გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გალაკტიონ ტაბიძე - ლექსები


                        გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა ვანში, სოფელ ჭყვიშში 1991 წლის 5 ნოემბერს. გარდაიცვალა თბილისში, 1959 წლის 17 მარტს.


განახლდა გული
განახლდა გული... დღეს ის აღარ ვარ,
რაც უწინ ვიყავ... ფერი ვიცვალე...
გზა დამიცალე, შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ, გზა დამიცალე!
წინ ვივლი, სანამ დავმიწდებოდე,
ბედს კი მაინც არ შევურიგდები!
წინ ნუ მიხვდები, შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ, წინ ნუ მიხვდები!
ნუთუ არ მეყო, რაც დასაბამით
გაუნელებელ ცეცხლში ვეწვალე?
ჩამომეცალე, შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ, ჩამომეცალე!
ვივიწყებ წარსულს... ჩემს სიყმაწვილეს
გამოთხოვების ცრემლებს ვაპკურებ.
გავანადგურებ ხელისშემშლელ ნისლს,
წყეულ ღამესაც გავანადგურებ...
წამების ცეცხლში განახლდა გული,
ფერი ვიცვალე, ფერი ვიცვალე,
გზა დამიცალე, შავო ბურუსო.
წყეულო ღამევ, გზა დამიცალე!


და ამაოდ გეძებენ ..
და ამაოდ გეძებენ -
მეგობრები თვალებით:
ყველა გულმოკლულია
შენი გარდაცვალებით...
ყველამ ნახა წამება!
ყველას ახლოთ გვყოლია -
დემონებად - სიცივის,
ციხის მელანხოლია;
ეხლა - შენთან ქვითინებს,
რომ გზას არ გადუხარე,
შენი სულის მიმღები
ანგელოზი მწუხარე.


დადგა აგვისტო
დადგა აგვისტო. ცა რიდეული
დაისიცხება ისევ დილდილით,
ქალაქს ედება მზე თვითეული
ყაყაჩოებით, ტუხტით, პილპილით.
ისევე ჩქარი და უძლეველი,
ვიცი, რადა ვარ ასე ქარული,
ჯერ ყველასაგან მიუკვლეველი
აღმოვაჩინე მე სიყვარული.
ეს სიყვარული დააცხრობს გოლვას
და გაგიჟებას უფრო უარესს,
სურვილი ისევ უშენს რევოლვერს
ცას რომ ღრუბლებმა გადაუარეს.
ღრუბლებო შავო, მზეო საპყარო,
მე აღტაცების ზღვაში შეველი,
აღმოვაჩინე მთელი სამყარო,
ქვეყნისთვის ჯერაც მიუკვლეველი.


დაფნა
სურნელება ძველისძველი
ექსოვება ნიავებს,
პოეზიის ლაჟვარდ ცრემლით
სველი დაფნის ფოთოლი.
და ოცნება მოგონებას
იით მოაიავებს,
როს მეომარს შუბლს უმშვენებს
ნელი დაფნის ფოთოლი.
ნილოსის გველს უარესი,
მისი შხამის იავებს,
უფრო მძაფრად დაწურული
მწველი დაფნის ფოთოლი.
და ხანჯალით ხშირად ფარულ
მიზანს ულოლიავებს,
ოდეს ხედავს პოეზიას
ნელი დაფნის ფოთოლი.


დედა
შავბნელი ღამე მოშორდა ტყესაც.
ო, ტყე არ კვნესის;
მაგრამ სხვა კვნესა, წარსულის კვნესა,
მხოლოდ მე მესმის!
შავბნელი ღამე დააწვა ტყესა.
ო, დედა კვნესის;
მაგრამ ის კვნესა, სიკვდილის კვნესა,
მხოლოდ მე მესმის!
ესმოდეს კიდეც... განა წამოვა
სიბნელის შიშით.
ბნელი ღამეა... საფრთხე ღამეა
ტალახით, ქვიშით.
მოვდივარ! ღამეს ჩემი მერანი
მოაპობს მკერდით.
ეს ვინა კვნესის, ნეტავ ვინ არის?
მოვდივარ ერთი!


ვარდები
მე, ზამთრისაგან ჯაჭვაწყვეტილი,
ნაცნობ ბაღისკენ მივემართები,
სად ფერად უცხო, ყნოსვად კეთილი,
ზამთარ და ზაფხულ ჰყვავის ვარდები.
დე, ჰომიროსის და ჰესიოდეს
ფეთქდნენ ვარდები მაღლა ახრილი,
მათ ვერ დამარხავს სასტიკი ლოდი,
სამუდამოდ ვარ ბორკილაყრილი.
დაე, მაისის ხატავდეს ხელი
ფლორას, გრაციებს, მუზებს და ეროსს.
რომელი იყო პოეტი წრფელი,
რომ სიყვარულზე არ დაემღეროს?
ვარდები იგი ელადის გემმა
დაფანტა, როგორც ძვირფასი ჩრდილი,
როგორც სახება და დიადემა
სილამაზისა და სინამდვილის.
რომელი ლხინი იყო უვარდო,
და ან - რომელი დღე საცნაური,
ან ანაკრეონს ვინ განუმარტოს,
რაა უვარდოდ დღესასწაული?
სახეთა ფერი და ნეტარება,
ბაგე, თითები თუ ყოფნა მზარდი,
პოეტს ყოველთვის აქვს შედარება:
მაისის ვარდი, სიცოცხლის ვარდი.
მარად იზრდება ვარდთან ჭინჭარი,
როგორც ოდესმე უთქვამს ოვიდის.
დაე, მოვარდეს სეტყვათა ღვარი,
და ცეცხლი ჩემზე გარდამოვიდეს.
ნეტავი ჩემთვის წუთებს არ ეკლოს,
აივნიდან რომ მესვრიან ვარდებს,
ვარდებს ეკლიანს, ვარდებს უეკლოს...
ოჰ, ამ დღეების სიმღერა მმართებს!
ო, სიწმინდეო და სიფაქიზე!
შენ ვერ მოასწარ, ისე დაწყნარდი,
როცა მზიანი იყავი ისე,
როგორც უწვიმარ რიჟრაჟში ვარდი.
და ორნამენტით აკრთობდა დემონს
იმ მშვენიერი წიგნების ძალა,
წიგნთა ყოველთა მაშინდელთ ზემო
ვარდით მორთული ჩნდა თავის ქალა.
ბოტიჩელს ვარდთა სწვავდა დღე იგი,
რაფაელს იგი ფარავდა ლხინში,
სადაც ჯიოტო და ვან-დეიკი
და ლეონარდო იყო და-ვინჩი.
იხიბლებოდა სული დიადით,
როს სიმაღლეებს სწვდებოდა არსი.
რუსთაველს მარად შვენოდა ვარდი -
ისეთი ჰქონდა ვარდს შინაარსი.
ვიგონებ თაღებს, ვიგონებ სვეტებს
და ყვავილებით მოქარგულ ფარდებს,
მაისს, კოლხიდას, ძვირფას პოეტებს
და კათედრასთან მიმოყრილ ვარდებს.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge