გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნუგზარ ზაზანაშვილი - ლექსები

Aequilibrium 
სიტყვა ჰგავს მხოლოდ სიტყვას
სიტყვა სხვა სიტყვას არ ჰგავს
მე ყველა სიტყვა მიყვარს
ვეძებ
ვპოულობ
ვკარგავ 
მშვენიერი სიტყვაა
მომხიბლავი სიტყვაა
მომაჯადოებელი სიტყვაა
Aequilibrium 
Aequilibrium 
ვერცხლის გველი და ოქროს ობობა
Aequilibrium 
მისწრაფება ყოველთა მისწრაფებათა
Aequilibrium 
უდაბნოში ქარავანის მირაჟი
Aequilibrium 
პირობა ყოვლის უპირობობა
Aequilibrium 
ვარსკვლავების სოკოებივით შეგროვება
მყინვარწვერიდან
Aequilibrium 
წარსულის წარსული უწარსულობა
Aequilibrium 
სიმონ ჩიქოვანი გასაწყვეტ თოკზე
Aequilibrium 
მომაჯადოებელი სიტყვა
Aequilibrium 
მომხიბლავის სიტყვა
Aequilibrium 
მშვენიერი სიტყვა
Aequilibrium 
სიტყვა
Aequilibrium 
სიჩუმე


***
ვეჭვობ - მეჭიროს ყოფნის სადავე, 
ვეჭვობ - გვირგვინი ვიყო ბუნების...
მთელი ცხოვრება ვუმზერ ვარსკვლავებს,
მთელი ცხოვრება სადღაც ვბრუნდები:
ზღვასთან 
მიწასთან 
მზესთან 
წვიმასთან
თოვლთან და ქართან
მთაში და ბარში
ტყეში და უდაბნოში
ბერის სენაკში და ქუჩაში
წარმოსახვაში
თეატრში
რესტორანში
სიმთვრალეში და სიფხიზლეში
სასოწარკვეთაში და ბედნიერებაში
მატარებელში
თვითმფრინავში
სასტუმროში
ბინაში
შენთან
შვილებთან
შთამომავლებთან
სიყმაწვილეში
ყრმობაში
ბავშვობაში
დედასთან
წინაპრებთან
ვეჭვობ - გვირგვინი ვიყო ბუნების,
ვფიქრობ - სულ სხვაა გვირგვინიც, მეფეც...
მთელი ცხოვრება სადღაც ვბრუნდები, -
მთელი ცხოვრება... რა შავ ქვას ვეძებ?


საყვარლის საფლავთან
საყვარლის საფლავს ვეძებდიო...
და გაურბიხარ,
ყოველ დღე, ყოველ წამს გაურბიხარ
ამ გაცვეთილ და მარად ახალ განცდას:
ის არც მზერითია
არც სმენითია
არც შეხებითია
არც წარმოსახვითია
არც აზრისმიერია
არც ქვეცნობიერია -
აღმოცენებულა უფრო უბრალოდან
და უფრო რთულიდან,
თავისთავადიდან, თვით ადამიანურობიდან
და ასე თვალნათლივ, ასე აუტანლად
ეუფლება შენს არსებას, როდესაც
ახლობლის 1-ადგილიან საფლავთან დგახარ...
თან რაღაც მანქანებით გრძნობ -
მსგავსი, ორი წვეთი წყალივით მსგავსი რამ
უკვე განგიცდია ადრე, დიდი ხნის წინათ,
დაბადებამდე ადრე, იმ ბნელ სინოტივეში...
საყვარლის საფლავს ვეძებდიო...
და გაურბიხარ,
ყოველ დღე, ყოველ წამს გაურბიხარ:
ჩაფრენიხარ დედის ძუძუს,
სიზმრებს აფარებ თავს,
თამაშობ თავდავიწყებით,
სასწავლებელში დადიხარ,
ოჯახს ქმნი,
მუშაობ გამთენიიდან დაღამებამდე,
წიგნებში გაქვს თავი ჩარგული,
ან ფიქრობ წამოწოლილი,
მოგზაურობ,
ძმაკაცებში ქეიფსა ხარ გადაყოლილი,
ან ლოთობ მარტოდმარტო,
მეძავებს დასდევ,
ნარკოტიკებით ირინდები...
საყვარლის საფლავს ვეძებდიო...


***
სათაფლიაში
აქ დინოზავრები ბალახობდნენ,
დინოზავრიკოებს ჩეკავდნენ, ზრდიდნენ,
იყვნენ თავისთვის 100 მილიონი წლის წინ...
ახლა ადამიანები დაბოდიალებენ, გაოცებით 
დაჰყურებენ ნაკვალევს, ცდილობენ, წარმოიდგინონ -
რას ჰგავდა ქუთაისის მიდამოები იმ დროს -
100 მილიონი წლის წინ... ქუთაისის მიდამოები...
მე კი გეოლოგები მაოცებენ, აღტაცებას ვერ ვმალავ:
რა არის გეოლოგისთვის ათასწლეული? –
წამი, წამის მეათედი, მეათასედი!
ისე საუბრობენ მეზოზოურზე, პალეოზოურზე -
გეგონება, ბავშვობა იმ დროს ჰქონდეთ გატარებული,
სადღაც აქვე, ქუთაისის მიდამოებში,
წიგნებს წერენ - თუ რა ხდებოდა მილიონი,
10 მილიონი, 100 მილიონი წლის წინ...
გეოლოგებს უეჭველად იმედიც აქვთ, რომ მათი 
გამოკვლევები - დინოზავრების ნაკვალევივით - 
გამძლე გამოდგება და ასე, ერთი-ორი მილიონი წლის 
შემდეგაც გამოადგება ვინმეს: თუნდაც აქვე, ქუთაისის
უნივერსიტეტის „...თეკაში“ („ბიბლიო“ ნამდვილად
აღარ იქნება) მიაჭერს ღილაკს მომავლის 
არსება-სტუდენტი და ერთი-ორი მილიონი წლის 
წინანდელ მასალებს დაარეფერირებს, განამარხებული 
მკვლევარის სახელისა და გვარის მითითებით.

აი, ამას ჰქვია უკვდავება!
აი, ამისთვის ვცოცხლობთ და ვიღწვით!


***
ისევ გამოვაპარე თვალი შენკენ და...
ცარიელი სავარძელი!.. 
სად გაუჩინარდი, ოქროსთმიანო, პატარა ეია -
სათვალეებს წამითაც რომ არ იშორებ
და მაინც ისე უცხოდ ანათებ 
ამ სერიოზულ სამეცნიერო სიმპოზიუმზე,
როგორც მობეტონებული გზატკეცილის პირას
შემთხვევით აღმოცენებული მზესუმზირა...
რა იქნებოდა - ერთი, თხუთმეტი წლით ადრე
დაბადებულიყავი, ერთი, ოცი წლის წინ, ასე,
სადმე შევხვედროდით ერთმანეთს...
რა იქნებოდა?..


ანტალია ზამთარში
ძლივსღა დადიან და მაინც ანტალიაში 
დასასვენებლად მოფრინავენ, დეკემბრის 
მზეს ეფიცხებიან, მრავალფეროვან 
თურქულ კერძებს ეტანებიან, ჭიქა 
ღვინოსაც გადაკრავენ ხოლმე... 
ალბათ, სადმე ჰამბურგში თუ ბრემენში
შვილებთან და შვილიშვილებთან ყოფნა 
ურჩევნიათ, მაგრამ... რომელ შვილს სურს 
მოხუც მშობლებთან ერთად ცხოვრება 
დღეს?.. 
მზე ჩადის: ხმელთაშუა ზღვა ფაქიზი, 
გამჭვირვალე, ვარდისფერი ქსოვილით 
იფარება, რომელიც ხუთ წუთში 
გამუქწითლდება, ათ წუთში კი მთლად 
გამუქდება:
მალე ვახშმის დროც მოვა, მერე – 
ძილის დრო, მერე - საუზმის, სადილის, 
ვახშმის და ისევ დაბნელდება –
ჩქარა ბნელდება, ძალიან ჩქარა ბნელდება 
ზამთარში... 
და მერე რა? თავს ზევით რა ძალაა? 
სამაგიეროდ: კერძები კარგია, ღვინოსაც 
არა უშავს, ხოლო შენი კბილა ახალ 
ნაცნობებთან მუსაიფს – საერთოდ – 
რა სჯობს?!
ჰო, კიდევ: მზის ჩასვლაც სრულიად 
ფანტასტიკურია!


კონტრასტი
რომელია სიცოცხლეში მთავარი 
შიშისმგვრელი პერსონაჟი? 
უეჭველად – სიკვდილი!
და რის გამო გვეშინია? 
მე პირადად– 
ნამეტნავი კონტრასტის გამო: 
დღეს – დადიხარ აღმა-დაღმა, 
თბილი, რბილი და საღსალამათი,
ხვალ – გაჭიმულხარ, ცივი, უძრავი და 
გაქვავებული.
ამ ხვალინდელ დღეს რომ წარმოიდგენ, 
შეგეშინდება – აბა რა მოგივა?!
ჰოდა, იმ ანეგდოტისა არ იყოს – 
კაცი ექიმთან რო მივა – ხელს ესე რო
ვშვები, მტკივაო და ექიმი რო პასუხობს:
შენც ეგრე ნუ იზამ და არ გეტკინებაო –
არ უნდა წარმოიდგინო – 
ვითომც არაფერი...


***
წვიმს,
დღე და ღამე წვიმს და
მინდა,
ბევრი რამე მინდა:
მაგალითად, ახლა მინდა ღვინო
და კიდევ მინდა, რომ არ წვიმდეს, 
თუმცა ხანდახან მინდა არაყი და
მინდა, რომ წვიმდეს...
ვინ მომცემს
მე რომ მინდა -
იმდენს?
ისე კი,
წვიმს და
წვიმდეს...


***
თავიდან იყო ლექსი
(რა იქნებოდა სხვა?),
დაუწერელი ლექსი...
მერე – მიწა და ზღვა
და ყველაფერი სხვა...


***
მეტაფორული ტექნოლოგია
კასპიის ზღვაში ჩასობილმა 
გაზის კოშკმა 
თქვა:
წყალში ვდგავარ, ცეცხლი მიკიდია...


***
ასოციაციები ივლისის 
პაპანაქებისას
სუფევს ივლისი –
თრიალეთის სფინქსს 
შუადღის თვლემა მოერია...
ყოფნა განა, მართლა, მორევია,
ცხოვრება განა, მართლა, კიბეა,
განა, მართლა, სავსე ჯიბეა 
სიცოცხლეში მთავარი...
საიდან ვიცი?
ასე გვასწავლის ყველა ზღაპარი
და ყველა სფინქსი.


***
ესეც ნანატრი თავისუფლება
მარტო ყოფნის თუ მარტო დარჩენის:
ტელევიზორი მესაუბრება,
კომპიუტერს ჭადრაკს ვეთამაშები...
კვირაა, გარეთ მზე პირს იბანს და
ჟივილ-ხივილი ისმის ბავშვების...


***
სენტიმენტები
კლოუნის ნიღბით შვილიშვილს ვართობ,
სასაფლაოზე ზამბახებს ვუვლი...
მე სენტიმენტებს ვერასდროს დავთმობ:
რა ვუყო – ასე მკარნახობს გული.


***
განა არის ქვეყნად რამე საძულველი?..
განა რა ვართ?.. 
მაგრამ მაინც გვძულს...
ისე ვცხოვრობთ, 
გეგონება, სულ ვიცხოვრებთ,
ანდა - მიწა იტრიალებს სულ...скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge