გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ია ჯინჭარაძე - ლექსები

ცისფერი ოთახი
გამოუვალი მდგომარეობიდანაც
გამოხვალ -
გამოცქრიალდები, ან გამოფორთხდები.
როდესაც მიჭირს,
მესმის, კარზე როგორ აფხაჭუნებს
ჩემი ოთხფეხა მეგობარი,
დაკარგული
აფხაზეთის ომის დროს.
ვწევარ,
რომელიღაც ქალაქის ჰოსპიტალში,
უცხო, როგორც მწვანე ნიანგი.
აი, ახლა შემოვლენ
ჩემზე ჭკვიანები და სანამ იზუზუნებენ,
შემიძლია, ვეთამაშო ჩემს პატარა ცხვირს,
რომელმაც ვერ ისწავლა ჩამოშვება,
თუ აბზუება.
არაფერია,
თუ არ მოხვედი დედა,
ვერ გადმოლახე წარმოსახვითი საზღვარი,
მე, ვინც ნიჟარიდან ზღვა გამოვიგონე,
შემიძლია გამოვიგონო თოვაც,
ცივად და წვრილად.
გავიფიქრო -
აღარასოდეს ვიქნები მარტო,
დღეიდან, თოვლთან ერთად  ვიცხოვებ.


* * *
დევის ცოლი ვარ,
არ მომიტაცა, ჩემი ნებით მოვედი.
მეგონა,
მის მხარზე წამოსკუპული,
ზევიდან დავხედავდი ქვეყნიერებას,
ცალ რქაზე საქანელას ჩამომიბამდა
და მაქანავებდა ნეკა თითით,
ყვავილებით მოვურთავდი მეორე რქას
და არაფერს ვკითხავდი,
რადგან ჩემს თვალებში იქნებოდა
მისი სული.
მეგონა,
მოთმინებით დაველოდებოდი,
როდის მოვეწონებოდი დევის დედას,
ქვაბივით მძიმე სამკაულს გადმოიღებდა,  
- ეს შენ, შვილო!
სიცილით მომეხვეოდნენ დევის დები
და ჩემს ქებას იტყოდნენ.
დევის ცოლი ვარ!
ჩემი გულის მიწა ნელა მძიმდება
და მალე მეწყერივით ჩამიტანს
ქვემოთ, სოფლისკენ.
ზოგჯერ, როცა მკერდზე მიმიკრავს,
ვგრძნობ,
თვალებში ამოშენებული
ქვის ჯებირები როგორ ინგრევა.


გიტარაც  ვიცოდი და ყველაფერი
და მე დავინახე,
როგორ ჭამს ჯავრიგიტარას,
მოქარგულ ტანსაცმელს და სიცილს.
როგორ გავაფერადო სხივჩამქრალი?
ოქროთი რომ მოვრთო, გაყვითლდება
და გაჰყვება შემოდგომას,
ისედაც ფოთოლი.
მთელი ცხოვრება,
უცხო წყალში ეწყო ხელები,
იქედან ამოჰქონდა
უცნაური კერძები და შელოცვები.
და ახლაც, როცა შიში
ობობას ჩრდილივით დიდდება,
შენი ჭირი შენს დიდედას – მეტყვის.
მე კი ვერასდროს დავუჯერე,
როგორ ვიცხოვრო უჭირ-უტკივილოდ?
ხომ დავემსგავსები
უდაბნოდ ქცეულ ფარდაგზე
გადარჩენილ გოგოს,
ხელში დამჭკნარი ყვავილებით.



*  *  *

მე ვნახე ჩიტების ღმერთი,
ფლორენციაში,
დუომოს მოედანზე,
მოლბერტზე დახრილი
ლაბირინთს ხატავდა.
- მე ვიცი, ვინც ხარ - გავიფიქრე.
- ყველა იმას ხედავს, რაც უნდა -
თქვა თავაუღებლად
და მხრები ოდნავ შეარხია.
არასდროს მინდოდა ღმერთობა.
აი, ხე კი ვიქნებოდი,
წყლის სინათლეში
გავწვებოდი განაკაწრივით.
განა ასე მკაცრი იქნებოდა
ცხოვრება,
ხე რომ ვიყო,
ჩიტების ხმის შემფარებელი?


ს ო ნ ი ა
სონია, ქვების სროლია!
ყიჟინით მოგყვებით
თავდაღმართზე ლამის
სირბილით მიმავალს.
- სონია, ქვების სროლია!
ვიდრე არ მოტრიალდები
და მიწისკენ არ დაიხრები.
არ ვიცი, ვინმეს თუ მოხვედრია
ნასროლი ქვა,
არ ვიცი, მართლა გიჟი ხარ,
თუ გაბრალებენ.
მთელი ბავშვობა მინდოდა,
შენს მიერ დახატულ
მამალს გავეღვიძებინე
და არა საათის ავ ხმას.
ნეტა რას ფიქრობდი ღარიბულ,
თუ ღამეების ქოხს შეფარებული
სოფლის პიკასო,
ნეტა ვინმე თუ გიყვარდა
მარტოქალას?
ზოგჯერ, როცა მინდა
მიწისკენ დავიხარო,
რომ აყვირებულ ცხოვრებას
ქვები დავუშინო,
წამოვიდგენ, როგორ დგახარ
გამოგონილ, ფერად მინდორში
და შემოსეულ ჩიტებს აპურებ.




*  *  *

სამშობლოო - გამჩხრიკეს
და ვერსად მიპოვეს
სამშობლო.
აი, ასე ვარ -
ერთმანეთში მერევა
ფრენის, ცურვის და
სიარულის წესები,
დარჩენა ჯობს,
მაგრამ წაუსვლელობაც არ იქნება.
წარმოვიდგენ -
კედელთან მიდგმულ მაგიდასთან ვზივარ,
ან მწვანე ბალახზე,
ვიდრე მებაღის უგულობა გადაბუგავს.
ზოგჯერ ისე ახლოა,
თითქოს აია-სოფიას ტაძრიდან
სულთან აჰმედის მეჩეთამდე
გადამერბინოს,
ზოგჯერ კი მთელი საჰარაა გასავლელი.
ჩემი თავის ექიმი უნდა გამოვიდეო -
სამი წლის ნინამ,
ჰოდა, მეც ვიქნები
ჩემი თავის სამშობლო,
მინდა გავაციმბირებ,
მინდა ციებას ავარიდებ.
ეზოს ჭინჭრებს ვაქებ,
უდაბნოს სილაში ამოსულ ქვებს.
ერთ ბოძს მაინც დავრგავ,
ხმელტოტებას,
იდგეს, ხეებს ბაძავდეს!
არსად ნახსენებ ბიძაჩემს გავიხსენებ,
დედამისს რომ მზესავით
არასდროს ჩამოუტარებია,
არ ყოფილა ვარსკვლავ ბიჭუნა.
ყვითელ წიწილას, თავწაწყვეტილს,
ვიტყვი - სიყვარულით ვერ გააცოცხლებ,
სიყვარულით შეიძლება ამოჩიჩქნო
ქვიანი მიწა
და ფრთხილად, ფრთხილად ჩაასვენო
პირველი მკვდარი.


სამი სამოთხე
არ გამომდის ფრენა,
არც მშვიდობიანი
გვირაბის გათხრა, თხუნელასავით,
ვერ გადავიარე ადამიანზე ხიდივით,
რომ გადავიდე სხვა ნაპირზე,
სადაც ხელოვნური მზე,
როგორც გინდა, ისე აცხუნებს
და არაფრით ჰგავს იმ ადგილს,
სადაც ერთხელ სიცხიანი შევეხეტე,
ვნახე ჩემი ბავშვობის მეგობარი,
იმ ძაღლთან ერთად,
დედამისმა რომ მოიძულა -
უჯიშო და მაწანწალა, ერთგული.
წაიყვანდა და ტოვებდა შორს,
უფრო შორს და უფრო შორს,
ისიც ბრუნდებოდა ქანცგაწყვეტილი
და ცხოვრებანანახი,
წვებოდა კიბის ქვეშ და უცქერდა,
იხვები როგორ დაცურავდნენ
ბეტონის მოსაზელ გობში
და წიწილები თუთის ხესთან
როგორ წიწინებდნენ
გულის გახეთქვამდე
და ელოდა -
როდის ჩასვამდნენ ტომარაში,
როდის მოუკრავდნენ პირს,
ვიდრე პატრონსაც არ მოსწყინდა
აქეთ-იქით წოწიალი
და ხიდის მორყეული მოაჯირიდან
მდინარეში არ გადაუძახა.
ჩემს წითელთავა მეგობარზე
სხვა დროს გიამბობთ
და ჩემზეც სხვა დროს,
თუ როგორ ვერ ვისწავლე ფრენა,
ვერც მოხდენილად დაცემა.


*  *  *
წიწილებივით წივწივებენ ამბები,
რაკი თავი მოვაწონე,
დამყვებიან, როგორც დედა კრუხს.
მკვდრებიც გამოცოცხლდნენ,
ხელ-ფეხი შეისწორეს,
თითქოს უნდა ვანიშნო -
გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება!
ეს ბიჭიც,

დღეს რომ ლექსი დავუწერე,
ერთი ნახეთ,
სიხარულით როგორ ციმციმებს.
უცხოებიც მოდიან -
ბალახგადავლილები.
პოეტები დაფრინავენ -
თქვა ჩემმა მეგობარმა - ოლენ ლიმ,
მე კი რაც ზემოთ ვარ,
ორი იმდენი ვარ მიწაში
და ვარსკვლავებს კი არ ვეპოტინები,
სარეველებს ვგლეჯ მათი გულიდან,
შეყვარებულ ეკალს კი ვტოვებ.



* * *
რა ლამაზი ხარ აია,
თავსაბურს იხვევ და გარბიხარ,
როგორც სიხარულის მდინარე,
იქნებ სამოთხეშიც მოვხვდე, იცინი.
მშურს შენი,
ჩემსავით ოღრო-ჩოღრო წრეზე კი არ დადიხარ,
ერთი ფეხის ნაბიჯზე გაქვს სამოთხე
და ცოდვა-მადლს რომ ჩამოარაკრაკებ,
მე რატომღაც კოკა-კოლას რეკლამა მახსენდება -
კრიალა ყინული და ქვიშა
და გიკვირს, რატომ მეტირება
როცა ქუჩაში ხმები მატულობს
და არ მიჯერებ, რომ  ამ დროშებს
და ჭყეტელა, ხმამაღალ სიტყვებს
ყურძნის მტევნებივით  გაჭყლეტს
გამოგონილი მტერი,
ქარი კი დამახინჯებულ ქალაქში მოფანტავს
საფანტის სუნს და
სიჩუმის ნაგლეჯებს.
რა ლამაზი ხარ აია,
შენი თმების ჩამქრალი მუსიკა,
შენი სინათლე ნაპოვნი თვალები.


* * *
წყვეტილი სუნთქვა,
როგორც კოდი გასაშიფრი .
მოფრინდნენ თოვლის ჩიტები,
ჩამომისხდნენ,
მე კი ნამცეციც არ გამაჩნია,
როგორ გავუწოდო ცარიელი პეშვი,
როგორ ვუთხრა -
მოდითამოკენკეთ
ჩემს სიზმარში წვერწამახული ბალახები
და ტანში ჩაბრუნებული ყვირილი.
აიშუა ოთახში გასაპნული
ჩემი ბავშვობა
და თოვლის წყალივით დედაჩემი,
თოკზე პეპლის ფრთების
პრიალა ჩრდილებს ფენს,
დილამდე თუ გაშრაგადავრჩები.
მღერის ასე გვიან,
სახლთან ერთად
გადასახლებული მამაჩემი
ხეებზერომლებიც გვანან
უბრალო ფანქრებს
და ფიქრობენ გადაფრენაზე.
ეს კი ვინ არის,
ჩირივით გამხმარ ხელს
შუბლზე რომ მადებს?
ჩურჩულებს:
თვალებში სინათლე,
ხელებში სითბოჩიტებისთვის პური.


ჩემი ანგელოზი
ის ბიჭი,
ჯვარი რომ მაჩუქა
წმინდა პეტრეს მოედანზე,
არ იყო მლოცველი,
გულში გაშენებულ ღმერთს
ოსანას რომ უგალობს,
არც ექიმი,
რომელიც მიმტკიცებს:
ყველა ავადმყოფობა განუკურნელია!
არც შავებში გამოხვეული ყვავი,
ჩემს რვა წლის შვილს რომ დასჩხავის:
მოინანიე!
ერთი მხიარული,
ლეიკემიაგადატანილი ბიჭი იყო,
მკლავებზე სისმსუქნისგან
დატოვებული სტრიებით.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge