გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ეკატერინე აბუთიძე - ლექსები

განწყობა
თვალი თვალს შორდება,გული გულს,
ბაგე ტუჩს,ხელი ხელს,თუთა თქორს,
დრო მალავს მკლავებში მკვდარ გუგულს
მაისი საკაბეს ურთავს ქორს...
გონებას წარსულის ხრამი ხრავს
შორდება ობოლი სიო ქარს...
ღამე,წამს წუთს საათს წელს და ჟამს
თეთრ ფიქრში აშიშვლებს,აცმევს შავს
და კლდეს ჰგავს თოვლიანს სული სალს
მუსუკის მიჰყვება ნოტი ნოტს
ვით ვაშლის ყვავილის ტოტი ტოტს....
ზამთრიან დღეების სევდა თოვს
აწყდება ტკივილით სტროფი სტროფს
მთვარე ცას,სისხლი გულს,მძივი ძაფს....
გადასდებს მოკვდავ ფიქრს ღამე ცოფს,
სიჩუმე  თოთო სხივს ხარბად ძოვს
ბარბაცობს, გონება ბარბაცობს...
მოადებს სიბნელეს კორდი კორდს
და მთვარეც აიღებს ძველ აკორდს,
შეახებს როდესაც სხივებს მკერდს...
და სული დატოვებს სხეულს ძონძს,
ღამეს მკვლელს,ცარიელს,სურვილს ძუნწს
ყურზე ლალ-ზურმუხტებს,ყელზე ძოწს....
ქარი კი კვლავ შეშლილ სიზმრად ძრწის....
შორდება დაღლილი ხელი ხელს,
თვალი თვალს,გული გულს,მზერა მზეს,
ეშმაკი შხამიანს გაწვდის ხილს...
მწვერვალზე ბებერი ქორი ზის......
ათასგვარ ჭორ-მართალს მოკრავ ყურს,
ჭაობი კამკამებს,წყარო ყარს...
მოათრევს ცოდვები  ქორფა კუპრს,
და შიშით ჩააბამს ყოფას ყულფს...
მოკლავს ფიქრს,ოცნებას,ვნებას ყალბს...
შორდება წვიმების ვალსი ველს...
შორი გზის ნაცნობი რელსი რელსს...
და წყვიტავს ეჭვები ოქროს ჯაჭვს,
გააძრობს სიყალბე კოცნით ქანცს,
სველ სახეს,თბილ ბაგეს,თოთო ღაწვს...
და თითქოს მიუძღვის ბრალი ბროლს,
თვალებში მარტოსულ ზამთრად მქროლს...
მთვარის ჩრდილს ძაღლების ყეფა ყოფს...
და რჩება გვირილის შარა შორს...
ეცლება ხმა სიოს შარიშურს,
განთიადს ამ დიად დარის შურს...
მოიკლავს მოკვდავში ჟამი ჟინს,
და სულში მარადის შვებას შობს....
დააფრქვევს ღრუბლები ციურ ცრემლს,
როს მოსწყვეტს ნაღველი ობოლ ბალს....
სიცოცხლის მზის გვირგვინს ფლიდი ფლობს,
და სხივებს ფარულად აცლის ყლორტს....
ბაღში კი სველ ბალახს ძერა ძოვს,
ცრემლი სდის მწვაში ჩაფლულ ცვარს...
და ცელავს იდუმალს ცელი ძილს...
თვალი თვალს,გული გულს,ღამე დღეს,
შორდება,თანდათან შორდება.....


******
გეძებ კარდაკარ, 
წვიმიანში,
თოვლშიც,
ქარდაქარ....
მომდევს ფეხდაფეხ დღე და ღამე ღრუბლის ქულები....
ჭექამ-ქუხილის ქოხი ჩადგა ბაღში მხარდამხარ,
რომ სამუდამოდ დააშოროს ჩვენი გულები...
მზერას გაყოლებ ცრემლ მარგალიტს შორით თვალდათვალ,
ხელი ხელს სწყდება,ვით თუთის ხეს მწიფე ნაყოფი,
ფიქრს ვარსკვლავ ვარსკვლავ ვანაწილებ ცაზე თანდათან,
და ბილიკ ბილიკ დაყოფილი სივრცე არ მყოფნის....
წვიმა წვეთ წვეთად დაიცლება დღეს ან ხვალ და ხვალ
ვგრძნობ უკანასკნელ ამბორს ტოვებს ტუჩი ბაგეზე,
მერე გავყვები ბედისწერას სევდის კვალდაკვალ,
ხანდახან სულში სიოდ მოვა ქარი ფაქიზი...
დღე ნაბიჯ-ნაბიჯ წითელ  ყვითელ სხივებს შორდება,
ბაგე ბგერებად სულის სევდას ფრქვავს ქარის ქარვად,
მატარებელი ვაგონ ვაგონ ნისლში გორდება...
გონება მალე ღამეს გაშლის ფიქრებში კარვად...
შენ სითბოს თესავ ოცნებაში კვლავ მარცვალ  მარცვალ.....
                                                                                 

სონეტ
ტოტიდან ტოტზე განთიადი ოცნებას გაშლის,
თოვლიან ფიქრებს ნამქერ-ნამქერ მომაყრის ღამე,
კვლავ მარტოობის სევდა წვება შავ-თეთრ გუაშში,
რადგან სხვა ფერებს სულის კედლებს ვეღარ ვუხამებ...
რატომ აღარ ქრის გაზაფხულის დღეს სიო ნეტავ,
სად გაქრა ვარდი, ფურცელ ფურცელ სად დაიკარგა?
იასამნისფერ ცრემლებს იშრობს  ჩემი სონეტა,
წვიმიან დილას უშენობა რად დაექარგა?
ჩვენს შორის თეთრი მანძილები გააბა ასე,
შავმა დროებამ და როგორც ბრმა დაგეძებ ლანდად,
და ის სიჩუმე ოდესღაც რომ გააბაასე,
დღეს უშენობის საათებმა დარდში გაბლანდა....
ისევ აცივდა,სულს მოედო თეთრი ნამქერი,
ვგრძნობ ქრება ჩვენში გაზაფხული ერთად ნამღერი....


*****
სულსაც სწყურია გამოდარება,
დილაში ღამე გაწვა სამასი,
უკანასკნელად გემუდარება,
გონებას გაძვრა ფიქრის სამოსი....
ხასიათების გართობს ჭრელობა,
დრო გამოვკეტე თავის ქალაში,
მოურჩენელი მტკივა ჭრილობა
თეთრი სხეულის გამტყდარ ქილაში...
თითქოს ფრინველთა შეწყდა ჭარჭალი,
და ოცნებები გახდნენ ქვათანი,
წვიმით მევსება მზერის ჭურჭელი,
მაინც არ გესმის სულის ქვითინი...
მიყურებს ღამე როგორც დურაჯი,
გარდაუვალი ახლოა სეტყვა,
ვარ შენი სუნთქვის უცხო დარაჯი,
აღმაფრენაა დუმილის სიტყვა...
გზა დამსხვრეული ცის ბორბალია,
მესმის ღამეულ ჩრდილთა ბორდიში,
ცხოვრების ბადეს ქსოვს ბორბოლია,
დაგვიანებულ დღისთვის ბოდიში...
ახლა შეხვედრის მტანჯავს ზალამი,
წვიმის წვეთს ნატრობს ვარდის გვიგვილი,
სულს განთიადმა უთხრა სალამი,
თავზე ზაფხულის მადგას გვირგვინი...      
ციდან ეშვება ღრუბლის ამბარი,
მოგონებების ლურჯი თუთეფი,
და სველ ხელებში შენი ამბორი
მიჭირავს, როგორც ტკბილი თუთები...
ბაღში ნიავი ბრმად დაქრიალებს,
ღამე შენს მსგავსად არის მალანი,
ატმის ყვავილთა მაქვს დაქრიალი,
სულში უსაზღვრო სევდის მელანი...
უშენოდ ყოფნა არის ჩიბურდი,
მწიფე ალუბლის მხოლოდ ბულიში,
ქარმა ტოტებით სივრცე ჩაბურდა,
დრომ ამოიგო გედის ბალიში...
ჩვენს გონებაში ხიდის გადებას,
ჰყვება ღამეულ ჩრდილთა ბოგინი,
მალე შეწყვიტავს სულის გოდებას,
ასე შორი და ახლო ბაგენი...
ხედავ,გამოჩნდა ცაზე გრაალი,
ახლა სიჩუმე და ქვაა ნება,
შეუერთდება მიწას გრიალი...
რომ მაპატიო დაგვიანება..


*****
სული გამწყდარი ლექსის სტროფია,
დაუწერელი ჩემი ფრაზები,
დროს ერიდება კატასტროფიანს,
და გონებაში ჩაირაზება....
გადაიკარკა ისევ ხალისი,
რადგან მიწიერ სურვილს ევნება,
გარდაუვალი აპოკალიფსი,
დაკრეფს სხეულებს უცხო მტევნებად...
მარადისობა  სულის ჰობია,
სხეულს კი სტანჯავს კვდომის სინდრომი,
გონება წარსულს მალავს ობიანს,
სუნთქვაც არ არის უკვე სანდომი...
ფიქრი გონების ისევ ხავსია,
სდუმს კიდობანი სადღაც ნოესი,
ო,ღმერთო ჩემო რა უხამსია,
ამაოება უსათნოესი....


****
მოდის წვიმის თქეში,
ისევ ვკარგავ ხალისს,
ამ მაისის თვეში
სევდა მტანჯავს ხვალის...
ვეღარ ვნახავ ივლისს,
სხვა ღამეა ახლა...
აღარ გადამივლის,
დარდი გამიახლა...
იმ შორეულ თუთებს,
ნაყოფს ნატვრის ხეთა,
ფიქრში ღამეს ვუთევ,
ვეძებ,ვერსად ვხედავ...
სულში ქარი კივის,
მოდის წვიმის თქეში,
ვეღარ ვუძლებ ტკივილს,
ვკვდები ბნელ ღამეში...
დარჩები უშორესი,(ა)
თუმც მანძილი ახლოა,
დრო ახლა უმდორესი
ფიქრის სამოსახლოა...
შთაგონებამ ქუჩები
შენს ფერებში შეღება,
რა ტკბილია ტუჩების
უშორესი შეხება...
ეს თვალები- თუთები,
ჩემგან ისე შორია,
თითქოს ახლა წუთების
ბედი ფორს-მაჟორია...
მოსჩანს ცის კაბადონი,
მალე მთვარეც გამოვა,
ვით უცხო ქალბატონი,
შენ რომ გესაღამოვა...
სივრცემ გადააფარა
მოგონებებს ფარჩები,
სიახლოვე დაფარა
სიზმრად გადანარჩენი...
მზეც ამოვა ბრიალა...
მელნის ტბაში ნალბობი
თუმც ქარმა აფრიალა
დღეს ღრუბლების ალბომი....
მუზაც არ დაიღალა
მზის სხივების დაკრეფით,
თითქოს ცამ დაიხალა
ტყვია,ისე გაქრები...
დღეს უცხოა საღამო,
არ აქვს ფიქრს გასაქანი,
დრო ცდილობს შეახამოს
წუთებს სულის საკანი...
ვიცვამ სამოსს ახლოა,
იმედების აისი,
სულის სამოსახლოა
შენი ქუჩის მაისი...
ისევ ოცდაექვსია,
ფიქრებით უმდორესი,
სიახლოვე-ლექსია,
ჩვენს შორის უშორესი....скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge