გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ზვიად მეფარე - ლექსები




სტიგმატები 26.01.2017.

ახლა ავდგები ფარგლით ხელში და პირამიდებს
კუთხით დავარჭობ მშრალ მიწებზე, როგორც სტიგმატებს,
ძილისას გვერდით ალესილი რაპირა მიდევს,
ის კი წითელი ზღვის დერეფანს გააზიგზაგებს.

მე დავინახე ტურისთავა ანუბისი. ის
კვერთხით მიწისკენ მანიშნებდა, ჩუმი და კუშტი...
მინდა, ბნელი დღეც დავინახო, ანუ მისიის
სიმთავრე ვიგრძნო... გარდასახვას სხვა ტანში ვუცდი,

რათა, არ მყოფნის დანახული... ვუთხრა, მას მინდა,
რომ მეც ვიხილავ მასზე მეტს და მაგიურს სადმე,
შხუოდეს თეთრი ჩანჩქერები მოკვდავ ჟასმინთა;
რადგან, სიკვდილი ჯობს მოწყენას, მოწყენა დათმე!

უკვდავი ფერი არის მხოლოდ შავი ფერი. ის
დააბერებს და გაახუნებს ყველაფერს, თუ ის
ატარებს მხოლოდ ამა ქვეყნად ჩრდილს მატერიის
და მარადიულ საკმეველთან სიმყრალით ტყუის.





სადაც ბრჭყვიალი ჭრის 30.01.2017.
სადღაც ბოროტი ხრავს კარიერისტის სულს,
ღმერთს მსხვერპლად წირავს კრავს, ვისაც სიცოცხლე ძულს.
იქ ნიღბიანი დგას, სადაც ბრჭყვიალი ჭრის,
ძლივს შერჩენია სკას შუქი მბჟუტავი ბრის.
გულგრილად გვაძრობს ტყავს ჩვენი თვისტომი, ძმა...
მუდმივ მეგზურად გვყავს ჯაშუშის ბილწი ხმა.
ჩვენი გიდია ის,  ვისაც ეწოდა ბრმა,
მეტად დიდ სკამზე ზის სულით ჯუჯა და ყრმა.
გვიან არ არის ჯერ, ფეხზე ავდგეთ და ჯარს
მარცხი ვაგემოთ ვერ, იქ, სადაც აწმყო ყარს.
ძლიერნო სოფლის, შვით: შესვენება, თუ კვლა?
ვინც აგათრიათ, თვით ის ჩამოგათრევთ კვლავ.

აპრილის რწმენა 29.01.2017.

მწვანეთითება ანგელოზების 
არამიწიერ სუნთქვის სიმაღლეს,
ღრმა გალაქტიკის სულიერ მარილს,
ამაზონივით წყალუხვ ღელეებს
(წრფელი ცრემლისგან რომ შედგებიან)
როგორც გმირების, ისე ამქვეყნად
მოსული ყოვლის არასდროს სიკვდილს,
ზარებიანი ნაგებობების
დედამიწაზე მართალ შენებას,
გულების გუგუნს და პატიებას,
მარადიული აპრილის რწმენას,
დაჩოქილ ცოდვილს, თავდახრილ მართალს
და ერთმანეთის სულის სარკეებს,
რომ არ ველოდით, იმ ხალხით სავსე
და უნაპირო სამოთხის ველებს,
საფეხურების და გვირგვინების
ნგრევა-გაქრობას (გარდა ერთისა)
და სხვა არაფერს, აღარასოდეს, 
მე მხოლოდ ამას შევესწრო, მინდა.




ქალაქის ელფერი 17.02.2017.

სითეთრე ქალაქს, ისეთ წმინდას, ანიჭებს ელფერს,
თითქოსდა ჯამში ნელთბილი რძე ჩაუსხამთ ღამით.
ტყეში თვალებით ვეძებ ზღაპრის პერსონაჟ ელფებს,
რომლებიც ხშირად კავდებიან უცნობი დრამით.
გამოიზრდება ფუღუროდან ფერადი ფრთები,
ავად ბუტბუტებს თავის ქალა. წვიმა შხამია.
ცხელი ძარღვები მეჭიმება, ვდგები, ვმძაფრდები
და მეზიზღება ვერცხლი, როგორც პოლიგამია.
მე ქალაქიდან დევნილი ვარ, ან მინდა, ვიყო:
ის არის სულთა სახრჩობელა... სადაც ღიპიან
ვირთხებს უჭირავთ საჭე ქვეყნის და დედის ტრიკო,
იქ, სადაც მზერა მედიდური და ირიბია.

დიდი ხანია, გულს მიღრღნიან ძველი ეჭვები,
რომ სხვა დროში ვარ და ამ ეჭვებს ვეღარ ვეჩვევი.




ხვეულ კიბეზე 19.02.2017.

ხვეულ კიბეზე ადიოდა ფრთხილად სადა ხმა.
მგლები იყოფენ ნადავლს უღრანის.
ბაღი, რომელსაც არ უვლიდნენ, უკვე გადახმა
და მუსიკოსებს უნდათ, უკრან ის

მუსიკა, მუდამ რომ იცნობდნენ ჩხავილით. თივის 
სუნი ტრიალებს გახვრეტილ თავში.
გადაკარგული მეგობარი საჯაროდ ჩივის,
რომ ვერ ამყარებს ვერაფრით კავშირს.

სულ ვთესავ, მაგრამ ფერადია ჩემი ჯეჯილი,
თეთრი ჯეჯილი მცირეა უფრო,
მტკივა ძველები, ამ გულიდან ამოგლეჯილი,
მწვავს საშინელი, მდუღარე კუპრი.

წყვდიადდებიან ყვავილებიც. წამახულ ფანქრებს
აღარ ჭირდებათ ფერთა გამები
და უნდობლობის ოკეანე ძველ ხიდებს ანგრევს,
თვალახვეული სადაც გავები.





ეშაფოტი 20.02.2017.

დოლი და გული ბაგუნობენ. გაიხსნა კარი
და გამოვიდა დამღა ზამთრისა.
ტბებს მოეძალნენ დინებები, ცხელი და ჩქარი,
ლოდის სიმძიმემ ლამის გამსრისა.

მესმის თუ არა, აზრი არ აქვს, ღრენენ ძაღლები.
ცარიელ სივრცეს ხელებში ედო
შავი -- ფერების დედოფალი და ამაღლება...
რატომ არასდროს მიღიმი ბედო?

ყეფს ხერხემალში გატეხილი ქვეყანა. იკრებს
ფიქრებს და ძალებს ორფეხა თევზი.
ჩვენი ცხოვრება ჩაუგდიათ ჩლიქებში ჯიგრებს
და გვიყვებიან ლეგენდებს დევზე.

მოკვდა ყოველი, მაგრამ როგორ, როცა დახედე,
როგორ იწოდა სველი ნაფოტი?!...
ვეყარეთ ექვსნი: სახრჩობელა, ცული თავხედი,
გილიოტინა, მე, ჯალათი და ეშაფოტი.



შავი ტიარა 21.02.2017.

ვიდექი ველზე მობიბინე და თავზე მედგა
ოქროს მარადი მუზარადი. შემხვედრს ველოდი,
ლოდინის მიღმა ნისლიანი დგას კამელოტი,
ჩაფიქრებული თვალს ვართობდი ბრძოლებით, მედგარ.
მე იქ ვარ, სადაც ეს დრო მხოლოდ ქვემძრომს იბრალებს, 
მე კი არ მინდა სიბრალული! რატომ ლესავენ
დანებს ტურები, პრიმატების მონათესავე,
საფლავში რატომ გზავნის ეს დრო ჩემს ნაფიქრალებს?

ეძლევათ ფართო ასპარეზი გაბერილ ქისებს,
სტომაქი მიყეფს და მკვლელებად შავ ფიქრებს მისევს
დღე, მი კი საშველს უკვე აღარ, აღარ მოველი!

მკვლელები, ფიქრი, ავი დრო და ქისა კი არა,
უკვე დავიდგი უნდობლობის შავი ტიარა
ჩემთვის ერთია ახლა მთვარე, მზე და ყოველი.








ოთხნი             01.03.2017.

მეკარე ავსებს ქვითრებს, ძმები გრძელ რიგში დგანან.
ჩვენც იმ გრძელ რიგში გვითრევს ჩვენი ცოდვების ყანა.

ძმები ელიან თავის ბნელ კარში შესვლის წუთებს,
იმ კართან ვიღაც ბღავის, რადგან შვილს ღამეს უთევს.

იქნებ, გადარჩეს ბავშვი, თექვსმეტის არის მხოლოდ,
რადგან სამოთხის საშვი დაიმსახუროს ბოლოს.

ის დაჭრილია დანით, ის დაჭრილია ათგან,
პირქუშად დგანან ძმანი, სითბო არ მოდის მათგან.

მათ მიაწოდეს დანა მოზარდს, მწოლარეს წუხელ,
ახლა კი კართან დგანან ოთხნი და სვამენ წუხილს.



მე ის ვარ 01.03.2017.

მე ის ვარ, ვისაც თავი მოსწონს არასდროს. მოგვის
ქარი საჩუქარს, გაიტაცებს მოტანილს თავის.
ნაწყვეტ-ნაწყვეტად მოაბიჯებს ბუტბუტი მოგვის,
რომ გავხდე ხალხის დასაცინი ამგები ნავის.
კედლის საათი არ მანებებს თავს. მინებიან
სასახლეს ვხედავ თავდახრილი დ სენაკს ვაგებ,
ველზე გაშლილი, მათრობელა ჟასმინებია,
მე კი დავეძებ სულის მკაწრავ, ეკლიან ჯაგებს.
მუხების ტევრში ჯერ მიუგნებ ჩრდილს ვაგნებ. საგნებს
ბოლომდე იცავს მხოლოდ ბილწი მპყრობელი ქისის,
სულს აქეთ-იქით მითქმა-მოთქმის სიმწარე აქნევს
და ბოლოს ხვდები, ის ვინ არის, გვერდით რომ გიზის:


არ აიმღვრევა სუფთა წყალი, რადგან არიცის,
რა არის ფურთხი, ან ბინური წვიმა მკვდარი ცის.








სარკოფობია 04.03.2017.

ვერ მაიძულებს მრუდ არჩევანს ტკივილის შიში.
ამოტალღული სხვა სივრციდან, სხვაგან მცხოვრები,
ვწვალობ ფერადი და მყვირალა სანახაობით,
რომელსაც ხედავს და აღიქვამს არსად არავინ.
სულ ვიწამლები უხილავი ისრით ბუნების.
ტუჩებდამსკდარი ბროწეულის ბაღებს გავყურებ,
ვცდილობ მარილის მოპოვებას ყრუ-მუნჯი ხალხის
გულგრილობიდან და საკუთარ თავზე ვიცინი.
ხანდახან ისე მენატრება წყურვილის განცდა,
რომ ვმალავ ყველა სასმისს ირგვლივ. ვჭედავ იარაღს,
მივდივარ ომში, სადაც იბრძვის არავინ, ვკვდები,
რომ დავიბადო და ვგრძნობ შიმშილს უდაბნოების,
მახსენდება, რომ არის სარკეც და კვლავ ვიღიმი,
რომ საკუთარმა ანარეკლმა არ დამაღონოს.


სხივი სიბნელეში 09.03.2017.

ქარი წვრილ მილში აქეთ-იქით აწყდება. ყირმიზ
ღამით დევივით დააბიჯებს დურგალი სულთა.
ცაზე მშვილდივით იჭიმება ნახტომი ირმის
და ბუმბერაზი ხე ეცემა შვილობილ ცულთან.
ახლა მეტალის ბლაგვი პირი წვრილ-წვრილად დაჭრის
ტყავის აფრების ხაოიან ნაფლეთბს. თითო-
თითოდ სკდებიან შუბლზე მკრთალი ძარღვები ვაჭრის,
რომ განწირულმა მოძმეებმა კვლავ ტვირთი ზიდონ.
მეც იქ ვიყავი! ბედისწერა ისევ მომიქნევს
დაკბილულ კომბალს (კარგად ვიცი) და დაბლა დამცემს,
დრო უმოწყალოდ შეეჩვია სამგზის ჭორიკნებს
და თავდახრილი ელოდება რიჟრაჟზე გამცემს.

დუმდა იმ წუთის შემოქმედი, რადგან არჩევანს
არ გვართმევს, გვირჩევს სიბნელისგან სხივის გარჩევას.







ირიბი გზა          18.03.2017.

როცა მებრძოლში გზას ჩაუდევს სული სადისტის,
უნდა დაინგრეს გზა ირიბი, სხვა გზა დაიგოს!
სხვაგან შენდება მოსაცდელი, მგზავრი სად იცდის?
აღარც უფროსი ძმა დაეძებს ბნელში დაიკოს.

ვიღებთ მისაღებს, არ გვეკუთვნის რომელიც. იგი
არის ყველგან და არსად, როგორც გზავნილი ღმერთის.
ყრუ კაცის კარზე კაკუნია. მიყურბს ჯიქი,
მაგრამ სამოთხეს ველოდებით ვერც მე და ვერც ის.

თითი, სასხლეტი. კაცში ჯიქი (ვიცოდი!) იჯდა.
ის გაემგზავრა, მე მიმიღებს სადაც არავინ,
რომ დაიწეროს წასაკითხი სტროფები გიჟთა,
ჯიქი კი არა, სადაც მე ვარ სულთა მბზარავი.





მკლავთა სიკვდილი 06.04.2017.

უკრავდა უცნობი ბგერა, გოგონა ტირის და ამბობს:
"ჩემი აღარავის ჯერა..." ის სიკვდილს უგზავნის ამბორს.

ბოძივით სწორდება მთვარე, ჰორიზონტს მორევში კლავდა
ღალატი, გესლივით მწარე, ნაჭამი მოსაჭრელ მკლავთა.

ცრემლები დაიქცნენ ტბებად, გულები სურვილმა დაყო...
მყინვარი არასდროს თბება და გვამში ჯაყჯაყებს ჯაყო.

ილოცე, ქაოსის მრევლო, გამოდი ნერგიდან, ყლორტო!
მინდოდა, მღვიმეში მევლო, მღვიმემ კი ღრიალი მორთო...

წკავწკავებს დაბმული ძაღლი და ვიღაც გრძელ სახრეს უქნევს!
მე ტყვიებს სახეში ვახლი ეშმაკებს, ბერწებს და მსუქნებს.







შავი დოქები 12.04.2017.

მწვანე ძალების მსახური ვარ. უნდა მილიონ
მწვანე დღეებმა გაყინული, მჟავე წუთები.
უნდა მოვასწრო! მარმარილოს მოლზე მილიონ
აისბერგს მალე ცხედარივით ჩავეხუტები.

ჯერარსმენილი ყვირილების ექო ჩამესმა,
ვებრძვი მიწიდან პითონივით ამომხტარ ხანჯალს,
ხორხში თოფივით დამახალა ხმამ უშხამესმა,
მე უკვე აღარარსებული ხილვები მტანჯავს!

ტრიალებს სცენა-დედამიწა. აძლევს აქ როლებს
ბრმა რეჟისორი მეფეს -- მონის, მექისეს -- მეფის,
ეს ცხოვრებაა... საითაც სურს, იქით აქროლებს
იგი გრიგალს და რვა ციფრს შორის დავეძებ დეფისს,

მაგრამ ის სიკვდილს შეეზარდა!... ეშმაკის ფიწალს
გავურბი, მაგრამ ვერ გავურბი, და ვიჩოქები...
ჭიქა შემივსეთ შავი ღვინით, დავთვრები, ვფიცავ,
შავია ზეცაც, წინ დამიდგით შავი დოქები!






ადამის ლტოლვა              21.04.2017.

მოდის ყვითელი გეიზერი კლდიდან ისეთი,
ირგვლივ ყველაფერს რომ ანათებს. მღვიმის წინ ისმის
სისინი, სავსე შხამით, შიშით და სიგიჟეთი...
სწრაფად ასრულებს ეს სინათლე ნებას ცინიზმის.

გაშიშვლდა სული გარიყული. ვაშლებმა მალე,
საეჭვოდ მალე იწყეს ლპობა! უნდათ, ხოცონ ის
ლტოლვა ადამის (ხილისადმი) იქ, სადაც თვალებს
უნდა მოშორდეს მოგიზგიზე ალი კოცონის.

გადამაოცებს ფარისევლურ სახეთა ცვენა,
ვარ დაისრული ტალღოვანი რიტმის მუსიკით,
ვამაყობ: ხელს ვკრავთ მაცდურ ქისებს, ვწვალობთ და ჩვენ არ
გადავალთ ბინძურ საშოვარზე შავი რუს იქით.

скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge