გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ალექსანდრე ელერდაშვილი - თარგმანი (იტალიური, ფრანგული და ესპანური პოეზია)

დანტე  ალიგიერი

სონეტი

აწ სატრფო ჩემი ისე ნაზად და ისე კრძალვით დაიარება, სალამს უძღვნის ნაცნობებს ოდეს...
მას ვინც შეხედავს, მღელვარებით ის უნდა თრთოდეს და ვეღარც სათქმელს თავს უყრიდეს წვითა და ალვით.

დაიარება, ისმენს ხოტბას გრძნობათა მალვით, ცდილობს სახეზე ღიმილიც კი არსაით კრთოდეს, და  თითქოს   ციდან  მოვლენილი  იერი  მოსდევს დედამიწაზე სასწაულთა გზების გაკვალვით.

ვისაც შეხედავს, მიანიჭებს სიამეს წამით, უძღვნის სინაზეს, თითქოს ეტყვის იდუმალ ამით - შენც განიცადე ნეტარება ჩემებრ ლაღადო...

და როს ვნებით და გრძნეულებით სავსეა და როს მზადაა სადმე გზასავალზე შემომეყაროს,
მზად ვარ მეც სული სიყვარულით ამოვღაღადო.

ფრანჩესკო  პეტრარკა

სონეტები

001
თქვენ, ვისაც გესმით ჩემს ლექსებში მიმობნეული გრძნობები, როცა სიყვარულმა მომგვარა სევდა, როცა კვალდაკვალ სიჭაბუკის სიშმაგე მდევდა და თითქოს სხვა სულს ატარებდა ჩემი სხეული,

თქვენ მიმიხვდებით, რატომ ვიყავ ტრფობით სნეული, დამაიმედებთ, რომ ამაო სატკივარს ვძლევ და გაიგებთ, გულის მაგივრობას დარდი რომ სწევდა, თქვენ, ვინც ყოფილხართ სიყვარულით გზაარეული.

და ახლა, დიდხანს სიცოცხლე რომ არ დამრჩენია, დღეს როცა ჩემგან დარჩა მხოლოდ ზღაპარი ძველი, ვიხსენებ წარსულს და რატომღაც ძლიერ მრცხვენია

და ამ სირცხვილის დავიწყებას ამაოდ ველი... ეჰ, სიყვარულის სინანული მძიმე სენია,
თვით სიცოცხლე კი სიზმარია, ტაატით მსვლელი.

003
ეს მოხდა იმ დღეს, მზის სხივების მწველი ალები როდესაც დაცხრა წუთისოფლის მბრძანებლის ნებით, როდესაც, თავზარდაცემულებს უცნობი ვნებით,
ჩემს თვალებს შეხვდნენ, ქალბატონო, თქვენი თვალები.

მე არვის კვალში სიყვარულით ნაწანწალები
არ ვიყავ მაშინ, არც გრძნობათა თავდასხმას გზნებით ველოდი, მაგრამ უცაბედად მოგვრილი სნებით
ახლა შევიქენ გატანჯული და ნაწვალები.

მე დამატყვევა, უღონო და უიარაღო, სიყვარულმა და მოიძია მან გზად და ხიდად ჩემი თვალები და ჩემს გულშიც კარიც გააღო...

ჩემი ტკივილით ნუთუ იგი გალაღდა დიდად?! მე მისგან გული თუ მაქვს სევდის საიალაღოდ,
თქვენ  ის არ გავნებთ, ქალბატონო.... იყავით მშვიდად!

007
უნიათობის, სიხარბის და ამაოების შემოძალებით მიჭირს ყოფნა ქვეყნად ამიერ, ზნე თუ ადათი, ჩვენი მხსნელი მრავალჟამიერ, აწ მძევალია უსაშველოდ ბილწი დროების.

აწ მოიქუფრა ცა სიკეთის და სათნოების, აწ შევიცვალეთ უზნეობის გამო და მიერ,
და აღარსად ჩანს თუნდაც ზოგჯერ ჟამით ჟამიერ აწ ზნეკეთილი ძე იმედის და სასოების.

ყოველი ბრიყვი საგვირგვინედ დაეძებს დაფნას, ყველას შეუჩნდა უბადრუკი ფილოსოფია,
რომ ამოუვსოს შავი ხახა ქონებით საფლავს...

შენზე კი ეჭვით არასოდეს მიორჭოფია,
შენს ტკბილ სულს, ჩემო მეგობარო, ვნება ვერ ზაფრავს, შენ არავინ გგავს, წუთისოფლად ვინც ნამყოფია.

იტალიური  საბავშვო  პოეზია

* * *
ფურცელ–ფურცელ კალენდარი შრიალებს, დრო ახალ წელს სანამ მოაბრიალებს,

ჩაიქროლებს დღე–ღამეთა ზღაპარი, აინთება საახალწლო ლამპარი,

ახალი დრო თან სიკეთეს იახლებს და მოიტანს აურაცხელ სიახლეს.

სასიკეთო ნატვრითა და ოცნებით,
სხვებს დავკოცნით და ჩვენც დავიკოცნებით,

დაპირებებს დავარიგებთ იაფებს, ტაძრებს სანთლის შუქი ააკიაფებს,

რომ ატყდება საჩუქრების ტრიალი, ცას შესწვდება ჩვენი გულისფრიალი,

ჩვენს უსაზღვრო სიხარულს რომ ნახავო, მოდი მაშინ... მოდი, წელო ახალო!

* * *
ორშაბათი ამბობს: `ჩქარა! ამოძრავდით ყველაო!~... სამშაბათი უარზეა: `ჩქარა არა – ნელაო!~ ოთხშაბათი გაჩხერილა არხეინად შუაში... ხუთშაბათსაც სულ არ მოსდის ფაციფუცი ჭკუაში... პარასკევი ვინმეს ეძებს მეგობრობის იმედით, შაბათი კი აღმა-დაღმა დაქრის ველოსი პედით...
ნეტავ კვირა რაღას ფიქრობს, რას წუხს და რას განიცდის? გათენდება კვირადღე და თავის საქმე მან იცის.

* * *
დაიწყება მალე თოვა, თეთრი ფანტელები მოვა...

როგორც  აურაცხელ   ფიქრებს, ცა დაგვაყრის ზღაპრულ ფიფქებს,

და ჩვენც ციურ ვარდის კონებს მათი ხილვა მოგვაგონებს...

მდუმარედ და ნება-ნება თოვლი მიწას ეფარება,

რომ აღავსოს ყველას გული სიმშვიდით და სიყვარულით.

* * *
დაბალი ხმით ვისაუბროთ, ბავშვებს ლექსი ვუამბოთ: ნეტავ ღამით ვინ სად დადის - აზრით ანდა უაზროდ?

იქნებ ვინმე პრინცია და ღამის ორომტრიალი
არ ასვენებს, რადგან ესმის მას ფოთოლთა შრიალი?!

იქნებ ვინმე ჯუჯაა და თავისნაირ ძმაბიჭებს
ლოტოს კოჭებს ურიგებს და ფეხებს ფრთხილად აბიჯებს?!

იქნებ ვინმე ბატონია, კბილი სტკივა საბრალოს
და არ იცის ეს ტკივილი სხვას ვის გადააბრალოს?!

იქნებ ვინმე დარაჯია, ან სამხედრო გუშაგი,
ბნელი ღამით სულ რომ ფხიზლობს ვით ერთგული მუშაკი?!

ქალაქიდან გაქცეულა დღეს ქურდი და ხიზანი... დაიძინეთ პატარებო, ნახეთ ტკბილი სიზმარი!

ჯანი  როდარი

იმედი

მინდა მქონდეს მაღაზია პაწია...
კარს გავხსნიდი, ყველას გავუღიმებდი... იცით, რად მსურს მე ეს გაწამაწია? გასაყიდი რა მაქვს? რა და – იმედი!

გავძახებდი: `ხელმისაწვდომ ფასადაც ვყიდი იმედს, ბითუმად კი – იმედებს", ერთის ნაცვლად ექვსს მივცემდი და სადაც ფულს იმედში ყველა გამოიმეტებს.

მერე ვუხმობ ღატაკებს და ღარიბებს, ვინც ცხოვრებამ იმედს გადააჩვია,  და უფულოდ მათთვის ჩამოვარიგებ მთელ იმედებს, რაც კი რამ გამაჩნია.


საახალწლო სურვილები

საახალწლო სურვილები, მინდა, გაგიზიაროთ
და ჩვენ მათი ასრულებით მუდამ ერთად ვიაროთ:

მინდა, იყოს იანვარი აპრილივით მზიანი,
გრილ ივლისად გარდაიქმნას მარტი თავაზიანი,

მე დღე მინდა ისეთი, რომ ღამე აღარ მახსოვდეს, რომ არ ქროდეს ქარიშხალი ზღვაზე აღარასოდეს,

თბილი პურის სუნი მცემდეს, სადმე გზად რომ ჩავივლი, კვი პაროსმა გამოისხას ერთხელ ატმის ყვავილი,

ძაღლი იყოს კატისათვის მეგობარი რჩეული,
რძე მენახოს შადრევნიდან დილით ამოფრქვეული...

თუ ზედმეტი რამ ვინატრე, შემიცვალეთ ის იმით, რომ ვიარო მთელი წელი ბედნიერი ღიმილით.

სამახსოვრო

ზოგი საქმე დღისით უნდა აკეთო, ან ისწავლო, ან თამაშის ადგილი გამოძებნო ხტუნვით იქით-აქეთო, დაიბანო და მიირთვა სადილი.

ზოგი საქმე ღამისაა... გჭირდება ძილისათვის რომ ლოგინი დაიგო, იქ თავისთვის ბალიშიც რომ იდება, სჯობს, რომ ყურით არაფერი გაიგო.

ზოგი საქმე არც დღისით და არც ღამით არ ხდებოდეს, ყველა ამის მდომია,
არც ზღვაზე და არც ხმელეთზე - არსაით! და ასეთი, მაგალითად, ომია.


ფრანგული  პოეზია

ვიქტორ  ჰიუგო

მე რომ მეფე ვიყო, შენთვის ვაგუგუნებ ქვეყნად ზარებს,
თავს დაგახვევ იმდენ მხევალს, რომ თვალო და ვეღარ თვალო... გიძღვნი მეფის ტახტს და გვირგვინს და ძოწისფერ აბაზანებს  და სამეფო ფლოტილიას, ყველა ზღვას რომ აზანზარებს,
ოღონდ ნაზად შემომხედე შენ, უცნობო ქალო.

მე რომ ღმერთი ვიყო, გიძღვნი ამ ზღვის ტალღებს და ამ ხმელეთს, ფერიებად ვაქცევ ჭინკებს, შენ რომ მშვიდად უთვალთვალო,
რომ ქვესკნელის ყველა განძი შევკრიბო და მოგცე შენ ერთს, რომ უმზერდე ლაჟვარდების მარადიულ ელეთ-მელეთს, ოღონდ ერთხელ გეამბორო შენ, უცნობო ქალო.

თეოფილე  გოტიე

უმანკოება გულს წარვტაცე ვაი, რომ ადრე... ვაი, რომ გაქრა სიამის და ტრფობის ცდუნება... რად მოვეპყარი ასე დილას?!   აუგი ვკადრე?! რატომ ინება საუკუნოდ არდაბრუნება?!

რატომ? ცვარ-ნამსაც, აგერ, სურს რომ თავი ანებოს და ჩაიწრიტოს მცენარეთა მწვანე კაბაში,
რომ ცივ ქარებში უნატიფეს ყვავილს _ ანემონს _ საღამომდეც  კი  არსად  შერჩეს   ფერთა  კაშკაში.

აგერ, ანკარა წყაროს წყალში შობილი ტალღა ქვიშაში გავლით სიანკარეს კარგავს მაშინვე, ახედეთ ღრუბელს, სიქათქათით რომ ჩანდა მაღლა, ძირს დაეშვა და მოიქუფრა დაშვებაშივე.

წუთისოფელი ასეთია _ თავის მარწუხებს ჩაგვავლებს,   რათა ჩვენგან დრო და ჟამი ი პაროს...
რაც გვალხენს, ქრება და კვალში გვდევს ის, რაც გვამწუხრებს, ვარდს ერთი დღე აქვს,   ხოლო ასი წელი _ კვი პაროსს.

პოლ  ვერლენი

გულზე ცრემლებს მაფრქვევს სევდა, როგორც ქალაქს ნაწვიმარს...
რა სევდაა, ან რად მდევდა, დამინდობს თუ გამწირავს?!

მიწა ისმენს წვიმის ჰანგებს, ზეცა გადაინისლა...
მოწყენილ გულს მკერდში აგნებს სიმღერები წვიმისა.

უმიზეზოდ ტირის გული, მომაბეზრა თავი და
ან რით არის გათანგული ან რა ზღვარს გადავიდა?!

გულს ტკივილი გარს რომ უვლის, სულ უბრალოდ აიტანს -
არც სიყვარულს, არც სიძულვილს არ გრძნობს აღარავითარს.

ესპანური  პოეზია

ფედერიკო  გარსია  ლორკა

შიშით ვუმზერ შენს თვალებში დაბუდებულ ჯადოს და მგონია დასაკარგად არის მარად მზად ის,
ვშიშობ, რომ აწ მხოლოდ ჩემთვის აღარ დანავარდობს შენს ღაწვებზე ღამის სუნთქვა, ვით სურნელი ვარდის. ამ ნაპირზე, მე კი არა, თვით სიცოცხლეც დარდობს
და ხეს ვგავარ უტოტებოს და ვერ ვპოვებ ადგილს, სადაც შვებას შევიგრძნობ და მივცემ რამე საზრდოს ტკივილს, რაიც ჩემს სხეულში დამშეული დადის.
თუ ხარ ჯვარი საფიცარი, თუ ხარ გულის ურვა,
თუ განძი ხარ, რაც მამხნევებს ან რაც აღმაშფოთებს, თუ, ვით ძაღლი, ბატონობამ შენმა დამიურვა,
არ წამართვა, რაც მწადია, რომ ჩემს სულში თრთოდეს და აღირსე შენთა წყალთა მდინარეში ცურვა
ჩემი მწირი შემოდგომის გაყვითლებულ ფოთლებს.




ანტონიო  მაჩადო

`ზაფხულის  ღამე~

ზაფხულის ღამით... სევდიან ღამით, გაიჭრიალა აივნის კარმა
და დამანახა სახე სულ წამით სიკვდილმა, როგორც უცხო სტუმარმა.

მე არც შემხედა, იმ საწოლს უმალ, სადაც დაწყვიტა რაღაც სიმები, მიადგა ის და მარად იდუმალ ჩვენს არსებობას მოსწყდა იმედი.

სიცოცხლე სიკვდილს როცა მინებდა, როცა მოეჭდო გულზე მარწუხად,
შევძახე _ „ეს რა ჩაიდინე“ _ და მას არაფერი უთქვამს პასუხად.

დამშვიდდა ბავშვი... ვიგრძენ მაშინ ის, ტკივილის არსი რარიგ ავია...
თურმე გაწყვეტა სულთა კავშირის სიკდილზე უფრო შემზარავია.

ხოსე  ფერნანდო  აგუეროს  გონსალესი
თანამედროვე ესპანელი პოეტი და მომღერალი

„კანტაბრიის ქარი“

მინდა შემომხვდეს მოდუდუნე მდინარე წინ და მინდა მგელს ვგავდე და დავსველდე წვიმით ღამეში, ვიგრძნო მაისის სურნელება... შევიცნო მინდა,
რაც რამ არსებობს ჩემს მშობლიურ არემარეში. გზა გამინათოს, მინდა, მთვარის სხივთა ციალმა, გზის დასასრულში განთიადის ხილვა მწადია, ამავსოს სრულად წუთისოფლის ორომტრიალმა
და ჩემს სამშობლოს ვუძღვნა ტრფობა, რაც მაბადია. მუხის ტოტებზე ხტუნვა მინდა დიდხანს და დიდხანს.... მინდა მაყვიროს „კანტაბრია“ ზეცაში ფრენამ
და ჩემი ქვეყნის ძლიერების ამბავი მითხრას ჩრდილოეთიდან მოფრენილი ქარების ენამ. ნუგეშო ჩემო, ზღვის და მთების პატარა მხარევ, ზოგან რომ თოვლის ბილიკები ფეხქვეში გიგია, მივყვები გზას და გულს მისერავს ტკივილი მწარე, გშორდები შენ და სად მივდივარ, ვერ გამიგია.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge