გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ი.ლომოური; გ.რაზმაძე; ვ.წერეთელი - გზა

                     წარმოსახვით-დოკუმენტური მოთხრობა 
    და ნატურალური სოფლის მეურნეობისა და პერმაკულტურის მოკლე ცნობარი (ფოტოზე: მარცხნიდან სხედან - ვატო წერეთელი, გია რაზმაძე და ირაკლი ლომოური).

თენდებოდა. ლარივით სწორი გზის ორივე მხარეს, სადამდეც თვალი სწვდებოდა, მოშიშვლებული ველი გადაჭიმულიყო. ჰორიზონტზე მთები ლურჯად  ილანდებოდა. ტაქსი უჩვეულოდ ცარიელ ტრასაზე მიქროდა.
- მაგარი მიწაა, შავი და ნოყიერი, მაგრამ რად გინდა, პატრონი არ ჰყავს... მიტოვებულია...
მგზავრმა, 55-იოდე წლის მაღალმა, გამელოტებულმა, ბრგე მამაკაცმა ფანჯარაში გაიხედა და თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა დაუფარავი გულისტკივილით. მძღოლი, 40-45 წლის შავტუხა, ულვაშა, მკვირცხლი მამაკაცი უმალ გამოეპასუხა, ეტყობა, ლაპარაკის გუნებაზე იყო.
-  აზრი არ აქვს, ჩემო ბატონო, ისე ძვირი ჯდება მიწის დამუშავება, იმდენი ტექნიკა უნდა და საწვავი, იმდენი შხამქიმიკატი, სასუქი, შრომა და ფული, რომ არავის არ უღირს! ცარიელი წვალებაა და ხარჯი!
- კი, მართალს ამბობთ, ეგრეა, - მოულოდნელად მორჩილად დაეთანხმა მგზავრი, - მაგრამ ეს მხოლოდ თანამედროვე სოფლის მეურნეობის პირობებში... 
- და სხვა გზა არ არსებობს, რა გინდა რო ქნა, ჩემო ბატონო? - მიუგო მძღოლმა და მხრები აიჩეჩა, - პაპაჩემის ერქვანით ხომ არ დავხნავ მიწას? ხარებს ხომ არ შევაბამ? ანდა, სადღაა ხარები?
-  არადა, მიწის ხვნა სულაც არაა აუცილებელი... - მგზავრმა პაუზა გააკეთა და მერე მრავალმნიშვნელოვნად, ლამისაა კატეგორიულად დაასრულა, - უფრო სწორად, სრულიად ზედმეტია! 
- ხუმრობთ, ჩემო ბატონო? - მძღოლმა მგზავრს ალმაცერად გახედა, ჩაახველა, წამით შეყოვნდა და შემდეგ განაგრძო, - თქვენ ეტყობა, სოფელში არ გიცხოვრიათ და არ იცით, მიწას თუ არ დახნავ, მოსავალს ვერ მიიღებ. უბრალოდ ვერ მიიღებ!.. მე თვითონ იმერეთში მაქვს  სოფელი, მიწაც მაქვს, მაგრამ ვერაფერი მომყავს, რო მიღირდეს! ჰოდა, ვტაქსაობ! და საზღვარგარეთ ვაპირებ წასვლას, ორი კაპიკი რომ ვიშოვო! აღარაა საშველი! 
- საშველი არის... არის... - მგზავრმა მოულოდნელად თბილად, მამაშვილურად ჩაილაპარაკა, - სოფელში არ ვცხოვრობ,  მაგრამ მიცხოვრია და ვიცი ყველაფერი, გამოცდილებითაც ვიცი და წიგნებიდანაც... მაგ საკითხებზე ვმუშაობ დიდი ხანია... - მგზავრი წამით შეყოვნდა, თითქოს დაფიქრდაო, მერ კი გააგრძელა, - მოდი, წინ გრძელი გზა გვაქვს, ჰოდა, მოვყვები, როგორ შეიძლება კაცმა  ისე მიიღოს მოსავალი, არც მიწა მოხნას, არც ქიმიური სასუქები იხმაროს და არც შხამები, პესტიციდები თუ ჰერბიციდ...
- ზღაპარია! - გააწყვეტინა მძღოლმა, - არ მჯერა!
- თქვენი სახელი? - ჰკითხა მგზავრმა ღიმილით.
- სანდრო.
- ესე იგი, ალექსანდრე.
- არა, სანდრო დამიძახეთ, ყველა სანდროს მეძახის.
- კი ბატონო, - მიუგო მგზავრმა, - მე გია დამიძახეთ...
- ესე იგი, გიორგი, - ჩაილაპარაკა მძღოლმა.
- არა, არა, გია!  - გააპროტესტა მგზავრმა, - თქვენ სანდროს გეძახიან, მე - გიას... მაშ, მომისმენთ, ბატონო სანდრო? ვისაუბროთ?
- სიამოვნებით, ბატონო გიორგ... უკაცრავად, გია, - მიუგო მძღოლმა, - მაგრამ გაფრთხილებთ, ზღაპრების არ მჯერა! არა და არა! არ დავბოლდები!
- და რატომ გგონიათ, რომ უნდა დაგაბოლოთ?
- ამ წუთში არ თქვით, მოსავალი ისე შეიძლება მივიღოთ, არც მიწა მოვხნათ, არც ქიმიური სასუქი ვიხმაროთ და არც შხამქიმიკატიო...
- ჰმ, - ჩაახველა გიამ და შემდეგ შემწყნარებლურად ჩაილაპარაკა, - სკეპტიკოს ოპონენტთან საუბარი განსაკუთრებით საინტერესოა... სპორტული აზარტია... მაშ, დავიწყოთ, ბატონო სანდრო?
- დავიწყოთ, დავიწყოთ, გია ბატონო, - ჩაიცინა მძღოლმა, - ოღონდ გაფრთხლებთ, ისეთ რთულ კითხვებს დაგისვამთ, რომ...
- ვინანებ? შემრცხვება? გავწითლდები? - გააწყვეტინა მგზავრმა ჩაღიმებით, - ნუ სწუხართ ჩემზე, ბატონო სანდრო, ნებისმიერი სირთულის კითხვა დამისვით და ვნახოთ, ზღაპრებს ვყვები თუ... ზღაპრული საშველის გზას გთავაზობთ!.. - მგზავრი დადუმდა, წამით დაფიქრდა, მერე კი საქმიანად განაგრძო, - თანაც, მოდი, იმისთვის, ჩვენს საუბარს დამატებთი აზრი რომ ჰქონდეს, დავნიძლავდეთ, თუ ვერ დაგარწმუნეთ, ორმაგად გადავიხდი მგზავრობის საფასურს...
- ორმაგად? ეს როგორ? - მძღოლმა თავიც კი გააკანტურა გაოცებისგან.
- მაგრამ თუ დაგარწმუნეთ, მგზავრობის საფასურს საერთოდაც არ გადამახდევინებთ, ბატონო სანდრო! მოსულა? 
მძღოლმა მანქანა გზის კიდეზე შეაჩერა,  მგზავრს მიუბრუნდა, თვალებში ჩახედა, ერთხანს უყურა, ხელი გაუწოდა და უთხრა:
- მოსულა!
ხელი ერთობ ცერემონიულად ჩამოართვეს ერთმანეთს და ღიმილით ჩაჭრეს. სანდრომ მანქანა მდუმარედ დაქოქა. ტრასაზე გავიდნენ.
- ნაცარქექია ჩემი საყვარელი გმირია... - დაიწყო გიამ.
- ნაცარქექია რა შუაშია?   
- იმ შუაშია, რომ ყველაზე რთული სიტუაციიდანაც პოულობს გამოსავალს! და...
- ხომ გითხარით, ბატონო გია, ზღაპრები არ გვინდა-მეთქი! - ისევ გააწყვეტინა მძღოლმა, - სინამდვილეს შევხედოთ! სახლში ორი ბავშვი მელოდება, ზღაპრებით ხომ ვერ დავაპურებ?! ფული მჭირდება, ეს ოხერი, ფული!
- კარგი, კარგი... სხვანაირად დავიწყოთ... იაპონელებზე რას ფიქრობთ?
- იაპონელებზე? რას უნდა ვფიქრობდე?
- როგორი ხალხია? როგორ უყურებთ?
- მაგარი ხალხია, ცხადია, მაგარი ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ რა? უფასოდ დაგვეხმარებიან თუ?.. რაღაც ეჭვი მეპარება...
- მართალია, ჩვენ თვითონ თუ არ დავეხმარეთ ჩვენს თავს, სხვა არავინ დაგვეხმარება... - გიამ ცალყბად გაიღიმა, - მაგრამ ერთი იაპონელის ამბავი მინდა მოგიყვეთ, პატარა წიგნი აქვს დაწერილი. ინგლისურად წავიკითხე ინტერნეტში... რუსულადაც არის... წავიკითხე და გონება გამინათდა... 
სანდრომ უცებ შუბლი შეიჭმუხნა და ხანმოკლე პაუზის შემდეგ სერიოზული, ერთობ კატეგორიული ტონით გამოაცხადა:
- ბატონო გია, ტყუილად ნუ შეწუხდებით, შეიძლება დიდად ეკლესიური არ ვარ, მაგრამ ქრისტეს არ გავცვლი...
- ბატონო? - გია აშკარად დაიბნა.
- ფული კი მჭირდება, მაგრამ ყველაფერს ვერ გავყიდი...  არ ვაპირებ სექტანტობას, არა!
- რაა? - გიამ თავი გააქნია და უცებ გულიანად გადაიხარხარა, - ჰა-ჰა-ჰა! სექტანტობასო, კაცო, სექტანტობასო! ჰა-ჰა-ჰა!
ახლა უკვე სანდრო დაიბნა, მანქანა დაამუხრუჭა, მგზავრს მდუმარედ მიაჩერდა, ელოდებოდა, როდის მოითქვამდა სულს. გია როგორც იქნა დამშვიდდა, სანდროს თვალებში ჩახედა და ჰკითხა:
- ვგავარ ახლა მე სექტანტსა და შექანებულ ფანატიკოსს? 
- აბა, მე რა ვიცი, -  მხრები აიჩეჩა სანდრომ, - იაპონელის წიგნი წავიკითხე და გონება გამინათდაო... ჰოდა, ვიფიქრე, რომ...
- ჰო, კარგი, კარგი, - გიამ შემწყნარებლურად გაუღიმა, - ჩემი ბრალიცაა, კაცმა რო თქვას... რაღაც მიკიბულ-მოკიბულად ვლაპარაკობ...
- ჰოდა, მომიყევით დალაგებულად, - სანდრომ ლამისაა დაუფარავი წყენით თქვა, მანქანა დაქოქა და ჩაილაპარაკა, - რა იყო აქ სასაცილო, არ მესმის...
- კარგი, კარგი, არ გვინდა... - შემრიგებლურად უთხრა გიამ, - მოგიყვებით დალაგებულად... ის იაპონელი  მეცნიერი იყო, მიკრობიოლოგი, რომელიც მერე ფერმერი გახდა, 30 წელი ექსპერიმენტებს ატარებდა, და ბოლოს ახალი ტიპის სოფლის მეურნეობა შექმნა, ნატურალური სოფლის მეურნეობა...
- იაპონური სოფლის მეურნეობა გამოგვადგება? ისინი ხომ ბრინჯსა ჭამენ, ჩვენ კიდევ...
- მთავარი, რაც ფუკუოკამ აღმოაჩინა, ესაა ახალი პრინციპები, მიდგომა...
- ფუკუოკა ერქვა მაგ თქვენს  იაპონელს? - გააწყვეტინა სანდრომ.
- დიახ, ფუკუოკა.
- რაღაც მეცნობა ეგ სახელი, - ჩაილაპარაკა სანდრომ დაფიქრებით, - მაგრამ საიდან, ვერ ვიხსენებ...
- რაგბი გიყვართ?
- რაგბი? - სანდროს თვალები გაუნათდა, - მიყვარს, აბა რა! გეპეიში რო ვსწავლობდი, ვთამაშობდი, მაგრამ მერე ავარია მომივიდა და თავი დავანებე... 
- ჰოდა, ალბათ, მაქედან გახსოვთ... ფუკუოკა იაპონელი რაგბისტია, ბოლო ჩემპიონტზე თამაშობდა...
- გამახსენდა! - შესძახა სანდრომ, - მაქედან მახსოვს, მართალია!...  იაპონიის ჩემპიონატი კი ვერ გავქაჩეთ ბოლომდე, მაგრამ მაინც მაგარი ბიჭები გვყავს! ყველაფერი წინაა... ჰოდა, მერე რაო, თქვენმა ფუკუოკამ?.. მოგვარეები იყვნენ ეგ და ის თქვენი მიკრობიოლოგი თუ ფერმერი?
- სხვათა შორის, ფუკუოკა ქალაქის სახელია... 
- ქალაქის სახელი? ეს როგორ? 
- ხომ შეიძლება კაცს ერქვას, ვთქვათ... მმ... ჯორჯ ვაშინგტონი? ანდა ჯეკ ლონდონი? ანდა ისაია ბერლინი?
- და თქვენს ფუკუოკას რა ერქვა? ფუკუოკა ხომ გვარი გამოდის?
- რა ერქვა და... მასანობუ ფუკუოკა.
-  მასანობუ ფუკუოკა... - სანდრომ გაიმეორა, ხმადაბლა ჩაილაპარაკა ისე, თითქოს ბგერებს გემოს უსინჯავსო, მერე დადუმდა, გიას გახედა და ჰკითხა, - და რაგბისტს?
- კენკი, თუ არ ვცდები... კენკი ფუკუოკა...
- აჰა... გასაგებია... მაშ, გისმენთ, ჩემო ბატონო, გააგრძელეთ...
- თბილისამდე რამდენი გვაქვს დრო?
- სამ საათში ჩავალთ, ალბათ. 
- ოჰ, სამ საათში ყველაფერს მოვასწრებთ, ფუკუოკაზეც ვილაპარაკებთ, ბილ მოლისონზეც და ზეპ ჰოლცერზეც!
- ეგენი ვინღა არიან? 
- ადამიანები, რომლებიც ფუკუოკას მსგავსად ბუნებას ომს კი არ უცხადებდნენ, არამედ ბუნებასთან თანამშრომლობას, ბუნებრივი მოდელების პრაქტიკულ გამოყენებას ქადაგებდნენ, მაგალითად, ტყე-ბაღის...
- ტყე-ბაღის? - გააწყვეტინა სანდრომ, - სად ტყე და სად ბაღი! ეგ ერთად როგორ იქნება? ბაღი იმიტომაცაა ბაღი, რომ არაა ტყე! ხელოვნურია! ტყე კიდევ - ველური!
- მართალია! - გია ისე დაეთანხმა სანდროს, გეგონებოდა, რაღაც გაუხარდა თუ ესიამოვნაო, - სრულიად გეთანხმებით! მაგრამ ბაღი შეიძლება მოაწყო იმ პრინციპების მიხედვით, რომელიც ბუნებრივ, ანუ როგორც თქვენ თქვით, „ველურ“ ეკოსისტემას აქვს. ტყე ყველაზე ნაყოფიერი ეკოსისტემაა ბუნებაში, მცენარეები იარუსებად, ერთად, ერთობლივად იზრდება: ბალახი, სოკოები, ბუჩქნარი, სხვადასხვა ზომის ხეები, მიწისქვეშ კი მათი გადახლართული ფესვებია და ეს ყველაფერი ერთმანეთს ხელს კი არ უშლის, არამედ ეხმარება! ერთად საოცრად ნაყოფიერი და მდგრადი სისტემაა. და, აი, ამ ბუნებრივი დიზაინის მიხედვით, ამ მოდელის ყაიდაზე შეიძლება გააშენო ხელოვნური ტყე-ბაღი, რომელიც თან ბუნებრივიც იქნება, რადგან სქემა ბუნებიდანაა აღებული, ანუ ნასესხები, და თან ყველა მცენარე ამ ხელოვნურ ტყე-ბაღში იქნება სასარგებლო და ნაყოფის მომტანი! უამრავი მოსავლის მომტანი!
- ჰოჰ! - ცოტა არ იყოს სკეპტიკურად ჩაილაპარაკა სანდრომ, - სათქმელად ადვილია!.. ეგეც თქვენმა ფუკუოკამ გამოიგონა?
- დაბალანსებულ ეკოსისტემას ფუკუოკა იკვლევდა და ქმნიდა, ტყე-ბაღის მოდელი ბილ მოლისონმა დაამუშავა, დევიდ ჰოლმგრენთან ერთად...
- ეგ  კიდევ ახალია? -  ჩაურთო სანდრომ.
- დევიდ ჰოლმგრენი  ბილ მოლისონის სტუდენტი და თანაავტორი იყო, მათ შექმნეს პერმაკულტურა... მაგრამ  ფუკუოკამ პირველმა ჩამოაყალიბა ბუნებასთან თანამშრომლობის, ჰუმანური მოპყრობის, ჰარმონიული ეკოსისტემების ფილოსოფია, რაც მერე ყველამ გაიზიარა, ვინც ამ მიმართულებით მიდიოდა და ახალ მეთოდებს ქმნიდა...  ფუკუოკამ პრაქტიკულად დაამტკიცა, რომ მისი მიდგომა მუშაობს, - ცარიელი თეორია კი არაა, არამედ ახალი პრაქტიკული მეთოდია, რომელსაც საოცარი შედეგები მოაქვს. ესაა გადატრიალება სოფლის მეურნეობაში! ნამდვილი რევოლუცია!
- რევოლუციები არ მევასება... - მკვახედ ჩაილაპარაკა სანდრომ, - არც დიდი ოქტომბრის, არც...
- მაგრამ ეს სრულიად სხვა რევოლუციაა! - არ დააცალა სიტყვის დასრულება გიამ,  -პრინციპულად განსხვავებული! ჩალის ღერის რევოლუცია!
- რაო? ჩალის ღერის?
- დიახ! ზუსტად ასე ჰქვია ფუკუოკას წიგნს! „ჩალის ღერის რევოლუცია“!
- ჩალის ფასი ხომ არა აქვს ამ თქვენს რევოლუციას? - ჩაეცინა სანდროს, - აქამდე რატომ არ გაგვიგია არაფერი მაგაზე? თუ ეგეთი მაგარია? როდის გამოვიდა ეგ წიგნი?
- 1978 წელს.
- ანუ ლამისაა ნახევარი საუკუნის წინ! ჰოდა, ეგ რო მართლა ღირდეს რამედ, აქამდე არ გვეცოდინებოდა?
გიამ ხანმოკლე პაუზის შემდეგ უპასუხა:
- ბატონო სანდრო, მსოფლიოში გაბატონებული წარმოდგენების შეცვლა უცებ, ერთბაშად ვერ მოხდება, განსაკუთრებით სიტუაციაში, როდესაც მმართველებს არ სურთ ეს მენტალური გადატრიალება, არ არიან დაინტერსებული... ძველის შენარჩუნება აწყობთ...
- და რატომ აწყობთ ძველის შენარჩუნება? თუ ეგეთი მაგარი მეთოდია მართლა?
გიამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ბოლო წამს გაჩერდა, თითქოს ენას კბილი დააჭირაო, ცოტა ხანი იფიქრა, მერე კი თქვა:
- მოდი, ჯერ მთავარი გავარკვიოთ, რა მეთოდია კონკრეტულად, რას გულისხმობს და რა პრინციპები აქვს... ანუ ვნახოთ, მართლა მაგარია, თუ... არც ისე. და უკვე ამის მერე ვიმსჯელოთ ყველაფერ დანარჩენზე...
- კაი ბატონო, - მხრები აიჩეჩა სანდრომ, - მითხარით რა პრინციპებია, ოღონდ მოკლედ!
- მთლად მოკლედ არ გამოვა, სანდრო ბატონო, - თითქოს მობოდიშებით ჩაილაპარაკა გიამ, - მაგრამ ვეცდები. 
- სულ რამდენი პრინციპია?
- ოთხი.
- მაგას კიდევ არაუშავს, - ცალყბად გაიღიმა სანდრომ, - მე მეგონა, იტყოდით, ათი, ანდა თორმეტი!
- არა, ოთხად ოთხია. მაგრამ უბრალო ჩამოთვლა საკმარისი არ იქნება. უნდა ავხსნა, რას გულისხმობს, კომენტარი გავუკეთო...
- მაგაზე ნუ ღელავთ, ბატონ გია! თქვენ ჩამოთვალეთ და როგორმე გავიგებ!  ბავშვი ხომ არა ვარ! დაიწყეთ!
- პირველი პრინციპია მიწის ხელოვნურ, მექანიკურ გაფხვიერებაზე, ანუ ხვნაზე, ბარვაზე, თოხვნაზე, კულტივაციაზე უარს თქმა, რადგან მიწის ამობრუნება იწვევს ნიადაგის ნაყოფიერი ფენის, ჰუმუსის განადგურებას და საბოლოო ჯამში, მიწის დეგრადაციას.
- არა, არ მესმის, თუ არ მოხნავ, როგორ დათესავ?.. - თავი გააქნია სანდრომ.
- საქმეც ეგაა, ასობით წელია გლეხი თუ ფერმერი დარწმუნებულია, მიწის ხვნა სრულიად აუცილებელია. არადა, თანამედროვე კომერციული, ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა ისე ღრმად ამუშავებს მიწას, ისე არღვევს ნიადაგის ნაყოფიერებას, რომ მერე იძულებული ხდება ქიმიური სასუქები შეიტანოს, როგორმედარღვეული  ბალანსი რომ აღადგინოს. მაგრამ რაც მეტი ქიმიკატი შეაქვთ, ეკოლოგიური ბალანსი მით მეტად ირღვევა, ჩნდება მავნებლები, დაავადებები და მათთან საბრძოლველად შეაქვთსაწამლავი, შხამქიმიკატები, ე.წ. ინსექტიციდები...
- მოიცა, მოიცა, - გააწყვეტინა სანდრომ, - მიწას თუ არ მოხნავ, თესლი როგორ ჩავა ნიადაგში? როგორ გაღვივდება? როგორ გაიზრდება მცენარე?!
- როგორ და, როგორც ბუნებაში! ტყეში და მინდორში ხომ არავინ ხნავს? მაგრამ თესლი მაინც ამოდის: მიწაზე დავარდნილ თესლს ჩამოცვენილი ფოთლები ეყრება, ან წაქცეული ბალახი და მეტი არც არაფერია საჭირო. ღვივდება და იზრდება. მოკლედ, არაა საჭირო მიწის ამობრუნება, ეს ნიადაგის გამოფიტვას, კვდომას იწვევს...
- ეგ კი გავიგე, მაგრამ მაინც არ მესმის, რა უნდა ქნა? 
- აი, ფუკუოკამ რა ქნა: აიღო და სათესლე ბრინჯი მიმოაბნია მინდორზე!..
- და ეგრე რა გამოვიდოდა? ჩიტები ხო დაკენკავდნენ!
- მართალია, ზუსტად ეგრე მოხდა, ჩიტებმაც დაკენკეს და თაგვებმაც მიირთვეს, ჰოდა, მაშინ ფუკუოკამ ასეთი რაღაც მოიფიქრა, ბრინჯი თიხაში ჩაყარა, კარგად აურია, მასა საცერივით  ბადეში გაატარა და მიღებული პატარ-პატარა „კაპსულები“ მზეზე გაახმო...
- ანუ ეგ „კაპსულები“ იყო თიხით დაფარული ბრინჯის სათესლე მარცვლები? 
- დიახ, ბატონო სანდრო, სწორად მიხვდით. მერე ეგ გამხმარი „კაპსულები“ მიწაზე მიმოაბნია, თანაც შიშველ მიწაზე კი არა, არამედ მულჩირებულ... ბრინჯს ზევიდან დააყარა მულჩი...
- მულჩი? ეგ რაღაა?
- მულჩი ნებისმიერი ორგანული ნარჩენია, ვქვათ, ახლად გათიბული ბალახი, ან შარშანდელი მცენარეულობის ნამჯა თუ ფოთლები, რასაც გლეხები და ფერმერები წვავენ ხოლმე... ანდა ქაღალდი... არაორგანულ მულჩსაც იყენებენ, მაგალითად, ცელოფანს...  ყველაფერი, რაც ნიადაგის ზედაპირს დაფარავს, მულჩია...  
- მოიცა, მოიცა, ეგ მულჩი გავიგე, მაგრამ როგორ მოიფიქრა მაგ თქვენმა ფუკუოკამ თავისი მეთოდი?
- ეგ მართლა საინტერესოა... ოცდახუთი წლისა საადმყოფოში დააწვინეს პნევმონიით, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო და თურმე რაღაც გაეხსნა... კონკრეტული იდეა კი მაშინ გაუჩნდა, როცა მიტოვებული სახლის გაუდაბურებულ ბაღში  შენიშნა, სარეველებში ბრინჯი იზრდება, ღონივრად გამოიყურება, სარეველებმა ვერ მოაშთეს...
- ეგ შეიძლება იაპონური ბრინჯია ეგეთი მაგარი, ბრინჯი სამურაი! - ჩაეცინა სანდროს,- ბრინჯი-კამიკაძე!
- კარგი შედარებაა, - გიასაც გაეღიმა, - მაგრამ საქმეც ისაა, რომ აღმოჩნდა, ფუკუოკას ნატურალური აგროკულტურის მეთოდი ყველგან მუშაობს, მთელ მსოფლიოში!.. მოკლედ, თიხის დამცავი გარსით დაფარული ბრინჯი ჩიტებმა და თაგვებმა ვეღარ შეჭამეს. ბრინჯი გაღვივდა, გაიზარდა და საბოლოოდ, მრავალი ექსპერიმენტის შემდეგ, ფუკუოკამ მშვენიერი მოსავალი მიიღო... 1978 წელს, როცა ფუკუოკას წიგნი ინგლისურად გამოიცა, მისი ფერმის მიწა 25 წლის განმავლობაში ერთხელაც არ იყო მოხნული, ქიმიკატები ერთხელაც არ იყო ნახმარი, მაგრამ ნიადაგი კი არ იფიტებოდა, ნაყოფიერება კი არ მცირდებოდა, არამედ, წლიდან წლამდე უმჯობესდებოდა, რაც იაპონიის სოფლის მეუნეობის დეპარტამენტის ექსპერტებმა ოფიციალურად დაადასტურეს.  ფუკუოკას ექსპერიმენტებს გამუდმებით აკვირდებოდნენ, ძალიან უნდოდათ თაღლითად გამოეცხადებინათ, მაგრამ ისეთი საოცარი შედეგი ნახეს, რომ სიმართლე აღიარეს. აბა, იაპონელი ექსპერტი ტყუილს ხომ არ იტყოდა! - ღიმილით დაასრულა გიამ.
- იცით რა, ბატონო გია, - ხანმოკლე დუმილის მერე ჩაილაპარაკა სანდრომ, - ეს ყველაფერი, შესაძლოა, ეგრეც იყო, როგორც ამბობთ, მაგრამ იაპონია იაპონიაა, ჩვენ კიდევ, ჩვენა ვართ... რაც იქ მუშაობს, აქაც იმუშავებს ვითომ? ეგ ხო მანქანა არაა და მექანიზმი, მეთოდია, რომელსაც პირობებიც თავისი უნდა, გარემოც და შემსრულებელიც... მერე, რაც პატარა ფერმაზე კარგად გამოდის, დიდ ფართობზეც კარგად იმუშავებს? საეჭვოა... გასარკვევია... არა, ბატონო გია, ჯერ-ჯერობით ვერაფერშიც ვერ დამარწმუნეთ!
- არც ველოდი, რომ ასე უცებ დაგარწმუნებდით, ბატონო სანდრო, - მშვიდად მიუგო გიამ, - მაგრამ ჯერ მხოლოდ პირველ პრინციპზე ვსაუბრობთ... მიწის მექანიკურ დამუშავებაზე უარის თქმა ნატურალური მიწათმოქმედების ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ანუ არ  ვხნავთ, არ ვბარავთ, არ ვთოხნით...  ასევე არ უნდა ამოვთხაროთ ფესვები. ნიადაგში ჩარჩენილი ფესვები გახრწნის შემდეგ ორგანიკით სავსე ხვრელებს ტოვებს, სადაც ჰაერი და წყალი მოძრაობს და სადაც სხვა მცენარეთა ფესვები კარგად ვითარდება... 
- მე ეგრე ვიცი, ფესვების ამოღება აუცილებელია...
- არა, ბატონო სანდრო, ეგ სწორედაც შეცდომაა... ნიადაგი უნდა იყოს დაუნგრეველი და მისი ზედაპირი დაფარული უნდა იყოს ორმაგი საფარველით: მკვადარი ორგანული ნარჩენებით და ცოცხალი ბალახის საფარით... ერთი სიტყვით, ასეთი ნიადაგი თვითონ  აფხვიერებს თავის თავს მცენარეთა ფესვების მეშვეობით, მიკროორგანიზმების, ჭიაყელებისა და წვრილ-წვრილი ცხოველების აქტივობის შედეგად...
- კარგი, კარგი, გვეყოფა, არ გვინდა ამდენი... იქნებ მეორე პრინციპზე გადავიდეთ? - მოუთმენლად ჩაილაპარაკა სანდრომ.
- გადავიდეთ... მეორე პრინციპია უარის თქმა ქიმიურ სასუქზე...  ფუკუოკა ბიოლოგიურ სასუქს იყენებდა, ვთქვათ, სამყურას... სამყურას ფესვებში სიმბიოზურად ცხოვრობენ აზოტფიქსატორი ბაქტერიები, რომლებიც ატმოსფერულ აზოტს იჭერენ და ნიადაგში აფიქსირებენ. ზოგიერთ სხვა მცენარესაც აქვს ეს უნარი. მაგალითად, იონჯას, ლობიოს, სოიოს, ფშატს, აკაციას, მურყანს... 
- ჰმ, მეგონა ეგ პირველ პრინციპში იგულისხმებოდა, ქიმიაც და ბუნებრივი სასუქიც, - გააწყვეტინა სანდრომ.
- არა, პირველია უარს თქმა ხვნაზე, მეორე - უარს თქმა ქიმიურ სასუქზე...
- მესამე? 
- მესამეა უარის თქმა მარგვლაზე და ჰერბიციდებზე, ანუ სარეველებთან ბრძოლის ქიმიურ საშუალებებზე. ფუკუოკას სწავლებით, სარეველები კი არ უნდა მოსპო, არამედ უნდა შეაკავო. ისინი ნიადაგის ნაყოფიერი ფენისა და დაბალანსებულ ბიოლოგიური სისტემის შექმნის საქმეში თავის როლს ასრულებენ. ამისთვის ფუკუოკა მხოლოდ ბუნებრივ საშუალებებს იყენებდა: თივის მულჩას, სამყურას შეთესვას იმ საკვები კულტურების, ბრინჯისა და ქერის ქვეშ, რაც მოჰყავდა, დროებით წყლის მიშვებას, მინდორის დატბორვას...
- აი, ხო ვამბობდი, იაპონელების მეთოდები არ გამოგვადგება-მეთქი!
- ბატონო სანდრო, იმას კი არ გეუბნებით, გინდა თუ არა, ბრინჯი გაამრავლეთ ფუკუოკას მეთოდით, არა... ეს ბუნებრივი, არაქიმიური საშუალებების მაგალითად მოვიყვანე მხოლოდ... დატბორვაში არაა საქმე, სხვა საშუალებებიც არსებობს...
- ჰო, კარგი, გავიდეთ ბოლოში... მეოთხე რა პრინციპია?
- უარის თქმა შხამქიმიკატების გამოყენებაზე, პესტიციდებზე... ჰერბიციდი მცენარის მკლელია, პესტიციდი კი ზოგადი სახელია ყველა მკვლელი ნივთიერებისა - რაც ხოცავს მწერებს, ბაქტერიებს, სოკოებს...  ეს უძლიერესი მომწამლავი ნივთიერებები მავნებლებს კი ანადგურებს, მაგრამ მათთან ერთად  იღუპება უამრავი სასარგებლო არსება, ეკოსისტემისთვის აუცილებელი მიკროორგანიზმი, სამუდამოდ ირღვევა ბალანსი, იწამლება ის კულტურები, რაც მოჰყავთ და რასაც მერე ჩვენ მივირთმევთ სუფრაზე.გვგონია, რომ ვიტამინებს ვიღებთ, არადა, სინამდვილეში... - გიამ ხელი ჩაიქნია და დადუმდა. 
- სულ ესაა? - იკითხა სანდრომ.
- დიახ, - თავი დაუქნია გიამ, - მოკლედ თუ გინდათ, ესაა. მაგრამ ასევე ძალიან მნიშნელოვანია მეურნეობაში ჩავრთოთ შინაური ცხოველები და ფრინველები. ჯერ ერთი, ზოგიერთი მათგანი  მწერებითა და ლოკოკინებით იკვებება. გარდა ამისა, მათი ნაკელი ჰუმუსის წარმოქმნის პროცესს ააქტიურებს. და კიდევ, მაქსიმალურ ბიომრავალფეროვნებას უნდა მივაღწიოთ: ბალახის საფარი, ბუჩქები, ხეები, ლიანები...  უნდა მოვაწყოთ „ხელშეუხებელი ადგილები“, მაგალითად ქარსაფარში, სადაც სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმები შეძლებენ დასახლებას...  
- ჰო, კაი, რაც მეტი, მით უკეთესი... მაგრამ ოთხი კი არა, ორი პრინციპი ყოფილა... - დაფიქრდა სანდრო, - არა მიწის ხვნას და არა ქიმიკატების გამოყენებას!
- ეგრე მაშინ სულაც ერთ პრინციპზე შეიძლება დავიყვანოთ, უფრო სწორად, ლოზუნგზე: ნუ კლავთ მიწას, თავი გაანებეთ და ბუნებრივად მოგცემთ ყველაფერს!
- მერე ეგ ხომ სისულელეა? ტყუილი!
- რატომ?
- იმიტომ, რომ ბუნებრივად, ანუ თავისით, არავინ არაფერს მოგცემს, არც მიწა და არც ადამიანი... არავინ! - სანდრომ სვლა შეანელა, ბენზინგასამართ სადგურთან შეჩერდა, მიმოიხედა, მაგრამ ჩამომსხმელი არ გამოჩნდა, - მთელი ცხოვრება მატყუებენ, ზღაპრებს მიყვებიან და, აი, თქვენც... აღარ ვენდობი არავის! - გააგრძელა სანდრომ წყენით, კარი გააღო და მანქანიდან გადავიდა.
- არადა, სწორედ ეგაა რევოლუციური გადატრიალება, საწინააღმდეგოს რო მიხვდება კაცი. ჩალის ღერის რევოლუცია... - თავისთვის ჩაილაპარაკა გიამ და ამოიოხრა. მერე კი დაუმატა, - თუ მიხვდება საერთოდაც... - და ისიც გადავიდა მანქანიდან. 
ამ დროს სანდრო და ბენზინის ჩამომსხმელიც გამოჩნდნენ. გიამ უთხრა:
- გავისეირნებ ერთ ადგილას და მოვალ, სანამ ბენზინს ჩაასხამთ...
სანდრომ უხმოდ დაუქნია თავი. 
ცოტა ხნის მერე გია მანქანაში ჩაჯდა. ხელში ცელოფანის პაკეტები ჰქონდა.
- ეგ რა არის? - იკითხა სანდრომ, თუმცა პასუხი ისედაც ცხადი იყო. მანქანაში გემრიელი სურნელი დატრიალდა.
- საცხობი დავინახე, თონის პური, ნაზუქები და ხაჭაპურები ედოთ დახლზე, ჰოდა, ვიყიდე, დილით არ მისაუზმია, ისე წამოვედი ბათუმიდან... მოდი, ცოტა წავიხემსოთ, აგერ ლიმონათიც ვიყიდე და ლიკანიც... - გიამ პაკეტებიდან ახალგამომცხვარი, მადისამძვრელი გემრიელობების ამოღება დაიწყო, სანდროს მიაწოდა.
- დიდი მადლობა, - გაუღიმა სანდრომ, - ახლავე, მანქანას მივაყენებ გვერდზე და...
რამდენიმე წამში უკვე გემრიელად ილუკმებოდნენ.
- იცით რა ვიფიქრე, ბატონო გია? - დაიწყო სანდრომ, როცა ჭამას მორჩნენ, - არ გვინდა ეგ ნიძლავი... გავაუქმოთ.
- ვითომ რატომ? - გაუკვირდა გიას.
- არ ავიღებ და იმიტომ, - მიუგო სანდრომ, - ორმაგი საფასური ნამეტანი უნამუსობა იქნება ჩემი მხრიდან...
- ვახ, უფრთო ანგელოზი ყოფილხართ, ჩემო სანდრო, - გიამ ჩაცინებით, ცოტა არ იყოს, ფამილარულადაც კი უთხრა, - მაგრამ იქნებ აქეთ გქონდეთ ბოლოს გადასახდელი?
- გამორიცხულია, - ასპროცენტიანი დარწმუნებით უპასუხა სანდრომ, - ანგელოზი არა ვარ, მაგრამ არც გნიდა მინდა ვიყო... ამ ბავშვურ ნიძლავში ორმაგი თანხა როგორ გამოგართვათ?.. 
- მაშ, ბავშვური ნიძლავია? თუ ბავშვივით გულუბრყვილო ვარ, პირიქით, უნდა გამწეწოთ ბოლომდე, ასეთი წესი არაა ახლა? - გიამ ღიმილით გააქნია თავი, - მაგრამ ნუ ჩქარობთ, ბატონო სანდრო, ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი... 
სანდრომ ალმაცერად გაიღიმა და მანქანა უხმოდ დაქოქა. ტრასაზე გავიდნენ. 
- მოდი, ახლა პერმაკულტურულ რევოლუციაზე ვისაუბროთ... - დინჯად დაიწყო გიამ.
- ისევ რევოლუცია? - დაიჯღანა სანდრო, - ის ერთი რა, არ გვეყო? იაპონური?
- არა, არ გვეყო... გვაქვს უთვალავი ფერითა!.. - ხალისით ჩაილაპარაკა გიამ, - იაპონურ რევოლუციაზე ხო უკვე ვისაუბრეთ მოკლედ, ახლა ავსტრალიურს მივხედოთ... ერთი მეორეს კი ჰგავს, მაგრამ განსხვავებაც არის, ცხადია, ჰოდა, მოდი, გავარკვიოთ...
- გავარკვიოთ, სხვა რა გზაა... - ჩაიბურტყუნა სანდრომ. 
- იყო და არა იყო რა, იყო ერთი პიროვნება, სახელად ბილ მოლისონი... - დაიწყო გიორგიმ, - თავის თავს საველე ბიოლოგსა და მოხეტიალე მასწავლებელს  უწოდებდა...
- ეგ „იყო და არა იყო რა“, უკაცრავად და, რა პონტია? - ეჭვით იკითხა სანდრომ, ხომ არ მაშაყირებენო.
- საკაიფო პონტია, - ღიმილით უთხრა გიამ, - ნუ ღელავთ... ამქვეყნად ყველაფერს პიროვნება იწყებს... ენთუზიასტი პიროვნება...
- აბა, ცხოველი ხომ არ დაიწყებს... ოღონდ ზღაპრები არ გამაგონოთ! თუნდაც საკაიფო!
- არავითარი ზღაპრები, მხოლოდ ფაქტები, ცარიელი, მშრალი, დოკუმენტური ფაქტები! - გამოაცხადა გიამ ლამისაა საზეიმოდ, - ბილ მოლისონმა ფუკუოკას პარალელურად  შეიმუშავა სივრცის, გარესამყაროს ორგანიზების, დაპროექტების ანუ დიზაინის სისტემა, რომელსაც დაარქვა “პერმაკულტურა”… 
- “პერმაკულტურა”? რას ნიშნავს? პირველად მესმის, - გააწყვეტინა სანდრომ, - ისე, პერმში კი ვარ ნამყოფი...
- პერმი რა შუაშია? - გაოცდა გია, - რუსული ქალაქი პერმი?
- ჰო, რუსული, - სანდრომ თავი სერიოზულად დაუქნია, მერე კი ჩაეცინა, - ჰოდა, მეც ეგ გამიკვირდა, სად პერმი და სად კულტურა?
- რუსეთი რა შუაშია, ავსტრალიელი იყო ბილ მოლისონი, ავსტრალიელი!
- და რაო კენგურუმ? - ისევ ჩაიცინა სანდრომ, - სკუპ-სკუპ?
გიამ არ უპასუხა. დაფიქრდა. ეტყობა, ვერ გადაეწყვიტა, როგორი რეაქცია ჰქონოდა ამ უკბილო ხუმრობაზე. პაუზა გაიწელა. ბოლოს გიამ ჩაილაპარაკა:
- ბატონო სანდრო, მოდი, აგიხსნით ზედმეტი გართულების გარეშე, რა არის ეს „პერმაკულტურა“, თქვენ კი შეგიძლიათ მერე იხუმროთ, რამდენიც მოგესურვებათ...
- მე საწყენად კი არ მითქვამს, - მიუგო სანდრომ, - გისმენთ, ჩემო ბატონო!
- პერმაკულტურა შეიქმნა ორი სიტყვის შეერთებით - Permanent, ანუ მუდმივი და Agriculture, ანუ სოფლის მეურნეობა. 
- მუდმივი რა გაგებით?
- იმ გაგებით, რომ არაერთჯერადია, უწყვეტია, ციკლურია... თავიდან პერმაკულტურა ჯანსაღი საკვების წარმოებას ისახავდა მიზნად, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც ყოვლისმომცველი დიზაინის, ანუ პროექტირების სისტემა, რომელიც ეკოლოგიურად აგეგმარებს ნებისმიერ გარემოს... 
- რას ნიშნავს ეკოლოგიურად აგეგმარებს?
- ეს ნიშნავს, რომ ადამიანი წინასწარ ქმნის მის მიერ დაკავებული თუ ასათვისებელი სივრცის იმგვარი ორგანიზების გეგმას, რომ იყოს ეკოლოგიურად გამართლებული, ეკოლოგიური მოდელების თარგზე აწყობილი…
- ანუ?
- იყოს ბუნებრივი, ჯანსაღი, დაბალანსებული, სიცოცხლისუნარიანი, აღწარმოებადი, ნაყოფიერი, ეფექტიანი...
- ეგ სიტყვებია, ცარიელი სიტყვები... - ჩაილაპარაკა სანდრომ ცალყბად.
- ჰოო... - გია დაფიქრდა წამით და მერე იკითხა, - „ცარიელი სიტყვები“ ანუ რა, გულს არ ეხება?... 
- არც გულს ეხება და არც... - სანდრომ ფრაზა აღარ დაამთავრა.  
გიამ ოდნავგასაგონად ამოიოხრა და ჩაილაპარაკა:
- სიგარეტს ვეწეოდი მთელი ცხოვრება, როგორც იქნა დავანებე, უკვე აღარც კი მესიზმრება და ეხლა მომინდა, ისე მომინდა, რომ... ხომ არ გაქვთ?
- არა, არ ვეწევი, - უპასუხა სანდრომ, მერე დაფიქრდა, ალმაცერად გაიღიმა და ჰკითხა, - ბატონო გია, მე ხომ არ მოგანდომეთ სიგარეტი შემთხვევით? ანუ ჩვენმა ლაპარაკმა...
- არა, როგორ გეკადრებათ, - თავაზიანად, ხაზგასმით თავაზიანად მიუგო გიამ.
- გაგიჩეროთ, მაღაზია როცა გამოჩნდება? იყიდით? - ჰკითხა სანდრომ.
- არა, არა, არ მინდა, - უთხრა გიამ, ფანჯარაში თავი გაყო, ჰაერის ნაკადს მიუშვირა წამით და შემოყო, - აგვისტოა, მაგრამ როგორ გრილა... 
- ვეღარ გავიგე, გლობალური დათბობაა თუ აგრილება... - ჩაილაპარაკა სანდრომ.
- მოდი, პერმაკულტურაზე ვიტყვი კიდევ რამდენიმე სიტყვას, - გააგრძელა გიამ, - გლობალურ დათბობაზე მერე ვილაპარაკოთ... პერმაკულტურით მაინცდამაინც ვერ დაგაინტერესეთ, ეტყობა, მაგრამ კიდევ მინდა ვცადო...
- სცადეთ, - ოდნავშესამჩნევად ჩაეღიმა სანდროს, - თქვენი ნებაა...
- ჯერ მოლისონის პიროვნებაზე გითხრათ ორიოდე სიტყვა თუ პირდაპირ პერმაკულტურის პრინციპებზე გადავიდე?
- რამდენი პრინციპია?
- თორმეტი.
- ოჰო... მაშინ ჯობია პიროვნებაზე თქვით... ამქვეყნად ხომ ყველაფერს პიროვნება იწყებს? 
-  ცხადია, პიროვნება, - თავი დაუქნია გიამ, - ოღონდ ენთუზიასტი.
- ოღონდ მოკლედ თქვით, - გააფრთხილა სანდრომ.
- ცხადია, მოკლედ, - გაუღიმა გიამ, - ბიოგრაფიას არ მოვყვები, უბრალოდ, მთავარს ვიტყვი: ბილ მოლისონი პერმაკულტურის შემქმნელია და მისი დამსახურებაა, რომ ეს სწავლება მთელს მსოფლიოში გავრცელდა... მოლისონი თხუთმეტი წლით უმცროსი იყო ფუკუოკაზე. პარალელურად მუშაობდნენ, თუმცა ფუკუოკამ გაცილებით ადრე დაიწყო, არადა, დღეს მოლისონი, ალბათ, უფრო ცნობილია, ვიდრე ფუკუოკა... უცნაური დამთხვევა მოხდა, 1978 წელს ფუკუოკამ ინგლისურად დასტამბა თავისი „ჩალის ღერის რევოლუცია“  და იმავე 1978 წელს ბილ მოლისონმა, თავის ყოფილ სტუდენტთან და თანაავტორთან, დევიდ ჰოლმგრენთან ერთად გამოსცა „პერმაკულტურა 1“. იმავე წელს მოლისონმა ინსტიტუტი დაარსა, რომელიც დღესაც მთელ მსოფლიში პერმაკულტურის პროპაგანდას ეწევა... ქმნის ახალ ცენტრებს....
- ცოცხალია?
- მოლისონი? არა, გარდაიცვალა. ოთხი წლის წინათ.
- და ფუკუოკა?
- ფუკუოკა თოთხმეტი წლის წინათ. 
- ანუ რა, ამ ორმა კაცმა ორი ერთნაირი სისტემა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შექნა? მართლა ერთნაირია? 
- არა, ბატონო სანდრო, მე არ მითქვამს, რომ ერთნაირი სისტემებია. საერთოა მთავარი. საერთოა მსგავსი დამოკიდებულება, ეკოლოგიური აზროვნება, მაგრამ მოლისონმა თავისი სისტემა უფრო განაზოგადა, მთელს გარესამყაროს მიუსადაგა... ადამიანს მხოლოდ საკვები მცენარეების მოყვანაში კი არ ეხმარება, არამედ გარემოს ათვისებაში, მის გონივრულ ორგანიზებაში. ფაქტობივად, ესაა დიზაინის ფილოსოფია...
- ჰმ, ესაა ცარიელი თეორია, ლაი-ლაი, - გააწყვეტინა სანდრომ, - და მე რა ხეირი აქედან? რას მომცემს ეგ თქვენი ფილოსოფია? რაში გამომადგება?
- თუ გაერკვევით, შეისწავლით და სწორად გამოიყენებთ, ძალიანაც გამოგადგებათ. ოჯახსაც შეინახავთ, ხეირიც გექნებათ და ჯანსაღი პროდუქტიც... შრომაც გაცილებით ნაკლები მოგიწევთ... ხარჯი - მინიმალური... სხვათა შორის, ფუკუოკა თავის  სწავლებას„არაფრის კეთების“, ანუ „ზარმაცების“ სისტემას უწოდებდა...
- „ზარმაცების“ სისტემას? - გამოცოცხლდა სანდრო, - ჰმ, რაღაც ზღაპარსა ჰგავს მართლა...
- გახსოვთ, ლაპარაკი იმით დავიწყე, ნაცარქექია ჩემი საყვარელი გმირია-მეთქი?
- კი, მახსოვს.
- ჰოდა, ამით იმის თქმა მინდოდა, რომ ფუკუოკას სისტემა და ასევე, პერმაკულტურა ზედგამოჭრილია ჩვენთვის, ცოტას მუშაობ და მრავალფეროვან, მდიდარ მოსავალს იღებ...
- ეჰ, ნეტავი კი ეგ შესაძლებელი იყოს, - ჩაილაპარაკა სანდრომ ოცნებით, - დავბრუნდებოდი სოფელში, ვიმუშავებდი ჩემს მიწაზე... ჩემი კაკლის ქვეშ წამოვწვებოდი მოლზე... - უცებ თავი გააქნია და კატეგორიული ტონით დაასრულა, - მაგრამ, ვაი, რომ ზღაპარია! 
- იქნებ არაა ზღაპარი? - შეაპარა გიამ, - იქნებ...
- დამიმტკიცეთ!
- მომისმინეთ და დარწმუნდებით!..
- აკი გისმენთ, ჩემო ბატონო, მაგრამ რად გინდა? ერთ ზღაპარს მეორე ემატება!
- მომისმინეთ ბოლომდე, ბატონო სანდრო, და მერე განსაჯეთ! ბოლოს გამოიტანეთ დასკვნა!
- ბოლომდე მოგისმენთ, ჩემო ბატონო, თუკი ეს გიშველით... მაინც ერთი გზა გვაქვს... - სანდროს ჩაეცინა, -  სანამ თბილისში ჩავალთ და დიღომში, ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე მიგიყვანთ, შეგიძლიათ ილაპარაკოთ, რაც გნებავთ და რამდენიც გნებავთ...  მისამართი ხომ არ შემეშალა?
-  არა, არ შეგშლიათ, ბატონო სანდრო... და ჩვენი ნიძლავიც ძალაშია.
- ძალაშია? - სანდრო აშკარად გაოცდა, - კი მაგრამ, ხომ გითხარით, რომ...
- სიტყვა სიტყვაა!
- ჰმ... - სანდრომ მხრები აიჩეჩა, დაფიქრდა და მერე ფრთხილად იკითხა, - კი მაგრამ, რატომ ხართ ასე დარწმუნებული, რომ ნიძლავს მოიგებთ? რა გაქვთ ასეთი სათქმელი?აუცილებლად რომ დავიჯერებ და ვაღიარებ, დავმარცხდი?
- ვნახოთ. - მოკლედ მოუჭრა გიამ, - ბოლომდე წამომყევით!
- მოგყვებით, ბატონო ჩემო... სხვა რა გზაა... - სანდრომ ცალყბად გაიღიმა, - ერთი გზა გვაქვს!
გიამ არაფერი უპასუხა და მოულოდნელად სანდროს მხარზე მეგობრულად, მსუბუქად  წაჰკრა ხელი. სანდროს გაეცინა, მაგრამ ხმა არც მას ამოუღია. ერთხანს მდუმარედ მიდიოდნენ.
- სხვათა შორის, - განაგრძო გიამ, - მე სულაც არ მგონია, რომ ქართველი კაცი ზარმაცია, შრომა არ უყვარს და მაგიტომაა ფუკუოკას ნატურალური მეთოდი, ანდა მოლისონის პერმაკულტურა ჩვენთვის ზედგამოჭრილი.
- აბა, რატომ?
- ზედგამოჭრილია იმიტომ, რომ ქართველ გლეხს მისცემს საშუალებას, გადარჩეს, ოჯახი არჩინოს, საზღვარგარეთ არ გაიქცეს სამუშაოდ, ცხრა მთას იქით არ გადაიხვეწოს, თავისი მიწა-წყალი არ მიატოვოს... როცა მიწას არ ხნავ, როცა არც ტრაქტორი გჭირდება და არც საწვავი, არც ქიმიურ სასუქები და არც შხამქიმიკატები, მორწყვაც კი არ უნდა ნაკვეთს, წარმოიდგინეთ, რამდენად იოლი  და იაფი ხდება მიწაზე შრომა და მოსავლის მიღება! და რამდენად ჯანსაღი და ნოყიერი იქნება პროდუქტი!
- ეეჰ, - ამოიოხრა სანდრომ, -და საერთოდ მოვა რო ეგ ჯანსაღი და ნოყიერი პროდუქტი? არ შეჭამს, მახრაა თუ რაღაც ჯანდაბა?
- მოვა, მოვა! - დარწმუნებით გამოაცხადა გიამ, - სად წავა?
- ჰმ, ნეტავი კი შემეძლოს თქვენს თავში ჩავიხედო და ვნახო, რატომ გჯერათ ამ ზღაპრების... - სანდრომ ხმადაბლა, თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა. 
- ზღაპრების კი არა, პრინციპების მჯერა... - თქვა გიამ, - ჰოდა, ეხლა პერმაკულტურის თორმეტ პრინციპს ჩამოგითვლით!
- მიდით, მიდით, ჩამომითვალეთ... 
- პირველი: დააკვირდით და ურთიერთმოქმედებაში შეისწავლეთ.
- რას უნდა დავაკვირდე?
- პერმაკულტურა თქვენი კონკრეტული ნაკვეთის  და ადგილობრივი გარემო პირობების არსობრივ გაგებას ეფუძნება.  იდეალურ ვარიანტში, თქვენი ნაკვეთი მთელი წლის განმავლობაში უნდა შეისწავლოთ, ყველა სეზონში, დააკვირდეთ ბუნების მოვლენებს: მზეს,  ქარს, წვიმას, სეტყვას, თოვლს და ასევე, ცხოველებს, ხმაურს, შესაძლო დაბინძურებას და ა.შ. და ა.შ.  მოინახულოთ მეზობლად მდებარე ბაღები, რომ ნახოთ, თქვენს არემარეში რა ხარობს ყველაზე უკეთ...
- ეგ ხომ ისედაც ვიცი! -  სანდრომ, ცოტა არ იყოს, გამომწვევად წამოიძახა.
- კი, ცხადია იცით, მაგრამ ეს პრინციპები, რაზეც ახლა ვლაპარაკობ, პირველ რიგში, განკუთვნილია მათთვის, ვინც ახალი ფერმის გაშენებას აპირებს და, მეორე რიგში, მათთვის, ვინც უკვე არსებულის გადაკეთებას ფიქრობს პერმაკულტურულად. გადაკეთება, სხვათა შორის, ბევრად უფრო რთულია, რადგან პერმაკულტურული მიდგომა მოითხოვს ყველა ბუნებრივად არსებული თუ ხელოვნურად შექმნილი კომპონენტის გააზრებულად, ოპტიმალურად განლაგებას და ურთიერთდაკავშირებას, რათა ეკოლოგიურად დაბალანსებული, ეფექტიანი სისტემა შეიქმნას. ჰოდა, რა უნდა ქნა, თუკი მიხვდები, რომ შენი სახლი, ვთქვათ, ბორცვის თავზე კი არ უნდა იდგეს, არამედ, ფერდობზე ან ბორცვის ძირას?... რას იზამ, დაანგრევ სახლს? თუ დაშლი, ახალ ადგილზე გადაიტან და ისევ ააწყობ? ძნელი წარმოსადგენია, კაცმა ეს მოახერხოს. ამიტომ პერმაკულტურული მეურნეობის მოწყობა ჯობია ცარიელ ნაკვეთზე, სადაც ერთწლიანი წინასწარი დაკვირვების შემდეგ გონივრულად შეადგენთ დიზაინს, ანუ კონკრეტულ გეგმა-პროექტს, რომელშიც ყველა კომპონენტს საუკეთესო ადგილი ექნება მიჩენილი და თქვენი ფერმა... ილონ მასკის ტესლასავით  იმუშავებს!
- ეგ რაღა შუაშია? - სანდრომ ეჭვიანად ჩაილაპარაკა, - მართლა კარგი ელექტრომობილი მე ჯერ არ მინახავს...
- არაფერ შუაშია, უბრალოდ თავიდან მინდოდა მეთქვა, კარგად დაზეთილი მექანიზმივით იმუშავებს-მეთქი, მაგრამ ბოლო წამს გადავიფიქრე... რაღა დროს დაზეთვაა და... მერსედესები!
- არა, რატომ, მერსედესი მერსედესია... და ყოველთვის იქნება!
- ეგეც მართალია, -  გია მორჩილად დაეთანხმა და გააგრძელა, -  მეორე  პრინციპია: დაიჭირეთ და დააგროვეთ ენერგია! 
- ენერგია როგორ უნდა დაიჭირო?
- როგორ და, მარტივად! აი, ციყვი, მაგალითად, როგორ ემზადება ცივი ზამთრისთვის? ფუღუროში იმარაგებს თხილს და კაკალს. ჩვენც შეგვიძლია ენერგიის შენახვა კონსერვაციის გზით. ანდა ორანჟერეა ავიღოთ. თუ სწორად არის განლაგებული, შეიძლება სხვა შენობებისა და სათავსოებისთვის სითბოს წყაროს როლი ითამაშოს. ალტერნატიული ენერგიის, მზის ენერგიის მოპოვება და გამოყენება დღეს უკვე რეალურია, რენტაბელურიც და მომგებიანიც...
- მაგას დიდი ფული უნდა, -  ხელი ჩაიქნია სანდრომ.
- არც ისე, - მიუგო გიამ, - მესამე პრინციპია: მიიღე სარგებელი! თქვენი პერმაკულტურული ბაღისა თუ ფერმის მთავარი მიზანი, ცხადია, კარგი მოსავლის მიღებაა. ყველაფერი ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. მაგრამ სხვა სარგებელიც არსებობს, მაგალითად ინფორმაციის და პრაქტიკული რჩევების გაცვლა პერმაკულტურისტ ფერმერებს შორის, ანდა ურთიერთდახმარება, ერთობლივად მუშაობა - ნადის ტრადიცია გავიხსენოთ...
- მაგას პერმაკულტურა არ სჭირდება!
- მართალია, მაგრამ ეს ორი ერთად, ძალიან მაგარი რაღაც გამოვა!
- ოცნებას კაცი არ მოუკლავს, - ჩაილაპარაკა სანდრომ, - მაგრამ, აი, გაგიჟება კი შეუძლია, მე მგონი.
- ნუ ღელავთ, არავინ არ გაგიჟებულა ჯერ და არც გაგიჟდება, - დაამშვიდა გიამ, - მეოთხე პრინციპია: თვითრეგულირება და უკუკავშირი. ანუ ეს გულისხმობს, რომ ჩვენ თავს  უნდა ვაცნობიერებდეთ, როგორც ჯაჭვის რგოლს, ჯაჭვისა, რომელიც წარსულში დაიწყო და მომავალში გრძელდება. ანუ ჩვენ არ ვართ იზოლირებული, განცალკევებული არსებები. ჩვენს თვითრეგულირებაზე, ჩვენს მცდელობაზეა დამოკიდებული, რა ცხოვრება ექნებათ ჩვენს შვილებს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს... არსებობს ინდური ანდაზა: იფიქრე შვიდ თაობაზე. იგულისხმება მომავალი შვიდი თაობა. მაგრამ ასევე უნდა ვიფიქროთ ჩვენი წინაპრების თაობებზე...  
- ა, ბატონო, ვიფიქრე წინაპრებზე და რაღაც ვერ დავინახე, პერმაკულტურით იყვნენ გატაცებული!.. - ჩაეცინა სანდროს.
- იფიქრეთ კი, ბატონო სანდრო? - სერიოზულად, ღიმილის გარეშე ჰკითხა გიამ, - რომ გეფიქრათ მართლა, შეამჩნევდით, ჩვენი წინაპრები იყენებდნენ პერმაკულტურის ანდა ფუკუოკას პრინციპებს, ოღონდ, ცხადია, არ იცოდნენ, რომ ასე დაერქმეოდა...
- რას ნიშნავს იყენებდნენ? რას იყენებდნენ?! - სანდრო ისე გაოცდა, რომ მანქანა გზის პირზე გადაიყვანა, გააჩერა და გიორგის მიუბრუნდა, თვალებში ჩახედა, -  ახლავე დამიმტკიცეთ, ახლავე დამისახელეთ, რას იყენებდნენ, თორემ ამოვიდა ყელში ეს ცარიელი ლაი-ლაი, ვაჰ!
გიორგიმ სანდროს თვალი გაუსწორა და დინჯად, აუღელვებლად მიუგო:
- ახლავე, ბატონო სანდრო. უმარტივეს მაგალითს მოგიყვანთ. დასავლეთ საქართველოში გონიერი გლეხი სიმინდის ნათესში ლობიოს, გოგრას, სოიოს შეთესავდა და მის დასაცავად  სორგოსანუ  ცოცხს იყენებდა. გლეხმა იცოდა, რასაც აკეთებდა. ლობიო და სოიო აუმჯობესებდა ნიადაგს, აზოტით ამდიდრებდა... 
- გლეხმა აზოტი იცოდა? - ირონიულად იკითხა სანდრომ, თავი გააქნია და მანქანა დაქოქა.
- არა, აზოტი რა იყო, ცხადია, არ იცოდა, მაგრამ ხედავდა, რომ ნიადაგი უკეთესი ხდებოდა... გლეხი ზაფხულში მწვანე ლობიოს ჭამდა, ზამთარში - ხმელს. სოიოს და გოგრას პირუტყვის და ხშირად, თავის საკვებადაც იყენებდა. იცოდა, რომ გოგრა ნიადაგში ტენის შენარჩუნების მშვენიერი საშუალებაა. ცოცხი ნათესებს ქარისაგან იცავდა, შემდეგ მას ოჯახში იყენებდნენ ან ჰყიდნენ... სხვადასხვა კულტურების ერთად გახარება სხვა არაფერია, თუ არა პერმაკულტურის პრინციპი!
- ორი მცენარის ერთად გახარება პერმაკულტურაა? 
- დიახ, ბატონო სანდრო, და ფუკუოკას ნატურალური მეურნეობაც მაგას გვეუბნება!  მოყვანილი სქემა ორივე სისტემის საუკეთესო მაგალითია... ჩვენმა წინაპრებმა  იცოდნენ „მეგობარი“ მცენარეების ფასი, - ანუ ისეთი მცენარეების, რომლებიც ერთმანეთს ხელს კი არ უშლიან, არამედ, პირიქით, ხელს უწყობენ, - და წარმატებით იყენებდნენ ამ მეთოდს. ხსენებული მიდგომა  უზრუნველყოფს მრავალფეროვნებას, ენერგეტიკული რესურსების განაწილებას, წლის განმავლობაში საკვებით მომარაგებას, ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნებას და ასე შემდეგ.
- „ასე შემდეგში“ რა იგულისხმეთ, არ ვიცი, მაგრამ მცენარეთა ეს „მეგობრობა“ რაღაც არ მეჩვენება სერიოზულად... - ცალყბად ჩაილაპარაკა სანდრომ.
- ძალიან ტყუილად, - თავი გააქნია გიამ, - სამწუხაროდ, ეს ტრადიცია ჩვენმა ხალხმა დაივიწყა. არადა, დღეს ქართველი გლეხის გადარჩენის საუკეთესო საშუალება სწორედ ფუკუოკას მეურნეობის, ანდა პერმაკულტურის გავრცელება იქნებოდა!..
- ბატონო გია, როგორ გინდათ დაარწმუნოთ ქართველი გლეხი, გამოიყენოს ეს  თქვენი ვითომ ძველი და სინამდვილეში კი, რაღაც ახალი და არნახული მეთოდები, როცა კრედიტი აქვს ბანკისგან აღებული და მოსავალი თუ არ მოუვიდა, უბრალოდ, დაიღუპება? ასეთ რისკზე რატომ წავა? გიჟი ხომ არაა? გლეხი გააკეთებს იმას, რაც იცის, მორჩა და გათავდა!
- მართალია, გლეხი კონსერვატორია თავისი ბუნებით, თავისი მოცემულობით... რისკზე არ წავა... 
- ჰოდა, თუ მეთანხმდებით, ბატონო გია, აღიარეთ, რომ წააგეთ ნიძლავი!.. მე, გეპეი დამთავრებული ტაქსისტი ვერ დამარწმუნეთ და ქართველ გლეხს დააარწმუნებთ? ზღაპარია!
- არა, არც ეგრე მარტივადაა საქმე... 
- ვაჰ, თქვენ რა ჯიუტი კაცი ბრძანდებით, ჩემო ბატონო, - ჩაიცინა სანდრომ, -  კახელი ხართ, ეტყობა... არ მოგბეზრდათ მაინც ამდენი... ბაზარ-ვაგზალი?
- არ მომბეზრდა... ბოლომდე მივიყვან ამ ჩვენ საუბარს და... ბოლოს ნახავთ!
- რას ვნახავ ბოლოს? - სანდრო ეჭვით ჩაეკითხა.
- სიურპრიზს!
- ჰოჰ! სიურპრიზებიღა გვაკლდა!
- დიახ, ბატონო სანდრო. ეგრეა. მაგრამ სანამ თბილისში ჩავსულვართ, დაწყებულ სათქმელს გავაგრძელებ... პერმაკულტურის თორმეტ პრინციპს... მეოთხეზე ვიყავით, არა? 
- უკვე დამავიწყდა ეგენი... აი, ფუკუოკასი კი მახსოვს... მიწა არ მოხნა და ქიმია არ იხმაროო...
- ფუკუოკა რომ გახსოვთ, მშვენიერია... იმასაც გაგახსენებთ, რაც ცოტა ხნის წინ ვთქვი: პირველი: დააკვირდით და ურთიერთქმედებაში შეისწავლეთ... მეორე: დაიჭირეთ და დააგროვეთ ენერგია... მესამე: მიიღეთ სარგებელი... მეოთხე: თვითრეგულირება და უკუკავშირი...
- მოდი, ეგრევე გააგრძელეთ რა, მოკლედ!.. თითო სიტყვით! 
- კარგი, ბატონო სანდრო, ასე შეიძლება უკეთესიც კი იყოს, უფრო აღიქვათ, ერთიანად... კითხვები და კომენტარები მერე იყოს... მაშ ასე, მეხუთეა: გამოიყენეთ აღდგენადი რესურსები... მეექვსე: წარმოება ნარჩენების გარეშე... მეშვიდე: დიზაინი მთლიანიდან ნაწილებისკენ... მერვე: ურთიერთშევსება და არა განცალკევება... მეცხრე: გამოიყენეთ პატარა და ნელი გადაწყვეტილებები... მეათე: გამოიყენეთ მრავალფეროვნება... მეთერთმეტე: ეფექტიანი გამოყენება... მეთორმეტე: შემოქმედებითი რეაგირება ცვლილებებზე.
- ჰმ, ვერაფერიც ვერ აღვიქვი ერთიანად... გაუგებარია... - სანდრომ უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა, - გუგლი რო თარგმნის, იმასა ჰგავს... რა ნიშნავს „გამოიყენეთ პატარა და ნელი გადაწყვეტილებები?“ ეგრე თქვით, არა?
- დიახ, ეგ მეცხრე პრინციპია...
- და რას ნიშნავს? პატარა და ნელი გადაწყვეტილება რა უბედურებაა? რატომ უნდა გამოვიყენო? 
- ბატონო სანდრო, სხვათა შორის, გუგლზე რაც თქვით, მართალია, სამწუხაროდ. ძალიან მოქმედებს ქართულ ენაზეც და ჩვენს ფსიქიკაზეც. ანუ პრიმიტიულად, სწორხაზოვნად რომ თარგმნის...  მაგრამ  პერმაკულტურას მივუბრუნდეთ... ეს, მეცხრე პრინციპი გულისხმობს, რომ პერმაკულტურაში სწრაფი შედეგის მიღებას მიზნად არ ვისახავდეთ. ჩვენი მიზანია ისეთი ბაღი, ისეთი ფერმა შევქმნათ, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება, მთლიანობის ფუნქციონირებაში წვლილი რომ შეაქვთ. ანუ დაბალანსებული სისტემა, რომელიც თავისით მუშაობს. ამის მაგალითია მრავალწლიანი კულტურები. ენერგიას გვიზოგავენ, ნიადაგსაც არ აწუხებენ. მათგან შემოსვალი, შესაძლოა, უფრო მცირეა, ვიდრე ერთწლიანი კულტურებისგან, მაგრამ სტაბილ...
-  ჩემო ბატონო, ქართველ კაცს ყველაფერი უნდა უცებ და ბევრი! პატარა და ნელი იყავიო, რომ ეტყვით, აბა, გამოგყვებათ? დაგიჯერებთ?! 
- სიტყვაზე არ დაიჯერებს, ეგ მართალია, მაგრამ...
- სიტყვის მეტი რა გაქვთ რო? 
გიამ არ უპასუხა, თვალები მილულა, გაიღიმა და იდუმალი, ლამისაა მისტიური ინტონაციით ჩაილაპარაკა:
- სიუურ პრიი ზიიი...
სანდრომ გაოცებით გახედა:
- მოგცლიათ, ერთი...
ერთხანს ჩუმად მიდიოდნენ.
- რამდენ ხანში ჩავალთ? - იკითხა გიამ. 
- ერთ საათში დაახლოებით...
- მაშინ კიდევ მოვასწრებ რაღაც-რაღაცეების თქმას, რაც გამომრჩა, არადა, სათქმელია... აქცენტების გაკეთებაა საჭირო...
- საჭიროა, რო? რაც უნდა მითხრათ, არაფერი შეიცვლება, - თავი გააქნია სანდრომ, - მაინც არ დაგიჯერებთ... ასე რომ, ტყუილად ირჯებით, ჩემო ბატონო...
- ეგ ეხლა გგონიათ ეგრე, - პატარა ბავშვივით დაუყვავა გიამ, - მაგრამ ბოლოს ყველაფერი შეიცვლება, ბატონო სანდრო, ყველაფერი!...
სანდრომ არაფერი უპასუხა, მხოლოდ მხრები აიჩეჩა. 
- სრული სურათი რომ დაიხატოს, ფუკუოკას და მოლისონის სისტემებზე სწორი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, კიდევ ბევრია სალაპარაკო, ძალიან ბევრი... - გააგრძელა გიამ.
- უუჰ... - ამიოხრა სანდრომ, - თანაც „ძალიან“?
- მაგრამ მოკლედ ვიტყვი, მაქსიმალურად მოკლედ, ნუ ღელავთ! - გაუღიმა გიამ, - უნდა გავაცნობიეროთ, რომ სისტემები, რომლებზეც ვლაპარაკობ, უბრალოდ მებაღეობის პრაქტიკული მეთოდები კი არაა, არამედ აზროვნებისა და ცხოვრების წესი, ერთგვარი ფილოსოფია...
- ფილოსოფია ქართველ კაცს არ უყვარს, - ჩაურთო სანდრომ, - არავინ მოგისმენთ... ბოლომდე.
- თქვენს გარდა, - ჩაეცინა გიას.
- სხვა გზა არ მაქვს, თორემ არც მე მოგისმენდით ბოლომდე, - გულახდილად უთხრა სანდრომ. 
- ჰოდა, მაშ, ისმინეთ... - ღიმილით გააგრძელა გიამ, - ესაა ფილოსოფია, რომელიც ადამიანისა და ბუნების ჰარმონიულ, ჯანსაღ, დაბალანსებულ თანაცხოვრებას გულისხმობს. ანუ რეალურ თანამშრომლობასა და უკუკავშირს... ფუკუოკას ნათქვამია: „ბუნებრივი სოფლის მეურნეობა მხოლოდ მოსავლის მისაღებად კი არაა, არამედ ადამიანის კულტივირებისა და სრულყოფისათვის”.
- ხუმრობთ? - სანდრომ ალმაცერი მზერა ჰკიდა, -  ადამიანის სრულყოფისათვის?!
- არა, არ ვხუმრობ, - სერიზულად მიუგო გიამ, - დიახ, ადამიანის სრულყოფისათვის... მეტსაც გეტყვით, ესაა ჩვენი ერისა და მთელი კაცობრიობის გადარჩენის ერთადერთი იმედი და საშუალება...
- თუ ეგაა ჩვენი გადარჩენის ერთადერთი საშუალება, ჩათვალეთ, რომ უკვე დავღუპულვართ! - მწარედ ჩაიცინა სანდრომ.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ამ თქვენი ახალი ფილოსოფიით თავს არ შევიწუხებთ და არც იმას დავიჯერებთ, თითქოს მიწის ხვნისა და ქიმიკატების გარეშე შეიძლება მივიღოთ კარგი მოსავალი... იაპონიაში და ავსტრალიაში მე არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ ჩვენთან ასეა და! ნახევარი საქართველო თბილისში ცხოვრობს, მეორე ნახევარი კი საზღვარგარეთაა გაქცეული!...
- მაგრამ თქვენ ხომ თქვით, რომ სიამოვნებით დაბრუნდებოდით თქვენს სოფელში, მიწა რომ გარჩენდეთ! 
- კი ვთქვი, მაგრამ ჩემი მიწა ჩემს ოჯახს ვერ არჩენს! 
- ფუკუოკას მეთოდით ანდა პერმაკულტურით გარჩენთ! დამიჯერეთ!
- გამორიცხულია. ვერ დაგიჯერებთ. ზღაპარია! ეგ თქვენი ბაღი, ტყე-ბაღი... ეგრე ეძახით, ხო?
- დიახ, ტყე-ბაღი.
- საერთოდაც ვერ გაიხარებს, მოსავალს არ მოიტანს!
გიას რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ამის ნაცვლად შუბლი მოიჩრდილა, თვალი მოჭუტა, შორს გაიხედა და იკითხა:
- ეს რა, თბილისი გამოჩნდა უკვე?
- კი, თბილისია.
- ჰმ, რა სწრაფად ჩამოვსულვართ.
- ასწრაფდა ცხოვრება, -  ჩაიცინა სანდრომ, - ჰოდა, აბა, გვაწყობს ახლა ჩვენ პატარა და ნელი გადაწყვეტილებები?
გიამ არაფერი უპასუხა. ერთხანს მდუმარედ მიდიოდნენ.
დიღომს როცა მიაწღიეს, გიამ თქვა:
-  სად შევუხვიოთ, გეტყვით... აი, აქეთ, მარცხნივ... ახლა პირდაპირ... ახლა მარჯვნივ... სტოპ, მოვედით!
მანქანა რკინის ალაყაფის კარებთან გაჩერდა. 
სანდრო მობრუნდა და გიას მდუმარედ მიაჩერდა. მის მზერაში კითხვაც იყო, მოლოდინიც და რაღაცნაირი, შინაგანი დაღლილობაც. გიამ წამიერი პაუზა დაიჭირა, მერე კი გაუღიმა და უთხრა:
-  დაღლილი ჩანხართ, ბატონო სანდრო, შემოდით, ცოტა დაისვენეთ...
- არა, არა, - გააწყვეტინა სანდრომ, - დიდი მადლობა. წავალ, ოღონდ...
- რა დროს წასვლაა, სიურპრიზი გელოდებათ!
- არ მინდა სიურპრიზი... რაც ღირს მგზავრობა, გადამიხადეთ, ჩემო ბატონო, და წავალ... 
- ტყე-ბაღის ნახვა არ გინდათ?
- ტყე-ბაღის? - გაიმეორა სანდრომ და წამით დაფიქრდა, - სად უნდა ვნახო? ვიდეოზე? კომპიუტერში? 
- ბაღი უნდა ნახოთ ბაღში! შევიდეთ! - უთხრა გიამ კატეგორიულად, მაგრამ პასუხს არ დაელოდა, მანქანიდან გადავიდა, ჭიშკარი გააღო, გვერდზე გადგა და ხელის ცერემონიული მოძრაობით აჩვენა, შემობრძანდითო.
სანდრო თითქოს დაიბნა, არ იცოდა რა ექნა, ერთხანს იჯდა და ფიქრობდა, ბოლოს დაქოქა მანქანა და ეზოში შეიყვანა. ორსართულიანი სახლის წინ გააჩერა, გადმოვიდა. გია მასთან მივიდა, წინ დაუდგა, გაუღიმა და გამოაცხადა: 
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტყე-ბაღში! ალბათ, მიხვდით, სიურპრიზი და  ტყე-ბაღი  ერთი და იგივეა!
- ანუ რა, ეგ თქვენი ტყე-ბაღი მართლა არსებობს? - სანდრო გაოცებას ვერ ფარავდა, - ააქ? დიღომში?
სანდრომ მიმოიხედა. გარშემო კერძო სახლის ჩვეულებრივი ეზო იყო. პერმაკულტურისა არაფერი ეტყობოდა. 
- აბა, სადაა ეგ თქვენი ტყე-ბაღი? სად?! -  სანდრომ ეჭვით და თან გამომწვევად იკითხა.
- ახლავე გაჩვენებთ, - გაუღიმა გიამ, - წამომყევით...
გია შებრუნდა და წინ წავიდა. სანდრო მიჰყვა.
სახლს შემოუარეს, მომცრო აუზს გასცდნენ, სადაც თევზები დაცურავდნენ, ბილიკით  რამდენიმე მეტრი დაფარეს და შემოღობილ ნაკვეთს მიადგნენ. გიამ ბოქლომიანი კარი გახსნა. შევიდნენ.
პირველი, რაც სანდროს თვალში ეცა, ბაღის დაბურულობა, მცენარეთა თვალშისაცემი სიჭარბე თუ ხვავრიელობა იყო.
- თანამედროვე ადამიანი მიჩვეულია, - დაიწყო გიამ, - ბაღში ყველა მცენარე ცალ-ცალკე უნდა იზრდებოდეს, თუ ერთადაა, ჰგონია, ბაღი მიშვებულია და მიტოვებული. არადა, ჩვენთან ყველაფერი გააზრებულია, ყველაფერი... 
- როგორ? - მოკლედ იკითხა სანდრომ. ეტყობოდა, დაიბნა, ეჭვებითაა შეპყრობილი. ანუ ძალიან უჭირს იმის დაჯერება, რასაც ეუბნებიან და უკვე რასაც საკუთარი თვალით ხედავს.
- აი, შეხედეთ, ყველა ხეს მირგული აქვს ვაზი. ეს ნაკვეთი მაღლარ ვენახადაა ჩაფიქრებული. რამდენიმე ზრდასრულ ხეზე ყურძნის მოსავალი 50 კილოგრამსაც კი აღწევს!.. ამ ნაკვეთზე ადრე, სანამ ტყე-ბაღს გავაშენებით, ჩვეულებრივი ვენახი იყო... შპალერზე მიბმული ვაზი... ისე, პატარა ნაკვეთი კია...
სანდრომ იქაურობას თვალი შემოავლო.
- რამდენი მეტრია? 
- დაახლოებით 500 კვადრატია. მაგრამ ხეზე გაშვებული ვაზიდან  იმდენივე, და იმაზე მეტი ყურძენიც კი მოდის, ვიდრე ჩვეულებრივი ვენახი იძლეოდა. თანაც ახლა ყურძენიც გვაქვს და უამრავი სხვა რაღაცაც!
- რა გაქვთ?
გიამ სანდრო შემაღლებულ კვლებთან მიიყვანა.
- აი, მაგალითად, კარტოფილი. კარტოფილი სინათლის მოყვარე მცენარეა და ჩრდილს ვერ იტანს, მაგრამ ჩვენ კარტოფილს თებერვალში ვთესავთ. ივნისში, სანამ ხეები გაიფოთლება და ჩრდილი გაჩნდება, მოსავალი უკვე აღებულია. ვთესავთ დაბარვის გარეშე. მიწაზე ვაწყობთ და მულჩის სქელი ფენით ვფარავთ. ასევეა ნიორიც. შემოდგომაზე ითესება და ხეების გაფოთვლამდე მოსავალი აღებულია.
გია დაიხარა და მულჩის ფენა გადასწია - სანდრომ ბლომად კარტოფილი დაინახა. ზოგი საშუალო ზომისა იყო, უმეტესობა - წვრილი.
- ჰოო... - ჩაილაპარაკა სანდრომ - კიდევ?
- ნაკარტოფილარზე და ნანივრალზე ითესება კიტრი და სიმინდი ერთად. მშვენივრად ასწრებს. შეიძლება დაბალი ლობიოც შეერიოს. თუ რამე სხვა ბალახიც ამოვა, არ ვერჩით.
- რატომ?
- ასე ჯობია და იმიტომ, - ღიმილით მოიგო გიამ, - სარეველა თავისთავად ბიოლოგიური სასუქია, ხომ გახსოვთ, უნდა შეაკავო, კი არ მოსპო... 
- კიდევ რა მოგყავთ?
- კიდევ, ბატონო სანდრო, პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა მწარე, წიწაკა ბულგარული და სამწნილე. ამ კულტურებისთვის სინათლე აუცილებელია. ამიტომ მათთვის ყველაზე ნათელ ადგილებს ვარჩევთ. დარგვა დაბარვის გარეშე ხდება.დარგვამდე 1-2 თვით ადრე კვალს მულჩის სქელი ფენით ვფარავთ. დარგვისას მულჩს გადავწევთ ნიადაგის ზედაპირამდე, მერე მიწაში პატარა ორმოს ვაკეთებთ და შიგ ვრგავთ ჩითილს.  მათთან ერთად ვრგავთ დაბალ ბალახოვან მცენარეებს: მარადმწვანე სალბს, რეჰანს, ხავერდულას, კალენდულას... მულჩის ფენამდე მზის სხივი ვერ უნდა აღწევდეს.
- რატომ?
- რადგან ჩვენი მიზანია გვქონდეს „ორმაგი მულჩი“. პირველი ფენა მკვდარი ორგანიკაა და მეორე - ცოცხალი. სარგებელი შემდეგია: პირველი, ეს მცენარეები მოსაყვან მცენარეებს იცავენ მავნებლებისგან. მეორე, კვალი დაფარულია მწვანე საფარით და იქ მუდმივად მიმდინარეობს ფოტოსინთეზის აქტიური პროცესი. ნიადაგი მინიმუმ 3-4 გრადუსით უფრო გრილია, ვიდრე ჰაერი. ამიტომ კვალზე ჩნდება დღის კონდესანტი, ანუ კვალი თავისით ირწყვება.  მკვდარი ორგანიკა კი იწვევს ღამის კონდესანტის გაჩენას, რაც ნიადაგს გამოშრობისაგან იცავს. მულჩის გარეშე ნიადაგიდან აორთქლებული წყალი გააჩენდა ცვარს, რომელიც სოკოვანი დაავადებების მთავარი მიზეზია, შემდეგ აორთქლდებოდა და ატმოსფეროს შეუერთდებოდა. ჩვენ შემთხვევაში ნიადაგიდან აორთქლებული წყალი მულჩის ქვედა ფენაზევე კონდესირდება და ნიადაგს უბრუნდება. მესამე, ამ კვალზე მუდმივად მიმდინარეობს ჰუმუსის წარმოქმნის პროცესი. ნიადაგში მრავლდებიან ბაქტერიები და სოკოები, რომლებიც აუცილებელია მცენარის კვებისა და ჯანმრთელი განვითარებისათვის. მკვდარი ორგანიკა ბაქტერიებისა და სოკოების საკვებია. მათი განვითარებისათვის საჭირო სიგრილე და ნესტიც უზრუნველყოფილია. 
უცებ სანდრომ ქათამი დაინახა, რომელმაც ცხვირწინ გადაურბინა და ბუჩქებში შეძვრა.
- ქათამს უშვებთ ბოსტანში? არ აფუჭებს?
- პირიქით, გვეხმარება... პერიოდულად ქათმებს და იხვებს ვუშვებთ. ჰუმუსის წარმოქმნის პროცესის გასააქტიურებლად - ბუნებრივ სასუქს იძლევიან. ამასთანავე,  ლოკოკინებს და მწერებს ჭამენ. 
სანდრო დაფიქრდა, ჩაცუცქდა, მულჩის ფენა ასწია, ქვეშ შეიხედა და მერე იკითხა:
- მულჩი მართლა ეგეთი მაგარი რაღაცაა?
- მაგარია. ნიადაგი ორმაგი საფარველითაა დაფარული: ცოცხალი და მკვდარი ორგანიკით, რაც მნიშვნელოვან შედეგს უზრუნველყოფს: მცენარეებს მუდმივად აქვთ საჭირო რაოდენობის წყალი და საკვები... გარდა ამისა,  არის ადგილი მტაცებელი მწერების, ამფიბიებისა და ქვეწარმავლების საცხოვრებლად, რომლებიც ჩვენთვის „მავნე მწერებით“ იკვებებიან და, თავისდაუნებურად, ჩვენს მოსავალს იცავენ. ვგულისხმობ ჭიამაის, ჩოქელას, ობობას, გომბეშოს, ხვლიკს...
სანდრო წამოდგა, წელში გასწორდა და ხის ტოტზე ქლიავი დაინახა... გიამ ეს შენიშნა,  ქლიავი მოუწყვიტა და მიაწოდა.
- გასინჯეთ. შემოვიდა უკვე. გემრიელია.
სანდრონ ჩაკბიჩა, დაგემოვნებით გაღეჭა, გადაყლაპა და ჩაილაპარაკა:
- მართლა გემრიელი ყოფილა... - მერე გიას მიუბრუნდა და ჰკითხა, - კიდევ რა ხეები გაქვთ?
- ძირითადად, უნაბია და ფშატი... ქლიავი შიგადაშიგაა... კიდევაა ლეღვი, კომში, ჯუჯა კაკალი, თუთა, ფსტა... ახლა კენკრას გაგასინჯებთ,  ამ  ხეების ქვეშ კარგად რო ხარობს...
რამდენიმე მეტრი მაღალ, ხშირ ბუჩქებში გაიარეს და გაჩერდნენ.
- აბა, ეს ჟოლო ნახეთ...
- რა გემრიელია...
- კიდევ გვაქვს მოცხარი, ხურტკმელი....  ბუნებაში ეს მცენარეები ტყეში იზრდება, ხეების ქვეშ. პირდაპირი მზის სხივები არ უყვართ.  მონოკულტურულ პლანტაციებში ეს არაა გათვალისწინებული და ამიტომ კენკრა მუდმივად სტრესშია. ახლა დაიწყეს „მზის დამცავი ბადეებით“ პლანტაციების გადახურვა. არადა, ხეებით გადახურვა ბევრად იაფიცაა და სხვა სიკეთეებიც მოაქვს.
- რამდენი წელია, რაც ეს ტყე-ბაღი გაქთ?
- მეექვსე წელია... ასეთი ბაღის მოვლა ერთი საიამოვნებაა, ბატონო სანდრო. არ იღლები, უბრალოდ თვალყურს ადევნებ და რასაც დაინახავ გასაკეთებელს, ეგრევე აკეთებ... მუდმივად რაღაც მწიფს, რაღაც ახალი შემოდის... ნამდვილი სავანეა... როგორც კი ხეები მოძლიერდება, აუცილებლად დავკიდებთ ჰამაკს...ეხლა კი მოდი, თითო ჭიქა დავლიოთ, დავილოცოთ...
- ერთი წამით, ჩემო ბატონო, - სანდრომ გიას გააჩერა, და მერე დაფიქრებით, პაუზებით ალაპარაკდა, - რომ ამბობთ, თავის მიწაზე კაცი ამ  მეთოდით თუ იმუშავებს, ოჯახს არჩენსო… დავუშვათ, მართლაც მიიღებს მოსავალს, სხვადასხვანაირ პროდუქტს, მაგრამ ოჯახს მხოლოდ ჭამა ეყოფა?... ფული უნდა, მუდმივი შემოსავალი… რომ იცხოვროს... გადასახადების და ტრანსპორტის ხარჯია, ჩაცმა-დახურვა უნდა, წამალი უნდა, ბავშვებს სწავლა უნდათ... საიდან ექნება შემოსავალი?.. რა მოუვა ისეთი და იმდენი, რომ გაყიდოს?.. და იმ ფულით იცხოვროს ადამიანურად?.. ღირსეულად?
- სანდრო ბატონო, მოკლედ გეტყვით, - მიუგო გიამ, - ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთიდან კაცი დაახლოებით 20 ტონა ყურძენს მიიღებს შემოდგომაზე. ეს იქნება მისი ერთიანი შემოსავალი.  გარდა ამისა, პერიოდულ შემოსავალს მისცემს ბოსტნეული, კენკრა, ხილი…      
- 20 ტონა? - თავისთვის გაიმეორა სანდრომ, ისევ ჩაფიქრდა. გიამ ანიშნა და წინ წავიდა. იმავე ბილიკით სახლთან მივიდნენ. გიამ სტუმარი ძელსკამზე დასვა მომცრო მაგიდასთან. სანდრო ხმას არ იღებდა. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, ერთდროულად ფიქრებში ჩაძირულსა და დარეტიანებულს ჰგავდა.
- ბატონო სანდრო, ერთი წამი დამელოდეთ, ეხლავე მივხედავ ყველაფერს... ჩემები ქალაქში არიან საქმეებზე. დიასახლისიც მე ვიქნები და მამასახლისიც!...
სახელდახელო სუფრა გიამ მართლა წამში გაშალა, მაგრამ სანდრო ვერაფერს ამჩნევდა.  გაშეშებული იჯდა, ერთ წერტილს მიშტერებული.
გიამ ღვინო ჩამოასხა, ჭიქები შეავსო, სადღეგრძელო უნდა დაეწყო, მაგრამ სანდრო თითქოს უცებ გამოფხიზლდაო, სიტყვის თქმა არ აცალა, წამოდგა და გამოაცხადა:
- ჯერ  მე ვიტყვი, ბატონო გია, თუ შეიძლება!.. ჯერ მე!... მაპატიეთ... ღმერთმა დაგლოცოთ!... და ხელი მოგიმართოთ!.. ფულს იქით გადაგიხდით, ოღონდ ეგეთი ტყე-ბაღი იმერეთში როგორ გავაშენო, მასწავლეთ, თქვენი ჭირიმე!..

2020 წელი, იანვარი-თებერვალი
რამ დაგვაწერინა „გზა“
(ბოლოთქმა)
ორიოდე სიტყვით უნდა აგიხსნათ, რატომ, როგორ და რისთვის შევადგინეთ ეს ტექსტი სამმა კაცმა.
2019 წლის ზაფხულში, - „დარიო რადიოს“ წყალობით, - შევიკრიბეთ და დავმეგობრდით. გია რაზმაძემ გაგვაცნო ფუკუოკა და ამით დაიწყო ეს ამბავი. 
დავინტერესდით, წავიკითხეთ, ავიტაცეთ, მერე გიამ წაგვიყვანა და ჩვენი თვალით ვნახეთ პერმაკულტურული ბაღი დიღომში, ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე, რომელიც უკვე ხუთი წელია არსებობს და მრავალფეროვან მოსავალს იძლევა... გიასა და მისი მეგობრის, ლევანის გაშენებული.
ერთი სიტყვით, ამ ტყე-ბაღის რეალურმა არსებობამ გადაგვაწყვეტინა, ერთად გვეცადა ამ მიმართულებით მუშაობა, ანუ ამ სფეროს განვითარება საქართველოში. 
ენთუზიაზმი შეგვეყარა.
შემოდგომით მრავალჯერ შევიკრიბეთ, ვიმსჯელეთ, ვიბჭეთ, ვიკამათეთ, რა შეიძლება გავაკეთოთ და როგორ... ლოგიკურ დასკვნამდე მივედით - ორგანიზაცია გვჭირდება. და, აი, 2019 წლის 3 დეკემბერს დავაფუძნეთ „რეგენერაციული აგროკულტურის ცენტრი“ („რ.ა.ც.“).
ამ ტექსტის ბოლოს, დანართის სახით, ცენტრის წესდებიდან ამონაწერს შემოგთავაზებთ, ჩვენი საქმიანობის მიზნები მაქსიმალურად ცხადი რომ გახდეს.
თავდაპირველად, საწყის ეტაპზე, გადავწყვიტეთ ფუკუოკას წიგნის თარგმნა, საცდელი მეურნეობის მოწყობა, თანამედროვე ხელოვნების ქართულ-იაპონური გამოფენის ორგანიზება ნატურალური სოფლის მეურნეობის თემაზე (იაპონიის საელჩოსთან ერთად) და ბროშურის შედგენა, სადაც მარტივად და გასაგებად იქნებოდა გადმოცემული ამ ალტერნატიული აგროკულტურის არსი და პრინციპები.
დავიწყეთ ბროშურაზე მუშაობა, დავწერეთ დასაწყისი და დავინახეთ, რომ ფუკუოკასა და მოლისონის სისტემები, სამეცნიერო-პოპულარულ ენაზე, - ფაქტობრივად კი, აკადემიურ, სალექციო სტილში მოწოდებული, - ცოტა არ იყოს, მოსაწყენია და უინტერესო. 
ვინ წაიკითავს ამას? - საკუთარ თავსკითხვა დავუსვით, - ვის შეიძლება დააინტერესოს?
დავიწყეთ ფორმის ძიება და მივედით წარმოსახვით, გარეგნულად მხატვრულ-ემოციურ, შინაარსობრივად კი სრულიად დოკუმენტური სტილის დიალოგამდე. 
იმედია, ეს ფორმა გაამართლებს და მკითხველი ინტერესით წაიკითხავს ჩვენს ბროშურას... 
და ვინ იცის, იქნებ დაინტერესდეს კიდეც ფუკუოკას და მოლისონის სისტემებით, თავის სოფელსა თუ აგარაკზე ტყე-ბაღის გაშენება მოუნდეს!
ჩვენი მიზანი სწორედ ესაა - რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ რეგენერაციული, ნატურალური აგროკულტურის, პერმაკულტურის სიკეთე და უპირატესობა!
მეგობრებო, ვინც დაინტერესდით, ვისაც გაგიჩნდათ კითხვები თუ წინადადებები, მოგვმართეთ! 
გია რაზმაძე: 595 956 398; razmadze.giamasi@gmail.com
ვატო წერეთელი: 577 468 446;  wtsereteli@gmail.com
ირაკლი ლომოური: 595 943 888 ilomouri@hotmail.com
შემოგვიერთდით!
ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმე! 
ის საქმე, რ.ა.ც. გადაგვარჩენს!

მოკლე ცნობარი
(ანბანის რიგზე)
აგროკულტურა(ლათ.agri-მინდორი + cultura-გაზრდა) - სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანა და შინაური ცხოველების მოშენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის მიღების მიზნით. მიწათმოქმედების კულტურის ამაღლების ღონისძიებათა ერთობლიობა - მეცნიერება და პრაქტიკა.

ბილ მოლისონი (Bruce Charles 'Bill' Mollison) - მსოფლიოში ცნობილი ავსტრალიელი მეცნიერ-ეკოლოგი, პერმაკულტურის შემქმნელი. დაიბადა 1928 წლის 4 მაისს სტენლიში, მეთევზეთა პატარა სოფელში,ტასმანიაზე. 15 წლიდან მუშაობდა, იყო მეთევზე, მეტყევე, მეწისქვილე, მონადირე, ნატურალისტი. 26 წლის ასაკში „ველური ბუნების კვლევის სექციაში“ დაიწყო მუშაობა, თანამეგობრობის სამეცნიერო და სამრეწველო კვლევათა ორგანიზაციაში (CSIRO). 1966 წელს შევიდა ტასმანიის უნივერსიტეტში. მიიღო სამეცნიერო ხარისხი ბიოგეოგრაფიაში, კითხულობდა ლექციებს. პერმაკულტურის იდეა 1959 წელს გაუჩნდა, როდესაც ტროპიკული ტყის ცხოველებს აკვირდებოდა - ეკოსისტემის  მრავალფეროვნებამ და ურთიერთკავშირებმა განაცვიფრა და აღაფრთოვანა. დღიურში ჩაწერა: „მიმაჩნია, შევძლებთ შევქმნათ სისტემები, ამის მსგავსად რომ იმუშავებს“. ამავე დროს, მან თავისი თვალით ნახა, როგორ ანადგურებს ბუნებას ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა. მოლისონმა პოლიტიკური ბრძოლა დაიწყო, მაგრამ მალე მიხვდა, ვერაფერს გახდებოდა. ორი წლით მოშორდა ცივილიზაციას, ტყეში განმარტოვდა, თავის სწავლებას ამუშავებდა. 1974 წელს მან და მისმა სტუდენტმა, დევიდ ჰოლმგრენმა საბოლოოდ ჩამოაყალიბეს სისტემა, რომელსაც „პერმაკულტურა“ უწოდეს. 1978 წელს გამოქვეყნდა წიგნი „პერმაკულტურა 1“, 1979 წელს შეიქმნა პერმაკულტურის ინსტიტუტი, რომელმაც პრაქტიკოსი ექსპერტების მომზადება დაიწყო. მოლისონი გამოსცემდა წიგნებს, მოგზაურობდა მთელს მსოფლიოში, აარსებდა პერმაკულტურის ინსტიტუტის ფილიალებს. ბილ მოლისონი გარდაცვალა 2016 წლის 24 სექტემბერს ჰობარტში (ტასმანია).

ბიოცენოზი (ლათ.βίος-სიცოცხლე + κοινός-საერთო) - იმ მცენარეთაცხოველთა და მიკრობთა ერთობლიობა, რომლებიც ხმელეთის ან წყალსატევის რომელიმე უბანზე სახლობენ და ერთმანეთთან გარკვეული დამოკიდებულება აქვთ.

დევიდ ჰოლმგრენი (David Holmgren) - ავსტრალიელი ეკოლოგი, პერმაკულტურის ერთ-ერთ შემქმნელი, ბილ მოლისონის სტუდენტი და თანაავტორი. დაიბადა 1955 წელს ფრიმანტლში,  დასავლეთი ავსტრალია. მის მშობლები წიგნის მაღაზიას ფლობდნენ, სოციალურად და პოლიტიკურად აქტიური ადამიანები იყვნენ და შვილებიც შესაბამისად აღზარდეს. დევიდ ჰოლმგრენი ბილ მოლისონს შეხვდა 1974 წელს, ტასმანიის უნივერსიტეტში, ეკოლოგიური დიზაინის სემინარზე, რის მერეც დაიწყო მათი მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრობა. ჰოლმგრენმა აიტაცა მოლისონის იდეები, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული, და  მოამზადა ხელნაწერი ნაშრომისა, რომელიც 1978 წელს გამოიცა სახელწოდებით  „პერმაკულტურა 1“, მას მერე, რაც მოლისონმა შეავსო და რედაქტირება გაუკეთა. ჰოლმგრენი ატარებდა მრავალრიცხოვან ექსპერიმენტებს, რომელთა მიზანი პერმაკულტურული დიზაინის თეორიული ასპექტების პრაქტიკული რეალიზაცია, გადამოწმება და დახვეწა იყო. მას მრავალი  წიგნი, ბროშურა თუ ინსტრუქცია აქვს გამოცემული. 2002 წელს გამოვიდა მისი მთავარი ნაშრომი „Permaculture: Principles and Pathways beyond Sustainability“, რომელიც ბილ მოლისონის „პერმაკულტურასთან“ ერთად, ამ დარგის ერთ-ერთ ფუნდამენტურ სახელმძღვანელოდ მიიჩნევა. ძალიან კარგი იქნება, თუკი საქართველოში დევიდ ჰოლმგრენის  ჩამოყვანას მოვახერხებთ - ეს ჩვენს ქვეყანაში პერმაკულტურის შესახებ ცოდნის გავრცელებას მნიშვნელოვნად  შეუწყობს ხელს.                                            

ზეპ ჰოლცერი (Josef "Sepp" Holzer) - ავსტრიელი ფერმერი, ნოვატორი პერმაკულტურისტი, მრავალი წიგნის ავტორი, ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის მეთოდების საერთაშორისო კონსულტანტი. დაიბადა 1942 წელს რამინგშტაინში, (ზალცბურგი, ავსტრია), ფერმერების ოჯახში. 20 წლის ასაკში ჩაიბარა მამისეული ფერმა. დროთა განმავლობაში ტრადიციული სოფლის მეურნეობის მეთოდებზე უარი თქვა და ეკოლოგიური მიდგომის დამუშავება დაიწყო, რომელსაც „ჰოლცერის პერმაკულტურა“ ეწოდა. მისი ფერმა კრამეტერჰოფი ავსტრიულ ალპებში ზღვის დონიდან 1100-1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მისი აგროტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეთოდია წყალსაცავების მოწყობა და გამოყენება მზის სხივების ასარეკლად, რაც პასიური დათბობის კოეფიციენტს ზრდის. ზეპ ჰოლცერის შრომის შედეგად მისი ფერმა, მიუხედავად მკაცრი ბუნებრივი პირობებისა, პროდუქტიულ ეკო-მეურნეობად იქცა, რომელიც ფართო ასორტიმენტით, მაღალი ხარისხითა და დაბალი შრომითი დანახარჯებით ხასიათდება. მთის ფერდობებზე გაშენებულ ბაღებს 50 ჰექტარი უკავია, სადაც 70 წყალსაცავია მოწყობილი. ფერმა კრამეტერჰოფი მსოფლიოში პერმაკულტურის პრინციპების გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე თანამიმდევრულ და წარმატებული ნიმუშადაა აღიარებული. ზეპ ჰოლცერი საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას მთელს მსოფლიოში ეწევა, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ უკრაინაში, რუსეთსა და მოლდოვაში. კარგი იქნებოდა, საქართველოში მოგვეწვია და მაღალმთიანი მეურნეობის მოწყობა-მართვის გამოცდილება უშუალოდ გაგვეცნო.

ინსექტიციდები (ლათ.insectum-მწერი + caedo-ვკლავ) - ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც მავნე მწერებს ანადგურებენ.

მასანობუ ფუკუოკა - იაპონელი ფერმერი და ფილოსოფოსი, „ნატურალური სოფლის მეურნეობის“ სისტემის შემქმნელი. დაიბადა 1913 წლის 2 თებერვალს კუნძულ შიკოკუზე, ეჰიმეს პრეფექტურის პატარა ქალაქ იოში (სამხრეთი იაპონია). მამამისი განათლებული, შეძლებული მიწათმფლობელი და ადგილობრივი ლიდერი იყო. ფუკუოკამ დაამთავრა გიფუს პრეფექტურის აგროკულტურის კოლეჯი, გაიარა მომზადება მიკრობიოლოგიაში, სპეციალიზაციით მცენარეთა პათოლოგია. იოკოჰამის საბაჟო ბიუროს მცენარეთა ინსპექციის განყოფილებაში მუშაობდა. 1937 წელს საავადმყოფოში დააწვინეს პნევმონიის დიაგნოზით, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფმა განსაკუთრებული სულიერი გამოცდილება შეიძინა, რამაც მისი მსოფლმხედველობა გადაატრიალა. გამოჯანმრთელების შემდეგ სამსახურს თავი დაანება და მამისეულ ფერმას დაუბრუნდა. 1938 წლიდან დაიწყო პრაქტიკული ექსპერიმენტები, მუშაობდა  ნატურალური სოფლის მეურნეობის იდეის განვითარებასა და სისტემად ჩამოყალიბებაზე. 1940 წელს შეირთო ცოლი  (ხუთი შვილი შეეძინათ). მეორე მსოფლიო ომის დროს კოჩის პრეფექტურის საცდელ სასოფლო-სამეურნეო სადგურზე მუშაოდა. ომის დამთავრების შემდეგ მამულსა და თავის ექსპერიმენტებს დაუბრუნდა. 1947 წელს  პირველიწიგნი გამოსცა. მისი მეშვიდე წიგნი, „ჩალის ღერის რევოლუცია“, ინგლისურად ითარგმნა და 1978 წელს გამოვიდა. 1979 წლიდან ფუკუოკამმსოფლიოში  დაიწყო მოგზაურობა, კითხულობდა ლექციებს, - მოიარა ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა, აფრიკა, ინდოეთი, ჩინეთი. გარდაიცვალა 2008 წლის 16 აგვისტოს, მშობლიურ ქალაქში. 

მულჩი  (ინგლ.mulch) -  ზედაპირული საფარი, რომელიც ნიადაგის დასაცავად და გასაუმჯობესებლად გამოიყენება. შეიძლება იყოს ბუნებრივი, ორგანული ანდა ხელოვნური, არაორგანული. მულჩი სარეველების ზრდას უშლის ხელს და ამცირებს წყლის აორთქლებას, ამდენად  ხშირი მორწყვა აღარაა საჭირო - იქმნება  მიკროკლიმატი, ნიადაგის ზედა ფენა ყოველთვის ფხვიერი  რჩება. 

ნადი - მეზობლების ურთიერთდახმარება, უსასყიდლო ჯგუფური შრომა, რაც საქართველოში დღემდეა შემორჩენილი. ნადი ისეთი საქმის გასაკეთებლად იკრიბებოდა, რომელსაც ერთი ოჯახი ძნელად თუ აუვიდოდა: თოხნა, მოსავლის აღება-დაბინავება, თოვლში შეშისა და თივის დაცურება, რთველი... მასპინძელი ზრუნავდა მონადეებზე: მუშაობის დროს საუზმეს და სასმელს სთავაზობდა, საქმის დასრულების შემდეგ კი სუფრას უშლიდა. ნადის ერთ-ერთი  დახასიათებელი თვისება მისი მხიარული განწყობა იყო. თუ ვინმე მიდიოდა და ეხმარებოდა მასპინძელს, მხოლოდ თავისი სურვილითა და სიხარულით. ამას ემატებოდა მასპინძლის კეთილგანწყობა და მადლიერება, სასმელი და, რაც მთავარია,  სიმღერა. ჩაწერილია მრავალი ასეთი სიმღერა - ნადური. ყოფილა შემთხვევები, რომ სისხამზე შეკრებილ მონადეებს მუშაობა არ დაუწყიათ მომღერლების მოსვლამდე, თუმც ყველამ კარგად იცოდა, მუშაობა დილის სიგრილეში ჯობია.

ნატურალური სოფლის მეურნეობა - მასანობუ ფუკუოკას მიერ  შექმნელი სისტემა, აგროკულტურის ფილოსოფია. (არ უნდა აგვერიოს „ნატურალურ მეურნეობაში“). იაპონურად ჰქვია „შიზენ ნოჰო“.  მას ასევე უწოდებენ „ფუკუოკას მეთოდს“,  „სოფლის მეურნეობის ბუნებრივ მიმართულებას“ და „არაფრის-კეთების სოფლის მეურნეობას“. აღწერილია წიგნში „ჩალის ღერის რევოლუცია“. მისი პრინციპებია: უარის თქმა მიწის დამუშავებაზე; უარის თქმა ქიმიურ სასუქებზე; უარის თქმა შქამქიმიკატებზე; უარის თქმა მარგვლაზე; ეკოსისტემაში საშინაო ცხოველებისა და ფრინველების შემოყვანა; მაქსიმალური ბიომრავალფეროვნების მიღწევა.

პერმაკულტურა (ინგლ.permanent-მუდმივი + agriculture-სოფლის მეურნეობა) - ტერმინი დაამკვიდრეს ბილ მოლისონმა და დევიდ ჰოლმგრენმა. ესაა გარემოს დაპროექტება-გარდაქმნისა და სოფლის მეურნეობის გაძღოლის თეორია და პრაქტიკა, რომელიც ბუნებრივი ეკოსისტემებისა და მათი ურთიერთკავშირების სიღრმისეულ ცოდნას ეფუძნება.  პერმაკულტურა ორგანული და ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მიდგომაა, რომელიც ჯანსაღი საკვები პროდუქციის მისაღებად თვითფუნქციონირებადი, ჩაკეტილი სისტემების შექმნას გულისხმობს. ამ სწავლების წინამორბედად მასანობუ ფუკუოკა შეიძლება მივიჩნიოთ, რომელმაც პერმაკულტურის ავტორებზე გარკვეული გავლენა მოახდინა. პერმაკულტურის საფუძველია იმ კომპონენტების გააზრებული, კომპეტენტური დაპროექტება (ანუ დიზაინის შექმნა), რომელთაგანაც შედგება ესა თუ ის კონკრეტული სისტემა (ფერმა, ტყე-ბაღი, ეკოსოფელი და სხვ). პერმაკულტურა უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ვიკიპედიის ცნობით, 2011 წელს მსოფლიოში უკვე 300 000 დიპლომირებული პერმაკულტურისტი იყო.

პესტიციდები (ლათ.pestis-გადამდები სენი + caedo-ვკლავ) - ქიმიური ნაერთები, რომლებსაც მცენარეთა მავნებლების, შინაური ცხოველების პარაზიტების, აგრეთვე, ადამიანისა და ცხოველის საშიშ დაავადებათა გადამტანების წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებენ. პესტიციდების  გამოყენება ბიოცენოზის განადგურებას იწვევს.

რეგენერაციული აგროკულტურა (ინგლ.regenerative agriculture) - პრინციპებისა და მეთოდების ერთობლიობა, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს უხვ და ხარისხიან მოსავალს და, მეორე მხრივ, არ იწვევს ნიადაგის ნაყოფიერების შემცირებას. ადამიანის ნებისმიერი ქმედება უცილობლად იწვევს ეკოსისტემის ცვლილებას. მაგრამ რეგენერაციული აგროკულტურის პრინციპების დაცვის შემთხვევაში ხერხდება იმ ეკოლოგიური პროცესების შენარჩუნება, რაც  ჰუმუსის ინტესიურ წარმოქმნას განაპირობებს, რის შედეგადაც ნიადაგის ნაყოფიერება ყოველწლიურად მატულობს. რეგენერაციული აგროკულტურა ხშირად იყენებს პერმაკულტურის, ნატურალური სოფლის მეურნეობის, აგროეკოლოგიის, აგრომეტყევეობის, აღდგენადი ეკოლოგიის, ჰოლისტიკური მენემეჯმენტის მეთოდებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდას და მთლიანი აგრო-ეკოსისტემების გაუმჯობესებას (ნიადაგი, წყალი და ბიომრავალფეროვნება).

ტყე-ბაღი - ბუნებრივი ტყის მოდელის მიხედვით შექმნილი მრავალიარუსიანი ეკოსისტემა, სადაც სხვადასხვა მცენარე ერთად ხარობს და მიწის ყოველი მეტრი მაქსიმალურად ეფექტიანადაა გამოყენებული. პერმაკულტურულ ტყე-ბაღში ხილის, კენკრისა თუ ბოსტნეულის გარდა სხვა მცენარეებიცაა, რადგან ის ბუნებაში არსებულ ურთიერთკავშირებსა და ფუნქციებს იმეორებს. გააზრებული გეგმა-პროექტის და სწორი მოშენების შემთხვევაში, ტყე-ბაღი გვაძლევს საშუალებას: შევამციროთ სასუქის ხარჯი (გამოიყენება მხოლოდ ბუნებრივი სასუქი, ისიც მხოლოდ პირველ წლებში), გვქონდეს მაღალი მოსავლიანობა (იმდენი პროდუქტი მივიღოთ,  ოჯახსაც რომ დააკმაყოფილებს და გაიყიდება კიდეც),  მოვლაზე მინიმალური ენერგია დავხარჯოთ (ტყე-ბაღის მოვლა მხოლოდ პირველ წლებშია საჭირო, შემდეგ თვითონ მოუვლის თავის თავს),  ესთეტურად მიმზიდველი გარემო შევქმნათ (ბუნებრივი ტყის მსგავსი).

„ჩალის ღერის რევოლუცია“ - მასანობუ ფუკუოკას წიგნი, საოცრად შთამაგონებელი თხზულება, რომელშიც აღწერილია ავტორის ცხოვრებაც, მისი ფილოსოფიაც და მისი აგროკულტურის ტექნიკაც. იაპონურად გამოვიდა 1975 წელს. ინგლისურად ითარგმნა და დაიბეჭდა 1978 წელს. თარგმნა ამერიკელმა ლარი კორნმა, რომელიც ფუკუოკას მოწაფე იყო, მის ფერმაზე სამი წელი ცხოვრობდა და მუშაობდა. ოთხმოციან წლებში მანვე მოუწყო ფუკუოკას სალექციო ტურნე ამერიკის შეერთებულ შტატებში. წიგნი მსოფლიოს 20-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი. ჩვენ ვაპირებთ მის ქართულად თარგმნას და საავტორო უფლების შესაძენად უკვე მივმართეთ ფუკუოკას ოჯახის ოფიციალურ წარმომადგენელს, ქალბატონ მიჩიო შიბუას - პრინციპული თანხმობა უკვე მიღებულია.

ჰერბიციდები(ლათ.herba-ბალახი + caedo-ვკლავ) - არასასურველი მცენარეულობის გასანადგურებელი ქიმიური ნივთიერებები. მცენარეებზე მოქმედების ხასიათის მიხედვით ჰერბიციდები არის ერთიანი მოქმედების (ანადგურებს ყველა სახეობის მცენარეს) და შერჩევეთი მოქმედების (ანადგურებს ზოგიერთი სახის მცენარეს). პირველი ტიპის ჰერბიციდებს იყენებენ მცენარეულობის გასანადგურებლად სხვადასხვა დაწესებულებების ირგვლივ; მეორე ტიპისას - კულტურული მცენარეების დასაცავად სარეველებისაგან

ჰუმუსი (ლათ.humus-მიწანიადაგი) - ნეშომპალა,ნიადაგის ორგანული, ჩვეულებრივ, მუქად შეფერილი ნაწილი, რომელიც წარმოქმნილია მცენარეული და ცხოველური ნარჩენების ბიოქიმიური გარდაქმნების შედეგად. ჰუმუსი შეიცავს მცენარის კვებისათვის საჭირო ყველა ელემენტს, რომლებიც მიკროორგანიზმების ზემოქმედებით მცენარისათვის ადვილად შესათვისებელი ხდება. აუცილებელია ნიადაგის ნაყოფიერებისთვის.

დანართი
რეგენერაციული აგროკულტურის ცენტრის საქმიანობის მიზნები:
  1. რეგენერაციული აგროკულტურის და პერმაკულტურის განვითარება და პოპულარიზაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ;
  2. საცდელი და სადემონსტრაციო, საჩვენებელი მეურნეობების მოწყობა;  
  3. ეკოსოფლების ორგანიზება;
  4. სპეციალური ლიტერატურის, წიგნების, ბროშურების შედგენა, თარგმნა, გამოცემა, გავრცელება;
  5. პერიოდიკის, ბეჭდური და ელექტრონული ჟურნალების და გაზეთების გამოცემა და გავრცელება;
  6. სამეცნიერო-პოპულარული, დოკუმენტური ვიდეოფილმების  გადაღება და ჩვენება;
  7. ინტერნეტში მაუწყებლობა, სატელევიზიო და რადიო არხების გაშვება;  
  8. გამოფენების, თემატური საღამოების, დისკუსიების, ლექციების, საგანმანათლებლო მოხსენებების და კინოჩვენებების ორგანიზება;
  9. სკოლამდელ დაწესებულებებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, საზოგადოებრივსა და სამეცნიერო დაწესებულებებში საინფორმაციო და სხვა სახის ღონისძიებების მოწყობა;
  10. ფერმერებთან ურთიერთობა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა;
  11. საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების იდენტიფიცირება და თანამშრომლობა;
  12. სახელმწიფო და საერთაშორისო ფონდებთან საქმიანი ურთიერთობა, სპეციალური პროექტების დამუშავება და განხორციელება, გრანტების მიღება და გაცემა;               
  13. მარგინალურ სოციალურ ჯგუფებთან (მზრუნველობა მოკლებული ბავშვები, შშმ პირები, ნარკომანები, ფსიქიკურად დაავადებულები) სპეციალური პროექტების განხორციელება;
  14. სპეციალური საინფორმაციო არქივის შექმნა და ფართო საზოგადოებისთვის შეთავაზება;
  15. ეკოლოგიური განათლების განვითარება (ლექციების, შეხვედრების, ექსპედიციების ორგანიზება);
  16. სოციალური და სხვა ტიპის საწარმოების დაარსება;
  17. სხვადასხვა ფორმატის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება; 
  18. საკონსულტაციო სამსახურის განვითარება, საერთაშორისო სერტიფიცირების ხელშეწყობა;
  19. ქართული ტრადიციული სოფლის მეურნეობის კვლევის ხელშეწყობა.  
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge