გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ჯუმბერ (ოლეგ) გოგაბერიშვილი - გამოუქვეყნებელი წერილების კვალდაკვალ

ჯუმბერ (ოლეგ) გოგაბერიშვილი

გამოუქვეყნებელი წერილების კვალდაკვალ

ჯუმბერ (ოლეგ) გოგაბერიშვილი

ვინ უნდა თამაშობდეს ნაკრებში?
საბჭოთა კავშირში 60-იანი წლების საკლუბო ფეხბურთის დონე შეიძლება ჩაითვალოს დამაკმაყოფილებლად, ხოლო ნაკრების გამოსვლები (თუ მხედველობაში არ მივიღებთ 60-ანი წლების დასაწყისს) ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.
წავიდა ის დრო, როდესაც არა მხოლოდ მწვრთნელს, არამედ ფეხბურთის ნებისმიერ გულშემატკივარსაც კი თითქმის უშეცდომოდ შეეძლო დაესახელებინა სსრკ-ის ფეხბურთელთა ნაკრების შემადგენლობა. ეს ყველაფერი აიხსნება ძირითადად იმით, რომ მაშინ ჩვენი ფეხბურთი მდიდარი იყო ე.წ. ,,ვარსკვლავებით“: იაშინი, ივანოვი, შესტერნიოვი, ვორონიანი, მესხი, მეტრეველი, სტრელცოვი, ხურცილავა, სავო, კავაზაშვილი და სხვები, რომლებიც სათამაშო კლასით მკვეთრად განსხვავდებოდნენ რიგითი ფეხბურთელების უმრავლესობისაგან, ამიტომ მათი შერჩევა ნაკრებისათვის, სსრკ-ის ფეხბურთელთა უზარმაზარი არმიისაგან, არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა.
მაგრამ გადიოდა დრო... დრო კი, მოგეხსენებათ, ყველაფერს ცვლის და მათ შორის ფეხბურთსაც შეუცვალა იერი (საკმარისია გავიხსენოთ ჰოლანდიელთა ,,ტოტალური“ ფეხბურთი 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე). თანდათან საფეხბურთო ციდან გაქრა ,,ვარსკვლავები“(მხოლოდ ზოგიერთები თუ ,,ანათებდნენ“ აქა-იქ), რამაც ერთიორად გაართულა მწვრთნელთა მუშაობა და პასუხისმგებლობა.
თუ ახალ საფეხბურთო ცხოვრებას მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მწვრთნელმა ასე თუ ისე გაართვა თავი, საბჭოთა კავშირის მწვრთნელებმა, ამ მხრივ, სრული ფიასკო განიცადეს. ახალ საფეხბურთო ცხოვრებას რომ არ ჩამოვრჩენოდით, საჭირო იყო არსებული მეთოდების გარდაქმნა თანმიმდევრობით, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების მაგალითზე. მასში შევიდოდა აგრეთვე მწვრთნელთა (დაწყებული ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელებიდან და დამთავრებული სსრკ-ის ნაკრების მწვრთნელებამდე) გადამზადება, რაშიც სსრკ-ის ფეხბურთის ხელმძღვანელებსაც მიუძღვის ბრალი.
ახლა საბჭოთა ფეხბურთში ისეთი მდგომარეობაა შექმნილი, რომ მოწინავე ფეხბურთელები სხვებისაგან მკვეთრად აღარ განსხვავდებიან. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ფეხბურთი გაერთფეროვანდა და გაუფერულდა კიდეც და ამიტომ მეტად გართულდა სსრკ-ის ნაკრების ფეხბურთელთა ,,ოპტიმალური“ შემადგენლობის დადგენა (მასში შეიძლება იხილოთ უმაღლესი ლიგის ნებისმიერი ფეხბურთელი), რამაც ამოუცნობი თავსატეხი გაუჩინა ნაკრების მწვრთნელებს, რომელთა ცვლილებებმაც ვერაფერი ვერ უშველა ძლიერი გუნდის შექმნას და ჩვენი გუნდის პოზიციების დაბრუნებას მსოფლიო ფეხბურთში.
რამდენიმე სიტყვით შევეხოთ ნაკრების მწვრთნელთა მიერ დაშვებულ შეცდომებს: ნიკიტა სიმონიანმა, მართალია, ბევრ ტექნიკურ ფეხბურთელს დაუმკვიდრა ადგილი ნაკრებში, მაგრამ ფეხბურთელების გაუთავებელი ცვლილებებით ვერა და ვერ დაადგინა ძირითადი შემადგენლობა. იგი გადამწყვეტი მატჩებისათვის ამზადებდა ერთ შემადგენლობას, ხოლო უშუალოდ გადამწყვეტ მატჩში გამოჰყავდა მეორე შემადგენლობა (გავიხსენოთ გაიშაკოვის გამოჩენა უნგრეთის ნაკრებთან შეხვედრისას, - უნგრეთში). ტაქტიკურად გუნდი ცუდად გამოიყურებოდა და სრულიად მოკლებული იყო ბრძოლისუნარიანობას.
იგივე შეცდომა გაიმეორა კოსტანტინ ბესკოვმა, როცა ევროპის პირველობაზე საბერძნეთის გუნდთან გადამწყვეტი მატჩის წინ მკვეთრად შეცვალა შემადგენლობა. მაგალითად, მანამდე ნ. სიმონიანის ნაკრებში ბრწყინვალედ თამაშობდა ვიტალი დარასელია, რომლის ღირსეული შეცვლაც იმ მომენტში უბრალოდ არ არსებობდა. კ. ბესკოვმა კი იგი არა მარტო ძირითადი შემადგენლობიდან გამოიყვანა, არამედ საბერძნეთის გუნდთან პრინციპული შეხვედრისათვის სათადარიგო მოთამაშედაც არ წაიყვანა. შესაძლოა, ამან ფეხბურთელს ფსიქოლოგიური ტრავმაც მიაყენა (ყოველ შემთხვევაში შემდგომში დარასელიამ რამდენადმე მოუკლო თამაშს, მაგრამ ნაკრების მოთხოვნებს იგი ახლაც პასუხობს და იმედია, რომ მაშინდელ სპორტულ ფორმას კვლავ აღიდგენს).
პრინციპულ შეხვედრებში ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხბურთელთა გამოცდილებას. იმავე საბერძნეთის გუნდთან, კ. ბესკოვის გაწვრთნილ საბჭოთა კავშირის ნაკრებში უმრავლესობა თავის პირველ ოფიციალურ მატჩს ატარებდა (გახსოვთ ალბათ როგორ დაბნეულად გამოიყურებოდნენ ისინი მინდორზე ბერძენი მაყურებლის გაუთავებელი ხმაურის ქვეშ).
სსრკ-ის ოლიმპიურმა ნაკრებმა (მცირეოდენი ცვლილებები მხედველობაში არ მიიღება) მიუხედავად იმისა, რომ ვერ გაამართლა იმედები ოლიმპიადაზე, მაინც მიანდვეს ჩვენი ფეხბურთის პრესტიჟის დაცვა. ნაკრების ბოლო მატჩები (მხედველობაში გვაქვს შეხვედრები ესპანეთში, ბრაზილიასა და არგენტინაში) ცხადყოფს, რომ ჩვენი ფეხბურთელები აშკარად დაცვით ვარიანტს თამაშობენ. მსოფლიოში არ არსებობს გუნდი, რომელსაც აშკარა დაცვითი ვარიანტით რაიმე წარმატებისათვის მიეღწიოს. დაცვითი ვარიანტის თამაშისას, თუ ბურთი გაუშვი, მისი გათანაბრების ძალზედ მცირე შანსიღა გრჩება, ე. ი. მარცხდები და ამავე დროს გულშემატკივრებიც დამარცხებულები გრჩება, რადგანაც სანახაობრივად შენი გუნდის ასეთი თამაში ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს. ხოლო შეტევითი ვარიანტით თამაშისას გაშვებული ბურთი საშიში არ არის, მისი გაქვითვის საკმაო შანსი არსებობს. შესაძლოა დამარცხდე კიდეც, მაგრამ მაყურებელი გრჩება გამარჯვებული, რომლებმაც შეტევითი, თამამი ფეხბურთი იხილეს... ეს მაყურებლები ხომ მილიონობითაა და ფეხბურთიც სწორედ მათთვისაა განკუთვნილი.
კ. ბესკოვმა ნაკრებისათვის ვერ მოძებნა სამი ისეთი ნახევარმცველი, რომლებსაც გუნდის ხერხემალი უნდა შეედგინათ და ამავე დროს კარგად უნდა გაერთმიათ თავი დაკისრებული ამოცანებისათვის - თავდაცვასა თუ შეტევაში. მოწინააღმდეგე გუნდებთან შეხვედრისას, ჩვენ რომ ცენტრში შეგვენარჩუნებინა თანაფარდობა, საჭირო იყო ნახევარდაცვის გაძლიერება. ამისათვის არსებობდა სამი გზა: პირველი - ყველაზე რთული გზა - ნახევარმცველთა ახალი, უფრო ძლიერი სამეულის შერჩევა; მეორე - ისეთი ფორვარდების (მაგ.: ყიფიანი, ხაფსალინი, აგრეთვე დარასელიაც) ყოლა გუნდში, რომლებიც შეტევებს მოედნის სიღრმიდან იწყებენ. ე.ი. ისინი რამდენადმე უკან დაწეულები არიან და ბუნებრივია ეხმარებიან ნახევარმცველებს; მესამე - შუა ხაზის რიცხობრივი გაზრდა ნახევარმცველებით - თავდამსხმელთა ხარჯზე.
გასაგებია კ. ბესკოვის ნაბიჯი ნაკრების შუა ხაზის გაძლიერებისათვის, მაგრამ მან ამისათვის აირჩია ზემოთ ხსენებული მესამე გზა, რაც არაფრით არ შეიძლება ჩაითვალოს გამართლებულად. თუ მას პირველი გზა განუხორციელებლად მიაჩნია, სავსებით შესაძლებელი იყო მეორე გზის არჩევა, რამდენადმე უკან დაწეული თავდამსხმელებით ნახევარდაცვის გაძლიერება. ამ დროს ვერც ვერავინ გისაყვედურებს, თუ რატომ თამაშობს გუნდი ერთი ან ორი თავდამსხმელით, როგორც ეს მესამე გზის არჩევისას ხდება და როგორც ამას საყვედურობენ ბესკოვს.
თითქმის უშედეგო იყო გასული წლის ბოლოს ნაკრების მზადების ეტაპი (ტურნე ესპანეთში, ბრაზილიასა და არგენტინაში). საჭირო იყო უელსის გუნდთან (მსოფლიო პირველობის მეტად საპასუხისმგებლო შესარჩევი მატჩი) შესახვედრად ჩვენი მომავალი ნაკრების ძრითადი ბირთვის დადგენა და სწორედ ისინი უნდა წასულიყვნენ ამხანაგური თამაშების ჩასატარებლად. საჭირო იყო გუნდში ყიფიანის, დარასელიას და შენგელიას დროულად შეყვანა (ისინი ნაკრებში მაშინ მიიწვიეს, როცა გუნდმა საზღვარგარეთული ტურნე დაამთავრა!!). ასევე, აუცილებელი იყო ხიდიატულინის (ჩვენი გუნდი ხომ მაინც დაცვით ვარიანტს თამაშობდა და დროებით ვაგიმიც სხვებზე ნაკლებად არ შეძლებდა ნახევარდაცვაში თამაშს). ბლოხინის (შეუძლებელი არ იყო ქორწილის ორი კვირით გვიან გამართვა), ბესონოვის (თუ რა თქმა უნდა ტრავმა არ აწუხებდა), ხაფსალისის და სხვა რეალური კანდიდატების წაყვანა.
ახლა ცხადია, რომ ზემოთ ხსენებულ საზღვარგარეთულ ტურნეში მყოფი ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან ნახევარიც არ დარჩება უელსის გუნდთან შესახვედრად და თუ დარჩება, კიდევ უფრო უარესი - ჩვენები დამარცხდებიან და ეს დამარცხება ფაქტიურად იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ცისფერ ეკრანებზე ვეღარ ვიხილავთ ჩვენი გუნდის თამაშებს ესპანეთიდან 1982 წელს.
კონსტანტინ ბესკოვი უჩივის მაღალი კლასის ე.წ. ,,ვარსკვლავების“ სიმცირეს, მაგრამ გავიხსენოთ, რომ გაზეთ ,,ნეპშპორტში“ მიცემული ინტერვიუს დასასრულს პელემ დასძინა, რომ ვარსკვლავები თანამედროვე ფეხბრთშიც საკმაოდ ბევრი მოიძებნება.
არ არის მიზანშეწონილი ისიც, რომ ერთი და იგივე პიროვნება იყოს როგორც კლუბის, ისე ნაკრების მწვრთნელი. ამ დროს, ფეხბურთის მეფის აზრით, მწვრთნელს უბრალოდ დრო არ რჩება სხვა ფეხბურთელების თამაშის სანახავად.
იგორ ფესუნენკოს ცნობილ წიგნში ,,პელე, გარინჩა, ფეხბურთი“ ნათქვამია, რომ ბრაზილიელთა მაღალტექნიკური თამაში იმითაც აიხსნება, რომ მათ ბუნებრივი პირობებიც უწყობთ ხელსო. ეს თუ ასეა, ჩვენც ბაკრების დაკომპლექტებისას აქცენტი სსრკ-ის სამხრეთის რესპუბლიკებზე უნდა გადავიტანოთ, სადაც უფრო ტექნიკურ და ტემპერამენტიან ფეხბურთს თამაშობენ. ასეთი ფეხბურთი კი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სანახაობრივად ძალზედ სასიამოვნოა.
ისმის კითხვა: ვინ უნდა თამაშობდეს გუნდში?! ამ კითხვაზე რეალურად რომ ვუპასუხოთ, საჭიროა შემუშავებულ იქნეს ოპტიმალური შემადგენლობის დადგენის რაიმე მეთოდი და ამ მეთოდის მკაცრი დაცვით იქნას ესა თუ ის ფეხბურთელი ნაკრებში შეყვანილი.
უპირველეს ყოვლისა, ნაკრების ოპტიმალური შემადგენლობის დადგენამდე, საჭიროა მწვრთნელთა ოპტიმალური ვარიანტის დადგენა. ამჟამად, სსრკ-ის საუკეთესო მწვრთნელებად ითვლებიან: ბაზილევიჩი, ბესკოვი, ლობანოვსკი და ახალკაცი. საჭიროა, აქედან შეირჩეს საუკეთესო დუეტი და ისინი დაუყონებლივ უნდა გავათავისუფლოთ საკლუბო გუნდების მწვრთნელობის მოვალეობისაგან. ამასთან ერთად, ნაკრების საკანდიდატო ფეხბურთელებს უნდა წაუყენონ შემდეგი მოთხოვნები:  
1-ტექნიკური მონაცემები (:ბურთის ფლობა, ძლიერად მოწოდებული ბურთის შეჩერება და მისი დამორჩილება, სისწრაფის დროს ბურთზე კონტროლის შენარჩუნება და სხვა. მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: გასული წლის ბოლოს ამხანაგურ მატჩში სსრკ-ის ნაკრებმა ფრედ ეთამაშა არგენტინაში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს. ეს ფრე ხომ მიღწევაა, მაგრამ თამაშის ხარისხით ჩვენები აშკარად ჩამოუვარდებოდნენ არგენტინელებს. არგენტინელ ფეხბურთელებს მოძრაობის დროს ბურთი თითქოს ფეხზე ჰქონდათ მიწებებული, ჩვენი ფეხბურთელები კი, ცხადია, ხშირად და მარტივ სიტუაციებშიც კარგავდნენ ბურთს).
2-საფეხბურთო აზროვნება და მინდვრის ხედვა.
3-დრიბლინგი და დრიბლინგი სისწრაფეში.
4-სისწრაფე.
5-შორიდან ძლიერი დარტყმები.
6-თავით თამაში.
7-უბურთოდ თამაში.
8-გოლის ალღო და სხვა...
პირველი მოთხოვნა (ტექნიკური მონაცემები) აუცილებელი უნდა იყოს ნაკრების ყველა კანდიდატისათვის. თუ ფეხბურთელი ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს (გამონაკლისი შეიძლება დაშებული იქნეს ორ ან მაქსიმუმ სამ ფეხბურთელზე. მაგ. ასეთად შეიძლება ჩაითვალოს თენგიზ სულაქველიძე) იგი არ უნდა თამაშობდეს ნაკრებში.
ვთქვათ მესამე მოთხოვნის მიხედვით შევარჩიეთ 50 ტექნიკური ფეხბურთელი, შემდეგ მათგან ნაკრების მოთამაშეებისათვის წაყენებული დანარჩენი მოთხოვნების მიხედვით დავადგენთ საუკეთესოებს და ეს იქნება ოპტიმალური შემადგენლობა.
ამჟამად ნაკრების წევრობისათვის აუცილებელ მოთხოვნას (ტექნიკური კონაცემები) აკმაყოფილებენ: ბლოხინი, ბესონოვი, ხაფლასინი, ბურიაკი, დემიანენკო, ევტუშენკო, დასაევი, ხიდიატულინი, ჩერენკოვი, ყიფიანი, ჩივაძე, დარასელია, შენგელია, კოსტავა, გუცაევი, ხინჩაგაშვილი, ჩანოვი, ზვიაგინცევი, ფედორენკო, შავეიკო, ბოროვსკი, პილგუი, მახოვიკოვი, მინაევი, ოგანესიანი, ანდრეევი, ბალი, იურჩიშინი, საულევიჩი...
ჩვენ ნაკრებში საჭიროა ახალი განაპირა მცველების შერჩევა, ისეთების, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, ძლიერად თამაშობენ დაცვაში და შემდეგ აქტიურად მონაწილეობენ შეტევებშიც. მარჯვენა მცველის კანდიდატებად შეიძლება მივიჩნიოთ კოსტავა და ბოროვსკი, ხოლო მარცხენა მცველის კანდიდატებად - დემიანენკო, მახოვიკოვი და საულევიჩი.
როგორც ცნობილია, უელსთან მატჩში ვერ ითამაშებს ვ. ხიდიატულინი, ამიტომ საჭიროა კონკრეტულად ამ მატჩისათვის ახალი ცენტრალური მცველის მოძებნა (კანდიდატებად შეიძლება ჩაითვალოს ხინჩაგაშვილი, ზვიაგინცევი და შავეიკო), მაგრამ იგი არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს ბუბნოვი. არ დარჩენილა სპორტული თუ არასპორტული გაზეთი, რომელსაც თავის დროზე სასტიკად არ გაეკრიტიკებინოს ბუბნოვის თამაში, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული ნაკრების თითქმის ყველა ადრინდელი უსიამოვნებანი. და მაინც, სხვა ცენტრალური მცველი თუ არ შეირჩევა, მაშინ უმჯობესია სამი მცველით ვითამაშოთ, ვიდრე ბუბნოვი იყოს შემადგენლობაში!
აგრეთვე, გუნდში აუცილებელია თამაშის ორგანიზატორები ე.წ. ,,დისპეჩერები“ (მაგ. ყიფიანი, ბურიაკი).
გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს განაპირა თავდამსხმელების გუნდში ყოფნას, რომელთა როლი თანამედროვე ფეხბურთში ძალზედ დიდია (გავიხსენოთ ,,მსოფლიოს მცირე ჩემპიონატზე“ ურუგვაიში როგორ გამოიყენეს ფლანგური გარღვევები ბრაზილიელებმა გერმანელებთან შეხვედრისას). ამ მიზნით, გუნდში შეიძლება ვიყოლიოთ ვ. გუცაევიც. მართალია, მას ხშირად აწუხებს ტრავმები, მაგრამ მოედანზე მისი დროებითი ყოფნაც კი ბევრს ნიშნავს (გავიხსენოთ 1980 წლის სსრკ-ის თასის გათამაშების ნახევარფინალური მატჩი თბილისში, როცა მოედანზე მატჩის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე გამოსული ვ. გუცაევის ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ ვ. დარასელიამ თავისი გუნდი თასის ფინალში გაიყვანა!).
ყველაფერი ეს ფეხბურთის უსაზღვრო სიყვარულმა გამოგვათქმევინა. გული შეგვტკივა საბჭოთა კავშირის ნაკრებზე და გვსურს, რომ ჩვენი გუნდი მსოფლიოს XII ჩემპიონატის ფინალურ თამაშებში ვიხილოთ და არა უბრალოდ ვიხილოთ, არამედ იქ მათ თავიანთი სიტყვაც უნდა თქვან.

ქუთაისი 1981 წლის 10 იანვარიскачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge