გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

რენიკო საკანდელიძე - დასაწყისი იხილეთ წინა ნომერში

რენიკო საკანდელიძე


რენიკო საკანდელიძე

დასაწყისი იხილეთ წინა ნომერში                                        

1930 წელს უნივერსიტეტს ცალკე გამოეყო სამედიცინო ინსტიტუტი, ამჟამად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, რომლის ფიზიოლოგიის კათედრის ორგანიზებაში ბერიტაშვილმა უდიდესი წვლილი შეიტანა. პირველი კათედრის გამგე გახდათ გ. ვაწაძე. ხოლო შემდგომ ალ. ბაკურაძე.
უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის კათედრასა და ფიზიოლოგიის ინსტიტუტში ფუნდამენტური გამოკვლევები ძირითადად მიმართული იყო ცენტრალური ნერვული სისტემის შესწავლისკენ. თუმცა იმავე დროს პერიფერიული ნერვული სისტემის არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემებიც შეისწავლებოდა. 1938-1939 წლებში სიმიანი გავალომეტრი შეცვალა კათოდურმა ოსცილოსკოპმა, ბერიტაშვილი პირველი იყო საბჭოთა კავშირში, რომელმაც გამოიყენა ოსცილოსკოპი და აგრეთვე ფართოდ დანერგა ინსტიტუტში იმ დროისათვის ახლად შემოსული ჰორსლი-კლარკის სტერეოტაქსული აპარატი ექსმერიმენტული ცხოველის თავის ტვინში ელექტროდების ჩასანერგად.
1940-იანი წლების დასაწყისში ივ. ბერიტაშვილმა ერთ-ერთმა პირველმა ყოფილ საბჭოთა კავშირში წარმატებით გამოიყენა ფიზიოლოგიური ექსპერიმენტებისათვის ელექტროენცეფალოგრაფიული ტექნიკა. მან და მისმა მოწაფეებმა ეს მეთოდი შემოიღეს არა მარტო თავის ტვინის ნორმალური მოქმედების შესასწავლად, არამედ თავის ტვინის სხვადასხვა დაავადებათა გამოსავლენად. ამის შემდგომ ელექტროენცეფალოგრაფია ფართოდ და წარმატებით იქნა დანერგილი საქართველოს საავადმყოფოების ნევროლოგიურ განყოფილებებსა და კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტში პროფ. პ. სარაჯიშვილის მიერ.
ფიზიოლოგიის ინსტიტუტში ჩატარებული ელექტროენცეფალოგრაფიული გამოკვლევებიდან აღსანიშნავია ბერიტაშვილის ერთ-ერთი ნიჭიერი მოწაფის, ნაადრევად გარდაცვლილი მეცნიერის, ლ. ცქიფურიძის (1903-1950 წწ.) შრომები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მის მიერ ცხოველის ძილის ფაზების შესწავლა. ფაქტიურად, მან პირველმა აღწერა ძილის ელექტროენცეფალოგრაფიულ სურათში განსაკუთრებული ფაზა, რომელსაც უწოდა `მოუსვენარი~ ძილი. მოგვიანებით, 1955 წელს, მოზარდებისა და ზრდასრული ადამიანების ძილის შესწავლის საფუძველზე, ამერიკელმა მკვლევარებმა ე. აზერნსკიმ და ნ. კლეიტმანმა, - ამერიკულ ფიზიოლოგიურ ჟურნალში გამოქვეყნებულ ორ სტატიაში, - იგივე ფენომენს ძილის “პარადოქსული” ფაზა უწოდეს და აღმოჩენის პრიორიტეტიც მათ დაიმსახურეს. ქართველი მეცნიერის აღმოჩენას კი, რომელიც ფიზიოლოგიის ინსტიტუტის შრომათა კრებულში დაიბეჭდა, სათანადო მნიშვნელობა არ მიენიჭა, რის გამოც საერთაშორისო რეზონანსიც არ ჰქონია.
1941 წელს საქარველოს მეცნიერებათა აკადემიის დაარსებასთან დაკავშირებით, მის შემადგენლობაში ფიზიოლოგიის ინსტიტუტის გადასვლისას ინსტიტუტი გადაიქცა ფიზიოლოგიისა და ნეირომეცნიერების ერთ-ერთ მთავარ ცენტრად საბჭოთა კავშირში, დაიკავა რა მესამე ადგილი ლენინგრადისა და მოსკოვის შემდეგ.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ივანე ბერიტაშვილმა გადაწყვიტა მოეწყო კონფერენციები სიმპოზიუმების სტილში, როდესაც მონაწილენი არ იქნებოდნენ შეზღუდული დროში. ცნობილია, რომ ჩვეულებრივი კონფერენციების დროს, როგორც მოხსენებებისთვის, ისე დისკუსიებისთვის დრო ლიმიტირებულია. ბერიტაშვილი გეგმავდა შეეზღუდა მონაწილეთა რიცხვი (15-20), და არა მოხსენებისა და კამათის დრო.
ნეირომეცნიერების ცნობილი ისტორიკოსის ამერიკელი ლუიზა მარშალის (1996) თანახმად, ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეზე ისტორიულ მოვლენათა მსვლელობამ დასაბამი მისცა ოთხ სრულიად ახალ, გზისგამკვალავ კონფერენციათა სერიებს სხვადასხვა ქვეყნებში, რომელთა შორის იყო ბერიტაშვილის სიმპოზიუმი, მოგვიანებით ცნობილი `გაგრის საუბრები~-ის სახელწოდებით. ისინი იქცნენ ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაციის (Iნტერნატიონალ Bრაინ ღესეარცჰ Oრგანიზატიონ - IBღO) შექმნის წინაპირობად.
ამ ოთხი პროგრამიდან ერთ-ერთის ინიციატორი იყო ბერიტაშვილი. 1948-დან 1972 წლამდე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით მან ჩაატარა ექვსი სიმპოზიუმი ნეიროფიზიოლოგიისა და ქცევათმეცნიერების პრობლემებზე. სიმპოზიუმები იმართებოდა გაგრაში, შავი ზღვის სანაპიროს ერთ-ერთ ულამაზეს კურორტზე. ბერიტაშვილის უნიკალური მხარდაჭერით ახალგაზრდა მეცნიერებს საშუალება ეძლეოდათ წარმოედგინათ საკუთარი შრომები და შეხვედროდნენ უფროს კოლეგებს. `გაგრის საუბრების~ მესამე სიმპოზიუმი გაიმართა 1958 წელს იანვარში და მიეძღვნა პირობითი რეფლექსების ფორმირებაში დროებითი ნერვული კავშირების წარმოქმნის საკითხებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბერიტაშვილის სიმპოზიუმი ჩატარდა რამდენიმე თვით ადრე მოსკოვში გამართულ ცნობილ კოლოქვიუმამდე, რომელიც მიეძღვნა უმაღლესი ნერვული მოქმედების ელექტროენცეფალოგრაფიის საკითხებს. საინტერესოა, რომ `გაგრის საუბრების~ 21 მონაწილეთაგან 15 ესწრებოდა მოსკოვის კოლოქვიუმს, ასე რომ გაგრა წარმოადგენდა მოსამზადებელ კონფერენციას მოსკოვისთვის.
ზემოთ აღნიშნული კონფერენციათა სერიებიდან სამი იმართებოდა ნიუ-იორკში, ლონდონსა და მარსელში, რაც მიუთითებდა ამ დროისათვის თავის ტვინისა და ცხოველთა ქცევის შესწავლის გაძლიერებულ ინტერესზე. ამ მოვლენებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ნერვული სისტემის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაციისა და მოგვიანებით აშშ-ში ნეირომეცნიერების საზოგადოების (შოციეტყ ფორ Nეუროსციენცე) ჩამოყალიბებაში.
IBღO-ს შექმნის მთავარი სულისჩამდგმელის კანადელი ჰერბერტ ჯასპერის (1991) თანახმად, ორგანიზაცია დაიბადა უშუალოდ მოსკოვში, 1958 წლის ოქტომბერში გამართული კოლოქვიუმის დასრულებისას მონაწილეთა მიერ მიღებული რეოზლუციით. კოლოქვიუმის საპატიო პრეზიდენტები იყვნენ ივანე ბერიტაშვილი და ერბერტ ჯასპერი, ხოლო მოქმედი პრეზიდენტები - ჰენრი გასტო და ვლადიმერ რუსინოვი. რეზოლუცია, რომელსაც ხელს აწერდნენ ივ. ბერიტაშვილი, ჰ. ჯასპერი, ჰ. გასტო და ვ. რუსინოვი, და რომელიც ერთხმად მიიღო კოლოქვიუმის დელეგატებმაც, შეიძლება მიჩნეული იქნას IBღO-ს დაბადებად. ორი წლის შემდეგ, 1960 წელს კანადის პარლამენტმა დაამტკიცა თავის ტვინის საერთაშორისო ორგანიზაციის დაფუძნება, რომელმაც ბინა დაიდო ევროპაში, პარიზში.
მოსკოვის კოლოქვიუმის უცხოელი მონაწილეები გაემგზავრნენ ლენინგრადში, კიევსა და თბილისში, სადაც ესტუმრნენ ღირსშესანიშნაობებს და დაათვალიერეს მრავალი ლაბორატორია, მათ შორის ბერიტაშვილის ინსტიტუტი თბილისში. საქართველოს დედაქალაქს ესტუმრნენ მეგუნი, ბრეზიე და რობერტ გალამბოსი. სტუმრები უაღრესად დაინტერესდნენ ინსტიტუტში მიმდინარე სამეცნიერო მუშაობით და ესაუბრნენ თანამშრომლებს კვლევების საერთო პრობლემებზე. მიუხედავად ხანმოკლე ვიზიტისა უცხოელი ფიზიოლოგები იმდენად განიმსჭვალენ უღარესად თბილი გრძნობით მასპინძლების მიმართ ნანახისა და განცდილის გამო, რომ ძალიან უჭირდათ ახალშეძენილ მეგობრებთან დამშვიდობება.
მრავალი ცნობილი მეცნიერი სწვევია ფიზიოლოგიის ინსტიტუტს თბილისში, მათ შორის სამი ნობელის პრემიის ლაურეატი რ. გრანიტი, ა. ჰოჯკინი და ბ. კატცი. აგრეთვე ვ. ეიდი, ტ. ბალლოკი, რ. დოტი, ჰ. გასტო, ჰ. ჰაქსლი, ე. კონორსკი, კ. ლისაკი, მ. მისკინი, ვ. ნაუტა.

ივანე ბერიტაშვილის მეცნიერულ მემკვიდრეობად აღიარებულია: 1. ნეიროფიზიოლოგია, ამ მხრივ სრულყოფილად ჩამოყალიბებული დებულებები სპინალური რეფლექსების ცენტრალური კოორდინაციის,
ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ზოგადი შეკავებისა და თავის ტვინის ჰემისფეროთა ურთიერთობის საკითხების შესახებ;
2. ქცევათმეცნიერება, ივანე ბერიტაშვილი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ცხოველთა ქცევა და საზოგადოდ ფსიქიკური მოქმედება ვერ აიხსნება მხოლოდ პირობით-რეფლექსური მოქმედებით, ან უპირობო და პირობით რეფლექსთა უწყვეტი ჯაჭვით. ბერიტაშვილმა აღმოაჩინა ზოგიერთი ისეთი კანონზომიერება, რომელიც მანამდე არ იყო აღწერილი. კერძოდ, მან პირველმა განაცხადა სათანადო ექსპერიმენტულ შედეგებზე დაყრდნობით, რომ თავის ტვინში დროებითი ნერვული კავშირები ყალიბდება არა მარტო ერთი მიმართულებით - პირობითი გამღიზიანებლის მიმღები კერიდან უპირობო გამღიზიანებლის მიმღებ კერამდე, როგორც ეს პავლოვმა აღმოაჩინა მანამდე, - არამედ საპირისპირო მიმართულებითაც, - უპირობო გამღიზიანებლის მიმღები კერიდან პირობითი გამღიზიანებლის მიმღებ კერამდე. მოგვიანებით ბერიტაშვილის ეს დებულება, დროებითი კავშირების ორმხრივი მიმართულებით განვითარების შესახებ, მრავალმა მეცნიერმა დაამტკიცა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც ბერიტაშვილის აღნიშნული დებულება აღიარა, თავად პავლოვი იყო.
კიდევ ერთი ფენომენი, რომლის აღმოჩენითაც გაამდიდრა ბერიტაშვილმა პავლოვის თეორია `უმაღლესი ნერვული მოქმედების შესახებ~, იყო თავის ტვინის ფუნქციონირების ე.წ. `სინთეზური მოქმედების~ უნარი, განსვავებით ე.წ. `ანალიზური მოქმედებისგან~. პავლოვის თეორიულ განზოგადებათა ერთ-ერთ მთავარ დებულებას წარმოადგენს თავის ტვინის ქერქის თვისება, მოახდინოს სხვადასხვა გამღიზიანებელთა ურთიერთისგან განსხვავება, გამორჩევა, დიფერენციაცია, ანუ ანალიზი. ბერიტაშვილმა კი ითავა თავის ტვინის სინთეზის უნარის გამოკვლევა.




ამ რთული ფუნქციის გამოსავლენად, ბერიტაშვილი და მისი მოწაფეები სხვადასხვა კლასის უმაღლეს ხერხემლიან ცხოველებს გამოუმუშავებდნენ პირობით რეფლექსებს რთულ, კომპლექსურ სტიმულებზე. მრავალნაირი ცდების შედეგთა ანალიზით ბერიტაშვილი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ კომპლექსური გამღიზიანებლის მოქმედება არ შეიძლება განხილული იქნას, როგორც კომპლექსში შემავალი ცალკეული კომპონენტთა მოქმედების უბრალო ჯამი. თავის ტვინი აწარმოებს კომპონენტების გამთლიანებას, სინთეზს. კომპლექსურ გამღიზიანებელზე პირობითი რეფლექსის გამომუშავებისას საბოლოოდ დგება ისეთი მომენტი, როდესაც პირობით რეფლექსს გამოიწვევს მხოლოდ და მხოლოდ სიგნალად აღებული კომპლექსური სტიმული და არა მასში შემავალი ერთი ან რამდენიმე კომპონენტი. უფრო მეტიც, თუ ამ კომპლექსს გამოაკლდა ერთი ან რამდენიმე კომპონენტი, იგი პირობით რეაქციას აღარ გამოიწვევს. Fფაქტის-ნერვული მექანიზმებით
ახსნის საფუძველზე ბერიტაშვილმა დაასაბუთა თავის ტვინის სინთეზური ფუნქცია, რომელიც მის შემდეგ მრავალმა ფიზიოლოგმა დაამტკიცა.
3. ფსიქონერვული ქცევა
თავისუფალი მოძრაობის მეთოდით პირობითი რეფლექსების შესწავლისას, ბერიტაშვილი წააწყდა მოვლენებს, რომელთა ახსნა შეუძლებელი იყო მხოლოდ პავლოვისეული პირობითი რეფლექსებით. მაგ, თუკი ცხოველი მოცემულ ადგილას მხოლოდ ერთხელ მიიღებდა საკვებს, იმავე ან მეორე დღეს იგი თავად გარბოდა იმავე ადგილისკენ გაღიზიანების გარეშე. ბერიტაშვილმა დაასკვნა, რომ უმაღლეს ხერხემლიანებს საკვების აღქმისას წარმოექმნებათ `ხატი~ საკვებსა და მის ადგილმდებარეობის შესახებ. ეს `ხატი” რეპროდუცირდება, როდესაც ცხოველი აღმოჩნდება იგივე ადგილმდებარეობაში სადაც პირველად აღმოაჩინა საკვები. ასეთ ხატით-რეგულირებად ქცევას ბერიტაშვილმა ფსიქონერვული ქცევა უწოდა. 1932-1936 წლებში მან ჩამოაყალიბა თავისი დოქტრინის ფუნდამენტური პრინციპები: 1) ნეირონულ ანსამბლებს გააჩნიათ გარემოს ელემენტების ინტეგრაციის უნარი ერთ მთლიან გამოცდილებაში, 2) დროებითი კავშირები ფსიქონერვულ წრეებსა, ქერქისა და ქერქქვეშა მოტორულ ცენტრებს შორის ინტეგრირდებიან იმ შედეგით, რომ ხატით წარმართული ქცევა ადვილად ავტომატიზდება; 3) ფსიქონერვული ქცევა განსაზღვრავს ცხოველის ძირითად ქცევას, და ზოგიერთ შემთხვევაში თრგუნავს პირობით- და უპირობო რეფლექსურ ქცევას. მორფოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით, ბერიტაშვილმა დაასკვნა, რომ თავის ტვინის ქერქის III და IV შრეებში არსებული მოკლე აქსონიან ვარსკვლავისებურ ნეირონებს უნდა გააჩნდეთ განსაკუთრებული ფუნქცია ფსიქონერვულ მოქმედებაში.
ბერიტაშვილმა თავისი თეორია სრულად ჩამოაყალიბა მონოგრაფიაში `Об основных формах нервной и психонервной деятельности~, რომელმაც უარყოფითი გამოძახილი ჰპოვა პავლოვის სკოლის მხრიდან. ბერიტაშვილის დასკვნა, რომ ფსიქონერვული მოქმედება პრინციპულად განსხვავდება პირობითი რეფლექსებისგან, გახდა განსაკუთრებული მიზეზი საბოლოო კონფრონტაციისთვის რუსი ფიზიოლოგების მხრიდან. ბერიტაშვილის თანახმად, პირობით-რეფლექსური ქცევის ნერვულ საფუძვლებთან შედარებით, ფსიქონერვული ქცევის ნერვული სუბსტრატი განსხვავდება მორფოლოგიური თავისებურებებით. აღნიშნული განსხვავება ბერიტაშვილის მოსაზრებასა და პავლოვის სკოლის წარმომადგენლებს შორის გახდა საფუძველი ბერიტაშვილის `ანტიპავლოვისტად~ გამოცხადებისა. ეს მოხდა 1950 წელს მოსკოვში საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიისა და სამედიცინო აკადემიის ერთობლივ სესიაზე, რომელიც მიეძღვნა აკადემიკოს ივ. პავლოვის ფიზიოლოგიურ კონცეფციებსა და სამეცნიერო მემკვიდრეობას. ბერიტაშვილი, პროფესორებთან ლ.ორბელთან, პ. ანოხინთან,  ა.სპერანსკისთან, ლ.შტერნთან, ნ. როჟანსკისთან და სხვა გამოჩენილ მეცნიერებთან ერთად გამოცხადდა `პავლოვის მოძღვრების მტრად”. მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთმა გამომსვლელთა ბერიტაშვილს უწოდა საბჭოთა კავშირის იდეოლოგიური და პოლიტიკური მტერი, რომელიც უცხადებს სოლიდარობას აშშ-ს რეაქციონერ მეცნიერებს, რომელთაც სურთ ატომური ბომბების ჩამოგდება საბჭოთა ქალაქებზე. ყოველივე ეს იყო შედეგი მეცნიერების პოლიტიზაციისა და მეცნიერებაზე სახელმწიფო კონტროლის სისტემის დამყარებისა. ამის შედეგად ბერიტაშვილი გადააყენეს ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობიდან და აუკრძალეს სამეცნიერო მოღვაწეობა. ის ჩამოშორდა ლაბორატორიაში კვლევით მუშაობას, ხოლო მის თანამშრომლებსა და მოწაფეებს ეშინოდათ მასთან სახლში მისვლა. მაგრამ ბერიტაშვილს არ შეეძლო უქმად ყოფნა. მან დაიწყო საქართველოში ბიოლოგიური აზროვნების განვითარების შესწავლა უძველეს ქართულ ხელნაწერებში. ეს სრულიადნ დამახასიათებელი იყო მისი პიროვნებისთვის. იგი ინტენსიურად მუშაობდა არქივებსა და ბიბლიოთეკებში. ბერიტაშვილის ცხოვრების ეს პერიოდი დაგვირგვინდა წიგნით `მოძღვრება ადამიანის ბუნების შესახებ საქართველოს უძველესი დროიდან მე-14 საუკუნემდე~, რომელიც თბილისში ქართულად გამოიცა 1957 წელს, ხოლო რუსულად - 1961 წელს.
სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ე.წ. `დათბობის~ პერიოდისთვის, 1955 წელს ფიზიოლოგთა, ბიოქიმიკოსთა და ფარმაკოლოგთა საკავშირო ყრილობამ, ხოლო შემდეგ საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა დაგმო და უარყოფითად შეაფასა 1950-1953 წწ. პერიოდის ყველა რეზოლუცია და გადაწყვეტილება. უკლებლივ ყველა, ერთ დროს მტრად შერაცხული, რეპრესირებული მეცნიერი ხელახლა დაუბრუნდა თავის სამუშაოს. ივ. ბერიტაშვილი არჩეული იქნა ცხოველთა ქცევის განყოფილების გამგედ და ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ.
ივანე ბერიტაშვილმა განაგრძო მეცნიერული კვლევები ფსიქონერვული ქცევის საკითხებზე. Aამ მიმართულებით მან ფუნდამენტურად შეისწავლა ორგანიზმის სივრცითი ორიენტაციის, ემოციებისა და მეხსიერების საკითხები
ინსტიტუტში დაბრუნების შემდეგ ბერიტაშვილმა ყურადღება მიაპყრო სივრცითი ორიენტაციის პრობლემებს უმაღლეს ხერხემლიანებში, ბავშვებსა და მოზრდილებში. გარემოს სივრცითი ორიენტაცია ვლინდება აღქმული ობიექტის მდგომარეობის პროეცირების ან ლოკალიზაციის უნარში საკუთარ თავთან და/ან სხვა გარეშე ობიექტებთან.
ახლახანს უცხოელმა მეცნიერებმა თანამედროვე ექსპერიმენტული მეთოდებით დაადასტურეს ადამიანებისთვის ბერიტაშვილის მიერ ჯერ კიდევ 50 წლის წინ მიღებული შედეგები და ის დაუკავშირეს თავის ტვინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრუქტურას - ჰიპოკამპს.
ივ. ბერიტაშვილისა და მისი თანამშრომლების მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა უჩვენეს, რომ მოზარდთა ონტოგენეზში სივრცითი წარმოსახვები პირველად წარმოიქმნება მხედველობითი აღქმისათვის, შემდეგ ვესტიბულური, და ბოლოს, სმენითი აღქმისათვის.
ემოციების შესწავლა
ბერიტაშვილი იყო პირველი საბჭოთა კავშირში, რომელიც შეისწავლიდა ემოციების ფუნდამენტურ ფიზიოლოგიურ საფუძვლებს 1950-1965 წლებში. ქერქული ექსტირპაციისა და ქერქქვეშა სტრუქტურების დაზიანების მეთოდებით, და ამ სტრუქტურების ელექტრული სტიმულაციით ცხოველთა თავისუფალი მოძრაობის პირობებში, მან აღმოაჩინა, რომ თავის ტვინის ძველი ქერქი, ანუ პალეოკორტექსი წარმოადგენს ძირითად სუბსტრატს ემოციური რეაქციებისთვის. აქ ხდება ტკივილის, შიმშილის, შიშის, გააფთრების შეგრძნება და ამავე დროს ახალი ქერქი, ანუ ნეოკორტექსი ჩართულია ემოციური რეაქციების რეგულაციაში. ამის შემდგომ, ბერიტაშვილმა დაასკვნა, რომ ქცევის ორგანიზაცია, მისი შინაგანი ემოციური შეგრძნებებითა და გარეგანი გამოვლინებებით, უნდა აღიძვრებოდეს ლიმბურ სისტემაში.
მეხსიერების პრობლემა
ბერიტაშვილმა ცხოვრების უკანასკნელი პერიოდი მიუძღვნა მეხსიერების შესწავლას. მან ხერხემლიან ცხოველთა მეხსიერება დაჰყო 3 ტიპად: 1.ხატისმიერი, 2.ემოციური, 3.პირობით-რეფლექსური. იგი ხატისმიერ მეხსიერებას სწავლობდა დაყოვნებული რეაქციების მეთოდით ცხოველთა თავისუფალი მოძრაობის პირობებში. ბერიტაშვილმა თავის თანამშრომლებთან ერთად განახორციელა ხატისმიერი მეხსიერების ფილოგენეზის ფუნდამენტური გამოკვლევა.
ყველა ხერხემლიანისთვის ხატისმიერი მეხსიერება არის წინა ტვინის აქტიობის შედეგი; ქერქის განვითარებასთან ერთად, ხატისმიერი მეხსიერება გადაიქცევა სულ უფრო მნიშვნელოვან ფუნქციად. მაგ, პრორეალური ხვეულის ასოციური უბნები და საფეთქლის წილი თამაშობენ გადამწყვეტ როლს შეცნობილი ობიექტების ხატების შენახვაში. ბერიტაშვილს მიაჩნდა, რომ ხატისმიერი მეხსიერების სუბსტრატს უნდა წარმოადგენდეს ნერვული წრეები პრორეალური ხვეულსა, მხედველობით ქერქსა, ქვედა საფეთქლის წილის ქერქსა და ჰიპოკამპს შორის.
მეხსიერების თანამედროვე თეორიების კონტექსტში ბერიტაშვილის ხატისმიერი მეხსიერება შეესაბამება დასავლელი მეცნიერების დეფინიციებს, როგორებიცაა ლ. სქუირის `დეკლარაციული მეხსიერება~, `ე. კენდელის `ჭეშმარიტი მეხსიერება~, პ. გოლდმან-რაკიჩის `შინაგანი წარმოდგენა~, და ჯ. ოკიფის `კოგნიტიური რუქა~.
მეხსიერების რთული პრობლემის ამოსახსნელად ბერიტაშვილი ფიზიოლოგიურ მეთოდებთან ერთად ფართოდ იყენებდა ჰისტოლოგიურ და ბიოქიმიურ მეთოდებს. ცნობილი შვედი ბიოქიმიკოსის ჰ. ჰიდენის თანადროულად ბერიტაშვილმა დიდი ყურადღება მიაქცია მეხსიერების პრობლემის მოლეკულურ ასპექტებს. დღეს ამ საკითხების შესწავლა თანამედროვე ნეირომეცნიერების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს, რისი დადასტურებაც გახლდათ ამერიკელი მეცნიერისთვის ერიკ კენდელისთვის 2000 წელს ნობელის პრემიის მინიჭება მეხსიერების მოლეკულური ასპექტების გარკვევისათვის.
ბერიტაშვილის მეხსიერების პრობლემისადმი მიძღვნილი წიგნი `Память позвоночных животных: ее характеристика и происхождение~ პირველად გამოქვეყნდა თბილისში რუსულად 1968 წელს. სამი წლის შემდეგ იგი გადათარგმნილი იქნა ინგლისურად ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფ. ჯონ ბარლოუს მიერ და გამოქვეყნდა ნიუ-იორკში. მეორე, გადამუშავებული და გაფართოებული გამოცემა გამოვიდა მოსკოვში (Бериташвили, 1974).
ბერიტაშვილის ხატისმიერი მეხსიერების დოქტრინასთან დაკავშირებით, ცნობილი კანადელი ფსიქოლოგის დონალდ ჰები აღნიშნავს: `ჩემთვის უაღრესად სასიამოვნოა პატივი მივაგო ბერიტაშვილის ფართო და ფუნდამენტურად მნიშვნელოვან შრომას, მიძღვნილს ქცევის ფიზიოლოგიისა და ფსიქოლოგიისადმი. როგორც ამ შრომის ნაწილი, მან უჩვენა ხატის კონცეფციის მნიშვნელობა ცხოველთა ქცევის ანალიზისა და გარკვევისათვის. სრულიად ცხადია, რომ იგი ასევე მიესადაგება ადამიანის ქცევასაც, და შეიძლება კიდევ უფრო მეტადაც~.
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ბერიტაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ცხოველთა რთული, მიზანმიმართული ქცევისთვის დამახასიათებელი რაციონალური მოქმედების საფუძველს წარმოადგენს მეხსიერებაში შენახული გარემოს ხატი, და რომ ცხოველები მასზე დაყრდნობით  აგებენ საკუთარი მიზნების მიღწევის გზებს.
ივანე ბერიტაშვილის მოღვაწეობა ქუთაისში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის (1930) შემდეგ, საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილების საფუძველზე, განათლების სახალხო კომისრის 1933 წლის 8 იანვრის დადგენილებით, თბილისის უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი პედაგოგიური ინსტიტუტი გადაყვანილ იქნა ქ.ქუთაისში. პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენდა პროფესორ-მასწავლებელთა კადრებით ინსტიტუტის დაკომპლექტების საკითხის მოგვარება. Aამ მიზნით ქუთაისში წამოსვლაზე თანხმობა განაცხადეს ქართული მეცნიერული ელიტის ცნობილმა წარმომადგენლებმა: გიორგი ახვლედიანმა, ანდრია ბენაშვილმა, ივანე ბერიტაშვილმა, მოსე გოგიბერიძემ, სარგის კაკაბაძემ, კორნელი კეკელიძემ, იასონ მოსეშვილმა, შალვა ნუცუბიძემ, Dდიმიტრი უზნაძემ, სიმონ ყაუხჩიშვილმა, აკაკი შანიძემ, ალექსანდრე ჯავახიშვილმა და ალექსანდრე ჯანელიძემ. მათ მიბაძეს უნივერსიტეტის აღზრდილებმა, შემდეგში აკადემიკოსებმა: ალექსანდრე ბარამიძემ, კოტე ბაქრაძემ, ნიკო ბერძენიშვილმა, ანგია ბოჭორიშვილმა, ლევან გოკიელმა, ვარლამ თოფურიამ, ნიკო კეცხოველმა, მათე მირიანაშვილმა, მიხეილ საბაშვილმა, ალექსანდრე ფრანგიშვილმა, Aარნოლდ ჩიქობქვამ, შოთა ძიძიგურმა, გიორგი ძოწენიძემ და გიორგი ჯიბლაძემ. აღნიშნულ პროცესში ჩაერთნენ აგრეთვე ახალგაზრდა თაობა, შემდეგში პროფესორები: მექი ბექაია, ალექსანდრე გოცირიძე, გიორგი თავზიშვილი კონსტანტინე მეძველია, ლუკა ჭელიძე, გრიგოლ ხაჟალია და სხვები.
1933 წლის 3 თებერვალს გამოიცა განათლების სახალხო კომისრის № 61 …ბრძანება  კათედრის გამგეების დანიშვნის შესახებ, მათ შორის იყვნენ ცნობილი მეცნიერები: Dდიმიტრი უზნაძე-ფსიქოლოგიის, ივანე ბერიტაშვილი-ფიზიოლოგიის, სარგის კაკაბაძე-საქართველოს ისტორიის, ნიკოლოზ კეცხოველი-ბოტანიკის, იასონ მოსეშვილი –ქიმიის, ალექსანდრე ჯავახიშვილი-გეოგრაფიის, კორნელი კეკელიძე-ქართული ლიტერატურის, Aარნოლდ ჩიქობავა-ქართული ენის, ლევან გოკიელი-მათემატიკის, გიორგი ახვლედიანი- ენათმეცნიერების და სხვა. სექტემბრის თვიდან დაემატა ახალი კათედრები: ტექნიკური ქიმიის-გამგე მექი ბექაია, გეოლოგია-მინერალოგიის- გამგე გიორგი ძოწენიძე, ორგანული ქიმიის- გამგე ივანე გვერდწითელი და სხვ., სულ ჩამოყალიბდა 21 კათედრა.         განსკუთრებით უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ თბილისის უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებულ სხვადასხვა ინსტიტუტებში ფიზიოლოგიის კათედრებს ხელმძღვანელობდნენ ივანე ბერიტაშვილის რეკომენდაციით მისი აღზრდილი სპეციალისტი ფიზიოლოგები. ის აგრეთვე ატიურად იყო ჩართული ახლადშექმნილი ლაბორატორიების მოწყობაში. თვითონ კი მუშაობას აგრძელებდა მხოლოდ თბილისის  უნივერსიტეტში ბიოლოგიის სპეციალობის სტუდენტებთან. როცა საკითხი დადგა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში კათედრის შექმნის, მის ხელმძღვანელობასა და ფიზიოლოგიის სწავლებაზე, იგი დათანხმდა შემოთავაზებას, გაფორმდა, როგორც ქუთაისში “ჩამომსვლელი ლექტორი” და დიდი ენთუზიზმით შეუდგა მუშაობას. Mმან, როგორც დიდი გამოცდილების მქონე მკვლევარმა, ყველა პირობა შექმნა ქუთაისში ფიზიოლოგიის, როგორც მეცნიერების დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის. ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ მან თბილისის უნივერსიტეტის კათედრიდან ქუთაისში თან წამოიყვანა მისი აღზრდილი საუკეთესო მოწაფეები, შემდეგში პროფესორები: ალექსანდრე ბრეგაძე, ალექსანდრე გოცირიძე, ლევან ცქიფურიძე, ნიკოლოზ ძიძიშვილი, ნინო ჭიჭინაძე და მიხეილ წერეთელი. სწორედ ამ დიდებულმა შვიდეულმა შექმნა ქუთაისში ფიზიოლოგიის ლაბორატორია, მოამზადეს იგი სასწავლო ექსპერიმენტული სამუშაოებისათვის, დანერგეს სწავლებისა და კვლევის ახალი მეთოდები, გაამდიდრეს იგი ფიზიოლოგიური აპარატურით და ლიტერატურით, რომლებიც დღესაც დაცულია და გამოიყენება ლაბორატორიაში, საფუძველი ჩაუყარეს კვლევითი საქმიანობის ტრადიციებს.
Mმომდევნო, 1934-1935  სასწავლო წლიდან…ივანე ბერიტაშვილმა ქუთაისში ჩამოსვლა ვეღარ შეძლო, ვინაიდან თბილისში ფიზიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებით იგი დაკავებული იყო მრავალი ორგანიზაციული საკითხებით და ინტენსიური კვლევითი მუშაობით.
ივანე ბერიტაშვილის მიერ ქუთაისის პედაგოდიურ ინსტიტუტში დაწყებული სასწავლო და კვლევითი ტრადიციები შემდეგში ბრწყინვალედ განაგრძო და განავითარა მისმა აღზრდილმა მოწაფემ პროფესორმა ალექსანდრე გოცირიძემ. იგი, საბოლოოდ დარჩა Eე.წ. “ჩამომსვლელ ლექტორად”, რომელიც ივანე ბერიტრაშვილის შემდეგ 53 წელი ხელმძღვანელობდა ფიზიოლოგიის კათედრას ქუთაისში, აღზარდა ფიზიოლოთა კადრები, მისი ორგანიზებით გაიმართა 48 საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენცია, გამოაქვეყნა 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.
ივანე ბერიტაშვილს მეცნიერული ურთიერთობა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტთან არ შეუწყვეტია. იგი ხშირად აწყობდა ქუთაისში სამეცნიერო გამსვლელ სამეცნიერო კონფერენციებს. Mმისი ინიციატივით შეიქმნა “საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოება”. სწორედ ამ საზოგადოების სახელით 1964 წლის ოქტომბრის თვეში ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე (რექტორი დოცენტ ივანე გიშხეთელიანი) ი. ბერიტაშვილის ინიციატივით ჩატარდა გამსვლელი სამეცნიერო სესია, სადაც თვითონ იყო მთავარი მომხსენებელი ახალი გამოკვლევებისა “მეხსიერებისა და მისი სტრუქტურულ-ფუნქციური საფუძვლების შესახებ”.
Aასე, რომ აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის ხანგრძლივი მეცნიერული და პედაგოგიური ბიოგრაფიის გარკვეულ მონაკვეთს ქუთაისის უნივერსიტეტში (მაშინდელ პედაგოგიურ ინსტიტუტში) მოღვაწეობაც წარმოადგენს. M
მისი შეხედულებების, მეცნიერული იდეებისა და ორგანიზაციული საქმიანობის გაგრძელების მიზნით ბოლო წლებში მრავალი შემხვედრი ღონისძიებები გატარდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის “ადამიანის ნორმალური ანატომიისა და ფიზიოლოგიის“ კათედრის მიერ (გამგე პროფესორი რენიკო საკანდელიძე), კერძოდ:
2001 წელს ი.ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის (დირექტორი პროფესორი თემურ ნანეიშვილი), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიის განყოფილების (გამგე აკადემიკოსი თემურ იოსელიანი) და ი. ბერიტაშვილის სახელობის საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოების (პრეზიდენტი აკადემიკოსი ვაჟა ოკუჯავა) სახელით (ბერიტაშვილის შემდეგ პირველად) ოქტომბრის თვეში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნუვერსიტეტის ბაზაზე მათი ინიციატივით ჩატარდა გამსვლელი სამეცნიერო სესია,
2004 წელს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნუვერსიტეტის ბაზაზე დაარსდა ი. ბერიტაშვილის სახელობის საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოების ქუთაისის განყოფილება,
2009, 2011 წელები, აკადემიკოს თემურ ნანეიშვილთან ერთად ი.ბერიტაშვილის მეცნიერული კონცეფციების მიხედვით შეიქმნა სადოქტორო პროგრამა “მეხსიერებისა და დასწავლის ნერვული მექანიზმები”, ხოლო 2011 წლიდან დღემდე აქტიურად მოქმედებს სადოქტორო პროგრამა “ნეირომეცნიერებები”. Pპროგრამის ფარგლებში 2016 და 2017 წლებში დაცულია 2 სადოქტორო დისერტაცია (ხ.რუსაძე, ნ.საღინაძე);
2017 წლიდან ი.ბერიტაშვილის მეცნიერული კონცეფციების განვითარების მიზნით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნუვერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებას იწყებს “ფსიქოფიზიოლოგიის” კვლევითი ლაბორატორია.
2017 წელს უნივერსიტეტის დირექციის თანადგომით ძირითად კორპუსში დაარსდა აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის აუდიტორია
მომავლი წლიდან ი.ბერიტაშვილის მეცნიერული კონცეფციების განვითარების მიზნით ვგეგმავთ ახალი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის “ქცევის ფსიქოფიზიოლოგიის” განხორციელებას
სურათი – 1964 წლის

ივანე ბერიტაშვილის თითქმის 70-წლიანი ორიგინალური ექსპერიმენტული და თეორიული კვლევა, რომელიც დაიწყო ნერვ-კუნთოვანი პრეპარატისა და ზურგის ტვინის მარტივი რეფლექსების გარკვევით, და რთული ხატისმიერი მეხსიერებისა და ცხოველთა ფსიქონერვული ქცევის შესწავლით, წარმოადგენს მონუმენტურ წვლილს ფიზიოლოგიასა და ნეირომეცნიერებაში. ფენომენები, რომლებიც მან აღმოაჩინა და ჰიპოთეზები, რომლებიც მან გამოთქვა, წარმოადგენენ მნიშვნევან წყაროს თანამედროვე ნეიროფიზიოლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის მრავალი პრობლემის შემდგომი დეტალური შესწავლისთვის.
ბერიტაშვილის მოღვაწეობა აგრეთვე გამოხატავს არა მარტო მის მიერ თავის ტვინის ნერვული მექანიზმების ძიებას, არამედ მის სიმამაცეს, გამბედაობას და პატრიოტიზმს, და უსაზღვრო ერთგულებას მეცნიერებისადმი, სამეცნიერო იდეებისადმი, პრინციპებისა და ტრადიციებისადმი, და აგრეთვე მის პირად პატიოსნებასა და სამართლიანობის გრძნობას.
Mმისი დამსახურება და მეცნიერული მზრუნველობა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი მეტად მნიშვნელოვანი და ძალზედ საამაყოა, ამავდროულად მისი მეცნიერული კონცეფციების მიხედვით კვლევითი მუშაობის წარმართვა დიდად საპასუხისმგებლოა.




Pპროფესორი რენიკო საკანდელიძე

ი.ბერიტაშვილის სახელობის საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი,

ევროპის ნეირომეცნიერთა საზოგადოებების ფედერაციის (FENშ) წევრი,

ტვინის შემსწავლელი საერთაშორისი ორგანიზაციის (IBღO) წევრი,

ი.ბერიტაშვილის სახელობის საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ხელმძღვანელი.

скачать dle 12.1