გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გურამ მეგრელიშვილი - ჯვარცმობანა

დუმახი

მათი ჯვრები ჯორებმა ამოიტანეს, ღმერთისა კი ვიღაც ადგილობრივმა. ისე აღმოჩნდა, ერთი ძელი ზედმეტი იყო, რადგან ჯარისკაცებმა არ იცოდნენ, რომ დამნაშავე შეიწყალეს და დრტვინავდნენ, რაკიღა ჯვარი ისევ უკან უნდა ჩაეთრიათ და გამწარებულებმა სიკვდილმისჯილებს ცემა დაუწყეს. სხვა დროს, იქნებ პასუხი გაეცა დუმახს, მაგრამ ახლა იმედი ჰქონდა, ღმერთი, რომელიც მის გვერდით იდგა, პასუხს გასცემდა მათ. ამიტომ მდუმარედ იტანდა შოლტებს.
ხალხი ბევრი არ იყო _ რამდენიმე ცენტურიონი, სამი-ოთხიოდე უსაქმური, რომლებიც ყველა სიკვდილით დასჯას ესწრებოდნენ, ერთი ადგილობრივი ლოთი, ღმერთის დედა, დეიდა, დები და მისი ორიოდე მოწაფე. უკან კიდევ ჩანდნენ ვიღაცეები, მაგრამ დუმახმა თვალი ვერ მოკრა მათ, მოშორებით იდგნენ.
პირველად ღმერთი აცვეს ჯვარს. ყრუდ ისმოდა ხეში ჩაჭედებული სამსჭვალის ხმა და გიშიეს კვნესა.
- მარჯვნივ თუ მარცხნივ? - ჰკითხეს დუმახს, თითქოს რაიმე მნიშვნელობა ჰქონოდა, სად მოკვდებოდა. დასცინოდნენ. სიმწრით გაიფიქრა: “ცოტაც, ცოტაც და ამათგან მტვერს აღარ დასტოვებს!”
_ მარჯვნივ _ უპასუხა ზიზღით და ფეხებთან დაუფურთხა ცენტურიონს.
გამუდმებით ცისკენ იყურებოდა, თითქოს ნიშანი იქ უნდა გამოჩენილიყო. “ამათ სუყველას დახოცავს და გაანადგურებს, მაგრამ რაღას ელის?”
მეორე ის ჯვარი აღმართეს, რომელზეც, წესით, ტიმი უნდა ყოფილიყო გაკრული, მერე თვითონ დააწვინეს… მარცხნივ…
მთელი ბავშვობა სამივენი ასე თამაშობდნენ, ვითომ ჯვარზე აკრავენ. ეს გიშიეს გამოგონილი თამაში იყო _ ჯვარზე გაკრობანა. ტიმს არ მოსწონდა, ეშინოდა; დუმახს - ართობდა, მაგრამ ყველაზე კარგად, მაინც გიშიეს გამოსდიოდა. დაწვებოდა ხოლმე წარმოსახულ ჯვარზე და სხვები ხელისგულებში არარსებულ სამსჭვალებს აჭედებდნენ.
ნამდვილი ლურსმანი კი გაცილებით მტკივნეული აღმოჩნდა, ვიდრე დუმახს წარმოედგინა და როცა რკინამ ხელისგული ატკინა, პირველად მაშინ შეეშინდა.
“ის ღმერთი არ არის. გაგვაცურეს!” გაიფიქრა და მისი ჯვარიც აღმართეს. ზემოდან უფრო ცოტა ხალხი ჩანდა და პირველი, ვინც თვალში მოხვდა, მშვიდი სახით მდგარი გიშიეს დედა, მარიამი, იყო და ისევ იმედი მიეცა, “აი, ახლა ჩამოვა ჯვრიდან, მასაც იხსნის და შურსაც იძიებს ამათზე.”
მთელი ბავშვობა დედას ეძახდა მარიამს, გიშიესთან ერთად რომ ზრდიდა, მაგრამ დუმახს ის არასოდეს ჰყვარებია. შურდა, რომ ასეთი სუფთა და მშვიდიი ქალი იყო, მუდამ მდუმარე და მლოცველი და რივკას, დედამისს არაფრით ჰგავდა, იერუსალიმის ცენტრში რომ მეძაობდა საღამოობით. დუმახს ყოველთვის სძულდა დედა, მეძაობას ვერ პატიობდა. ზოგჯერ ისიც კი ეგონა, რომ არც დედას უყვარდა. დილით მიაკითხავდა ხოლმე ტყუპებს ნასვამი და ნათრევი, ხელშიც არ იყვანდა არც ერთს, გააღვიძებდა და სახლში მიყავდა. მარიამი კალათში საჭმელს და ახალ ტანსაცმელს ულაგებდა ბიჭებისთვის და უხმოდ აწვდიდა. დედა არასოდეს ეუბნებოდა მადლობას და ასეთ დროს, დუმახს ორივე სძულდა _ გიშიეს დედა სიკეთისთვის, ხოლო საკუთარი გულგრილობისა და უმადურობის გამო.
მარიამი და რივკა პირველად უდაბნოში შეხვდნენ ერთმანეთს. დუმახის მამა, ლებეია იმ მხარეში განთქმული ყაჩაღი და ბანდის მეთაური იყო. მისი ხალხი ეგვიპტისკენ მიმავალ მარიამს და ჩვილ გიშიეს დაესხა თავს. ლებეიასაც ახალშობილი ტყუპები ჰყავდა და შეეცოდა უქონელი გოგო, არაფერი წაურთმევია, მოსასხამი აჩუქა და თავისთან მიიწვია. როგორც მერე დუმახსა და მის ძმას უყვებოდნენ, ლებეიასთან მისულებს, ერთ-ერთი ტყუპისცალი მომაკვდავი დახვედრიათ. რივკა ტიროდა. მარიამს რამდენიმე წვეთი რძე დაუწვეთებია ჩვილის ტუჩებზე და ბავშვიც გამოჯანმრთელებულა. არცერთმა ძმამ არ იცოდა, რომელი მათგანი იყო ღმერთის ძუძუმტე, მაგრამ დუმახს ყოველთვის მიაჩნდა, რომ ეს თვითონაა, მითუმეტეს, ტყუპისცალს არასოდეს უწამია გიშიეს ღმერთობა, თვითონ კი…
იქნებ ტიმია სწორედ ის, ვინც ბავშვობაში იხსნეს და ახლაც მისი ჯვარი ცარიელია!
მარიამი დუმახს უყურებდა. თითქოს ასაკი არც დაეტყო, ისევ ოცი წლის გოგოს ჰგავს, ოდნავ ნაოჭები აქვს თვალებთან და აქაც, ჯვარზე გაკრულს, ალბათ საკუთარი შვილისგან ვერ არჩევს მას. დარწმუნებულია, მისთვის ლოცულობს მარიამი და მის თავს ავედრებს გიშიეს, რომელიც ახლა დუმახისგან ორ მეტრში იტანჯება.
“არაფერიც არ მოხდება! როგორც სჩანს სიკვდილი გარდაუვალია. ერთი დიდი თამაშია ეს ყველაფერი და ყველანი მოგვატყუეს!” – დუმახი სასოწარკვეთამ შეიპყრო. “ყველაფერი სიცრუეა და ყველა ცრუ!” მისი საყვარელი ქალიც მოსულა და ოდნავ მოშორებით დგას ტიმთან ერთად, რომელიც ახლა მის გვერდით, მესამე ჯვარზე უნდა იყოს გაკრული. ეჩვენება თუ ზედმეტად ახლოს დგანან ერთმანეთთან? ყოველთვის ეჭვობდა, რომ ტიმსაც უყვარს ჰაია და ვერ ბედავდა ამის თქმას. ალბათ ერთმანეთის სუნთქვაც ესმით. საღამოს განმარტოვდებიან და მასსა და გიშიეზე ილაპარაკებენ, როცა ისინი უკვე სამარხში  იქნებიან და ნესტის სუნი არ შეაწუხებს.
“თუ მართლა ღმერთი ხარ, იღონე რამე!” _ უნდოდა ეღრიალა, მაგრამ მარიამის მოერიდა. იმ წუთებისთვის მოერიდა, როდესაც იგი ძველ ფიცრულში ჩამწკრივებულ დუმახს, ტიმს, გიშიესა და სამრას ერთი ჯამიდან აჭმევდა ხოლმე. ბავშვობიდანვე ყველამ იცოდა, რომ გიშიე ღმერთია, მაგრამ მარიამს არასოდეს განურჩევია ისინი ერთმანეთისგან, არასოდეს მიუცია ლუკმით მეტი შვილისთვის და ეს აბრაზებდა დუმახს. ერთადერთი, გამორჩეული სითბოთი ობოლ სამრას ეპყრობოდა.
ისიც ახლა აქ დგას; მარიამი დაირქვა, როცა დუმახის დედამ იერუსალიმში წაიყვანა და მეძაობა დააწყებინა. დუმახისთვის მუდამ სამრად დარჩება, ერთ საწოლში რომ ეძინათ და ერთი თეფშიდან რომ ჭამდნენ. ორი წლის წინ მაგდალაში მეძავების უბანში გაიარა და ერთ-ერთ სახლში სამრას გადააწყდა. რაღაცნაირად გული დასწყდა გოგოზე ან შეიძლება გაუხარდა კიდეც?! ყოველთვის უხაროდა მეძავი ქალის დანახვა. სამრა შინაურულად შეხვდა, სუფრა გაუშალა და ამბები გამოჰკითხა. დუმახმა მშრალად და მოკლედ გასცა პასუხი და გახდა დაიწყო.
“რას აკეთებ?” _ ჰკითხა ქალმა და თვალი აარიდა, თითქოს შიშველი კაცი არასოდეს ენახა.
“რას ვაკეთებ და რაშიც გადავიხადე, ის მინდა მივიღო.” _ უპასუხა დუმახმა და გააუპატიურა. მერე ისიც გაიგო, რომ სამრას ჩაქოლვას უპირებდნენ და გიშიეს გადაურჩენია. თუკი ეს მეძავი იხსნა, საკუთარ ძუძუმტეს არ გადაარჩენს?!
წამით თითქოს გონება დაკარგა. ტუჩზე წყლიანი ღრუბლის მიდებამ გამოაფხიზლა. დრო აღარ იცდის. ცოტაც და ტკივილს ვეღარ გაუძლებენ, ორივე სისხლისგან დაიცლება და მოკვდება.
ტიმი და ჰაია ისევ გვერდი-გვერდ დგანან. ქალი თავდახრილია და დრო გამოშვებით თუ ახედავს იმას, ვინც ზიზღით უყურებს ორივეს.
ამ ქალის სახლში დაიჭირეს. თვითონ და ტიმი საჭმელს ჭამდნენ ლამპის შუქზე, როცა ოთხი შეიარაღებული კაცი მიადგა და ხელები გადაუგრიხა. ის ფულიანი ქისა, რომელიც მოკლულს წაართვეს, ცოტა ხნით ადრე ქალაქგარეთ გადამალეს და მხოლოდ ორმა იცოდა მისი ადგილ-მდებარეობის შესახებ. ახლა ტიმი გახსნის სამალავს, ოქროც მას დარჩება და ქალიც. ის ეგვიპტელი ვაჭარი კი მოსაკლავი იყო, ფული არაფერ შუაშია, მერე გაიგეს რომ ფული ჰქონდა, მაგრამ ის, ვის გამოც კაცის კვლის ცოდვა დაიდო, ახლა მის ტყუპისცალთან ერთად დგას და ალბათ საღამოს, წითელი ღვინით გაბრუებულები, ერთმანეთში აიზილებიან.
- უსამართლობაა ყველაფერი, ღმერთო! და შენც უსამართლო ხარ!
რაღა მაინც-და-მაინც ტიმი გაათავისუფლეს? მოწმემ თქვა ერთი კაცი იყო მკვლელობის ადგილზეო და ჩათვალეს, რომ ის ერთი კაცი დუმახია და არა ტიმი, ან იქნებ არც ჩათვალეს, უბრალოდ, ერთ-ერთს დაადეს ხელი და გაათავისუფლეს და ეს ერთი თვითონ არ აღმოჩნდა?!
როდესაც გიშიესთან ერთად გაუყენეს ჩრდილო-აღმოსავლეთის გზას, იმედი მიეცა. მანამდეც იცოდა, ვიღაც წინასწარმეტყველთან ერთად უნდა გაეკრათ ჯვარზე და სხვა ვინ იქნებოდა ეს წინასწარმეტყველი, თუ არა გიშიე, რომელიც ბოლო წლების მანძილზე ყველაზე ცნობილი ადამიანი იყო მთელ იუდეაში.
დუმახს ბავშვობაში წარმოსახულ ჯვარზე გაკრული ღმერთი გაახსენდა და ძლივს მიატრიალა თავი მისკენ… გახედა. გიშიე რაღაცას ბუტბუტებდა. შეკრებილთაგან ოთხი სეირის მაყურებელი ხმამაღლა ეძახდა “მეფეო, იხსენი შენი თავი!” და დუმახს თვალწინ დაუდგა როგორ დასცინოდნენ მეზობლის ბავშვები მათ თამაშს. სადაა აბა ჯვარი, სადაა ჯვარიო, ხითხითებდნენ და მაშინ დუმახს რცხვენოდა გიშიესთან და ტიმთან ერთად რომ თამაშობდა და არა მათთან, მაგრამ ღმერთს რაღაც ძალა ჰქონდა; უსიტყვოდ მიუახლოვდებოდა ხოლმე ბავშვებს, შეხედავდა და ისინიც ჩუმდებოდნენ. რატომ ახლა არ შეხედავს ამ ოთხ საზიზღარ ადამიანს და რატომ არ ჩაუგდებს ენას, ათას საზიზღრობას რომ უყვირიან ქვევიმოდან.
დუმახმა ერთიც ამოიღრიალა. ხმა გაიკმინდეთო, დაუყვირა იმ ოთხეულს. ამან ჯარისკაცები ძალიან გაამხიარულა. ერთადერთი, ვინც ჯერაც ჩუმად იდგა, ის ლოთი კაცი იყო. უცხო ხალხში მოხვედრილი ბავშვივით გაკვირვებული უყურებდა ყველას და ერთიდან მეორე ადგილისკენ ინაცვლებდა.
ჯარისკაცები ხორხოცებდნენ. ერთ-ერთმა ღრუბელი ჯერ წყალში, შემდეგ კი ძმარში ჩააწო და ტუჩებთან მიუტანა გიშიეს. ამ უკანასკნელმა პირი აარიდა ღრუბელს და ამან კიდევ უფრო გაამხიარულა ყველა.
დუმახმა ვეღარ მოითმინა. უძლურებისგან ლამის თავის ქალა გასკდომოდა. ცალი ხელი რომ გაგეთავისუფლებინათ მისთვის და დანა მიგეცათ, გულში ჩაიცემდა. მიუბრუნდა გიშიეს და დაუღრიალა:
- რაღას ელოდები, ხომ მართლა ღმერთი ხარ. გააკეთე რამე, იხსენი თავიც და მეც მიხსენი. ანახე მათ შენი ძალა, მოსპე და გააქრე ყველანი. გიშიე! გიშიე!
ოთხეულმა სიცილი დაიწყო. ეს ალბათ იუდეველთა მეფის ვეზირია ან მთავარსარდალიო და დუმახმა სხვა რომ ვეღარაფერი მოახერხა, სიმწრისაგან გინება დაუწყო გვერდით ჯვარცმულს. ეს ალბათ ერთადერთი და უკანასკნელი იმედი იყო იმისა, რომ ღმერთს გააბრაზებდა, მაგრამ გიშიე დუმდა. თავი ჩაექინდრა და წამით ყველას შეეპარა ეჭვი, ხომ არ მოკვდაო. ერთ-ერთი ჯარისკაცი მიუახლოვდა და შუბლი აუწია შუბით.
- კვდება ეს! _ თქვა და ფერდში აძგერა.
- მამაო, მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან რასა იქმნან! _ ამოიგმინა გიშიემ და ყველა გაჩუმდა. მხოლოდ დუმახი აგრძელებდა მის ლანძღვას. თითქოს სიტყვები მიწაზე ეწერა და ისიც უბრალოდ კითხულობდა.
ოთხეული ისევ აყვირდა, როგორ მართლა ღმერთივით ლაპარაკობს, შეხედეთო. ორივეს ბელტების სროლა დაუწყეს. ლოთმა იქვე დაგდებული ხის ტოტი მოათრია და ღრიალით დაერია ოთხივეს.
- რას ერჩით, რას ერჩით ამ კაცს, რას ერჩით? _ გაჰკიოდა გამწარებული და სანამ თავში წერაქვის ტარი არ ჩაარტყა ერთმა ჯარისკაცმა, ვერაფრით გააჩერეს.
ტიროდა სამრა.
ჰაიაც ტიროდა.
ყველა ქალი ტიროდა მარიამის გარდა.
ტიმი მუხლებზე დავარდა. ოთხეული ხმას აღარ იღებდა, ჯარისკაცებიც გაჩუმდნენ. ერთადერთი, ვინც ჯერაც იგინებოდა და  იფურთხებოდა, დუმახი იყო.
“განა ასეთი რა დავაშავე, ასე რომ ვისჯები?! ღმერთო, თუკი სადმე მართლა არსებობ, რატომ მექცევი ასე? განა ერთი ეგვიპტელი ვაჭრის მოკვლა იმხელა დანაშაულია, რომ ასე სამარცხვინოდ არ ვიყო ჯვარცმული? განა ცოტა სიკეთე მაქვს სიცოცხლეში გაკეთებული? განა არ ვიმსახურებდი სხვანაირ სიკვდილს?” დუმახს გაახსენდა როგორ შეხვდა უკანასკნელად გიშიეს. მაშინ ის მოწაფეებთან ერთად ერთ მებაჟეს სტუმრობდა ქორაზინში. ორმა მათგანმა მასწავლებელს სთხოვა შენს მარჯვნივ და მარცხნივ დაგვსვი ცათა სასუფეველშიო, მაშინ გიშიემ ჰკითხა, შესძლებთ იმავე ჯვარზე გაეკრათ, რომელზეც მეო? შევძლებთო, უპასუხეს. ეგ შეიძლება შესძლოთ, მაგრამ სასუფევლის მოცემა ჩემგან არ არისო.
“ეგ იყო რა. აკი პირდაპირ თქვა, მე არ ვარ ღმერთი, შემეშვითო. როგორ ვერ მივხვდი მაშინვე?!”
ხსნას ელოდა ჯვარზე. ალბათ მართლა ჰქონდა იმედი, რაკი ძმის დანაშაულიც თავის თავზე აიღო და რისთვის?! ასე მწარედ რომ მოტყუებულიყო?!
- რომ შემეძლოს, ჩემი ხელით მოგკლავდი, გიშიე, მთელი ჩემი ცხოვრებისთვის! _ გასძახოდა გვერდით ჯვარცმულს და მერე მარიამსაც გახედა. რაღა იყო მოსარიდებელი და სასირცხვილო? ერთი საათიც და მოკვდებოდა. ვიღასი უნდა მორიდებოდა.
ან რატომ?
- მძულხარ, მძულხარ. მძულხარ, ასე რომ მჯეროდა შენი და მომატყუე! _ დაუყვირა დუმახმა გიშიეს და ტირილი დაიწყო.
არსაიდან ხსნა არ ჩანდა, არც იმედი. მის გვერდით ერთი ჩვეულებრივი ადამიანი აცვეს ჯვარს, მთელი ბავშვობა ღმერთი რომ ეგონა.
ცა თაფლისფერი გახდა და წვიმა დაიწყო. გიშიე კარგა ხნის მკვდარი იყო, უკვე ჩამოეხსნათ კიდეც. დუმახიც მოკვდა, მაგრამ ჯერ არ იცოდა. ტკივილი გაქრა. სიცარიელემ დაისადგურა თითქოს მის სხეულში, მაგრამ სხეულსაც ვეღარ გრძნობდა. უმწეობისგან დაღლილი ადამიანის სახე ჰქონდა, ძმისკენ და საყვარელი ქალისკენ იყურებოდა და თითქოს ერთადერთი კითხვა მოჩანდა მისი ფართოდგახელილი თვალებიდან: რისთვის?




ტუჩები ოდნავ მობრეცოდა ტიმს, თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა სიკვდილამდე, სინამდვილეში, სხეულის ყველა ასო, ყველა წერტილი ერთბაშად მოწყვეტილი ჰქონდა და ასეთი ფორმით ეკიდა. გიშიე კარგა ხნის მკვდარი ეგონათ, მაგრამ შეინძრა, თავი თაფლისფერი ცისკენ აღმართა და რაღაც დაიყვირა.
სანამ სულს განუტევებდა, მისუსტებული ხმით ევედრებოდა მის გვერდით ჯვარცმულს, გამიხსენე სიკვდილის მერე და მაპატიე ჩემი ცოდვებიო, რამაც იქ მდგომებში გაკვირვება გამოიწვია. ასისთავმა თავისთვის ჩაილაპარაკა, იქნებ მართლა წინასწარმეტყველია ეს კაცი და არ ვიცითო და გამხიარულებულ ცენტურიონებს დაუღრიალა.
ტიმმა სიყვარულით შეხედა გიშიეს, გული მოუკვდა, მთელი ბავშვობა და მერეც, როცა ყველა ღმერთად მიიჩნევდა მას, თვითონ ერთი ჩვეულებრივი ხურო ეგონა. მგონი გიშიემაც იცოდა ეს და მარიამმაც, რომლისკენ გახედვასაც კი ვერ ბედავდა ახლა.
სანამ ჯვარზე გააკრავდნენ, არაფრის იმედი ჰქონდა, მაგრამ როცა გიშიემ მასზე მომასხარავე ხალხისთვის ლოცვა  დაიწყო და მამაო, მიუტევე, რამეთუ არ  იციან რას სჩადიანო, წარმოსთქვა, რაღაცნაირი სითბოთი და სიყვარულით აივსო. რომ შეძლებოდა, თავისი ჯვრიდან ჩამოვიდოდა და გვერდით ჯვარცმულს გადაეხვეოდა. მომიტევე ყველაფერი, ძმაო, შენ მართლა ღმერთი ხარ, მე ვგრძნობ რომ შენში ღმერთია და მომიტევე ჩემი ეჭვებიცო, ეტყოდა. განა მართლა შეიძლება ასეთი ადამიანის მოკვლა?! თვითონ, ეგვიპტელი ვაჭრის მკვლელი, იმსახურებს და იქნებ ეს მცირედი სასჯელიცაა, მაგრამ გიშიე?! ვისაც ერთი ადამიანიც კი არასოდეს გაუნაწყენებია და ახლა, კიდევ უფრო რომ დაემცირებინათ, ავაზაკთან და კაცისმკვლელთან ერთად აცვეს ჯვარს!
რა უცნაურია, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ტიმი, შემთხვევითაა ჯვარცმული, სწორედაც რომ ეკუთვნის. მოწმეები ამბობდნენ მხოლოდ ერთი შევნიშნეთ მკველობის ადგილზეო და მოსამართლემაც ვერაფრით დაადგინა, რომელი ძმა იყო ეს ერთი – ტიმი თუ დუმახი. თავიდან აიძულებდნენ, რომ ორივეს ეღიარებინა დანაშაული, მაგრამ დუმახი უარზე იდგა, ის ღამე იერუსალიმელ მეძავთან გავატარე და ჩემმა ტყუპისცალმა თუ ვინმე მოკლა, პასუხი მე რისთვის ვაგოო?! მერე დუმახი გაამართლეს და მეორეს ჯვარზე გაკვრა მიუსაჯეს. როცა საკანში შეაბრუნეს, ხმას არ სცემდნენ ერთმანეთს. ტიმი ნაწყენი იყო ძმაზე, ასე რომ გაწირა, არადა ხომ ორივემ იცოდა, ის ეგვიპტელი ვაჭარი ერთად მოკლეს და სინამდვილეში, არა იმ ქალის, არამედ სწორედ ფულის გამო, ფულის, რომელიც ახლა ქალაქის გარეუბანში ხის ქვეშ ჰქონდათ ჩაფლული.
ბევრი ცუდი რამ იფიქრა მაშინ ტყიპისცალზე, მაგრამ როცა მცველები გაიკრიფნენ, დუმახი მიუტრიალდა და უთხრა:
_ მისმინე, ვიცი, ახლა ნაწყენი ხარ, მაგრამ ასე სჯობდა. ერთ-ერთს მაინც დაგვდებდნენ ბრალს. ჩემს თავზე რომ ამეღო, შენ უარს იტყოდი და უსასრუოდ გაიწელებოდა ყველაფერი ან ორივეს დაგვსჯიდნენ. ჩვენთვის არავის სცალია ახლა, გიშიეს ამბავი უფრო მნიშვნელოვანია მათთვის. შენ დაგაბრალე, მაგრამ მე წავალ ჯვარზე. ჯარისკაცი რომ შემოვა, უთხარი რომ შენ ხარ დუმახი და მორჩა, თავისუფალი იქნები. არ გწამს, რომ გიშიე ღმერთია, მე მწამს! ჯვარს გვაცვამენ და გაიხსნება ცა, ყველა იქ მყოფს გაანადგურებს. გახსოვს რა თქვა ქორაზანში გიშიემ ზაქეს სახლში რომ ვიყავით? ხოდა ასე ვქნათ. ორი საათი, სულ რაღაც ორი საათი და ისევ ერთად ვიქნებით. ავიღოთ ის ფული და გავიქცეთ ამ ქვეყნიდან. ეს ორი საათი კი შენ იყავი დუმახი, თუკი აიტან ამ სახელს.
დუმახმა გადაიხარხარა. ტიმს ბავშვობიდან ტანში ზარავდა ძმის სიცილზე. ახლაც სახე აარიდა.
_ გაიგე? – ჰკითხა ტყუპისცალმა.
_ არა, დარჩეს როგორცაა ისე. თუ ის მართლა ღმერთია, შენც გიშველის და მეც. არ მინდა.
_ შენ ვერ გაუძლებ ტკივილს, ტიმ.
_ გავუძლებ.
დუმახი გაბრაზდა. გაბრაზებისას სახე უწითლდებოდა და, როგორც წესი, გარშემო ყველაფერს ლეწავდა. ახლა დასამტვრევი არაფერი ჰქონდა და მშვიდად უთხრა:
- ნუ ხარ ჯიუტი. შენ ფული ამოთხარე და ჰაიასთან დამელოდე.
ტიმს ჰაიას გაგონებაზე საშინლად მოუნდა გაეღწია საპყრობილედან. წამით გადაავიწყდა ძმაც და ისიც, იხსნიდა მას ჯვასცმისას გიშიე თუ არა. დავთანხმდები და ფულიც და ჰაიაც მე დამრჩებაო, გაიფიქრა, მაგრამ საკუთარი თავის შერცხვა. დუმახს გულით სწამდა გიშიეს ღმერთობის, თვითონ კი იცოდა, რომ ტყუილია. გამოდიოდა, ძმას სიკვდილზე უშვებდა საყვარელი ქალის გამო და თანაც, რაკი ძმის სახელით უნდა ეცხოვრა აქედან გასულს, მაინც დუმახს რჩებოდა ჰაია. ის ხომ ვერასოდეს არჩევდა ტყუპებს ერთმანეთისგან.
- არა! – მტკიცედ თქვა ტიმმა. – შენ დამელოდე ჰაიასთან. ის თავსაც იხსნის და მეც გადამარჩენს. ორ საათში შევხვდებით.
მერე ჯვარცმისას სეირის მაყურებლებთან ერთად დუმახმაც დაუწყო ლანძღვა გიშიეს. მიხვდა, რომ არავითარი ხსნის იმედი არ იყო. არც ცა გაიხსნებოდა და არც ცეცხლოვანი ლაშქარი გამოჩნდებოდა ჯარისკაცების დასასჯელად. ჰაია გაფითრებული სახით იდგა და ხმას არ იღებდა. დუმახი დამხობილ სამრას და სხვა ქალებს მივარდა ლანძღვით. უნდოდა მარიამისთვისაც ეთქვა რაიმე ცუდი, მაგრამ გადაიფიქრა და ისევ ჯვარცმულ გიშიეს მიუბრუნდა. ტალახსა და ქვებს ესროდა, ტყუილსა და კაცის კვლაში ადანაშაულებდა. თავიდან ტიმიც ზიზღით უყურებდა გიშიეს, თითქოს მას მიუძღვოდა ბრალი ეგვიპტელი ვაჭარი ფულის გამო რომ მოკლეს ძმებმა. მაგრამ როდესაც ხუროს ძემ მათთვის ლოცვა დაიწყო, გული მოულბა.
“მამაო, მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან რასა იქმან.” - ლოცულობდა გიშიე. ტიმს სულ უკვირდა, ბავშვობიდან უკვირდა, როგორ შინაურივით მიმართავდა ღმერთს მათი ძუძუმტე. “არა თუ გთხოვ ან გევედრები, არამედ უბრალოდ მიუტევე.”
იქნებ მართლა ღმერთია?!
- კვდება ეს – თქვა ერთ-ერთმა ჯარისკაცმა, შუბი ფერდში აძგერა გიშიეს და ცა უფრო ადრე გაიხსნა თუ სისხლმა უფრო მალე იფეთქა, ვერ გაარჩია ტიმმა.
წვიმამ ყველა გამოაფხიზლა. ლოთმა საიდანღაც დიდი ხის ტოტი მოათრია და იმ ოთხეულს დაერია, მთელი ამ ხნის მანძილზე რომ დასცინოდნენ გიშიეს. მერე იმ ჯარისკაცს მიუბრუნდა, წეღან მურნარევ ძმარში რომ დაასველა ღრუბელი და ტუჩთან მიუტანა ჯვარცმულს. სხვა ჯარისკაცებმა დროულად შენიშნეს ლოთი და თავში კეტი ჩასცხეს.
ჯვრებთან მხოლოდ ქალებიღა დარჩნენ. ტიმი აკვირდებოდა მათ. მარიამის გარდა ყველა ტიროდა. მოერიდა მისკენ გახედვა. მთელი ბავშვობა დედას ეძახდნენ დუმახიც, თვითონაც და სამრაც, დამხობილი რომ ქვითინებდა. მარიამს არასოდეს გაურჩევია ერთმანეთისგან ბავშვები, ერთი ჯამიდან აჭმევდა ოთხივეს. ტიმს ხშირად უნატრია, ნეტა ასეთი დედა მყავდესო. ადრე მასაც რცხვენოდა საკუთარი მეძავი დედის გამო, დილაადრიან იერუსალიმის ცენტრში რომ მიდიოდა და გვიან ღამით ბრუნდებოდა დაღლილი. აიყვანდა ხოლმე ტყუპებს, ერთს მარჯვნივ, მეორეს მარცხნივ და გადაჰყავდა სახლში. როცა წამოიზარდა, საკუთარი თავის რცხვენოდა, კბილებჩაცვენილ, ნაადრევად დაბერებულ დედას რომ უყურებდა, რომელიც შვილების გამო ასეთ საქმეს აკეთებდა. მეზობლის ბავშვები ყოველთვის დასცინოდნენ ძმებს. ტიმი იმალებოდა, დუმახი კი ან ქვებით დაედევნებოდა მათ ან ტიროდა სიმწრისაგან.
ერთადერთი, ვინც მთელი ბავშვობა მათთან ერთად თამაშობდა, გიშიე იყო. მისი ეშინოდათ სხვა ბავშვებს. როდესაც მათთან მიდიოდა, თავს ხრიდნენ ან გარბოდნენ და ძმებიც დაცულად იყვნენ მის გვერდით. ჯვარზე გაკვრობანას თამაშობდნენ ხოლმე, წარმოსახულ ჯვარზე მილურსმნულები ცას აჰყურებდნენ.
“აქ ჩემი მამაა!” _ ამბობდა ხოლმე გიშიე და ტიმის გარდა მგონი ყველას სჯეროდა, ის ღმერთი იყო. გიშიემაც იცოდა, რომ ტიმს არ სწამდა მისი ღმერთობის, მაგრამ არასოდეს უსაყვედურია მისთვის. მერე, მოზრდილობაშიც, როცა უკვე ათასობით მიმდევარი გამოუჩნდა უბრალო ხუროს ძეს და ქორაზინში, მებაჟე ზაქეს სახლში შეხვდნენ ერთმანეთს, გიშიემ სიყვარულით შეხვდა ძმებს და ასე უთხრა, ჯვარზე რომ გაეკრათ ნებით, თუ სიყვარული და სინანული არ გექნათ, სასუფეველს ვერ ეღირსებით, რადგან სასუფეველი ჩემგან კი არა, ჩემი მამისგანააო.
თითქოს ყველაფერი წინასწარ იყო დაწერილი _ წარმოსახული ჯვარცმა სინამდვილედ იქცა. გვერდი-გვერდ არიან გაკრულები და სხვა ბავშვების მაგივრად ახლა ხალხი უყურებს მათ ტანჯვას. დუმახი ცოტა მოშორებით დგას ჰაიასთან ერთად და დაბღვერილი ათვალიერებს იმ ოთხს, აქ ამოსვლის მერე ენა რომ არ გაუჩერებიათ. ტიმმა იცის, დუმახს უყვარს ჰაია, მაგრამ ქალს ის უყვარს, ვინც ახლა ჯვარზეა გაკრული.
მის სახლში დაიჭირეს. ძმები საჭმელს ჭამდნენ ლამპის შუქზე, როცა შეიარაღებული კაცები მიადგნენ და ხელები გადაუგრიხეს. საპყრობილეში უთხრეს, ჰაიამ გაგცათო, მაგრამ ტიმს არ სჯეროდა და რომც სჯეროდეს, ძმას მაინც არასოდეს ეტყოდა ამას. ასე რომც იყოს, გოგოს მთელი ცხოვრება სინანულად გაჰყვება ჩადენილი და ალბათ უკეთესი ცოლიც იქნება დუმახისთვის. ცხოვრებაში პირველად წარმოიდგინა, რომ ჰაია სხვისი, მისი ტყუპისცალის ცოლია და გული შეეკუმშა. თვალი აარიდა ორივეს და ისევ ქალებს გახედა. სამრა დაჩოქილი ლოცულობდა. გაახსენდა ერთხელ დუმახი რომ მობრუნდა სახლში და თქვა:
_ დღეს სამრა ვნახე მაგდალაში, მარიამი დაურქმევია და მეძაობს. – ბოლოს სიტყვა ისეთი ზიზღით წარმოთქვა, შეზარა ტიმს. ერთად იზრდებოდნენ, ერთად ეძინათ და ერთად ჭამდნენ. სამრა მათზე უმცროსი იყო და სულ გაკვირვებული სახით უყურებდა უფროს ბიჭებს. დედინაცვალი ზრდიდა და მანვე გაატანა თოთხმეტი წლის გოგო ტიმის დედას იერუსალიმში. იქიდან აღარც დაბრუნებულა სამრა, წავიდა და დაიკარგა. ამბობდნენ, ჩაქოლვას უპირებდნენ შურიანი მეძავები და გაბრაზებული ცოლები მისი სილამაზის გამო და გიშიემ გადაარჩინაო. მას მერე აღარც მოშორებია ამ უკანასკნელს და ახლა აქ დგას.
“უსიყვარულოდ და უსინანულოდ” ჩაესმოდა ყურში ძუძუმტეს სიტყვები და დროდადრო თვალს აპარებდა მისკენ.
“არაფერი არ მოხდება, არანაირი ცეცხლოვანი ჯარი არ გადმოვა” _ ფიქრობდა ტიმი და ღმერთს მადლობას სწირავდა, ამ ჯვარზე, რომელზეც თვითონ იყო მილურსმული, დუმახი რომ არ ეკიდა. თავად ხსნის იმედი მაინც არ ჰქონდა, ეს სასჯელიც ეკუთვნოდა და დაისვენებდა იმ ეგვიპტელი ვაჭრის თვალებისგან, დანის ჩარტყმისას რომ გაახილა მძინარემ.
ნამდვილი ლურსმანი გაცილებით მტკივნეული იყო, ვიდრე ბავშვობის წარმოსახვითი სამსჭვალი. რკინამ ხელისგულები გაუგლიჯა და როცა ჯვარი აღმართეს, სხეულის მთელი სიმძიმე ოთხ წერტილს დაეკიდა.
პირველად გიშიე აცვეს ჯვარს. ტიმს ყრუდ ჩაესმოდა ხეში ჩაჭედებული ლურსმნის ხმა და მისი ძუძუმტეს კვნესა.
ყველაფერი რაღაცისთვის ხდება. დამთხვევაა ერთ დღეს გვერდი-გვერდ რომ ისჯებიან ძმებივით შეზრდილები?! ტიმმა იცოდა, რომ ოცდაცამეტი წლის წინ, როცა მათ სახლში ღამის გასათევად გაჩერდნენ ყრმა გიშიე და მარიამი, ქალმა ჩვილი ტყუპებიდან ერთ-ერთს რძე მისცა და სიკვდილისგან იხსნა. დედა ეტყოდა ხოლმე შენ იყავი ის ბავშვიო, მაგრამ არ სჯეროდა ტიმს, ალბათ დუმახია გიშიეს ნამდვილი ძუძუმტე და ამიტომაც სწამს ასე მისი ღმერთობის. თვითონ სად აქვს ამდენი რწმენა და თავმდაბლობა, გვერდით გაზრდილს ღმერთი უწოდოს? მაგრამ მთელი ბავშვობა მაინც დედას ეძახდა მარიამს და ყველაზე მეტად მისი ერიდებოდა. მაშინ სად გაქრა ყველაფერი ეს? გიშიეს და ტიმს ერთად აცვამენ ჯვარს, ერთი შვილია, მეორე _ შვილივით გაზრდილი, ქალს შიში და სასოწარკვეთა კი არა, უმადურობაც არ ეტყობა. “იქნებ მართლა ღმერთია გიშიე? იქნებ მე ვცდებოდი?” _ პირველად აქ გაუელვა ტიმს ამ აზრმა და შეკრებილებს გადახედა.
ხალხი ბევრი არ იყო. რამდენიმე ცენტურიონი, ოთხი უსაქმური, რომლებიც ყველა სიკვდილით დასჯას ესწრებოდნენ, ერთი ადგილობრივი ლოთი, მარიამი, სამრა და გიშიეს ორი მოწაფე. უკან კიდევ ჩანდნენ ვიღაცეები, მაგრამ ვერ გაარჩია. მისი ძმა და ჰაია იქნებოდნენ, წეღან, აღმართზე ამოსვლისას თვალი მოჰკრა ორივეს.
მარჯვნივ თუ მარცხნივო, ჰკითხეს ტიმს, თითქოს რაიმე მნიშვნელობა ჰქონოდა სად მოკვდებოდა. დასცინოდნენ, ან ესეც განგების ამბავი იყო.
გაეღიმა.
- სულ ერთია, თქვენ გადაწყვიტეთ! _ უთხრა და მონეტა ააგდეს ჯარისკაცებმა.
მეორე ის ჯვარი აღმართეს, რომელზეც წესით დუმახი უნდა ყოფილიყო გაკრული და ტიმს ჯერ გული დასწყდა თითქოს, შემდეგ თავს ძალა დაატანა და მადლობა ღმერთსო, გაიფიქრა.
მარჯვენა ძელზე მიალურსმნეს.
ტიმის და დუმახის ჯვრები ჯორებმა ამოიტანეს, გიშიესი კი ვიღაცა ადგილობრივმა გამვლელმა კაცმა ამოათრია. ასე გამოვიდა, ერთი ძელით ზედმეტი იყო, რადგან ჯარისკაცებმა არ იცოდნენ, მესამე დამნაშავე რომ შეიწყალეს და გამწარებულებმა ცემა დაუწყეს სიკვდილმისჯილებს.
ტიმი უყვიროდა, ნუ მირტყამთო, აგინებდა, გიშიე მორჩილად იტანდა დამცირებას.
“ესაა ღმერთი? ამისი სჯეროდა ამდენ ხალხს?” _ გაიფიქრა ტიმმა და გვერდით ჩაჩოქილ გიშიეს გადახედა. ისეთივე სახე ჰქონდა, როგორც ბავშვობაში _ მშვიდი და უდანაშაულო. და ტიმს შერცხვა, თვითონ, ეგვიპტელი ვაჭრის მკვლელიც და ესეც, ვიღაცის ახირების გამო ერთნაირად რომ უნდა დასჯილიყვნენ ახლა.
“ღმერთო, უშველე გიშიეს!” _ გაიფიქრა და ჯარისკაცის მოღერებულ შოლტს სახე შეუშვირა.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge