გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნიკა ლაშხია - ლექსები

მეგობარს, რომელიც მოკვდა
წუხელ მესიზმრა ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანი,
რომელსაც ათი წლის წინ მივაყარეთ მიწა.
ერთხანს ხშირად დავდიოდი მის საფლავზე,
მერე დროდადრო, 
ბოლოს იშვიათად.
სიზმრებიც კი გაგვიწყდა,
ერთხანს ხშირად მოდიოდა,
მერე დროდადრო,
ბოლოს იშვიათად..
ხოლო წუხელ, მართლა დიდი ხნის უნახავი იყო.
რამდენიმე დღის გარდაცვლილს გავდა.
ქვიშისფერი ქონდა სახე, ტუჩები ყავისფერი,
თმა არ ქონდა, რადგან მეტასტაზებთან ომს შეეწირა,
მისი გრძელი, ტალღოვანი თმები.
ძალიან თბილად მოვიკითხეთ ერთმანეთი,
მე თითქოს ვგრძნობდი მის სიკვდილს,
მაგრამ არ ვიმჩნევდი, გული არა დაწყდესთქო.
ის კი აშკარად გრძნობდა ჩემს სიცოცხლეს
და ბავშვივით უხაროდა.
ჩვენს შორის არაფერი დარჩენილა შეუმჩნეველი,
მას არაფერზე დაწყდომია გული.
ერთი რამ ვერ ვკითხე,
მისი თაფლისფერი თვალები, 
როგორ გადაიქცნენ ცისფერ თვალებად.
სიკვდილი თვალებში ცის ჩადგომას ნიშნავს?!
ვერ ვკითხე, რადგან მეუხერხულა სიკვდილზე საუბარი.


დახუჭობანა
ძალიან ადვილი იყო ამის თამაში, სახალისოც კი.
ერთი დაიხუჭებოდა და დანარჩენები ვიმალებოდით.
ზოგჯერ, ძალიან რთულდებოდა ჩვენი მოძებნა,
მაგრამ როგორც კი მოგვძებნიდნენ, 
იმ წამსვე დახუჭულის სადგომისკენ მივრბოდით,
რომ კედელზე ხელის დადება დაგვესწრო 
და ხმამაღლა გვეთქვა ჯადოსნური სიტყვა - ,,სტუკა",
რაც, ფაქტობრივად, გამარჯვებას ნიშნავდა. 
ყოველი დღე ასე იყო: ვასწრებდით ან გვასწრებდნენ. 
გავიზარდეთ, 
ზოგი ქვეყანას დაემალა, 
ზოგი ხალხს დაემალა. 
ზოგი ამხილეს. 
ზოგმაც მოასწრო დახუჭვა და ალბათ, იქ,
სადღაც შორიდან გვითვალთვალებენ და არ ჩქარობენ, 
რომ დაგვასტუკონ. 
ჩვენ კი ვდგავართ ცალ-ცალკე, 
თითქოს, არაფერს ვემალებით, 
თითქოს, ძალიან გავამძაფრეთ სინამდვილე, 
თითქოს, აღარც გვითვალთვალებენ..


პოეზია
არ მახსოვს როდის აგიკიდე, 
მაგრამ ხშირად მიწევს მარტოობა.
ყოველთვის მარტო ვარ,
როცა ჩავდივარ სიტყვებს
თითქმის გაცვეთილებს,
თითქმის გარდაცვლილებს,
თითქმის სპონტანურებს. 
დღემდე ბავშვივით მჯერა,
რომ მართლა შეგიძლია, რაღაცის შეცვლა,
რომ ერთ დღეს ყველაში მოიყრი თავს 
და თვალებით იმეტყველებ, 
ხოლო ყველას, ვინც ამ დღის დადგომას შევხაროდით
მოგვეტევება მარტოობა,რომელმაც გაგვხრა
რომელმაც წაგვართვა სიტყვები და აჰა, ნისლივით აორთქლდა
მეტაფორების ძიებაში, 
თითქოს ხელი დავიბანე 
და ჯვარცმულთა სიზმრებს მზე შევაპარე.


განკითხვის დღე
როცა მკვდრები აღდგებიან,
როცა ხორცს მოისხამენ და თვალებში სინათლე ჩაუდგებათ,
როცა ერთმანეთის დაბეზღებას დაიწყებენ,
როცა გაუკვირდებათ ერთმანეთი...
დაdგება ღმერთი, რომელიმე მთის რომელიღაც ლოდზე
და დაიწყებს ამოცნობას,
თუ ვინ არის მართალი და ვინ - დამნაშავე.
ღმერთი იქნება მოწყალე და ყრუ.
ისინი ისაუბრებენ თვალებით,
ცოდვილებს ცრემლებით ამოიცნობენ,
ცრემლებით, რომელსაც შიში მოისხამს.
აღზევდებიან მართლები სამოთხესა შინა,
გაწამდებიან ცოდვილები ჯოჯოხეთის ცეცხლში,
რადგან ვერ ისწავლეს მორჩილება.
ვინ იცის, იქნებ მათი ბედიც სადღაც გადაწყვეტილი იყო
წინასწარმეტყველთა მიერ,
როგორც ქრისტეს ბედი,
როგორც იუდას ბედი,
როგორც ბარაბას ბედი,
როგორც პილატეს ბედი.
საინტერესოა, სად იქნება ღვთისმშობელი განკითხვის დღეს,
როცა მკვდრები აღდგებიან,
ხორცს მოისხამენ და თვალებში სინათლე ჩაუდგებათ.


დედაჩემის ყვავილები
დიდი ხანია, რაც ჩემს სახლში
ინსულინის ნემსები ყვავილობს.
ისინი ფანჯრის რაფაზე ცხოვრობენ,
უჩვეულოდ სტაფილოსფერი თავთავებით,
ერთადერთი ეკალი აქვთ ,
რომელიც ყოველდღე დედაჩემის კანში ესობა
(ეს დღეში სამჯერ ხდება).
ხუთი გრამი ინსულინი,
ათი გრამი ინსულინი,
თეთრი და მღვრიე,
წლების წინ ამღვრეულ ცხოვრებას მატებს
ელფერს და იერს...
ვერ ვიტან,
თუმცა მახარებს მათი ყვავილობა,
სტაფილოსფერი თავთავები,
სავსე შუშები,
ცარიელი შუშები
ფანჯრის რაფაზე ცხოვრობენ.
მათვის სულერთია მზის ამოსვლა და ჩასვლა.
ისინი პლასტმასის ყვავილები არიან,
მათთვის მთავარია დედაჩემმა იცოცხლოს,
რომ განაგრძონ ყვავილობა...

***
ფიქრობდა, როგორ გაეყო მზე სხვებისთვის
და ვეებერთელა ხედ იქცა,
მერე კი ამ ხეს, 
როგორც წყაროს აკითხავდნენ ადამიანები
და ტოტებიდან გამოჟონილ სხივებს ინაწილებდნენ,
საგზლად და წყურვილის მოსაკლავად.


დონორი
როცა ლიტერატურა სისხლში გაქვს გამჯდარი,
რა საჭიროა სისხლის საერთო ანალიზი,
თითზე ნემსის ჩხვლეტა,
როცა იცი, რომ იქიდან ლიტერატურული სახეები გამოჟონავენ?!
რა საჭიროა გამოკვლევა,
სისხლის ჯგუფის დადგენა,
ლიტერატურის უარყოფით კონტექსტში განხილვა?!
რადგან საბოლოო პასუხი ყოველთვის დადებითია...
როცა ლიტერატურა სისხლში გაქვს გამჯდარი,
შეგიძლია ადგე და გადაუსხა მათ,
ვისაც ლიტერატურის ნაკლებობა დაუდგინდა...
ვისაც წვეთი ლიტერატურა არ აღმოაჩნდა.
მათ ძარღვებში ცარიელი ფურცლები მიმოდიან
და ტექსტებს ითხოვენ.
ისინი მზად არიან დაიბადონ, 
ისინი მზად არიან იწამონ,
ისინი მზად არიან გადარჩნენ.
როცა ლიტერატურა სისხლში გაქვს გამჯდარი,
მკურნალი უნდა იყო,
რომ ისინი ლეთარგიული ძილიდან გამოიყვანო,
ყოველგვარი ქირურგიული ჩარევების გარეშე.
ადამიანი შესაძლოა იყოს ჯანმრთელი,
მაგრამ რთულია წინააღმდეგობების გადალახვა
ლიტერატურის გარეშე.
ამიტომ, როცა ლიტერატურა სისხლში გაქვს გამჯდარი,
აუცილებლად უნდა გახდე დონორი,
დონორი, რომელიც გადასდებს...


ტანსაცმლის ფლირტი
როცა თოკზე ვკიდივარ გასაშრობად
და მოპირდაპირე აივნიდან ქალის საცვალი მიმზერს,
მავიწყდება, რომ ვარ პერანგი,
და ხელებს ვიქნევ ყურადღების მისაქცევად,
თუმცა ამაოდ,
რადგან ჰალსტუხი კარადაში ისვენებს მშვიდად,
ვერ ვიშველიებ...


უცნაური ამბავი
ანგელოზები ჩამოფრინდნენ ციდან,
კეთილი ანგელოზები.
ისინი ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდნენ,
იმ ღამეს მათ ესიზმრათ ბეტონის ზღვა,
არმატურების სანაპირო,
ამ სანაპიროზე გარუჯული პოლიტიკოსები.
დილით კი უცნაური სიზმარი ერთმანეთს გაუმხილეს.
ჩართეს ტელევიზორი,
რომელიც იტყობინებოდა, 
რომ კიდევ ერთი მუშის სიცოცხლე დასრულდა ფატალურად,
რა დროსაც შუქი წავიდა.
ადგნენ ანგელოზები და პირი ცისკენ იბრუნეს.

როგორც სასტუმროს მენეჯერმა განაცხადა,
მათ ზურგზე ფრთები არ შეუნიშნავს,
დამლაგებელმაც დაადასტურა.


უ’მოძრაობა
პოლიტიკოსი დგას
ტელევიზორი დგას
მამაჩემი დგას
საქართველო დგას
ჩემი შვილები დარბიან
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge