გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ირაკლი გოგაბერიშვილი - ფეხბურთის ისტორიის მიმოხილვა

ირაკლი გოგაბერიშვილი

ფეხბურთის ისტორიის მიმოხილვა
საინტერესო იქნება გავიგოთ იმ სპორტის ისტორია, რომელმაც მთელი მსოფლიო მოაჯადოვა.      ძნელია ისეთივე პოპულარული თამაშის მოძებნა, როგორიცაა ფეხბურთი. ტყუილად არ უწოდებენ   მას  ,,მილიონების სპორტს“.
თანამედროვე  ფეხბურთის სამშობლოდ  ინგლისი  მიიჩნევა.  თუ უძველეს  წარსულსაც გადავხედავთ, სათავეებს  უფრო შორსაც   აღმოვაჩენთ. ეგვიპტელი ფარაონების სამარხებში, რომლებიც მეორე-მესამე ათასწლეულებით თარიღდება, ბურთებია ნაპოვნი. უძველეს  ჩინეთში, ამავე პერიოდში,  ფეხბურთის მსგავს სამ თამაშს თამაშობდნენ: ძუ-ნიუ,  ჩჟუ-ჩუ  და ცუ-ძუ.  ძველ საბერძნეთში  მას - ეპისკიროსი, რომში - გარპას-ტუპი, ხოლო იაპონიაში - კემარი ერქვა და ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ ქვეყნებისა თუ ქალაქებისა, სადაც ფეხბურთს თამაშობდნენ.  
მიუხედავად ყველაფრისა, ოფიციალური ვერსიით, ფეხბურთი ინგლისში, მეცხრამეტე საუკუნეში  დაიბადა. თუმცა, მაშინ ეს თამაში ქაოტური და მოუწესრიგებელი იყო. ყოველი შეხვედრა ჩხუბითა  და აყალ-მაყალით მთავრდებოდა და ეს იმიტომ ხდებოდა, რომ არ არსებობდა თამაშის მარტივი წესები.
საზოგადოება მიხვდა, რომ საჭირო იყო ამ გასართობი საშუალების რაღაც ჩარჩოებში მოთავსება. თავდაპირველად, ინგლისის საფეხბურთო  ასოციაცია ჩამოყალიბდა. 1863 წელს ჩამოაყალიბეს ფეხბურთის თამაშის წესები. 1871 წელს ინგლისის ტურნირი ჩატარდა, ერთი წლის შემდეგ კი, - პირველი შეხვედრა ინგილსსა და შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებებს შორის. მეოცე საუკუნის დასაწყისში ფეხბურთმა მთელი  მსოფლიო დაიპყრო. სპორტსმენები სხვადასხვა ქვეყნებიდან მუდმივად იმის ცდაში იყვნენ, ძალები მოესინჯათ და ერთმანეთს გაჯიბრებოდნენ.
1904 წლის 21 მაისს, ფრანგების ინიციატივით, პარიზში, გადაწყდა დაეარსებინათ საფეხბურთო ასოციაციის საერთაშორისო ფედერაცია, დღეს უკვე ,,ფიფა“, რომლის პირველი პრეზიდენტი ფრანგი - რობერ გერენი გახდა. მალევე  ემანსიპირებული ქალბატონებიც  დაინტერესდნენ  ამ  სპორტით და ქალთა  გუნდების  შექმნა დაიწყეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ 1921 წელს  ინგლისში ქალთა ფეხბურთი  აიკრძალა. ამან ვერ  შეაჩერა ჯიუტი ქალბატონები და დედოფლის  მხარდაჭერით ეს  აკრძალვა მოხსნეს. დღეს უკვე ქალთა ფეხბურთი ოლიმპიურ პროგრამაშიც არის შეტანილი...  თუმცა რა არის გასაკვირი... ახლა მწვანე მინდორზე ყველა დარბის, ყველა  მისდევს მრგვალ ბურთს და საერთოდ, როგორც უკვე გითხარით, ფეხბურთი მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული სპორტის სახეობაა.
ფიფას მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი ტარდება 1930 წლიდან - ოთხწლიანი შუალედით, გარდა 1942 და 1946 წლებისა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის გამო არ ჩატარებულა.
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია გერმანია. ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდები სამი წლის განმავლობაში (ევროპაში თითქმის ორი წელი) მიმდინარეობს. ტურნირის ფინალურ ფაზაში, მასპინძელი ქვეყნის სტადიონებზე, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში 32 ეროვნული გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს. ამ დრომდე სულ ჩატარებულა 19 -ჯერ და მხოლოდ რვა ქვეყანამ შეძლო გამხდარიყო მსოფლიო ჩემპიონი. მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ ბრაზილიას აქვს მოგებული, ის ხუთგზის გამარჯვებულია, მას მოჰყვებიან იტალია და გერმანია ოთხი გამარჯვებით, ორჯერ გაიმარჯვეს ურუგვაიმ და არგენტინამ, ხოლო თითო გამარჯვება აქვთ ინგლისის,  საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებებს. 2006 წლის ჩემპიონატის ფინალურ  მატჩს დაახლოებით  715,1 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალ-ყურს ტელევიზიის საშუალებით.., ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმის შესახებ, რომ ეს ტურნირი ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში.
ხოლო რაც შეეხება პირველ საერთაშორისო შეხვედრას ფეხბურთის ისტორიაში, ის გაიმართა 1872 წელს გლაზგოში, შოტლანდიისა და ინგლისის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელიც დასრულდა ფრე  0-0. პირველი საერთაშორისო ტურნირი კი 1884 წელს გაიმართა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის საშინაო ჩემპიონატი ეწოდა. ამ სპორტის პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა XIX საუკუნის მიწურულს. ფეხბურთი შეტანილ იქნა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 1900 და  1904 წლებში. ლონდონში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც 1908 წელს გაიმართა, ფეხბურთი უკვე ოლიმპიადის ოფიციალური სახეობა იყო. ოქროს მედლები ინგლისის ნაკრებმა მოიპოვა. შეჯიბრში მხოლოდ მოყვარულები მონაწილეობდნენ, აქედან  გამომდინარე მას  უფრო შოუს სახე ჰქონდა, ვიდრე ტურნირის. 1909 წელს შოტლანდიელმა  ბარონეტმა სერ თომას ლიპტონმა ჩაატარა თავისივე სახელობის თასის გათამაშება, ტურნირი, სადაც არა ეროვნული ნაკრებები, არამედ ინდივიდუალური კლუბები მონაწილეობდნენ. თითოეული მათგანი ერთ კონკრეტულ ქვეყანას წარმოადგენდა. ტურნირში გამოდიოდნენ   პრესტიჟული პროფესიონალური კლუბები იტალიიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, თუმცა  ინგლისის  ფეხბურთის ასოციაციამ უარი განაცხადა  კლუბების გაგზავნაზე. სანაცვლოდ  ლიპტონმა მიიწვია სამოყვარულო დასავლეთ  ოკლენდის  გუნდები, დარემის  საგრაფოდან.  სწორედ დასავლეთ  ოკლენდის  გუნდმა მოახერხა ტურნირში გამარჯვება. ორი წლის შემდეგ კი,  ამ ტიტულის წარმატებით დაცვა.
1920 წლის ოლიმპიურ თამაშებზე  გაიმართა ტურნირი ფეხბურთში, მსოფლიოს პირველი საფეხბურთო შეჯიბრი, რომელიც ბელგიის ნაკრებმა მოიგო. 1928 წლის  28 მაისს, ამსტერდამში,  ფიფას კონგრესმა მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება მსოფლიო ჩემპიონატის  ჩატარების შესახებ. ხოლო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად დასახელდა ურუგვაი. თუმცა მასპინძელ ქვეყნად ურუგვაის არჩევა ევროპული ქვეყნებისათვის გრძელ და ძვირადღირებულ მგზავრობას მოითხოვდა, ამიტომაც  თავდაპირველად არც ერთ ევროპულ ქვეყანას ფიფასთვის მოწვევაზე თანხმობა არ მიუცია. საბოლოოდ, ურუგვაიში ბელგიის, საფრანგეთის, რუმინეთისა და იუგოსლავიის ნაკრებები ჩავიდნენ.  ჩემპიონატში 13 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა: შვიდი სამხრეთ ამერიკიდან, ოთხი ევროპიდან და ორი ჩრდილოეთ ამერიკიდან.
პირველი შეხვედრა გაიმართა 1930 წლის 13 ივლისს და დასრულდა საფრანგეთისა აშშ-ის ნაკრებების გამარჯვებით, რომლებმაც შესაბამისად მექსიკა 4-1, ხოლო ბელგია 3-0 დაამარცხეს.
პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში გაიტანა ფრანგმა ლუის ლორანმა; ფინალში ურუგვაიმ 93 ათასი მაყურებლის წინაშე დაამარცხა არგენტინის ნაკრები ანგარიშით 4-2 და გახდა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი გამარჯვებული.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge