ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
გორვანელი - რა დროს ჰუმანიზმია
მნიშნელოვანი არ არის, რამდენად პრინციპულია ადამიანი, არც ის, თუ ვის მიმართ ავლენს ამ ,,პრინციპულობას“, მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი პრინციპები არ მიაჩნდეს საყოველთაო სიმართლის გამოხატულებად, რადგან ეს აფერხებს დამოუკიდებელ სვლას განვითარებისაკენ, გონება იბოჭება დოგმატური აზრების გარემოცვაში და სხვა განზოგადებულ აზრებს მნიშვნელობას აღარ ანიჭებს.
კაცობრიობის ისტორიაში, ეგრედწოდებული ჰუმანიზმი მრავალ ასპექტში გვხვდება. ისტორიკოსთა დიდი ნაწილი თანხმდება, რომ რენესანსს თან ახლდა ჰუმანიზმი და რომ ადამიანთა მსოფლმხედველობაც თანმიმდევრულად შეცვალა ამ კულტურულმა მოვლენამ. უპრიანი იქნება აღვნიშნოთ, რომ ანტიკური ხანიდან მოყოლებული, ჰუმანიზმმა ყოველ ეპოქაში ჰპოვა ნათელი გამოვლინება; მართალია, ზოგადი ფონი გვიან შუა საუკუნეებამდე არ შეიქმნა, მაგრამ წინარე ეპოქებშიც მნიშვნელოვანწილად დომინირებდა აზრი, რომლის თანახმადაც ადამიანის ღირებულებითი დანიშნულება უზოგადესი გახლდათ. ყოველი ეპოქა ქმნიდა კულტურულ ფონს, რომელიც მომდევნო ეპოქების მასაზრდოვებლად გადაიქცეოდა.
მოყოლებული ანტიკური ხანიდან, ადამიანის აზროვნება სამყაროს სუბსტანციის ძიების მცდელობიდან ადამიანური არსებობის საზრისის ძიებისაკენ მიიმართა. ადამიანს ,,გადაავიწყდა“ მატერიალისტური ძიებანი და იდეალისტური მიმართულებით დაიწყო სვლა, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა გონებითმა მახასიათებლებმა. ,,შეიცან თავი შენი“, - დელფოს სამისნოზე წაწერილი ეს ფრაზა დაუდო საფუძვლად თავის ფილოსოფიას სოკრატემ. როგორც ციცერონი ამბობდა: ,,სოკრატემ ჩამოიყვანა ფილოსოფია ზეციდან მიწაზე“. სწორედ სოკრატეს ფილოსოფია გახდა წინაპირობა იდეალისტური მიმართულებისა. მართალია, მის მიერ დაწერილი დღესდღეისობით არაფერი მოგვეპოვება, მაგრამ მრავალი წყარო ადასტურებს სოკრატეს რეალურ არსებობასა და მისი ფილოსოფიის სიღრმეს. საკმარისია გადავხედოთ პლატონის დიალოგებსა და არისტოტელეს ,,სოკრატეს აპოლოგიას“, ჩვენ დავრწმუნდებით, თუ საიდან არის ნასაზრდოვები ევროპული სინამდვილე... აღმოვაჩენთ ჰუმანიზმის ფესვებს.
ცალსახაა იმაზე საუბარი, რომ ადრე შუა საუკუნეებში, ანტიკურ ხანასთან შედარებით, მრავალი საფეხურით უკან დაიხია ადამიანის ღირებულებითმა დანიშნულებამ, რის მიზეზადაც, პირველ რიგში, ქრისტიანობა უნდა დავასახელოთ. მოძღვრებად ჩამოყალიბებული ქრისტიანობა თანდათან გადაიქცა მრისხანების, დაუნდობლობისა და სიბოროტის წყაროდ. მანამდე არსებული მოძღვრებები მყისვე შერაცხა მკრეხელობად და ეს იმდენად დამაჯერებლად გამოუვიდა ქრისტიანობას, რომ მისმა მესვეურებმა სახელმწიფოებრივ დონეზე მოიპოვეს დიდება, ქრისტიანობა ხომ სახელმწიფო რელიგიად მკვიდრდებოდა მრავალ ქვეყანაში. მშიერ, დაჩაგრულ ხალხს ქრისტიანობა ხსნად მოეჩვენათ, რადგან ამისათვის ყველანაირი წინაპირობა შეიქმნა. რომაელების მხრიდან კარგად დაგეგმილ პროვოკაციას უცოდინარი, ყველანაირი ღირებულებებისაგან დაცლილი საზოგადოება აჰყვა. ეს იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა ადამიანების მიმართ, რასაც ორი შეთანხმებული მხარე მშვენივრად ანხორციელებდა. მიმდინარეობდა მიზანმიმართული გმობა ფილოსოფიური აზროვნებისა, სინამდვილეში კი, ქრისტიანობის მესვეურები აბსოლუტურად ეყრდნობოდნენ აღმოსავლურ და ძველ ბერძნულ ფილოსოფიას, რისი ხილული ნიმუშებიც გნოსტიციზმმა შემოგვინახა. პირველ-მეორე საუკუნეებში შექმნილი ტექსტები პირდაპირი ანალოგიებით გვიჩვენებს, რომ ძველბერძნული ფილოსოფია განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოჩინდა. პატრისტიკა კი, მოჩვენებითი კონცეფციებით ინვრცობა, საიდანაც უკვე პირდაპირ ითრგუნება ფილოსოფიის მნიშვნელობა და რელიგიური დოქტრინები მახინჯი ფორმით იწყებს დამკვიდრებას ადამიანთა ცნობიერებაში. უსახსრო ადამიანებმა დაიწყეს სწრაფვა ქრისტიანობისაკენ... თუმცა, ადამიანთა წინააღმდეგობრივმა ბუნებამ თავი იჩინა. მეშვიდე საუკუნეში გამოჩნდა კიდევ ერთი ფსევდო მოციქული, რომელმაც ახალი ღმერთის ალტერნატივა წამოაყენა... მუჰამედი - თავის ალაჰით. ასე, სწრაფი ნაბიჯებით, მივუახლოვდით წყვდიადს, რომელიც ,,სქოლასტიკის“ სახელით არის ცნობილი კაცობრიობის ისტორიაში.
გააჩნია ხედვის გემოვნებას, რა რაკურსით დავინახავთ კაცობრიობის ისტორიას, მაგრამ ლოგიკური ანალიზის უნარს თუ არ დავთრგუნავთ ფსევდო ღირებულებებით, პასუხსაც ნათლად მივიღებთ იმ საყოველთაო კითხვებზე, რაც ასე გვაწუხებს ადამიანებს.
მართალია, სქოლასტიკის პერიოდშიც გვხვდება ერთეული ,,გამონათებები“ მსოფლიო ასპარეზზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზოგადად ჯანსაღი ფონი იყო შექმნილი. უვიციზმის მწვერვალს წარმოადგენს ქართული ,,საზოგადოება“ თავისი ,,შინაარსით“ ეგრედწოდებულ ,,ოქროს ხანაში“, სადაც ერთეულ ადამიანთა ძალისხმევით შექმნილი სტაბილურობა ერთი საუკუნეც არ შენარჩუნდა. რომ არა უბრალო შემთხვევითობანი, დღესდღეისობით ,,ვეფხისტყაოსანსაც“ ვერ გადავშლიდით, რადგან არც ეს წიგნი გვექნებოდა შემორჩენილი და არც ინფორმაცია მის შესახებ, რომ ოდესღაც ის დაიწერა. ვფიქრობ, იმის მიუხედავათ, რომ კაცობრიობის ისტორიამ მრავალი ღირსშესანიშნავი ძეგლი შემოუნახა თაობებს, კიდევ მრავალი დაკარგული და განადგურებულია, ეს კი იმ არაჯანსაღი გარემოს დამსახურებაა, რაც შუა საუკუნეებში შეიქმნა.
ჰუმანიზმის ფორმალური დამკვიდრება რენესანსის ეპოქაში ხდება, სადაც ხელოვნების მრავალი დარგი განვითარდა. გათავისუფლდა რა რელიგიის მარწუხებისაგან, ჯანსაღი აზროვნება კრიტიკული განსჯის უნარით მიიმართა სამყაროს მოწესრიგებისაკენ... თითქოს, ღრმა ძილში მყოფმა ადამიანმა გაიღვიძაო. განმანათლებელთა ფუნდამენტური მნიშვნელობის ნაშრომებმა ძირფესვიანად შეცვალეს განვითარების ვექტორი. რელიგიის ბატონობა სრულდება და ანტიკური ხანისათვის დამახასიათებელი ზოგადი მნიშვნელობის ღირებულებები იკავებს მახინჯი სისტემის ადგილს, რომელიც რელიგიურმა ფუნდამენტალისტებმა და შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ - ფანატიკოსებმა შექმნეს.
ცდა იმისა, რომ ანტიკური ხანის ღირებულებები გაეთავისებინა რენესანსის ,,საზოგადოებას“, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეტ-ნაკლებად განხორციელდა. თუმცა მდგრადობა, რომელიც ყოველგვარ სიმშვიდესა და სიკეთეს მოუტანდა კაცობრიობას - არ შენარჩუნდა, რადგან ერთი უკიდურესობა მეორემ შეცვალა.
არ იქნება მოულოდნელი იმის აღნიშვნა, რომ ტექნოლოგიური პროგრესი, საბოლოო ჯამში, მოასწავებს ყოველგვარი რესურსის ამოწურვას, რისი საშუალებითაც ბუნება საზრდოობს.., ეს ეხება ადამიანის აზროვნებასაც.
ფილოსოფიის მთლიანობას გამოეყო საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებები, რომლებიც ,,კერძო მეცნიერებების“ სახელით დამკვიდრდნენ. მოყოლებული მეთვრამეტე საუკუნიდან, პერმანენტული ხასიათი მიიღო ცალკეული მეცნიერებების შესწავლამ, რისი გამოხატულებაც არერთი ნაშრომი გახდა მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიის, ქიმიის, ლოგიკის, ესთეტიკის, ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის დარგში. ბუნებრივია, ამ ყველაფერს თან მოჰყვა ემპირიზმის განვითარება და რაციონალიზმმა თავისი ტრადიციული ფუნქცია დაკარგა.
შუა საუკუნეების უკიდურესობა, რაც რელიგიური შეუწყნარებლობით საღი აზრის გმობის შედეგი გახლდათ, ჩაანაცვლა ტექნოლოგიური აღმასვლისა და რელიგიური სიმრავლის უკიდურესობამ, რაც შეინიღბა ,,ჰუმანიზმად“. მეოცე საუკუნეში მოხდა ის ,,დიდი აფეთქება“, რომლის შედეგადაც გაფანტული ,,ნამსხვრევები“ ასე მაგნიტივით მიიზიდა ადამიანის სხეულმა. თანამედროვე ვითარება არათუ ვერ გამოხატავს ჰუმანიზმის შინაარსს, არამედ პრინციპულად უპირისპირდება. მოჩვენებითი იდილია, რეალურად ანადგურებს ყოველგვარ ადამიანურს: აზროვნებას, ღირებულებებსა და ესთეტიკურ მშვენიერებას. ადამიანი იცლება ყოველგვარი გრძნობებისა და ემოციებისაგან. ის, საბოლოო ჯამში, გადაიქცევა თავისივე შექმნილი ტექნოლოგიური მონსტრების ლუკმად, რომელი მდგომარეობის შემდეგაც ადამიანს აღარ დასჭირდება აზროვნება... წინასწარ გაწერილი, პროგრამული დაკვეთით შესაძლებელი გახდება მსოფლიო წესრიგის დამყარება.
განვითარების მწვერვალისაკენ სვლა დასასრულის დასაწყისისაკენ გადადგმული ნაბიჯებია. რამდენადაც ვშორდებით წრის ათვლის წერტილს - იმდენადვე ვუახლოვდებით და ეს მუდმივ პროცესად არის გადაქცეული.
რა დროს ჰუმანიზმია, როცა მსოფლიოში წამში რამდენიმე ათასი ბავშვი იღუპება შიმშლით, როცა ორსული დედები წელიწადში რამდენიმე მილიონ ჯერ არ დაბადებულ ბავშვს კლავენ, როცა წელიწადში რამდენიმე ათასი ჯარისკაცი იღუპება სხვადასხვა ,,ცხელ წერტილში“, როცა ხელოვნურად შექმნილი დაავადებები ვრცელდება, რომლის შედეგადაც მილიონობით ადამიანი იღუპება, როცა რელიგია ადამიანების მკვლელობას ქადაგებს, როცა მანკიერი ტრადიცია ნორმად არის ქცეული, როცა უვარგის იდეებს ეწირება მილიონობით ადამიანი, როცა ერთეულ ადამიანთა ნება-სურვილებზეა დამოკიდებული კაცობრიობისა და სრულიად პლანეტის ბედი...
და მაინც, არსებობს ჰუმანიზმი, როგორც ასეთი?! თავისი ბუნებით ადამიანი ჰუმანისტია?! სად გადის ზღვარი ჰუმანიზმსა და რადიკალიზმს შორის?!
ადამიანური ბუნება წინააღმდეგობრივია. ჰუმანიზმის პირვანდელი, სისტემური სახე აღმოსავლურ ცივილიზაციაში უნდა ვეძებოთ, სადაც მდუმარებითა და აზროვნების სიღრმით მიილტვოდნენ სულიერი მდგრადობის მოპოვებისაკენ; ეს დამოკიდებულება ერთმანეთისადმი, სამყაროსადმი და სამყაროს დამოკიდებულება ამ ადამიანებისადმი გახლდათ ჰუმანიზმის პირვანდელი, სისტემური გამოვლინება, სადაც ღირებულებები ბუნებრივად მკვიდრდებოდა.
ის, ვინც დღევანდელ ეპოქაში თავს ჰუმანისტად აჩვენებს, - იტყუება, რადგან შეუძლებელია დღეს ჰუმანისტი იყო. რა დროს ჰუმანიზმია, როცა მსოფლიო იღუპება...
ახალი სტატიები
ზურაბ კიკნაძე - ღვთის ქმნილება და ადამიანის კულტურა 21:48მილან კუნდერა - ცენტრალური ევროპის ტრაგედია (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა) 21:37ნინო უძილაური - ლექსები 21:24იოსებ ჭუმბურიძე - პორტრეტები ლირიკოსის პროზაში 21:13თეონა დოლენჯაშვილი - Animal Planet 21:01ეთერ სადაღაშვილი - გაიღვიძე, საქართველო 23:42ხათუნა თავდგირიძე - ნიბელუნგების ბეჭედი 23:24თემო ჭახნაკია - ლექსები 23:12
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა