გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ზაალ ბოტკოველი - ტკივილების ვერნისაჟზე

ზაალ ბოტკოველი

ზაალ ბოტკოველი

ტკივილების ვერნისაჟზე

ვერნისაჟზე გეპატიჟებით, ბატონებო, ტკივილებით, დიდი სევდითა და დარდით შეფერილ ვერნისაჟზე, რომელსაც სხვა ვერნისაჟებისგან განსხვავებით ერთადერთი ავტორი ჰყავს, თმაში ვერცხლგარეული ქალბატონი, რომელიც ამ ფეერიული მისტერიის მნახველებს თავის სულს სთავაზობს და მის იდუმალ ხვეულებში სამოგზაუროდ იწვევს.
ცირა შალაშვილი.
ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო, რომ ეს სახელი და გვარი ბოლო დრომდე თითქმის არაფერს მეუბნებოდა. კი ვიცოდი, რომ ქუთაისში ცხოვრობდა, ქუთაისში მოღვაწეობდა, მაგრამ მის პოეზიასთან ზიარების საშუალება თითქმის არ მქონია. არადა, როგორც კი ხელში ჩამივარდა მისი მრავალმხრივ საინტერესო და საგულისხმო ერთტომეული `მე მახსოვს მიწა რომ ვიყავი~, მივხვდი, რომ ჩემი თვალთახედვის არეში მოექცა უაღრესად მნიშვნელოვანი შემოქმედი, რომელსაც საკუთარი ორიგინალური მსოფლაღქმა გინა განცდა აქვს, საკუთარი, ყველასგან გამორჩეული ხელწერა... პოეტია და სულაც არ ერიდება, მისი ტკივილები და განცდები სამზეოზე გამოიტანოს და ყველას დაანახოს, თუ რისგან იქმნება მისი უნატიფესი სტრიქონები.
ცირა შალაშვილი სხვათა დარად თავის ბავშვობიდან მოდის, იმ ულამაზესი ზღაპრული სამყაროდან, სადაც, როგორც წესი უმსუბუქესი და გამჭვირვალე ფერები სჭარბობს. ამ სამოთხეში
თითქოს ნამცეცა ვარსკვლავები
ზანზალაკებს აწკარუნებენ
და მიწა ისე მიიწევს ცისკენ,
მათ შორის მხოლოდ ნიავივით ღრუბელი მოსჩანს...
ჰოდა, იმ საოცრებებიდან რეალურ სამყაროში შებიჯებისთანავე გრძნობს, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ქართველად მოევლინო სამყაროს, ქართული მიწის მცველად და მეოხად, იმ პაწაწკინტელა, ნამცეცა მიწის ნაგლეჯისა, რომელიც ამ სიმცირის მიუხედავად ობოლ მარგალიტად უჩნდათ მისი იავარქმნისა და მოსპობის მსურველებს.
სულ ქართველს ჰგავხარ მუხაო,
შენის ბედით და წესითა,
საწუთისოფლო მინდორზე
დარგულო უფლის ხელითა.
ცირა შალაშვილიც ჩაკირული ქართველია, უფლის ხელით დარგული ღვთიშობლის წილხვდომილ საწუთისოფლო მიწაზე და ისიც, როგორც მამის მხრებს, ისე ეყრდნობა კავკასიონს, მის გოროზ და მიუვალ მწვერვალებს, იქიდან დაჰყურებს საესავ სამშობლოს და გული უკვდება იმის შემხედვარეს, თუ როგორ თანდათანობით ემსგავსება ივერთა მიწა ბაბილონის გოდოლს, ჩამოშლილსა და იავარქმნილს, როგორ ილევა და პატარავდება მისი საბრალო დედილოსავით, როგორ პარავენ მის სამშობლოს სახვალიო ღიმილს, როგორ სდის ილორში წმინდა გიორგის მირონად ცრემლი. დადის იმ მიწაზე, ადრე რომ სამშობლო ერქვა, საკუთარი ოქროს საუკუნე რომ ჰქონდა და რწმენისა სიყვარულის ფორპოსტს წარმოადგენდა. ახლა აქ ქართულად არც ვტირით და არც ვმღერით, დიდი ბაგრატოვანის, კახთბატონის სამეფო ხმალი მუზეუმში ჟანგდება, სამაგიეროდ კი გესლსა და შხამს ყვავილობის ჟამი უდგას. ვტრაბახობთ, ოქროს საწმისი კოლხური მუხის ტოტზე ეკიდაო და თავად ჯერაც ტყემალზე ვსხედვართ და ერთმანეთს ნაცარს ვაყრით თვალებში. მშობელივით ძვირფასი დედაენის ხსენება უკვე ქილიკის საგნად ქცეულა, ენის დედობა და მამობა ვინ გაიგონაო. კარგად ესმის, რომ ჭეშმარიტ თავისუფლებას და მომავალს საუფლოს ხონჩით არავინ არიგებს, რომ მათ მოპოვებას სისხლზე მეტად, დაღვრილ სისხლზე მეტად შრომა და ოფლისღვრა, ოფლისღვრა და შრომა სჭირდება. მაგრამ, ეს მაგრამაა, გულს რომ უკლავს:
წარსული როცა
მომავალზე ასჯერ მეტია,
რა ვუთხრა აწმყოს,
ესეც ვითომ ბედის ეტლია?
რაც აქამომდე
ერთადერთი იყო ღვთის მერე,
დღეს სულერთია,
ყველასათვის
დღეს სულერთია!
ყოველივე ამის შემხედვარეს თითქოს ისღა დარჩენია, უფალს შესძახოს, რაღაც უცდი დალოცვილო, მოდი და ეს თამაშიც დავამთავროთო. მაგრამ როგორ შეველიოთ ამ სილამაზესა და მშვენიერებას, როდესაც გრძნობ, რომ აქედან ლურჯი მარადისობაც სულ ერთი ხელის გაწვდომაზეა, როდესაც გელათის კედლიდან საქართველოს თვალს არ აშორებს დიდი დავითი, ცალი ხელით ქარქაშიდან თავისით ამოსული ორლესული რომ ჩაუბღუჯავს, როცა ზღვიდან სავსე მთვარესავით მოირწევა თუთაშხია, ღვთიური მადლით გასხივოსნებული ჩვენი ეროვნული სიამაყე. არა, ბატონებო, ყოველივე ამის შემხედვარეს არც ჩამუხვლის და არც ყურების ჩამოყრის უფლება აღარ გვაქვს, მითუმეტეს ეშმაკისთვის ლოყის მიშვერის უფლება:
თავს ვიკავებ, რა ხანია,
ჯავრით რომ არ გავიცინო,
მეტი ლოყა რომ აღარ მაქვს,
რა ვქნა, რაღა მოგიშვირო?
ეტყობა, მართლა დამთავრდა ლოყის მიშვერის დრო და ახლა ისღა დაგვრჩენია ქართველებს, თვალებში ჩავხედოთ ერთმანეთს და იმ თვალებში ამოვიკითხოთ, ვართ თუ არა ამ ქვეყნის ღირსნი, თავის დროზე უფალმა რომ გვიწყალობა.
ცირა შალაშვილი თითქოს ბევრს  არ წერს დედაზე, მის უსაყვარლეს არსებას სულ რამდენიმე ლექსი უძღვნა, მაგრამ დედის ხატება, დედის სახე მისი პოეზიის მარადიული თანამგზავრი გახდა, როგორც იმერეთის მკვიდრნი იტყვიან ხოლმე, მის პოეზიას დაედარა და იქ ისე ჩუმად, ისე უხმაუროდ დაიდო ბინა, როგორც ეს მხოლოდ დედებს ეხელწიფებათ. ქალბატონი ცირა დედაზე უბრალოდ, ყოველგვარი ყალბი გრძნობების დემონსტრირების გარეშე გვიყვება და ამ სისადავეში იმხელა მუხტია ჩადებული, რომ ცრემლი უნებურად ყელში გებჯინება და დახრჩობას გიპირებს. გაზაფხულდება და სასწრაფოდ უნდა კახეთში გაქცევა, საცაა მერცხლები მოფრინდებიან და დედაჩემი რომ არ დახვდებათ, რა ეშველებათო. ან კიდევ, დედა დაესიზმრება და დილით მხოლოდ იმაზე ფიქრობს,

რომ ენახა
რა ბედნიერს გამომეღვიძა _
აღარასდროს არ მოკვდებოდა.

კიდევ ერთი მინი-შედევრი პოეტი ქალბატონისა:

ამოირბინა ბალახმა კიბე
და ფანჯარაში რომ შეიხედა, _
გაქვავდა!
ისე იყურებოდა
კედლიდან ჩუმი ლოდინით დედა.

ვიმეორებ, მავანმა შეიძლება ტომეულები უძღვნას დედის ხსოვნას, მაგრამ ასე ზედმიწევნით ზუსტად მაინც ვერ გადმოსცემს სულის იმ მდუღარებას, რასაც ცირა შალაშვილი განიცდიდა იმ უაღრესად მნიშვნელოვანი სტროფების შექმნისას. პოეტი კი თავს იმით იმშვიდებს, რომ `სამოთხეში, ალბათ, ახლა მშვიდი ღამეა, ნათელი ღამე, უმზეობით არა მწუხარი, სულებს კარგი აქვს მეხსიერება და სახლში  ვინმეს დაბრუნება ჩუმად უხარით~...
თუ რამით დააჯილდოვა არსთაგამრიგემ ცირა შალაშვილი, უპირველესად, სიყვარულის ნიჭით და მისი პოეზიაც ამ ულამაზესი გრძნობითაა დამუხტული. პოეტის ალტერ ეგო სიყვარულის მხევლად ქცეულა და კარდიოგრამის გადაღებისაც კი ეშინია, წინასწარ იცის დიაგნოზი – ის სახელი, რომლის ხსენებაზეც ლამის გული ამოუვარდეს.
მღელვარებით ხელებგაშლილი
ჩემი მწვანე აეროდრომი
ფეხშიშველა გამორბის შენსკენ
და გზაზე ფანტავს
ათრთოლებულ მოუთმენლობას.
სიყვარული შეუძლია, დიდი სიყვარული და ერთგულება, ამიტომაცაა, რომ ტელეფონის სიკვდილსაც უმშვენიერეს რეკვიემს უძღვნის, რომლის ზარიც აღარ აამღერებს ოთახს, აღარ აავსებს მის სამყაროს ნანადაურის ჟრუანტელისმომგვრელი ხმით, იმ ნანდაურისა, რომელიც ერთმა ღმერთმა იცის, რატომ წააგავს თიბათვის წვიმას. თავადაც სიყვარულის წვიმებით მთვრალი  ბედობა დღეს ხვდება, რომ წუთისოფლის უკვდავებას დაუნანებლად გაცვლიდა მის სიყვარულთან გატარებულ თუნდაც ერთ წამზე იმიტომ, რომ მარტო შვილი, ცოლი და დედა კი არ არის, არამედ ქალი, სიყვარულისთვის და ჟრუანტელებისთვის შექმნილი არსება და თუ ვერავინ დაინახა მასში ციური ელვა, დღეში ათასჯერ ეცვლება მხარი. ჩემს სიზმარს შენი სურნელი ჰქონდა, ისევ ანთია ჩემს სხეულზე შენი ტუჩებიო, ეჩურჩულება სიყვარულს და თან პატიებას სთხოვს, ვერ გადაგარჩინე, ისე ჩამადნი თითებში ჩიტის ბარტყივით, ფრენაც კი ვერ გასწავლეო. ყოველდღიურობამ შეჭამა ჩემი სიყვარული, აი, ახლაც მის თვალწინ წეროს ნისკარტით მოლუსკივით გამოათრია ფიქრის უხილავ ნიჟარაში მიმალული ნატვრის უკანასკნელი ნაგლეჯი და

მე გვალვით ვკვდები _
სხვას არწყულებს
შენი მერწყული,
მზის ქარიშხალმა
ისევ ჩემს ცას გადაუარა _
ყოფის მკლავებზე
ნებიერად წევს ოაზისი
და ვინ გაიგებს,
ამ წყურვილზე
ფიქრობს
თუ _
არა.

ამ დროს ზღვადაკარგულ ნიჟარაში მთვლემი წარსული მკვდარი ცრემლივით ჩამოსწყდება ხსოვნას, როგორც კაკალს ჩაგლიჯავს ხოლმე ზაფხულის მეხი კენწეროდან ძირამდე... ამიტომაც ეპატიჟება წვიმას თავისთან, მისი თქეშით სურს გაგრილება და დაოკება იმ აუხდენელი სურვილებისა, ადრე სამყაროს წალეკვით რომ ემუქრებოდნენ და ახლა გაწყალებულ ღვინოს დამსგავსებიან. არადა _

უფლის წელს,
გახსოვს?
ისე გიყვარდი,
სულ ერთადერთი
ვიყავი შენთვის
ანგელოზების
ფრთების შრიალში
თეთრი სუფევა
დავლანდე ღმერთის.

რომ იცოდეთ, როგორ მინდოდა ცირა შალაშვილის ყველა იმ ლექსზე მესაუბრა თქვენთან, რომლებიც სიყვარულის უძლეველი მადლითაა ნიშანდებული, თითქოს შევეცადე კიდეც, მაგრამ ინტუიციამ მიკარნახა, რომ ეს სიზიფეს ლოდთან შეჭიდების ტოლფასი იქმნებოდა, რადგან მაშინ ამ წერილისთვის პოეტის ერთტომეული უნდა დამერთო. ამიტომაც ვჩერდები და მხოლოდ ერთ ლექსს შეგახსენებთ:

წამო, ზღაპრებში გავიპაროთ!
აქ ყველაფერი
ცხადზე ცხადი და მოსაწყენია.
. . . . . . . . .
გაფხულს უაზროდ მოსდევს ზამთარი
და უშენოდ ვარ
მთელი წელია!

ასე სასხვათაშორისოდ ითქვა ფრაზა, რომელმაც ვეება ტკივილი და დარდი დაიტია. იმ წელიწადის ყოველი დღე კი არა, ყოველი წუთი და წამი ხომ ტანჯვით და დაგუბებული ტკივილებით იყო სავსე და წალეკვით ემუქრებოდა ყველას და ყველაფერს.
და მაინც, მზე მიგალობს ხასიათშიო, აცხადებს პოეტი და თვითონაც ვერ ხვდება, რომ ამ ფრაზით იმ კუთხის, იმ ქალაქის მკვიდრთა დევიზს აყალიბებს, იმერეთი და ქუთაისი რომ ჰქვია სახელად. ქუთაისელთა რძალია და საოცრად მოუხდა სავარდო და სამაისო ქალაქს, საკუთარი ფერადები შემატა აკაკის და გალაკტიონის საუფლოს და მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

წამო, ბაგრატზე _
იქ ცისფერ ნიავს
მოაქვს გელათის ლურჯი ზმანება
და შენი სული ამ სიცოცხლისთვის
შეგენანება,
შეგენანება!

აქ ხომ სტუმარი ღვთის კაცია და ამიტომაც დღეღამის ნებისმიერ მონაკვეთში `სამასპინძლო ჟღერს მოტივი ხმელთა ზე და წყალთა შუა~. და კიდევ ერთი მშვენიერი ლექსი ბაგრატზე:

როგორ დაბერდა ეს დროც,
ჩემსავით,
შეუსვენებლად მსრბოლი აქამდი.
ისე ფერმკრთალი და საყვარელი,
უმსუბუქესი
ნისლის ბარხატით,
სივრცის ჩარჩოში
მარადისობის
ხელით ნახატი
მოჩანს ბაგრატი.

ისეთი უმსუბუქესი და მშვენიერია ეს ლექსი, რომ ავტორს სულ ადვილად ვპატიობთ ისეთი სიტყვის გამოყენებასაც კი, როგორიცაა `ბარხატი~.
ქუთაისი ქუთაისად, მაგრამ ცირა შალაშვილი ყვითელგულა წიწილა არ არის, რომელსაც აღარასოდეს ახსენდება ის კვერცხის ნაჭუჭი, საიდანაც გუშინ გამოძვრა. უფრო კი პირიქით:

ისე ბრიალა,  
ისე მშვიდი
მზე ამოფრინდა,
ცაც ისეთია,
ლურჯი,
ლურჯი
და ისე წმინდა _
ვეღარაფერზე ვეღარ ვფიქრობ,
კახეთში მინდა!

რა თქმა უნდა, კახეთში, ურომლისოდაც საქართველოს ნებისმიერ კუთხეს პეწი და ლაზათი დაეკარგებოდა. განსაკუთრებით კი ყვარელია პოეტის სანატრიონი, მისი საფიქრალი. ღრუბლებისა შურს, თითოეულ დაბერვაზე აღმოსავლეთისაკენ რომ მიფრინავენ, მე კი ბეჩავი, თვალს გაგაყოლებთ მხოლოდ და მხოლოდო, თუმცა მისთვის მთავარი მაინც ისაა, რომ ალუბლები დღემდე ჰყვავიან ყვარელს და ღმერთმა სხვანაირად ნუ ჰქნას

მე ახლა მწვანე ალაზანს იქით ვწევარ
და შენით ვირწყულებ გვალვას.
და მსურს თუ არა, და მსურს თუ არა,
არცერთი წამით უშენოდ არ ვარ.
. . . . . . . . . . . . .
რომ ხარ მისთვისაც მადლობა უფალს,
რომ არ მჭირდება გამოგიგონოთ.

ალაზანი რომ ალაზანია, მდორედ და ტაატით იმიტომ მიედინება, რომ სულაც არ ეჩქარება საქართველოდან გასვლა და, ალბათ, ამიტომაც უყვარს პოეტს განსაკუთრებით...
სიბერემდე ჯერ კიდევ შორია, მაგრამ ცირა შალაშვილი პოეტია და წარმოუდგენელია იმ დროზე არ ფიქრობდეს, როცა მისი ნავი სტიქსის მეორე ნაპირს მიადგება. მღვრიე წყალი შემომწვდენია სულამდე უკვეო და ისიც კარგად მოეხსენება რომ

ვიდრე ციდან ჩუმი სხივი
ჩემს წილ დღეებს ნათელს მოჰფენს,
ერთ ლუკმადაც არ ვეყოფი
გაავებულ წუთისოფელს.

ეს მწარე რეალობა გახლავთ, ბატონებო, მაგრამ პოეტი იმითაა საინტერესო, თუ რა კითხვა ებადება ამ დროს საწუთროს მიმართ, კითხვა კი მეტად უცნაური და ღიმილის მომგვრელია, ნეტავ რას იზამს ჩემი დაბადების დღე, კიდევ რომ მოვა და მე აღარ დავხვდებიო. ასეთი კითხვა სულით ძლიერ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს და თანაც პოეტს, დუელში რომ იწვევს სიკვდილს და უყვარს ბედისწერასთან გათამაშება, ვერაფრით გადაუხდია წუთისოფლის ვალი, წუთისოფლისა, სადაც ახლა უცხო ქარები ქრიან, სადაც თმენის ფიალა დიდი ხანია, რაც წაქცეულა და, ამიტომაც, ვეღარასოდეს აივსება, სადაც ლექსიკონიდან ქრება სიტყვა-ღირსება. მეუფებს ჟამი, უაზროდ ფლიდი, ჟამი დაბმული ქვიშის საბელით და პატიოსან ადამიანს ისღა დარჩენია, მარტოობაში ეძებოს შვება. იცის, რომ მარტოობა მარადიული მეუღლეა მისი, დაბადებამდე რომ იქორწილა და აბა ახლა ვინ დასწერს ხელმეორედ ჯვარს ბედნიერებასთან. მისტირის ულექსებო დღეებს, იმ კოშმარულ და აუტანელ დღეებს, როცა მზეც კი ბნელეთს შეიკეტება ხოლმე. ასეთ დროს მავანს შეიძლება სულეთში გადასვლაც კი მოუნდეს, მაგრამ პოეტი მაინც დაყოვნებას არჩევს. რატომ?

უნდა ვნახო,
ამ უაზრო,
ქაოსური ღამიდან
როგორ შექმნის
ღმერთი ისევ
დედამიწას
თავიდან!

მართლაც საინტერესოა არა, ძვირფასო მკითხველო, ამისთვის მართლაც ღირს დროებით შეჩერება ამ ცოდვითდაცემულ სამყაროში, იქ, სადაც სიზმრად ყოფნა უფრო მისაღებია მათთვის, ვისაც მიაჩნია, რომ სიზმარს ჰგავს წუთისოფელი.
ხოხბის ფერით ლივლივებენ სიზმრები,
მიაქვს ჟამი ორფეროვან წყალს,
ჯავრო, მაინც რა უაზროდ იზრდები,
რა ნისლებით იბურბურებ თავს!
ცირა შალაშვილი ქრისტიანია, მართლმორწმუნე ქრისტიანი და მუდამ ბედნიერია, როცა იორდანეში ნათლისღების სხივი ინთება, მიმწუხრის ჟამი ღვთისმშობელის სევდიან თვალებს ახსენებს, რომლის ფერხთით, როგორც ლივლივა სივრცე, მორჩილად გაწოლილა მარადისობა. მაგრამ ჭეშმარიტ შემოქმედს ისიც აოცებს, რომ ტაძრებში, მეჩეთებში, სინაგოგებში მლოცველები უზენაეს ღვთაებას მხოლოდ სანთლის ენით ესაუბრებიან. ზოგჯერ ასეთი ხილვაც აქვს:

ბუნდოვნად, ყრუ-მუნჯ უღრანში
გაკრთება ხოლმე მოგონების თეთრი სამრეკლო,
რომლის ზარებსაც მზის სხივები აწკარუნებენ
და კამკამა ცის ლურჯი გუმბათი
სულ სიფრიფანობს
სიზმრისფერი ანგელოზებით.

ეს კია, პოეტი რაღაც მეხუთე გრძნობით იმასაც ხვდება, რომ აპოკალიფსის ჟამი დამდგარა, ნისლის გახვეული სამყარო მეორედ მოსვლის მოლოდინში გატრუნულა და მორჩილად ელის განაჩენს...
ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო, რომ ცირა შალაშვილი ის პოეტია, რომელიც არავითარ შეღავათებს არ ითხოვს, უფრო მეტიც, იგი ქართული პოეზიის ორგანულ ნაწილს წარმოადგენს და თავისი აზროვნების სტილით, თავისი მსოფლაღქმითა თუ მსოფლგანცდით, ქართული ტრადიციული თუ არატრადიციული ლექსთწყობის აქსესუარების ლამის უზადო წვდომით გამოირჩევა და ქართველ პოეტთა ავანგარდში მოიაზრება. მშვენიერი ხილვებისა თუ ზმანებების ავტორია, ღრუბლებში აზიდულა ზეცა მინანქრის ფრესკას აგონებს, ვაზი _ მზისხივებშემოხვეულ სალოცავს, ყვარელი _ დიდი ილია მართლის ყვარელი _ ხოხბის ნატიფ ყელს, ღობის ძირას აყვავებული ალუჩა მარტის ფიფქებით გადაპენტილი საპატარძლოა, იმის დანახვაც შეუძლია, თუ როგორ წვიმს მზეში ლაჟვარდთა წყება. გვარწმუნებს იმაშიც, რომ ისე გამალებით მიიწევს ცად ქათქათა ალავერდი, რომ საცაა მოწყდება მიწას და მარადისობას შეერევა. ხალხური პოეზია მისი შთაგონების ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა. ნახეთ, რა მოხდენილად იყენებს მის სალექსო ფორმას:

მზეს რომ შესცინი იაო,
ნეტავ რა გიხარიაო,
აგე, ღრუბლები შეყრილან,
კარგს არას გიქადიანო _
შენც რაღა იმათ უყურებ,
გაუშვი, მისთვის იარონ,
იმათაც შეუყვარდებათ,
ცრემლადაც დაიღვრიანო.

ეს ცირა შალაშვილის ლექსია, რომელიც ვინ იცის, საუკუნეების შემდეგ ხალხურ ლექსადაც მოიხსენიონ, იმდენად დახვეწილია და იმდენად ახლოს დგას ბრძენი გლეხიკაცის ფილოსოფიასთან.
ცირა შალაშვილის პოეზიაში უამრავი ნაღმია ჩადებული, ოღონდ ნამდვილი ნაღმებისაგან განსხვავებით, მათი აფეთქება კი არ გვაშინებს, არამედ სიხარულისა და სიწრფელის განცდით გვავსებს და გვახალისებს.
ეს წერილი ქალბატონ ცირას ერთი უმშვენიერესი ლექსით მინდა დავასრულო, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად ახასიათებს მის ბობოქარ დაუდგრომელ სულს, გეზი მარადიულობისა და ვარსკვლავებისაკენ რომ აქვს აღებული.

წუხელ ცას ჩუმად
დარჩენოდა
სარკმელი ღია
და მე გავფრინდი,
ბოლოს და ბოლოს,
დედამიწის ცხრაკლიტულიდან _
პეპელასავით
შევერიე
იისფერ ციაგს.

იცით, დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ამ ფეერიული მისტერიის მონაწილე, სიამოვნებით შევერეოდი იისფერ ციაგს.
თქვენ?



скачать dle 12.1