გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თორნიკე სანიკიძე - მარადიულობის პრობლემა და კოსმოლოგიური კრეაციონიზმი

თორნიკე სანიკიძე

მარადიულობის პრობლემა და კოსმოლოგიური კრეაციონიზმი
მოცემულ საკითხი უფრო კარგად და დაწვრილებით რომ შემესწავლა და გადმომეცა მკითხველისათვის,  გავეცანი როგორც ქართულ, ასევე რუსულ და ინგლისურ ლიტერატურას: ე. ხარაძე ,,ზოგადი ასტროფიზიკის კურსი“, თ. ადეიშვილი, ლ.ხვედელიძე. თ. ნავერიანი ,,ასტრონომიის საფუძვლები“ ნაწ: I, II ქუთაისი  2015წ. Физика космоса 1986. S.Chandrasekhar Radiative Transfer 1950. W.Heitler The quantum theory ofradiation Oxford 1954. СмВайноерг: первыетриминуты.
მატერია (ლათ materia-ნივთიერი) მატერიალური ფილოსოფიის ძირითადი ცნებაა, რომლის მიხედვითაც მატერია წარმოადგენს სამყაროს სუბსტანციას, რომელიც არ წარმოშობილა და არ ისპობა, ის მარადიულად მოძრაობს დროსა და სივრცეში, განიცდის განვითარებას  და ამ განვითარების შედეგს წარმოადგენს. ამდენად, ცნობიერება მაღალგანვითარებული მატერიის, ანუ ადამიანის ტვინის გამოვლენაა და არ არსებობს ცნობიერება და არავითარი იდეა მატერიის გარეშე. ამ შეხედულებას არ იზიარებს არც სუბიექტური და არც ობიექტური იდეალიზმი, მათი აზრით, ყოვლად დაუშვებელია სულისა და ცნობიერების ახსნა მატერიით, სული იდეალური არსია და მისი საწყისი არამატერიალურ საწყისში უნდა მოიძებნოს. ევროპული ფილოსოფია სწორედ ამ ცნების შემოტანით დაიწყო, როდესაც თალესი ლაპარაკობდა წყლის, როგორც სამყაროს პირველ საწყისის შესახებ, მაშინ მის საფუძველში მატერიალურ სინამდვილეს გულისხმობდა. მას შემდეგ, თითქმის 25 საუკუნის განმავლობაში, მატერიის ფილოსოფიური თეორიის სხვადასხვა ვარიანტი შემუშავდა, რომელთაგან არცერთი არ აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი. XIX საუკუნის დამდეგიდან, დალტონის გამოკვლევების საფუძველზე მატერიის პრობლემამ ფილოსოფიიდან ბუნებისმეცნიერებაში გადაინაცვლა და მას შემდეგ მატერიის სპეციალურ კანონზომიერებებს ბუნებისმეცნიერება იკვლევს.
მატერიის მარადიულობის იდეა ჯერ კიდევ ანტიკურ ფილოსოფიაში ჩამოყალიბდა. ბერძენი ფილოსოფოსები თვლიდნენ, რომ მატერიალური საგნების წარმოშობა ნაწილებისაგან შედგენას ნიშნავს, ხოლო მოსპობა - იმავე ნაწილებად დაშლას. ეს იდეა ჯერ კიდევ ემპედოკლეს ფილოსოფიაში გვხვდება, სადაც საგანთა ქმნადობა გაგებულია, როგორც ოთხი სტიქიონის (ცეცხლი, წყალი, მიწა, ჰაერი) შეერთება, ან დაშლა. თვითონ ეს სტიქიონები კი, მარადიულია, ნაწილებად არ იშლება,  მაშასადამე არც წარმოიშობა და არც ისპობა, არამედ მარადიულია. ეს, მით უმეტეს, ითქმის ატომისტურ მოძღვრებაზე, რომლის მიხედვითაც, ატომები არის მატერიალური საგნების დაყოფის საზღვრები, უსტრუქტურო ნაწილაკები, რომლისგანაც ყველაფერი შედგება. ატომების მარადიულობას კი მათი უსტრუქტურობა, სიმარტივე განაპირობებს. მათ არ აქვთ ნაწილები და, მაშასადამე, მათი არც მოსპობა და არც წარმოშობა არ შეიძლება.
მატერიის შემადგენელი ნაწილაკის - ატომის გაყოფა მატერიის მარადიულობის წინააღმდეგ მიმართული პირველი ფაქტი იყო, რომელსაც შემდგომში ბუნებისმეცნიერების განვითარების კვალდაკვალ კიდევ უფრო თვალსაჩინო ფაქტების აღმოჩენა მოჰყვა. ერთ-ერთ ასეთ ფაქტს წარმოადგენდა მატერიის ანიჰილაციის აღმოჩენა. ელექტრონი და პოზიტრონი -საპირისპირო მუხტების მქონე ელემანტარული მატერიალური ნაწილაკები -ურთიერთშეხვედრისას ანიჰილირდება, ანუ მატერიალურ ნაწილაკად ყოფნას წყვეტს და ენერგიად გარდაიქმნება. მატერიალიზმი ამ ფაქტს მატერიის ფორმების ურთიერთგარდაქმნას უწოდებს, ვინაიდან ენერგიას, ნივთიერებასთან ერთად, მატერიის შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს და ლაპარაკობს მატერიის ორ ფორმაზე: ნივთიერება და ველი. მაგრამ თუ მატერიის ცნების ქვეშ ტრადიციულად მხოლოდ ნივთიერებას გავიგებთ, მაშინ ანიჰილაციის ფაქტის საფუძველზე მატერიის გაქრობის შესახებ დასკვნის გაკეთება აუცილებელი გახდება.
მატერიის გაქრობის იდეა მატერიის (ნივთიერების) და ენერგიის ურთიერთგარდაქმნადობის საფუძველზე კიდევ უფრო აშკარად დაადასტურა აინშტაინის მიერ აღმოჩენილმა კანონმა - მასისა და ენერგიის პროპორციულობის შესახებ E=mc2 . ამ ფორმულის საფუძველზე, ნივთიერებისა და ველის განსხვავება თითქმის მთლიანად  იშლება. მოგვიანებით, აინშტაინის ამ კანონს ისეთი ინტერპრეტაცია მიეცა, რომ მატერია შეიძლება გადაიქცეს ენერგიად და რაღაც არამატერიალურ არსად, მაშასადამე სამყაროს მატერიალისტური აღწერა, რომელიც მატერიის მარადიულობას აღიარებს, უარყოფილია თანამედროვე მეცნიერების მიერ, რომელიც ამჟამად უფრო შეთავსებადია ღვთაებრივი შემოქმედების იდეასთან. არის თუ არა ენერგია მატერიალური?! თუ იქედან ამოვალთ, რომ მატერიალური არის ნივთიერი განფენილი სივრცესა და დროში, მაშინ ენერგიას მატერიალურად ვერ ჩავთვლით, ვინაიდან მას სივრცეში განფენილობის ნიშანი აკლია.
მასისა და ენერგიის პროპორციულობასთან დაკავშირებულია ჰაიზენბერგის ენერგეტიზმი, რომლის მიხედვით „მთელი მატერია ერთი და ერთადერთი სუბსტანციისაგან -ენერგიისაგან შედგება, რომელიც სხვადასხვა ფორმით გამოვლინდება“. ჰაიზენბერგი ასევე წერს, რომ „ყველა ელემენტარული ნაწილაკი გაკეთებულია ერთი და იმავე სუბსტანციისაგან და ერთი და იმავე მასალისაგან, რომელსაც ჩვენ ახლა შეგვიძლია ვუწოდოთ ენერგია“. ერთი სიტყვით, თანამედროვე ბუნებისმეცნიერებაში ფეხი მოიკიდა მატერიის მარადიულობის კანონის უარყოფამ.
მატერიის მარადიულობის იდეას განსაკუთრებულად დაუპირისპირდა XX საუკუნის კოსმოლოგიური თეორია, რომელსაც შეიძლება „კოსმოლოგიური კრეაციონიზმი“ ვუწოდოთ. ვინაიდან, იგი ამტკიცებს არარასაგან სამყაროს ქმნადობას.
კრეაციონიზმის იდეა უძველეს იდეათა რიცხვს ეკუთვნის. იგი ჯერ კიდევ ძველ მითოლოგიაში გვხვდება. ჰესიოდეს თხზულებაში „თეოგონია“ ლაპარაკია იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა ქაოსისგან მთელი სამყარო. ქაოსის ცნება არარას ცნების ტოლფასია. ამდენად, ქაოსისგან კოსმოსის ქმნადობა უნდა გავიგოთ, როგორც კრეაცია, არარად ქმნადობა.
პირველი კრეაციონისტული იდეა, რომლის ქვეშ არარადან სამყაროს ქმნადობა იგულისხმება, ანაქსიმანდრემ გამოთქვა: „აპეირონი არის ის, რისგანაც მთელი სამყარო წარმოიშობა“. უფრო თვალსაჩინო და ჩამოყალიბებული ფორმა ჰქონდა რელიგიურ კრეაციონიზმს, რომელიც თითქმის ყველა რელიგიაში გვხვდება. კრეაციონიზმი ყველაზე ნათლად წარმოჩინდა იუდაურ-ქრისტიანულ რელიგიაში. ძველი აღთქმა იწყება სიტყვებით: „ დასაბამად ჰქმნა ღმერთმან ცაი და ქვეყანაი, არარად შეჰქმნა ღმერთმა მთელი სამყარო“. ეს არის რელიგიური კრეაციონიზმის მთავარი იდეა, რომლის ანალოგს კოსმოლოგიურ კრეაციონიზმში ვხვდებით.
ახლა განვიხილოთ, თუ რა ხდება დროის ძალიან მცირე ინტერვალში, დიდი აფეთქების მომენტიდან პლანკის დრომდე. თუ ამ დროს უშუალოდ გამოვიყენებთ ფარდობითობის ზოგადი თეორიის განტოლებებს, ისინი მოწმობენ იმაზე, რომ დიდი აფეთქების მომენტთან მიახლოებისას სამყარო განიცდის კუმშვას, მისი ტემპერატურა და სიმკვრივე კი განუწყვეტლივ იზრდება. დროის ნულოვან მომენტში სამყაროს ზომა ნული, ხოლო სიმკვრივე და ტემპერატურა უსასრულოდ დიდი ხდება. საღი აზრი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამ მომენტში აუცილებელია ფარდობითობის ზოგადი თეორიისა და კვანუტური მექანიკის გაერთიანება, ანუ ე.წ.  „სიმების თეორიის“ გამოყენება.
გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს გადაიდგა ნაბიჯები იმის გასარკვევად, თუ რა შედეგამდე მივყავართ სტანდარტულ კოსმოლოგიურ მოდელში სიმების თეორიის გამოყენებას. საბოლოოდ, მეცნიერები მივიდნენ ორ მნიშვნელოვან დასკვნამდე: პირველი: დიდი აფეთქების მომენტთან მიახლოებისას ტემპერატურა იზრდება იმ მომენტამდე, სანამ სამყაროს ზომები პლანკის სიგრძის ტოლი არ გახდება, მაგრამ ამ მომენტში ტემპერატურა მიაღწევს მაქსიმუმს და დაიწყებს შემცირებას. ამ მოვლენის მიზეზის ახსნა ასე შეიძლება: დავუშვათ, რომ სამყაროს ყველა განზომილება ციკლურია. დროში უკან მოძრაობისას თითოეული წრეწირის რადიუსი მცირდება, ხოლო სამყაროს ტემპერატურა იზრდება. მაგრამ სიმების თეორიიდან გამომდინარეობს, რომ რადიუსების შემცირება ჯერ პლანკის სიგრძეებამდე და შემდგომში მათი გადიდების ეკვივალენტურია. სამყაროს გაფართოებისას ტემპერატურა ეცემა, ამიტომ პლანკის სიგრძეებზე ნაკლები ზომებით სამყაროს შეკუმშვისას, ტემპერატურის ზრდა შეწყდება და ის დაიწყებს შემცირებას. ამის შემდეგ, მეცნიერებმა მიიღეს ასეთი სურათი, სიმების თეორიის მიხედვით დასაწყისში ყველა სივრცითი განზომილება შეფუთულია პლანკის სიგრძეების ზომებამდე. ენერგია და ტემპერატურა ძალიან მაღალია, მაგრამ არაუსასრულო. ე.ი.  საწყისი წერტილის ნულოვანი ზომების პარადოქსი სიმების თეორიაში გადაწყვეტილია. სამყაროს არსებობის საწყის მომენტში სიმების თეორიის ყველა სივრცითი განზომილება სავსებით თანაბარუფლებიანია და სრულად სიმეტრიულია. ყველა ისინი შეფუთულია პლანკის სიგრძის ზომების მქონე მრავალგანზომილებიან ნამცეცა პირველ წარმონაქმნში, შემდეგ სამყარო გადის სიმეტრიის დაქვეითების პირველ სტადიას... ამ დროს, სამი სივრცითი განზომილება შეირჩევა შემდგომი გაფართოებისათვის, ხოლო დანარჩენები ინარჩუნებენ საწყის, პლანკის სიგრძის ზომებს. მომდევნო ეტაპზე ეს სამი განზომილება გაიგივებულია ინფლაციური კოსმოლოგიური მოდელის სტრუქტურასთან და ევოლუციის პროცესში იღებს დღეისათვის არსებულ ფორმას. არარადან ქმნადობის იდეის დასაბუთებას ემსახურება კოსმოლოგიური პოსტულატიც, რომელიც ამტკიცებს, რომ სამყარო საშუალოდ ერთნაირია, რა ადგილიდანაც არ უნდა განვიხილოთ. ერთი სიტყვით, სამყაროს ნებისმიერი სფეროს გაფართოების მიუხედავათ ნივთიერების (მატერიის) საშუალო სიმკვრივე უცვლელი რჩება. ამის ახსნა კი შეუძლებელია არარადან განუწყვეტელი ქმნადობის დაშვების გარეშე. სამყაროს ევოლუციის დადასტურებამ დიდი აფეთქების თეორიის საფუძველზე საბოლოოდ უარყო ბუნების მარადიულობის იდეა, რასაც ჯერ კიდევ ძველი ბერძენი ფილოსოფოსები (განსაკუთრებით მატერიალისტები) იზიარებდნენ და რასაც ნებისმიერი მატერიალიზმი თანამედროვეობის ჩათვლით - ამტკიცებდა. დადგინდა, რომ ნებისმიერი ციური სხეული, თვით გალაქტიკებიც კი წარმოშობილია და გარკვეული დროის შემდეგ გაქრება. ვარსკვლავები ენერგიას იღებს რთული თერმობირთვული რეაქციის შედეგად, მაგრამ როდესაც ენერგიის წყარო შემოილევა, მაშინ ისინი ჩაქრება. დაახლოებით ათი მილიარდი წლის შემდეგ ვარსკვლავთა უმრავლესობა დაიწვება, თვით მზეც საშუალოდ 5 მილიარდი წელი ანათებს და კიდევ 10 მილიარდ წელს გაანათებს. აინშტაინის რელატიურობის თეორიის თანახმად, სამყარო სასრულია, მაგრამ განუსაზღვრელი. სივრცის სიმრუდე მისი სასრულობის მაჩვენებელია. სამყაროს დროში სასრულობას ამტკიცებს თერმოდინამიკის მეორე კანონიც, რომლის მიხედვით ენტროპია განუწყვეტლივ იზრდება, სითბური ენერგია იფანტება. მატერიის მარადიულობას აგებდნენ ათეისტურსა და ანტირელიგიურ კონცეფციაზე. თანამედროვე კოსმოლოგიამ ეს იდეაც გააცამტვერა და მატერიალიზმი ფაქტობრივად უსაფუძვლოდ დარჩა. ბევრი კოსმოლოგი თვლის, რომ არარადან მატერიის ქმნადობის იდეა არ ეწინააღმდეგება მატერიისა და ენერგიის შენახვის კანონებს. ჯერ ერთი, ნებისმიერი ენერგია არ ინახება მაგ: ენერგიის ანტიგრავიტაციული ნაწილი, და მეორე: ენერგიის შენახვის კანონს, რომელიც ემპირიული შინაარსის კანონია. ასევე, მნიშვნელობა აქვს გაზომვის სიზუსტეს მხოლოდ იმ ფაქტებში, რომელშიც იგი სრულდება. ვინაიდან, თანამედროვე გაზომვის სიზუსტე საკმაოდ მცირეა, ამიტომ ამ კანონის დარღვევის შემთხვევა არ შეიმჩნევა. ეს დარღვევა, თავის მხრივ, განპირობებულია მატერიის განუწყვეტელი ქმნადობით. მაინც საიდან შეიქმნა მატერია როგორ უნდა გავიგოთ არარადან მატერიის ქმნადობა?! მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ იძლევიან გადამწყვეტ პასუხს ამ კითხვაზე, მაგრამ ვარაუდობენ, რომ „ნივთიერების ნაწილაკები გამოსხივების წმინდა ენერგიისაგან შეიქმნა“. ვაინბერგი: „ნივთიერება წარმოიშობა გამოსხივებისაგან“. რუსი ფიზიკოსი ანდრეი ლინდეს აზრით, დიდი აფეთქება მოხდა ვაკუუმის ენერგიისაგან. სამყაროების ამგვარი დაბადება, მისი აზრით, ახლაც გრძელდება. კოსმოლოგიური და რელიგიური კრეაციონიზმის იდეების დამთხვევა აქ სრულიად აშკარაა, კიდევ მეტიც, ბიბლიის მიხედვით: „და თქუა ღმერთმან იქმენ ნათელი და იქმნა ნათელი“. კოსმოლოგიური კრეაციონიზმიც სამყაროს დასაბამად სინათლეს ასახელებს. „ცეცხლოვანი ბურთი“, ანუ დედამიწა სინათლეს აფრქვევდა, სამყარო სინათლით იყო სავსე. სინათლის პირველადობა სამყაროს ევოლუციური ქმნადობის პროცესში კრეაციონიზმის ორივე ვარიანტისთვის მისაღებია.
კრეაციონიზმის იდეა ბელგიელმა თეოლოგმა ლემეტრიმ 1927 წელს შემოიტანა. იგი თვლიდა, რომ  სამყარო თითქმის წერტილობრივი „ატომი-მამისაგან“ წარმოიშვა, რომელიც აფეთქდა და დღემდე ფართოვდება. ეს იდეა განავითარა რუსმა ემიგრანტმა გეორგ გამოვმა, რომელმაც უზარმაზარი როლი ითამაშა თანამედროვე კოსმოლოგიის განვითარებაში. მათ მიერ შემუშავებული გაფართოვებული სამყაროს მოდელის მიხედვით, ატომების წარმოშობის შემდეგ ციური მტვერი შესქელდა და წარმოიშვა ვარსკვლავები და გალაქტიკები.
ამერიკელმა კოსმოლოგმა ალან გუთმა შეიმუშავა ინფლაციური მოდელი, რომლის მიხედვითაც, ჩვენი სამყარო მუდმივი ქმნადობის პროცესში იმყოფება. იგი ადრე უფრო სწრაფად ფართოვდებოდა, ვიდრე ახლა. დიდი აფეთქება ამ მოდელის მიხედვით, ნიშნავს აჩქარებადი გაფართოების პროცესში მყოფი სამყაროს გატყორცნას. ამჟამად კი, გაფართოების სიჩქარე თანდათანობით მცირდება და ბოლოს განმზიდავი ძალები გაქრება და კვლავ მიზიდულობა დაიჭერს მის ადგილს, შედეგად მოხდება სამყაროს შეკუმშვა, კვლავ პირვანდელი კოლაფსარული მდგომარეობის აღდგენა, რაც სამყაროს გაქრობას ნიშნავს. დიდი შეკუმშვა დიდი აფეთქების საპირისპირო პროცესია, რაც დაახლოებით თხუთმეტ მილიარდ წელზე ადრე არ შეიძლება მოხდეს. ეს არის სამყაროს ერთგვარი პულსაცია, ქმნადობის -მოსპობის პროცესი დიდი აფეთქებიდან დიდ შეკუმშვამდე და პირიქით, რაც კოსმოლოგიური კრეაციონიზმის იდეას კიდევ უფრო მტკიცედ ადასტურებს. ამრიგად, ინფლაციის თეორია თვლის, რომ სამყარომ თავისი არსებობა ვაკუუმის მდგომარეობიდან დაიწყო, რომელშიც არ იყო არც ნივთიერება და არც გამოსხივება. ამ ვაკუუმში იყო განზიდვის ძალები, რომელმაც დიდი აფეთქება გამოიწვია. მეცნიერი ბონდი, რომელმაც გოლდთან ერთად შეიმუშავა სრულქმნილი კოსმოლოგიური პრინციპი, თვლის, რომ საშუალოდ ყოველ ერთ მილიარდ წელიწადში კუბურ დეციმეტრ სივრცეში იქმნება წყალბადის ატომის მასის ტოლი მასა. ცხადია, რომ ქმნადობის ასეთ სიხშირეზე დაკვირვება შეუძლებელია, ამრიგად, მატერიისა და ენერგიის შენახვის კანონი, რომელსაც აბოლუტურ საყოველთაო მნიშვნელობას მიაწერდნენ, ემპირიული შინაარსის მქონე კანონი აღმოჩნდა, ხოლო სამყაროს ქმნადობის ასახსნელად ეს კანონი არ გამოდგება. ბუნებრივია, რომ კოლაფსირებული „ცეცხლოვანი ბურთის“ მიმართ აზრს კარგავს კითხვები : „სად და როდის?“ ვინაიდან, დიდ აფეთქებამდე არაფერი არ არსებობდა, მათ შორის, „ცეცხლოვანი ბურთის“ მიმართ აზრს კარგავს ფიზიკური კანონები. ფიზიკური სამყარო ჯერ კიდევ არ არსსებობდა და ცხადია არც ფიზიკური კანონები იარსებებდა. გამოჩენილმა ფიზიკოსმა ჯონ უილერმა თქვა: „იქ არარის არავითარი კანონი გარდა იმ კანონისა, რომ არავითარი კანონი არარის“. ეს გარემობაც იმაზე მიუთითებს, რომ ყველაფერი არარადან დაიწყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი არარსებული რაღაც კანონი, კანონზომიერება იქნებოდა, იქ სადაც არავითარი კანონი და კანონზომიერება არ არის, არც არაფერი შეიძლება იყოს.
დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ დიდი აფეთქებისა და სამყაროს გაფართოების თეორიას ოპონენტებიც ჰყავს, თუმცა ძალიან მცირე, მაგრამ მაინც. მაგ.: ამერიკელი კოსმოლოგი ჰელტონ ერპი თვლის, რომ: „წითელი წანაცვლება სამყაროს გაფართოებას კი არ ნიშნავს, არამედ მატერიის დაძველებას. ერპის კონცეფცია კოსმოლოგთა უმრავლესობისათვის მიუღებელი აღმოჩნდა.
კოსმოლოგიური კრეაციონიზმის თეორიამ საბოლოოდ უარყო მატერიის მარადიულობის იდეა, რომელიც ნებისმიერი მატერიალისტური მსოფლმხედველობის მთავარ საყრდენს წარმოადგენს. საუკუნეების მანძილზე, უდავოდ მიჩნეული მატერიის და ენერგიის შენახვის კანონი თანამედროვე კოსმოლოგიამ, სულ რბილად რომ ვთქვათ - კითხვის ქვეშ დააყენა, ხოლო შესაბამისად რელიგიურმა მსოფლმხედველობამ - ახალი არგუმენტები შეიძინა და ის, რაც ადრე რწმენის სფერო იყო, დღეს ცოდნის, მეცნიერების სახით გამოისახა.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge