გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გიორგი შონია - ლექსები

ჩემი გზა
(ნაწილი პირველი)
სიდს
ჩემს გოგოს დიდი ძუძუები და კეთილი გული აქვს,
მას არ უყვარს ორალური სექსი და თანამედროვე ქართული ლიტერტურა,
მას არც ჩემი ლექსები მოსწონს,
მაგრამ მოსწონს ჩემი კოცნა.
უნდა ვაღიარო, რომ კოცნა ბევრად კარგად გამომდის, ვიდრე წერა
და ის ამბობს, რომ როცა ისე წერას ვისწავლი,
როგორც ვკოცნი,
ანუ ვისწავლი გამოვხატო ბოლომდე საკუთარი თავი,
ისე, რომ ამით სხვებს მივანიჭო სიამოვნება,
ნობელს მომცემენ.
მე მჯერა მისი
და მისი დიდი ძუძუების,
რომლებიც ღმერთის არსებობაზე მაფიქრებენ
და ეს მშვენიერია.
მისი კოცნისას სულიწმინდა გადმოდის ჩემში
და პოლიეთილენის ნაზი ფრთებით იგერიებს ყოველდღიურ ნერვიულ შეტევებს
და ჩემი ნევროზიც უკვალოდ ქრება
და მე ვხვდები კეთილი
და ტელევიზორის ეკრანიდან კოცნას ვუგზავნი ზედმეტად გაუნათლებელ პარლამენტარებს
და ასავალ-დასავალის ნეი-ფაშისტ ჟურნალისტებს
და ჩემი ბიზნესის ფაკულტეტის კურსელებს,
რომელთაც ერთი სული აქვთ როდის მცემენ
ჩემი კონტექსტებიდან ამოვარდნილი ფრაზების გამო.
მაგრამ მე ძლიერი ვარ,
მიუხედავავად იმისა, რომ 63 კილოს ვიწონი,
თვალები ჩაცვენილი
და მკერდი ჩავარდნილი მაქვს,
მე მზად ვარ ნებისმიერ მათგანს გული გადავუშალო
(მე ვიცი , რომ ისინი სიყვარულის ნაკლებობას განიცდიან.
მათ არ აძლევენ შეყვარებულები და საზოგადოებაში თავს ვერ იმკვიდრებენ.
მათ უმრავლესობას არც ორიენტირი აქვს
და არც რამე ცხოვრებისეული რაციონი)
მათ, ვისაც არაფერი სმენიათ ბუნებრივი გადარჩევის,
ტრისტან ტცარასა
და ტონი კეის შესახებ
და ვუთხრა, რომ ყველა ეს ჩემი გამოხდომა,
რომლებიც მათ სიმშვიდეს ურღვევს
ჩემივე უსუსურობისა და შერყეული თვითრწმენის ბრალია
და მათ სრულებით არაფერს ვერჩი
და რომ გულის სიღრმეში ისეთივე მშვიდი და უკომფლიქტო ვარ,
როგორც საქართველოს პრეზიდენტი
და არც ეპატაჟები მიტაცებს,
უბრალოდ, მინდა, რომ ხანდახან მაინც უფრო მეტი ვიყო,
ვიდრე გიორგი შონია
ეს ყველაფერი კარგად იცის ჩემმა გოგომ,
რომელსაც დიდი ძუძები და კეთილი გული აქვს.
მან ისიც იცის, რატომ მიცემს გული გამალებით,
როცა ფანჯრიდან ვუყურებთ მორიგ გათენებას,
დღეს, რომელიც ახალს არაფერს გვპირდება,
გარდა ჭიქა ყავისა და ერთმანეთისა
და ჩვენც ერთმანეთით სავსენი
ფანჯრიდან ვუყურებთ, როგორ მიიზლაზნებიან ყვითელი ავტობუსები
სააკაძის მოედანზე,
როგორ გამოდიან ადამიანები კორპუსებიდან
და როგორ მოათრევენ უძინარ სხეულებს,
რათა კიდევ ერთხელ გაამაგრონ ყოველდღიურობის რუტინული კედლები,
რომელიც ჯიუტად არ აპირებს ჩამონგრევას.
ჩვენ ვართ ორი ცოცხალი მოწმე იმისა,
თუ როგორ იღვიძებს მკვდრების ქალაქი.


ლექსი გაზაფხულზე, სიყვარულზე, შენზე ანუ ყველაფერზე, რაზეც წერა მიჭირს
როცა მკოცნი, ჩემი თავიდან ყვავილები იწყებენ ამოსვლას,
გაზაფხულის ყვავილები.
მე ვცდილობ თითოეული მათგანი თმებში დავმალო,
მაგრამ მიჭირს, ყვავილები სწრაფი ტემპით იზრდებიან.
როცა ქუჩაში გავდივარ, ვხედავ პატიოსანი მოქალაქეების სახეებზე
გაკვირვება მოჟონავს.
მათ უკვირთ ყვავილები ჩემს თავში.
მე კი ძალიან მომწონს,
ერთი, რომ ჩემს სიმელოტეს ვმალავ
და მეორე შემიძლია ღამეებში ვანათებდე, როგორც ნეონის ნათურა
და ფეხი არაფერს წამოვკრა.
იზრდებიან ყვავილები
და ჩემშიც იზრდება რაღაც ისეთი, რასაც სახელს ვერ ვუძებნი.
რაც უთუოდ დაკავშირებულია გაზაფხულთან, სიყვარულთან, შენთან.
მე კი ქალაქის რომელიმე სკვერში ვზივარ,
სადაც კი მიიხედავ ყველგან ლექსის დასაწყისია ჩასაფრებული.
და ვუყურებ მაისასხუმულ, შეყვარებულ წყვილებს
და მათი სხეულიდან გამოსულ მილიონობით ბედნიერების ფლუიდს.
მე მინდა ეს პარკი სამუდამოდ დარჩეს გონებაში.
მინდა ეს წყვილები სამუდამოდ დარჩნენ გონებაში,
ამიტომ ვწერ ამ ლექსს.
რომ გავაჩნო ადგილი თავში, საიდანაც სითბოთი მთელი სხეულის მომარაგება შემეძლება
რადგან ეს აუცილებელია,
რადგან ჩვენ ხშირად ვართ მარტო
და რადგან ხშირად ვართ მარტო
ხშირია სევდაც და მოწყენილობაც.
არაფერი უცხო, ყველაფერი ადამიანური.
ვამბობ მე, და წარსულის გორაკიდან გამოფრენილ ჩიტებს გავცქერი.
თუმცა, ახლა სევდა არალევანტურია ლექსთან მიმართებაში.
გარეთ კი გაზაფხულია,
და ჰაერი სავსეა მომწამვლელი ნივთიერებებით,
რომელიც აუცილებლად მოგვიღებს ბოლოს,
თუმცა ასევე სავსეა შესაძლებლობებით,
რომ ერთმანეთის სხეულები ავითვისოთ
და ერთმანეთის ტუჩები შევითვისოთ
და ერთმანეთის შიშები გავითავისოთ
და ეს პროცესი იყო ჰარმონიული, როგორც პირფერობა
დაუსრულებელი, როგორც ინფლაცია
და აუცილებელი, როგორც გაზაფხულის ყვავილები ჩემს თავში.


ცარიელი თავი
მე ვწერ ცარიელი თავით.
ცარიელია ყველა ჩემი სიტყვა,
ცარიელია ჩემი გრძნობები,
ამიტომ გატყუებ, როცა გეუბნები
რომ მიყვარხარ,
რადგან ვგრძნობ, რომ სრულიად ცარიელი ვარ.
ეს ლექსიც ცარიელია.
ეს ლექსის ფიტულია,
რომელიც ტივტივებს ყოველდღიური იმედგაცრუებების თავზე,
ზეცაც ცარიელია
და მასში ღმერთის ძიება უშედეგოა.
ახლა ღმერთიც ცარიელია
და, რა თქმა უნდა,
მისდამი აღვლენილი ყველა ლოცვაც ცარიელია.
და მე გეუბნები შენ,
სიცარიელე შევავსოთ, როგორც კროსვორდი.
შევავსოთ ერთმანეთის სხეულები,
ერთმანეთის დაღლილი სხეულები,
ერთმანეთის საშინლად დაღლილი სხეულები.
მე მიყვარს სუნთქვა, როცა ჩემი ფილტვები
ივსება შენი შიშველი სხეულის სუნით
და ვგრძნობ, როგორ იკავებ
ადგილს ჩემში,
ექსკლუზიურად შენთვის განკუთვნილ ადგილს
და ბედნიერი ვარ.
რადგან არ ვარ ცარიელი,
რადგან მაქვს სხეულში ადგილი,
სადაც შემიძლია დავიმალო,
ყოველდღიური გაურკვევლობებისგან დავიმალო,
რადგან მაქვს ძალა,
რომ ფეხზე დავდგე
და გავიარო ღამით ცარიელ ქუჩებში,
და ვიყო უფრო კეთილი,
და ღიმილები დაბრუნდნენ ცივი ქვეყნებიდან,
და სახის ნაკვთებზე დაიკავონ თავიანთი ადგილი.
უნდა მოგწერო სრულიად ბანალური SMS-ი
უბრალოდ იმიტომ, რომ შეგახსენო
ჩემი სიცარიელის შესახებ,
შენი სიცარიელის შესახებ,
ჩვენი სიცარიელის შესახებ,
რომელიც გადავლახეთ,
რომელიც შევავსეთ.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge