გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გურამ ქართველიშვილი - ოჯახი

გურამ ქართველიშვილი

ოჯახი  

თიბათვე იდგა და ახლად გამშრალი თივის სუნით სუნთქავდა შიოსუბანი. დიდი კოშკის ირგვლივ ჩამჯდარ სოფელს ბინდი აუჩინარებდა, როცა მისი შარა ცხენის ჭენებამ აიკლო. თეთრ ქაფად ქცეული ბედაური ჩოხიანმა კოშკს მიაგდო და დაუქვეითებლად დასცხო მათრახის ტარი კარს.
– ვინა ხარ?! – ეჭვით სავსე ხმა მოისმა კოშკიდან.
– შიოშვილების კოშკია ესა? 
– გახლავს. ვინ გინდა? 
– ირაკლი შიოშვილი.
მხედარმა ბინდში კარგად გაარჩია ზემო სათოფურებიდან მასზე მოშვერილი ორი ლულა და კარის ღრიჭოდან მოშტერებული თვალი.
– გააღე, დალოცვილო, ქრისტიანი ვარ! 
შიგნიდან კარზე აკრულმა ირაკლიმ შეყენებული დამბაჩა ქამარში გაიჩარა და კარს ურდული ახსნა. 
– რა გნებავს, სტუმარო? მე ვარ ირაკლი. 
– ეს ჩაიბარე. ჩეჩნეთიდან გამომატანეს შენთვის. მხედარმა მასპინძელს ერთი გრძელი და მეორე ოთხკუთხა ნივთი ჩამოაწოდა. 
– რა არის ესა? 
– არაფერი ვიცი, ძმობილო. ასე დამაბარეს ნახავს და თვითონ მიხვდებაო.
– მასპინძლობა მაინც მიიღე, დაქვეითდი. სტუმარი ღვთისაა. 
– მეჩქარება. სოფლის თავს მელოდებიან.
მხედარი იარაღში იჯდა და ტყეს შეფარებული კაცის იერი ჰქონდა. ზედვე ეტყობოდა ერთ ალაგას ორი ღამე არ ჰქონდა გათეული, ამიტომ ირაკლი ბევრ პატიჟს აღარ მოჰყოლია, კახურად მიუგდო მშვიდობის გზაო. მოსულმაც მშვიდობით დარჩენა დაუბრუნა და გაქრა. 
შინ შებრუნებულს კოშკის ზედა სართულიდან ჩამოსული თოფმომარჯვებული უწვერული ვაჟები მიეგებნენ და გაკვირვებით შეათვალიერეს მამა. 
– ვინ იყო, ირაკლი? რა უნდოდა? – ცნობისმოყვარეობის დუმილი ცოლმა დაარღვია.
– არავინ. მგზავრი იყო. ძილის თადარიგს მიხედეთ! – ნაწყვეტებად მიუგდო ოჯახს პასუხი ირაკლიმ და თავის სამყოფელში შეიკეტა. უცხოს მოტანილი ნივთები მაგიდაზე დაალაგა და ანთებული ჭრაქი მიუმარჯვა. – „ნეტა რაებია?! რა მესაქმება ჩეჩნებთან?!“ – ეჭვიანი ფიქრით დაუწყო გახსნა შეფუთულებს. ჯერ გრძელ და მოღუნულ ნივთს შემოაცალა ტყავის სახვევი. ხმალი გამოდგა შავტარქარქაშიანი, ვერცხლით ძუნწად შემკობილი. ერთხანს ათვალიერა, მერე ქარქაში მოაცილა და ხელში საუკეთესო გორდა შერჩა. –„რომელი ხმლის მამღერებელი მე ვარ, ეგეთი ძღვენი რო გამოუგზავნიათ?!“– ჭრაქის შუქზე აბრიალებულ ფოლადს დამღები დაუთვალიერა და ტართან წარწერა უპოვნა. ახალგაზრდა კაცის თვალმა წვალებით წაიკითხა ცეცხლის შუქზე –„ხრმალი ვარ მეფის ირაკლის ძისა, ლევანისა.“ გაშტერდა. სიზმარში რომ არ იყო ხვდებოდა, მაგრამ ვერაფრით ამოეხსნა ვის უნდა გამოეგზავნა მისთვის ეს ნივთი. 
თავის დღეში ობოლ ირაკლის მთელი ბავშვობა არაკად ესმოდა ლევან ბატონიშვილის სახელი კოლა გამზრდელისაგან. იმ ცხონებულისგან ისიც გაეგონა, რომ ლევანის ნაჩუქარ ხმალს მისი პაპა – შიო, ატარებდა, ახლა, რომ სოფლის სასაფლაოზე ყველაზე დიდი ლოდის ქვეშ იწვა და გულზე ეწერა „გარდავიცვალე ჩემი სამშობლოს დაღუპვითგან მეთორმეტე წელსა.“ ბაგრატიონების ტახტის აზნაური შიო შიოშვილისგან ნაანდერძევი ეგ წარწერა დარჩა ირაკლის და კოშკი ათიოდ კომლი ყმითა და მცირე მამულით. საფლავის ლოდზე ამოკაწრული სიტყვები მთელ ამ ქონებად იმიტომ უღირდა, რომ ოჯახის სახელს ინახავდნენ. ობლობის მიუხედავად არაფერი მოკლებია. ისე ზრდიდნენ გლეხები, თითქოს დაბადებიდან ყველა ვალში იყო მასთან. გაჩენიდან მეცხრე აღდგომას ჭარმაგმა კაცებმა პაპის საფლავთან მიიყვანეს და დალოცეს – იმის ჯიშისა ხარ და იმაზე მეტი შეგაძლებინოსო. მაშინ ისიც უთხრეს პატარა ირაკლის თუ რას ნიშნავდა დიდი შიოს საფლავზე ამოკაწრული წარწერა. ქართლ–კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ მეთორმეტე წელს მოკლეს შიო რუსებმაო, ალექსანდრე ბატონიშვილის კახეთის დიდი აჯანყების დროსაო. „ერი–ჰა... მას აქეთ ოცი წელიწადი გავიდა და ჩეჩნეთში ვიღას ახსოვს ახლა შიო მისი ნაქონი ხმალი რომ გამოუგზავნია?!“ – ფიქრებში წასულმა და გაოგნებულმა ირაკლიმ ახლა ოთხკუთხად შეფუთულს დაადგა თვალი და გასასნთლულ ტყავის სახვევს დაუწყო გახსნა. თითებით რომ ვერას გახდა ხანჯლის შვილი იხმარა. ნაპირიდან გაჭრა და როცა ფუთიდან მაგიდაზე ათასნაირი თვალმარგალიტი დახვავდა, სხეული მოისინჯა მართლა სიზმარში ხო არა ვარო. ერთხანს რეტდასხმული ჩაშტერებოდა ძვირფასი ქვების ელვარებას, მერე მოფხიზლდა და ტყავის ფუთა საგულდაგულოდ გაჩხრიკა. დაკეცილი ქაღალდი იპოვნა, გაშალა და ჭრაქს მიუშვირა. წერილი წვრილი და მშვენიერი მხედრულით იყო დაწერილი.
„ მეიმედება კოლამ ისე არ გაგზარდა, რომ განძის დანახვამ თვალი აგიბას. ოცი წლის წინ ქვეყნიდან რუსის ამოძირკვის იმედი რომ გაჩნდა ჩემი შვილები, შენი მამა–ბიძები, იარაღში ჩავსვი და ალექსანდრე ბატონიშვილს მივგვარე. მაშინ აჯანყებამ ერთთავად იფეთქა მთელ კახეთში. თავი არავის ეზოგებოდა. ბაგრატიონების ტახტის აღდგენა მიზანი იყო და ალექსანდრე დატონიშვილი უკვე მფედ გვიჩანდა. დიდძალი სისხლი მივეცით ომს. შენი ორი ბიძა სიღნაღთან მოკლეს და მამაშენი ხევსურეთში ჩემი ხელით მივაბარე მიწას. მაშინ სამი წლისა იქნებოდი რო შატილში გამოკეტილს დედაშენის სიკვდილის ამბავიც მომიტანეს. ბატონიშვილს დავეთხოვე, შიოსუბანში გადმოვედი, ობლად დარჩენილი კოლას ჩაგაბარე, ჩემს საფლავზე თვითონ დავდე ქვა და რაც ზედ აწერია კოლას ამოვაკაწრინე. იმდენი სისხლი მქონდა ნასვამი რუსებისა, ვამჯობინე მკვდარი ვგონებოდი. ვიცოდი შინ ვეღარასდროს დავბრუნდებოდი. ერთხანობას ირანში ვიხეტიალე ბატონიშვილთან ერთად და ბოლოს ისევ კავკასიას მოვაშურე. ბედს ადევნებული ჩერქეზებს შევეკედლე. მას აქეთ ყირიმშიც ვცხოვრობდი, რუსეთი ფეხად მოვიარე და დაუძლურებულმა ჩეჩნეთში დავიდე ბინა. ახლა, როცა სიკვდილი ხელისგაწვდენაზეა, გიგზავნი ყველაზე ძვირფასს, რაც ნივთიერად გამაჩნია – ჩემს სინდისს – ლევანისეულ ხმალს და ორ პეშვ თვალმარგალიტს, რომელიც გაუკუღმართებული ცხოვრების გზებიდან შემომრჩა. შორიდან შენი ყველაფერი ვიცი. დაგიზარდოს ის ორი ლეკვი და რადგან უფალმა ჩემი ანდერძის გადამბარებელი შემარჩინა, კარგად მოისმინე, რაც ქვემოთ დამიწერია.
ჩვენა, ირაკლი, თუშები ვართ, წკიპოშვილის გვარიდან. მამაჩემსაც შიო ერქვა. მე რო დავიბადე იმ წელს მოუკლავთ ასპინძის ომში. ობოლი და უქონელი დავრჩი. მდიდარი თუშების ცხვარს ვმწყემსავდი ცხრა წლის ასაკისა, მაგრამ უფალმა ცოცხალი გონება და ელვასავით მარჯვენა მიწყალობა. ცხვრის ფარის წინ მიმავალს ფეხებთან ხოხობი რომ ამიფრინდებოდა ხმლის ამოღებას და გაჭრას ვასწრებდი. აბა ეგეთს მწყემსად ვინ დამაბერებდა ომის ქვეყანაში?! თერთმეტისა ლევან ბატონიშვილს მიმგვარეს თუშებმა. ბაგრატიონების ოჯახში წიგნიც მასწავლეს. თექვსმეტისა უკვე ლევანის მორიგე ჯარში ასისთავი შევიქენი და კახეთზე მოთარეშე ლეკებს ვჟლეტდი. დიდი სახელი ვიშივე. ბატონიშვილმა სამსახური დამიფასა – აზნაურობა მიბოძა და შიოშვილის გვარზე დამწერა. ასე აშენდა შიოსუბანი. მაშინ კაცი უნდა დაგეწყევლა და მაგ ალაგას დაგესახლებინა. კარგა იცი, ჩვენი სოფელი ორი ხეობის ყელზე დგას. ეგ იყო ლეკების მთავარი გზა კახეთზე სათარეშოდ. ლევანმა კოშკიც ამაშენებინა და კარის ეკლესიაც. გლეხებიც სულ მგლები დამირჩია – გუთანიც რო იცოდნენ და ხმალიც. იმ დღიდან ოცი წელი კბილით მეჭირა შიოსუბანი. მერე რუსი მოვიდა და ბაგრატიონთა ტახტი ამოაგდო. მოსისხლე ლეკები მოყვრებად იქცნენ, რადგან მტერი ერთი გაგვიჩნდა. ე, მაგ კოშკში შევყარე ლეკი ბელადები და რუსის წინააღმდეგ ბრძოლაზე დავაფიცე. თავის ქებაში ნუ ჩამითვლი, შვილო, სიბერემ წარსულში ქექვა იცის. რაღა გავაგრძელო. ქვეყნის სამსახურში იმდენი მაქვს გადახდილი, მთელ ჩვენს მოდგმას ეყოფა. წამებაა ქართველი კაცის ყოფა. განა ყველა ქართველია, ვინც გვარ–სახელს ატარებს?! საქართველო უფრო სულია ვიდრე ხორცი, ირაკლი. თუ ეგ სული მოკვდება ჩვენი ქვეყანაც გათავდება. ხოდა ჩემი ანდერძიც ეგ არი. ამდენ წვალებას წყალს ნუ გაატან. შვილებს განათლება მიეცი, სოფელს მიხედე და დიდ ოჯახს დასაბამი დაუდე. ჩვენ მოდგმაში თაობიდან თაობაზე უნდა გადავიდეს ეგ სული. დაიხსომე, უპატრონოდ დარჩენილ ქართველობას აწი ოჯახები შეინახავენ. რამდენ ხანსაც არ უნდა იბოგინოს მტერმა, ვერას დაგვაკლებს თუ მამიდან შვილზე ქართული სული გადავა. მამა–ბიძების საფლავებს ნურც მოიკითხავ გადმოსასვენებლად. იწვნენ იქ, სადაც წვანან. ჩემი ძვლებიც მაგ ლოდის ვეშ გეგულებოდეთ. მშვიდობით. გფარავდეს დედა ღვთისა და შიოსუბნის წმინდა გიორგი!
შენი პაპა შიო შიოშვილი“
ირაკლიმ წერილი მობრჭყვიალე თვალმარგალიტზე დადო, ერთხანს გახევებული იჯდა და ცრემლებს შიგნით ყლაპავდა. მერე ადგა, ჭრაქი გაიძღოლა და შვილების სამყოფელში ავიდა. არხეინად ეძინათ ბავშვური ძილით ვაჟებს. საბნები შეუსწორა, თითოს თითოჯერ აკოცა და ჯვარი გადასახა.
* * *
2010
იმ დღეს ცურივით გაბერილი იყო ცა და თოვლს აპირებდა ირაკლიმ რომ შიოსუბნის სახლი დააბოქლომა. შემოდგომამ მის ხელებზე კოჟრები გააჩინა და ძველი ქალაქურ ოჯახი სანოვაგით აავსო. ყოველგვარ პეწს მოკლებული დიდუბის ავტოსადგურიდან ჭირნახულით გატენილი ყუთები სახლში მიათრია, გადაბერებულ სავარძელში ჩაეფლო და ჭერს მიაბოლა. „ როგორც იქნა... ეს შემოდგომაც მოვილიე... ხო, მართლა ბესოს დანაბარები?...“ ყურმილს დაწვდა და ნომერი აკრიფა.
– ბიძოს გაუმარჯოს!
– ჩამობარგდი?
– ხო, როგორც იქნა... ვაშლი ჩამოგიტანე. მოდი და წაიღე. ხვალ სახლში ვიქნები.
– საღამოს მოვალ. შიოსუბანში რა ამბებია?
– სადღაა შიოსუბანი, ბიძინ. ერთი ბესოღა დარჩა და ისიც ისრაელში აპირებს. მაგიტომაც გირეკავ. იქნებ მოუხერხო იერუსალიმში მიმავალი მლოცველების ჯგუფში ჩაასმევინო. აბა ისე ვინ მისცემს ვიზას. სამუშაოდ მიდის.
– მერე სოფელს ვის უტოვებს? – სამშობლოზე დამწუხრებული ფუნქციონერის პასუხი გაისმა ყურმილში.
– არ გინდა ეს დიდაქტიკა, ბიძინ. თუ შეგიძლია დაეხმარე. ერთი ბესო არც იქით, არც აქეთ. მთელი ქვეყანა გაქცეულია აქედან და...
– ხო, კაი, საშობაოდ წამსვლელთა ჯგუფში თუ ვერ ჩავსვი, სააღდგომოდ ნაღდად გავუკეთებ. დარჩა ვინმე კიდევ იმ რაიონში?
– კი, გამგებელი, პოლიციის უფროსი, მგლები და დათვები.
– ეგეც საქმეა. კაი ხვალამდე.
– ხვალამდე. 
ირაკლიმ ყურმილი დადო და ვალმოხდილის სიმსუბუქე იგრძნო. თაობებნაცხოვრებ სახლის მშობლიურობით ცოტა ხანს კიდევ დატკბა, მერე ყუთების თრევით დაღლილი წელი აითრია და მოხუცის ძებნას შეუდგა. უზარმაზარი ბინის მეშვიდე ოთახში მტვერიან წიგნებში ჩაფლულს ეძინა დიმიტრი პაპას. ირაკლიმ ხალათი გადააფარა. თუმცა ძვალზე გადაკრული ტყავი არისტოკრატულობას მატებდა ასს მიღწეულს, მოხუცი მაინც უფრო გატეხილი ეჩვენა. ის იყო მძინარის სასთუმალთან დახვავებული წიგნების მოწესრიგებას შეუდგა, რომ კარზე ზარი დარეკეს. სტუმარს დანატრებულმა მტვრიანი ოთახები გაჩქარებით გაიარა და საკეტები აახმაურა. ღია კარებიდან მეზობლის თათულიმ ენერგიის კორიანტელი შემოიტანა.
– ჩამოხვედი სოფლელო?
– ჩამოვედი, თათული დეიდა. როგორ გიკითხოთ?
– როგორც ჩემს ასაკს შეეფერება ისე. კი, მაგრამ ამ ოჯახიდან მიწის მუშა არავინ ყოფილა და შენ ვის დაემსგავსე? ხო–ხო–ხო, რაები ჩამოუტანია?!
ქალმა მადიანად შეათვალიერა დიდ ოთახში დახვავებული ჭირნახული. მერე ყუთიდან გამოშვერილი ჩურჩხელა გაკბიჩა და სავარძელში კოპწიად მოკალათდა.
– რა ვქნა, შენ გენაცვალოს თათული, ვერ დაგახვედრე სახლი დალაგებული. აბა მე რისი გამკეთებელი ვარ და დამლაგებლის აქ შემოშვება ვერ გავბედე. რაც ამ სახლში სამუზეუმო ნივთები დევს, ვის ვენდო?! თითო ამათგანს თითო ისტორია აქვს და რომ დაიკარგოს რამე?...
– რას ამბობთ! თქვენი ისედაც დიდი მადლობელი ვარ დიმიტრი პაპას მიხედვისთვის. დალაგებას მოევლება. ხომ არ გაგაწვალათ მოხუცმა? 
– რას ამბობ! სად არის მაგისთანა ადამიანი?! სადილს ვუმზადებდი ხოლმე. ის თქვენი თვალუწვდენელი ბიბლიოთეკა თავიდან გადაიკითხა. მაგის ხმა არ გამიგია. სადაა ახლა?
– ძინავს.
– ხო, მართლა. თიკო მოდიოდა ხოლმე. მოიყვანე შე კაცო, მშვენიერი ქალია. გიჟდება შენზე.შენ ასაკში ხალხი ცხოვრებას იწყებს და... – ეშმაკურად ჩაიცინა თათულიმ. 
– ეჰ, თათული დეიდა, მეორედ ცოლის მომყვანი ვარ მე?! 
– კაი, აბა. მოგვიანებით გნახავ კიდე. უჰ, რა ჩურჩხელაა!
– ეგ იმდენი გვაქვს ტკბილად გამოვიზამთრებთ. –გული გაუკეთა ირაკლიმ მეზობელს და ნუგბარები სახელდახელოდ გაატანა. მადლობად ქცეული თათული ბნელ სადარბაზოში გაუჩინარდა და მტვრიან სახლში ჩვეული მყუდროება დაბრუნდა. გაზაფხულს აქეთ იმდენი ენერგია არ დაუკარგავს ირაკლის, რამდენიც თათულიმ წაართვა. –„ენერგოვამპირი. საწყალი დიმიტრი მაგის ხელში.“ წვივში ჩარჩენილმა ტყვიამ კბენა დაუწყო. „ალბათ ითოვებს.“ ფანჯრიდან ზეცას ახედა და ისევ სავარძელს დაუბრუნდა. –„რა დაალაგებს ახლა ამხელა სახლს?!“– ირაკლი იქვე მდგარ ძველ რადიოლას გადაწვდა, ჩართო და რაღაც არხი დაიჭირა. რეკლამა გაისმა – „ქართული ხალხური სიმღერის სპონსორია გერმანელი ყასაბი – ძეხვეულის დიდოსტატი.“ გაეღიმა, მაგრამ ყასაბის მიერ დასპონსორებულმა „ჩაკრულომ“ განწყობა მოგვარა. მონატრებოდა ეს ცივი, მტვრიანი და მოხუცის ამარა მიტოვებული ბავშვობის სახლი. თითქოს პირველად ხედავსო ისე დაუწყო თვალიერება კედლებზე ახუნძლულ სურათებსა და ნივთებს. მარჯვენა კედლიდან ობობის ქსელში გახვეული მეცხრამეტე საუკუნის წინაპრები იყურებოდნენ ქართულ თუ მოდურ ევროპულ ტანისამოსში გამოწყობილები. მარცხენა კედელი კი მეოცე საუკუნის 20–30–იანი წლების დახვრეტილ–გადასახლებულთა სახეებით იყო მოფენილი. –„ რა არის, მაინც, ფოტო?! ცხოვრების ბედნიერ წუთებს ინახავს, თორე, ამათგან უმეტესობის ნიჭი ბორკილებს და კატორღებს შეეწირა.“ – ფიქრობდა ირაკლი. ძალიან გულუხვი აღმოჩნდა რადიო არხის სპონსორი – გერმანელი ყასაბი და „ჩაკრულოს“ „ შავლეგო“ მოჰყვა, „შავლეგოს“ – დაიგვიანეს. ირაკლი წამოდგა და ახლა დამტვერილ ნივთებს ჩამოუარა. – „სახლში აქვს თითოეულ მათგანს ისტორია, თორემ ეს ყველაფერი მშრალი ხიდის ბაზრობაზე რომ დაალაგო ანტიკვარულ ნივთებად იქცევიან. ოჯახიც ეგ არის, ხსოვნას ინახავს.“ –ხალიჩაზე ახუნძლულ იარაღს თვალი შეავლო და გაახსენდა ბავშვობაში როგორ უკრძალავდნენ მათთან მიკარებას მშობლები. მოგონებებით ტკბობა და ჰანგი ხალიჩაზე ცარიელმა ადგილმა უეცრად გააქრო. ძველ ხანჯლებსა და დამბაჩებს შორის აღარ ეკიდა ლევან ბატონიშვილისეული ხმალი, შიოშვილების ოჯახის მთავარი რელიქვია. გაოგნდა. ის იყო დაეჭვებულმა მეზობლის თათულისთან დარეკვა დააპირა, რომ ოთახში ნამძინარევი დიმიტრი პაპა შემოფათურდა. ჯერ რადიო გამორთო, მერე ყუთებს შეხედა გაკვირვებით და როგორც იქნა შენიშნა ირაკლი
– შენა ხარ, შე გადაკარგულო?! – მოხუცის ბავშვურობით მიეფერა დიმიტრი შვილიშვილს. ძალიან შეგიყვარდა იქაურობა.
– კარგად გამოიყურები, პაპა, როგორა ხარ?
– ბებრულად... ეჰ, –ხელი ჩაიქნია მოხუცმა. – ეს რაები მოგიტანია, კაცო?
– მოსავალი. გადავყევი. ძალიან ძნელია მიწის საქმე. მაგიტომაც ვერ ჩამოვედი გაზაფხულს აქეთ.
– გამახარე, ირაკლი. დაჯე, დავილაპარაკოთ. კიდე დგას შიოსუბანი? 
– დგას, გაუღიმა შვილიშვილმა პაპას და ყუთებში ქექვას მოჰყვა. მაგიდაზე ამოალაგა ათასგვარი ნუგბარი, ღვინო ჩამოასხა და კოხტა სუფრა გაშალა. 
– შენ არა ხუმრობ, აი! – დიმიტრის მიმქრალ თვალებში სხივი ჩაუდგა. მშობლიური სოფლიდან ჩამოტანილმა ჭირნახულმა გაახალისა. ყვალაფერს იღებდა, ყნოსავდა და თეფშზე ალაგებდა. 
– ჩვენებური რო ყველაფერი კარგია, არა?! ეჰ, ერთხელ კიდევ მაჩვენა იქაურობა და... – ჭიქა აიღო და ღვინოს გახედა სინათლეზე. – შენ ჩამოსვლას გაუმარჯოს და ჩემ დახვედრას. – ჯეელივით გამოცალა სასმისი. – სხვა, რითი გამახარებ? 
– დავწერე რაღაცეები, მაგრამ იქ დავტოვე. 
– რატომ?
– ეჰ, ვის რად უნდა?! ახლა თუ რამე ღირებულს დაწერ, მაინც თაროზე დაგილპება. არადა, რო არ დაწერო შიგნით დაგიგროვდება და გაგაგიჟებს კაცს.
– მე რაღას მერჩი?! ჩემთვის მაინც წაგეკითხა. 
ირაკლიმ უხერხულად შეხედა პაპას და შეეკითხა:
– ეგ იქეთ იყოს და ლევანისეული ხმალი სად არის? ხალიჩაზე აღარ კიდია. – იმასაც ფიქრობდა იქნებ მოხუცმა არც იცის და გული არ გაუსკდესო. 
დიმიტრიმ მკაცრად შეხედა შვილიშვილს, წამოდგა, გვერდით ოთახში გაჩოჩდა და მცირე ხანში ლევანისეული გორდა რაღაც წერილთან ერთად მაგიდაზე დადო.
– ნუ ღელავ, აქ არის. ჯერ კიდევ ოჯახშია... ჯერ კიდევ. – ამოიოხრა მოხუცმა და ღვინო მოსვა. – შენი ხელით წაიღე და მუზეუმს ჩააბარე. სიარული მიჭირს. აი, წერილიც გამზადებული მაქვს. ასე გადავწყვიტე.
– რატომ? –იკითხა ირაკლიმ და მიხვდა, რომ იჩქარა.
– ამ ნივთის ჩვენ სახლში ყოფნას მანამდე ქონდა აზრი, სანამ ამ კედლებში ოჯახი იყო. ვიღა დავრჩით – მე, შენ და შენი პარიზში გადახვეწილი ყოფილი ცოლშვილი. ხო, მართლა, შენი ვაჟი იყო ჩამოსული. გინახულა? – ცოტა ცინიზმი გაურია ხმაში მოხუცმა.
– არა, როდის იყო?
– ერთი თვის უკან. შემომიარა სხვათაშორის. მოცარტის ვარცხნილობა დაუყენებია და კეფას ბაფთა უმშვენებს. ყურზე ბარე სამი საყურე მაინც დავუთვალე. ეგ ჩვენებური აღარ არის, შვილო. მე როდემდე ვიცოცხლებ? ან რაღა შემიძლია? შენ ჩამოგიყრია ყურები და მიწას ხნავ ეგეთი ნიჭის პატრონი. კვდება ოჯახი. 
– „რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი... დამსვა ბნელსა შინა ვითარცა მკუდარი საუკუნოი და მოეწყინა ჩემ თანა სულსა და გულსა ჩემსა.“ – ფსალმუნის სიტყვები ირონიულად დაუბრუნა პასუხად ირაკლიმ მოხუცს და ოთახში გაიარ–გამოიარა.
– ძალიან გაგიტეხია გული. არ გეკადრება. კაცი თუ იდეით ცხოვრობ, მეტი მოგეთხოვება.
– თავს ზევით ძალა აღარ არის, პაპა. ჩემი ნაწარმოებები ძალიან ქართულია და როგორც ჩანს ამის რაღაც ძალას შეეშინდა. ჩემ პიესებს მაყურებელი ბუზივით ახვევია, მაგრამ არცერთ თეატრში აღარ მიშვებენ. ქვენა გრძნობებით დატვირთულ ნაწარმოებებს დგამენ. თქვენ ის მაინც იცოდით, რომ იმპერიაში ცხოვრობდით და ათასი ხერხით ნაწვალებ ქართულ საქმეს მაინც აკეთებდით. უფრო გამოგდიოდათ. თუ შენც გჯერა, რომ თავისუფლებაში ვცხოვრობთ? ნიღაბია ეგ თავისუფლება. სინამდვილე კი გადაგვარებაა, როგორც არასდროს. თავგამოდებული მეცადინეობა მიდის იმაზე, რომ შვილები მამებისგან გააუცხოვონ. გემოვნება იკლებს. ჩვენი ფასეულობები დახლზეა შემოდებული. დღევანდელი ქართველი მილიონერებიდან თითო ხელი ჩოხა–ახალუხი ყველას უკიდია თავის მდიდარ გარდერობში, თორე ქართულ საქმეში ფულის ჩამდები აღარავინაა. – ირაკლიმ თვეების მარტოობაში დაგროვილი სათქმელი ერთიანად ამოყარა და სიგარეტს მოუკიდა. – ვეფხისტყაოსანმა რვა საუკუნეს გაუძლო და მაინცდამაინც ახლა რატო მოძველდა ხომ ვერ მეტყვი?! ჩემი თაობაც წავა როცა იქნება და საეჭვო ფასეულობებზე გაზრდილი მომავალი ჩვენ ნაწერებს აღარ წაიკითხავს. ბავშვებმა ის კარგად იციან რა ფერ საცვალს ატარებს რომელიმე კინოვარსკვლავი, მაგრამ ილია ჭავჭავაძე ვინ არისო რომ კითხო გაკვირვებით შემოგხედავენ. სულამოცლილ ქვეყანაში ათი წლის შემდეგ თოფის დამკავებელი აღარავინ იქნება სამშობლოს დასაცავად. ერში მარადიული ფასეულობები ინახავენ იმ სითბოს რასაც სამშობლო ქვია და რისთვისაც სიცოცხლეს წირავ კაცი. წეღანაც გითხარი ვწერ იმისთვის, რომ არ გავგიჟდე და თაროებზე ვალაგებ. აღარაფერს გეუბნები ხოლმე, გული არ მინდა გატკინო.
დიმიტრისთანა ქართველისთვის ამის მოსმენა ადვილი არ იყო, მაგრამ ჩამოქნილ სახეზე ნაკვთიც არ შერხევია. ღვინო მოსვა და მშვიდად დაუბრუნა:
– ეგ ყველაფერი მოსალოდნელი რომ იყო მე მაშინვე ვხვდებოდი, ოცი წლის წინ, საბჭოთა იმპერია რომ დაინგრა. ორი საუკუნე ოცნებობდა ეს ოჯახი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, მაგრამ...
– რა მაგრამ?
– რა და ჩვენ ხომ ის ერი ვართ, ვინც ხმლის ეპოქაში დავკარგეთ თავისუფლება და ატომის ხანამდე ორი საუკუნე სხვა ხალხის სახელმწიფოში ვიცხოვრეთ. ის სხვა კი ჩვენ ენას ძაღლის ენას ეძახდა და ათასგვარ გენოციდებს გვიწყობდა. გიფიქრია ოდესმე იმაზე, რომ იმ ხმლის დროიდან დღემდე ყველა თაობა რაღაც ფასეულს კარგავდა? ძნელი მოსასმენია, შვილო, მაგრამ ფაქტია. დღეს ჩვენ იმ თავისუფალი აზროვნების მქონე საქართველოს ნარჩენები ვართ. საკუთარი ხელით საქმის კეთებას გადავეჩვიეთ. ბევრი ავტორიტეტი დამეთანხმება, რომ ამ აღმოსავლეთ–დასავლეთის გზათგასაყარზე, სადაც ჩვენი ქვეყანაა არცერთი ლოგიკით სახელმწიფო არ უნდა არსებობდეს, რომ არა ქართველების მიერ გამომუშავებული კულტურა ამ მიწის ჭერისა. აქ მუდმივად იდეალიზმი ბატონობდა მატერიალიზმზე. ძვირფასეულობით ხატერბს და იარაღს ვამკობდით. ანუ რწმენა და ომი. შენ მე ყრუ ხომ არა გგონივარ? კარგად ვხედავ რაც ხდება დღეს აქ, მაგრამ ახალიც არაფერია. დღეს ამ მიწას ერთი იმპერია ეცილება მეორეს. ჩვენ კი თავის გადარჩენა გვმართებს, ირაკლი. განა ქართველის ნათქვამი არაა „ალია, ბალია ორივე თათარიაო?!“ ნუ ჩამოყრი ხელებს! ბოლომდე მიეცი მისაცემი და ის აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს. 
– რას მირჩევ?
– თანამოაზრეები ხომ გყავს?! ჩვენნაირი ოჯახები ღმერთმა ნუ დალიოს! პირველ რიგში საკუთარ თავს მოერიე, ნუ ჩაიკეტები! ვიცი, როცა დევნიან შენს სასქმეს, კაცი უსახსროდ რჩები. მითუმეტეს ამ დროში. გაყიდე ეს სახლი. უფრო მცირე სამყოფელი გაიკეთე. აღებული ფული დიდხანს გაცხოვრებს. ოჯახი შექმენი და შვილები გაზარდე. შენს საქმეს კი არ გადაუხვიო იცოდე. აბა გადახედე წარსულს, რამდენი სისუსტე გიყურებს იქედან შენს მიერ დაშვებული! შიოსუბნის კოშკი აღადგინე და ეს ნივთები იქ გამოფინე. მშვენიერი მუზეუმი გამოგივა. ათიათას ადამიანს მაინც რომ გადააბაროთ შენ და შენისთანებმა ჩვეენებური სულის გასაღები საქართველო იცოცხლებს. 
– გათოვდა. ნახე რამხელა ფანტელებია... – გაუღიმა მოხუცს ირაკლიმ. 
– ხო, დღეს მთელი დღეა აპირებს. – დიმიტრიმ თავისი ხელით შეივსო სასმისი და შვილიშვილის ჭიქას მიუკაკუნა. – თუ ფასეულობა მარადიულია ის არ ქრება. აქ თუ გაქრა, კი არ მოკვდება, გარდაიცვლება და სხვა სამყაროში დაიდებს ბინას. ის რაზეც ჩვენ გვწყდება გული, ირაკლი, დიდი ხანია ზეციურ საქართველოშია გადაბრძანებული. მთელი ცხოვრება ჩვენი ქვეყნის წარსულს ჩავკირკიტებდი და ბევრი რამე ვერ ამოვხსენი. ან როგორ უნდა ამომეხსნა?! ისინი ხომ იქ არიან უკვე. – თითი ზევით აიშვირა მოხუცმა და ლაღად გაიღიმა. – მაგრამ მალე ვნახავ მათ. მე იქ უკვე მიმელიან. გაგიმარჯოს! კაცმა ისე უნდა იცხოვრო, რომ იმ საქართველოს ხილვის ღირსი გახდე. 
დიმიტრიმ ჭიქა გამოცალა, წამოდგა, შვილიშვილს ხელით სახეზე მიეფერა და ოთახიდან გავიდა. ირაკლი ერთხანს დალურსმულივით იჯდა, მერე ხელში შეყინული სასმისი დაცალა და ტელეფონს გადაწვდა. ნომერი დამაჯერებლად აკრიფა. ქალმა უპასუხა. 
– თინათინ, ჩამოვედი. ახლა არაფერი მკითხო. უბრალოდ მოემზადე. როდემდე ვიყოთ ასე?! ხვალ ჯვარი დავიწეროთ. 
– კარგი, დაგელოდები. – უპასუხა ქალმა.
– დილით მოგაკითხავ. გკოცნი...
ფანჯრიდან ორომტრიალა ფანტელებმა დაქანცულ ირაკლის ძილი შეახსენეს.სუფრის ალაგება არც უცდია. მხოლოდ ლევანისეული ხმალი აიღო მაგიდიდან და თავის ადგილზე ჩამოკიდა.

ჩეკურაანთგორი,
27.05.2010
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge