული