გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მაია ჯოლბორდი - ლექსები

მკვდრები მკვდრებთან
ჩემს ცვალებად განწყობილებას მარტის ამინდივით  შეენივთე
წვიმა მასწავლე მზესთან ერთად და ქარიშხალი მაინც განვიცდი
არსებობით გამოწვეულ უარაფრობას შეგიძლია მისაყვედურო
შეგიძლია დამავალო გაზაფხულის ყვავილებით სიყვითლე
ყნოსვადაკარგულს დღით და ღამით მოხეტიალეს
ერთი ფიქრი მაქვს მთების იქით ყინვით მოჭირხლულ ტყეებში
ჩემი კოშმარები ჩამამარხვინა
დამასიზმრებ იების ამბორს გაზაფხულის თანდაყოლილ ცვალებადობას
დამისიზმრებ?

*** *** ***
ცრუ ორსულობა დასჩემდათ დღეებს დამეთანხმები
დუმილი ნოყიერი საკვებია მაგრამ კითხვები მადას აღძრავს
ჩანხარ არ ჩანხარ ხარ და არ ხარ 
ხანდახან ვფიქრობ რომ მკვდრებს  სიკვდილის შიში გაუქრათ
ვეღარასოდეს მოკვდებიან თუ უკვე მოკვდნენ
მე კი მრავალჯერად სიკვდილს ვეგებები იქნებ ამიტომაც გეძებ
ლოდებით ამოყორილი გული შეძლებს ნათლის დატევას
სხივი შეაღწევს შეუღწეველში ბნელში სიბნელის პოვნა ძნელია
ვიცი მდინარის სათავესთან უნდა წარმოვთქვა შენი სახელი
მხოლოდ ასე შემიძლია გიხმო 
გაგაღვიძო და გამოგაფხიზლო ჩემში
სხეულის გახდაში დამეხმარე ღმერთო.

*** *** ***
ხანდახან ღიმილს მღერიან მთები
შენით ნასწავლი აჩრდილებით დავიწყე კვება
ხანდახან ნისლი ნათელს ჭარბობს ამიტომაც ვიწყებ ლაპარაკს
როცა ისინი ჩემთან არიან და არ მიტოვებენ დუმილს
მიჭირს და გეძებ ყველა ხეთა ყველა ფოთოლში
გრამატიკული ნორმების დარღვევითა და სალიტერატურო ენის მიღმა
მინდა გიპოვო წყვდიადმა რომ არ დამწვას
ნელ-ნელა უნდა მოგიახლოვდე 
ზედმეტად გახელილი თვალები ზეცას ვერ იტევენ
ამიტომაც მიწევს თვალდახუჭულს სუნთქვა
ამიტომაც მითბობ ფიქრებს და რჩები დაუწერელ სტრიქონებში
ბალახის ღერზე ლოკოკინა ტოვებს ნაკვალევს
შენით.

*****
ყველაფერი უცებ დამთავრდა მკვდარ სხეულს ფიქრი არ შეუძლია
მხოლოდ ცურვა ძალუძთ მკვდრებს და მდინარესთან ფეხის ტერფებს 
ასველებს ქარი დინებას აყოლილი ცვალებადი ფიქრების დაწნეხვას ცდილობ
საკუთარ უძლურებას ეგებები არ იცი იქ რა ხდება 
რომელ საწნახელს აავსებს შენით დამარილებული სითხე 
სხეულიდან რომ გამოდევნე და დაეცი მარცხში
ამოხდილ სულს შეიფარებს შენი ულმობელი სიღრმე
შევძლებთ ხელების დაგრძელებას ერთმანეთის პოტინში
გამურული სიზმრები მისიზმრებენ აწ უკვე გარდაცვლილ სტუმარს
არადა კუნელის ეკალს ემსხვერპლა ჩემი დაუცველი ტერფი
სულ ეს იყო ერთ ღამეში ჩატეული სევდა
წამწამებმა ვერ დაიტია და გაიფანტა ჩვენს გამონაგონ ცხოვრებაში
ჭექა-ქუხილი გამოდარების საწინდარია მაგრამ მზეს უკვე ხელი გავუშვი
ის ფსკერს მინათებს
მდინარეს კი მორჩილად მიაქვს ჩემი უტიფარი სხეული
როცა სტრიქონებს ვადა გაუვათ
შემახსენე რომ მოგეახლო.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge