გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ქეთი ჯოლბორდი - ლექსები

ალისფერი სიზმარი
ღამე რომ მალავს, 
იმ ფერებით მიმარწევს საიდუმლო,
გაღვიძებას წყვდიადი მასწრებს,
მაზავებს ლავა.
სიზმარს ბასრი აქვს გემო გათენებამდე, 
თუმცა, ბურანის წებოვან შაქრიანობას მირჩევნია 
სიფხიზლისთვის, ასე უძილოს.
მირჩევნია სიჩუმეს,
რადგან ბგერები იმ სახლში მივჩულე, 
ძილში რომ მივდივარ და ვდიასახლისობ... 
ნუ მიშლი,
მიზეზის ძებნას ნუ ცდილობ,
მეც მიკვირს, როგორ ვხალისობ...
კედლებს ცეცხლის ხელები ეხვევიან და 
ბოლომდე ჩაწვის შიში, 
ემსგავსება ახალშობილის გამოღვიძებას.
ხევებიდან ღრუბლების მომრგვალებით ამოვყავარ ქარს,
გაცოცხლების მსგავსია
ძილიდან გამორკვევა ამ დროს.
ერთი და იგივე დინებით ამოვხაპავ აზრებს და 
შიშის ზარის დაოკებამ მანიშნა, 
როგორ ჩამოვიბერტყო აუხდენელი მოლოდინები.
ხომ გითხარი! - ლამაზია, საშინლად ლამაზია ცეცხლიანი სიზმარი.


* * * 
თავისი ბავშვებით,
თავისი ბავშვობის მდინარესთან ზის...
ხანდახან ნაკადი ირევა
მოგონებების გაშვებით...
ის მას უვლის...
გვერდს უვლის....
და სიანკარეს ტალღავს
ამ შეგრძნების მანევრირება.
თავისი ბავშვებით
თავის ბავშვობას უზის,
თვითონაც ბავშვობს...
და ვიდრე კენჭები, 
შვილების თვალებში ისწორებენ სიჭრელეს,
აზრი კითხვებს შობს - 
წამები განცდებს როგორ იჭერენ...? 
მდინარე მას უვლის...
გვერდს უვლის...
და სურნელი მოაქვს,
წალეკილი ბალახების
სურნელი თითქოს...
არც მეტი,
არც ნაკლები,
ბავშვობა - მოგონებას,
მოგონება კალაპოტის სიმაღლეს ითხოვს...


დღესასწაული
ეს ნიშნავს მზაობას, 
ამხელა ანძები რომ სამრეკლოებად ქცეულან ცამდე.
დაკიდულან ზედ თავდაყირა ჩიტები.
თავდაყირა გალობით გასცდნენ რა ხანია სივრცეს,
სადაც ფრთებზე აქერცლილი საღებავები 
შეუზავეს კბილით დაჭერილ იმედს,
ფერებით -  უნაზეს ნათითურად,
სადაც სახეებს პერსონაჟები აცვიათ,
სადაც მზადაა მუსიკა,
დეკორაციაც...
და ირეალობის პარტიტურამ შეასრულა ის არია,
დაწყებამდე რომ დამთავრდა დღესასწაულზე.


* * * 
ტრიალი მინდორი რომ შემოვფარგლო,
შემოვიჭრა და ფესვებით შემოვიკერო, 
უნდა ვიყო ისეთი ხასხასა ბალახისფერი და მიმნდობი,
შებინდებამდე რომ გინდოდი.
მდინარე რომც დაშრეს,
თუნდაც მზე დარჩეს,
ანდა მფრინავმა თეორიებმა უკუღმა მმართონ,
უფრო ვისვენებ, ვიდრე ვსაუბრობ,
და ტანსაც ახლა სულ სხვა წყალი მისველებს...
წრეწირებს მატყობს, უპირატესი რაოდენობით,
გულის ნატეხებს რომ შემოვავლო.
ნდობით ვიშლები ტრიალ მინდორზე
და სიმწვანეზე არ ვეჭვიანობ.
ბალახის სიმაღლე სურვილებს ფარავს,
საკუთარ თავთან ნიშნისმოგებით,
ხანდახან მეც ვიღლები ჭორფლებიანო.


ახლო ხმაური
ხმაურიც არის და ხმაურიც...
ღამე რომ ბოლო ალერსს მართმევს, 
მაშინ რად მაწვდენთყმუილს მხეცებო?! 
აქეთ ნუ მოიწევთ,
აქ ნუ ბანაკდებით. 
გამოფიტულია აქ სივრცე,
ვერ დანაყრდებით.
და მაინც, როგორ მესმის...
რომ დაიძრნენ მთები
და იფერთხენ მხრებს
თოვლის მომცველთა...
მოგდევენ!
სად გაქვთ გასაქცევი?
მთვარეც ღრუბლებში მოძველდა
და მის ფონზე, თქვენი ყმუილი
მხოლოდ ფორმას იღებს
პირდაღებული სილუეტების.
მთები მოგდევენ,
იერით სრულიად მტაცებლის...
დროის ფლანგვაა ახლა ჩემი ხმის შიშად გასაღება.
ღამეს გათენება მოასწარით! 
დილა მოსულია სხივის კაცებით...


ბრძოლის სინაზე
ხან ინსტიქტები
მინაცვლებენ საგრძნობ დეტალებს...
გამბედაობით
ბრძოლას ვიწყებ
ცეკვით მინაზე...
ხანაც დავეძებ  ჩემზე უფრო გამძლე საგნებს და
ფერთა სინაზეს...

და როცა რწმენა შემოიცვამს ფიქრის მეტალებს,
ბრძოლაში ნდობა აზრს დაკარგავს შენგან
შორს დებით,
ისევ მოვძებნი წრფელ გრძნობებს და შენი პოლუსით...
მაინც ვშორდებით....

არსებობით რომ სულზე მაწყობს
სითბოს მეტადრე...
ღაწვზე სიფითრეს გადამიშლის
ფენა პასტელის,
ხანაც ჩამოწვიმს და
მემატები ისე... ჩემთვის... 
როგორც ცას ტენი...

სულ ჭრელი ქვების აღმართებსაც
ვბედავ მე...
დღე იშვიათი ოპტიმიზმის
გზასაც აივლის...
ხანაც ჩამოწვიმს... 
მემართები მეც და ხანდახან - 
ცასაც ვანილის...


გამვლელი
გრძნობების გამტარობა რომ მოარგეს,
მნიშვნელობა დაეკარგა სხვა დანარჩენს...
მას შემდეგ, უბრალოდ გამვლელია...
შეგნების მანძილზე ასახლებს
ფიქრზე მოსეირნე ალბათობა, - 
ალბათ ტროტუარები ელიან...
ხელკავით მიჰყავს მზეს სითბომდე,
რადგან შენობებს ნუმერაცია აერიათ...
და რადგან ფრაგმენტულია აქ სიცოცხლე,
აზროვნება გამოსავალ უბნებს ვერ იტევს...
ჰო, ვერ ეტევა სივრცეს...
მიჰყვებიან მოსეირე ქუჩის ნაჭრები, 
მათ იგრძნეს
შეზღუდული გაჩერება რომ ტრაფარეტდება...
ფუნქციურად გამვლელია...
გაივლის...
თავსაც გასცდება იქამდე,
სადაც დროის მნიშვნელობას ეჩვევიან და 
საკუთარ ცხოვრებას ვერშეძენილი ეპიზოდებით გახედავს...
... 
ვიტრინას გასული სეზონის ტრენდი შერჩენია.


ნერგები
მე ვეღარ ვიქნები ის ხე, 
ორჯერ რომ იყვავილა და შერჩა ნაყოფი.
მე მექნება დარდით გასხეულებული ხერხემალი და 
მეტი ჩრდილისთვის, 
დაშვებული მასზე თმა, გახუნებული ლამის.
რაც დრო გადის, 
მით უფრო მეზრდებით თქვენ და მკლავიც, 
რადგან  მიჭირს ასე ვთქვათ, 
გაშვება ხელის და დედობრივი ინსტინქტების გადასაფარად, 
დაგრძელებული კიდურებით შემოგიღობავთ.
მერე ჩამწკრივებულებს  გამოგკითხავთ, 
თუ რატომ არ გამოგყვათ ჩემი თვალები შვილებო?!
აქ უპასუხო ყოველ შემოხედვაზე, 
ხომ არ გამცრიდით მამათქვენის მზერით.
იფიქრეთ, რომ ბედის ამ დაცინვით, 
თავშექცევას კი არა, 
უბრალოდ  გამოსავალს ვძებნი,
შემოვბრუნდები და ზურგზე მექნება მისი თვალები - 
მსურს, დროს რომ ავკიდო.
და როცა ფესვებგადგმულ ნერგებად იქცევით, 
ან ჩემი ხერხემლის აკიდოდ, 
ჩრდილს მიაწვდენთ ხეთა შორის 
სინანულით მეტყველ ფუღუროს,
შეგერგებათ მანამდე რომ იწვიმოს...
მე შევეცდები ფინალს მხოლოდ ვუყურო,
მე ვიქნები ის ხე, დრამის ბოლოს ცრემლებგადაჩვეული.


* * * 
უემოციო სახეს რომ უმზერ,
შენ ყოველ ღამე პოულობ იერს
და წარმოსახვა იშლება უცებ... 
იმპულსის მიერ...

როდესაც წყვდიადს სინათლეს უსევ,
ხელშეუხებლად სხეული იღებს,
და გრძნობის აშლას უპულსაციოდ
ბაგეზე ირგებ... 

მერე ბაასობს მთვარე სარკმელში,
ჩვენზე ანიშნებს ხეების წყება
და წყვდიადია მხოლოდ ფარეში,
მინებზე წვება...

რომ არ გაცხადდეს ეს გალაქტიკა
და სიახლოვის ელფერით მწვავდე,
სამყაროს მითქმა-მოთქმა ასტკივა,
ფერებით მწვავე...

და მაინც ვნებით ლავიწ არეში,
შენ ყოველ ღამე მიზოგავ დღემდე,
მერე დრო გვიცდის ამ ვრცელ ღამეში... 
და ასე შემდეგ...


* * *
და თუ ეს არაა ფიზიკა...
ტკივილი სიმძიმემ
ფსკერისკენ მიზიდა,
იქ დარჩა...
სიმშვიდე კი, მსუბუქად
ზედაპირზე ამოდის
და თავშეკავებული შემადგენლობით,
მომავალი შრის წარმოქმნას იტყობინება.

ასე იყო ზუსტად - 
არანაირი ცდომილება,
არსებობიდან ჩემს ქალობაში რომ ჩავიხედე.

ჰაერივით აწმყომ,
წვიმებით ავიმხედრე მდინარე და
გავატარე მთელს სხეულში, 
გამშრალი  ყვავილების გადასარჩენად, 
ვიდრე წყურვილით დამნაშავედ მაღიარებდნენ.

კიდურები დარჩება
მიწასთან ახლოს,
ღეროსთვის წყლისფერ ალიბს ისრუტავს. 
ყვავილები სიმსუბუქით ილტვიან ცისკენ, (ქარი ხომ მისუსტდა)
უნდა ისუნთქონ, მიხსნეს...

და თუ დაცემის შემდეგ ადგომა ხასიათია და არა ფიზიკა,
გვირგვინები იტყვიან, 
როცა იქნება დრო,
შუა წვიმაში ცეკვის დრო...
როცა წალეკავს
ფერების წყალდიდობა
წარსულის ხედებს და
შენთვის რომ მინდოდა
სულის მისტიკა,
გაშლას დაიწყებს
ლავიწზე ვარდებით...
ამომხედე!скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge