გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნათია კაპანაძე - ლექსები


მამა
წუხელ მამაჩემი დამესიზმრა
შემიყვარეო, სიკვდილის წინ მევედრებოდა..
ახლა მაინც შემიყვარეო..
მიყურებდა თავისი მწვანე და წყლიანი თვალებით და ტუჩები უკანკალებდა...
შემიყვარეო, ეს მითხრა მხოლოდ.
ხელებს ხმელი ტანის ქვეშ მალავდა,
თითქოს საკუთარი თავი უნდა გაესვენებინა...
იწვა საკუთარ ხელებზე და დუმდა.
დუმდა ყველაზე საშინელი დუმილით
და მე არ შემეძლო მისი მოსმენა...
ნელ-ნელა გახმა, დაცოტავდა, დაპატარავდა.
თოთო ბავშვივით იყო.
მე მივუტანე ყველაზე თეთრი ზეწარი ზეწრებს შორის 
და გავახვიე იმ ზეწარში
და მივიკარი გულზე...
ის არ მიყურებდა,
მხოლოდ ეჭირა ჩემი ხორბლისფერი თითები
და საკუთარ თავს იქ ეძებდა,
ხელისგულებში.
როცა ძალიან პატარა ვიყავი,
ანუ მაშინ როცა წყენას მარტივად ვიქრობდი,
მამაჩემმა ლეკვი მაჩუქა.
ზამთრის რომელიღაც თვეს,
რომელიღაც რიცხვში,
რომელიღაც თოვლის შემდეგ.
ის იყო თეთრი
და ის იყო ძაფი ჩვენს შორის
რომელიც არ უნდა გამწყდარიყო.
და მე შევიყვარე ლეკვი მასზე მეტად.
დადიოდა ჩემგან შეუყვარები მამაჩემი 
და დაქონდა მხრებით ჩემი გაბრაზებული მზერა.
ერთხელ არ დავუსჯივარ...
ერთხელ არ უსაყვედურია...
თითებს შორის მალავდა ცრემლებს
ისე შემოდიოდა სახლში...
გადმოაბიჯებდა ზღურბლს და მთელი სახით იღიმოდა..
და მე მძულდა, რომ მას შეეძლო ასე ეცხოვრა.
არასოდეს მომფერებია მამაჩემი.
არასოდეს გადაუსვამს თავზე ხელი 
და
არასოდეს შევუქივარ...
მამასავით მამა არ იყო მამაჩემი
და მამასავით უნდოდა მყვარებოდა.
მუშტებშეკრული ვუყურებდი ყოველთვის,
ყოველთვის თვალებში..
ახლა მაინც შემიყვარეო, ეს მითხრა მხოლოდ
და ხელისგულებში ჩამაშტერდა...
აბა როგორ მეთქვა,
რომ ხელისგულებში ვიკემსავდი ყველა ტკივილს
და რასაც ვერ ვატევდი, მაჯებზე გადამქონდა.
უყურე ჩემს ხელისგულებს,
იქ საკუთარ თავს ნამდვილად იპოვნი.



***
უნდა იმღერო. სანამ ძილი არ მეკარება,
სანამ მაგ შენი გამოთლილი მკვრივი ნეკნიდან
არ ავღზევდები. სანამ ჩემში ახალ სიცოცხლეს
სულს არ შთაბერავს შენი მშვიდი ხმა და მუსიკა.
და როცა შიში საბოლოოდ დამეკარგება
უნდა გესმოდეს, უნდა გრძნობდე, უნდა იცოდე
რომ შემიძლია მხოლოდ გავხდე თანაზიარი
მაგ ფორიაქის, მაგ სიმშვიდის, მაგ გულის ცემის...

ეგ მელოდია უნდა იქმნას ჩემი ცხოვრების
განუყოფელი და ერთარსი -არსი ერთია
რომ ვერაფერი ვერ გახდება უფრო მშორები
რომ ვერაფერი ვერ გახდება ვერც უფრო ახლო
ვიდრე სამყარო, სადაც ერთად ვართ. თუ ვიქნებით
აღარ გვექნება ჩვენ უნარი როცა მოთმენის
მიმღერე შენი ვალმოხდილი, მშვიდი სიმღერა
და მოუტანე ჩემს სულს მეტი ჟღერა სიმების.

სანამ ამ ქუჩას გადაკვეთდე, სანამ გაივლი
ნერვიულობის ყველა უბანს და დარდის ჩიხებს
უნდა როგორმე გაიხსენო რაც ჩემთვის გითქვამს,
უნდა როგორმე გაიხსენო რაც არ გითხარი!
თუმცა, სიჩუმით მაშინ ალბათ ვერაფერს ვცვლიდი.
არა, ვინც ითმენს ვერასოდეს ის ვერ მოიგებს
მხოლოდ მოირგებს შეჩვევების ათასგვარ ნიღაბს
და საბოლოოდ მიატოვებს ყველა შეჩვევას...

მენატრებოდი
და არ იყო ამ მონატრების
არცერთი წვეთი სინამდვილე
და მისხალ-მისხალ
ვიშორებდი მე მოგონების
ყველა ფრაგმენტს...
ყოველი წამი
სულ უფრო მეტ შიშს და დარდს მმატებს
და მემატება დარდთან ერთად სევდა ცხოვრების...
იმ ცხოვრების,
რაც ჯერ კიდევ უნდა ვიცხოვრო
და იმ ცხოვრების,
რაც ჯერ კიდევ ვერ მიცხოვრია...

მენატრებოდი
და არ იყო ამ მონატრების
არცერთი გრამი გამართლება
რომ მიგატოვე...
და ვერ შევძელი ჩემი თავის ხელში აყვანა
ჩვილი ბავშვივით
ვერ ავღზარდე ჩემი ნერვები,
ვერ მოვუარე...
რომ თავი ჩემი დავაჩვიე მუდმივ საყვედურს
რომ თავმა ჩემმა დამაჩვია ამ სიმარტოვეს.

მენატრებოდი
და არ იყო ამ მონატრების
არცერთი პეშვი სევდიანი გაუცხოების
-მიზეზი
რადგან მიზეზების ძებნამ დამღალა
და ამ დაღლილი ნაბიჯებით როცა შენამდე
მოვაღწევ მინდა,
რომ მიმღერო ჩვენი ჩუმი დარდის სიმღერა
როცა ჩემს სიტყვებს, ვით მალამოს, ნერვებს აზელდი
და უჩემობამ სულზე შიგნით გამოგაყარა.
და ამ სურვილებს, დაბრუნების, ვეღარ ამხელდი.

უნდა იმღერო. სანამ ძილი არ მეკარება
სანამ მაგ შენი გამოთლილი მკვრივი ნეკნიდან
დავიბადები. შვებას ჰპოვებს ჩემი თითები
და შენს სუნთქვაში დავიდებ ბინას.
ყოველი შენი ჩასუნთქვისას გულს გავიჩერებ
ამოვაყოლებ ყველა ღიმილს შენს ამოსუნთქვას.

სანამ იქნები. სანამ გაძლებს ჩვენი ცხოვრების
განუყოფელი მელოდია -ერთად ვიმღეროთ!


ამორძალები
დედაჩემი ამორძალია!
ის ყოველ დილით
საკუთარ თავს აიძულებს ფეხზე ადგომას.
მიდის სახლიდან
და საღამოს გვიან ბრუნდება!
და სანამ წავა
იცვამს ტანზე წუხილს და გვემას..
მამის უსიტყვო გამოხედვას -თავშლად იხურავს!
ამზადებს სადილს, საუზმეს და ვახშამს -ერთად
რადგან მთელი დღე ოჯახს უნდა აქციოს ზურგი.
დედაჩემი ამორძალია!
მან დაივიწყა -მე!
არ აარიდა თვალი ყველაფერს,
არ დარჩა მარტო!
გახდა ნაწილი სხვისი, ოჯახის..
და გადაწყვიტა დადუმება,
დაპატარავდა.
სხეულს ნაოჭებს უმატებდა.
დღითიდღე თმაში თეთრი ჭაღარა ერეოდა
და იმედებიც უქრებოდა, თავისთვის, გულში.
დედაჩემი ამორძალია!
მან საკუთარი შვილის სიკვდილს
ორჯერ გაუძლო!
...
ყოველ დღე დადიან ქალები ქუჩებში,
ისინი საკუთარ ჩუმ ფიქრებს უძლებენ!
აცვიათ ოცნება -გასული ღამის.
დღე კი ოცნებებს მალავენ.
ჩემი მეგობარი, სოფო,
ყოველგვარი ოცნების გარეშე,
ერთ დღესაც სახლში აღარ დაბრუნდა!
დედამისი ამორძალია!
და საერთოდ,
ყველა დედა -ამორძალია
ვინც დაკრძალა შვილი
და თვითონ ქვად იქცა!
მიწად!
და ლოდად!
და ჩვენც გავხდებით ამორძალნი
როცა ვისწავლით საკუთარ ფიქრთან შეგუებას
და არ გავიქცევით..
არ შეგვრცხვება..
არ მოვირგებთ ათასგვარ ნიღაბს..
არ დავიმალებით..
და არ..
და არ..
...
არ მიმატოვო
თუ იცი, რომ
სამუდამოდ შენთან ვიქნები!


ფრაგმენტი
1.
თუკი ოდესმე კვლავ შემეხება ფერგადასული შენი ხელები
ჩემს უკანასკნელ სურვილს ჩავუთქვამ, მოგენდობი და მოგეკედლები.
გავიხსენებდი ყველა გასულ დღეს, ყველა ღიმილს და გულის ფორიაქს
რომ ვერაფერი დრომ ვერ წაიღო, და რომ დროს ახლა მხოლოდ დრო მიაქვს.
არ მექნებოდა აღარც სურვილი, აღარც ნატვრა და აღარც ოცნება
გადამავიწყეს სხვა საფიქრალი -შენმა თვალებმა, შენმა კოცნებმა.
ყველაფერს, რასაც გავაკეთებდი, მხოლოდ გულით და მხოლოდ ხალისით,
იმაზე, უწინ ტკივილს რაც მგვრიდა, აღარ ვდარდობ და აღარ განვიცდი.
არ მექნებოდა შიში. კანკალი, ამ სხეულის და მომცრო თითების
და შენს გარშემო იტრიალებდა დაუშრეტელი ჩემი ფიქრები.
ნაცვლად კვამლისა გავებმებოდი შენი მკლავების ლაბირინთებში
შეგაყვარებდი მუდმივ ხეტიალს ნისლებ ჩაძირულ, ოქროსფერ მთებში.
ჩემი ცხოვრება არ იქნებოდა მხოლოდ შავი და თეთრი ფერები
თუკი ოდესმე კვლავ შემეხება ფერგადასული შენი ხელები.
2.
ყველა ალიონს ვეგებები ყალბი ღიმილით, უთქმელი სევდა,
რომ უფიქრებო დილა გათენდეს. მინდა სიმშვიდე და გადარჩენა.
მინდა, რომ ყველა ამბავს რომელსაც -გამახსენებენ, ახლდეს ღიმილი
რომ ოდნავ მაინც შემიმსუბუქდეს ნაჭრილობების მძაფრი ტკივილი...
როცა წარსული გამახსენდება, შეუცვლელი და მთელი სიცხადით,
ნუ გამახსენებ შეცდომებისთვის როგორ გძულდი და როგორ მკიცხავდი.
ნუ გამახსენებ რომ ყველაფერი მხრებით კი არა გულით ვატარე
და შენ უბრალოდ გადაივიწყე, გადამალე თუ დაასამარე.
რომ ნება ჩემი -შენი სურვილის წინააღმდეგ თუ იყო პირისპირ
რომ ძილში შიშით მეღვიძებოდა და ფორიაქი მქონდა ძილის წინ.
სად გადავმალო ამდენი განცდა?! უკვე განვლილი თუ გასავლელი
რა დაღლას გრძნობენ ჩემი თვალები, ჩემი ხელები და ჩემი მხრები.
ახლა სიმშვიდეს თუ რამ მომიტანს, ასე ვიტყოდი ან ვისურვებდი,
გაქრეს ფიქრები შენზე მუდმივი. და ტანზე შენი ნათითურები.
3.
მაშინებს: ყველა უძილო ღამე და ხასიათის ცვალებადობა
ადამიანი -დარდის გარეშე და ჩემი თავის სხვისთვის განდობა.
სადაც იქნები თან გამოგყვება შენთვის ვერ თქმული ჩემი სიტყვები
შენ კი რაც გითქვამს მემახსოვრება, მთელი სიცხადით, სადაც ვიქნები.
(გადაბიჯებულ ყველა ბარიერს და მცდელობების უდიდეს დასტას
არ დამავიწყდეს, აქვე ვამატებ, თუ სადმე ფეხი შეცდომით წამცდა.)
ყველა შეცდომა გამოსწორებას საჭიროებს და იმასაც დავძენ
ნებისყოფა რომ აღარ მეყოფა, მორიგ ბარიერს რომ ვეღარ დავძლევ.
უნდა იცოდე: რომ ჩემი სევდა, ჩემი დარდი და ჩემი ტკივილი
მინელდებოდა შენი თვალებით, შენი თითებით, შენი ღიმილით.
მახსოვს, რა ხშირად გეფიქრებოდი, როგორ გსურდი და როგორ გიყვარდი
სანამ ხელები ჩემი გეჭირა, სანამ მყავდი და სანამ იყავი.
და თუ ოდესმე კვლავ შემეხება, ფერგადასული შენი ხელები,
ჩემს უკანასკნელ სურვილს ჩავუთქვამ, მოგენდობი და მოგეკედლები.


სახე

შენ არ შეგეძლო შეცვლილიყავი, რადგან ყოველთვის
როცა სამყაროს დასასრულთან მზერას აჩერებ,
ანუ მის საფლავს უყურებ ვინც ასე გიყვარდა
და თვალზე მომდგარ ცრემლის მალვას სულაც არ ცდილობ,
რადგან ეს ცრემლი შენი სულის სიღრმეს ყინავდა
და ვეღარაფრით შეაჩერე. გადმოიღვარა.
და მთელი შენი ტკივილები წალეკა ცრემლმა.
თავად იდექი უხმოდ როგორც ჩვილი რომელიც
სხვა სამყაროში აღმოჩნდა და ვერ აიძულა
თავს, რომ ესუნთქა. გაფერმკრთალდა. ჩამოიშალა
მისი სამყარო -დედის საშო. და მოიძულა
მის გარეთ რაც კი არსებობდა. ანუ იპოვნა
დასაწყისშივე თავის თავი. ისე დასრულდა.

ამ ღამის მიღმა არ არსებობს დღე და ნათელი.
ყოველი დილა სიკვდილია. შენ თავს იმარხავ
ცოცხლად და გტანჯავს ის წუთები, როცა შეგეძლო
ძალდატანების გარეშე და მშვიდად გესუნთქა
მყრალი ჰაერი. და ფილტვები ნაგვით აგევსო.
რას იფიქრებდი, ის დღეები დასრულდებოდა.
შენი სიმშვიდე. შენი ზრუნვა. შენი ხალისი.
რომლითაც ყოველ ახალ დილას ეგებებოდი.
ის ღიმილები როგორ გაქრა. როგორ თავისით.
და ყველაფერმა მიგატოვა. გაუჩინარდა
ის, რაც სიხარულს განიჭებდა, სიმშვიდეს გგვრიდა.
ჩამოიშალა.
დაცოტავდა.
გადაგიარა
ზედ. და შენი წილი სიხარულით ტკივილებს იმკი.

იქ, სადაც შენ ხარ, ყველაფერი ბნელმა მოიცვა.
შენ მაიძულე ყველა ფიქრი სიტყვად მექცია.
ამიტომ არის, ყველაფერი გამიშავ-თეთრდა;
ამიტომ არის, ყველა უკვე გადამეჩვია.
შენი თვალების უფსკრულებში ჩავიმარხები.
და ყველა ნაბიჯს ვაიძულებ ადგილზე დგომას.
სანამ ბოლომდე დასრულდები. თუ დავმთავრდები.

ჩემი თვალები. მთელი ჩემი არსი. ამბავი
რომელიც შენში დაიწყო და სადღაც მთავრდება.
როცა ამ თვალებს ხელისგულებს ვაყრდნობ საშველად
მათ შორის მთელი სამყაროა და იქ ავდრდება.
ჭკნება ფიქრები. ის ფიქრები, სადაც ვმარცხდები.

დრო როცა არის საკმარისი, მაშინ იცოდე
რომ ცხოვრობ ცუდად. ან არსებობ. რაღაც გაკლია.
მოუპოვები სიყვარული. ან მეგობარი
რომელიც მუდამ გაფრთხილებდა: ''მარტო დარჩები!"
და აშენებდა მის გარშემო ფართო გალიას.
ყალბი გრძნობების. ყალბი ხალხის. ყალბი ღიმილის.
მაგრამ ვინ იცის რომ ცხოვრება მუხანათია.
და ბოლოს თავად აღმოჩნდები მარტო. იქ, სადაც
ყოფა რთული და ყოფნა უფრო აუტანელი
გეჩვენებოდა. შენ ვერაფერს ვეღარ იტყოდი.
შენი ხმა მიწყდა სამუდამოდ. მხოლოდ შემეძლო
წარმომედგინა, რას ფიქრობდი. როგორ გტკიოდა.
რადგან მიყვარდი. და მახსოვდი. რადგან გიცნობდი.
მერე ცრემლები გამიშრა და არ მომდიოდა.
ისე დაგტოვე, უკან ერთიც არ მოვიხედე.

ვერ გაიხარებს ეს ყვავილი. უსიყვარულოდ.
თუ გაიხარებს არ ექნება ალბათ სურნელი.
მისი ეკლები კუბოს ფიცრად მოგეჩვენება,
წითლად შეღებავს ხელისგულებს მისი შეხება.
როცა ერთხელაც გაიფიქრებ: "დავიგვიანე!"
და ჩაბნელებულ ბილიკებზე გზას ვერ გაკვალავ.

შენ აღმოჩნდები უსასრულო სივრცეში. მარტო.
და შენს გარშემო შეიქმნება ფიქრების გარსი.
და გაიხსენებ, რომ მიყვარდი. როგორ მიყვარდი
როდესაც ჩემსკენ მოდიოდი და ჩემს თავს გაცდი.
რომ არ არსებობს სიახლოვე ასე მშორები,
როცა ვერ ხედავ. ვერ პოულობ. ვერ ეძებ სხვაში.
სადაც ერთს უყვარს. ერთი გასცემს. ერთი მოიმკის
ყველა ტკივილს და მარტოობას. ყველა შეხებას
წარმოსახვაში.
წარმოსახვაში.
წარმოსახვაში...



скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge