გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ბელა ალანია - ლექსები

***
გაქრა წლები, თვალ-ხელს შუა დრომ წაიღო,
წლები გაცდა,
ვერაფერი ვერ შევძელი, არ შეცვლილა  
ვნების გარდა,
თითქოს სადღაც მირაჟებში მიცხოვრია,
ოღონდ, მართლა!
ჩემს თავს ბევრჯერ შევუძახე: ღმერთო, რა ვქნა?  
ღმერთო, რა ვქნა?
სიყალბე და ორგულობა მართალს ჰგავდა,
მართალს კლავდა...
და სანთელი, გზის მნათობი, ვერ გავიგე,  
ისე ჩაქრა.
გესლი, ბოღმა, ბოროტება დედამიწის
საზღვარს გასცდა,
ვერაფრით ვერ შევაჩერე,
გაუმაძღრად ისევ მჭამდა.
მე ვიბრძოდი, სულ ვიბრძოდი, გადარჩენის
მაინც მწამდა!
წინ იმდენი წარმატებით, სიხარულის  
ცრემლი ჩანდა.
დილა ასე იწყებოდა, მოფერებით
მზე პირს მბანდა,
სიყვარული არ დაკარგო,
არ შეშინდე, გულო, არ ჰქნა!
ზარმა დაჰკრა, მერამდენედ და უწყვეტად
დაჰკრა ზარმა,
ვერაფერი ვერ შევძელი,
არ შეცვლილა - ვნების გარდა...
ყოველი დღე წინას ჰკლავდა, ყოველი დღე
შემდეგს ჰგავდა
და დრო-ჟამი, ულმობელი, ამ ყველაფერს   
ისევ ნთქავდა...
დარჩა მხოლოდ ის, რაც დარჩა...სინანულის
მწარე განცდა...
მაგრამ სული, სული ჩემი, ღმერთო, შენით  
ხომ გადარჩა?
მართალია, რომ საკუთარ თავთან ომში
წლები გაცვდა...
განათდა და ფუჭი გახდა სხვა იმედი-  
უფლის გარდა.
განა, რამეს ვაშავებდი?! ვუყვარდი და
სულ მიყვარდა...


***

ზამთარს გაუგრძელდა ღამე,
ხეს შემოძარცვია ფრთები, 
იქნებ სულაც მოგიგონე, 
იქნებ სულაც მეჩვენები?!
ტყეს გახუნებია ფერი, 
თოვლი დაკვდომია ძახველს, 
ქარი, მაწანწალა ქარი, 
ფიქრებს თავშლად შემომახვევს...
ფესვებს შესცივნიათ ძლიერ, 
ნისლში არეულა მთები, 
ნუთუ, აღარ გიყვარვარო,
ნუთუ, ვეღარაფერს ხვდები?!
ზამთრის მდუმარების ღამეს,
თოვლი დაკვდომია ძახველს...
გეტყვი, რომ ვიცოცხლებ შენთვის, 
და რომ... 
უშენოდ ვერ გავძლებ!


***
ისე არაფერი მენატრება, 
როგორც იალბუზზე არწივები, 
ფრთებქვეშ მოსრიალე მერცხლები და 
ჯიხვებშეფენილი გზაწვრილები...  
ისე არაფერი მენატრება, 
ზვრები უსასრულო და ველები,
კვლავაც გაზაფხულის მომლოდინე, 
თოვლქვეშ განაბული ენძელები…  
როგორც ცხელ კეცებზე გამომცხვარი 
მჭადი, ბებოს ხელით ნაფერები.   
მის კალთაში ძილი მენატრება,
იავნანა - მისი ნამღერები.
ისე არაფერი მენატრება,
როგორც თქეშში ჩვენი გალუმპვები, 
ცელქად ყურისძირში მოელვარე 
ცვარ-ნამშეუმშრალი ალუბლები.  
როგორ მენატრება, რომ იცოდე 
ლექსი წაკითხული, შენეული
კიდევ კრამიტიან სახურავზე 
ბუდეები მერცხლებშესეული,  
თვალებდაჭყეტილი მზესუმზირა, 
მზესთან კეკლუცობას შეჩვეული. 
ცაში გაკიდული გლიცინია, 
მძივად ცისფერმტევნებშებნეული.
კიდევ, იცი, მე რა მენატრება? 
შენგან წარმოთქმული ნეტარებით -
ერთი, ორი სიტყვა: „ჩემო სულო, 
მე შენ სამუდამოდ მეყვარები!”


***
მამის პიჯაკებს  
მთვარის სხივი გადასდებია
და მოლოდინი  
შეჰპარვია ღამის სიჩუმეს.
გახუნებული  
პერანგი კი დროს გაჰქცევია,
დარჩა წარსულში,  
მომავლისკენ პირს არ იბრუნებს.
ძველ სავარძელში  
უმამობის დარდი ჩამჯდარა
და ჩემს თვალებზე  
არეკლილა გრძნობის სიშიშვლე.
ამ კედლებს ადრე  
მისი მშვიდი მზერა ათბობდა,
ის აღარა ჩანს,  
გაბატონდა მკაცრი სიცივე.
მამის ღიმილი  
კედლის სურათს შეჰყინვია და
წრფელი ღიმილი  
მოგონებებს ისევ მიფხიზლებს.
მამისტოლა ვარ,  
რადგან ვძლიე წლების სიმძიმეს,
ამშვენებს კიდეც  
ჩემს თმას უკვე თეთრი სიხშირე.
მამის პიჯაკებს  
მამის სუნთქვა შერჩენია და
ხსოვნის ნათელი  
დასდგომია მწუხრის ბილიკებს...скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge