გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

იზოლდა რუსაძე - მხატვრული ნარკვევი

იზოლდა რუსაძე`ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?~

(მხატვრული ნარკვევი) იბეჭდება შემოკლებით

   ეს იყო სამ-ნახევარი ათეული წლის წინ. ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში მისაღებ გამოცდაზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წერაში) ხუთიანი დაიწერაო, _ გაიგო მთელმა ქუთაისმა. არც ამ დღემდე წლების განმავლობაში და არც შემდეგ, ისე გაიარა ათმა წელმა, მსგავსი შეფასება არავის მიუღია. მისაღები გამოცდების კომისიის თავმჯდომარე ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე, პროფესორი დავით ბრეგაძე ყველას აჩვენებდა ნაწერს, აი, როგორი უნდა იყოს აბიტურიენტის ნაშრომიო. ეს უმაღლესი შეფასება მაშინ მე-8 საშუალო სკოლის კურსდამთავრებულმა ნუგეშა გაგნიძემ დაიმსახურა და ამით გაამართლა მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში რესპუბლიკური ოლიმპიადის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის, პროფესორ სოლომონ ხუციშვილის ნათქვამი: ოლიმპიადაში მონაწილე 630 მოსწავლიდან შევარჩიეთ რვა რჩეული, რომელთა შორის ნუგეშა გაგნიძე პირველიაო. ქუთაისს ნუგეშას სახით ეზრდება საამაყო შვილიო (ამ დროს ნუგეშა უკვე რესპუბლიკურ სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებზე სამი წლის განმავლობაში ზედიზედ წარმატებით მონაწილეობისათვის სამი პირველი ხარისხის სიგელის მფლობელი იყო). ბ-ნმა პროფესორმა ს. ხუციშვილმა პატარა ნუგეშასთან, როგორც საუკეთესო მონაცემების მქონე მოსწავლესთან, გადაიღო სამახსოვრო სურათი, რომელიც გაზეთ `ნორჩი ლენინელში~ (#17) დაიბეჭდა 1983 წლის 29 აპრილს. სკოლის მოსწავლე ნუგეშას წარმატებებს აღნიშნავდა მაშინდელი პრესა. აქ აღარ ჩამოვთვლით იმ სტატიებს, რომლებიც რესპუბლიკურ გაზეთებში იწერებოდა მის შესახებ, ვიტყვით მხოლოდ, რომ მან წარჩინებით ჩააბარა მისაღები გამოცდები და ჩაირიცხა ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის ისტორიისა და გერმანული ენის სპეციალობაზე და წარჩინებითვე დაასრულა. იყო ვლადიმერ მაიაკოვსკის სახელობის სტიპენდიატი.

   ჩემ თვალწინ გაიარა მისმა არა მარტო სტუდენტობამ, არამედ _ დღემდე ცხოვრებამაც. მისი ბევრი სიხარულის თვითმხილველი და მონაწილეც კი ვარ.

  1994 წლიდან ქ-ნი ნუგეშა გაგნიძე საზღვარგარეთული ლიტერატურის ისტორიის კათედრის ლაბორანტი და 1996-1999 წლებში ასპირანტიცაა. დაძაბულმა და დაუღლელმა შრომამ, ძიებამ, საქმის სიყვარულმა და პასუხისმგებლობამ სულ მალე მისცა შესაძლებლობა, რომ მიეღწია დასახული მიზნისათვის. 2001 წელს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წინაშე წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: `სენტიმენტალიზმი და ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი~ (მეცნიერ-ხელმძღვანელი პროფესორი ნანული კაკაურიძე). 2004 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება სპეციალობით: `ევროპისა და ამერიკის ლიტერატურა~. 2006 წლიდან ქ-ნი ნუგეშა საზღვარგარეთული ლიტერატურის ისტორიის კათედრის ჯერ ასოცირებული პროფესორი, 2010 წლიდან კი პროფესორია და თავისი დარგის მიხედვით კითხულობს ლექციებს. ყველა ამ მიღწევასთან ერთად ქ-ნი ნუგეშა წლების მანძილზე (2006-2015), სხვადასხვა დროს, არჩეული იყო ჩვენივე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს, სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად. მას არაერთი სამეცნიერო ნაშრომის მაღალ დონეზე შესრულებისათვის ბევრჯერ აქვს მიღებული სტიპენდია და გრანტი. მათ შორის აუცილებლად უნდა დავასახელოთ გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა და გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების სტიპენდიები, პროფესიული პრაქტიკისათვის კი _ სოროპტიმისტ ინტერნაციონალის დიუსელდორფის კლუბების გრანტები. უკვე ორი ათეული წელია ქ-ნი ნუგეშა წარმატებით გამოდის სამეცნიერო კონფერენციებზე, სიმპოზიუმებსა და კონგრესებზე როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე _ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. მოწონება დაიმსახურა მისმა წარდგენილმა სამეცნიერო ნაშრომებმა რუმინეთში, იტალიაში, სომხეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში. ჩვენი ნარკვევის გმირი სისტემატურად იმაღლებს მეცნიერული ცოდნის დონეს სემინარებსა და ტრენინგებში მარტო საქართველოში კი არა, _ გერმანიის ქალაქ დიუსელდორფსა და ჰაიდელბერგშიაც. არის რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი, გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, ასრულებს თარგმნით სამუშაოებს გერმანული ლიტერატურიდან, წერს ესეებს, ლექსებს და შემდეგ ამ ყველაფერს ბეჭდავს კიდევაც. მისი წიგნი `შეიცან თავი შენი~ გამომცემლობა `პოლიგრაფმა~ გამოსცა ქ. ქუთაისში 2014 წელს.

   პატივცემულო მკითხველო, აქ ჩამოთვლილი ყველა საკითხი ერთი პროფესორის ბიოგრაფიული მონაცემებია. ასეთი ან ამისი მსგავსი მაინც უნდა ჰქონდეს და დარწმუნებული ვარ, რომ ექნება ერთ საშტატო ერთეულზე მყოფ ყველა პროფესორს, მაგრამ ქ-ნი ნუგეშასათვის ეს ცოტაა. ის მხოლოდ ამას არ სჯერდება, კიდევ მეტსა და მეტს საქმიანობს და ჩვენც საზოგადოებრიობის ყურადღებას სწორედ ამ მეტს მივაპყრობთ. მისი ინიციატივით, პროგრამით, შრომითა და ხელმძღვანელობით ქართველ და გერმანელ მოსწავლეთა მაღალი დონის განათლების მისაღებად უკვე მეთერთმეტე წელია ნაყოფიერად ფუნქციონირებს გაცვლითი პროგრამა ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის პირველ საჯარო სკოლასა და გერმანიის ქ. ჰაიდელბერგის ერთ_ერთ გიმნაზიას შორის. გერმანული მხრიდან ამ საქმის სულისჩამდგმელი არის ამავე გიმნაზიის დირექტორი დოქტორი ჰაინც მარტინ დიოპი, რომელიც ამ პროგრამით უკვე სამჯერ იყო საქართველოში. ორი ქვეყნის სასწავლო დაწესებულებების ამ პარტნიორობის შესახებ იცის იმ ვიწრო წრემ, რომელიც თავისი სპეციალობით ახლოსაა ამ საკითხთან, ამ საქმეში ჩახედული და გარკვეულია, მაგრამ ეს უნდა იცოდნენ ქუთაისელებმა, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებმა და სტუდენტებმაც კი. ყველასათვის ნათელი უნდა იყოს, ვინ შრომობს მათ გვერდით და, გარდა პროფესორის ერთ შტატზე არსებული მოსაქმეობისა, რას აკეთებს ის საზოგადოებრივ საწყისებზე მხოლოდ საქმის სიყვარულით, ჩვენი მომავალი თაობისა და ჩვენი ერის სასარგებლოდ, ქართველი ხალხის უკეთესი მერმისისათვის, რაზე ფიქრობს ის ყოველ წუთს და ვის არ ავიწყდება დიდი ილიას სიტყვები: `ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?~

  მოკლედ მოგახსენებთ ქ-ნი ნუგეშას მიერ ამ გაცვლითი პროგრამით გაწეულ საქმიანობაზე: 2007 წლიდან წელიწადში ერთხელ ჰაიდელბერგის გიმნაზიიდან 10-12 დღით 10-16  მოსწავლე ჩამოდის საქართველოში, კერძოდ, ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში. მოსწავლეები ეცნობიან განათლების ქართულ სისტემას, ესწრებიან გაკვეთილებს, სკოლაში ჩატარებულ ღონისძიებებს, სპექტაკლებს, ათვალიერებენ ჩვენი ქალაქისა და ამავდროულად, ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს, იმაღლებენ ცოდნას საქართველოს ისტორიაში, რადგან ისინი 2008 წლიდან ჰაიდელბერგის გიმნაზიის მე-11 კლასში მთელი წლით სწავლობენ საგანს `საქართველო~. მოსწავლეთა ეს მოგზაურობაც ამ საგნის სიღრმისეულად შესწავლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. გერმანელი მოსწავლეების სასწავლო კურსში ამ საგნის ჩასმის ინიციატორი ქ-ნი ნუგეშა იყო. ეს არის ამ საგნის შესწავლის პირველი და ერთადერთი შემთხვევა ამ გიმნაზიისა და გერმანიაში არსებული სხვა გიმნაზიების ისტორიაშიც. გერმანიაში ყოფნის დროს ქ-ნი ნუგეშა ამ საგანში თვითონვე უტარებს გაკვეთილებსა და სემინარებს ჰაიდელბერგელ მოსწავლეებს, რომლებიც ინტერესდებიან რა ჩვენი ქვეყნის გმირული ისტორიული წარსულით, ჩვენი უძველესი დამწერლობით, ჩვენივე ძეგლებით, ფლორითა და ფაუნით, სპორტით და საერთოდ ჩვენი კულტურით, ადგენენ ანკეტებს საქართველოს გეოგრაფიის, ისტორიის, რელიგიის, ლიტერატურის, ფოლკლორისა და სხვა საკითხების შესახებ და ჩვენს სამშობლოში ყოფნის დროს პასუხს სცემენ კითხვებს, რომ შედეგები გამოიყენონ იმ თემების შესრულებისათვის, რომლებიც სასწავლო წლის ბოლოს, საგნის ჩაბარების პროცესში, საჯაროდ უნდა დაიცვან. საგან `საქართველოს~ შემსწავლელ მოსწავლეთა რაოდენობის მატება ცხადყოფს საგნის პოპულარობასა და ავტორიტეტს და გერმანელ მოსწავლეთა ინტერესის გაზრდას ჩვენი საქართველოსადმი. ამიტომაც წელს გერმანიიდან პირველ საჯარო სკოლაში 19 მოსწავლესა და ორ მასწავლებელს ელოდებიან.

   პროექტის ამოქმედებიდან დღემდე ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში 150-მდე მოსწავლე ჩამოვიდა. აღნიშნულ პერიოდში ამდენივე მოსწავლე ესტუმრა ჰაიდელბერგის გიმნაზიას, სადაც ისინი მონაწილეობდნენ მრავალ კულტურულ ღონისძიებაში. ამასთანავე დაათვალიერეს გერმანიის ქალაქები და ერთი ჯგუფი საფრანგეთის უმშვენიერეს ქალაქ ვისომბურს, 100-მდე მოსწავლე კი სტრასბურგს ეწვია.

   აქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის საორგანიზაციო და ყოფითი საკითხები, რომელთა მოუგვარებლად ეს პროგრამა ვერ განხორციელდებოდა. ქართველ მოსწავლეებს ბინით, კვებითა და მოგზაურობის ხარჯებით გერმანელი მასპინძელი ოჯახები უზრუნველყოფენ ისევე, როგორც გერმანელი მოსწავლეებისათვის მასპინძლობას ქართველები იჩენენ. ქუთაისის პირველ საჯარო სკოლასა და ჰაიდელბერგის გიმნაზიას შორის დადებულ გაცვლით პროგრამას მხარს უჭერს გერმანიის პედაგოგიური გაცვლის სამსახური და ქუთაისის პირველი საჯარო სკოლა. ყოველ წელს საქართველო-გერმანიის პარტნიორი პროგრამების შესრულების საკითხებს ფართოდ ეხმაურება გერმანული პრესა. არაერთხელ დაიბეჭდა საინტერესო სტატიები ამ კუთხით გაზეთ `რაინ ნეკარ ცაიტუნგში~.

   აღსანიშნავია, რომ ქ-ნი ნუგეშა არ არის ამ პროგრამის მხოლოდ თეორიულად შემქმნელი. ის ამ პროგრამის განხორციელების აქტიური შემოქმედია არა მარტო ქუთაისში, არამედ _ გერმანიაშიც, სადაც მას ჩაჰყავს ჩვენი თანაქალაქელი ბავშვები ყოველწლიურად და თან ახლავს მოსწავლეებს ყოველგვარ ღონისძიებაზე, რომ არაფერი ვთქვათ მათი დოკუმენტების მოწესრიგებაზე, წაყვან-წამოყვანისა და დაბინავების ორგანიზებაზე სამშობლოში თავ-თავიანთ მშობლებთან ჩაბარებამდე.

   გაცვლითი პროგრამა საჭირო და აუცილებელია როგორც ქართველი, ისე გერმანელი მოსწავლეებისათვის, რადგან ის ორი ქვვეყნის ახალგაზრდების ჰუმანურ ღირებულებებზე აღზრდას, განათლებისა და სასწავლო პროცესის მაღალ დონეზე განვითარებას, საქართველოს ისტორიისა და კულტურის პროპაგანდასა და     ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანას და, რაც მთვარია, ხალხთა შორის მშვიდობიანი ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურება.

   ასეთი საქმიანობისათვის დიდი მადლობა ქ-ნ ნუგეშას _ მართლაცდა ადამიანების ნუგეშს, მშვიდს, თბილს, ინტერესიანს, ენერგიულს, საქმიანს, დაუღლელს, კომუნიკაბელურს, მეგობრულს...

   ქ-ნი ნუგეშას საზოგადოებრივი საქმიანობა მარტო ამ ერთი გაცვლითი პროგრამით არ შემოიფარგლება. მისი ბიოგრაფია სავსეა იმ ჩამონათვალით, რომელთა შესრულებაც მას წლების მანძილზე უწევდა და უწევს. დღე არ გავა, საქველმოქმედო საქმეზე არ იფიქროს, ცდილობს, თავისი ყოველდღიური შრომით ქალბატონებს ცხოვრება არა მარტო შეუმსუბუქოს, არამედ გაულამაზოს და სითბო აგრძნობინოს. ამ მიზნით, 2010 წლიდან ის, ბუნებით კაცთმოყვარე, არაერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრი და ძირითადი ბირთვია. იყო და არის ქალთა კლუბ `ასოციაცია ქალები რეგიონის განვითარებისათვის~ წევრი და ამავე კლუბის თავმჯდომარე 2015-16 წლებში. 2006-11 წლებში ქ-ნი ნუგეშა საქართველოს სოროპტიმისტ ქალთა ქუთაისის კლუბის წევრი (ამ საქმეს ის თავის მეგობარ ნატო იმედაშვილს უმადლის) იყო, შემდეგ _ საერთაშორისო სოროპტიმისტ ქალთა კლუბ `ქუთაის-კოლხას~ დამფუძნებელი პრეზიდენტი.

    ადვილი არ იყო სოროპტიმისტ (`საუკეთესო დები~) ქალთა კლუბ  `ქუთაის- კოლხას~ ჯერ დაარსება და შემდეგ ამოქმედება ჩვენს ქალაქში. არადა კლუბის მართლაც სასიცოცხლო და მნიშვნელოვანი მიზნები _ ქალთა და გოგონათა ჰუმანიტარული, სოციალური, სამედიცინო, კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება ნამდვილად წაადგებოდა ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებს. ამიტომაც კლუბის ინაუგურაციას, რომელიც 2013 წლის 5 ოქტომბერს ჩატარდა ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, 15 სტუმარი ესწრებოდა გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, დანიიდან და ისრაელიდან. ამ სტუმრებიდან ავტორიტეტის მოპოვების საქმეში ყველაზე დიდი დახმარება კლუბ `ქუთაის-კოლხას~ შემდეგ მისი ნათლია კლუბის წევრებმა, ჰაიდელბერგელმა სოროპტიმისტებმა გაუწიეს. კერძოდ, ჰაიდელბერგელმა პროფესორებმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებელთა და სტუდენტებისათვის ორი ათასამდე მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა შეაგროვეს გერმანისტიკაში, ანგლისტიკასა და რომანისტიკაში. ეს წიგნები დღეს ქ-ნი ნუგეშას მიზანდასახული საქმიანობის შედეგად უკვე ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაშია მოთავსებული და აყვანილია აღრიცხვაზე. მათ საჭიროების მიხედვით იყენებენ ჩვენი თანამშრომლებიცა და სტუდენტებიც. გერმანელ პარტნიორებთან თანდათან გაღრმავდა სამეცნიერო კონტაქტები. შეიქმნა ქ-ნ ნუგეშა გაგნიძისა და მარგარეტ შუხარდის ერთობლივი წიგნი გრიგოლ რობაქიძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, რომლის პრეზენტაცია გერმანიაშივე გაიმართა. უკვე მეხუთე წელია `ქუთაის-კოლხა~ ახორციელებს ორ სოციალურ პროექტს `ბავშვთა სოფელსა~ და ხანდაზმულთა პანსიონატში. კლუბის წევრმა `დებმა~ ბევრი გააკეთეს პატარა აღსაზრდელებისა და მოხუცი ქალბატონებისათვის. მარტო ის რად ღირს, რომ პანსიონატში მცხოვრებ ხანდაზმულ ქალბატონებს შეუძინეს საოჯახო ტექნიკა, რითაც გააუმჯობესეს მათი სოციალური პირობები. ასეთ საქმიანობას ისინი აგრძელებენ ქალაქში უკიდურესად მძიმე პირობებში მცხოვრები ხუთი ქალბატონისათვის. კლუბის წევრებმა მოკრძალებული სიტყვა თქვეს 2015 წლის ივნისში, როცა ისინი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარნენ ქ. თბილისში. კლუბის წევრი ექიმი ქალბატონები ხშირად ატარებენ უფასო სამედიცინო კვლევებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მრავალშვილიანი დედებისათვის. აქ უნდა გამოვყოთ კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ქ-ნი ლელა ქელბაქიანის და კლუბის წევრი ქალბატონების: ნატო იმედაშვილის, თამთა თურმანიძის, ნინო ტურაბელიძის, ინეზა წერეთლის, იზოლდა გაბადაძის, ირინა შიშინაშვილის, მაკა ხეცურიანის, სოფიკო გამყრელიძის, ქეთევან ხაბეიშვილის, ტასო კოდუას, მანანა ჩიხლაძის, ბაია მჟავანაძისა და სხვების შრომა, საქმის სიყვარული და პასუხისმგებლობა. დიდია მათი წვლილი `ქუთაის –კოლხას~ ავტორიტეტის მოპოვების საქმეში. ისინი ქ-ნი ნუგეშას `ნუგეშები~ და იმედები არიან. მათი გვერდით დგომით არის გაძლიერებული ქ-ნი ნუგეშა და ამიტომაც მათი დაუძლეველი არც არაფერია. კლუბის წევრმა რამდენიმე ქალბატონმა თავიანთი უგემრიელესი რეცეპტებით ერთობლივად შეადგინა წიგნი `სოროპტიმისტული შეხვედრების სამზარეულო~. ამ წიგნში წარმოდგენილი ტკბილეულის დამზადების წესებით დაინტერესდნენ რა ქართველი ახალგაზრდა დიასახლისები, წიგნი სწრაფად იქნა რეალიზებული. შეგროვილი თანხა კი `ქუთაის-კოლხას~ მიერ განსახორციელებელ პროექტებს მოხმარდა. ჰოლანდიელი სოროპტიმისტების მხარდაჭერით სამ ქართველ ახალგაზრდას 2-2 წლით დაუფინანსდა სწავლა. კლუბის მეშვეობით რამდენიმე ქართველმა ქალბატონმა შეისწავლა ინგლისური ენა. ძნელია ყველა იმ ღონისძიების ჩამოთვლაც კი, რაც ქ-ნი ნუგეშას ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით შესრულდა ამ კლუბში. ამიტომაც უკვე 30-ზე მეტია კლუბის წევრი `მოყვარული დების~ რაოდენობა. ამ კლუბის წევრები არიან ასევე ქუთაისში არსებული ქალთა კლუბ `ქალები რეგიონის განვითარებისათვის~ რამდენიმე წევრი და მათი პრეზიდენტი მაკა ხეცურიანი. ისინი ერთობლივ ღონისძიებებსაც კი აწყობენ. ამჟამად კლუბ `ქუთაის-კოლხას~ წევრი ქალბატონები აქტიურად უჭერენ მხარს საყოველთაოდ გამოცხადებულ მიმართვას `არა ძალადობას~ და ისინი ამ საკითხებზე არა მარტო ქუთაისში მუშაობენ, არამედ  _ იმერეთშიაც. მოკლედ რომ ვთქვათ, ქუთაისელი `მოყვარული დები~ თავიანთ მოკრძალებულ სიტყვას ამბობენ იქ, სადაც ეს ქალაქსა და ქვეყანას ესაჭიროება და მსოფლიოს წარმატებულ ქალბატონებთან ერთად ზრუნავენ საყოველთაო მშვიდობის განმტკიცების, ქალთა და მოზარდ გოგონათა უფლებების დაცვისა და მათი უკეთესი მომავლისათვის. ყველა ამ საქმეს კი ხელმძღვანელობს სამი უმშვენიერესი შვილიშვილის: ელენეს, ნიკოლოზისა და ფარნავაზის ბებია, ჩვენივე უნივერსიტეტის პროფესორი, ქ-ნი ნუგეშა გაგნიძე, რომელიც თავისი ასეთი საქმიანობით ამშვენებს არა მარტო უნივერსიტეტს, არამედ _ ქალაქ ქუთაისსაც. იგი მეგობარ თანაკლუბელებთან, სტუდენტებსა და მოსწავლეებთან ერთად ღირსეულად წარმოაჩენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენს სამშობლოს. ვუსურვოთ მას წინსვლა და წარმატებები ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge