გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თეა ხასაია -ლექსები

***
რა საჭიროა,ყველაფერზე გული გწყდებოდეს,
არახდენილის სინანულით იავადმყოფო,
სხვა იღიმოდეს , შენ თვალებზე ცრემლი გწყდებოდეს,
თვალაუხელელ არსებობის ჭიად გამყოფოს...
რა საჭიროა,რომ დაღალულ სულში გიწვიმდეს,
დამსხვრეულ ფრთებსაც ხომ გრიგალი მილალავს მზესთან,
რამ დაგავიწყა, შენეული სულის სიწმინდე 
პირდაპირაა რომ კავშირში სილამაზესთან...
ვერშეგუებით ,რომ სულის თასს ეკლებით ავსებ ,
რომ მინორები მაჟორ ნოტთა გამას მოება,
რამ დაგავიწყა საყვარელო, ეკლესიასტე,
რამ დაგავიწყა მშვენიერო, ამაოება!




***
მზე ანათებდა, აუ, რა ცხელი,
ნაპირთან ნავი აუ, არ ება,
იყო ლოდინი ,აურაცხელი 
და სინანული, აუარება.
ხმა ამოუშვა ქარმა მეტ დონის,
ხმა შიგადაშიგ აპობს ქალისიც,
მგონი, იწყება არმაგედონი,
მგონი, იწყება აპოკალიფსი.
და გრიგალებმა ახლოს მიმიშვეს,
შლეგი ტალღები სადაც მიქრიან,
ღმერთო, მარიდე სულის სიგიჟეს,
გადამარჩინე სულის სტიქიას.
მზე ზღვამ დაახრჩო, აუ, რა ცხელი,
ნაპირთან ნავიც, აუ, არ ება,
სასოწარკვეთა აურაცხელი
და სინანული აუარება.



***
ქარს არ ვუფრთხოდი ერთ დროს,
ახლა ნიავიც მყოფნის,
როგორ დავღლილვარ, ღმერთო,
ადამიანად ყოფნით.
სულის მზე ავა- ჩავა,
მიმძიმს ჭურჭელში თიხის,
ვერ ვუგებ ავან- ჩავანს
ამ ცხოვრების, არც მიღირს.
ცოდვიან ფიქრებს უცებ
ვაფარებ ლოცვის კარვებს,
ხანაც ცოდვის მგლებს ვუსევ
სულის უმანკო კრავებს.
თუ გულში არ ხარ, ერთობ 
ვგავარ უსულო საგნებს,
ვიცი, ყველგან ხარ, ღმერთო,
მაინც, ვეღარსად გაგნებ.
ვერ დაგიუნჯე განძი,
გიხმობ დიადს და შორისს,
ამაოდ გეძებ განცდით
ადამიანთა შორის.
ბალღამს ვხაპავდი ერთ დროს,
ახლა წვეთიც კი , მყოფნის,
როგორ დავღლილვარ, ღმერთო,
ადამიანად ყოფნით.



***
ვერვინ მსხვერპლად ვერ მაქცია,
ერთხელ მკლავდნენ,ვიშვი ათად,
არც მაქვს რამის რეაქცია,
თუ მაქვს, ისიც _ იშვიათად.
არ მფენია გზანი ვარდად,
ყველამ ჩემს გზას უდარაჯა,
მე მურტალო არ მიყვარდა,
მეც მიყვარდა კუკარაჩა.
ვინც მიყვარდა, მისთვის ხრამთან
მე გავედე მოგრძო მილად,
სხვანაირად არ მიყვარდა,
არ შემეძლო- მოზომილად.
მსხვერპლად ვერვინ ვერ მაქცია,
ერთხელ მკლავდნენ, ვიშვი ათად,
არც მაქვს რამის რეაქცია,
თუ მაქვს, ისიც _ იშვიათად.



***
მე და შენ- სხვადასხვა ველური სტიქია,
შენში მწვერვალები,ჩემში- ზღვა კენჭებით,
შენ ჰგავხარ მყინვარწვერს, მე - ჭაობს სიცხიანს,
შენ დაღლილს ომებით, მე დაღლილს- ეჭვებით.
შენ მთები უძრავი, მე ვგავარ პილიგრიმს,
შენ თითქოს ყველასი, მე უფრო შენი ვარ,
მე მხოლოდ ცოტათი ვაჩვიე პირი გრიმს,
შენ უფრო გამოგდის ფიქრების შენიღბვა.
შენში სულ თოვლია, მე გივსებ მზით თასებს,
შენ ვით უკუქცევა , მე მუდამ მოქცევა,
და მაინც მე და შენ-ს ,, ჩვენ"- ს გულში ვითავსებ
და გულიც ბაგუნობს ,იმედის მომცემად.
თეა ხასაია
20 დეკემბერი. 2018 წელი.
სტამბული



***
სულს წვრილ შუშაზე ფეხი დაუსხლტა,
სისხლით ავავსებ მგონი, სინჯარებს,
მე მიპოვიან სევდის აუზთან,
უსისხლო მაჯას მომისინჯავენ.
ბოლო შეკითხვამ რაღაც მასწავლა,
ჩამჭრელად იყო რახან ,დასმული,
სიკვდილისათვის ახალგაზრდა ვარ,
სიცოცხლისათვის ვარ, ხანდაზმული.
რომ დამდგომიხარ თავზე ,ცელივით,
ჩქარობ, ქარონო,გამყოლო სულთა,
გასაგზავნი მაქვს ბოლო წერილი,
ბოლო ღიმილი და ბოლო სუნთქვა.
მერე გავაგდებ სიცოცხლის უღელს,
რად მინდა ყოფნა, დარდს თუ არ აქრობს,
რომ დამადექი სიკვდილო ,წუხელ
უყველაფეროს და უარაფროს.
მოკვდავად მაინც არ მომაქვს თავი,
მე დავბრუნდები, ალბათ, ამ მზიდან,
უბრალოდ, მე დღეს ვარ მომაკვდავი,
დარდმა ტკივილის სვეტად ამზიდა..
მომდევს,სიკვდილი, ის უკან, წინ მე,
ლხინი არც აქ, _ იქ ჭირი სუფევს,
შედგეს, მაცალოს,მოვიდეს ვინმე,
ვინც დამმარხავს და მიჭირისუფლებს.
წუხანდელ ელდამ რაღაც მასწავლა,
რაღაცა ნიშნით, ჯვართან დასმულით,
სიკვდილისათვის , ახალგაზრდა ვარ,
სიცოცხლისათვის ვარ ,ხანდაზმული.


***
ვერ გადავრჩები,
ამ სიყვარულს ვერ გადავრჩები ...
ხან ანგელოზნი მეხებიან,ხან დემონები,
მოვალ შენამდე, თუ ისურვებ , შენთან დავრჩები,
როგორც ხელმწიფეს, ჩემი ნებით დაგემონები.
ვერ გადავრჩები,რა მიშველის გრძნობად მივარდნილს,
გარდა ფერების, ტკბილ ბაგეთა დაგემოვნების,
მგონია,ქვეყნის გაჩენამდეც ასე მიყვარდი,
მწყურია სითბო შენი სულის და გემო ვნების.
ვერ გადავრჩები, რა შანსია ამ სინდრომებით,
ან რად გადავრჩე, თუ ჩემს გულში არ მეგულები,
ერთ წამს მორჩილი,თავს ვგმობ თუმცა წამში ომებით,
არგადარჩენა მირჩევნია ამ ერთგულებით.
ვერ გადავრჩები,სად წაუვალ ამ გრძნობას დიდრონს,
მოღვრილს ჩანჩქერად, მოლიკლიკეს ხან წყაროსავით,
ხე ცნობადისად ბავშვურ სულში ხარობ და მკვიდრობ,
მაგრამ უფრორე ,წმინდა გულის ხარ სალოცავი...
ვერ გადავრჩები...
ამ სიყვარულს როგორ გადავრჩე..


***
აღარც სურვილი გიდუღს საფარის,
გიხმობს დარდების ტუსაღს ქარონი,
ასე კვდებიან მიუსაფარნი,
ვით ღია ცისქვეშ ,უსახლკარონი.
აღარ სასოობ, სარკმელს ბინდნარევს_ 
შენს სულს ,რომ ვინმემ მიაყურადოს,
მოგონილ წესრიგს სულში ვინ არევს,
ქარს იმედებიც მიაქვს სულ, რა დროს.
რად არ ბეზრდება ბედის დირიჟორს,
სულში, რომ ისევ ქართა ხმებია,
ფორტეპიანო სადღაც, ტირის შორს 
და ეს სხეულიც არტახებია.
შენი სიჩუმე უკვირთ მდგმურებსაც,
შიშისმომგვრელად გათრობს შენ ბევრი,
ხარ მარტოსული, უკიდურესად
და თითქოს ქრები, სულის შებერვით.
აღარც სურვილი გიდუღს საფარის ,
გიხმობს დარდების ტუსაღს ქარონი,
უხმოდ კვდებიან მიუსაფარნი,
ვით ღია ცისქვეშ, უსახლკარონი.



***
არასდროს ტოვებ-
შენ ვერ იცრუებ
ნაზამთრალ სულის 
ერთგულ ბეღურებს,
დაწაფებულხარ 
ცრემლების 
რუებს
ღმერთის პეშვებში 
შეგუბებულებს.
არ ჩანს იმედი_ ღრუბლებს
მზე დაშლის
და სულის ციდან 
თქეშით ირევი,
დაწაფებულხარ ცრემლის 
ზედაშეს_
როგორც წყაროს წყალს 
ტყეში ირემი.
თეა ხასაია
30 ივლისი.2019



***
მოგიალერსებთ შენ და ყვავილებს
მოწყურებული ხვევნით, ფერებით,
იქ, სადაც მთები ჰგვანან დაღლილებს,
ვით მომლოცველი ხევისბერები.
მადლია, სულის,მარად მმოსავი,
გრძნობის მირონით ვაგროვებ დოვლათს,
ნეტავ შემეძლოს მალამოსავით
სულის მწვერვალზე დაგედო თოვლად.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge