გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ალექსანდრე ჯინჭარაძე - ლექსები

***
ბე, დასასრული, გაიხედე, ახლოა წარღვნის.
ჩვენი ხის სახლი, ჭა, ნალია, როგორ გადარჩა?!
შეხე, შიშვლდება ლავიწები კავკასიონის
ახლა ჩიტებიც მოასკდება ფრთებით ფანჯარას!
ზაფრანისფერად გაწოლილხარ მთელს ჰორიზონტზე
დამავალი მზის პირველ სხივზე წამომცდარ ლოცვად...
ჩამოგიწველავს საღამოზე მთვარე, ვით ძროხა,
და გამოწვდილი შენი ხელი მებზისრტოება!
ბე, მიგალობე ეს პეპლები, მიგალობე ცა
და ყვავილების სისხლისდენა შეუჩერები!


***
ჩემი ქვეყანა დღეს ბაზარში გასაყიდი ხორცია
მოურიდებლად რომ გამოაქვს ყასაბს სახლიდან.
მას ყიდის ყველა:
პრეზიდენტი, ქალაქის მერე, პოლიციელი, მასწავლებელი,
მღვდელი, მოსწავლე და კიდევ ვიღაც დაუდგენელი წარმოშობის მილიარდელი.
ჩემი ქვეყანა სასაკლაოა, აგურების ქვეშ მუშებს აყოლებს და მათ შვილებს კი უპუროდ ტოვებს.
აირჩიეთო ეუბნება, ან ავადმყოფი მამა პურით,
ანდა, არც პური, აღარც მამა!
ჩემს ქვეყანაში საეჭვოა გიყვარდეს კაცი, ისე წრფელად, როგორც ქარჩხაძის ანტონიოს.
აქ პროფილში ზის ახალგაზრდა, თამამი "მამიიი" და საკუთარი ფეისბუკის პოსტებზე ყვება.
პოლიციელი ჯვარს რომ აცვამს ღამით პატიმარს,
თვითკმაყოფილი სახლში მივა. დაეძინება.
აკოცებს ცოლი -
პილატეს ოხვრა.
პარტიულებად დაყოფილი აზრი და ხალხი სულ ვეღარ ამჩნევს
ქვეყნის საზღვრები როგორ იწევა...
და როგორ ცხადად იყიდება ყოველი გოჯი.
ინდოელები. არაბები. თურქები. სხვანი. ჯერ გვყიდულობენ, კვლავ გვყიდიან.
პრეზიდენტმა კი გვითხრა ერთხელ, მაქვსო მდიდარი ღამით სექსი.
ჩემი ქვეყანა რობაქიძის მაგონებს ხასას, ყველა მფარველს რომ ქვეშ ეგება.
აღმოსავლეთი. დასავლეთი. ნატო. დსთ _ ოჰ, ეს ამაო იმედები!
მინისტრები კი სიამაყით დასძენენ ხოლმე,
რომ ტურისტული ვართო ზონა!
ჩვენ კი სერიალს ვუყურებთ და გვეცოდება ძაღლი, რომელიც ცემით მოკლეს გარეთ ბავშვებმა.
ბავშვებისთვის მეტი დრო რომ დაგვეთმო ნეტა?!
ჩემი ქვეყანა სასაკლაოა. მამაჩემი და მამაშენი ერთად სვამენ ღვიძლის დაშლამდე.
დედაჩემი და დედაშენი კი მიდიან უცხო ქვეყნებში, იმ გადამფრენი ფრინველებივით,
ბუდეში რომ ფულს ტოვებენ გულის მაგივრად.
აქ ჩვენი ძმები გარჩეული საქმით იცნობა და დამპალ მორალს ამოწმებენ დღემდე კაცები.
ხოლო ერთხელ პოეტმა აკაკი წერეთელმა შეაფურთა მსგავს საქართველოს!
აქ არასოდეს შეგინდობენ ნიჭსა და ტალანტს.
და უნიჭოთა დგას ეპოქა გულშემზარავი.
"ტოჟე მნე ინწელიგენცია".
აქ მათხოვრები ლოცულობენ ტაძრის კიბეზე და მოოქროვილ ხატებისკენ იწევენ ხელებს.
ჩემი ქვეყანა განწირული ცეკვაა ელის, ტანს რომ გველივით მოჰხვევია მსოფლიო წყლული.
თუმცა შელოცვას ვინ წარმოთქვამს?!
ვინ აიღებს ხელში ავტომატს?!
"ჯერ რემონტი მაქვს იცით სახლში..."
"თქვენ სად მუშაობთ, კვლავ მიმტანად?!"
"რაა ახალი, კაი შენსკენ?!"
"დღეს რომ ვიყიდო ის შარვალი?!"
"ჩაწერილი ვარ ხვალ სტილისტთან..."
"WIFI-ს პაროლი იცით?!"
"რა ამინდია ხვალე, ნეტა?!"
ჩემი ქვეყანა სასაკლაოა.
აქ შენობები იზრდებიან ხეების ნაცვლად
და გაყვანილი გაზი გუდავს ოჯახს მთლიანად.
აქ არასოდეს არ იციან რატომ მღერიან ან რატომ წერენ ამდენ ნაგავს, მაგრამ ყიდიან!
ჩემი ქვეყნის ისტორიაში არის ფურცელი ცხრა აპრილის და ფურცელი პლანზე წუხილის.
მტკივა!


***
აქ ყვავილები ლოცულობენ ცის მოიმედე.
თითქო მათ გულზე გაუვლია ფეხით მაცხოვარს.
შეუცნობელი სიჩუმისთვის რად გაიმეტეს?!
ჰგვანან ისინი მიმოფანტულს ველ-მინდვრად ცხოვარს!
ხელში მიჭირავს ცხელი ტანი ახლა ქაშუეთის
და მიტოვებულ სოფლებისკენ ბზის ტოტი მიმაქვს.
ქვაფენილებზე დაფენილი იები მშვენის
და თავშლებიდან მომღიმარი თვალების მირქმა!
როს ამორძალნი კოლხეთიდან მერნებით მოვლენ.
მიწა ყვავილებს მათ გაუფენს ნაზ საქმროებად.
ვით ესალბუნოს ამოშანთულ ძუძუებს თოვლი
და ჰერმოდონტის კუნძულების ამზეურება?!
შორს, კბოდეებში თავს დაიხრჩობს ღამის არაკი
და ალიონზე მოვუყვებით გამდინარე წყალს,
თუ როგორ გვიყვარს ჩვენ მეგრულად კვლავ ლაპარაკი
და აფხაზეთის მიწა გვტკივა სისხლით ნარეცხი!
ნაფრესკალებში ვინ ჩაღვენთა სიწმინდე სანთლის?!
ბავშვის გულივით წრფელი არის ჩიტების დილა.
მოვა ქალწული, ქართულ ვენახს რტოებს აათლის,
სპილენძის კერპი ვაზის ჯვარით დაიჩრდილება!..
მე სასაფლაოდ ლურჯ იების სიჩუმეც მყოფნის.
სული ვერ ითმენს, დაიღუპოს თუნდ ერთი ჩიტი...
და ტყის ტაძარში ერთი ხე რომ მეორეს ჰკოცნის,
ჩვენ ერთმანეთის სიყვარული რად გვეშინია?!


***
დე, რაღაც მაინც ხომ შევძელით.
თითო აგური შევაშველეთ ჩვენი სამშობლოს იდუმალ ყოფას.
საუკუნოვან ისტორიის მაღალ კედლებში
თითო სიტყვა ჩვენც ხომ გვითქვამს.
გაგვიგია იმ მზეთა წიაღ...
თითო ფურცელი ჩვენც გვეკუთვნის.
საუკუნოვან ისტორიის ვარსკვლავედებში
ჩვენც აგვინთია კელაპტარი შიშველ ხელებით.
და შეგვიხედავს ამაყ თვალებში მელიქიშვილის, ჯავახიშვილის...
და ცისოდენა წინაპრების შემცივნულ ძვლებში ჩვენი ცრემლები ჩაგვიღვრია...
საუკუნეთა ისტორიის ჩამქრალ ძეგლებით ჩვენი თვალები ანათებენ ათასფერებით...


***
ცას ესისხლება მზე დეკემბერის.
ყელდასერილი დღე წევს ღამესთან.
წყვდიადდებიან აწ უკ მწუხრნი შემოდგომების.
ხელსაც აქვს გული!
ნაწვიმარია ლოკოკინის სიჩუმე სუნთქვით,
ნაწვიმარია თოვლის ფერფლით, 
ცის მიტოვებით!
შეწუხებულან ყვავილებიც, ო, სივრცეებით!
დავიგვიანე?!
გადასისხლულა ბროწეულის გამსკდარი ტუჩი - 
თითქო ბავშვობა მეძახოდეს მწიფე ყანიდან!
ფეხი დამიცდა, აქამომდე ისე ვირბინე,
რომ დაბადება უკან დამრჩა!
სხვა ცის გახსნა ჩანს!
კრძალვა უშორეს ორქიდეების
და პეპელათა ფრთის შეთოვლება!
წამოფრენილან მინდვრებიდან
ჩიტების გუნდი
და განთიადებს კამარებში ეზღაპრებიან!
დე, განიცადე, ულურჯესი სიჩუმე სოფლის!
მე ხელისგული მეწვის ჩამქრალ საქართველოის. 
ვით ვეთაყვანო, ო, სხვის სამშობლოს?!
შეუბერე, დე, 
სული კერას,
სული საცეცხლურს!
ცას სასულედან ჩამოღვრია პეშვი ჩიტების!
ო, ენა ჩემი, წინაპრების ძვლებზე რომ ყვავის,
როგორც მამალი ზეცისაკენ ყელს იწვდის იგი,
სურს რომ იყივლოს, სახიერო! 
მე ვიბადები!
ცადალოცვილა ხელისგული.
განბანილია სისხლით და ცრემლით :
სამშობლო ჩემი - ორი ხელით საჭმელი მიწა!
სთვლემენ თვალები მზით მოღალულნი.
ჯერ აისია შეუკრთომელი.
გარნა სიზმრებით?! 
გარნა მთებით?! 
გარნა ფერებით?!
ცა ყვავილებში გადახსნილი მხრებით მოვედი.
ულურჯესია გადაღლილი ეს ხელი, დედა!


***
ხომ შეიძლება ერთხელ მაინც რომ ვიყოთ ერთად?!
ვხედავ და მესმის, რომ ჩვენს უენო ყველა ტკივილს მშობიარე
ქალის კივილებით იმეორებს ეს მრუმე ღამე.
ის აღარაა მიცვალებულის სუნთქვასავით მუნჯი და მკვეთრი.
ო, ღამე,
ღამე,
იჩქარე, თორემ დავიგვიანებთ შეხვედრაზე!
იქ იკვეთება, გალათეა შენი სხეული!
მინდა, ჩაგიდგე ტანში, ვით სული...
მომეცი ნება თვალის ახელის.
ილაპარაკე.
ილაპააკე!
ეს მე ვარ შენი მახლობელი და მარადისი. პიგმალიონი.
არყოფნის ყოფნა რა რძისფერია...
ეს ჩვენი სულების მეტაფიზიკის ალქიმია...
გვინდა თუ არა ჩვენს სახლშიაც შემოვა დილა.
ჩვენ მას ფეხს დავბანთ.
შენს მოქსოვილ კაბას ჩავაცვამთ და გავისტუმრებთ კვლავ ფანჯრიდან!
უკარო სახლში ვინღა ცხოვრობს ახლა ჩვენ გარდა?!
მზეს რომ მოსწყურდეს მერე მოსვლა?!
ისიც ფანჯრიდან?!
არა მზე შენ ხარ,
მხოლოდ თავი ასწიე ახლა
და შემომხედე!
ღვთის გულისთვის შეეშვი ქსოვას, მე შენ მიყვარხარ!
ო, როგორ მიყვარს ქართან თამაში დიდობაში და ამოსული
ლურჯი მზეები შენს ორ სარკმელში რომ ვიხედები...
როგორ შემეძლო არ მეარსება და მხოლოდ შენთვის არ მომესმინა,
როცა საუბრობ მავიწყდება რომ ჩვენ ოდესმე გაგვყოფენ და
ასე ცალ-ცალკე მოგვიწევს წასვლა...
მაგრამ რა ვუყოთ იმ ლამაზ ყვავილს, ჩვენში რომ ვზრდიდით და
ახლა ისე გვიდგას რაფაზე, რომ ზედ პეპელა ზის და ჩუმად თავის მესამე დღეს ელოდება?!
ფრთასაც არ არხევს. საოცარია!
და თუ პეპელა ცხოვრობს სამ დღეს და ეს დროც კმარა, რომ განიცადო უკვდავება,
ნუთუ შეძლებს და დაგვივიწყებს ჩვენ მაინც ღმერთი?!
ო, ღამე,
ღამე!
იჩქარე, თორემ დავიგვიანებთ შეხვედრაზე.
იქ იკვეთება, გალათეა შენი სხეული.
მინდა ჩაგიდგე ტანში, ვით სული...
მომეცი ნება თვალის ახელის.
ილაპარაკე.
ძალიან გთხოვ,
ილაპარაკე!
ეს მე ვარ შენი მახლობელი და მარადისი.
არყოფნის ყოფნა რა რძისფერია...
გვინდა თუ არა ჩვენს სახლშიაც შემოვა დილა...
ჩვენ მას ფეხს დავბანთ.
შენს მოქსოვილ კაბას ჩავაცვამთ და გავისტუმრებთ კვლავ ფანჯრიდან...
უკარო სახლში ვინღა ცხოვრობს ახლა ჩვენ გარდა?!
მზეს რომ მოსწყურდეს მერე მოსვლა?!
ისიც ფანჯრიდან?!
არა მზე შენ ხარ!
იქნებ, ერთნი ვართ და მე მქვია შენი ლამაზი სხეულის სული...скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge