გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნომადი ბართაია - ლექსები

  მინიმალისტური ლექსები


***
ნუცუბიძეზე ერთი შაშვი მყავს,
არ მოეშალოს 
ღვთისგან წყალობა,
უკვე ხმაზე ვცნობ, 
კარგა ხანია,
ექვსის ათ წუთზე
იწყებს გალობას.

ჯარჯი ფხოველს
თოვლმა ჩაჰკეტა შუაფხოს გზები,
შუაფხო ისევ სამყაროს მოსწყდა
და უღიმღამო ქოხმახებიდან
მამაკაცების ყმუილი ისმის.

***
სკოლის მეორე დარაჯიც მახსოვს,
ჯურუ ერქვა და ვეძახდით ჯურუს.
რაც თავი მახსოვს,
ახვევდა თუთუნს,
კიბეზე იჯდა,
ეწეოდა, ან ახველებდა.

***
ჩემს ბავშვობაში აქ ფურნე იყო,
მომაგონდება და მწყდება გული, 
რიგიც იცოდა, არც ისე დიდი
და გემრიელი ცხვებოდა პური.

***
კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით,
კმაყოფილი ვარ იმით, რაც არის,
სამსახურიდან შინ მომავალმა
ბავშვებს ვუყიდე შვრიის ნამცხვარი.

ბაყაყებს
აბა, უთქვენოდ 
რა იქნება სოფელი ჩემი,
აბა, უთქვენოდ
რა იქნება აგვისტოს ღამე,
დღეებს კი არა,
აგვისტო რომ მოახლოვდება,
გაგეცინებათ, 
ვითვლი ხოლმე წუთებს და წამებს.

***
გინდა, 
სუფსაში რა გავიფიქრე?
ჩემო მკითხელო, იმასაც გეტყვი:
პოეტი რომ ვარ, კარგია, მაგრამ
რატომ მხატვარი არა ვარ-მეთქი?

***
თანდათან წყდება წელში მარტი,
თუ დამიჯერებთ, 
ხმაც მესმის წყდომის.
საცაა მოვა აპრილი ახლა,
ვიღაცას კიდეც უნახავს მგონი.

კიმი ალიაშვილს
მკერდგაღეღილი შემხვდი ქუჩაში,
ასეც არ ვარგა, გითხრა მართალი,
პალტო ზრდილობის გამო თუ გეცვა,
ფეხზე გეკიდა, ბიჭო ზამთარი.

***
რაჭაში ქორწილს ვიგონებ,
კიდევ ვიგონებ აი, რას: 
დიდი და პატარა ცეკვავდა,
ქალები უკრავდნენ დაირას.

ლისის ტბის ლერწმებს
თითქოს და რაღაც გულზე მომწიწკნის,
ამეშლებიან უმალ ფიქრები,
როდესაც ქარის მიმართულებით
ყველანი ერთად გადაიხრებით.
ორი განცდა რიტა წაქაძეს
ზვიად ცხვედიანის თარგმანის წიგნის წარდგენაზე

***
გამოდიოდა საცეკვაოდ,
გვეგონა ყველას,
როდესაც სთხოვა
მას წამყვანმა
გამოსვლა სიტყვით.

***
კი არ საუბრობდა, 
ცეკვავდაო თითქოს,
ისე შლიდა ხელებს,
თავის თითებითურთ.

ბალახებს
წლები გასულან, წლები გასულან,
ო, მოგონებებს როგორ მივნებდი,
რა დამავიწყებს, პატარობისას,
ფეხის გულზე რომ მიღიტინებდით.

***
აღწერა იმის,
ვიხილე რაიც,
ჩემთვის სრულებით
არ არის ძნელი:
ელოდებოდა ავტობუსს ქალი,
როგორც წვიმაში ქათამი სველი.

ჩემი სოფელი
უხერხულა, ნამდვილად, თორემ
ახლა ქუჩაში პერანგით ვივლი
არსად არავის არ მოსწრებია
ზამთრის ქარი და ასეთი თბილი.

ლეხაინდრაოს საშუალო სკოლის 
ეზოს კალიებს
საოცარია, ჩემო კარგებო,
ბავშვის გულს ასე 
როგორ ათბობდით;
სახლი არ გქონდათ? 
კარი არ გქონდათ?
მთელი დღე გარეთ 
როგორ დახტოდით?

მიტოვებული სადგური
მარინა თექთუმანიძეს
კიდევ კარგი, რომ
მატარებელი 
სულ ერთი წუთით
გაჩერდა მხოლოდ.

***
მდინარე აბაშაში
ღორჯოებს ვიჭერთ და
ქვების ქვეშ ხელიდან 
გვსხლტდება თევზი.
დღეს ჩვენ აქ იმდენი
სიხარული გველის,
რამდენიც ქვაც ჰყრია
ამ მდინარეში.

***
მზისადარი ერქვა, 
მაგრამ
იგი უფრო მთვარეს ჰგავდა,
ვისთვის იყო იგი მზე და
ვისთვის - მთვარე ამოსული.

***
მივდივარ ჩემთვის,
სხვა არა ხდება,
მე მგონი, არვის
არაფერს ვუშლი
გაზაფხულია,
ამინდი ურევს,
შენ და ქარს ერთად
გიხუტებთ გულში.

***
ალბათ, წინასწარ, არავინ იცის,
ვით მოუშუშებს ყველას იარებს,
ეს გაზაფხული, 
რაღაც სულ მალე,
მიწის სურნელს რომ დაატრიალებს.

ლეკვები ლისის ტბის გზაზე
განა მარტო მომეფერნენ,
განა შემხვდნენ როგორც ვინმეს,
თვალიც დიდხანს გამაყოლეს,
კუდიც დიდხანს მიქიცინეს.

თუშები
მეტი საქმე არ მქონია,
ჭორაობა დამიწყია,
იმდენი აქვთ ვარსკვლავები,
სად წაიღონ არ იციან.

***
თუ ასე ჭამა ო, ამ კაცმა 
სახლამდე პური,
თან გაზაფხულის საღამოა 
ისეთი წყნარი;
შინ რას მიიტანს ის დალოცვილი,
ვაი, მაგისი, ასე რომ ვთქვათ, 
ცოლ-შვილის ბრალი.

***
ჰაერში დადგა სექტემბრის სუნი,
თვეებს თავისი სუნით ვცნობ ყველას.
ჰა, დიდი დიდი, ერთ თვეში შევცდე,
ისე,  იცოდეთ, 
რომ ვცდები ძნელად.

***
მე ამ კაბაში მომწონხარ ძაან,
ძაან კი არა, მომწონხარ ძლიერ,
როგორ მინდოდა დამალვა ამის,
მაგრამ საკუთარ თავს ვეღარ ვძლიე.

ბასიოს
გადავიკიხე კიდევ ერთხელ
ლექსები შენი,
ჩანახატები, უფრო სწორად,
პაწაწინები.
თითოეული მოგინდება
ჩარჩოში ჩასვა, 
მაინც რამდენი
სამშობლოში გივლია მარტო.

მკითხველს
მე იმ დასკვნამდე მივედი უკვე,
გაგიმხელ ამას, როგორც მეგობარს,
ერთი სიცოცხლე ცოტაა ძაან,
ერთი სიცოცხლ მე არ მეყოფა.

*  *  *
ღმერთმა ასეთი დაგბადა,
ღმერთი ყოველთვის გფარავდეს,
მზესავით გასცემ სითბოს და
მზესავით ითხოვ არაფერს.

ციცინათელებს
ნეტავ ვიცოდე,
სად გძინავთ ახლა,
რომ თბილ ღუმელთან
გაგითბოთ ფრთები;
რა უსაშველო
ზამთარი დადგა,
რა ადრიანად ჩამოთოვა
ინჩხურის მთები.

მერაბ კოსტავას პანაშვიდის მერე
თან მოგონებად რა უცებ იქცა,
ეს შემოდგომის საღამო წყნარი.
ჭერდაბზარული ოთახი შენი,
კარადა, კუბო და როიალი.

***
მადლობა დიდი,
მადლობა დიდი,
სამყაროს ასე ლამაზად მომწყობს,
კანონებიდან, ყველაზე უფრო,
მიზიდულობის კანონი მომწონს.

ნუშები რიკოთის გზაზე
გამოპარულებს ჰგავდნენ სახლიდან
ცნობიმოყვარე ეგზომ თვალებით,
რიკოთის გზაზე, ჩუმათელეთთან
ნუშები არასრულწლოვანები.

***
მინდა, ვიღაცას მადლობა ვუთხრა,
სრულიად უცნობ მივიდე კაცთან,
ახლა, ამწუთას, მოულოდნელად,
მე დამეუფლა ასეთი განცდა.

***
რა კარგი შედარებაა,
ყველაფერს უნდა გამგონი:
აბრეშუმივით ნაზია,
აბრაშუმივით დამყოლი.

ზაფხული
ვიღაცის ჭასთან
ჯარისკაცებმა,
სულმოუთქმელად,
ერთი ვედრო
დალიეს წყალი.

საგარეუბნო მატარებელში
ქალი,
ასე, ორმოცი წლის,
თუ იღლება 
ნეტა ქსოვით?

ძაღლები ზაფხულში
კი არ იწვნენ,
ეყარნენ,
ზოგი
არც კი სუნთქავდა.

სურო
უნდა ყველაფერს 
შემოეხვიოს
და ყველაფერი
სამუდამოდ
ჩაიკრას გულში.

***  
გორი - ქარელის
გზის მონაკვეთზე
კინაღამ ქარმა
წაიღო ქორი.

აკორდეონი
ვინ იცის, ქვეყნად, 
თანაც მხოლოდ,
გაწელვით ერთით,
ამოგიყრია
რამდენისთვის 
გულიდან დარდი.

ფიფქებს
იმერეთს კიდევ
რაღა მეტი
დახატვა უნდა,
მოგცლიათ ერთი.

***
ტყემალმა იცის 
გამოხტომა
ხანდახან თორემ,
ნუშს აყვავება
არ მგონია,
დაასწროს რამემ.

კვირა დღე
ვიღაცა ქალმა
საფლავზე დადო
აყვავებული
რაღაცის ტოტი.

ძაღლები
რაღაცის გამო
მოხდა მცირე 
გაუგებრობა. 
თუმცა, წამებში
ინციდენტი
ამოიწურა.

ექთანი
ეძვირა, მაგრამ
მაინც მობრუნდა
და სამი ცალი
იყიდა ტიტა.

ნათია ოდილავძის ხსოვნას
სამყარო,
შენ რომ 
გიყვარდა ასე,
ერთი ღიმილით
ნაკლები დარჩა.

ყვავი ქალაქის პარკში
ისე დაფრინდა,
ჩამოვარდა 
მეგონა ხიდან.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge