გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

სონია ქართველიშვილი - გიო ლომიძის ერთი ლექსის ანალიზი

თუკი    როლან ბარტს   დავესესხებით:  „ჩვეულებრივი კითხვა ტექსტის მხოლოდ გლუვი ზედაპირის დანახვის საშუალებას იძლევა, იმისთვის კი, რომ ის სრულყოფილად  გავიაზროთ, ზოგჯერ  საჭიროა  კითხვის პროცესის დეკომპოზიცია - კადრის შენელება,  გადახვევის სისტემური გამოყენება“.  გიო ლომიძის პოეზიის მეტ-ნაკლები სისრულით  გაგება-გააზრებაც,  ალბათ, ყველაზე მეტად    სწორედ თანამედროვე  გაზარმაცებული მკითხველისთვის  ამ არც ისე მარტივი  ხერხითაა  შესაძლებელი, თუმცა ისიც ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ პოეზიის ბოლომდე დეკოდირება,  ასევე  სხვისი  ტექსტის ქსოვილში  ბოლომდე  შეღწევა    შეუძლებელია  და  ალბათ,  არცაა  აუცილებელი.  ღირებული  მხატვრული  ტექსტები  თავისი   მეტამნიშვნელობებით  გამოირჩევა   და  მათი  იმდენნაირად    წაკითხვა,  აღქმა და გააზრება  შეიძლება,  რამდენ მკითხველსაც მიეცემა  მასთან  შეხების საშუალება,  დანარჩენი კი,   ალბათ,    გემოვნებაზე,  ინტერესებზე,  ინტელექტზე,   შინაგან  განწყობასა და იმაზეცაა დამოკიდებული,  რისი მოლოდინი აქვს, ან  რისი მიღება სჭირდება  მკითხველს  კონკრეტული ტექსტისგან.
თუკი ისევ როლან  ბარტის თეორიას მივუბრუნდებით: „მხატვრულ ტექსტში შემდეგი შრეებია: „ემპირიის ხმა (გამოცდილება),  პიროვნების ხმა (ავტორი ტექსტში), ცოდნის ხმა (კულტურული კოდები),  ჭეშმარიტების ხმა (ჰერმენევტიზმები) და სიმბოლოს ხმა“.   რა თქმა უნდა, ეს  მხოლოდ  და მხოლოდ მშრალი  სქემაა,  ამავდროულად,  გასათვალისწინებელია ისიც, რომ შესაძლოა,   ტექსტში რომელიმე პუნქტი  შედარებით აქტიური  იყოს,  რომელიმე - პასიური,   ზოგიერთი მათგანი   კი საერთოდ არ იკითხებოდეს  იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ უბრალოდ  არ  გააჩნდეს, მაგრამ  ჩემი აზრით, მხატვრული  ტექსტის  შრეების ამგვარი   კლასიფიკაცია  ნებმისმიერი  იმ    ტექსტის სიღრმისეული ანალიზის გაკეთების საშუალებას  იძლება, რომელსაც ამბიცია აქვს, რომ მხატვრულია,  საქმე კი განსაკუთრებით იმ შემთხვევაში ადვილდება,   როცა  ტექტი   ტროპული მეტყვლების  საინტერესო   სახეებითაა მდიდარი.  
შევეცდები, გიო ლომიძის პირველ პოეტურ კრებულში „სიმშვიდის პაროდია“ შესული ერთ-ერთი უსათაურო ლექსი   ბარტისეული  სქემის მიხედვით განვიხილო,    მაგრამ სანამ  ტექსტის დანაწევრებასა და მის აღნიშნული თეორიის მიხედვით გაანალიზებაზე   გადავალ,  მინდა,   ბანალურ ჭეშმარიტებაზე კიდევ  ერთხელ   გავამახვილო   ყურადღება:  ლიტერატურული ნაწარმოები  თავისი მხატვრული ღირებულებით, ესთეტიზმით,  სახე-ხატთა მრავალფეროვნებით, შინაგანი რიტმიკით,  ჰარმონიითა თუ  დისჰარმონიით, საკუთარი თავის გარშემო  შექმნილი   ემოციური  ველით,   სიტყვებისთვის მინიჭებული მისტიფიცირებისა და მკითხველთან  კომუნიკაციის  უჩვეულო  უნარით  ბევრად   მეტია,  ვიდრე  ლიტერატურის თეორიაში  ფართოდ  დამკვიდრებული    სქემები.
კრებულში შესულ 2017 წლის 26 მარტით დათარიღებულ უსათაურო ლექსში, რომელიც ავტორის ერთგვარ შემოქმედებით ტრაქტატადაც  შეიძლება აღვიქვათ და ავტორეცენზიადაც,   ვკითხულობთ:
„ჩემი სიტყვა ვერ იქნება აუცილებლად მოთხოვნადი,
ის ბევრად უვარგისია, ვიდრე სოციალური შემწეობა
და მეტად სასარგებლო, ვიდრე ასოციალური პოეზია;
ან სულაც პირიქით. . . „
ლექსის პირველივე ფრაზაში იკითხება ავტორის გამოცდილებაც (ემპირია)  და ალტერ ეგოც (ავტორი ტექსტში)  - მან, როგორც შემოქმედმა, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე,  უკვე კარგად  იცის, რომ ამგვარი პოეზია თანამედროვე  მკითხველისთვის აუცილებლად მოთხოვნადი ვერ იქნება,  (ეს ნიშნავს, რომ  ის კარგად იცნობს თანამედროვე  მკითხველის და აქედან გამომდინარე, ზოგადად მკითხველის ძირითად მოთხოვნებს, სურვილებს, ინტერესებსა და გემოვნებას), ამიტომ საკუთარი  ტექსტებისადმი ფლეგმატურ ან ზედაპირულ  დამოკიდებულებას ისე ეღიქვამს, როგორც   ჩვეულებრივ  მოცემულობას,   პარალელურად კი   ამ   ყველაფრზე  ბევრად  მაღლა  დგება.  
ლექსში გამოყენებული  სიტყვა „სოციალური შემწეობა“  უარყოფითი კონოტაციის მატარებელი  თანამედროვე კუტლურული პარადიგმაა (კულტურული კოდი)  -  ყველა ეპოქას აქვს მსგავსი უარყოფითი შინაარსის შემცველი   კოდები,  „სოციალური შემწეობაც “   ხომ  ჩვენი დროების  განუყოფელი ნაწილია -   ერთდოულად მტკივნეული და  სამარცხვინოც   და  სასიცოცხლოდ აუცილებელიც;   ორსიტვიანი     კომპოზიტი,   რომელმაც  შეძლო და თითქოს  წარმოსახვითი, მაგრამ  ამავდოულად   ძალიან რეალური ზღვარი გაავლო  სოციალურ ფენებს  შორის   ჩვენს  საზოგადოებაში - მაშინ როცა, მუდმივად გვიჩიჩინებენ, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.  (ორმაგი კოდირება, ორმაგი სტანდარტი - თანამდროვე სამყაროს ერთ-ერთი  უმძიმესი,  პრაქტიკულად უკურნებელი სენია).
აღნიშნულ  ლექსში წამოჭრილია   ლიტ. მცოდნეობაში ერთ-ერთი  აქტუალური  პრობლემა  - საჭიროა თუ არა პოეზიის სოციალიზაცია და თუკი  მაინც  საჭიროა   მკითხველთან კომუნიკაციის შესანარჩუნებლად,   ეწირება თუ არა ტექსტის მხატვრული   ღირებულება  მასში  ნემსებივით  შერჭობილ  მახინჯ,  დეგრადირებულ,  ადამიანში  ყველაფრის ჩამკვლელ  სინამდვილეს;  
„თუნდაც განსხვავებულმა მნიშვნლობამ გამორიცხოს
სიმშვიდე, შიმშილი, პროტესტი.
გამოთავისუფლებული სიცარიელე  ვერ შეიკავებს დეტონაციას
არაფასადური მოვლენებისგან,
მათგან შორს გასვლა აპრიორი ნიშნავს - ვიცრუე“ - წერს ავტორი და ამით  მიანიშნებს, რომ შემოქმედი ვერ იტყვის უარს იმაზე, რაც ყოფიერების ძირითადი შემადგენელი ნაწილია. ადამიანი   სოციალური  ხომ არსებაა,    გვინდა და მოგვწონს ეს ჩვენ,  თუ არა.  
ბარტის თეორიის ერთ-ერთი ქვეპუნქტი - ჭეშმარიტების ხმა (ჰერმენევტიზმი) პოეზიასა  და ზოგადად მხატვრულ ტექსტებში  ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია,  რადგან  სწორედ ეს სძენს ნაწარმოებს   მხატვრულ ღირებულებას  და მას     ჟურნალისტიკისგან  მნიშვნელოვნად  განასხვავებს.  (შემთხვევითი არ არის, რომ ლექსში  ნახსენებია ხმაურიანი სატელევიზიო გადაცემები და  მათთვის მინიჭებული განუსაზღვრელი უფლებაც და ფუნქციაც,  რეალობის მათეულ რეპრეზენტაციაში  რომ  გამოისახება). გიო ლომიძის ეს ტექსტი სწორედ იმითაა ერთდოულად  ღირებულიც  და საინტერესოც,  რომ  ის სოციალური თემატიკისა და პოეზიის  შერწყმას  ახერხებს - ტროპული მეტყველება, სახეები, საგნებისა თუ  მოვლენების    მეტამნიშვნელბები   ისე აღწევს  მშრალ  და უხეშ  სოციალურ ტრაქტატში,  როგორც სუფთა წყალი ჭუჭყიან  გუბეში.
„გავმარტივდებით, როგორც იქნა, გავმარტივდებით,
ვეღარ მივხვდებით, ნათქვამიდან - მზე გველზე გორავს,
რა შინაარსი შეიძლება ამოვიკითხოთ.
ან   სისულელედ მერამდენედ მოგვეჩვენება
რას აკვირდება დღით და  ღამით - ციკლოპი ზეცა“  - ვკითხულობთ ლექსში და მთელი არსებით ვგრძნობთ -  ეს არ არის  მხოლოდ  პედალირება იმაზე, რომ   პოეზიამ თავისი  ფუნქცია და როლი  დაკარგა,  ავტორი  სათქმელს  მატერიის ვერბალიზებით ახდენს და მას  ლექსის მხატვრულ-ტექნიკური მხარე  მთელი სიზუსტით  გამოხატავს.     ისევ ბარტს თუ  დავესესხებით და  დავუშვებთ,  რომ  ზოგ შემთხვევაში  ენაც შეიძლება იყოს ფერწერული, შეიძლება ვთქვათ, რომ ლექსის   ტროპული მეტყველება   თან გვიხატავს,  თან კი  ყურში ჩაგვძახის,     როგორი მახინჯია ის, რაც    თვალწინ და ცხვირწინ  აგვაფარეს  და    როგორ გვიშლის ხელს  ეს ყოველივე, ბევრად უფრო ღირებული და  მნიშვნელოვანი  დავინახოთ.    ამ  აზრის ერთგვარ გაგრძელებად,  სათქმელის გამამყარებელ კიდევ  ერთ  არგუმენტად   შეიძლება ჩაითვალოს  ლექსის  შემდეგი სტრიქონები:
„თავს ვერ დავაღწევთ ფსევდო-რევოლუციურ მესიანიზმს;
ჩავიძირებით არსად. . .
ვერ გადავხტებით ვერც-ერთი სიმაღლიდან.
ვერ გავიქცევით ვერსად.
სამაგიეროდ სტრიქონებს- ამ ელასტიურ საფეხურებს
ვაბიჯებთ გაუთვითცნობიერებლობას“. . .
„დააღეთ პირი - ეს ხარბი უჯრა.
გამოალაგეთ გარედან შიგნით,
შიგნიდან გარეთ გაუმაძღრობა“. . .
ბოლო სტროფში პირის ხარბ უჯრასთან გაიგივებას სიმბოლური დატვირთვაც   შეიძლება  მივანიჭოთ (სიმბოლოს ხმა)  და თანამედროვე სამყაროს ერთგარ  კულტურულ მეტაფორადაც აღვიქვათ.  გაუმაძღრობისა და შემგროვებლობის  მანიით   დაავადებული  ადამიანები ყველაფრის თავიანთ უჯრებში გამოკეტვას  ცდილობენ -  უჯრა, ისევე როგორც სახლი,  მაცივარი,  ტელევიზორი და ადამიანების ტვინები,  ყოველთვის გამოტენილი უნდა იყოს  ნივთებით, „პურით“  და  ახალ-ახალი ამბებით და  ის  ზოგჯერ  იმდენად გადავსებულია,  რომ  იმისთვის, რაც მართლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,  მცირედი ადგილიც  აღარ  გვრჩება. ემ ყველაფრის შედეგი კი ისაა, რომ  „ცოცხალია“ (აღქმადია)    მხოლოდ სახლი, მაცივარი და ტელევიზორი, „ტვინი,  როგორც აუტანელი მეზობელი, დიდი ხანია გარდაიცვალა“. . .


скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
გორვანელი - რა დროს ჰუმანიზმია გორვანელი - რა დროს ჰუმანიზმია ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები შოთა ბოსტანაშვილი - სივრცის პოეტიკა. კრიტიკული დისკურსი - ვიხსენებთ ბრწყინვალე მოაზროვნეს  (1948-2013) შოთა ბოსტანაშვილი - სივრცის პოეტიკა. კრიტიკული დისკურსი - ვიხსენებთ ბრწყინვალე მოაზროვნეს (1948-2013) ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / გამოქვეყნებული გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი)  -  დაკარგული კლასიკა გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) - დაკარგული კლასიკა ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / მეცნიერება / გამოქვეყნებული დავით ანდრიაძე  -  მწერალი — ძალაუფლების ინვესტორი დავით ანდრიაძე - მწერალი — ძალაუფლების ინვესტორი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / გამოქვეყნებული გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი)  - ავტორის დაბადება გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) - ავტორის დაბადება ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge