გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ანა მღებრიშვილი - ქართველი და ამერიკელი ქალების სტატუსი 1950-იან წლებში. შედარებითი ანალიზი



ქართველი და ამერიკელი ქალების სტატუსი 1950-იან წლებში. შედარებითი ანალიზი
საქართველოში ხშირად კამათობენ ქალების შესაძლებლობების შესახებ. პატრიარქალურ საზოგადოებაში, ხშირად აკნინებენ იმ შრომას, რომელსაც ქალები სწევენ, აგრეთვე, ერთსა და იმავე პოზიციებზე მომუშავე განსხვავებული სქესის წარმომადგენლებს განსხვავებული ანაზღაურებაც კი აქვთ. სქესობრივ დისკრიმინაციას ქალების ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ვხვდებით, თუნდაც მაშინ, როცა სქესის მიხედვით ირჩევენ შვილებს, ან თუნდაც სკოლაში, სამსახურში, სადაც პრიორიტეტს ხშირად მამრობითი სქესის წარმომადგენელს ანიჭებენ. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არ ხდება, ეს ხდება თითქმის ყველგან.
1950-იანი წლები ძალიან საინტერესო და გამორჩეული ათწლეულია. ამ პერიოდში მოხდა ღირებულებების გადაფასება ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქალებისათვის. თუ ქალები მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასწყისში ხმის მიცემისა და განათლების უფლებისათვის იბრძოდნენ, ახლა ტოვებენ უნივერსიტეტებს და მთლიანად საოჯახო საქმეებით კავდებიან. რაც შეეხება ქართველ ქალებს, აქ შედარებით განსხვავებული სიტუაცია გვაქვს, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებ.
ამერიკის შეერთებული შტატების მეორე მსოფლიო ომში ჩაბმა გადამწყვეტი აღმოჩნდა ქვეყნისათვის, რის შემდეგაც ქალების ცხოვრებამ განიცადა უდიდესი ცვლილებები. მეორე მსოფლიო ომამდე ქალებს შეეძლოთ ემუშავათ მასწავლებლად, მედდად, ბიბლიოთეკებში. ყველა დანარჩენი სამუშაო მამაკაცებისთვის პრივილეგირებულ სფეროდ ითვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალებმა 1920 წელს ხმის მიცემის უფლება მოიპოვეს, ეს ფაქტი მაინც მეორეხარისხოვანი იყო.
1940-1945 წლებში 5 მილიონი ქალი შეურთდა სამხედრო საქმეს. მუშაობდნენ ავიასაწარმოებში, გემთმშენებლობაზე, ქიმიური ნივთიერებების დამზადებაზე და ა.შ. ფაქტობრივად, ისინი ამზადებდნენ ომისთვის საჭირო პროდუქციას, ვინაიდან მამაკაცების უმეტესობა ფრონტის ხაზზე იყო წასული. ამ პერიოდში, ქალებმა დაამტკიცეს, რომ შეეძლოთ იმ სამუშაოს შესრულება, რასაც მამაკაცები ასრულებდნენ.
თუმცა, ომის დასრულების შემდეგ, ქალები კუთვნილ ადგილებს დაუბრუნდნენ. 1950-იან წლებში თავი იჩინა ტერმინმა "იდეალური ქალი". ეს სტერეოტიპული კონცეფცია გულისხმობდა, რომ ქალი ყოველთვის თავისი ოჯახის, შვილებისა და ქმრის გვერდით უნდა ყოფილიყო, მიეხედა სახლისთვის, ყოფილიყო მუდამ ლამაზი, რათა ქმარს ჰყვარებოდა. ქალების ერთადერთ ოცნებას წარმოადგენდა: ყოფილიყვნენ შეუდარებელი ცოლები და დედები. ისინი სიამაყით მიუთითებდნენ საქმიანობას – დიასახლისი.
ბეტი ფრიდანი წიგნში "ქალის საიდუმლო" აღნიშნავს, რომ ქალებს აწუხებთ პრობლემა, რომელსაც არ აქვს სახელი. ეს პრობლემა კი აერთიანებს უამრავს ქალს. დიასახლისობა ეჭვქვეშაც კი დგებოდა, თუ სიამოვნებას ვერ იღებდნენ სამზარეულოს იატაკის ხეხვისას.
იდეალური ქალის იმიჯის გავრცელებას 1950-იან წლებში ხელი შეუწყო პროპაგანდისტულმა საშუალებებმა. არსებობდა სტატიების ციკლი : "Making Marriage Work". მაგალითად, "Journal" ქალებს მოუწოდებდა, არა მარტო მეუღლის გემოვნებით მოემზადებინათ საჭმელი, არამედ მისი გემოვნების შესაბამისად ჩაეცვათ და მოეწყოთ სახლი, რათა ეგრძნობინებინათ, რომ მათზე ზრუნავდნენ.
რაც შეეხება ქართველი ქალების სტატუსს 1950-იან წლებში, მას მნიშვნელოვანი პოლიტიკური სარჩული უდევს საფუძვლად. 
ქართველმა ქალებმა საკმაოდ დიდი ძალისხმევა ჩადეს ფრონტისათვის 
საჭირო პროდუქტების წარმოებისას, მუშაობდნენ ავიაქარხნებში, ჩართულნი 
იყვნენ სამხედრო წარმოებაში. მაშინ, როდესაც მამაკაცები ომში 
იბრძოდნენ, ქალებზე იყო დამოკიდებული, გადარჩებოდა თუ არა მათი ოჯახები.
იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში სხვა არაფერი იბეჭდებოდა, თუ არა სტატიები, რომლებიც ქალებს წარმოების პროცესში მაქსიმალურად ჩაბმისკენ მოუწოდებდნენ. ხშირად იბეჭდებოდა კოლმეურნეობებში აქტიურად მოღვაწე ქალების შესახებ. ისინი ითვლებოდნენ მისაბაძ ადამიანებად. ქალები მუშაობდნენ არა მხოლოდ კოლმეურნეობებში, არამედ ფაბრიკა-ქარხნებშიც, სადაც ამზადებდნენ ეროვნული მნიშვნელობის საექსპორტო პროდუქციას.
ამ პერიოდშიც იყო მცდელობა, ერთმანეთისგან გამიჯნულიყო ქალისა და მამაკაცის პროფესიები – ჟურნალებში იშვიათად ბეჭდავდნენ ინფორმაციას ქალების მეცნიერული მიღწევების შესახებ…
1957 წელს "საბჭოთა ქალში" გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალს ენიჭებოდა მამაკაცის თანასწორი უფლებები სამეურნეო, სახელმწიფო, კულტურული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ყველა დარგში.
საბოლოო ჯამში, როგორც ქართველმა, ისე ამერიკელმა დიასახლისებმაც გვერდზე გადადეს ყველა საშინაო საქმე და სამშობლოსათვის ბრძოლაში ჩაებნენ. თუმცა, მათი მდგომარეობა განსხვავდებოდა ომის შემდგომ პერიოდში, რაც, ვფიქრობ, განპირობებული იყო ქვეყნებში არსებული იდეოლოგიებით.
ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობდა დაეცვა ქვეყანა გარე საფრთხისაგან - კომუნიზმისაგან და მთავარ დასაყრდენს ძლიერ ოჯახში ხედავდა. საბჭოთა კავშირი კი ცდილობდა, რომ გაევრცელებინა თავისი პროპაგანდა მთელ მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, ცდილობდა განვითარებას ყველა სფეროში, რისთვისაც საჭირო იყო უდიდესი ადამიანური რესურსი, ამიტომაც, ქალების ჩართულობას ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი ჰქონდა. ასე რომ, მაშინ, როდესაც ამერიკაში ქალებს მოუწოდებდნენ ქალური ბედნიერება შეეგრძნოთ ბავშვებისა და ოჯახის მოვლაში, ქართველ ქალებს მოუწოდებდნენ აქტიურ შრომას.
ცნობილი კომედიანტის, გროუჩო მარქსის სიტყვებით: "ყოველი წარმატებული მამაკაცის უკან დგას ქალი", ვინც ამ მოსაზრებას ეთანხმება, ალბათ იმასაც დაეთანხმება, რომ ქალები არ არიან მეორეხარისხოვანი პიროვნებები და მათ გარეშე უამრავი რამ, უბრალოდ, შეწყვეტდა არსებობას!

скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
რენიკო საკანდელიძე  -  დასაწყისი იხილეთ წინა ნომერში რენიკო საკანდელიძე - დასაწყისი იხილეთ წინა ნომერში ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / ბიოლოგია / მეცნიერება / გამოქვეყნებული ევგენი ბლიაძე  -  პირველი ქართული კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ ევგენი ბლიაძე - პირველი ქართული კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ ჟურნალი / სტატიები / ისტორია / პოლიტოლოგია / მეცნიერება / გამოქვეყნებული თორნიკე სანიკიძე  -  მარადიულობის პრობლემა და კოსმოლოგიური კრეაციონიზმი თორნიკე სანიკიძე - მარადიულობის პრობლემა და კოსმოლოგიური კრეაციონიზმი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / ფილოსოფია / ფიზიკა / მეცნიერება / გამოქვეყნებული ირაკლი გოგაბერიშვილი  -   ფეხბურთის ისტორიის მიმოხილვა ირაკლი გოგაბერიშვილი - ფეხბურთის ისტორიის მიმოხილვა ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / სპორტი / გამოქვეყნებული იზოლდა რუსაძე - მხატვრული ნარკვევი იზოლდა რუსაძე - მხატვრული ნარკვევი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge