გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლევან ბრეგაძე - განზომილების პარადოქსები


მოაზროვნე პარადოქსის გარეშე იგივეა,
რაც მიჯნური ვნების გარეშე.
სიორენ კირკეგორი



პარადოქსს უწოდებენ დებულებას ან გამონათქვამს, რომელიც ეწინააღმდეგება საყოველთაოდ მიღებულ წარმოდგენებს ან საღ აზრს (ხშირად მხოლოდ გარეგნულად). ერთი შეხედვით, პარადოქსული ფორმით გამოთქმული აზრი აბსურდული ჩანს, სინამდვილეში კი მისი სახით საქმე გვაქვს უფრო მაღალ ჭეშმარიტებასთან, ვიდრე `საღ აზრს~ დაფუძნებული მსჯელობანია. ამიტომაც, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, პარადოქსული ფრაზა ლოგიკურ ფრაზაზე უფრო ღრმად ასახავს სინამდვილეს. `რასაცა გასცემ შენია, რასც არა დაკარგულია~, `...ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს, იქმნების რაცა ძვირად; ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად~, `სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი~ _ ამ, ერთი შეხედვით, უმართებულო მსჯელობებს გავყავართ ყოფითობის მიღმა და უფრო ღრმა ჭეშმარიტებას გვაზიარებენ, ვიდრე ცხოვრებაზე ემპირიული დაკვირვების შედეგად მოვიპოვებთ ხოლმე.
ციტატა თანამედროვე გერმანელი ლიტერატურათმცოდნის ვოლფ შმიდის ნაშრომიდან `შენიშვნები პარადოქსის თაობაზე~:
`პარადოქსი [...] შეიცავს რაღაც წინააღმდეგობას (ყოფიერების ორ მხარეს ან ორ თვალსაზრისს შორის), აყოვნებს გაგებას, ძაბავს აღმქმელს, იწვევს აზროვნების გაძლიერებას და საბოლოოდ მივყავართ დაფარული ჭეშმარიტების აღმოჩენამდე, რომელიც ნიღაბს ხდის `დოქსას~ (შეხედულებას, თვალსაზრისს, _ იგულისხმება: საყოველთაოდ მიღებულს. - ლ. ბ.), წარმოაჩენს მის ილუზორულობას. [...] პარადოქსი მოითხოვს ამოხსნას და ამავდროულად ეწინააღმდეგება კიდევაც ამას. იგი წარმოადგენს პროცესს, განუწყვეტელ მოძრაობას~.
ტ. ვ. ფედოსეევა, გ. ი. ერშოვა ნაშრომში `ლიტერატურული პარადოქსის საკითხისათვის~ წერენ:
`პარადოქსის ლიტერატურული სახეობისადმი ინტერესი თანამედროვე მეცნიერებაში დიდია და სულ უფრო მატულობს. მეტწილად ეს იმის გამო ხდება, რომ პოსტმოდერნისტულ ესთეტიკას [...] მიდრეკილება აქვს აზრებით თამაშისადმი. პარადოქსი, რომელიც თავისი ბუნებით წესების დამრღვევია, გვათავისუფლებს სტერეოტიპებისა და კლიშეებისაგან, მიმართულია ღირებულებითი იერარქიების და საყოველთაოდ მიღებული კონცეპტებისა და წარმოდგენების გადასინჯვისაკენ, რის გამოც ჩინებულად ეწერება თანამედროვე მსოფლიოს დეკონსტრუქტივისტული სურათის კონტექსტში~.
ადრე პარადოქსი მოიაზრებოდა ვიწროდ _ როგორც გამონათქვამი, ფრაზა, და მისი მხატვრული მნიშვნელობა სტილისტიკის სფეროთი შემოიფარგლებოდა. მერე და მერე ყურადღება მიაქციეს მის მაკონსტრუირებელ ფუნქციასაც, კერძოდ, იმას რომ `ზოგჯერ პარადოქსს ეფუძნება სიუჟეტური სიტუაციები და მთელი ნაწარმოებიც კი~.
ჯემალ ქარჩხაძესთან ორივე სახის პარადოქსი გვხვდება _ ფრაზეოლოგიურიც და სიტუაციურიც, თანაც სიტუაციური პარადოქსი მასთან ზოგჯერ მთელი ნაწარმოების მხატვრული იდეის განმსაზღვრელია (მაგალითად, ნოველა `დრო~ ასეთ პარადოქსს ეფუძნება: აწმყოდან წარსულში სამოგზაუროდ წარგზავნილი და უკანვე დაბრუნებული ქრონონავტი შეშფოთებულია, რომ ვერ შეასრულა ექსპედიციის ორგანიზატორთა მკაცრი გაფრთხილება _ არ ჩარეულიყო წარსულში მომხდარ მოვლენათა განვითარებაში. მაგრამ მისი წუხილი დირექტივის დარღვევის გამო უსაფუძვლო გამოდგა, ვინაიდან ირკვევა, რომ წარსულში ჩარევა თურმე სწორედ ის იქნებოდა, ქრონონავტი რომ არ ჩარეულიყო დიდი ხნის წინ მცხოვრები ხალხის ცხოვრებაში. წარსულში ჩარევა კი წარსულში ჩაურევლობა გამოვიდა და ყოველივე მშვიდობიანად დამთავრდა.
ასევე პარადოქსს ეფუძნება `მეთერთმეტე მცნება~, კერძოდ, ამ პარადოქსს: `ნამდვილი ბუნებრიობა მხოლოდ სცენაზეა~. ამ უცნაური დებულების დასაბუთებაა მთელი ნოველა.
ნოველა `სოლომონიანის~ საფუძველში დევს პარადოქსი: `ცხოვრება ყოველთვის კარგია, რაკიღა ყოველთვის შეიძლება უარესი იყოს~.
რაც შეეხება რომანს `განზომილება~, აქაც მრავალი პარადოქსი გვხვდება, ფრაზეოლოგიურიც და სიტუაციურიც. 2011 წელს გამოქვეყნებულ წერილში `განზომილების~ საიდუმლოებანი~, იმაზე დაყრდნობით, რომ ჯემალ ქარჩხაძე პარადოქსული სიტუაციების მოფიქრების დიდი ოსტატია, ვცადეთ გამოგვეცნო ამ დაუმთავრებელ რომანში როგორ განვითარდებოდა ორი სიუჟეტური ხაზი _ მამიდების ამბავი და სალომესა და იაკობის ურთიერთობა.
ამჯერად ჩვენი მიზანია გავაანალიზოთ ერთი პასაჟი ამავე რომანიდან, რომელშიც ლაპარაკია მთხრობელი პერსონაჟის _ ავტორის `ალტერ ეგოს~ _ დამოკიდებულებაზე პარადოქსების, ზოგადად _ პარადოქსული აზროვნების მიმართ, და განვიხილოთ რამდენიმე ფრაზეოლოგიური პარადოქსი.

* * *
მთხრობელი, სახელად იაკობი (ფილოლოგი და მწერალი), და სალომე ერისთავი შემთხვევით გაიცნობენ ერთმანეთს. ორივენი თავ-თავიანთი მანქანებით თბილისიდან მშობლიურ სანაკლიოში (გამოგონილი რაიონული ცენტრის სახელწოდებაა) მიემგზავრებოდნენ. სალომეს ძველი `ზაპოროჟეცი~ გაუფუჭდა, იაკობის დახმარებით შეძლო უახლოეს პროფილაქტორიუმში ხელოსნისთვის მიეყიდა იგი და იაკობსავე დაემგზავრა, როცა გაირკვა, რომ ერთი გზა ჰქონიათ).
ქალ-ვაჟს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:

`_ [...] ახლა ვინ გყავთ იქ (სანაკლიოს გულისხმობს იაკობი. _ ლ. ბ.)?
_ მამიდები.
_ მამიდები?! ბევრი?
_ სამი... ორი~.

ამ უცნაური პასუხით იწყება სიტუაციური პარადოქსი.
მთხრობელი განაგრძობს:

`ძნელი დასაჯერებელია, ზრდადასრულებულსა და, რბილად რომ ვთქვათ, სრულწლოვან ქალს საკუთარი მამიდები დათვლილი არ ჰყავდეს. ამიტომ, დაბნეულობამ რომ გამიარა, ვკითხე:
_ სამი თუ ორი?
_ ოთხი, _ მიპასუხა მან...~

სიტუაციის პარადოქსულობა კულმინაციას აღწევს! ქალ-ვაჟის საუბარი აბსურდის დრამის პერსონაჟთა დიალოგს ემსგავსება. ამიტომ დროა ვითარება განიმუხტოს:

`_ ოთხი, _ მიპასუხა მან და, მადლობა ღმერთს, ისე განაგრძო, სიტყვის ჩასაგდებად დრო არ დამიტოვა, _ მაგრამ მამიდა ნუცა სოფელში ცხოვრობს. სანაკლიოში _ სამი. უფრო ორი... მამიდა ნატო წუხელ გარდაიცვალა~.

ჯემალ ქარჩხაძე თავის სტიქიაშია! მან შექმნა სიტუაცია, რომლის კომენტირებისას იგი მთელი დიდებულებით წარმოაჩენს მოაზროვნისა და სიტყვის ოსტატის უნარებს, მისთვის განგების მიერ უხვად მინიჭებულს! მოვუსმინოთ:

`იმის გაფიქრებაც კი უტაქტობაა, რომ კაცს ასეთ რამეზე გაგეცინოს, და მე, ცხადია, არც გამცინებია, თუმცა _ რაკი ამგვარი საშიშროება რეალურად არსებობდა, მაინც ვიტყვი _ რომ გამცინებოდა, გამეცინებოდა არა მამიდა ნატოს გარდაცვალებაზე (ამაში სასაცილო არაფერი დამინახავს), არამედ ადამიანის ვიწრო და სწორხაზოვან ბუნებაზე, რომელსაც ძალიან უჭირს იმის დაშვება, რომ შესაძლებელია მამიდების რიცხვიც ათვლის სისტემაზე იყოს დამოკიდებული.
`მაშასადამე, მარტივსა და რთულს შორის, ლოგიკური კავშირის პარალელურად, არსებობს მეტალოგიკური კავშირიც, და, რთული, რაღაც უცნობი მიზეზის გამო, ლოგიკის ჩარჩოს რა გასცდება, მით უფრო რთულდება, რაც უფრო მარტივდება და პირიქით~, დავასკვენი გულში მცირე ხნის შემდეგ, რომლის განმავლობაში გონების მღვრიე ნისლში კითხვის ნიშნები გაშლილი პარაშუტებივით ეკიდა. და თუმცა პარადოქსი ერთსა და იმავე დროს შაბლონურიც იყო და უმწიფარიც, ვიგრძენი, რომ მისი წყალობით ჩემს სტიქიაში მოვხვდი. მართლაც, ასეთი აბდაუბდა ძალიან მიყვარს და სხვა ვითარებაში, ვინ იცის, ისე ჩავსულიყავი სანაკლიოში, მორევიდან თავი არ ამომეყო, მაგრამ ახლა, რაკი არც იმის გაუთვალისწინებლობა ეგებოდა, რომ სიკვდილი, მიუხედავად მოსაწყენი გარდუვალობისა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაკუთრებული და ამაღლებული მოვლენაა, რომელსაც ყურადღება შეიძლება არ სჭირდება, მაგრამ ყურადღების გამოჩენა კი აუცილებლად სჭირდება, იძულებული შევიქენი ინტელექტუალური ვარჯიში შემეწყვიტა და ზედაპირზე ამოვტივტივებულიყავი. ასეც მოვიქეცი. მერე თავს ძალა დავატანე და თანაბარდაღმავალი ინტონაციით, როგორც ამას ოფიციალური სამძიმარი მოითხოვს, ვთქვი:
_ ააა!.. [...] მერე, სამძიმარი რომ მეტისმეტად კუდმოკვეცილი არ გამომსვლოდა, ვკითხე, _ რამდენი წლის იყო?~.

ეს პერსონაჟის ტექსტია და, ჩვეულებრივ, პერსონაჟის მსჯელობანი ავტორის აზრებთან არ უნდა გავაიგივოთ, მაგრამ ვინც ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედებას იცნობს, ის მიხვდება, რომ მწერალი აქ პერსონაჟის მეშვეობით თავის თავს ახასიათებს, პარადოქსებისადმი, პარადოქსული აზროვნებისადმი თავის მიდრეკილებაზე ამახვილებს ყურადღებას.
მარტო მთხრობელი პერსონჟი როდი გამოხატავს `განზომილებაში~ ავტორის `ალტერ ეგოს~: ხასიათის რამდენიმე შტრიხით, მათ შორის ჩვენთვის ამჟამად საინტერესო პარადოქსული აზროვნებითაც, პრომეთეოს დიდებულიძეც მოგვაგონებს რომანის ავტორს. მაგალითად, ერთგან ვკითხულობთ:
`...პრ. დიდებულიძე ჯერ კიდევ ბავშვობაში ეზიარა ოპტიმიზმის მასაზრდოებელ პესიმისტურ დებულებას, რომელიც გვასწავლის, რომ უბედურებას პრაქტიკულად საზღვარი არა აქვს და, რაც უნდა დაგვემართოს, ყოველთვის შეიძლებოდა უარესი დაგვმართნოდა~.
ეს არსებითად იგივე პარადოქსია, რომელიც, როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, `სოლომონიანს~ უდევს საფუძვლად: `ცხოვრება ყოველთვის კარგია, რაკიღა ყოველთვის შეიძლება უარესი იყოს~.
გამოთქმა `ოპტიმიზმის მასაზრდოებელი პესიმისტური დებულება~ შეიძლება განვიხილოთ როგორც დაპირისპირებულთა ურთიერთგანმსჭვალვის დიალექტიკური პრინციპის გამოყენებით აგებული ფრაზა ან როგორც ბინარული (ორწევრა) ოპოზიციის (ოპტიმიზმი _ პესიმიზმი) დეკონსტრუქცია ჟაკ დერიდასეული გაგებით. ორივე შემთხვევაში შედეგად ვღებულობთ მარკირებულ, ყურადღების მიმქცევ, შინაგანი წინააღმდეგობის შემცველ პარადოქსულ ენობრივ კონსტრუქციას, რომლის აზრს უცბად ვერ ჩავწვდებით (როგორც ვოლფ შმიდი ამბობს ზემოთ დამოწმებულ ციტატაში, `პარადოქსი [...] აყოვნებს გაგებას, ძაბავს აღმქმელს...~), მაგრამ იმას კი მაშინვე ვიგრძნობთ, რომ რაღაც მნიშვნელოვანს, ყოფითობის მიღმა არსებულ `საიდუმლო~ ჭეშმარიტებას ვეზიარებით. ამ განცდას აჩენს ანტონიმებით აგებული ენობრივი კონსტრუქცია, შინაარსის გააზრებისგან დამოუკიდებლად, _ შესაძლოა ამ სინტაქსურ კონსტრუქციას ასეთ `მაგიურ~ ძალას ანიჭებდეს ის გამოცდილება, რაც მიგვიღია ანტონიმებით აგებული საყოველთაოდ ცნობილი ფრაზების გააზრებისას: `მე ვიცი ის, რომ არა ვიცი რა~ (სოკრატე), `რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს, და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს~ (ლუკა 18. 14) და მისთ.
ზემოთ დაპირისპირებულთა ურთიერთგანმსჭვალვის დიალექტიკური პრინციპი ვახსენეთ. საზოგადოდ პარადოქსების და, კერძოდ, ჯემალ ქარჩხაძის პარადოქსთა ერთი ნაწილი, სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება. ამას იგი ერთგან თვითონაც აღნიშნავს. რომანში ვკითხულობთ:
`თუ ოჯახის უფროსს სურს მის მიერ შემოღებული წეს-ჩვეულებანი უცვლელად და შეურყვნელად გადაეცეს შთამომავლობას, მემკვიდრედ ის შვილი უნდა დანიშნოს, რომელიც ამ წეს-ჩვეულებებს ყველაზე მეტი გააფთრებით ებრძვის (თუ ამ დებულებამ ვინმე დააეჭვა, დაეჭვებულს ვურჩევ იგი დაპირისპირებულთა დიალექტიკური ერთიანობის ზოგად კონტექსტში განიხილოს)~. (ეს გამოცდილება ხალხურ ანდაზაშიც აისახა: `მიბარებული ბატკანი მგელმაც შეინახაო~).
ამ ზოგად კონტექსტში უნდა განვიხილოთ ის პარადოქსიც, რომელიც ზემოთ ციტირებულ ვრცელ ფრაგმენტში შეგვხდა, სადაც მთხრობელისა და სალომე ერისთავის დიალოგია გადმოცემული:
`მაშასადამე, მარტივსა და რთულს შორის, ლოგიკური კავშირის პარალელურად, არსებობს მეტალოგიკური კავშირიც, და, რთული, რაღაც უცნობი მიზეზის გამო, ლოგიკის ჩარჩოს რა გასცდება, მით უფრო რთულდება, რაც უფრო მარტივდება და პირიქით~.
ლოგიკაში აქ ფორმალური, მათემატიკური ლოგიკა იგულისხმება, ხოლო ამ ლოგიკის ჩარჩოდან გასვლაში _ `საღი აზრის~ საუფლოდან დიალექტიკური აზრის საუფლოში გადასვლა. ვცადოთ გავარკვიოთ, როგორ მიესადაგება ქალ-ვაჟის დიალოგის შინაარსს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ `რთული [...] მით უფრო რთულდება, რაც უფრო მარტივდება და პირიქით~.
გაურკვევლობამ, რომელიც სალომე ერისთავის მიერ საკუთარი მამიდების რაოდენობის დასახელებისას იჩინა თავი, მთხრობელი გააოგნა. საბედნიეროდ, ამ გაოგნებამ მალე გაუარა, მაშინვე, როგორც კი სალომემ მარტივად განუმარტა რა იგულისხმებოდა მის უცნაურ პასუხებში. მაგრამ ამ გამარტივებამ მთხრობელი სხვა სირთულესთან, ერთობ ძნელად გასააზრებელ ჭეშმარიტებამდე, მიიყვანა: თურმე ისეთი მარტივი რამეც კი, როგორიცაა მამიდების რაოდენობა, შესაძლოა `ათვლის სისტემაზე იყოს დამოკიდებული~. ზოგადი დებულება შესახებ იმისა, რომ `ყველაფერი ფარდობითია~, ასე თუ ისე, ყველასათვის მისაღები გახდა, მაგრამ მისი კონკრეტული გამოვლინებანი ზოგჯერ (ისევე როგორ ჩვენს შემთხვევაში) ერთობ რთული მოსააზრებელია, ისეთი თავსატეხია, რომლითაც მხოლოდ ჩვენი მთხრობელისნაირ უცნაური ჭკუის ადამიანებს ძალუძთ გართობა, და ისიც დანანებით აღნიშნავს: `ასეთი აბდაუბდა ძალიან მიყვარს და სხვა ვითარებაში, ვინ იცის, ისე ჩავსულიყავი სანაკლიოში, მორევიდან თავი არ ამომეყოო~, მაგრამ ამჯერად აზროვნების მორევში მის ნებივრობას ახალგაცნობილი თანამგზავრი უშლის ხელს.

* * *
როგორ უკვე ვთქვით, ამ რომანში უამრავი ფრაზეოლოგიური პარადოქსია. ფრაზეოლოგიური პარადოქსის ერთი თავისებურობა ის არის, რომ, აფორიზმისა არ იყოს, იგი შეიძლება ამოვარიდოთ კონტექსტს და ამ სახითაც (კონტექსტს მოწყვეტილნი) არ დაკარგავენ არც შემეცნებით და არც ესთეტიკურ ღირებულებას. ოსკარ უაილდისა და ბერნარდ შოუს თხზულებებიდან ამოკრებილი პარადოქსები - მათ სხვანაირად მაქსიმებსაც უწოდებენ - ცალკეც იბეჭდება ხოლმე, ხოლო მე-17 საუკუნის გამოჩენილი ავტორები ლაროშფუკო და ლაბრიუიერი მხოლოდ მაქსიმებს წერდნენ, რომელთა უმეტესობა პარადოქსია.

`პროგრესი [...] სხვა არა არის რა, თუ არა უწყვეტი არჩევანი ზნეობასა და ცივილიზაციას შორის ცივილიზაციის სასარგებლოდ~.

ანუ ცივილიზაცია და ზნეობა ერთმანეთის მიმართ უკუპროპორციული სიდიდეებია: რამდენადაც ცივილიზაცია წინ მიდის, იმდენადვე ზნეობა ქვეითდება. მოგეხსენებათ, ეს გახლავთ ჟან-ჟაკ რუსოს პირველი, თანაც კონკურსში გამარჯვებული, თხზულების `ტრაქტატი მეცნიერებათა და ხელოვნებათა შესახებ~ (1750) დედააზრი _ რუსოს შეხედულებით, მეცნიერებათა და ხელოვნებათა აყვავებას მოაქვს საზოგადოების მორალური დაცემა, ცივილიზაციის ცრუ სიკეთეებს ეწირება ზნეობრიობა, და ეს მიიჩნევა პროგრესად.
მაღალინფორმაციულობა ამ ფრაზისა (იგი რუსოს მთელი ტრაქტატის შინაარსს იტევს!) დიდწილად ეფუძნება ზუსტად შერჩეული სიტყვებისგან შედგენილ, შინაგანი დინამიკით დამუხტულ სინტაგმას `უწყვეტი არჩევანი~.

`პროგნოზი გახლავთ საბუთიერი წინასწარმეტყველება, წინასწარმეტყველება გახლავთ უსაბუთო პროგნოზი~.

ეს პარადოქსი იმას ეფუძნება, რომ ენაში დამკვიდრებული უცხო სიტყვა და მისი ადგილობრივი შესატყვისი (ამ შემთხვევაში პროგნოზი და წინასწარმეტყველება) არასოდეს მთლად ერთი და იგივე არ არის, რითაც შეიძლება აიხსნას სხვა ენებიდან შემოსული სიტყვების წინააღმდეგ ბრძოლის უშედეგობა ამგვარი მოწოდებით: როცა გვაქვს ჩვენი, რაღა საჭიროა სხვისგან სესხება! ჯემალ ქარჩხაძე, ჩინებული სტილისტი, გრძნობს უმცირეს განსხვავებას ამ ორ სინონიმს შორის და პარადოქსულად გამოხატავს ამას ხიაზმის (ჯვარედინი სიმეტრიის) რიტორიკული ფიგურის მოშველიებით შედგენილი ფრაზის მეოხებით.

`ჭეშმარიტი სიკეთე [...] ის სიკეთეა, რომელსაც ჩვენი სურვილის წინააღმდეგ ჩავდივართ~.

ნუთუ? გაიფიქრებ ამის წაკითხვისას და შეეცდები შეცდომა აღმოაჩინო ამ უცნაურ ფორმულაში. ამის მცდელობისას ეთიკის სანახებში კარგა ხანს მოგიწევს ფიქრით ხეტიალი, რაც თავისთავად ხომ ერთობ სასარგებლო რამ არის, და კიდევ ის სიკეთე მოაქვს, რომ მწერალთან კამათში თვითონვე აგნებ ფარულ სიბრძნეს, იმას, რაც სიტყვებით ნათქვამი არ არის, მაგრამ იგულისხმება: სწორედაც რომ ასეთი სიკეთე, ჩვენი სურვილის წინააღმდეგ ჩადენილი, იქნება რაც შეიძლება განრიდებული ანგარებას. აღარ დავაკონკრეტებ როგორ შეიძლება გავიგოთ რას უნდა ნიშნავდეს სიკეთის ჩადენა საკუთარი სურვილის წინააღმდეგ. ვიტყვი მხოლოდ, რომ ამას რაღაც საერთო აქვს ბიბლიურ მცნებასთან - „გიყუარდედ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა“ (ლუკა 6. 27).  

„თუ სწორად მოიხმარ, არც ცუდი მაგალითია ცუდი“.

აქ პარადოქსულობა მთლიანად გამოთქმის თავისებურებას ეფუძნება. თუკი იმავე სათქმელს, ვთქვათ, ასეთნაირად ვიტყოდით _ ჭკვიან კაცს სხვისი ცუდი ქცევა იმის მისახვედრად გამოადგება, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს თვითონ _ პარადოქსულობა დაიკარგებოდა. ასევე მოხდებოდა მაშინაც, თუკი მეორე „ცუდს“ მისი სინონიმით _ მაგალითად, „უვარგისით“ _ ჩავანაცვლებდით. ლიტერატურულ ღირსებას ჯემალ ქარჩხაძის ეს ფრაზა იმის შედეგად იძენს, რომ უცნაურ რამეს იუწყება: ცუდი არ ყოფილა ცუდი! ეს ის შემთხვევაა, როდესაც რამე თავის თავიც შეიძლება იყოს და თავის თავის საწინააღმდეგოც, რაც ფორმალური ლოგიკის თვალსაზრისით უაზრობაა.  

პარადოქსული ფრაზა მწერლის ნიჭიერების მკაფიო ნიშანია.
საზოგადოდ, მხატვრულ ნაწარმოებში ყველა ფრაზა როდია სპეციფიკურად `მწერლური~. ვერც იმას ვიტყვით, როგორი უნდა იყოს ჩვეულებრივი და `მწერლური~ ფრაზების ოპტიმალური შეფარდება. აქ ბევრი რამ ჟანრზე, თემაზე, მწერლის იდეურ-მხატვრულ კონცეფციაზეა დამოკიდებული. ის კი დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ჯემალ ქარჩხაძის ფრაზა ყოველთვის გამოირჩევა სათქმელის ფორმულირების ხელოვნებით, ხოლო პარადოქსული ფრაზების სიუხვით იგი, თუ არ აჭარბებს, არ ჩამოუვარდება ისეთ ოსტატებს, როგორებიც იყვნენ ზემოთ უკვე ნახსენები ოსკარ უაილდი და ბერნარდ შოუ _ დახვეწილი იუმორით, ხშირად სარკაზმით აღსავსე პარადოქსების ავტორები.
და მეც ფინალისთვის ორ პარადოქსულ სარკასტულ ფრაზას გავიხსენებ `განზომილებიდან~, კვლავაც ეთიკური პრობლემატიკის შემცველს, ოღონდ ამჯერად უკომენტაროდ, და ამით დავამთავრებ:

`იდეალისტების გაძარცვას სინდისი შედარებით იოლად ეგუება~

და _

`ზნეობით შეპყრობილი კაცი ცოტათი ყოველთვის სახიფათოა და თვალ-ყურის დევნებასაც საჭიროებს (განსაკუთრებით პოლიტიკურ მოსახვევებში)~.

განხილული ფრაზების მაღალინფორმაციულობა, რაც მჭიდრო კავშირშია მაღალესთეტიკურობასთან, განაპირობებს მათ ლიტერატურულ ღირსებებს.
ეს პარადოქსები იმის დასტურიც არის, რომ ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედების სახით საქმე გვაქვს მაღალი რანგის ინტელექტუალურ პროზასთან.
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი)  -  დაკარგული კლასიკა გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) - დაკარგული კლასიკა ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / მეცნიერება / გამოქვეყნებული გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი)  - ავტორის დაბადება გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) - ავტორის დაბადება ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / გამოქვეყნებული გიორგი ასათიანი - მეცნიერება და რელიგია გიორგი ასათიანი - მეცნიერება და რელიგია ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / ფილოსოფია / ფიზიკა / მეცნიერება / გამოქვეყნებული ბადრი ფორჩხიძე - ნგრევის ამაოებისა და ამაოების ნგრევის  დიალექტიკა ბადრი ფორჩხიძე - ნგრევის ამაოებისა და ამაოების ნგრევის დიალექტიკა ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / მეცნიერება / გამოქვეყნებული მერაბ მაღრაძე - დიმიტრი უზნაძე მეტაფიზიკური აზროვნების შესახებ მერაბ მაღრაძე - დიმიტრი უზნაძე მეტაფიზიკური აზროვნების შესახებ ჟურნალი / ფილოსოფია / ფსიქოლოგია / სტატიები / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge