გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნინო გალდავაძე - ბიცია



... იყო ლუკა. მერე იყო საბა. შემდგომ იყო ლევანი, რათა ყოფილიყო იაკობი. ამ დამთხვევებისა თუ ლოგიკური მიზეზ-შედეგობრიობის ნაწილი ვარ მეც, მაგრამ, რადგან ეს ამბავი იაკობზეა, აქ შევჩერდები. იაკობ ლევანის ძე ლაბაძე 1889 წლის რომელიღაცა თვის რომელიღაც რიცხვში დაიბადა. სამ რევოლუცია გამოვლილი კაცი გახლდათ. ჯერ 1905 წლის რევოლუციაში მონაწილეობდა, შემდეგ 1917 წლის ორივე რევოლუციაში იყო და სამოქალაქო ომშიც იბრძოდა თურმე. გაქანებული კომუნისტი და ათეისტი. 1937 წელს, 48 წლის ასაკში ცოლად მოიყვანა 17 წლის ღრმად მორწმუნე გოგო და შეიქმნა მთლიანობა. მთლიანობა, როგორც არსებობის პრინციპი ღმერთისა, ბრმებისთვის რომ კეთილია, ცნობისმოყვარე ეჭვიანი კი ამ მთლიანობას შემოაბრუნებს და იქ ეშმაკს აღმოაჩენს. მაგრამ მთლიანობა რისი მთლიანობაა, თუ თავის თავში მრავალ, დაპირისპირებულ ნაწილაკთა ლოგიკური შეერთებით სრულყოფილება არ განახორციელა! მოკლედ, ბაბუა იაკობს და მის ცოლს ოთხი შვილი შეეძინათ. შვილებიდან ერთ-ერთი მცირეწლოვანი გარდაეცვალათ, ერთ-ერთი კი მამაჩემის დედა იყო. როგორც მამა იხსენებს, ბებია-ბაბუის სახლი ზემო იმერეთის ერთ, ძალიან ლამაზ სოფელში, ნიგოზეთში იდგა. სახლი ხის იყო და მეზობლის ზუსტად ასეთივე ზომის ხის სახლი მას ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა. სახლები ისე მჭიდროდ იდგა ერთმანეთთან, ერთი სახლიც კი გეგონებოდათ. ღობეც უცნაურად იყო გავლებული, თითქოს ვიღაცას ეზო განგებ გაეყო შუაზე. ლაბაძეების მეზობელი შუა ხნის ქალი ნადია ნოზაძე გახლდათ. მას ყველა იცნობდა როგორც ბიციას. ბიციას ნამდვილი სახელი და გვარი არავინ იცის. ოდესღაც მშობლებს ის გასაზრდელად მღვდლისთვის მიუბარებიათ. მღვდელმა თავისი გვარი მისცა, ალბათ, სახელიც თავისი აზრის მიხედვით დაარქვა და ასე შეიქმნა ნადია ნოზაძე, რომელიც იმ დროისათვის შესაშური აღზრდა-განათლებით გამოირჩეოდა სოფელში.
40-იან წლებში იაკობ ლაბაძე საპასპორტო მაგიდის უფროსად დანიშნეს და ოჯახი ჭიათურაში გადაბარგდა. გაჭირვება იყო, ამიტომ ხის სახლი დაშალეს და თან წაიღეს. ბიცია დარჩა. თინიკოც დარჩა. იაკობის უფროს შვილს ბიცია განსაკუთრებულად უყვარდა და მშობლებს არაფრის დიდებით არ წაჰყვა ჭიათურაში. სკოლაც იქვე, სოფელში დაამთავრა. წლები გადიოდა და იაკობი უკვე შვილიშვილებთან ერთად ადიოდა ხოლმე ნიგოზეთში დასასვენებლად. რადგან მათი სახლის ადგილას მხოლოდ ფუნდამენტიღა დარჩენილიყო, ბიციას სახლში ცხოვრობდნენ. უცნაური ის იყო, რომ იაკობ ბაბუას ბიციას სახლში ფეხიც კი არასოდეს შეუდგამს. პირველი ეჭვი სწორედ მაშინ გაჩნდა, როცა შვილიშვილები წამოიზარდნენ და ეს და სხვა უცნაურობები ერთმანეთს დაუკავშირეს. მამა ყვებოდა, ბიციას ბებიას ვეძახდით, ზუსტად არ ვიცოდით, ვინ იყო ჩვენი, მაგრამ რაღაცნაირი ნათესავი რომ იყო, ეს ვიცოდითო. გაჩნდა კითხვები: რატომ მოიყვანა იაკობ ბაბუამ ცოლი ასე გვიან? ან, რა ხდებოდა 20-იანი წლების შუა პერიოდიდან 1937 წლამდე, ვიდრე ცოლს მოიყვანდა? ყველამ იცოდა იაკობ ბაბუას ისტორია რევოლუციების ჩათვლით, ასევე, ისტორია ოჯახის შექმნის შემდეგ, მაგრამ რა ხდებოდა იაკობის ცხოვრებაში მთელი ათი წლის განმავლობაში, ეს შვილიშვილებმა არ იცოდნენ. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, არც შვილებს სცოდნიათ. თურმე იაკობ ლაბაძეს ეს ათი წელი შვილის მოლოდინში საყვარელ ქალთან ერთად გაუტარებია. მოლოდინი იმდენად ხანგრძლივი აღმოჩნდა, რომ მოლოდინმა მოითხოვა გადაწყვეტილება. რომანტიკული შეცვალა რაციონალურმა და, თუმცა, ეს რაციონალური აზრი მოასწავებდა, ერთის მხრივ, ლაბაძეების ოჯახის დაშლას, მაგრამ, მეორეს მხრივ, ეს იყო ნიშანი ერთი პატარა გოგონას გაბედნიერების, რომელმაც ჯერ არ იცოდა, რომ თავისზე 31 წლით უფროსი კაცის ცოლი გახდებოდა. ქალი კი, რომელიც იაკობთან ერთად ბევრი შვილის გაზრდაზე ოცნებობდა და მიზნების განუხორციელებლობის გაცნობიერების შემდეგ საკუთარი ქმრის მაჭანკალი გახდა, ბიცია იყო. ბიცია, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილებების მსხვერპლი გახდა. მას ჰქონდა თავისუფალი ნება, რომელმაც ის უცხოდ აქცია. არ გაუმართლა ცხოვრებაში. თურმე, რამდენი ტკივილი იმალებოდა მისი ზრუნვის და კეთილი ღიმილის მიღმა. ბიცია უცხო იყო არა მარტო ყოფილი ქმრის შთამომავლებისათვის, არამედ, საკუთარი თავისათვის. ისიც არ იცოდა, სად იყო მისი ფესვები. ვინ იცის, რა იქნებოდა, მშობლებს რომ არ მიეტოვებინათ. იქნებ, მათი ბრალია ბიციას გაუკუღმართებული ცხოვრება. მამაცი ქალი ყოფილა ბიცია. არასოდეს გაუმჟღავნებია სიმართლე. ის ზღვარი, რაც მან თავისი ნებით გაავლო თავის თავსა და ქმარს შორის, სიცოცხლის ბოლომდე არ დაურღვევია. შეეგუა ახალ ქალს ოჯახში, მაგრამ ეს არ იყო მონური მორჩილება, ეს იყო არისტოკრატული მოთმინება. მოსიყვარულე მთლიანობა დანაწევრდა, შესაბამისად, სახლიც შუაზე გაიყო და ეზოც. თურმე, ბავშვებს რომ ორი ეგონათ, ის ერთი ყოფილა. თვალი მატყუარაა, მაგრამ თუ გონებას მოუსმენ, ის გეტყვის, რომ ნაპირიდან ჰორიზონტზე გემი სულ სხვანაირია.
ლაბაძეების სახლის ფუნდამენტი ახლაც არის. ბიციას ნაწილიც ისევ დგას. ბიცია დიდი ხანია გარდაიცვალა, მაგრამ ის არსებობს ადამიანებისთვის, რომლებიც მის სახლში დღემდე ისვენებენ ზაფხულობით. ის ცოცხალია მოგონებებში მისი კეთილშობილი დამოკიდებულების გამო, ლაბაძეების ფუნდამენტი დიდი სიყვარულით რომ შეინარჩუნა.
ვიტყვი, ბავშვებს არაფერი ესმით შეკითხვების, მაგრამ მათ ყველაფერზე აქვთ პასუხი. იზრდებიან, მათში იბადება გონი და იბადება კითხვები, მაგრამ აღმოაჩენენ, რომ პასუხები სადღაც დაიმალნენ. თუ სიბნელეში ხელებს ავაფათურებთ, ვერასოდეს ვიპოვით ჭეშმარიტებას, ან, იქნებ, ვიპოვოთ კიდეც, შემთხვევით, მაგრამ სიბნელეში ვერ გავიგებთ, ნამდვილად ვიპოვეთ ის თუ არა. ბნელში შემოვუშვებთ სინათლეს და ჭეშმარიტება გამოჩნდება. მთავარია, იყოს ეჭვი. ეჭვი შემეცნების დასაბამია. ბიცია ამხილეს!

скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
იაშა კუჭუხიძე   -  შალვა ნუცუბიძის მოგონებებიდან იაშა კუჭუხიძე - შალვა ნუცუბიძის მოგონებებიდან ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / ფილოსოფია / გამოქვეყნებული თენგიზ გუმბერიძე  - ერთი გახმაურებული ლიტერატურული პოლემიკის შესახებ თენგიზ გუმბერიძე - ერთი გახმაურებული ლიტერატურული პოლემიკის შესახებ ჟურნალი / ესეისტიკა / კრიტიკა / ისტორია / სტატიები / გამოქვეყნებული რენიკო საკანდელიძე - საქართველოში ფიზიოლოგიის ფუძემდებლის ივანე ბერიტაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა რენიკო საკანდელიძე - საქართველოში ფიზიოლოგიის ფუძემდებლის ივანე ბერიტაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა ჟურნალი / კრიტიკა / ბიოლოგია / სტატიები / მეცნიერება / გამოქვეყნებული იზოლდა რუსაძე - მხატვრული ნარკვევი იზოლდა რუსაძე - მხატვრული ნარკვევი ჟურნალი / ესეისტიკა / კრიტიკა / სტატიები / გამოქვეყნებული მანანა ჩიტეიშვილი - რენესანსის ესთეტიკა და დიდი ხელოვანები მანანა ჩიტეიშვილი - რენესანსის ესთეტიკა და დიდი ხელოვანები ჟურნალი / ფილოსოფია / სტატიები / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge