გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ჯონ შამანი - ლექსები

         
დედის ფასივით - გვიან შეცნობილ
ღმერთს ვთხოვ:
სულ
მომცეს
ცუდი
ამინდი
და მომიტევოს, რომ ვარ მიმნდობი
და სიჩლუნგემდე ვარ მიამიტი!..
ფარისევლობას არ ვიმჩნევ ძმათა
და სულში ვიძვრენ იუდიკოებს;
მყვლეფენ და უფრო ეზრდებათ მადა,
რადგან დაბალი ღობე მიპოვეს...
თავს მსხვერპლად ვწირავ,
ბოლომდე
ვაცდი
და მსურს თვალები ამოვინაცრო;
ეგება ჩემი სისხლ-ხორცით გაძღნენ, -
ვინმე სხვაზე არ გადაინაცვლონ...
იქნებ მიკმარონ, - სულ მე წამართვან,
სულ ჩემი ყანა თიბონ და ცელონ;
ოღონდაც უცხოს არა დამართონ
და ბოროტება არ გაავრცელონ...
შევეწირები, - ღირს!.. ვარ მიმნდობი
და სიჩლუნგემდე ვარ მიამიტი!..
დედის ფასივით - გვიან შეცნობილ
ღმერთს ვთხოვ:
მათ
მისცეს
კარგი
ამინდი!..


              
საღამო არის
ლოცვასავით
ჩუმი და თბილი;
მზე უსლუკუნოდ
გააყოლა
ცამ ღრუბლის ნაფლეთს; -
თითქოს ბაღანამ
ამოიძრო
სარძევე კბილი
და ელოდება-
მთვარეს, როგორც -
მამიკოს კანფეტს...


                
მე ჭეშმარიტი სიკეთე მინდა, -
არა სათუო და საეგებო, -
ცად იმედის მზე თუ ამობრწყინდა
მას მარტოდ არ მსურს, რომ შევეგებო!
მინდა სამყარო ისე ნათელი -
ბოროტთა სულებს მზე, რომ დახეთქავს;
მსოფლიო იყოს ისე ჯანმრთელი -
თხაცა და მგელიც, რომ ძოვდეს ერთად!
ჩემს ქვეყანაში თავი გამქონდეს
და წასასვლელი არსად არ ვიყო,
გულის მაგივრად, რომ მზე დამქონდეს
და სითბო ყველა თქვენგანს გაგიყოთ!
ბედო მუხთალო მითხარ, რა გინდა?! -
შემომისიე გულზე ურვა რომ! -
მსოფლიოს ცქერით სული ამტკივდა,
მომეცი ძალა, რომ ვუმკურნალო!
რისთვის ბობოქრობ ნეტავ სატანავ,
სინათლისაკენ ბნელის მგეშველო?!
ქარმა ღრუბელი გადააფარა
მზეს და მას მინდა, რომ მივეშველო!
ნუ მოხვალ კვდომავ, ცოტაც დაიცა!
შენ კი - უფალო, ჩემო გამჩენო, -
სამყაროს მტვერში ვიღაც წაიქცა
და მომეც ნება წამოვაყენო!
მხოლოდ ნამდვილი სიკეთე მინდა, -
არა სათუო და საეგებო, -
მზე ჭეშმარიტი თუ ამობრწყინდა -
მას ხალხთან ერთად მსურს შევეგებო!


       
ქარი ჩადგა და გადაიკარა;
ფოთლებს კიდიათ მარგალიტები;
ზეცაზე მზეა - ოდენ თაკარა;
დაჭიკჭიკებენ თბილისს ჩიტები;
სული გიჟივით მარტო იცინის,
სული - რომელიც გუშინ ტიროდა;
ეს მზე გამომყვა გურჯის ფიცივით
მტკვარის მარჯვენა სანაპიროდან;
აღტაცებული ვარ ღმერთო, როგორ
ასაკვირველებ ხოლმე ივლისებს;
დგას ოლეანდრა - ვით კოხტა გოგო
და შენს ანთებულ მზეზე კისკისებს...


     
თუ სიტყვა დაგჭირდა,
თუ ლექსი დაგჭირდა
და თუ გაგიჭირდა
ოდენ სანატრელო; -
არ მინდა, არ მინდა,
არ მინდა მთაწმინდა -
ისე მოგაშველებ
ჩემო საქართველოვ!!
თუ მკლავი დაგჭირდა,
თუ ღონე დაგჭირდა
და თუ გაგიჭირდა -
შენს გვერდით მიგულე;
არ მინდა, მე გმირის
სახელი არ მინდა! -
არ მინდა, რომ შევრჩე
შენს გარდა სხვის გულებს..
თუ სისხლი დაგჭირდა
მასაც შემოგწირავ,
თუ შუქი გაჭირდა
სანთლად აგენთები;
სულ შენთან ვიქნები
აროს ვივლი მწირად,
არ გაგეყრები და
არ გადავშენდები..
და თუ გაგიჭირდა -
(ღმერთმა დაგიფაროს!) -
რამე თუ დაგჭირდა,
მე თხოვნაც არ მინდა, -
ჩემი სურვილია:
ფარად აგეფარო,
რომ შენ დაგიფარო
და შენი მთაწმინდა!!


         
ჩვენ რამდენიც ვართ - ზუსტად იმდენი -
ბედნიერება გვიბოძა ღმერთმა; -
მაგრამ, ცოტა ვართ მისი მიმგნები,
ამიტომ - ფიქრის დარდს ვიცით შერთვა;
გვაღონებს სხვისი ცოლი და სახლი,
სხვაზე მეტ ფულის მოხვეჭას ვნატრობთ;
თავს სხვის სიმდიდრეს სულ ბოღმით ვახლით,
ვერცხლის გულისთვის საკუთარ ძმას ვმტრობთ..
შევხედოთ ჩვენზე ათასჯერ ღარიბს: -
(დრო, რომ არ რჩება სანერვიულოდ),
ვინც არასოდეს არი მაძღარი -
ბედნიერებას რაში პოულობს: -
ამას არ უნდა დიდი დებოში
ტელევიზიით ანდა გაზეთით; -
როცა სამყურა ყვავის ეზოში
და კუტი პურის სუნი ცას ერთვის,
როცა მამალი ყივის ჭის თავზე
და დილა მზის სხივს დააცრის ეზოს -
(სხვა სიმდიდრე და სხვა სილამაზე
რად უნდა, ღმერთო - სულზე უტკბესო?!)
ანგელოზები იფშვნეტენ თვალებს
და ფეხშიშველა დარბიან მოლზე,
არ უშინდება მამა მტრის ვალებს -
ამაღლებული ამ სამყაროზე,
ცრემლს არ მოადენს აროს ყურება
დაკოჟრებული თავის ხელების,
მან დაამარცხა უბედურება, -
მასპინძელია ბედნიერების!.
...ჩვენ კი, სიხარბით ვერ რას მიმგნები,
გულს უმიზეზოდ ფიქრს და დარდს შევრთავთ..
თუმც - რამდენიც ვართ ზუსტად იმდენი
ბედნიერება გვაჩუქა ღმერთმა...


      
მე შენი რწმენა - როგორც სანთელი -
ამ დამწვარ გულში მარადის მენთო..
შენ თქვი ოდესღაც: „იყავ ნათელი!“ -
და მე ამ ქვეყნად შემქმენი ღმერთო..
მოვედი მაგრამ მრავალმა მკითხა:
„საიდან გაჩნდი, რა ხარ და ვინ ხარ?!“
არც ის ვიცოდი - რა უნდა მეთქვა,
ვერც ის გავიგე - რა უნდა მექნა..
„იყავ ნათელი!“ - მნუსხავდა ის ხმა,
მოვძებნე ჩემი მასალა - თიხა, -
მოგართვი ღმერთო; -ამ გულის ფეთქვა
აღარ ღირს, იქნებ სხვა რამე შექმნა!.
ჩემგან მადლობა.. ვერ ვქენ ნათელი,
რწმენა თუმც, გულში უზომო მენთო..
დამწვი შენს ფერხთით ვითარც სანთელი, -
არ იფიქრო, რომ ამ ყოფას ვერ ვთმობ..
წამდება სული - მავანთ ნათელი, -
სიცოცხლისაგან მიხსენი ღმერთო!..скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge