გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ვაჟა ფშაველა - ლექსები




                            ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) დაიბადა 14 ივლისს, 1861 წელს, ჩარგალში (ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი). გარდაიცვალა — 27 ივლისს, 1915 წელს, თბილისში.



ცაზე იარე, მთვარეო
ცაზე იარე, მთვარეო,
მზეო, აბძანდი-დაბძანდი!..
მთებო, იშიშვლეთ გულ-მკერდი,
ხან მოიხვიეთ ნაბადი...
დაწვიმე, შავო ღრუბელო,
დაალბე მკერდი მიწისა;
გაუცინოდი, ლამაზო,
ახარე გული ბიჭისა!
იტანჯეთ ტრფობის ცეცხლითა,
დრო ჩვენ არ გვიცდის, მიდისა,
დავიხოცებით, ტყვენი ვართ
ჩვენ მეუფისა დიდისა.
საიქიოდამ სახდომი
ზღუდე არა სჩანს ხიდისა.
ტიალი წუთისოფელი
მიდის, მიდის და მიდისა;
ჰხედავთ, მოკლეა საზღვარი
უსაზღვრო ზღვისა კიდისა!..


ხმა სამარიდამ
ხმალი გალესე, ძმობილო,
მტერი გადმოდგა მთაზედა:
აგვიოხრებენ ქვეყანას,
დაგვეცემიან თავზედა.
გალესე, ისე გალესე,
პირს იკიდებდეს თმაზედა.
მადლია, კიდევ ეღირსოს
გორდას მტრის სისხლი ფხაზედა!
აგერ მოდიან წყეულნი
მწყობრად, უშიშრად გზაზედა.
საცაა, თოფი იჭექებს,
კვამლი შაჯდება კვამლზედა...
აგვიოხრებენ ქვეყანას,
დას ატირებენ ძმაზედა!..
გალესე, კარგად გალესე,
არ ილეოდეს ძვალზედა.
უფლის კურთხევა ანთია
სამშობლოს მცველის ფარზედა...
თამარ-დედოფლის ნაკოცნი
ბეჭდად უსვია ხმალზედა.
მხნედ იყავ, ძმაო, ნუ ჰკრთები,
ნეტავ ყოყმანობ რაზედა?
ერთხელ სჯობია სიკვდილი
შავს ყოფნას ქვეყანაზედა!


სიყვარული
შენმა სურვილმა დამლია,
შენზე ფიქრმა და სევდამა,
შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა,
გულის თვალებით ხედვამა;
მაოცებს შენი გამზდელი,
ვინც შენ გაგზარდა დედამა...
კარგი ხარ, აღარც კარგი ხარ,
მე გულს მაწევხარ ნისლადა,
მინდა, რომ მძულდე, მოგშორდე,
გულზე მობმულო ღვიძლადა.
მაგრამ ტყუილად ვცოდვილობ:
ვერ ვძლევ შეჩვეულს გრძნობასა.
მთელის ხმელეთის სწორი ხარ,
ვინ მიზამს შენოდნობასა?
ვინა სთქვა: “ტრფობა ბერდება
და სატრფიალო საგანი,
ყინულის ეკალს დაისხამს
წამწმები ცრემლით ნაბანი,
ცრემლითა ნასურვილევით,
დრო რა გაივლის და ხანი?!”
ცოცხალი პირქვე დამმარხეთ,
დამხურეთ მიწის საბანი,
თუ ჩემს შენდამი სიყვარულს
დაეკლოს ერთი ცვარია.
თუმცა რაც პირველად გნახე,
მას შემდეგ კარგა ხანია,
ცოცხალს შენა მფენ გულზე ვარდს
თუ ავდარი, თუ დარია,
საფლავშიც შენზე ვიფიქრებ,
შენგნით ვიცოცხლებ მკვდარია!


სიტყვა ეული
სიტყვა გადვაგდე ერშია,
სიტყვა, რა სიტყვა? - ეული,
ტანჯულის გულის ნაცრემლი,
ჯავრით ნაკვები, სნეული,
გულ-გაგმირული, ბეჩავი,
თავს მანდილ-ჩამოხეული!
ასე წვა-დაგვით გაზდილმა,
რას ვიფიქრებდი, იხარა...
წვერს მარგალიტი მოისხა,
ტანი ზურმუხტით იფარა:
მთელს ქვეყანაზე სხივსა ჰფენს,
როგორც ცამ გამოიდარა.
დაბძანდა ოქროს ტახტზედა,
ვით მეფე, ქვეყნის მპყრობელი:
ისაა ქვეყნის ნუგეში,
იმას შეჰხარის სოფელი;
მე ჩემთვის ჩუმად ვიცინი,
მისი კეთილის-მყოფელი.
ვიცინი... იმას, ქვეყანას,
ან რა საქმე აქვს ჩემთანა?
მიხარის, ჩემმა გაზდილმა
რომ ბინა ჰპოვა ერთანა, -
ერთმა საწყალმა სიტყვამა,
ბოროტ კაცთაგან წყეულმა,
ბეჩავმა, ცრემლით ნაბანმა,
თავს მანდილ-ჩამოხეულმა...скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge